ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

ერთგანზომილებიანობის დაძლევა

 

ერთგანზომილებიანობის დაძლევა

დიახ, ადამიანისათვის ყველაზე რთული, ალბათ, საკუთარი აზროვნების პროცესის შეცნობაა. და მარტო იმიტომ არა, რომ მასში ადგილი აქვთ ფარულ ზრახვებსა და მეხსიერების გაუცნობიერებელ ელენემტებს, პროგნოზებსა და ინტუიტიურ გაანგარიშებებს, კაცმა რომ არ იცის, როგორ ჩნდებიან, მაგრამ ერთბაშად „ზემოთ“ კი რომ წამოტივტივდებიან ხოლმე. ქვეცნობიერი... მისი სხვა მხარეც, სხვა დონეც არსებობს: „ზეცნობიერი“.

ეს ის არაა, რაც ფროიდს ჰქონდა მხედველობაში, როდესაც „ზემე“-ს შესახებ ლაპარაკობდა, თუმცა ნაწილობრივ ისიც არის. „ზე-მე“ ფროიდისა სოციალური ნორმების, უმთავრესად ყოველგვარი აკრძალვის, მრგვალი „ტაბუს“ სისტემაა, რომელიც პიროვნებისათვის შინაგან რაღაცად, თვითონ მისსავე ნაწილად არის ქცეული. ის, რასაც ჩვენ „ზეცნობიერს“ ვუწოდებთ, გაცილებით ფართოა. მასში შემოდის ყველაფერი ის, რასაც მზა სახით და სხვადასხვა არსებით ღებულობს პიროვნება ოჯახისაგან, ჯგუფებისაგან, რომლებშიც იმყოფება, საზოგადოებისაგან მთლიანად, - საბოლოო ანგარიშში კი მთელი კაცობრიობისა და ისტორიისაგან. ეს არა მარტო ქცევის ნორმებია, არამედ ღირებულებათა სისტემებიც, იდეალებიც, ენაც, მთელი წყობა აზროვნებისა თავისი კატეგორიებითა და ლოგიკით, ეს არის ყველა სახისა და დონის სტერეოტიპები, მათ შორის გრძნობათა სტერეოტიპებიც - მოკლედ, ყველაფერი, რასაც კულტურა ეწოდება უფართოესი აზრით.

გაუცნობიერებელი სოციალურია. ყოველივე ამით, როგორც ჩვენი საკუთრებით, პირადი ქონებით, ვსარგებლობთ ხოლმე უმეტესწილად და არ ვუკვირდებით, როგორ, საიდან და რისთვისაა იგი მოტანილი, არც მოხმარების თვითონ ფაქტი გვაქვს შეცნობილი და არც მისი მექანიზმები. რამეთუ „ზეცნობიერი“ ბავშვობიდანვე ქვეცნობიერში იტვიფრება.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ყოველ მომენტში შეიძლება შევჩერდეთ და ვკითხოთ საკუთარ თავს: მაინც რატომ ვაკეთებ, ვლაპარაკობ და ვფიქრობ ასე და არა სხვაგვარად? რა იმალება ამის უკან, რამდენადაა იგი ჩემი, რამდენად ან საიდან - ნასესხები?

მაგალითად, რატომ ვართმევ ხელს ამხანაგს?

როგორ თუ რატომ? იმიტომ რომ ასეა მიღებული მისალმებისას. იმიტომ, რომ მე კარგადა ვარ მასთან. ხელი რომ არ ჩამოვართვა, ეწყინება. ხელის ჩამორთმევა გვაახლოებს. აი, თითქოსდა საკმაოდ საფუძვლიანი საბუთები, თუმცა უფრო ხშირად ჩვენ მაშინალურად ვართმევთ ხოლმე ხელს ერთმანეთს.

მაგრამ ამ ყოველდღიური პროზაული ჟესტის სხვაგვარი დასაბუთებებიც არის. მათ ფესვი წარსულის ბნელ სიღრმეებში აქვთ გადგმული.

ხელისჩამორთმევის ჩვეულება, როგორც მართებულად დაასკვნეს ისტორიკოს-ანთროპოლოგებმა, იმ შორეული დროიდან მოდის, როცა ყოველი ორი ადამიანის შეხვედრა შეიძლებოდა მკვლელობით დამთავრებულიყო. მე შენ ხელს გიწვდი, მაშასადამე, როგორც ვხედავ, მასში არავითარი იარაღი არ მიჭირავს, რომლითაც შემეძლო თავი გამეჩეჩქვა შენთვის. არავითარი ბოროტი განზრახვა არა მაქვს, შენც დამანახე ხელი, მოდი, ჩავჭიდოთ ერთმანეთს საბოლოოდ დარწმუნებულები რომ ვიყოთ. დღეს ასეთ მოტივირება უაზრობაა, მაგრამ რიტუალი დარჩა და სხვა დასაბუთებებით შეიმოსა, რომლებიც მაინც მიგვანიშნებენ ადრინდელ მნიშვნელობაზე.

სწორედ „ქვეცნობიერი“ გვავსებს ჩვენ იმის პოსტულატებით, რაც „თავისთავად იგულისხმება“, და რომელთა გაუქმების წინააღმდეგ გონებაცა და გრძნობებიც თანაბარი ძალით აცხადებენ პროტესტს. და გასაგებია, რომ მთავარი მიზეზი იმისა, ყოველთვის რატომ არ ვუფიქრდებით საკუთარ „ქვეცნობიერ“ მოტივირებებს, - უბრალოდ დროის უქონლობაა და აგრეთვე ის, რომ უმრავლეს შემთხვევაში ამის საჭიროება არ არსებობს. ამასთანავე, რა თქმა უნდა, არც ცოდნა გვყოფნის ხოლმე და არც სურვილი დაფიქრებისა... ხელისჩამორთმევის შემთხვევაში თითქოს მარტივადაა საქმე, მაგრამ ესეც ხომ მხოლოდ ჰიპოთეზაა. ათასი სხვა ყოველდღიური ქცევისა და ფიქრის ფესვების პოვნა კი შედარებით რთულია.

გრძნობებიცა და მეხსიერებაც აზროვნებით, ტვინის უფრო მაღალ დონეზე მუშაობით შეიცნობა. აზროვნების შეცნობა რითიღა შეიძლება? ისევ აზროვნებით. ეს უკვე საეჭვოა. „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“. თვითონ აზრის არსებობის (ან არ არსებობის) ფაქტის შეცნობა თითქოს ადვილია. ამა თუ იმ აზრის დამამტკიცებელი საბუთების პოვნა ან ამოსავალ აქსიომატურ წინამძღვრებამდე მიკვლევაც არ არის იმდენად რთული. აი, ამის მერე კი...

სწორედ ამის მერე იწყება „ეს ასეა იმიტომ, რომ სწორედ ასეა“ და „ეს არ შეიძლება მოხდეს, იმიტომ, რომ არასოდეს არ შეიძლება მოხდეს“. ამ ჩიხის - „თავისთავად ცხადის“ - გადალახვა უფრო ადვილი არაა, ვიდრე საკუთარი ყურები რომ დაინახო უსარკოდ. მე ახლა ვფიქრობ... ახლა კი ვფიქრობ, რომ ვფიქრობ... ხოლო ახლა ვფიქრობ, რომ ვფიქრობ, რომ ვფიქრობ. ფიქრზე ასეთი ნადირობა ჩვეულებრივია და უიმედო, რადგან ცნობიერებაში ყოფნის ყოველ მომენტში რაიმე ფიქრი მხოლოდ ფიქრითვე შეიძლება იყოს, და ამ თუნდაც მოუხელთებელ-მოკლე წამში იგი არც რაიმე სხვას დაუშვებს იქ და ვერც თვითონ ხედავს საკუთარ თავს.

ერთ კრიტიკოსს უსაყვედურეს, კრიტიკას იმიტომ ეწევი, თვითონ არაფრის შექმნა რომ არ შეგიძლიაო. კრიტიკოსმა უპასუხა: „დიახ, მე ტაფამწვარის გაკეთებაც არ შემიძლია, მაგრამ ეს სულაც არ მიშლის ხელს, მისი გემო გამეგებოდესო“. მართლაც, შეუძლებელია ერთდროულად სწვავდე და სჭამდე კიდეც ტაფამწვარს: ასე მხოლოდ ცარიელი ტაფა შეგრძებათ ხელში. ამისათვის, ალბათ, შეიძლებოდა აზროვნების ერთგანზომილებიანობის კანონი გვეწოდებინა. შეიძლება შემოქმედიც იყო და საკუთარი შემოქმედების კრიტიკოსიც, სწრაფად და რთულად უნაცვლებდე ერთმანეთს ამ პროცესებს, როგორც ეს შემოქმედების უმაღლეს დონეებზე ხდება ხოლმე (გავიხსენოთ პუშკინის შავად ნაწერები), მაგრამ ორივეს ერთად გაკეთება შეუძლებელია.

სწორედ კრიტიკულობა გვევლინება აზროვნების ერთგანზომილებიანობის დაძლევის საშუალებად.

საკუთარი აზროვნების შეცნობის მხოლოდ ერთი წესი არსებობს: სხვაგვარად აზროვნება. უნდა ამოვიდეთ სხვა წინამძღვრებიდან, აზროვნებითი კოორდინატების სხვა სისტემიდან და გადავიდეთ რაღაც სხვა განზომილებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შინაგანად გარეშენი უნდა გავხდეთ საკუთარი თავის მიმართ. ხოლო ამ სხვა აზროვნების ობიექტურ-კრიტიკული შეცნობისათვის, მეორე მხრივ, საჭიროა გარეშედ ვიქცეთ მის მიმართაც. და ასე შემდეგ, დაუსრულებლად...

არსებითად, ასეც ხდება. „რა სულელი ვიყავი“ - ხშირად ვამბობთ ხოლმე და ვგულისხმობთ, რომ ახლა უკვე ჭკვიანები ვართ. გავა დრო და ახლა უკვე კოორდინატთა სხვა სისტემიდან ჩვენ ისევ სულელებად ვაცხადებთ თავს. მაგრამ მოცემულ მომენტში საკუთარი უცოდინარობის, ცრურწმენის, არათანმიმდევრულობის, უსამართლობის, ისევე როგორც აბეზრობის, ხარისხის შეცნობა, - ჩვენს ძალღონეს აღემატება. ეს ასეა იმიტომ, რომ თამაშში ჩვეულებრივ ემოციათა ორსახოვანი იანუსიც მონაწილეობს.

აზროვნების კოორდინატთა სისტემა ზოგჯერ შეიძლება უსწრაფესადაც იცვლებოდეს, ხოლო ზოგიერთ პათოლოგიურ, ხან კი ნორმალურ შემთხვევაშიც ჩნდება შეგრძნება, თითქოს ჩვენში ერთი კი არა, ორი ან უფრო მეტი ადამიანი ფიქრობდეს, რომლებიც მშვენივრად ხედავენ ერთმანეთს. (უმალვე დოსტოევსკი გვაგონებდა). მაგრამ აზროვნების კოორდინატთა სისტემა ძალზე მტკიცე რამაა პრაქტიკულად. იგი უმტკიცესი შენადნობია აქსიომებისა, რომლებიც მტკიცე ალბათური პროგნოზებითაც და აღქმული სტერეოტიპებითაც იკვებებიან. მათ უკან აშკარად ან ფარულად ყოველთვის დგანან სამოთხე-ჯოჯოხეთის სკალის მიხედვით ნაგულისხმევი ფასეულობები. ეს ძალიან კარგია: პიროვნება სწორედ ამიტომ არის პიროვნება და არა „მიმდინარე ინფორმაციის უფორმო გუნდა“. მაგრამ ეს ძალიან ცუდიც არის, ვინაიდან ათი კოსმოსური რაკეტის გაშვება უფრო ადვილია, ვიდრე ერთი ადამიანის გადარწმუნება... კინაღამ წამომცდა „ერთი სულელისა-მეთქი“. არა, საქმე ინტელექტის დონეში სულაც არ არის.

„ავადმყოფი აგზნებულად აცხადებს პროტესტს საავადმყოფოში მისი ძალით მოთავსების წინააღმდეგ. იგი აქ იმიტომ მოიყვანეს, რომ ისრის გადაყვანას აპირებდა, მატარებელი რომ ფერდობზე გადაეგდო. თავის საქციელს იგი იმით ამართლებს, რომ მოძრაობის კანონების შემოწმება მინდოდაო. განყოფილებაში იგი ხან კორექტულია, ხან აგრესიული (თავისებურად გაგებული რაღაც მიზეზის გამო), ცინიკური, აბეზარი: ძველი დაგლეჯილი ჟურნალებით ან სხვა ხარახურით სავსე ბოხჩას დაათრევს; თითქმის განუწყვეტლივ ისვრის უგუნურ, სარკასტულ, ქარაგმულ სიტყვებსა და გამოთქმებს.

ბავშვობიდანვე ახასიათებდა რაღაცა ახირებები, უცნაური მსჯელობები, ჯიუტი და თავისნათქვამა იყო. ბევრჯერ იწვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში და ყოველთვის რამენაირ ექსცესებთან დაკავშირებით. საავადმყოფოებში რამდენიმე თვიდან დაწყებული ერთ-ორ წლამდეც უწევდა ხოლმე ყოფნა... შესანიშნავი მათემატიკოსი და მოჭადრაკე, არაჩვეულებრივი პედაგოგი იყო. შემოსვლიდან ერთი წლის შემდეგ გაეწერა და შეუდგა მუშაობას.

ეს ავადმყოფი ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალა ინფარქტით. როცა იგი გაკვეთეს, ნორმალური და დიდი ტვინი აღმოაჩნდა. არავითარი დაზიანება, ტვინის ნივთიერების არავითარი დეფექტი არ შეინიშნებოდა. ცხადი იყო, რომ ამ ავადმყოფს დროდადრო რაღაც ეცვლებოდა აზროვნების მექანიზმებში, გროტესკული, შემზარავად ერთგანზომილებიანი უხდებოდა იგი. შუალედებში თავისებურად აზროვნებდა: ავადმყოფი ბავშვობიდანვე „სხვაგვარად მოაზროვნე“ გახლდათ.

მაგრამ როგორ უნდა აიხსნას ის, რომ იგი მაინც მშვენიერ მათემატიკოსად და არაჩვეულებრივ პედაგოგადაც კი რჩებოდა?

მაინც რა შეიცვალა ტვინში?

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff