ექო ტვინში
ექო ტვინში
ხომ არ შეგიმჩნევიათ, როდისმე ვინმეს მიერ ნათქვამი სიტყვა, ან რაიმე ფრაზა, ერთხანს რომ ჟღერს ყურებში? თანაც ყურებში კი არა, თითქოს ტვინში ჟღერსო.
სურვილის შემთხვევაში ამ ჟღერის გაძლიერებაც კი შეიძლება. ჩვეულებრივ, მთელი ფრაზა კი არ ჟღერს ხოლმე, არამედ მისი უკანასკნელი ნაწყვეტები, მთელი სიტყვა კი არა, არამედ მარცვალი... ზოგჯერ ძნელი სათქმელიცაა, რა ხმიანობს. უბრალოდ რაღაც შეგრძნებაა შემონახული, რომელიც გაივლის და ისევ მობრუნდება ხოლმე. ალბათ სწორედ იგი უნდა იყოს ხანმოკლე მეხსიერების უახლესი ნაკვალევი და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „შემდგომხმიანობა“ ცნობიერებამდე მისული და ყურადღებით გაძლიერებული ტვინისეული „ხმის ჩამწერია“.
როგორც ჩანს, იგი უკვე გრძნობათა ორგანოების დონეზე ხდება ნაწილობრივ. მაგალითად, თუ მზეს შევხედავთ და დავხუჭავთ თვალებს, ან სულაც რომ არ დავხუჭოთ, თვალწინ დიდხანს გვედგომება ნათელი ლაქა - მზის ტვინისეული ექო. ზოგიერთებს იგი ისე ასწრაფად უქრებათ, რომ საერთოდ ვერც კი ასწრებენ დაჭერას, სხვებს კი, განსაკუთრებით მხატვრებს, შეიძლება დიდხანს შემორჩეთ.
ფიზიოლოგი იტყვის, შემოქმედების ეფექტიაო, როდესაც განმუხტვას განაგრძობენ ბადურას აღგზნებული ნეირონები; შემდგომქმედება შეიძლება გადამცემი ნეირონების დონეზე მიდიოდეს (რამდენიმე ინსტანცია უნდა გაიაროს, ვიდრე იმპულსი ტვინამდე მივა) მაგრამ შესაძლებელია, რომ ქერქის მხედველობითი ველებიც იყვნენ საქმეში გარეულნი. ამ ნაკვალევთა ხვედრია, თუ რაღაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რამ არ უკავშირდებათ, რაც შეიძლება მალე წაშალონ, რომ ახლების შემოსვლას არ შეუშალონ ხელი.
ასეთი ექო-შედეგები ნამდვილად შეიძლება ყოველ ნაბიჯზე აღმოვაჩინოთ, ცოტათიც რომ დავუკვირდეთ თავს. „ექო-სურნელები“... ან თუნდაც დარტყმით აღძრული ტკივილი - განა იგი მტანჯველი ექო არ არის საკუთარივე თავისა?
მაგრამ ჩვენ აღსავსენი ვართ არამარტო ასეთი ხანმოკლე და ელემენტარული, არამედ სხვა მრავალი გაცილებით რთული ექოებითაც. არსებობს ექო-მოქმედებები, ექო-აზრები... ტვინში თამაშდება სცენები და პიესები, ზოგჯერ კი ლამის მთელმა ცხოვრებამაც გაიქროლოს ხოლმე ელვისებრი სისწრაფით.
უნებური მიბაძვა. სხვადასხვა ცხოველისათვის, მით უფრო მაიმუნებისათვის ნიშანდობლივი ეს თვისება გამუდმებით ვლინდება. ბავშვებშიც, მოზრდილ ადამიანებშიც: ჟესტების შეუმჩნეველი გამეორება, ხველების ტალღები ბიბლიოთეკის დარბაზის სიჩუმეში... ესეც ექოა.
ბავშვი, ჯერ კიდევ ძლივს რომ ლაპარაკობს, თუთიყუშივით იმეორებს ყოველივე გაგონილს, იმეორებს ჟესტებს, მანერებს, ინტონაციებს, ხოლო თამაშის დროს ბაძავს ყველაფერს, რაც კი ქვეყანაზე შეიძლება მოხდეს. ასაკთან ერთად ეს თუთიყუშობა და მაიმუნობა თანდათან ინიღბება, მაგრამ სწორედ მათგან ხომ არ ყალიბდება აღზრდის მთელი ავლადიდება? ფსიქოპატოლოგიის ზოგიერთ შემთხვევაში ელემენტარული ექოები ზედაპირზე ამოტივტივდება - ზოგი სულით ავადმყოფი უნებურად იმეორებს სიტყვებსა და ბაძავს მოძრაობებს. ამგვარი ბაძვა ზოგჯერ ელვისებურადაც ვრცელდება მოსახლეობაში ფსიქიკური ეპიდემიების მსგავსად.
აშკარა და დაუხანებელი ექო-მობაძვების გარდა აუარება ფარული, გადავადებული, უცნაურად დეფორმირებული და შეწყვილებული ექოებიც ჩნდება. ტვინისეულ ექოთა დახლეჩა და კომბინირები დასაბამია მოქმედებისა. რაც უფრო ვიზრდებით, მაიმუნობაც იმდენად უფრო გართულებული, დახვეწილი და განზოგადებული ხდება, მისგან მთლიანად განთავისუფლება კი შეუძლებელია. ჩვენ მთელი ცხოვრების მანძილზე ვაკეთებთ იმას, რასაც ხელოვნებაში, სპეციალურ შემთხვევაში, ქვეცნობიერ პლაგიატს უწოდებენ. თუ ბავშვი ცალკეულ მოძრაობებს, მარცვლებს, სიტყვებს, ინტონაციებსა და მანერებს იმეორებს, წამოზრდილი ყმაწვილი უკვე აზრებს, შეფასებებს, აზროვნების მეთოდებს, ცხოვრებისეულ სტილს ჰბაძავს. ხოლო რაც უფრო უსაშველოდ ბერდება ადამიანი, იმდენად უფრო ჯიუტად ჰბაძავს საკუთარ თავს. ადრე თუ გვიან ჩვენ ჩვენივე საკუთარი თავის ექო ვხდებით.
ალბათ, არაერთხელ შეგიმჩნევიათ როგორ აგეკვიატებათ, ექოს მსგავსად მოგესმით ხოლმე რაიმე მელოდია, ან მუსიკალური ფრაზა. მუსიკის სმენისას, როგორც ეს აკადემიკოსმა ალექსი ნიკოლოზის ძე ლეონტიევმა გვიჩვენა, სწრაფი შემჭიდროვებული შინაგანი კოპირება ხდება - მღერა „თავისთვის გულში“. ამ დროს სახმო სიმების ფარული მოძრაობა შეინიშნება.
ამგვარივე შეკვეცილ შინაგან გამეორებას აქვს ადგილი მეტყველების აღქმის დროსაც.
ჩაფიქრებული ადამიანი უხმოდ ამოძრავებს ხოლმე ტუჩებს. ეს უფრო ადვილად შეიძლება შევნიშნოთ ბავშვებში, მოხუცებში ან ძალიან ღრმად ჩაფიქრებულ ადამიანებში. ესაა სწორედ შინაგანი მეტყველება, მეტყველება თავისთვის (რომელიც ასეთ შემთხვევაში უკვე მთლად „თავისთვის“ აღარც არის).
როდესაც ლაპარაკს ვისმენთ, ჩვენ იქვე უაღრესად შეკუმშულად, ჩვენთვისვე შეუმჩნევლად ვიმეორებთ მას, ანუ მოსმენილ მეტყველებას ჩვენ საკუთარ შინაგან მეტყველებად ვაქცევთ და ამით იგი მოკლევადიან მეხსიერებაში შეგვყავს. აქ იგი სასწრაფოდ „ჩაიწერება“, და ამ ჩანაწერის რაღაც ნაწილი შეიძლება გრძელვადიან მეხსიერებაშიც გადავიდეს.
ბიოდენებმა გვიჩვენეს, რომ შეკვეცილი მეტყველებისას იგივე კუნთები მუშაობენ, რომლებიც გაშლილი მეტყველების დროს - ხორხისა, ბაგეების, ენის, დიაფრაგმის, სასის, მაგრამ ბგერები არ მიიღება, ვინაიდან ეს კუნთური მუშაობა უკიდურესად სუსტია. სიტყვები ან თუნდაც სიტყვათა ნაწყვეტებიც კი არა, არამედ მათი მხოლოდ კუნთური „ნაკუწები“ გამოითქმის ფარულად. სწორედ ეს იძლევა დროის ეკონომიას. ერთი სიტყვით, ერთი „ნაკუწი“ მთელი ფრაზის შინაგანი განმაზოგადებელი „ნიშანი“ შეიძლება იყოს. რაიმეს თქმას როდესაც ვაპირებთ, მაშინაც ჯერ შინაგან მეტყველებას ჩავრთავთ ხოლმე.
მაგრამ სადღაა შემალული მთელი ეს მასა ტვინისეული ექოებისა, რომლებიც იკვეცებიან და იშლებიან?
მოსალოდნელი იყო, რომ, მაგალითად, ქერქის კეფის ნაწილებში განლაგებული მხედველობის ცენტრების ელექტრული გაღიზიანება უამრავ მხედველობით მოგონებას, ჰალუცინაციას მოგვცემდა. მაგრამ არაფერი ამის მსგავსი არ ხდება. ჩნდება მხოლოდ ჯოხები, წრეები, წერტილები, სამკუთხედები და სხვა მარტივი ფიგურები. როდესაც ვაღიზიანებთ საფეთქლის ქერქს, სადაც სმენის ცენტრებია განლაგებული, ფრაზები, სიტყვები, მუსიკა კი არა, არამედ მხოლოდ გაურკვეველი ტონები და შუილები ისმის. სამაგიეროდ, თუ გავაღიზიანებთ საფეთქლის ნაწილების უფრო ღრმა ნაკვეთებს, რომლებიც პირდაპირ არც სმენას და არც მხედველობას არ უკავშირდებიან, ხმიანი კინოკადრების მსგავსი ცხადი სცენების გამოწვევა შეიძლება.
ასე მოხდა სწორედ კანადელი ნეიროქირურგის - პენფილდის ორ ოპერაციაზე. ავადმყოფს უეცრად ნაცნობი მოტივი მოესმა, მაგრამ ვერ იხსენებდა, სად ჰქონდა მოსმენილი. მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა უკვე კლინიკიდან გაეწერა, სახლში ძველი ფირფიტა იპოვნა, რომელზედაც ეს მუსიკა იყო ჩაწერილი. მეორე ავადმყოფმა რთული ჰალუცინაციური მდგომარეობა განიცადა. მას კარგად ახსოვდა, საოპერაციო მაგიდაზე რომ იწვა, მთელ გარემოსაც აღიქვამდა, მაგრამ იმავე დროს ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს ეკლესიაში იყო, სადაც ადრე ხშირად დადიოდა ხოლმე და ორღანის ხმაც გაიგონა. ორივე შემთხვევაში ელექტროდი საფეთქლის ნაწილის სიღრმეში იჯდა, სადღაც ქერქსა და ქერქქვეშას შორის.
როგორც ეტყობა, მეხსიერება მთელი ტვინის ფუნქციაა, მისი ელემენტები სხვადასხვა განყოფილებებშია გაბნეული. ელემენტარული ექოები - მხედველობითი, სმენით და ასე შემდეგ - სპეციალურ ცენტრებში ჩაიწერებიან და შეინახებიან. უფრო მსხვილ შენაერთებად მათ სხვა განყოფილებები აკავშირებენ.