ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

ნანადირევი და იარაღი

 

ნანადირევი და იარაღი

აზროვნების ბიოლოგიური საფუძველი ჩვენი ტვინის ნეირონული სიუხვეა. იგი ყველა სხვა ცოცხალ არსებათათვის უცნობსა და შეუდარებელ გასაქანს იძლევა ყველაფრის ყველაფერთან დაკავშირებისა და ყველაფრის ყველაფრისაგან გამოყოფისათვის; იგია საშენი მასალა რეალური სამყაროს მოდელებისა და, ამას გარდა, სრულიად აბსტრაქტულ „მოდელთა მოდელების“ შეუზღუდავი სიმრავლის შესაქმნელად - შემეცნებით ნამზადთა შესაქმნელად, რომლებიც შეიძლება ათასობით წლის შემდეგ ან სულაც არასოდეს დაგვჭირდეს...

ყველაფრის კავშირი ყველაფერთან. თანაბრად მოსალოდნელ ურიცხვ შესაძლებლობათა თვალწინ ანაზდად გადაშლილი ქაოსი. დიახ, ამით დაიწყო. მისი ჩანასახები ცხოველთა წინარე აზრში, უკვე პირობით რეფლექსებში გვაქვს. ასე იწყებენ აზროვნებას ბავშვები. ასე იღებოდა აზროვნების კარიბჭეები ჩვენი წინაპრებისათვის, ისინი ზოგიერთი მიკარგული ველური ტომებისათვის ახლაც ამგვარივეა: მაგიური, წინარელოგიკური აზროვნება. აქ ძევს ხელოვნების ემოციური აზრის სათავეები. კვლავ ამავე ქაოსში ინთქმება აზრი ბოდვამორეული სულით ავადმყოფისა, აქედანვე ხაპავს სითამამეს გენიოსი, მწვერვალებს რომ მისწვდეს.

„გენიოსი სიგიჟესთან ნათსაობაში იმყოფება და მათ თხელი კედელი ჰყოფნით ერთმანეთისაგან“...

თხელი, მაგრამ მაინც კედელი... გიჟური ჰიპოთეზები იბრძოდნენ და იბრძვიან საღი აზრის წოდებისათვის. მოდელების შერჩევა, სასტიკი უარი უტყუარი გამოცდილების საფუძველზე, მორგება ყველა დონის მოთხოვნილებებთან. საღი აზრი გახევებული სტერეოტიპებისა და მეცნიერული აზროვნების მკაცრი თავისუფლების საერთო წინაპარია.

აზრი ასაზრდოვებდა ემოციათა ორსახოვან იანუსს: მან დამუხტა იგი სიუხვის ძალით. მართალია, საკუთარი ეგოისტური შეზღუდულობის იქით აღარ მიდიოდა, მაგრამ სწორედ მასვე დასჭირდა თვითგანვითარებადი დამოუკიდებლობა აზრისა. სულ უფრო შორს თავისთავად ცხადისაგან, უშუალო კმაყოფილებებისაგან, „აქ და ახლა“ - საგან, - ასეთი იყო მოთხოვნა.

ფსიქიატრი ხედავს, რომ სულით ავადმყოფთა აზროვნების მოშლილობათა უკიდურესი გამოვლინებები თანდათანობით გადასვლების გამით არის დაკავშირებული უფრო დახვეწილ, ძნელად მოსახელთებელ მსუბუქ, არამკაფიო გამოვლინებებთან, ოდნავ შესამჩნევ ლოგიკურ ჩავარდნებთან. ასეთი ჩავარდნები ზოგჯერ მხოლოდ რაღაც ცალკეული მიმართულებებით ვლინდება ხოლმე, უფრო მეტად ისეთებში, რომლებიც ძლიერ გრძნობებთან არიან გადაჯაჭვულნი...

ამის შემდეგ რაღაა? მკაცრი ლოგიკურობა? არა, გულუბრყვილობა იქნებოდა იმის ფიქრი, თითქოს ყველაზე ცივილიზებული ხალხების ყოველდღიური აზროვნება უკვე სიმკაცრის ზღვარამდე იყოს მისული. ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით სავსებით ჯანსაღი ადამიანების აზროვნების უდისციპლინობას, ლოგიკის ისეთ დარღვევებს, რომლებიც თანამედროვეობისათვის ნიშანდობლივ ნორმალურ ჩარჩოებს არ სცილდებიან და ძნელადშესამჩნევნიც არიან ზოგჯერ.

ბუნდოვანი აზროვნების მქონე ადამიანი ვერასოდეს გრძნობს რომ ბუნდოვნად აზროვნებს, პირიქით, ყოველთვის ეჩვენება, ბუნდოვნად სხვა აზროვნებსო. აინშტაინმა შენიშნა - და, სამწუხაროდ, სწორადაც - რომ ადამიანები, რომლებიც ნათლად აზროვნებენ და კარგი სტილიცა აქვთ, ყველა საუკუნეში ძალიან ცოტანი იბადებიანო. შედარებით მარტივადაა საქმე, როცა ჩვენს წინაშეა ადამიანი მთლიანად დაბინდული ტვინით. მაგრამ არსებობს ნათელი აზრი, ბუნდოვან სტილში ჩაკარგული, და კარგი სტილი მომხიბვლელად რომ აფერადებს ბუნდოვან აზრს.

ჩვეულებრივი აზროვნების არასაკმაო სიცხადით საუკუნეთა მანძილზე ეწევიან სპეკულაციას სხვადასხვა ჯურის სოფისტები და დემაგოგები. მაგრამ ლოგიკას რომ საბოლოო გამარჯვება მოეპოვებინა, მაშინ, ალბათ, ხელოვნების ბედის გამო უნდა შევშფოთებულიყავით. მეცნიერება წესრიგს ამყარებს, მაგრამ ხელოვნება გულგრილი არაა უწესრიგობის ლოგიკის მიმართ, იგი ვერ გრძნობს ხოლმე თავს კარგად, როცა ყველაფერი ძალიან გასაგები ხდება. ჩვენ ხშირად არ მივდევთ ხოლმე ზუსტ ლოგიკას, იმიტომ კი არა, რომ არ შეგვიძლია, არამედ იმიტომ, რომ არ გვინდა...

საკუთარ ორგანიზაციამდე მაღლა დადგომა, ძნელი საქმეა. გონებასა და გულს, როგორც ეტყობა, ჯერ კიდევ დიდხანს მოუწევთ ისტორიის მიერ ჩახლართულ ურთიერთდამოკიდებულებათა გარკვევა. ადამიანის აზრმა, რომელიც ბუნების თავდაპირველი პროექტის მიხედვით მხოლოდ მსახური უნდა ყოფილიყო გრძნობებისა, შეძლო ბატონებისაგან თავის დაღწევა, მაგრამ განა იმიტომ არა, რომ კიდევ უფრო უკეთ მომსახურებოდა მათ? ხომ ყველაფერი კარგავს აზრს საბოლოო ადამიანური „კარგია“-ს გარეშე, რომელშიც ჯოჯოხეთიდან სამოთხისაკენ მარადიული ბუნებრივი ლტოლვა გამოსჭვივის?!

ნადირობა ფიქრზე, რომელშიც ერთმანეთს ემთხვევა ნანადირევი და იარაღი, - კაცობრიობის საუკეთესო მოაზროვნეთა ეს ერთობლივი შრომა სულ ახალი დაწყებულია ევოლუციისა და ისტორიის მასშტაბებში.

  

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff