იოგასა და იოგების შესახებ
იოგასა და იოგების შესახებ
ადამიანების უმრავლესობას გააჩნია დაუოკებელი მოთხოვნილება მისდევდეს „მოძღვრებებსა“ და „სისტემებს“, ანუ იმას, რასაც მათ გამორჩეული პიროვნებები სთავაზობენ ხოლმე, რომლებიც დამოუკიდებელი აზროვნების რისკზე მიდიან. ძალიან ცოტანი თუ უწევენ ვარაუდს, რომ არც ერთი „მოძღვრება“ არაა სრულყოფილი, და რომ ყველა „მოძღვრების“ მიღმა რეალობის უზარმაზარი და ყველაზე არსებითი ნაწილია დატოვებული, მეცნიერება ადამიანის შესახებ ჯერ მხოლოდ იწყება, „სისტემები“ და „მოძღვრებები“ კი უკვე თავზე საყრელადა გვაქვს. მეცნიერებას მუდამ ეჭვი ხიბლავს, კატეგორიულობას კი ვერ იტანს. მაგრამ ვაი, რომ ისევე როგორც წინათ, დღესაც სწორედ კატეგორიულობა რჩება ადამიანთა ტვინზე ზემოქმედების ყველაზე ძლიერ საშუალებად. რა ბედნიერება იქნებოდა, უკვე ახლავე რომ შეგვეძლოს შემოგვეთავაზებინა საყოველთაო ფსიქოფიზიკური ჰიგიენის სისტემა, რომელიც ადამიანის ღრმა ცოდნაზე იქნებოდა დაფუძნებული და ინდივიდუალობების მთელ მრავალფეროვნებასაც გაითვალისწინებდა.
მეცნიერებას ჯერ კიდევ არ ძალუძს ამგვარი სრული სისტემის შემოთავაზება. იგი კმაყოფილი გამომეტყველებით არ ინიღბება, როცა ხელში ცუდი კარტი უჭირავს. მეცნიერება სწორედ იმით გამოირჩევა, რომ არა აქვს ყოვლისმცოდნეობის, „ვიცი“ და „არ ვიცი“-ს მაქსიმალური სიცხადით გამიჯვნის პრეტენზიები. იქ, სადაც „არ ვიცი“ ძალიან ბევრია, იგი პირდაპირ აღიარებს, რომ რეკომენდაციების გაცემა ნაადრევია და „სჯობს არ ითქვას არაფერი, ვიდრე არაფერი ითქვას“. ასეთი პატიოსნება მომავალი წარმატების ერთადერთი პირობა და უკვე მიღწეულის საფუძველი გახლავთ.
მაგრამ იგივე პატიოსნება მეცნიერების სისუსტეცაა - ყველასათვის დასანახი და მომხმარებლის თვალსაზრისით ყოვლად მიუტევებელი სისუსტე. მოთხოვნილებამ მოთმინება არ იცის. რა ჩემი საქმეა მაღალმეცნიერული ეჭვები? მე ის მინდა, თავს კარგად ვგრძნობდე და სიცოცხლე გავიხანგრძლივო. ლოდინის დრო არა მაქვს.
სადაც მოთხოვნილებაა, შეთავაზებაც უსათუოდ იქნება. იმ სისტემებს შორის, რომლებიც სულისა და სხეულის უნივერსალურ შეცნობაზე აცხადებენ პრეტენზიებს, არის ერთი, რომლის პოპულარობაც წლითიწლობით მატულობს. თავდაუფლების საიდუმლო ხელოვნება, ორგანიზმის გაუგონარი შესაძლებლობები, ნებისყოფით ზემოქმედების სასწაულები, ხალისის, სიმშვიდისა და დღეგრძელობის ელექსირი...
ეს იოგა გახლავთ - მედიცინისა და ექიმბაშობის, რელიგიის, ფილოსოფიისა და ფარიკაობის მრავალფენა შენადედი - ძველი ინდოეთის ეგზოტიკური ყვავილი. მართალია, იგი არ მიეკუთვნება იმას, რასაც ჩვენ დღეს მეცნიერებას ვუწოდებთ, მიუხედავად ამისა, იოგას არც პრაქტიკული და არც თეორიული ნაწილი არ შეიძლება უკუგდებულ იქნეს მეცნიერების მიერ. იგი თვითონაა მეცნიერების საგანი.
