ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

რისთვისაა საჭირო შუბლი?

 

რისთვისაა საჭირო შუბლი?

ტვინის შეფარდებითი წონის მიხედვით ადამიანი ცხოველთა შორის პირველ ადგილზე კი არა, მხოლოდ ერთ-ერთ პირველ ადგილზე დგას (ამ მხრივ ჭიანჭველები და დელფინები გვაჭარბებენ). მაგრამ მთელ ტვინთან შეფარდებით ჩვენ ყველაზე დიდი ქერქი და ნეირონებს შორის კავშირების ყველაზე მდიდარი ქსელი გაგვაჩნია. ქერქში კი უნიკალური აპარატი გვაქვს - შუბლის წილები.

ეს არის ის, რაც ჩვენ ადამიანებად გვხდის ამ სიტყვის ყველაზე მაღალი მნიშვნელობით. ისინი აორგანიზებენ ჩვენს გიგანტურად რთულ და მოქნილ ოპერატიულ მეხსიერებას. ისინი უზრუნველყოფენ ყურადღების კოლოსაკურ მოცულობას, მის სიღრმესა და მიზანმიმართულებას. ისინი გვაძლევენ მრავალრიგად უფრო შორსშემავალი ვარაუდების უნარს, ვიდრე რომელიმე სხვა ცხოველს აქვს დედამიწაზე.

ხოლო ამასთანავე ერთად (და მთავარი ეს არის!) შუბლის წილები სოციალური აზროვნების ორგანოებს წარმოადგენენ. სწორედ ისინი არიან თვითშეგნების, კრიტიკულობის, შემოქმედების ორგანოები. (სიტყვას „ორგანო“ აქ ფიგურალურად ვხმარობ - სინამდვილეში ყველა ზემოთ მოხდენებულის ორგანო მხოლოდ და მხოლოდ მთელი ტვინია, ამიტომ მხოლოდ შეფარდებისა და კრიტიკისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა თავისუფალი იყო. საკუთარი თავი რომ შეიცნო, ამისათვის საჭიროა შეჩერება საერთო მდინარებაში... მთელი დანარჩენი ქერქისაგან განსხვავებით შუბლის წილები პერიფერიებიდან, გრძნობათა ორგანოებიდან მიმდინარე მგრძნობიარე იმპულსების გამუდმებულ მოზღვავებას არ განიცდიან. მათ არც მამოძრავებელის მოვალეობანი აკისრიათ, - ამას თხემის ნაწილი აკეთებს. მაგრამ მათ შეუძლიათ მოქნილად ჩართვა ერთშიცა და მეორეშიც. ისე არიან მოწყობილნი, რომ საკუთარ ნეირონულ ბადეებში შეუძლიათ დუბლირება ყოველი იმპულსური სქემისა, რომლებიც ტვინში აღმოცენდებიან ხოლმე ყოველნაირი შეხამებებით, სულ სხვადასხვაგვარი ვადებით. უფრო მეტიც, მათ თვითონვე შეუძლიათ ახალი სქემების შექმნა უკვე არსებული შეხამებებიდან ან მათი წილებიდან. არსებითად, ეს არის ტვინი ტვინს ზემოთ. სწორედ შუბლის წილებშია მოთავსებული ის, რასაც კორსაკოვმა თავის დროზე „გონების წარმმართველი ძალა“ უწოდა.

შუბლის წილებს განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი ემოციურ ცენტრებთან და ჰიპოკამპური წრის მეხსიერების გლობალურ ეპოქათა განმაზოგადებელ სისტემებთან აქვთ. ისიც შესაძლებელია, რომ ისინი ამ სისტემების ევოლუციური გაგრძელებები, სპეციალური ადამიანური „ხელმეორე გამოცემანი“ იყვნენ.

... ახლა უფრო გასაგები ხდება ჩვენთვის, შუბლის წილებსა და ქერქქვეშას შორის კავშირების გადაჭრა ზოგჯერ რატომ გვეხმარება ხოლმე აგრესიული ქცევით თანხლებული ჯიუტი ბოდვის, უმძიმესი გაგრძელებული დეპრესიებისა და აკვიატებულობების დროს. ჩამოიკვეთება მტკიცე „მადუბლირებელი მოდელი“ მდგომარეობისა, წყდება უნებური ყურადღების მანკიერი წრე. არის საფუძველი, ისიც ვიფიქროთ, რომ შუბლის მექანიზმი ჯოჯოხეთთან უფრო ინტიმურად უნდა იყოს დაკავშირებული, ვიდრე სამოთხესთან: ქერქქვეშასაგან შუბლის წილების ავადმყოფური ან ქირურგიული გამოყოფის დროს ხშირად აღმოცენდება მყარი მდგომარეობა - ეიფორია, რომელშიც სამოთხე სჭარბობს, - და არასოდეს შეინიშნება ნაღვლიანი განწყობილება. უძლიერესი ტკივილებიც კი, რაც ამ გათიშვას მოსდევს ხოლმე, საოცრად მსუბუქად გადაიტანება: ტკივილი არის, გრძელდება, მაგრამ იგი უკვე აღარ აღელვებს ავადმყოფს.

გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჯოჯოხეთში - ან მის აბსტრაგირებულ „დუბლიკატში“ - უნდა ხდებოდეს ყველა სოციალური შეკავება, ჩვენი ქცევის ყველა შესწორება, რომლებიც სხვათა - მახლობელი თუ შორეული ადამიანების რეაქციეს ითვალისწინებენ. ასეთ მუშაობას ტვინი გამუდმებით, ძილშიაც კი ეწევა, მოითხოვს რა მრავალ გარემოებათა ერთდროულ გათვალისწინებას და ქცევის მრავალი ვარიანტიდან ერთ რომელიმეს ამოირჩევს. ამ საქმისათვის კი შუბლის წილებზე უფრო შესაფერისი აპარატის წარმოდგენა ძნელია. ცხადია, რომ სწორედ ისინი ახდენენ ჯოჯოხეთის პროექციას მომავალში.

ძალიანაც შესაძლებელია, რომ ავადმყოფურ სიმორცხვეს, რომელიც ხშირად იჩენს ხოლმე თავს სადღაც მოზარდებისა და ჭაბუკობის ასაკთა შორის, ფიზიოლოგიურ სარჩულად ედოს შუბლის წილების ჭარბი „ჯოჯოხეთის მაპროეცირებელი“ მოქმედება, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მოწესრიგებული დახვეწილი ამორჩევითობით. ის, რომ მოზარდის შუბლის წილები მძაფრად „ჩაერთვებიან“ მუშაობაში, ეჭვს არ იწვევს: სწორედ ამ ასაკში ყურადღების ბავშვური გაფანტულობა და მოუსვენრობა სიბეჯითით იცვლება და ჩნდება ერთ საგანზე ყურადღების დიდი ხნით შეჩერების უნარი (ეს, რა თქმა უნდა, მთელი ადრინდელი აღზრდითაც არის შემზადებული). აღმოცენდება ახალი წრე ექოს შეკავებისა, რომელიც გარკვევით არის დაკავშირებული შეგნებულ ნებასთან, მაგრამ უფრო მეტად მაინც უნებურია. იმავე დროს გაცილებით დიდ მნიშვნელობას იძენს ის, თუ როგორ მოჩანს სხვათა თვალში, ძლიერდება დაინტერესება საკუთარ პერსონის სხვებისეული შეფასებებით, სხვათა შეხედულებებით, რაც ნაწილობრივ ბავშვური უშუალობის დაკარგვას იწვევს.

ყოველივე ეს შეუძლებელია არ დაუკავშირდეს სქესობრივ მომწიფებას - სოციალური სიმწიფის მძლავრ ფიზიოლოგიურ სტიმულს. გარეგნობის პრობლემა... სულში დაუკითხავად იჭრება „განზოგადებული ვიღაცა“, „განზოგადებული კაცი ან ქალი“, რომელიც დადარაჯებულია და ყოველ ნაბიჯზე წუნიაობის ჯოჯოხეთით იმუქრება... ადრე, ბავშვობაში, მხოლოდ ჩანასახი არსებობდა ამისი; მომწიფებული ნეირონული ძეწკვების რაოდენობა ჯერ კიდევ არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ტვინში სხვა ვინმე დამკვიდრებულიყო მტკიცედ. სხვა ვინმე ჩვენში - სწორედ ეს არის შეფასება.

სიმორცხვის რაღაც ნაწილი უსათუოდ საჭიროა; უამისოდ საქმე ცუდად არის. მე არც ერთი მოზარდი თუ ჭაბუკი არ შემხვედრია, რომელსაც, გარეგნული ყოყოჩობის ყველა დანაშრევის მიუხედავად, თვითშეფასება დაქვეითებული არ ჰქონდეს. მართალია, ამას „ზემოდან“ ეფარება აგრეთვე დისონანსიც, რომელიც არსებობს დამოუკიდებლობისაკენ ახალგაღვიძებულ მისწრაფებასა და იმას შორის, რომ იგი ფაქტიურად მთლიანად დამოკიდებულია ვინმეზე - მაგრამ ვინ გაარჩევს ერთს მეორისაგან?..

როგორც ეტყობა, შუბლის წილები ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობის დროსაც ძალზე ძლიერად მუშაობენ და არ ემორჩილებიან არავითან მართვას... ადამიანი „ჭკუიდან კი არ გადადის“, არამედ პირიქით, მეტისმეტად „შედის“ ჭკუაში, და, შესაძლოა, ერთი ჭიქა ღვინის გამთამამებელი მოქმედებაც შუბლ-ქერქქვეშა კავშირების ქიმიურ ბლოკირებასთან იყოს დაკავშირებული: „ზედმეტი“ შუბლისეული წილების გამოთიშვის მცირე და ხანმოკლე მოდელი...

ახლა უფრო გასაგებია ისიც, თუ მაღალი შემოქმედებითი პოტენციალი ძალიან ხშირად რატომაა შერწყმული უარყოფითი ემოციების აშკარა სიჭარბესთან, ხოლო შუბლისეული უკმარისობის ყველაზე დაბალი ხარისხიც კი (ავადმყოფობების დროს ან ოპერაციების შემდეგ) უნართა შემოქმედებითი კომპონენტის დაკარგვაში მჟღავნდება ხოლმე. ადამიანებს, რომლებიც არცთუ მცირეხარისხოვანნი არიან, შეიძლება ინარჩუნებდეს ყველა პროფესიულ ჩვევას და შრომის ნაყოფიერებასაც იმაღლებდეს, მხოლოდ პრინციპულად ახალ ამოცანას იგი უკვე ვეღარ დაძლევს; ვეღარ აითვისებს სპეციალობას, რომელიც ახალ მიდგომას მოითხოვს, ვერასოდეს გამოიგონებს რაიმე ახალს.

არსებითად, ასევე, მაგრამ უფრო დახვეწილად მჟღავნდება შუბლისეული უკმარისობა ეგრედწოდებულ „სალონურ დებილებში“. ამ ადამიანებს, რომლებიც არცთუ მცირერიცხოვანნი არიან, შეიძლება დიდებული მეხსიერება ჰქონდეთ, ფრიად განათლებულები, პრაქტიკულები და ეშმაკები იყვნენ, არაჩვეულებრივ კერძო ნიჭთაგან გააჩნდეთ, მაგალითად, ორატორული, საჭადრაკო და მუსიკალური, მაგრამ ბრწყინვალე უნიჭობის ამჟღავნებდნენ ყველაფერ იმაში, რაც პრინციპულად ახალ მიდგომას, მათთვის აქამდე უცნობი ტიპის გადაწყვეტილებებს მოითხოვს. გადაწყვეტილებათა ყველა ტიპს ისინი სხვებისაგან სესხულობენ, ზოგჯერ ძალიან მოხერხებულადაც. საზოგადოებაში ასეთი ადამიანი შეიძლება საინტერესო და მომხიბვლელი მოსაუბრე იყოს, ვიდრე არ გამოირკვევა, რომ იგი ადამიანი - გრამფირფიტა ყოფილა თურმე. ზოგჯერ კი მთელი დეფექტი მხოლოდ იუმორის გრძნობის უქონლობაში იჩენს ხოლმე თავს.

შესაძლებელია, რომ სწორედ შუბლისეული მექანიზმების ეფექტურობაში არსებული მცირეოდენი განსხვავებები განსაზღვრავდნენ იმას, განათლების დონისა და ინტერესთა მიმართულების მიუხედავად, როგორი ჩანს ადამიანი „საერთოდ ჭკვიანი“ თუ „საერთოდ უჭკუო“, „შემოქმედებითი“ თუ „არაშემოქმედებითი“. მაგრამ რაც უფრო მაღლა იწევს განზომილების სკალა, რაც უფრო ვშორდებით უხეშ უკმარობას, იმდენად უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს თანდაყოლილ კომპონენტზე მსჯელობის დროს. ალბათ, ძალიან ხშირად გვხვდება ისიც, რასაც შეიძლება „შუბლის გაუვარჯიშებლობა“ ეწოდოს - შემოქმედების პრინციპული უუნარობა კი არა, არამედ არაშემოქმედებითი განწყობა, რომელიც შეიძლება განმტკიცდეს და მეორე ბუნებად იქცეს. ცხადია, არიან ადამიანებიც, რომელთა გონებრივი უკმარობა აღზრდის მძიმე ტვირთის შედეგს წარმოადგენს. მათი პოტენციური შემოქმედებითი „მე“ ბავშვობიდანვე უწყალოდ არის ხოლმე დავიწყებული. ასეთ შემთხვევებში რჩება შესაძლებლობა ხელიდან გაშვებულის ამოგებისა. უდავოა, მაგალითად, რომ იუმორის აღქმის უნარიც შეიძლება განვავითაროთ. არა, საქმე ის კი არ არის, ადამიანმა, ისწავლოს როდის არის საჭირო გაცინება და როდის არა, არამედ ის, რომ გარკვეულ მომენტში მან შეიძლება თითქმის სრულიად უნებურად აღმოაჩინოს თავისთვის იუმორი. მე ვიცი ამგვარი შემთხვევები, ზოგჯერ ყოველივე ეს მკურნალობის საუკეთესო საშუალებადაც გვევლინება ხოლმე. გაცილებით უფრო ნაკლებად ემორჩილება განვითარებას გონებამახვილობა - იუმორის პროდუცირების უნარი...

როცა შუბლისეული პათოლოგია უფრო ცხადად არის გამოხატული, სოციალური ქცევის უმაღლეს ფორმათა მოშლილობები აღმოცენდება. ყველაფერი შეიძლება ნორმალურად მიმდინარეობდეს, ვიდრე ადამიანი ისეთ სიტუაციაში არ აღმოჩნდება, როდესაც საკუთარი ქცევა სასწრაფოდ უნდა შეუფარდოს სხვა ადამიანების აღქმას - ოღონდ ჩვეულებრივი ავტომატური შაბლონის მიხედვით კი არა, არამედ ახლებურად, ყოველ მოცემულ მომენტთან შეფარდებით. ამგვარად შეიძლება ამორალური საქციელი ან ბოროტმოქმედებაც მოხდეს. მაგრამ ისეთ ქცევებს სისულელის ელემენტი, შედეგების აშკარა გაუთვალისწინებლობა განასხვავებს „ჯანმრთელი“ ბოროტმოქმედებისაგან. ამის გაგება ყოველთვის ადვილი არ არის ხოლმე, ზოგჯერ ასეთ ადამიანებს ასამართლებენ და სჯიან კიდეც...

მეტად საფიქრებელია, რომ უნდა არსებობდნენ „შუბლისეული“ შიზოფრენიები, ე. ი. როდესაც შუბლის წილების მუშაობაა გაუკუღმართებული. როგორც ეტყობა, სწორედ მისი ერთ-ერთი ვარიანტი ჰქონდა მათემატიკოსს, რომელიც მატარებლის ფერდობზე გადაგდებას აპირებდა. ცხადია, რომ მაღალგანვითარებულ ფორმალურ აზროვნებასთან ერთად მას ღრმად ჰქონდა მოშლილი სოციალური აზროვნება, რომელშიც ყოველთვის გათვალისწინებული უნდა იყოს სხვა ადამიანთა ემოციები...
კიდევ უფრო ძლიერად გამოხატული შუბლისეული პათოლოგიის დროს მკვეთრი ემოციურ-ნებისყოფისეული დარღვევები აღმოცენდება. ეს ხან მყარი აპათიაა სრული უინიციატივობითა და გულგრილობით (და, რაც მთავარია, მდგომარეობის გაუცნობიერებლობით), ხან კი ნეტარი სიტუტუცე და დაუოკებელი იმპულსური ქცევები. აქვე გვხვდება მოშლილობები, ისეთი თანმიმდევრული, მიზანმიმართული მოქმედებებისა, არასტერეოტიპულობის თუნდაც სულ მცირე ელემენტიც რომ გააჩნიათ, აგრეთვე მდაბალი სურვილების უხეში განმუხრუჭება.

რა თქმა უნდა, საეჭვოა მართალი იყოს ჟურნალისტი, რომელმაც შუბლის კლინიკის ზერელე გაცნობის შემდეგ განაცხადა, გენიოსი მხოლოდ და მხოლოდ ის არის, ვისაც ყველაზე უკეთ უმუშავებს შუბლის წილებიო. რაღაც მეტისმეტი გაუბრალოებაა საკითხისა. მაგრამ ჭეშმარიტების ელემენტი მასში მაინც არის. ინგლისში ინტელექტუალებს „მაღალშუბლიანებს“ უწოდებენ, ამერიკაში - „თავკვერცხიანებს“...

რა თქმა უნდა, ფრიად გამოჩენილ ადამიანებს შორისაც არიან ხოლმე ისეთები, პატარა თავის ქალა და მსუბუქი ტვინი რომ აქვთ, მაგრამ სტატისტიკურად გემიოსებს შორის მაინც ცერებლარული ტიპის ადამიანები სჭარბობენ, რომლებსაც ტვინი საშუალოზე მეტი წონისა აქვთ. დიდი შუბლისეული წილების დასატევად დიდი თავია საჭირო...

ჩვილი ბავშვების თავის ქალას უკიდურესი საზღვრები ქალის მენჯის ზომებით არის განსაზღვრული. ასეთი შეზღუდვები აღარ ექნებათ ადამიანებს, რომლებსაც სინჯარებში გამოზრდიან. იტალიელმა პროფესორმა პეტრუჩიმ არც თუ ისე დიდი ხნის წინათ დაიწყო ასეთი ცდები, და სინჯარის კაცუნები ხელოვნური განაყოფიერების მომენტიდან რამდენიმე კვირაზე მეტს ვერ ცოცხლობენ ჯერ-ჯერობით.

ესთეტიკის ერთგულნი ცხვირს იბზუებენ ხოლმე, როდესაც ფანტასტები მომავალ ადამიანს უზომოდ დიდი რაქიტული თავით, დამოკლებული ხერხემლითა და მოყანყალებული კიდურებით გვიხატავენ. ეს მართლაც ნამეტანია, მაგრამ სათვალავიდან ვერც ესთეტიკური ნორმების შესაბამისი ევოლუციის შესაძლებლობას ამოვაგდებთ. გენიოსთა უმრავლესობის მშვენიერი შუბლები საკმაოდ მჭევრმეტყველურად მოწმობენ, საით უმიზნებს ბუნება.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff