თავის დარწმუნება
თავის დარწმუნება
საკუთარ თავთან გონივრული, აუჩქარებელი საუბარი, „შინაგანი გარეშეს“ თვალსაზრისით, ზოგჯერ მბრძანებელ თვითშთაგონებაზე უფრო ქმედითია ხოლმე. იპოვის რა საყრდენს ლოგიკაში, გონება დროდადრო ამჟღავნებს ემოციების ენაზე ქვეცნობიერში მისი სწრაფად გადაყვანის უნარს ყოველგვარი სპეციალური ხერხების გარეშე. საყრდენი მოჩვენებითიც რომ იყოს, სუბიექტური პლუსი, თუნდაც დროებით, მაგრამ მაინც აღმოცენდება: ხორციელდება თავისუფალი გამოდევნა - ის უძვირფასესი თავის მოტყუება, რომელიც აურაცხელ მდაბალ ჭეშმარიტებაზე მეტი ღირს.
ეს დიდი ხანია თავისებურად აქვთ გაგებული იოგებსაც. ისინი, მაგალითად, სერიოზულად გვირჩევენ, დავაჯეროთ დაავადებული ორგანოები:
„ღვიძლო, უკეთ შეასრულე შენი სამუშაო, მე შენით უკმაყოფილო ვარ. იმუშავე, იმუშავე, მე შენ გელაპარაკები და ამის მერე აღარ გამაგონო მსგავსი სისულელეები...!“ ასეთი რჩევის ავტორების აზრით, ღვიძლის უჯრედები კარგა გვარიანი სიჯიუტითა და სიბრიყვით გამოირჩევიან. „ღვიძლს ჯორის ხასიათი აქვს“. გული კი სხვა ამბავია. ის წმინდასისხლიან ცხენსა ჰგავს, ჭკვიანსა და მკვირცხლს. მას თავაზიანად, ალერსით უნდა ელაპარაკო და არ დააფრთხო არავითარ შემთხვევაში.
რა თქმა უნდა, ამაზე შეიძლება გაგვეღიმოს, მაგრამ როგორც უნდა იყოს, საჭირო ეფექტი ხშირად მიიღწევა. ერთი ნაცნობი მარწმუნებდა, რომ თვითშთაგონებით წარმატებით ვებრძვი გაქაჩლებას - თვითდარწმუნების ინტენსიური სეანსების შემდეგ თავზე თმა მემატებაო. მე მისი გადარწმუნების სურვილი არ დამბადებია.
ლოგიკური თვითდაჯერება განსაკუთრებით უხდებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ლოგიკური აზროვნების სიჭარბე, ეჭვებისა და მერყეობისაკენ უზომო მიდრეკილება ახასიათებთ. ასეთებს ფსიქასტენიკებს უწოდებენ. ისინი საკმაოდ სხვადასხვანაირები არიან ხოლმე ცხოვრებაში, მაგრამ ყველას ერთი რამ აერთიანებთ: ხატოვანი წარმოსახვის სიღარიბე, ინტუიციის სისუსტე. მათი ცნობიერება თითქოს არ ენდობა ქვეცნობიერს და ყველაფერს, რაც უნდა ირწმუნოს ადამიანმა, ისინი აბსტრაქტულ, ზოგჯერ საკმაოდ რთულ კონსტრუქციებში ატარებენ ხოლმე აუცილებლად. ამას თავისი უპირატესობებიც აქვს. ასეთ ტიპს თვალსაჩინო ინტელექტის მქონე ადამიანებში ვხვდებით ხშირად, მაგრამ ფსიქოემოციურ მდგომარეობათა პირდაპირი თვითშთაგონებები მათ, როგორც წესი, ცუდად გამოუდით.
აუტოტრენინგი უჭირთ ზემოაღნიშნულთან ახლომყოფ სხვა წყობის ადამიანებსაც, იმათ, ვისაც ახასიათებს მოუსვენარი შიში საკუთარი ჯანმრთელობის გამო და ვინც თითეოულ შეგრძნებას, თითოეულ შინაგან გაჩუჩუნებას აკვირდება დაძაბული ყურადღებით, მუდამ მზად რომაა, ყველაფერი გააზვიადოს. ესენი იპოქონდრიკები არიან. შიში ვეებერთელა თვალებით, თითქოს მიკროსკოპის საშუალებით იყურება შიგნით და მხოლოდ შიგნით, ქაოტური სამეციდინო თვითგანათლებით ამღვრეული გონება დათრგუნვილია შესაძლო ავადმყოფობათა აურაცხელი სიმრავლით... ასეთი ადამიანები მოსვენებას არ აძლევენ ექიმებს, სულ ახალსა და ახალ გამოკვლევებს მოითხოვენ, მკურნალობენ და თვითმკურნალობენ. სხვებს მხოლოდ დაავადებებზე ელაპარაკებიან და იპოქონდრიკთა რაზმებს ამრავლებენ ახალი წევრებით. თუ ავადმყოფობა ნამდვილადაა, მაშინ ხომ უბრალოდ საშველი აღარ არის.
ეს ადამიანები ყურადღების იმ თვისების მახეში არიან გაბმულნი, რომელიც სხვა შემთხვევაში თავდაუფლებაში გვეხმარება. ყურადღება ნამდვილად მიკროსკოპივით ადიდებს შეგრძნებას, რაც დიდებული რამ არის, თუკი თვითონ ყურადღებას დადებითად შეფერილი ნება მართავს. მაგრამ თუ ყურადღება არ იმართვის, თუ იგი შეუგნებლად მიწებებულია ჯოჯოხეთზე - საქმე ცუდადაა. ყოველი უსიამო შეგრძნება, მდგომარეობის ყოველი ცვლილება უმნიშვნელო მოვლენა კი აღარ არის, არამედ ნამდვილი ტრაგედიაა. არა, თვითონ ისტერიკიანი ადამიანის ხელოვნურ-თეატრალური ტრაგედია კი არა - არამედ ტრაგედია სხვებისათვის. იგი გახლავთ ტრაგედია თავისთვის, მძიმე და გულწრფელი თავის მოტყუება. იკვრება მანკიერი წრე: შიში - ყურადღება - შეგრძნება - ყურადღება - შიში - ყურადღება... ზეპესიმისტური თვითპროგნოზი, უნებური უარყოფითი თვითშთაგონება, არსებითად, იგივე „გამოდევნაა უკუღმა“... იგი აუტოტრენინგის დროსაც გვიშლის ხელს.
განსაკუთრებით ხშირად იპოქონდრიკები გულის გამო შიშობენ. ვისიმე უეცარი გარდაცვალების ცნობა მათზე ტრაგიკულად მოქმედებს: „შემდეგი მე ვარ“, სხვაგვარად არ იფიქრებენ. ისინი გამუდმებით ისინჯავენ მაჯისცემას, წამდაუწუმ იზომავენ წნევას და სულ ახალსა და ახალ საბუთებს პოულობენ საკუთარი სამწუხარო ვერსიისათვის. ხოლო გული - თუმცა გული კი არა, არამედ მისი ემოციური ტვინის პროექციები მაშინვე ხალისით ააყოლებენ ხოლმე ხმას. ჰოდა, აი გული მართლაც იჩხვლიტება, როგორღაც ფერხდება... ჩერდება...
„თქვენ ხომ ხარივით ღონიერი ხართ. წყალიც რომ გაზიდინონ, ერთ ას წელიწადს კიდევ იცოცხლებთ თქვენი შეგრძნებებით. მეც დამმარხავთ... შეხედეთ, აგერ ნამდვილად ავადმყოფი კაცი, მაგრამ ის ვაჟკაცია, გატაცებულია რაღაცით, თქვენ კი მხოლოდ თქვენივე წარმოსახული დაავადებებით ხართ გატაცებული. ბოლოს და ბოლოს, შიშის აყოლას რა აზრი აქვს - ორი სიკვდილი ხომ არ არსებობს, ერთს კი ვერავინ გაექცევა. არ ვიცი როდის, მაგრამ, სულერთია, მაინც მოვა და განა ღირს, რომ მისი მოლოდინით ახლავე გავიწამოთ თავი? არა, სწორედ ახლაა საჭირო მისი დავიწყება...“
არაფერი სჭირს.
იპოქონდრიულობის რაღაც ნაწილი თითქმის ყველას მოეპოვება, მაგრამ დასრულებული იპოქონდრიკები, საბედნიეროდ, ცოტანი არიან. როგორი მკაცრიც არ უნდა ჩანდეს ეს შეფასება, მაინც უნდა ითქვას, რომ იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა რაიმე ორგანული დაავადებები ნამდვილად არსებობს, განვითარებული იპოქონდრია - ეს უწინარეს ყოვლისა, ეგოიზმის ავადმყოფობაა (ერთი იმათგანი). და ერთადერთი, რასაც ნამდვილად შეუძლია შველა, გახლავთ სიღრმისეული ემოციური დაინტერესებულობის გადატანა საკუთარი უძვირფასესი „მე“-დან რაღაც სხვა ძვირფას რამეზე მის გარეთ... სამწუხაროდ, ყველაზე ძნელია, თვითონ იპოქონდრიკი დაარწმუნო ამაში.