ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

ელექტროდის წვერზე

 

ელექტროდის წვერზე

მე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ უკანასკნელ წლებში არ ყოფილა ნეიროფიზიოლოგიური აღმოჩენა, ასე მჭიდროდ რომ ეხებოდეს ფსიქიატრიას.

როცა ამ ექსპერიმენტების შესახებ ფიქრობ, თვალწინ წარმოგიდგება ათობითა და ასობით ავადმყოფი, რომლებთანაც ფსიქიატრიულ კლინიკაში გიხდებოდა მუშაობა, მაგრამ არა მარტო ავადმყოფები.

სულ უფრო და უფრო იფანტება ეჭვი იმის თაობაზე, რომ ადამიანურ მისწრაფებათა და განწყობილებათა უდიდესი პალიტრა ემყარება ტვინის ამ სისტემების მუშაობას, რომლებშიც დღეს ელექტროდმა შეაღწია. ეს სისტემები რეალობაა ჩვენი ტვინისა. როგორც წყობა, სწორედ ესაა საფუძველი, მატერიალური საფუძველი ემოციათა იმ მხარისა, რომელიც განსაზღვრავს შეფასებების შკალას ,,კარგი-ცუდი’’, ,,სასიამოვნო-არასასიამოვნო’’, ეს არის ჩვენი გრძნობების უღრმესი, ყველაზე ფუნდამენტური ინსტრუმენტი.

თუ გარკვეული წერტილების თვითგაღიზიანება ცხოველებში ნამდვილად შეესაბამება იმას, რასაც ჩვენ უხეშ გრძნობად ტკბობას ვუწოდებთ, მაშინ სხვა შემთხვევაში მათი შინაგანი მდგომარეობა ნეტარების, აღტაცების, ექსტაზის იმ ენით უთქმელ შეგრძნებებს შეიძლება შეედაროს, რომლებასც ჩვენ სხვა, უფრო რთული მიზეზების გამო განვიცდით ხოლმე.

მდგომარეობა ცხოველებისა, რომლებიც თავდავიწყებით აწვებიან პედალს, ედრება გახელებული ადამიანის მდგომარეობას - მათრობელსა და ორგიულს, დადებითი უკუკავშირის შემთხვევაში. გაშმაგებულსა და სასოწარკვეთილს - უარყოფითის დროს.
კლინიკაში ეს, ცხადია, უკიდურესი აღგზნების მდგომარეობას შეესაბამება. ასეთი მდგომარეობები ყოველთვის დაკავშირებულია დადებითი ან უარყოფითი ნიშნის მქონე ემოციათა უკიდურეს დაძაბულობასთან.

უკანასკნელ შემთხვევაში ფსიქიატრები მანიაკალურობაზე ლაპარაკობენ.

ჯონ ლილი წერს: ,,სტარტ და სტოპ რეაქციები’’, რომლებიც ნამდვილად ჯილდოვდებიან ან არ ჯილდოვდებიან, ადამიანებისა და ცხოველების მთელ ცხოვრებას უნდა მსჭვალავდნენ... მაიმუნის მიერ წამში სამი იმპულსის სიხშირით ,,სტარტ ზონის’’ თვითგაღიზიანების ერთ-ერთ ანალოგად შეიძლება გამოდგეს ადამიანური ყბედობა - ისეთივე ფორმა აქტიურობისა, იმგვარივე ფორმა წახალისებისა. რაც შეეხება სიხშირეს, არ ვიცი, მაგრამ მანიაკალურ ავადმყოფთა ენამრავლობა, მათი მდგომარეობის ნამდვილად მუდმივი და ყველაზე თვალშისაცემი ნიშანია.

ალბათ ბევრ შემთვევაში კრუნჩხვითი შეტევები დაკავშირებულია ჯოჯოხეთისა და სამოთხის რაღაცნაირ ზეძლიერ მუშაობასთან, რომლებსაც მოქმედებაში ნეირონთა სხვა სისტემების ჩართვის უნარიც უნდა გააჩნდეთ. ტვინში კრუნჩხვითი განმუხტვა კი მაშინ აღმოცენდება, როცა ნერვულ უჯრედთა მასები ერთდროულსა და ძლიერ განმუხტვას იწყებენ და ერთნაირ რიტმში ითრევენ ერთმანეთს.

დოსტოევსკი, რომელსაც ეპილეფსია სჭირდა, შეტევისწინა მდგომარეობას აღგვიწერს, როგორც ენით აუწერელ ექსტაზს, უმაღლეს სიტკბოებას, ღვთაებრივ გამოცხადებას. სულ რაღაც წამის განმავლობაში მას თითქოს თვალწინ ეშლებოდა აზრი ყოველივე არსებულისა. ამგვარი მდგომარეობები ზოგიერთ ადამიანში შეიძლებას აღძრას მუსიკამაც და სხვათა შორის თვითონ მუსიკა, განსაკუთრებით კი ძალიან რიტმული მუსიკა, ზოგჯერ კრუნჩხვითი შეტევების მიზეზიც არის ხოლმე....

ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ თანამედროვე მეცნიერება ტვინის შესახებ უბრალოდ სხვა მხრიდან უვლის იმას, რასაც ჩვენ განუწყვეტლად ვაწყდებით ცხოვრებაში და რაც ადვილად შეიძლებოდა აგვეხსნა, თუკი ელემენტარულ დაკვირვებასა და თვითდაკვირვებას მივმართავდით.

მართლაც, ტვინის სამოთხე ჯოჯოხეთის სისტემების ამოცნობა დიდი ხნით ადრე, ტვინში ელექტროდების შეღწევის გარეშეც შეიძლებოდა. ადამიანებსაც და ცხოველებსაც ხომ აქვთ სხეულის ისეთი ზონები, რომლებთან შეხებაც ზოგჯერ სუსტ, ხან კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას იწვევს. მაგრამ რატომ იწვევს კბილის რბილობზე ყოველგვარი შეხება უეცარსა და უმძაფრეს ტკივილს?

უკვე ამ და ბევრი სხვა ფაქტებიდან გამომდინარე შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ რაღაც განსაკუთრებული, ცალკეული ნერვიული ცენტრები არიან პასუხისმგებლები ჩვენს სიამოვნებებსა თუ ტანჯვაზე. ლილიმ შენიშნა, რომ დელფინებს ძალიან უყვართ ადამიანის ხელის შეხება. მათი სხეულის მთელი ზედაპირი თითქოს მთლიანად ტკბობის აპარატს წარმოადგენს. არსებითად, ასევეა მოწყობილი ჩვენი სხეულიც. მხეცებსაც უყვართ, როდესაც მათ ხელს უსვამენ, ან ფხანენ. ცხადია, რომ მთელს სხეულში გაბნეულია სიამოვნების რაღაცნაირი მიმღებები და გამტარები. როგორც ჩანს, ისინი ზედაპირთან ახლოს მდებარეობენ, უფრო ღრმად კი არასასიამოვნო შეგრძნებებისა და ტკივილის ნერვული მოწყობილობები იმყოფებიან. ყველაფერი გასაგებია: რაც ძალიან ძლიერად მოქმედებს, ძალიან ღრმად შედის სხეულში, სიცოცხლისათვის საშიშია. ეს სურათი ტანჯვის შიდა განაწილებასაც შეესატყვისება ზოგადად.

მაგრამ მეცნიერული აზრის მდინარება კლაკნილია. მეცნიერებამ, ისევე როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა, რამეში რომ დარწმუნდეს, ჯერ უნდა ,,მოსინჯოს’’, თანაც არაერთხელ.

და აი, ადამიანში ნაპოვნია სამოთხისა და ჯოჯოხეთის ტვინისეული სისტემები. პირველად მათ ნეიროქირურგები წააწყდნენ. ბევრი მათგანი ოპერაციების დროს ყურადღებას აქცევდა იმას, რომ ტვინის ზოგიერთი ღრმად მდებარე ნაწილის შემთხვევით გაღიზიანება ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის მკვეთრ ცვლილებას იწვევდა.

