ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

ვბაძავდეთ საკუთარ თავს

 

ვბაძავდეთ საკუთარ თავს

მინდა შევჩერდე თვითშთაგონების კიდევ ერთ ხერხზე, რომელიც განსაკუთრებით ღირებულად მიმაჩნია.

მიბაძვა...

ჩვენი ფსიქიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი იარაღი ყველა თავისი მინუსებითა და პლუსებით... უამისოდ არავინ რჩება. უბედურება მხოლოდ ის არის, რომ ჩვეულებრივ გარეგნულ მხარეს ვაქცევთ ხოლმე ყურადღბას, ხოლო სიღრმისეული შინაგანი მხარე მხედველობიდან გვეპარება... მიბაძვის შინაგანი მხარე კი შეცვლა, თვითგარდასახვაა.

იგი არის პროცესი, რომელიც ახლოს დგას მსახიობის მიერ სახის შესისხლხორცებასთან.

თუ კარგად მიმოიხედავთ, თქვენ წრეში ყოველთვის იპოვით ადამიანს, რომელიც მთლიანად დაჯილდოებულია, თქვენ რომ გაკლიათ, სწორედ იმ ფსიქიკური თვისებებით. მაგალითად, მე თავშეუკავებელი ვარ, კოლია ნ. კი თავშეკავებულობისა და აუმღვრებლობის განსახიერებაა. თვითშთაგონების ფორმულა იქნება: „ამ სიტუაციაში მე კოლია ნ. ვარ!“ (სახეობრივად ან სიტყვიერად). „მე ისეთივე ვარ, როგორიც ის“, ან უბრალოდ: „მე ის ვარ“.

ჩვეულებრივ სწორედ ასეთი რამ ხდება, კოლია ნ. იქნება იგი თუ კინოს ან ლიტერატურის პერსონაჟი. ოღონდ ხდება ხოლმე ნახევრადშეუცნობლად და, რაც მთავარია, განურჩევლად, სარგებლობასთან ერთად სრულიად უვარგისსაც ვიღებთ ხოლმე.

ეტყობა, მიბაძვის, ისევე როგორც სხვა თვითშთაგონებების უნარი, სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვაგვარი აქვს და იგი ინტელექტისა და გრძნობის თანდაყოლილ სიცხოველეზეა დამოკიდებული. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს უნარი ყველას შეუძლია განივითაროს. იგი ხომ თავისებური ინსტინტქია და ყველაზე უფრო სრულად ბავშვობასა და სიჭაბუკეში იფურჩქნება.

ამრიგად, პირველი ამოცანაა კარგი ანტიპოდის მოძებნა იმ თვისებების მიხედვით, რომელიც თქვენ გაკლიათ. მეორე - საკუთარი თავის მაქსიმალური „მორგება“ მის თარგზე. არა საერთოდ „მორგება“, არამედ სწორედ საჭირო თვისებების მხრივ, გამორჩევით!

ამნაირად გამიზნულად, მტრისთვის მიბაძვაც კი არ ჩაითვლება ცოდვად. მაგრამ, რა თქმა უნდა, მეგობრისათვის ან ახლობელი, დიდად დაფასებული ადამიანისათვის მიბაძვა სჯობს. დადებითი ემოციებით შეფერება მიბაძვას ბუნებრივ გამაძლიერებელს სძენს. ვიმეორებ, მთავარი სიძნელე ისაა, რომ გარეგანი მხარე განვასხვავოთ შინაგანისაგან.

ამგვარ შეცდომებს უშვებდა თავის დროზე კორსაკოვის ზოგიერთი მოწაფე. კორსაკოვს ახასიათებდა მისივე ბუნების სიღრმიდან მომდინარე მანერა ავადმყოფებთან თბილი, მსუბუქი, თანამგრძნობელი ურთიერთობისა, და მისი სიწრფელის ძალაც ეჭვგარეშედ მოქმედებდა. მოწაფეებს კი, რომლებიც ცდილობდნენ, ყველაფერში მიებაძათ მისთვის, სიყალბე ერეოდათ, - მოთაფვლასა და ენის მოჩლექაზე გადადიოდნენ, არაგულწრფელი ტონი ჰქონდათ და ამას ავადმყოფები ყოველთვის ერთბაშად გრძნობდნენ, თუმცა, შეიძლება ყოველთვის არც ჰქონდათ შეგნებული. ეს საქმეს აფუჭებდა. ერთი უახლოესი, სხვებზე უფრო მეტად ერთგული თანამშრომელი კი - სერბსკი, რომელიც აღმერთებდა კორსაკოვს და ყველაფერში მიჰყვებოდა მას, გარეგნულად არასოდეს ბაძავდა თავის დიდ ხელმძღვანელს. სერბსკის კორსაკოვის „alter ego“-ს - „მეორე „მე“-ს ეძახდნენ, მაგრამ ავადმყოფებთან თავდაჭერის მისი მანერა გარეგნულად სრულიად საწინააღმდეგო გახლდათ. საქმიანი, მკაცრი, მშრალი და ოდნავ უხეშიც კი. მიუხედავად ამისა, ავადმყოფები ერთბაშად და საბოლოოდ მიენდობოდნენ ხოლმე და უყვარდათ იგი. ისინი გრძნობდნენ მის გულწრფელობას, რადგან ეს ადამიანი რაც იყო, იმადვე რჩებოდა მუდამ.

არა, საქმე ასლგადაღებაში არ არის!

