ჰიპნოზი უჰიპნოზოდ
ჰიპნოზი უჰიპნოზოდ
თქვენ, ფხიზელს, არ დაგრჩენიათ ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მძინარენი რაღაცას გვიმალავენ? რომ მათ უფრო მეტი იციან და ესმით, ვიდრე ჩვენ.
ახმაურებულ ოთახში ვიღაცას სძინავს. იცინიან, თამაშობენ, მას კი სძინავს. დაღლილია და ჩასთვლიმა. მაგრამ აბა მიდით მასთან, გვერდით დაუდექით და ყურადღებით დააკვირდით, სხვებმა კი ერთი წუთით იყუჩონ. სანაძლეოს ვდებ, რომ, თუ მძინარე მთვრელი არაა, გაიღვიძებს და გკითხავთ რა გინდა ჩემგანო. უკიდურეს შემთხვევაში, თავს ვდებ, რომ ნახევარჯერ მაინც სწორედ ასე მოხდება. მაგრამ ის არც მეწისქვილეა, რომელიც მუდამ ყურს უნდა უგდებდეს დოლაბის რაკუნს, და არც მეძუძური დედა. მაშ რაღაში სჭირდება „საგუშაგო პუნქტი“? როგორც ეტყობა, მაინც მუშაობს სიფხიზლის რაღაც მექანიზმი, რომელიც გარემოში მომხდარ ცვლილებებს ადევნებს თვალყურს - ისე, ყოველი შემთხვევისათვის. ის, რაც ასეთ შემთხვევებში ხდება, თამამად შეიძლება შევუდაროთ იმას, რაც კატას დაემართა და რომლის შესახებაც მომდევნო თავში ვილაპარაკებთ.
სულ ოდნავ ღვივის ყურადღების ნაღვერდალი... სათანადო ტექნიკის დახმარებით იქიდან შეიძლება კოცონი გავაჩაღოთ. ბუნებრივი ძილი ადვილად გადაიყვანება ჰიპნოზურში, თუ მძინარესთან მივალთ, ჩუმად და ფრთხილად დავუწყებთ ლაპარაკს, ჩავაგონებთ, რომ მას ისევ სძინავს, მაგრამ იმავე დროს ჩვენიც ესმის.
უმრავლეს შემთხვევაში, თუ საქმეს სათანადო სიფაქიზით წარვმართავთ, მძინარე ნელ-ნელა, გაურკვევლად დაიწყებს გამოპასუხებას და დამყარდება ამორჩევითი კავშირიც. იგი შეიძლება არც გვპასუხობდეს, სმენით კი ესმოდეს...
მცირე ალს ადვილად მოევლება. ტვინში შესასვლელი კარი პატარაა, სამაგიეროდ იქ არც რიგია და არც საბუთებს ამოწმებენ. ვინც მოდის, ის შედის კიდეც, რაც გინდა შეიტანე, გამოიტანე. საერთო საცხოვრებელში ორმა ამხანაგმა მესამეს, გულჩათხრობილს, ამ გზით გამოსტყუა, სად და ვისთან დადიოდა პაემანზე. იმან კი, რაკი ვერაფრით მოისაზრა, საიდან უნდა სცოდნოდა იმ ორს ეს ყველაფერი, გადაწყვიტა, ამხანაგები ჩუმ-ჩუმად მზვერავდნენო და საშინლად განაწყენდა.
უძველესი დროიდან ამ წესით არა მარტო საიდუმლოს დასტყუებდნენ ხოლმე, არამედ ავადმყოფებსაც ჰკურნავდნენ, სწავლა-აღზრდისათვის იყენებდნენ. ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში ამ მეთოდს ბოროტმოქმედთა მოსაძებნადაც ხმარობდნენ ხოლმე. მოზარდს ზედიზედ რამდენიმე ღამის განმავლობაში, ძილში, დაწვრილებით აღუწერდნენ დევნილის ნიშნებს და უშვებდნენ დავალებით, ეპოვნა ადამიანი, რომელიც ახლა მისთვის უკვე კარგად ნაცნობი უნდა ყოფილიყო.
ამჟამად კი ჰიპნოპედიაც გვაქვს, ძილში სწავლება. ჰიპნოტიზიორი ან მაგნიტოფონი, რომელიც უფრო მოსახერხებელია, მძინარეს ჩასჩურჩულებს გაკვეთილს, ჩვეულებრივ, უცხო ენის ახალ სიტყვებს. დილით მოსწავლე კითხულობს ტექსტს, ხედავს ახალ სიტყვას, მაგრამ ის მისთვის ახალი უკვე აღარაა, რადგან მნიშვნელობა მაშინვე ამოსხლტება ხოლმე მეხსიერებიდან. განა გვახსოვს, როდის და რა გარემოებებში გვაქვს ნასწავლი ესა თუ ის დღეისათვის კარგად ნაცნობი სიტყვა? უბრალოდ, ვიცით, ეს არის და ეს!
ძილში იხსნება როგორც ქვეცნობიერში საიდუმლო შესასვლელები, ისე იქიდან გამოსასვლელებიც. დიდი ხანია აღწერილი აქვთ ისეთი შემთხვევები: წერა-კითხვის უცოდინარი მოახლე ქალი ძილში წარმოთქვამდა ნაწყვეტებს ძველი ენებიდან, რომელთა შესახებაც ფხიზელს არავითარი წარმოდგენა არ გააჩნდა. როგორც გამოირკვა, მას მრავალი წლის წინ უცხოვრია სახლში, სადაც ხშირად კითხულობდნენ ნაწყვეტებს ამ ენებზე. იმ ადამიანისაგან განსხვავებით, რომელმაც ავადმყოფობის დროს ვალიურად დაიწყო ლაპარაკი, ამ ქალმა საერთოდ არაფერი იცოდა თავისი ცოდნის შესახებ: მას ერთ დროს ყველაფერი ავტომატურად, ცნობიერების ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე დაამახსოვრდა და ასევე ავტომატურად წარმოთქვამდა. სხვა ქალი ძილში სრულიად გასაოცრად გამოსცემდა თავისი ხმით ვიოლინოს ბგერებს, მთელ პიესებს... ბავშვობაში მევიოლინეს მეზობლად ცხოვრობდა თურმე.
ქვეცნობიერისაკენ მიმავალი პირდაპირი გზები მღვიძარე ტვინშიც არის. აი, კინორეკლამის ცნობილი ამერიკული ცდა: კოკა-კოლას სარეკლამო კადრები ფილმის კადრებს შორის ჩართეს და ისეთი სისწრაფით დაატრიალეს, რომ მაყურებელს ძალიანაც რომ მოენდომებინა, ვერაფერს გაარჩევდა. მიუხედავად ამისა, სეანსის შემდეგ მოწყურებული მაყურებლები დაუყოვნებლივ გაეშურნენ ამ სასმელის უახლოესი მაღაზიისაკენ. აი, ქართველი ფსიქოლოგების ექსმერიმენტიც. მაგტინოფონის ფირზე ხმაურთან ერთად ჩაწერილია ფრაზა: „დალიეთ წყალი“. ცდისპირებს არ ესმით ეს ფრაზა, არც ფიქრობენ მასზე, მაგრამ თურმე მაინც ესმით, რადგან ბევრს წყურვილის გრძნობა უჩნდება.