უჩვეულო მხიარულება, ზეაწეული განწყობა, ენამრავლობა... გრძნობადი სიამოვნებების იმიტაცია... გარემოს გამახვილებული აღქმა, უმიზეზო სიცილი, მოულოდნელი გონებამახვილობა... ბუნდოვანი, გაურკვევლად სასიამოვნო მდგომარეობა, რომელიც მწეველის მდგომარეობას გვაგონებს თამბაქოს კვამლის ჩასუნთქვისას, იმგვარი ტკბობა, რასაც მუსიკა გვანიჭებს, ენით უთქმელი ნეტარება... ექსტაზი... როდესაც ავადმყოფებს ელექტრული დენით უღიზიანებდნენ ამ წერტილებს, ისინი გაღიზიანების გამეორებას თხოულობდნენ, თხოულობდნენ დაჟინებით.

ხოლო სულ იქვე, რამდენიმე მილიმეტრში კი: გაურკვეველი მოუსვენრობა, მღელვარება... გაფაციცება... სიბრაზე... დათრგუნულობა... დაბნეულობა... ორიენტაციის დაკარგვა... შიში... ძრწუნვა... კოშმარი... პანიკა... სხვადასხვაგვარი უსიამოვნო შეგრძნებანი... ველური, უმაგალითო ტკივილი... გაღიზიანების დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება, არ შეიძლება გამეორებაც.

ეჭვი არ არის, რომ ელექტროდის წვერით მოსინჯული იქნა ადამიანის ჯოჯოხეთი და სამოთხე. ისინი ერთმანეთთან ახლოს იმყოფებიან და როგორც ჩანს, მჭიდროდაც ურთიერთქმედებენ.

ადამიანთა ტვინის ემოციური ზონების კვლევა ახლა რამდენიმე ლაბორატორიაში მიმდინარეობს, საზღვარგარეთაც, ჩევნთანაც. კვლევის უდიდესი უპირატესობა ის არის, რომ ტვინში რა ხდება, ადამიანი მარტო უშუალო რეაქციებით კი არ გვატყობინებს, არამედ შეუძლია მოგვითხროს კიდეც თავისი შინაგანი მდგომარეობის შესახებ. დაე, ეს ანგარიში შორს იყოს სისრულისაგან, დაე, გამოუთქმელი რჩებოდეს უსაზღვროდ ბევრი რამ. ეს მაინც არსებითი დამატებაა. თავისი ანატომიური განლაგებით ჩვენი სამოთხე და ჯოჯოხეთი ზოგადად ემთხვევიან იმას, რასაც ცხოველებში ვხედავთ. ოღონდ აქ აშკარად მეტია ინდივიდუალური გაბნევა და როგორც ჩანს განუზომლად რთული და დახლართული ემოციური წერტილების კავშირები ნეიტრალურებთან, რომელთა მოცულობაც შედარებით კოლოსალურია.

თვითგაღიზიანებას ადამიანებიც ისეთივე სიამოვნებითა და მთელი არსებით მიმართავენ, როგორც ცხოველები, ოღონდ გარეშე მოტივირებების უფრო დიდი მრავალფეროვნებით, რომელთაგან ერთ-ერთი მეცნიერებისთვის სამსახურია.

ადამიანში ელექტრომანიის პირველი შემთხვევა ლენინგრადელმა ნეიროქირურგმა ნატალია პეტრეს ასულმა ბეხტერევამ აღნიშნა. შემთხვევა წინასწარი განზრახვით არ ყოფილა გამოწვეული. ავადმყოფი ქალი, რომელსაც რამდენჯერმე გაუღიზიანეს სამოთხის წერტილები, რას აღარ აკეთებდა, რომ კიდევ და კიდევ გაემეორებინათ იგი. ცდილობდა უფრო ხშირად ეტრიალა ლაბორატორიაში, ელაპარაკებოდა თანამშრომლებს, სდარაჯობდა მათ. აქ იყო გამომძალველობაც, უკმაყოფილებაც, მოუთმენლობაც, დემონსტრაციული ქცევაც. უფრო მეტიც, პაციენტს ნამდვილი სიყვარულიც კი გაუღვივდა ექსპერიმენტატორის მიმართ. იგი დაჟინებით დასდევდა მას, არ აძლევდა საშველს გაზვიადებული მადლობებით მკურნალობისთვის... დიახ, ეს გაფრთხილებაა...