თავის გამოყენებით ნაწილში იგი, შეიძლება ითქვას, მსოფლიოში ყველაზე ფართო სისტემაა ფსიქოფიზიკური ჰიგიენისა. ფილოსოფიურ-ეთიკურ ნაწილში კი - მწყობრი მსოფლმხედველობა და მკაცრი რეალური ზნეობა. ორივე მხარე ერთმანეთსაა შეზრდილი, მაგრამ უკანასკნელ ხანებში მათი დაშორიშორება ძლიერდება.
უნდა გამოგიტყდეთ, რომ ერთ დროს მეც ვიყავი გატაცებული იოგათი. ძალიან საინტერესო იყო საკუთარ თავზე გამომეცადა იგი. ვიშოვნე პოზებისა და სუნთქვის ვარჯიშების (ჰათჰა-იოგა) აღწერები და საკმაოდ ბეჯითად ვსწავლობდი ყველაფერს. ვსუნთქავდი ცალი ნესტოთი, ცხვირით ვისრუტავდი ცივ წყალს, საშინლად ნელა ვღეჭავდი საჭმელს, ვიდექი თავდაყირა - ყოველივეს წესის მიხედვით ვასრულებდი.
შედეგები დადებითიც გამოდგა და უარყოფითიც. უდავოდ დადებითი შედეგი პოზებიდან მივიღე, თუმცა რაღაც განსაკუთრებული არა, დაახლოებით ისეთივე, რასაც ჩვეულებრივი აკრობატული ვარჯიშები იძლევა. იოგების პოზები თავისებური სტატიკური აკრობატიკაა. და, ჩემი აზრით, ისინი იმდენადვეა სასარგებლო, რამდენადაც აკრობატიკა.
პოზები ძალიან ბევრია და ვეჭვობ, რომ მათთვის ერთობლივი განაჩენის გამოტანა შესაძლებელი იყოს.
პირადად მე, მაგალითად, თავდაყირა ხანგრძლივი დგომა არა მრგებდა, საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებას იწვევდა. უფრო მოგვიანებით გავიგე, რომ ზოგიერთ ჰიპერტონიით დაავადებულს, რომლებიც მომეტებულად გრძნობენ ძარღვების ტკივილს, ტვინში სისხლიც კი ჩაჰქცევია თავდაყირა დგომისაგან.
სუნთქვის ვარჯიშებმა გარკვეული სარგებლობა მომიტანეს ემოციური ტონუსის რეგულაციის მხრივ. რაც შეეხება ცალი ნესტოთი სუნთქვას, ვერ ვიგუე. ცხვირში ცივი წყლის შესრუტვამ კი ისე გამიძლიერე ქრონიკული სურდო, რომ დღემდე ვერ მომიშორებია თავიდან.
ბუნებრივის უცთომელი და ღრმა ინტუიცია შენაცვლებული მოგონილთან, სასარგებლო საეჭვოს გვერდით... რა შეიძლება გვქონდეს საწინააღმდეგო იოგების ისეთი ზოგადჰიგიენური წესებისა, როგორიცაა: უაღრესი ზომიერება, უმკაცრესი რეჟიმი, უარის თქმა თამბაქოსა და სპირტიან სასმელებზე, წმინდა წყლისა და წმინდა ჰაერის კულტი, სიმშვიდისა და კეთილსურნეობის იდეალი. საოცრად წმინდა ბრძნული მიამიტობითა და თაყვანისცემით აღსავსე დამოკიდებულება სხეულის ყოველგვარი მოქმედების მიმართ, რაღაც საოცარი სიყვარული ადამიანური ორგანიზმისა. ყველაფერი ეს მშვენიერია. მაგრამ აქვეა სარისკო მანიპულაციებიც სხვადასხვა ორგანოებით, ავტომობილის შეყენება მუცელზე, ძილი შუშის ნამტვრევებზე, ცოცხლად დამარხვა - გონების შემძვრელი ექსცესები, რომლებიც შესაძლოა, სასარგებლო იყოს მეცნიერებისთვის, მაგრამ ჯანმრთელობისთვის კი არა, თუმცა ყველაზე განსწავლული იოგები უარყოფენ ყველაფერს ამას და აცხადებენ ამჯერად იაფფასიან ფოკუსებს და შაითნობას მხოლოდ ცრუიოგები ეწევიანო.
ყველაფერი ერთად, რაც იოგებზე უთქვამთ, სიმართლისა და ფანტაზიების თუ გაზვიადებების ნარევია. ეს ნაწილობრივ თვითონ იოგების ბრალიც არის. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, სერიოზულად ამტკიცებს, სხვა პლანეტაზე დავფრინავთო. იმას რაღა ვუყოთ, როცა გვარწმუნებენ, ტელეპათიას ვფლობთო? მთლად არაფერი აღარ დავუჯეროთ?
გვარწმუნებენ, თითქოს იოგები 300 და უფრო მეტ წელსაც ცოცხლობდნენ და ამ შემთხვევაშიც თავშეკავება სჯობს. იოგები, როგორც თვითონ დავრწმუნდი, მართლაც რომ საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ ადამიანები, რომლებიც უკიდურესი ზომიერებით იკვებებიან, სუფთა ჰაერზე ცხოვრობენ, რეგულარულ და ინტენსიურ ფიზიკურ ვარჯიშს ეწევიან და არც ყოფისა და არც წარმოებასთან დაკავშირებულ მავნე ზემოქმედებებს არ განიცდიან? ერთმა 50 წლის იოგმა, რომელიც 20 წლისა გეგონებოდათ, ექიმ მირჩე ელიადეს აუხსნა, ასე ჭაბუკივით რატომაც იყო:
- მე მხოლოდ დღისით ვცოცხლობ, - თქვა მან. - ღამე შესუნთქვის რიცხვს ათასჯერ ვამცირებ და, ამრიგად, ერთ საათს ვცოცხლობ ათის მაგივრად.
ღამე ასეთი ძილით ძილი მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია, რომელსაც დილით არსად მიეჩქარება.
უხსოვარ დროში ადამიანთა ჯგუფმა, რომელიც ძლიერი ლიდერის გარშემო გაერთიანდა, „სულისა და სხეულის განწმენდას“ მიჰყო ხელი. წარმოდგენები ამისა თუ იმის თაობაზე ბუნდოვანი და ბუნდოვანზე უფრო უარესიც ჰქონდათ, მაგრამ საბოლოო მიზანს ფსიქიკის სავსებით რეალური, ოღონდ ძნელად მისაღწევი მდგომარეობები შეადგენდა: აბსოლუტური სიმშვიდე (ბუდისტების ნირვანის მსგავსი), ექსტატიკური განდგომილება (ის, რასაც ქრისტიანი ასკეტებიც ელტვოდნენ) და ასე შემდეგ. სწორედ ეს მდგომარეობები ითვლებოდა „განწმენდად“ და ღმერთთან შერწყმად.
დაიწყო ყველანაირი მანიპულაციები. როგორ გრძნობს თავს სული ამ პოზაში? იმაში როგორღა?
რა მოხდება, სუნთქვა რომ შევიჩეროთ? ან ჩვარი რომ გადავყლაპოთ ისე, რომ ბოლო არ გაგვეშვას ხელიდან და მერე ისევ უკან ამოვიძროთ? გულუბრყვილო, მეცნიერულად ქალწულებრივისა, მაგრამ გამჭრიახ და დაკვირვებულ სულს სხეულთან ურთიერთმოქმედების სულ ახალი და ახალი შესაძლებლობები ეშლებოდა წინ. ერთგან თუ თვითშეგრძნების რეალურ ცვლილებებს ინიშნავდა მეხსიერებაში, სხვაგან მცდარ გზას მიჰყვებოდა აშკარად ცუდი შედეგების მიუხედავად. ენთუზიასტ-თვითექსპერიმენტატორების თავდაპირველმა სექტამ შეიმუშავა სამემკივდრო დოგმატი, რომელიც თაობიდან თაობებს გადაეცემოდა. დაწესებულია ყველაფერი: დიეტა, რეჟიმი, ნაირგვარი პროცედურები, ქცევის წესები. შემუშავებულია იერარქია - მაღალთა და მდაბალთა.
და, აი, ბოლოს შეხვედრა დასავლეთ კულტურასა და მთელ კაცობრიობასთან. თანამედროვე სამყაროსთან ადაპტაციის ცდები.
ჩვენს კლინიკაში ექიმებთან სასაუბროდ მოვიდა გოლიათური აღნაგობის ლამაზი ვაჟკაცი. მარტო თხელი თეთრი ზეწარი ჰქონდა შემოხვეული, შავი, მხრებამდე ჩამოყრილი კულულები და წვერი ჰქონდა, საოცარი ნუშისებრი თვალები. იგი თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი იოგი გახლდათ - ჯერანდერ ბრაჰმაჩარია, დელის იოგიზმის ინსტიტუტის მმართველობის თავმჯდომარე. კითხვებზე ხალისით გვაძლევდა პასუხს, ბავშვურად იცინოდა, სახეზე ნათელი სხივი უკიაფებდა, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ მისთვის არც მიწიერი ემოციები უნდა ყოფილიყო უცხო. მისიონერული მიზნით გახლდათ ჩამოსული - იოგიზმის გასავრცელებლად. თან მოიტანა ალბომები, კინოფილმები, თვითონ გვაჩვენებდა პოზებს. კარგად მოყვანილი ტანისაა, თვალში საცემი დაკუნთულობის გარეშე, კანი თანაბრად, მსუბუქად აქვს მზით შერუჯული.
„ეს პოზა ძალიან შველის ღვიძლის დაავადებებს, ტუბერკულოზის, დიაბეტის, წყალმანკისა და ბევრი სხვა ავადმყოფობისას. აუმჯობესებს მხედველობას, სმენას, კუჭ-ნაწლავის მუშაობას, ხელს უწყობს კარგი განწყობილებების შექმნას“. დიდებულია, ადამიანს სანახევროდაც თუ სჯერა ამ რეკომენდაციებისა პოზის შესრულების დროს, რაღაცას მაინც მიიღებს.
უმაღლეს იოგს შეუძლია აიწიოს და ჰაერში დაეკიდოს სიმძიმის ძალის მიუხედავად. მართალია, ეს ვარჯიში (ლევიტაცია) მხოლოდ მღვიმეებში და სათანადო განწყობილების დროს გამოსდის ხოლმე, მაგრამ გვიჩვენებს ფოტოსურათს: იოგი ჰორიზონტალურად ჰკიდია ჰაერში, მიწიდან 10 სანტიმეტრით აცილებული. კარგი იქნებოდა ამის ნახვა ნატურაში.
აზრების წაკითხვა? კი ბატონო. მაგრამ ახლა... იცით რა, ეს ყველაზე კარგად უზმოზე კეთდება. რა თქმა უნდა, იოგი ხუმრობს, წარმომიდგენია, როგორა აქვს მობეზრებული ასეთი შეკითხვები.
- რამდენი წლის ბრძანდებით?
- იოგებში არ არის მიღებული ლაპარაკი წლოვანებისა და დაბადების ადგილის შესახებ.
- რისგან კვდებიან იოგები?
- იოგები მაშინ კვდებიან, როცა თვითონ უნდათ. იოგს, თუ მოინდომა, შეუძლია ორ დღეში მოკვდეს.
იგი გრძელ მარლას ყლაპავს და მუცლის კუნთების მოძრაობით კუჭში ატრიალებს. შთამბეჭდავი სანახაობაა, ესეც განწმენდის ვარიანტია. მას, როგორც უმაღლეს იოგს, დაუქორწინებლობის აღთქმა აქვს დადებული. ვეგერატიანელია. გვიჩვენებს ინგლისურად გამოცემულ წიგნს „დიაბეტის მკურნალობა იოგათი“. დიეტა, ფიზიკური ვარჯიშები - ყველაფერი ეს მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე. ადვილი შესაძლებელია.
მე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ნამდვილი იოგა - ეს უწინარეს ყოვლისა ცხოვრებისა და აზროვნების განსაკუთრებული წესია, ღირებულებათა სულ სხვაგვარი სისტემაა. ნამდვილი იოგი ერთთავად საკუთარ ჯანმრთელობაზე, საკუთარ სხეულსა და სულზე ფიქრობს. დროის უდიდეს ნაწილს იგი მარტოობაში ატარებს, საათობით ზის პოზებში, ხვეწავს სუნთქვას, გონებას იუნჯებს სხვადასხვა შეგრძნებებსა და წარმოდგენებზე, წყლით იწმენდს სხეულის ღრუებს, და ასე შემდეგ. მისი საბოლოო მიზანი უმაღლესი ექსტაზების მიღწევაა. ასეთი რამ უამრავ დროსა და დაჟინებულ მოწადინეობას მოითხოვს. ეს, თუ გნებავთ, პროფესიაა. ჰარმონია საკუთარ თავთან, საკუთარი თავის დაუფლებაა სწორედ იოგის უმაღლესი ღირებულება და მიზანი, თანაც რელიგიურ სამოსელში გახვეული.
მართალია „ჩვენი იოგი“ (კლინიკის ექიმები ერთმანეთში ასე ვეძახდით ჯერანდერ ბრაჰმაჩარიას) ისეთ ხალისსა და ისეთი რამეების ცოდნას ამჟღავნებდა, რასაც ბევრი არაფერი არ უნდა ჰქონდეს საერთო განდეგილობასთან. ისიც კი გვითხრეს, რომ იგი კინოაპარატის შეძენას აპირებს და საჭრო სახსრებს ეძებსო.
იოგურ ფსიქოთერაპიას მთლიანად აქვს ამოცნობილი ჩაგონების საიდუმლო, ჩვენს იოგასაც არ გაუშვია ხელიდან შემთხვევა და მისი ეფექტი კლინიკის ერთ-ერთ თანამშრომელზე გვიჩვენა. სიტყვა ჩამოვარდა ჭვრეტასა და ფიქსაციაზე - მეთოდზე, რომელსაც იოგები მრავალი ავადმყოფობის სამკურნალოდ გვთავაზობენ. ბრაჰმაჩარიამ ამოიღო თეთრი ქაღალდის ფურცელი, რომელზედაც 5 სანტიმეტრიანი დიამეტრის შავი წრე იყო დახატული. „თუ ამ წრეს 5 მეტრის მანძილიდან თვალმოუშორებლივ მიაჩერდებით 15 წუთის განმავლობაში, გაგივლით შაკიკი, ფაღარათი, ღვიძლის ტკივილი...“ (ამას მოჰყვა გრძელი ჩამოთვლა ავადმყოფობებისა, რაც ჩვეულებრივი სურდოთი დამთავრდა).
- მე სწორედ სურდო მაქვს! - უცებ განაცხადა ი. ს.-მ და სკამიდან წამოდგა. - შეიძლება ვცადო?
- რა თქმა უნდა, მობრძანდით, - გაუღიმა იოგმა.
ჰოდა რა? 15 წუთის შემდეგ სურდო გაქრა! მართალია, ამასობაში ი. ს.-ს კინაღამ ჩაეძინა, მაგრამ, ასე იყო თუ ისე, ცხვირი ისე გაეწმინდა, როგორც ეფედრინის ჩაწვეთებისას ხდება ხოლმე, და, რაღა თქმა უნდა, ასევე მცირე ხნით.
თვითშთაგონების მეთოდების მხრივაც ძირითადად თითქმის სრული თანხვედრაა ევროპული სკოლების მეთოდებთან, თუმცა ბევრ განსხვავებას ვხედავთ დეტალებში. „პრანაიამას“ მდგომარეობაში მყოფი იოგების ტვინის ბიოდენების გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ეს ძილისწინა ბიოდენებია, იმგვარივე, როგორიც აუტოგენური წვრთნის დროს აღინიშნება ხოლმე. მეორე მდგომარეობაში - ექსტატიკურში იოგების ტვინის ბიოდენები იგივეა, რაც მშვიდი სიფხიზლის დროს (ალფა-რიტმი), ოღონდ საოცრად მყარია და არავითარ გარეგან ზემოქმედებებს არ ემორჩილებიან. ჩვეულებრივ ადამიანს, თვალებგახელილი როცაა, ალფა-რიტმი უქრება, ექსტატიკურ მდგომარეობაში მყოფი იოგი კი ინარჩუნებს მას. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ იოგებს შეუძლიათ ბლოკირება გრძნობადი იმპულსების ნაკადისა, რომელიც ტვინისაკენ მიედინება, შეუძლიათ მთვარეულებივით ვერაფერს ხედავდნენ თვალებგახელილნი. ცხადია, რომ ეს ღრმა თვითჰიპნოზი უნდა იყოს.
ამგვარად, იოგასათვის რაიმე საერთო განაჩენის გამოტანას - „ჰოს“ ან „არას“ თქმას - თავს ვარიდებ, და არცა მგონია, რომ ეს შესაძლებელი იყოს საერთოდ. რა შეიძლება აიღოს ჩვენი კულტურის წარმომადგენელმა იოგებისაგან, ეს ჯერ კიდევ დეტალურ გარკვევას მოითხოვს.