შინაგანი მიბაძვის დროს ინტუიტიურად დაიჭირება მეორე ადამიანის გრძნობებისა და ქცევის ლოგიკა. სწორედ ეს შეიგანება საკუთარ ინდივიდუალობაში და მის ნაწილად იქცევა. შინაგანი ბაძვისას გარეგნული გამოვლენები, რა თქმა უნდა, შეცვლილია, მაგრამ იმავე დროს ბუნებრივიც. რთული ფსიქიკური თვისებები ერთბაშად, მთლიანად შეიტანება. საამისოდ გამოიყენება ინტუიტიური, ცნობიერებისათვის ძნელად მისაწვდომი დასკვნები, ან უფრო სწორად „გრძნობადასკვნები“, რომლებიც რეალურ აღქმებსა და მეხსიერების ანაბეჭდებს ემყარებიან.

ადამიანებთან ურთიერთობისას ჩვენ ხომ იმაზე გაცილებით მეტს აღვიქვამთ და ვგრძნობთ, რისი გამოთქმაც შეგვიძლია. არა მარტო ხმა, ჟესტები და მანერები, არამედ მთელი ფსიქიკური წყობის რაღაცა განზოგადებული ლეკერტებიცა და „ადამიანურ შეგრძნებათა“ სიმრავლეც - ყველაფერი ეს ილექება ჩვენში და გაუცნობიერებლად ძერწავს სახეს...

აი ერთი მაგალითი.

„ძალიან ცუდად გავხდი, როცა ქუჩაში ორმა ჭაბუკმა უამური სიტყვები გამაგონა ჩემი გარეგნობის შესახებ... ამის შემდეგ ცხოვრება უბრალოდ აუტანელი გახდა, აღარსად დავდიოდი, აღარავის ვხვდებოდი. მაგრამ მოხდა დაუჯერებელი რამ. გავიცანი ერთი ქალი, გარეგნულად თითქმის მახინჯი, და მაინც რაღაცით საოცრად მიმზიდველი... „მე მშვენივრად ვიცი, როგორიცა ვარ, - მითხრა მან. - ჩემზე მახინჯი ძნელად მოიძებნება. ჩემთან შედარებით შენ მზეთუნახავი ხარ. მაგრამ ერთ რამეს მივხვდი: ყველა ისე გიყურებს, როგორც თვითონ უყურებ საკუთარ თავს. საკმარისია, თავი მიმზიდველად იგრძნო და მაშინვე სხვებიც ასეთად მიგიჩნევენ. მთავარია, ამისი თავი გქონდეს“. თვითონ მას შეეძლო ეს... ამან რაღაცნაირი გამბედაობა შემძინა. დასაკარგი არაფერი მქონდა. მეც ავდექი და დავიწყე ამ ქალის თამაში, ყოველთვის ის მყავდა ხოლმე წარმოდგენილი ჩემს ადგილას. დავდიოდი მსუბუქად, ვიღიმებოდი, კეკლუცობასაც კი ვახერხებდი... და მალე შევამჩნიე, რომ უკვე სხვანაირად მიყურებდნენ“... (კ. ბიბლიოთეკარი).

ახლა კი ერთი სიტუაციიდან მეორეში საკუთარი თავის „გადაყვანის“ მაგალითი.

„სწორედ ამ ქალთან ყოფნისას მჭირდებოდა მშვიდი თავდაჯერებულობა. მაგრამ სწორედ მასთან ვგრძნობდი ხოლმე სისუსტესაც, ბავშვურობასაც, შეცბუნებასაც, საიდანღაც გამუდმებით მოხოხავდა შელახული სულმოკლე თავმოყვარეობა - მოკლედ, რაც გნებავთ, ყველაფერი იყო ღირსეულობის განცდის გარდა... არ ვიცი, ამ მდგომარეობას ქალი იწვევდა ჩემში თავისი დადარაჯებული მოლოდინით, თუ ამაში მე თვითონ ვუწყობდი ხელს მას საკუთარი ქცევით... ყოველ შემთხვევაში, სხვებთან მე სრულიად სხვაგვარად ვგრძნობდი თავს: უფრო ბუნებრივად და თამამად. მაგრამ აი, ერთხელ იმ განსაკუთრებული პეწით მივედი მასთან, რომელსაც მე მ.-სთან ყოფნა მძენდა ხოლმე. მორიგი ჩავარდნის წინათგრძნობა სევდას მგვრიდა, მაგრამ ფეიერვერკი ბოლომდე დახარჯული არა მქონდა და საშინლად მიმინდა მისი გაგრძელება. უცებ გადავწყვიტე წარმომედგინა, ვითომ ისევ მ.-სთან ვიყავი და არა ამ ქალთან... ეს რომ სცოდნოდა! მაგრამ იგი ვერაფერს ხვდებოდა, ან, შეიძლება თავისდა შეუმჩნევლად რაღაც სხვაგვარადაც ამყვა, მე კი გუნების უცნაური გამოკეთება ვიგრძენი და პირველად ავიღე ინიციატივა საუბარში“...

დიახ, ფსიქიკა გახლავთ ინსტრუმენტი, რომელიც არასოდეს არ უკრავს ერთ სიმზე, ყოველში - მრავალი. მაგრამ ზოგიერთებმა შეიძლება სულაც არაფერი თქვან მთელი სიცოცხლის მანძილზე, ერთი ბგერაც არ დასცდეთ. მაშინ როდესაც ყველაზე ძვირფასი, ვინ იცის, იქნებ სწორედ ასეთები იყვნენ... საკუთარი თავისა და სხვების სმენა - ეს არის სმენა და შედარება სხვადასხვა ჟღერადობაში. მოუღლელი ჩხრეკა, არასოდეს დაჯერება, რომ ყველაფერი ამოწურულია...

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff