ჰიმნი ღვინოს
ჰიმნი ღვინოს
საოცარი რამაა მეცნიერება: აყალიბებენ ფსიქოფარმაკოლოგიურ ინსტიტუტებს, იწვევენ სიმპოზიუმებს, წერენ სტატიებსა და მონოგრაფიებს, ეთილური ალკოჰოლის განსხვავებულ კონცენტრაციათა მოქმედების შედარებით შესწავლას კი რატომღაც კერძო პირები ეწევიან და მონაცემებს უმთავრესად სამილიციო ოქმებში აქვეყნებენ. არა და რაოდენ გრანდიოზულ, მრავალსაუკუნოვან, მრავალფენოვან ფსიქოფარმაკოლოგიურ ექსპერიმენტთან გვაქვს საქმე!
ფსიქოსომია, როგორც ჩანს, უფრო ღრმა და ფაქიზ გავლენას ახდენს კაცობრიობაზე, ვიდრე ჩვეულებრივ წარმოგვიდგენია. რა სურათს დავინახავდით, კაცობრიობის ისტორიიდან ფიქრით რომ გამოგვერიცხა ნარკოტიკები და ალკოჰოლი? ამის წარმოდგენა ძნელია, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზნე-ჩვეულებათა საერთო სურათი თანადროულისაგან იმგვარადვე განსხვავებული იქნებოდა, როგორც საშუალო არამსმელის ფსიქიკა განირჩევა საშუალო მსმელის ფსიქიკისაგან. „ლუდი აჩერჩეტებს და აზარმაცებ ადამიანებს“, - განაცხადა ბისმარკმა, იმ ქვეყნის გამგებელმა, სადაც ლუდს უფრო ბევრს სვამენ, ვიდრე სხვაგან. რაღა შეიძლება ითქვას ქვეყნებზე, სადაც უფრო ნაკლებად გაზავებულ ალკოჰოლს ხმარობენ?
იკარგება აურაცხელი საკვლევი მასალა. თუნდაც ზომიერი თრობის ტიპები ავიღოთ: მართალია, ყველა მთვრალი რაღაცით ძალიან ჰგავს ერთმანეთს, და როგორც ილფმა შენიშნა, ერთი და იმავე ხმით მღერიან ერთსა და იმავე სიმღერას, მაინც ორი ერთნაირი მთვრალი არ არსებობს. ერთი მხიარულდება, მეორე იღუშება, ერთი გულღია და ყბედი ხდება, მეორე - აგრესიული, მესამე - პირქუშად გულდახშული; ერთი თავის უბედურებებს ინსტანციებს აბრალებს. მეორე თვითონვე იბრაგუნებს მუშტს მკერდზე. ცხადია, რომ თრობაშიც მჟღავნდება ინდივიდუალობა - ფსიქოქიმიურიც და სოციალურ-ფსიქოლოგიურიც, და ეს ისევე სწორია, როგორც ის, რომ სიმთვრალე ყოველგვარ ინდივიდუალობას შლის, ადამიანს გამორეტებულ - მარტოდ დარჩენილ ცხოველად აქცევს.
ალკოჰოლის საწინააღმდეგო პროპაგანდის ნაკლებქმედითობა იმაზე უფრო საკვირველი არ არის, ვიდრე ალკოჰოლიზმის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები იმ ადგილებში, სადაც ყველაზე მეტ ღვინოს აყენებენ და სვამენ (მაგალითად, მოლდავეთში, საქართველოში). ოღონდ მშრალ ღვინოს.
როგორც ეტყობა, ძალიან ბრძნული რამაა ეს მშრალი ღვინო. იგი მთლიანად იძლევა იმას, რასაც ღვინისაგან მოვითხოვთ, მაგრამ ზედმეტს კი არა, თუ მომეტებულ ან მანკიერ ინდივიდურ მგრძნობელობას არა აქვს ადგილი. მასში დაცულია როგორიღაც ოქროს შუალედი. გალოთება ძნელია, რადგან იგი ძალიან ბეჯითად და დიდხანს უნდა სვა, რომ ზომას გადახვიდე. ღვინო მოკლებული არაა სასარგებლო თვისებებს და აუჩქარებელი სასუფრო რიტუალისადმი განაწყობს. რა თქმა უნდა, ტრადიციებიც თავისას აკეთებენ: თავმოყვარე კავკასიელი სადარბაზოში სამ კაცზე ერთი ბოთლის გაყოფას ან ავტომატში ნაბახუსევის გამოყვანას არ იკადრებს. მაგრამ მთავარი, ალბათ, მაინც ის ის არის, რომ მშრალი ღვინო ზოგავს ემოციურ-ტონუსურ ქანქარას. ჩვეულებრივი დოზების დროს იგი მხოლოდ მსუბუქ ბიძგს აძლევს მას, შესაძლოა, ავარჯიშებს კიდეც მცირეოდენი გადახრებისათვის და ალკოჰოლისაგან ლტოლვას, როგორც იტყვიან, დამუხრუჭებულს უშვებს. მაგრამ ალკოჰოლიკებისათვისაც ასე კი არ არის! პარაცელის სიბრძნე - „ყველაფერი შხამია და ყველაფერი წამალი, რაიმეს მხოლოდ დოზა აქცევს ერთად ან მეორედ“ - ვაზის სულსაც ეხება. ალკოჰოლიკი სწორედ დოზასთანაა სამუდამოდ დაუბრებული. როგორც ყველგან, აქაც შერჩევასთან გვაქვს საქმე. ვირთაგვების დიდი უმრავლესობა არამსმელია. მხოლოდ ზოგიერთი გადაგვარებული ამჟღავნებს თრობისადმი გაუგებარ მიდრეკილებას. მათ არჩევდნენ და აჯვარებდნენ ერთმანეთთან. ასე მიიღეს ალკოჰოლიკი-ვირთაგვების წმინდა ჯიში.
მაგრამ სხვა გზითაც შეიძლება წასვლა. ავიღოთ მსმელი ვირთაგვა და მას ვიტამინი B1 მოვაკლოთ. ძალიან ბევრი საჭმელი მარილი მივცეთ, ან შევუყვანოთ ნივთიერებები, რომლებიც ფარისებრ ჯირკვალს თრგუნავენ და აზიანებენ ღვიძლს. ვირთაგვა სმას დაიწყებს..
ვირთაგვის გალოთების კიდევ ერთი, ყველაზე პირდაპირი და ეფექტური გზაც არსებობს. მოსკოვის ფსიქიატრიის ინსტიტუტის თანამშრომლები ცხოველებს ელექტროდებს უნერგავდნენ ჯოჯოხეთის სისტემაში და დენით აღიზიანებდნენ. დაიწყებოდა თუ არა ასეთი ცხოვრება, ცხოველები მაშინვე წყლიდან არაყზე გადადიოდნენ. ჯოჯოხეთსაწინააღმდეგოა, აბა რა! ცხოველები ცდების შეწყვეტის შემდეგაც აგრძელებდნენ „ნაბახუსევზე გამოსვლას“. სიფხიზლის წიაღში მათ დასაბრუნებლად მხოლოდ ერთადერთი საიმედო საშუალება აღმოჩნდა - სამოთხის ზონის გაღიზიანება, თანაც საკმაოდ ინტენსიური. შველოდათ ელენიუმიც, ეს ფართოდ გავრცელებული შხამსაწინააღმდეგო ჩვენი ყოფისა. ცდების დროს იგი თაგვებს ჯოჯოხეთურ რეაქციებს უმცირებდა და ზრდიდა სამოთხისეულს.
დიახ, ეჭვს არ იწვევს, რომ ნარკომანიის ბიოლოგიური სარჩული - თვითონ პრინციპი ემოციური აპარატის აგებულებისა - ორსახოვანი იანუსის ხაფანგია.
სად არის სათავეები საშინელი ვალერიანომანების - ხვადი კატების დამღუპველი ვნებსა? რა აზრია ამ მიდრეკილებაში, რომელიც მთვრალ ცხოველებს აიძულებს გახელებით გორავდნენ იმ ადგილას, სადაც ნაყენის რამდენიმე წვეთია დაღვრილი? უნდა ვიფიქროთ, რომ ადამიანებთან გაშინაურებამდე ისინი ბუნებაში არ შეხვედრიან ვალერიანს, თორემ ვერ გადარჩებოდნენ. ეს, აშკარად შემოწმებული, ადამიანებისათვის უვნებელი დამამშვიდებელი იმგვარადვე ახელებს და ყველაფერს ავიწყებინებს კატებს, როგორც ოლდზის ვირთაგვებს - ტვინისეულ სამოთხეში ჩანერგილი ელექტროდი. რით შეიძლება აიხსნას ეს? ვფიქრობთ, მხოლოდ იმით, რომ ვალერიანის მოლეკულას უძლიერესი ქიმიური მიზიდულობა გააჩნია კატის ტვინისეული სამოთხისადმი. ეს შემთხვევითი ბუნებრივი თანხვედრა, როგორც ეტყობა, თავის დროს უცდიდა. ადამიანის სუსტი ვალერიანული დამშვიდება - ჯოჯოხეთის მიყრუება - კატების სამოთხისეული ორგიის მქრქალი აჩრდილი ხომ არ არის?
თავის წიგნში „ფუტკრიდან გორილამდე“ რემი შოვენმა მოგვითხრო ჭიანჭველების ერთი საბედისწერო მიდრეკილების - ლომეხუთზომანიის შესახებ. ჭიანჭველების ბუდეში ანგარების მიზნით ძვრებიან ხოლმე ერთი ციცქნა ხოჭო-ლომეხუზები. ძალიან ძნელია უფრო ვერაგი მწერის წარმოდგენა. „ლომეხუზა ყოველთვის მზადაა, ასწიოს უკანა თათები და ჭიანჭველებს მიუშვიროს ტრიქომები - ტენიანი ბუსუსები, რომელსაც ჭიანჭველა ხარბად ლოკავს. იგი სიკვდილის სასმელს ეწაფება ამით. ტრიქომების გამონადენს შეჩვეული ჭიანჭველები საკუთარ თავსაც და მთელ ბუდესაც დასაღუპად სწირავენ. მათ ავიწყდებათ დიდებულად აწყობილი მექანიზმი, რომლის ჭანჭიკებიც იყვნენ აქამდე, ავიწყდებათ თავისი უცნაური ერთი ციცქნა სამყარო; ათასი საქმე, რომელიც რუდუნებით უნდა აკეთონ სიცოცხლის ბოლომდე. ახლა მათთვის უკვე აღარაფერი არსებობს. გარდა დაწყევლილი ტრიქომებისა, რომლებიც ყველაფერს ავიწყებენ და სიკვდილი მოაქვთ მათთვის...“
ჭიანჭველებზე კითხულობ და ადამიანები გიდგებიან თვალწინ. ლომეხუზომანი-ჭიანჭველებიდან დაწყებული, სპილოებისა და მაიმუნების გამოვლით, რომლებიც ჯუნგლებში მათრობელა ნაყოფებს ეძებენ, პირდაპირი ბიოლოგიური ხაზი მოდის საიდუმლო ბუნაგში გარინდებულ ოპიუმის მწეველამდე, ღობესთან მიგდებულ უბედურ ლოთამდე...
ძირითადი მექანიზმი იგივეა, ოღნდ ცხოველებში იგი გაშიშვლებულია, აშკარად მოქმედებს, ადამიანებთან კი ყოველთვის სოციალურ ურთიერთობათა და პირადი ბედის მზაკვრულ გორგალშია ჩახლართული.
მცირე როლს როდი თამაშობს თანდაყოლილი ინდივიდუალური მიდრეკილება. არიან ადამიანები, რომლებიც ნარკომანები ხდებიან მართლაც რომ „პირველივე ნემსით“, და არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც ნარკომანებად და ალკოჰოლიკებად გახდომა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს ორი უკიდურესი პოლუსია, განსაზღვრული, როგორც ჩანს, ტვინის ინდივიდუალური ქიმიური მგრძნობელობის უკიდურესი საზღვრებით. ამ ორ უკიდურეს პოლუსს შორის კი თანდათანობით გადასვლების მთელი გამაა. (ინდივიდუალობების ასეთი სტატისტიკური რიგი ერთი უკიდურესობიდან მეორემდე, „საშუალო ნორმის“ გავლის გზით, საერთოდ რომ ვთქვათ, ყოველი ადამიანური თვისების შემთხვევაში შეიძლება აიგოს ბიცეპსების ზომა იქნება ეს თუ ჩვეულებრივი წესიერება). საშუალო, ჩვეულებრივ ადამიანს, როგორც ჩანს გააჩნია საშუალო დოზაც, რომლის დროსაც თავს იჩენს ნარკომანიის საფრთხე.
მაგრამ, ინდივიდუალური ქიმიური მგრძნობიარობისა და თვითონ ნარკოტიკის ძალის გარდა, მნიშვნელობა აქვს ფსიქიკისა და ორგანიზმის საერთო მდგომარეობასაც დროის იმ მონაკვეთში, როცა მიდრეკილება ჩნდება, საერთო ფსიქიკური უწონასწორობის ხარისხსაც, და, რა თქმა უნდა, ცხოვრების პირობებს, აღზრდას, გარემოებათა დამთხვევას.
ნარკომანიას (და პირველ რიგში ალკოჰოლიზმს) - უამრავი გარეგნული და შინაგანი ფიზიონომია გააჩნია. ერთი იმიტომ სვამს, რომ უამისოდ თავის ტკივილები აწუხებს, ეს მარტო თავის მართლება კი არაა, არამედ სიმართლე. მეორე იმიტომ ეტანება სასმელს, რომ ფიზიკურად სრულფასოვან მამაკაცად გრძნობს თავს მხოლოდ მაშინ, როცა გადაკრულშია (ესეც მართალია, ვიდრე ალკოჰოლური იმპოტენცია დადგებოდეს). მესამე - იმიტომ, რომ საჭიროდ არ თვლის სიამოვნებაზე უარის თქმას. მეოთხე - იმიტომ, რომ სვამენ ყველანი, ვისთანაც კი მას ურთიერთობა აქვს. მეხუთე - იმიტომ, რომ საძაგელ გუნებაზეა და საერთოდ...
თუ ინდივიდუალობათა კალეიდოსკოპიდან განყენებას მოვახდენთ (მკურნალობის დროს ასეთი განყენება არ შეიძლება), სამოთხისეულ-ჯოჯოხეთური ღერძის ქანქარაზე, ორსახოვანი იანუსის ორ ფიზიონომიას შორის, ორ მთავარ ეტაპს დავინახავთ.
პირველი ეტაპი: „გამარჯვება, რადაც უნდა დამიჯდეს“. მხოლოდ ამ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან, გადამწყვეტ მომენტში მივიღებ სტიმულატორს. რამდენია გასაკეთებელი, ამდენი მოსასწრები, ან ახლა, ან არასოდეს. უნდა დავამყარო რეკორდი, ავაწყო ცხოვრება. მერე, რა თქმა უნდა, თავს დავანებებ... ახლა კი სათანადო სიმაღლეზე ყოფნა მჭირდება, და მხოლოდ ეს საშუალება თუ მომცემს საამისოდ აუცილებელ ძალებს. დამამშვიდებელი აბები მჭირდება წინდახედულობისა და სიმშვიდისათვის, თავისუფლად რომ ვგრძნობდე თავს ურთიერთობებში და იოლად ვაკეთო საკუთარი საქმეები. დიახ, მე შეგნებულად ვსვამ, რათა დაჯერებულად და შეუბოჭავად ვგრძნობდე თავს, დაეჭვებათა ბალასტი რომ მოვიცილო...
სამოთხის მაქსიმიზაცია და ჯოჯოხეთის მინიმიზაცია თავიდანვე ერწყმიან ერთმანეთს, ოღონდ პირველ ეტაპზე მაქსიმიზაციის მოტივი სჭარბობს, მაგრამ ჯოჯოხეთიც რომ აქვეა: მისი ფარული სიჭარბე მით უფრო აშკარად ვლინდება, რაც უფრო მეტად იფლანგება სამოთხის სიუხვე.
საშიში მიდრეკილების გამოწვევა შეუძლია ყველა ნივთიერებას, რომლებიც მკვეთრად და სწრაფად სცვლიან ჯოჯოხეთისა და სამოთხის შინაგან ბალანსს: მატულობს ძილის საშუალებებისადმი, ერთი შეხედვით უვნებელი დამამშვიდებლების, სტიმულატორების, უმაგრესი ჩაისა და ყავისადმი მიდრეკილების შემთხვევები. ბალზაკი, ალბათ, ერთ-ერთი პირველი კოფეინომანი იყო და, თანაც, ვფიქრობთ, ყველაზე მძიმე არა, ვინაიდან ფსიქიკური დარღვევები კოფეინომანიისაგან მას მხოლოდ უკანასკნელ წლებში გამოაჩნდა.
მიდრეკილება იწყება ნაკლებგარკვეულ შეგრძნებიდან „ცუდად ვარ“ (ჯოჯოხეთი ლაპარაკობს). მეხსიერება კი იქვე დაუზარებლად კარნახობს ნაცად გამოსავალს: „ცუდად უამისოდ ვარ“. ლტოლვაც ეს არის. თანდათანობით კლებულობს თვითკონტროლი, ავბედითი გზა სულ უფრო მეტად იკვალება ყოველ მიღებასთან ერთად. ჩნდება დაქვემდებარება: ალკოჰოლიკები ის ადამიანები არიან, რომლებიც თვითონ კი აღარ განაგებენ საკუთარ სურვილს, არამედ სმის სურვილი განაგებს მათ.
მეორე ნიშანი ის არის, რომ ყოველი ჯერის შემდეგ დოზის მომატება უწევთ. ამის ერთ-ერთი შესაძლო ახსნა ის არის, რომ ორგანიზმი ეგუება და ანეიტრალებს შხამს. მეორე, უფრო სავარაუდებელი, შემდეგია: სამოთხის ქიმიური საწვავი ხელოვნური საშუალებებით შეფუცხუნების დროს გადაწვას უნდა იწყებდეს. ხელოვნური საწვავი გამოდევნის ბუნებრივს, ამის გამო იშლება არა მარტო ხანმოკლე ოპერატიულ-ტაქტიკური სისტემები, არამედ ხანგრძლივიც, სტრატეგიულიც, და ამიტომაც ჯოჯოხეთი სულ უფრო ძლიერად, სულ უფრო ხანგრძლივად მოქმედებს. გარედან მიხმარების გარეშე სამოთხე მუშობაზე უკვე უარს ამბობს. სულ უფრო მეტი დოზები ხდება საჭირო მის შესაძახებლად. ბოლოს და ბოლოს კი, როგორც ქანცგამოცლილი ცხენი, საბოლოოდ უძლურდება.
დგება მეორე ეტაპი - „ორი ბოროტებიდან ნაკლები“, როდესაც მთავარი მოტივი ჯოჯოხეთის მინიმიზაციაა. არაყი (ნარკოტიკი) სასიამოვნოდ აღარ აღმაგზნებს, უკვე აღარ მამხიარულებს, უბრალოდ მაბრუებს, მჩეჩქვავს, მაგრამ უიმისოდაც რომ აღარ ვვარგივარ ადამიანად: ცუადდ ვარ, მისუსტებული, წუხილი მტანჯავს, სიბნელეა, მწიწკნის, მწვავს, მგლეჯს და მარტო ამაზეღა ვფიქრობ. უარყოდ ვაია, ხოლო არყით ვუი, მაგრამ ეს ცოტათი მაინც გავიწყებს თავს, გიყუჩებს, გიჩლუნგებს გაუძლისობას... რა გზებითაც უნდა იყოს, ოღონდ აუცილებლად უნდა ვიშოვნო, თავი დავიხსნა, მხოლოდ დავიხსნა თავი - ახლავე, ამ წუთში, მერე კი, რაც იქნება იყოს...
ამ სტადიაში ბევრი ნარკომანი ლაპარაკობს, რომ სიცოცხლე აღარ უნდათ და მხოლოდ ერთზე ოცნებობენ: საერთოდ არაფერი აღარ იგრძნონ... ნარკომანი დაბლა ეშვება, დეგრადირდება და ყველაფერზე მიდის, ოღონდ კი ნარკოტიკი იშოვოს. იხსნება გზა დანაშაულისაკენ. ნარკომანები ხშირად ერთ საშუალებას მეორეთი ცვლიან, და ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთია იმისა, რომ საქმე მარტო თვითონ ნარკოტიკის ქიმია კი არ არის, არამედ ტვინისეული სამოთხისა და ჯოჯოხეთის ქიმიური ბალანსის დარღვევაც.
ყოველგვარი ნარკომანია საშიშია და დამამცირებელი, მაგრამ განსაკუთრებით უგნურია ის, რომლებშიც ნარკოტიკული შიმშილი ყველაზე მეტად დაკავშირებულია ჯოჯოხეთისა და სამოთხის ქიმიურ ბალანსთან. ყველაფრიდან ჩანს, რომ სწორედ ასეთი პირდაპირი მოხვედრება ახასიათებს ნარკოტიკთა შორის უძლიერესს - ჰეროინს, ერთი დოზის ნარკოტიკს. ეტყობა, იგი პირდაპირ სამოთხეს ურტყამს, უდიდესი ძალით წვავს მის ნეირონულ საწვავს. უთუოდ ასევე მოქმედებს ალკოჰოლიც მემკვიდრულ „ნაღდ“ ალკოჰოლიკებზე.
მაგრამ კავშირი ნივთიერების მოქმედებასა და სამოთხე-ჯოჯოხეთის ქიმიას შორის ყოველთვის პირდაპირი არაა. კოფეინი თავისთავად ძლიერად არ უნდა მოქმედებდეს სამოთხისეულ ცენტრებზე (პირიქით, დიდი დოზებისას იგი შიშნარევ დაძაბულობას იწვევს), მაგრამ სიფხიზლის ტონუსურ ცენტრებზე მისი მოქმედება უდავოა. და ადამიანიც, რომელსაც ფხიზელი ქმედითობა ურჩევნია მთვლემარე - მოდულებულობას, ბუნებრივია, სიმხნევესთან ერთად სამოთხისეულ დანამატსაც იღებს: მისი შესაძლებლობები ფართოვდება. ეს კავშირი სულ უფრო და უფრო მტკიცდება და ამის შედეგად სულ უფრო ჯოჯოხეთური ხდება უკოფეინო მოდუნებულობა... ცოტა რამაა სამოთხისებური თამბაქოშიც, განსაკუთრებით პირველ ხანებში. ნიკოტინი მოქმედებს მრავალ ორგანოსა და სისტემაზე: კუჭზეც, ძარღვებზეც, სუნთქვის აპარატზეც, იგი ამუხრუჭებს შინაგანი ორგანოებიდან მომდინარე იმპულსებსაც, რომლებიც მცირე როლს როდი თამაშობენ ემოციათა ფიზიოლოგიურ მექანიკაში. და, აი, დგება მომენტი, როდესაც შხამის დოზა, რომელთან შეჩვევაც მოასწრო ორგანიზმმა, მკვეთრად კლებულობს. ეს საკმარისია, რომ აღმოცენდეს მოუსვენრობა, გაღიზიანებულობა, გაუკრვეველი უსიამოვნო შეგრძნებები და, რა თქმა უნდა, კმაყოფილების ესა თუ ის ხარისხიც მათი დაძლევის დროს.
ნარკომანიის მკურნალობა, ალკოჰოლიდან და დიდი ოპიომანიიდან დაწყებული და თამბაქოს წევის უაღრესად გავრცელებული მცირე ნარკომანიით დამთავრებული, - ძნელი და უმადური საქმეა.
თუ საქმე შორს არის წასული, ერთადერთი საშუალება, რომელიც ქიმიური მიდრეკილების ტყვეობიდან ადამიანის დახსნის იმედს იძლევა, ეს არის ხანგრძლივი ძალდატანებითი იზოლაცია ნარკოტიკის სრული აღკვეთით. საქმეში ერევა ჩაგონებაც, შრომითი საქმიანობაც, ქიმიური პრეპარატებიც, იძებნება საშუალებები, რომლებიც ზიზღს იწვევენ ნარკოტიკებისადმი. ესენი მათთან ერთად შედიან შხამიან შენაერთებში, უვნებელ „შემცვლელებად“ გვევლინებიან. მაგრამ, ვაი, რომ ამ საშუალებათა ქმედითობა ჯერჯერობით საკმარისი არაა. მძიმე შემთხვევებში მკურნალობის დაწყებისას გარკვეული სამკურნალო როლი თვითონ ნარკოტიკმა უნდა შეასრულოს. მისი მკვეთრი შეწყევტა ნარკომანებში იწვევს უმძიმეს მდგომარეობას, ეგრეთ წოდებულ აბსტინენციას - აუტანელ ტანჯვასა და ზოგჯერ თვით ფსიქოზებსაც კი, ბოდვითი ჰალუცინაციებით, ცნობიერების დაბნელებით. მე ერთ ნარკომან ქალში ვაკვირდებოდი უძლიერესი ეპილეპტიკური კრუნჩხვების შემთხვევას, რომელიც ნარკოტიკის სრულ აღკვეთიდან სამი თუ ოთხი დღის შემდეგ აღნიშნა. ადრე ეპილეფსიის არავითარი ნიშანი არ ყოფილა. როგორც ჩანს, ეპილეპტიკური განმუხტვის მიზეზი გახდა ზეძლიერი მუშაობა ჯოჯოხეთის ნეირონებისა, რომლებმაც მთელი ხმით მორთეს ღრიალი, რომ ემოციურ ქანქარას თანდათანობით უნდა დაეუფლოო.
ნახევარი წელი, წელიწადი, ზოგჯერ კი მეტი არის საჭირო ემოციათა ქიმიური რიტმის როგორმე გასათანაბრებლად. ძალიან ხანგრძლივი თავშეკავებაც კი არაიშვიათად მთავრდება რეციდივიით. ქვეცნობიერი მეხსიერების ყველაზე შორეულ სიღრმეებში მიძვრება მაცდური, იქ იმალება და ხელსაყრელ დროს უცდის, რათა ზემოთ ამოხტეს და ჯოჯოხეთიდან გამოსვლის მუხანათური გზა უკარნახოს ცნობიერებას. დრო ანელებს მიდრეკილებას, მაგრამ იმავე დროს სიფხიზლესაც ადუნებს ხოლმე იგი.
ჩემს ყოფილ თანაკურსელს, ქირურგს, არაჩვეულებრივი ნებისყოფისა და უნარების მქონე ადამიანს, საუბედუროდ გაუჩნდა ტკივილგამაყუჩებელი ნარკოტიკებისადმი ძლიერი მიდრეკილება. ყველაფერი ამპუტირებული ფეხის ტაკვში აუტანელი ტკივილები დაიწყო. მიდრეკილება ვერაგულად შეეპარა: ახალი დოზების მოთხოვნილება ტკივილებით მჟღავნდებოდა, თუმცა ჭრილობა კარგა ხნის შეხორცებული იყო, როცა ყველაფერს მიხვდა, უკვე გვიან იყო. (ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ტკივილი ჯოჯოხეთის ენით ლაპარაკობდა - „ჯოჯოხეთი ზოგადად“ - ასე ემართება არამარტო ნარკომანებს, არამედ ზოგიერთ სხვაგვარ ავადმყოფსაც). სამი წლის განმავლობაში იგი პანტოპონითა და მორფინით იჩხვლეტდა თავს, მაგრამ არავის უმხელდა და განაგრძობდა მუშაობას. მუშაობა კი სულ უფრო და უფრო ძნელდებოდა, მატულობდა დოზები. რაღაც მომენტში მან შეძლო მიტოვება და წელიწადნახევარი გაუძლო. მაგრამ სამსახურში ერთი სერიოზული უსიამოვნების შემდეგ ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყო. ფეხი ისევ ასტკივდა. იგი დარწმუნებული იყო, ძვლის ანთების გამძაფრება მაქვსო; ეგონა, რომ ერთი ჩხვლეტა უკვალოდ ჩაივლიდა - ნარკომანია ხომ დიდი ხნის გავლილი იყო... ბოლოს და ბოლოს იგი კლინიკაში მოვიდა, გულახდილად გვიამბო ყველაფერი, დაწვა ხანგრძლივი მკურნალობისათვის და ჩვენც შევძელით მისი ხსნა.
ყველაზე მძიმე საყურებელია, როცა ძლიერ ადამიანებს აწამებს ფსიქიკური სენი. ძლიერი კაცი ტკივილსაც მოითმენს, პროთეზებით ცეკვასაც ისწავლის და თვითმფრინავის მართვასაც. დამბლადაცემულიც რომ იყოს, მაინც შეუძლია უკარნახოს წიგნი, ნებისყოფის დაძაბვით მოერიდოს სიკვდილს. მაგრამ, როდესაც აღტაცებულები ვართ ხოლმე ადამიანური სულის სიძლიერით, გვავიწყდება, რომ არსებობს რაღაც, რომელიც ჰკვებავს მას, და რომ სულიც სასრულია, მგრძნობიარე და სავსებით მატერიალურ, ფიზიოლოგიურ ძრავაზე დამოკიდებული. ხოლო, თუ ბრმა სენი ფსიქიკის გულის გულს დააცხრა, მაშინ ვეღარავითარი ძალა ვეღარ იხსნის მას გარდა ერთისა - მეცნიერებისა, ვერ უშველის ვეღარავითარი სიმტკიცე, იმათი სიმტკიცის გარდა, ვინც მას გვერდით ჰყავს.
ექიმ-ნარკომანს ასობით ავადმყოფის განკურნვა შეუძლია ნარკომანიისაგან, თვითონ მას, ამ უწაღებოდ დარჩენილ მეწაღეს კი ძალდატანებით თუ ვუმკურნალებთ. მაგრამ არიან, მაინც არიან ერთგულები, რომლებიც თვითონვე ამოათრევენ ხოლმე საკუთარ თავს. ისინი სიკვდილამდე, ან ცნობიერების დაკარგვამდე არ ნებდებიან ჯოჯოხეთს. ასეთი ადამიანები შინაგანად ბევრის დამტევნი არიან (მეჩნიკოვმა თვითონ დაძლია მორფინომანია, ლონდონმა სმა აკრძალა). ჩვენ შეიძლება აღტაცებულებიც ვიყოთ ამ ადამიანებით და სამაგალითოდაც ვსახავდეთ მათ. ისინი შეიძლება უცნობნიც დარჩნენ სხვებისათვის, შესაძლოა ჩვენს გვერდითაც იყვნენ ისე, რომ არაფერი ვიცოდეთ, მაგრამ საკუთარი დამსახურების ხარისხი, ათასგვარი ეშმაკობისა და საკუთარ თავზე ძალდატანების, სასოწარკვეთილებისა და ბედის გამართლების წილხვედრი მხოლოდ და მხოლოდ მათ იციან.