ეჭვი არ არის, რომ ემოციური აპარატის ზოგადი სქემა იგივეა, რაც ცხოველებში, ანალოგიური მთავარი ნაწილები გვაქვს სამოთხისეული და ჯოჯოხეთური სპექტრისა. ფროიდის შოკისმომგვრელი მტკიცება, თითქოს ყველა სახის სიამოვნება ყოვლისგამჭვალავ-სექსუალური ხასიათისა იყოს, ირღვევა ,,აბსტრაქტული’’ სიამოვნების ფაქტებით თვით ვირთაგვებშიც კი, მაგრამ ამასთანავე ნაწილობრივ დადასტურდა ისიც, რომ ცხოველებშიც და ადამიანებშიც სიამოვნების (და უსიამოვნების) ყველა სახე მსჭვალავს ურთიერთს, გადადიან ერთმანეთში. გასარკვევი, როგორც ეტყობა ის კი არ არის, ჰო თუ არა, არამედ რამდენად.

თავისი ჯოჯოხეთი და სამოთხე შიმშილსაც აქვს და სიყვარულსაც, მაგრამ გარდა ამისა არსებობს ტკივილის და შიშის, დაქანცულობისა და სევდის ჯოჯოხეთიც, ისევე როგორც არის კარგი ფიზიკური მდგომარეობის, მშობლობის გრძნობათა სამოთხე და ასე შემდეგ. ყველა სიამოვნება და უსიამოვნება რაიმე გულისწადილს უკავშირდება, მაგრამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, სამოთხის და ჯოჯოხეთის კერძო სექტორებთან ერთად რაღაც განზოგადებული სფეროებიც უნდა ვივარაუდოთ. როგორც ჩანს, სწორედ ,,საერთოდ ჯოჯოხეთი’’ და ,,საერთოდ სამოთხე’’ უნდა მუშაობდნენ ყველაზე გრძელი დროითი სკალების მიხედვით და განსაზღვრავდნენ განწყობილების ან განწყობის ზოგად ფონს ყოველგვარი სიამოვნების და უსიამოვნების მიმართ.

მგელივითაც რომ მშიოდეს, ალბათ, გარკვეულ დრომდე მაინც შევძლებ შევინარჩუნო კარგი განწყობილება. მაგრამ თუ ახლობელ ადამიანს წავეჩხუბე, ვერავითარი დანაყრება ვერ გამომიკეთებს გაფუჭებულ გუნებას. ამ დროს მე ვხვდები ,,საერთოდ ჯოჯოხეთში’’. ჩემი შველა შეუძლია მხოლოდ ყურადღების ინტენსიურ გადატანას სხვა რამეზე, მოქმედებას, დროს, სიტუაციის შეცვლას... ან კიდევ ღმერთმა ნუ ქნას! -,,დავლიოთ ჯავრიან გულზე’’. როგორც ჩანს, სწორედ საერთოდ ჯოჯოხეთი და საერთოდ სამოთხე გამოიყენებიან იმ მოქმედებისას, რომლებიც პირდაპირ არ არიან დაკავშირებულნი რაიმე უშუალო ბიოლოგიურ წადილთან. უფრო მეტად სწორედ ეს სისტემები გვევლინებიან ,,წახალისების’’ და ,,დასჯის’’ აღმასრულებელ იარაღებად ადამიანის სოციალურ ცხოვრებაში და მოიშლებიან ხოლმე ფსიქიკური დარღვევებისას.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff