ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

მოძრავ სამიზნეებზე

 

მოძრავ სამიზნეებზე

დღისით მისაღები მსუბუქი დამამშვიდებლებიდან, რომლებსაც ნაჩქარევად ყლაპავენ ხოლმე, საპასუხისმგებლო გამოსვლების წინ ან სკანდალების შემდეგ, უძლიერეს მძიმე ყუმბარებამდე, მოულოდნელად რომ უნათებენ ფსიქიკას თვით ყველაზე უიმედოდ მიჩნეულ ავადმყოფებსაც კი...

დიახ, ტყუილად როდი ლაპარაკობენ ფსიქოფარმაკოლოგიურ რევოლუციაზე. ქიმიით ტვინს უხსოვარი დროიდან უტევდნენ, მაგრამ ასეთი სიუხვე, ასეთი სიძლიერე, ასეთი გატაცება აქამდე არასოდეს ყოფილა.

ფსიქიატრიულ საავადმყოფოთა იერი შეიცვალა. ნამდვილად შეურაცხადი გადარეულები ახლა ცოტანიღა არიან. აღგზნების ეპიზოდებიც ხანმოკლეა, რადგან ქიმიურ კარტეჩს სულ რამდენიმე წუთში შეუძლია გამძვინვარებული ჯოჯოხეთის მოთოკვა. რა თქმა უნდა, ეს ჯერ კიდევ არ ჩაითვლება ავადმყოფობაზე გამარჯვებად, არამედ მხოლოდ ნოკაუტი გახლავთ სიმპტომისა. მრავალნაირი პრეპარატის გამოყენების მიუხედავად, კვლავაც არის საშიში აღგზნების შემთხვევები. ფსიქიატრის პროფესია ჯერაც დაკავშირებულია რისკთან, თუმცა ეს საფრთხე ადრინდელი მასშტაბებისა აღარ არის.

მაგრამ, რა თქმა უნდა, მთავარი ეს არაა.

ისეთებს, წინათ საავადმყოფოში რომ გვყავდა გამოკეტილი, დღეს შეუძლიათ სახლში იცხოვრონ. ისინი, ვინც ადრე ფსიქიკური ინვალიდობისათვის იყვნენ განწირულნი, ახლა უკვე მუშაობენ და არათუ ჩამორჩებიან სოციალურად, არამედ წინაურდებიან კიდეც.

რამდენია ასეთი?

რომ ვთქვათ „ბევრიო“, მართალი არ იქნება.

„ცოტა“ რომ ვთქვათ, არც ეს იქნება სწორი.

რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ რჩება პრაქტიკული უიმედობის წყვდიადით მოცული ველი, ფსიქიკური რღვევის შეუკავებელი კატასტროფებიდან წვრილმან, ბოროტად გაჯიუტებულ ფსიქიკურ სატკივრებამდე. მაგრამ დღეს უკვე შეიძლება ენერგიული დავა იმათთან, ვინც ძველებურად ფიქრობს, თითქოს ფსიქიატრია „ბევრს განმარტავს, ცოტას კი გვეხმარება“. ასე ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც არ იცნობენ საქმის თანამედროვე ვითარებას. განუკურნებელი ქრონიკული ავადმყოფების რიცხვის მიხედვით ფსიქიატრია ამჟამად სულაც არ აღემატება თერაპიას ან დერმატოლოგიას, და ვერც ქირურგები დაიტრაბახებენ ამაზე ბევრად მეტს. ფსიქიატრიის თავისებურება, რომელიც უხეირო დახმარების ილუზიას ბადებს, ის არის, რომ მისი სამკურნალო ობიექტი - ფსიქიკა (ან, ძველებურად რომ ვთქვათ, სული) - ძალზე ფაქიზია, ხოლო მის მიმართ წაყენებული მოთხოვნები შეუდარებლად მეტი. დაზიანებები აქ მიკროსკოპულია, მოუხელთებელი, შედეგები კი...

როგორც არ უნდა პარადოქსულად გვეჩვენოს, ახლა ფსიქიატრია ადამიანის საოცარ დახმარებას უწევს, მაგრამ რანაირად, ამას ხშირად ვერ ხსნის ხოლმე ჯერ კიდევ. არ ვიცი, რა ავადმყოფობაა, მაგრამ მკურნალობა შემიძლია...

მაგრამ რას ნიშნავს - მკურნალობა შემიძლია?

არც ერთი რეალურად მოაზროვნე ექიმი არ იტყუებს თავს ილუზიით, თითქოს ავადმყოფისათვის ბედნიერების აბების მიცემა შეეძლოს. ისიც კარგია, თუ სამყაროს რეალობასა და ტვინის ქიმიურ რეალობას შორის მისაღები კომპრომისი მოიძებნა: კარგია, თუ დამამშვიდებლებს სკანდალების შემდეგ კი არა, აღგზნებამდე მიიღებენ, კომპრომისი ყოველთვის დროებითი, ყოველთვის შეფარდებითია.

არტისტი ნ-ი უძილობის გამო მკურნალობდა. რამდენიმე ცდის შემდეგ მოიძებნა შვების მიმცემი პრეპარატი და მისი დოზა. ყველაფერი მოგვარდა, გაწერეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ძალიან შეწუხებული დაბრუნდა.

- ვერ ვთამაშობ. გრძნობები არ მუშაობენ.

- განწყობილების ცვლილებას გრძნობთ?

- არა, ყველაფერი ძველებურადაა. მაგრამ, როცა საქმე გარდასახვაზე მიდგება, ვერ ვაკეთებ. არ ერთვება რაღაც...

აშშ-ში ამ ცოტა ხნის წინ მორიგი ფსიქოქიმიური პრეპარატი გამოუშვეს. ბევრს მოუხდა იგი, მაგრამ შემდეგ გაჩნდა ცნობები საშიში, ინსტრუქციაში გაუთვალისწინებელი გათრთულებების შესახებ. გამოირკვა, რომ გართულებები ჰქონდათ მხოლოდ იმათ, ვინც სხვა რამეებთან ერთად თურმე ყველსაც ეტანებოდა. თურმე, ყველის ერთ-ერთი ამინომჟავათაგანი პრეპარატთან ურთიერთქმედებისას ორგანიზმში შხამიან პროდუქტს წარმოქმნიდა. ვის შეეძლო ამის გათვალისწინება?

შენიშნულ იქნა ისიც, რომ ზოგჯერ შვებისმომცემი საშუალების აღკვეთა მკვეთრად აუმჯობესებდა ფსიქიკურ მდგომარეობას.

ხდება ხოლმე, გაივლის გარკვეული დრო და შვებისმომცემი წამალი აღარ მოქმედებს, სამაგიეროდ, შველის ის, რომელზედაც ადრე უარის თქმა მოგვიხდა. ახალი ქიმიური სიტუაცია ტვინში... მისი წინასწარგამოცნობა რომ შეიძლებოდეს ისეთი სიზუსტით, როგორც ავტომატურად მოთვალთვალე დანადგარი გვატყობინებს წინასწარ თვითმფრინავის ტრაექტორიის უახლოეს წერტილებს. ჩვენ კი, ჯერჯერობით, მოლეკულათა შეტაკებას რომ ვაწყობთ ტვინში, იშვიათად ვიცით, ბეღურებს ვესვრით ზარბაზანს, თუ წვრილი საფანტით ვცდილობთ სპილოს მოკვლას.

თითქმის უეჭველი ხდება, რომ თითოეულ ნეირონულ სისტემას, რომელსაც საკუთარი „სახე“ აქვს ორგანიზმში, თავისი ქიმიური ინდივიდუალობაც გააჩნია, თავისივე საწვავი, ძირითადად სხვების მონათესავე, მაგრამ რაღაცით ფაქიზად განსხვავებულიც. თუ ადრენალინი მღელვარების, შიშის, კაეშნის („ადრენალინური კაეშანი“) უდავო აგენტია, ნორადრენალინი, რომელიც მხოლოდ ერთი ატომის განლაგებით განსხვავდება მისგან, უკვე რისხვისა და მძვინვარების აგენტად გვევლინება, ხოლო ორივე ერთად მეტად საჭირო რამაა სიფხიზლის სისტემის გლობალური მოქმედებისათვის: ბევრი სტიმულატორი შემთხვევით როდი ჰგავს ადრენალინს.

თითქმის ყოველთვიურად გამოდის ახალი პრეპარატები, რომლებიც ქიმიკოსებისა და ფარმაცევტების, ფიზიოლოგებისა და კლინიცისტების მეცადინეობის შედეგია, და რომელთა მიღმაც ასობით უსახელო ოთხფეხა გამომცდელის ტანჯვა და სიკვდილი დგას.

ოლდზისეულმა მოდელმა, რომელმაც სამოთხე და ჯოჯოხეთი გააშიშვლა, ნეიროფარმაკოლოგებშიც მოიკიდა ფეხი. ტვინში ჩანერგილი მიკროსკოპული პიპეტების გზით ვირთაგვები სიამოვნებით ახდენენ სამოთხის ქიმიური თვითგაღიზიანებას იმ ნივთიერებებით, რომლებითაც დეპრესიულ ავადმყოფებს მკურნალობენ და... და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სწორედ იმავე ადრენალინით. დიახ, ჯერ კიდევ ბევრია გასარკვევი. სიძნელე ისაა, რომ ადამიანებსა და ცხოველებს შორის სრული კი არა, მხოლოდ მიახლოებითი ფსიქოქიმიური შესატყვისობა არსებობს. ალკოჰოლს რაც შეეხება, თითქოს ყველაფერი ცხადია: მთვრალი ვირთაგვები ნაკლებბგრძნობიარენი ხდებიან ჯოჯოხეთური სტიმულაციის მიმართ, სამაგიეროდ, ძლივსაც რომ იდგნენ ოთხ ფეხზე, მაშინაც თავგამეტებით ეტანებიან თვითგაღიზიანებას. მაგრამ, აი, მორფინი, ფრიად სერიოზული ნარკოტიკი. მაკარენკოს მიერ ვირთაგვებზე ჩატარებულ ცდებში მორფინი თვითგაღიზიანებასაც აქრობდა და ჯოჯოხეთურ რეაქციასაც. სად არის ანალოგია სამოთხის აშკარა სიჭარბით აღნიშნული ადამიანური ეიფორია? თუმცა მორფინი ზოგიერთ ადამიანშიც მხოლოდ აპათიასა და ძილს იწვევს. ამინაზინი, „დიდი“ დამამშვიდებლების მამამთავარი, ვირთაგვებზე ისევე მოქმედებს, როგორც მორფინი: თვითგაღიზიანების სურვილსაც ანელებს. ისევ თითქოს სრული ანალოგიაა იმ გულგრილობისა, რასაც ამინაზინი იწვევს კლინიკაში. მაგრამ ადამიანის სუბიექტური თვითშეგრძნება ხომ სხვადასხვაგვარია მორფინისა და ამინაზინის მოქმედებების დროს.

სიჭრელეა ჯერჯერობით თვითონ კლინიკაშიც. იგივე ამინაზინი მრავალ ავადმყოფზე ისე მოქმედებს, როგორც საჭიროა: აქრობს შიშს, მღელვარებას, დაძაბულობას, ბოდვისა და ჰალუცინაციებს ამ ბოროტ მწარმოებლებს. მაგრამ ზოგიერთ ავადმყოფს უკვე პირველ დღეებში, სხვებს კი ერთი ან რამდენიმე თვის შემდეგ უჩნდებათ „ნეიროლეპტიკური დეპრესია“ - ხან მღელვარე აღგზნებით, ხან მძიმე უხალისობით. ეფექტები შეიძლება კომბინირებული იყოს და სცვლიდნენ ერთმანეთს. ფაზურობა უკვე ალკოჰოლის ერთჯერადი დოზის ტიპურ მოქმედებაში შეიმჩნევა ცხადად: თავდაპირველად მსუბუქი გაბრუება, შემდეგ აღგზნება, ამის მერე „მაქანავებს“, ძილი, გამოფხიზლება, ნაბახუსევი, ქანქარის გადაქანება გაღიზიანებულობითა და მოუსვენრობით. შეიძლება სხვაგვარი თანმიმდევრობაც, ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, როგორ სიტუაციაში მოხვდება ამ სახით.

პრაქტიკულად არ არსებობს პრეპარატები, წინასწარგანსაზღვრულ „წმინდა“ ეფექტს რომ იძლეოდნენ. ყოველ მათგანს მოქმედების რაღაც ალბათური სპექტრი აქვს და ლაპარაკიც მხოლოდ მისი გარკვეული ნაწილების სტატისტიკურ სიჭარბეზე შეიძლება იყოს. აშკარაა, რომ სხვადასხვა ადამიანში ერთსა და იმავე პრეპარატს სხვადასხვა ნეირონული სისტემები „იზიდავენ“. მაშასადამე, ფსიქოქიმიურ ინდივიდუალობათა როგორიღაც სპექტრიც არსებობს. ეს მეტად სავარაუდებელია. თუ გავიხსენებთ, რომ ამგვარი მემკვიდრულ-პოპულაციური სპექტრები ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემაშია, მაგალითად, სისხლის ბიოქიმიურ ჯგუფებში. ალბათ, აქ მალე მიაგნებენ რაღაც რეალურ ანალოგიებს. და თუ ეს მოხდა, ვიდრე წამალს დაუნიშნავენ ავადმყოფებს, გაკეთდება ტესტები პრეპარატის ინდივიდუალურ შეთავსების თაობაზე იმ ნეირონულ სისტემასთან, რომელზედაც უნდა იმოქმედონ.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff