ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

საკუთარი თავის გადასწრება

 

საკუთარი თავის გადასწრება

„აუტოგენურ ვარჯიშს რეგულარუად ვატარებ და ყველაფერი გამომდის: სიმძიმე, სითბო... მაგრამ ცხოვრებაში ვერ გამომიყენებია, როცა მაწყებინებენ რასმე, მოდუნებას ვერ ვახერხებ. თუ გუნება გაფუჭებული მაქვს, რამდენიც არ უნდა ვაგონო თავს და როგორც არ უნდა ვისუნთქო, მაინც ისევე საძაგელი მრჩება, თუ სხვა რამემ არ გამომიკეთა. რეალობა მუდამ მოულოდნელად მატყდება ხოლმე თავს...“

ეს საკმაოდ ტიპური წერილია და მისი უკანასკნელი ფრაზაც უაღრესად მართალია. მაგრამ ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ ამგვარი წერილები, ჩვეულებრივ, მოუთმელელი ადამიანებისაგან მოგვდის ხოლმე, რომლებიც აუტოტრენინგისაგან ერთბაშად მოელიან სასწაულებს. როცა სპორტისაგან შორს მყოფი, მომჩვარულკუნთებიანი ადამიანი მოდის სპორტულ დარბაზში და მძიმე შტანგის აწევას ცდილობს, მისი მარცხი არავის უკვირს. მაშ ფსიქიკურად გაუვარჯიშებელი ადამიანები სულ ცოტა იოგობას მაინც რაღატომ უმიზნებენ ხოლმე ერთბაშად?

ფსიქიკური გაწვრთნილობა არც წამებით, არც კილოგრამებით არ განიზომება. აუტოტრენინგის თანდათანობით, ზოგჯერ თვითონ მოვარჯიშისათვის შეუმჩნევლადაც კი აჰყავს იგი რაღაც ახალ ფსიქოემოციურ საფეხურზე, რომელიც როგორღაც ბუნებრივი ხდება მისთვის. არც ერთი სპორტსმენი არაა დაზღვეული არც ავადმყოფობისა და არც ფიზიკური სისუსტისაგან. - სპორტი მხოლოდ ამცირებს მათს შესაძლებლობებს და აადვილებს ბრძოლას. აუტოტრენინგსაც ვერ მოვთხოვთ იმაზე მეტს, რაც არასასურველი მდგომარეობის აღმოცენების შესაძლებლობის შემცირება ან მისი ინტენსივობის შემსუბუქებაა. რაც უფრო სიღრმისეულია უარყოფითი მდგომარეობა, რაც უფრო ძლიერია მასში ფარული სიჭარბის მოძალება, ბუნებრივია, რომ წარმატების შანსებიც იმდენადვე ნაკლები უნდა იყოს. სადღაც იწყება ზღვარი, რომლის იქითაც დახმარება მხოლოდ ქიმიასა და დროს შეუძლია. მაგრამ შესაძლებელია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში რაც შეიძლება ნაკლებად მივდიოდეთ ამ ზღვრამდე...

უაღრესად მნიშვნელოვანია გავიხსენოთ დასწრების პრინციპი. ემოციები, ქვეცნობიერი პროგნოზები, წინარე მოქმედებები - ყველა ესენი, ჩვეულებრივ, ცნობიერების წინ მიფრინავენ ხოლმე და უკვე მომხდარი ფაქტის წინაშე აყენებენ მას. ცნობიერი შთაგონება კი, პირიქით, როგორც წესი, აგვიანებს... მაშასადამე, უარყოფით მდგომარეობას ჩანასახშივე უნდა მივუსწროთ და ავიცილოთ თავიდან.

ტვინში არის ყოვლად უწყინარი ცხვირის ცემინების ცენტრი, რომლის მოქმედებამაც შეიძლება ბევრად უფრო სერიოზული ამბების უმარტივესი მოდელი მოგვცეს. დაცემინების (როცა ცხვირი უკვე შეჭმუხვნილია, თვალები დახუჭული და უნებური ღრმა ჩასუნთქვა ხდება, უკვე დაწყებული ცემინების შეჩერება შეუძლებელია, შეიძლება მხოლოდ „შენთვის“ დააცემინო. სამაგიეროდ, საკმაოდ ადვილია სულ პირველად აღძრული წადილის, სუსტი ხიცინის შეწყვეტა, თუ ენერგიულად მოვისრესთ ცხვირს...

ზუსტად ასევე, პრაქტიკულად უიმედოა ემოციურ-ტონუსური ცენტრების სიღრმისეული აგზნების შეწყვეტის ცდა, როცა იგი უკვე დაწყებულია. ძლიერი ემოცია ახლოსა დგას კრუნჩხვასთან. უშედეგოა თავს ჩავაგონოთ უშფოთველი სიმშვიდე მაშინ, როცა უკვე მოშლილები და გაღიზიანებულები ვართ... ამ მომენტში უმჯობესია უვნებელი განმუხტვის რაიმე ხერხი მოიძებნოს; ვთქვათ, რომელიმე თეფში დავამსხვრიოთ (საკუთარი სერვიზიდან), მაგრამ უფრო მშვიდ მდგომარეობაში, საკუთარი რეაქციების კრიტიკული შეფასებით, შეგვიძლია გზა გავიკაფოთ არამართვადის კარიბჭესთან და შინაგან ზღუდე-საფართა სისტემაც შევიმუშაოთ. მერე უკვე სათანადო თვითშთაგონებებით აუტოვარჯიშს ან მიკროაუტოტრენინგს წინასწარვე ჩაატარებთ, როგორც კი კონფლიქტის საფრთხეს იგრძნობთ, თავად მომენტის (პასუხსაგები ლაპარაკი ან შეხვედრა თქვენთვის უკიდურესად არასასიამოვნო პიროვნებასთან) წინ კი მარტო სუნთქვასღა გაითავისუფლებთ. იცოდეთ, რომ ეს აუცილებლად გასჭრის, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ შესაბამისი თვითშთაგონებები ჩართული გექნებათ რეგულარულ სტრატეგიულ პროგრამაში.

ცხადია, რომ ზოგიერი ველური ტომები თავიანთ მაგიურ რიტუალებს ტყუილად როდი იწყებენ იმ მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე, რომლებზეც ზემოქმედების იმედიც აქვთ. დილით კი არა, არამედ საღამოთი, მოსალოდნელი ბრძოლის წინ, მიჰყავთ ხოლმე მათ თავი გახელებამდე საომარი სიმღერებით...

თავდაუფლება ყოველი დღისა და ყოველი წუთის საქმეა. აი, რას მწერდა ერთი ჩემი „დაუსწრებელი სტუდენტი“, უმაღლესი სასწავლებლის მასწავლებელი, რომელმაც აუტოტრენინგი წარმატებით გამოიყენა „საკათედრო ნევროზის“ - აუდიტორიის წინაშე ღელვის დაძლევაში.

„მე მივხვდი, რომ მთავარია, შეგეძლოს საკუთარი თავის დაძლევა შეუჩერებლივ, ყოველწამიერად, არც ერთი წამით არ დაჰყარო ფარ-ხმალი, არასოდეს მოადუნო თავდაჯერებულობა. ჩემთვის ეს იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს, მაინც ვიმსჭვალები შეგრძნებით, არაფერი მაქვს დასაძლევი, რომ, რაც მსურს, ყველაფერი თავისთავად ხდება... საკუთარი ქვეცნობიერი მეხსიერებიდან უნდა გამოირჩეს გამარჯვების თვითშეგრძნების მარცვლები. გამოირჩევა - ცხოვრებაში რაღაცა, თუნდაც სულ მიკროსკოპული წარმატება ხომ მაინც განმიცდია, და დედამიწაზეც ხომ არ ყოფილა ისეთი ადამიანი, რომელსაც არც ერთხელ არ გამოსვლოდეს რამე!..

... არავითარი აზრი არა აქვს ფორმულების თილისმურ გამეორებებს, თუ ყოველივე ამის უკან არ დგას საკუთარი თავის ერთიანი, ზოგადი რწმენა, მხოლოდ ერთადერთი რამ - „გამოდის“. ამის გარეშე ყველაფერი თავის მოტყუებაა მხოლოდ. გული წარმატებას უნდა მიგრძნობდეს წინასწარ, მაგრამ იმავე დროს აუღელვებლადაც მოველოდე ყოველგვარ გაუგებრობას თვითონ ჩემში, მზად უნდა ვიყო ყოველნაირი ჩავარდნებისათვის. საჭიროა ყოველგვარი ხერხით კულტივირება მდგომარეობისა „გამოდის“, საჭიროა გამოსვლები ყველგან, სადაც კი შეიძლება“.

დიახ, შეიძლება წარმოსახვაში სრული დაჯერებულობით უამრავჯერ გქონდეთ გათამაშებული მრწყინვალე წარმატების სცენა, მაგრამ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში კი ყურები ჩამოჰყაროთ, დაიბნეთ და ვეღარაფერი მოახერხოთ. შეიძლება პირიქითაც: ზოგიერთები საპასუხისმგებლო გამოსვლების წინ საშინლად ღელავენ, ლამის გოლება დაკარგონ, მაგრამ საჭირო ჟამს რაღაც საომრად „მოიმართებიან“ ხოლმე და ყველაფერი დიდებულად მიდის.

არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში არ ინტერესდებიან, ასე რატომ გამოვიდა, რა მოხდა... რაღაცა ამუშავდა, სხვა არაფერი, მხოლოდ გამოცდილი ფსიქოლოგის თვალს თუ შეეძლო შეემჩნია, რომ რაღაც მოუხელთებელი ნოტები აკლდა იმ დაჯერებულბოას, რომელიც ასე სავალალოდ დასრულდა. მხოლოდ გამჭრიახი ფიზიონომისტი თუ ამოიცნობდა საწინააღმდეგო მდგომარეობის ქვეცნობიერ თვითშენიღბვას. ცხადია, რომ თავდაჯერებულობა ამ შემთხვევაში მოჩვენებითი იყო - გარეგნულად კი არა, შინაგანად მოჩვენებითი. ან კიდევ არასაკმაოდ ღრმა: მას კი არ ჩაუქრია, არამედ მხოლოდ ხმელი შეშა დააყარა უწრმუნოების ნაღვერდალს და მიიმალა იგი, რომელიც ქვეშ მაინც ღვიოდა და აბრიალდა მაშინვე, როგორც კი რეალური სიტუაციის ქარმა დაუბერა. მდგომარეობა „გამოდის“ არ გამოვიდა, საჭირო ქვეცნობიერი თვითპროგნოზი ვერ იქნა მიღწეული...

საკუთარ თავთან სერიოზული თამაში მოქნილ ტაქტიკას მოითხოვს. ზოგჯერ სასარგებლოა ადრევე „მოვინელოთ“, ზედაპირზე ამოვიტანოთ დაძაბულობა, რათა ყველაზე უდროო დროს არ ამოხეთქოს ქვეცნობიერიდან. ფსიქოთერაპიულ მეცადინეობებზე მე ამ მიზნით ზოგჯერ ვიყენებ გროტესკის ხერხს, ანუ „რაც უარესია, მით უკეთესი“. პაციენტს ვთხოვ, რაც შეიძლება სრულიად და ნათლად განიცადოს და გამოხატოს სწორედ ის ემოციები, რომელთაგან განთავისუფლებაც სწყურია, მაგალითად ქუჩებისა და მოედნების შიში, საკუთარი ჯანმრთელობის გამო... და, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ხშირად ეს ემოციები რაღაც პარადოქსულად მართლაც სუსტდებიან ხოლმე.

საუკეთესო ტაქტიკა მხოლოდ დამარცხება-გამარჯვებების პირადმა გამოცდილებამ შეიძლება გვიკარნახოს. უნდა ვსწავლობდეთ, გამუდმებით ვამოწმებდეთ საკუთარ თავს სხვადასხვა სიტუაციაში. თითქოს ლოგიკური ჩანს, რომ ნაკლებ საპასუხისმგებლო და არართულ ამოცანებზე ვარჯიში უკეთესი უნდა იყოს. მაგრამ პარადოქსები აქაც შესაძლებელია. ვთქვათ, ვინმე ისეთ ფსიქოლოგიურ ტვირთს ეჭიდება, რომელიც ერთი შეხედვით, აშკარად აღემატება მის ძალებს და თვითონაც ისე ნათლად აქვს შეგნებული ეს, რომ ამოცანის შესრულება მხოლოდ პირობით თამაშად არის ქცეული - „ვითომ შემიძლია“ - იგი პიროვნებისაგან მხოლოდ მონაწილეობას მოითხოვს თამაშში, რომელიც სულერთია როგორ დაბოლოვდება. მაგრამ სწორედ ამით ადამიანი თავისუფლდება საკუთარი თავის წინაშე შემბორკველი პასუხისმგებლობისაგან და შეიძლება ძალიან შორსაც გადააბიჯოს მოულოდნელად.

საჭიროა საკუთარი რეაგირების მექანიკის რაც შეიძლება სურლი და მიუდგომელი შეცნობა და იმის დაუფლება, რომ მარტო ფიზიოლოგიურად კი არა, ფსიქოლოგიურადაც მოვიცილოთ ხოლმე მომჭერები შინაგანი პოზიციის შეგნებული შეცვლით. ვჩქარობ, შეგახსენოთ, რომ ახლა ნათქვამი სრულებითაც არ ნიშნავს საკუთარ პრინციპებსა და რწმენაზე უარის თქმას! აქ მხოლოდ მცდარად დასმული მახვილების დასწორებას ეხება საქმე.

მაგალითად, მორცხვი ადამიანი, რომელიც მუდამ მტანჯველ უხერხულობასა და შებორკილობას განიცდის ადამიანებთან ურთიერთობისას, უწინარეს ყოვლისა, უნდა ეცადოს „ზემოდან“, ცნობიერებიდან განიმსჭვალოს გულგრილობით იმის მიმართ, თუ როგორ დასრულდება მისი ურთიერთობა ვინმესთან. გასაგები უნდა იყოს, რომ ლაპარაკია მხოლოდ შედარებით გულგრილობაზე, ე. ი. ჭარბი ემოციური დაინტერესებულობისაგან განთავისუფლებაზე (ლენინგრადელი ფსიქოთერაპევტი ს. ს. ლიბიხი ამგვარ პროცედურას ძალზე ზუსტად უწოდებს „განცდის მასშტაბის კორექციას“).

მორცხვი ადამიანისათვის ურთიერთობის ყოველი მომენტი უზომო მნიშვნელობას იძენს, ფიქრი-შეგრძნება - „ნეტა ახლა როგორი ვარ“ - საშინლად არის ჰიპერტროფირებული. სიმორცხვეს 99 პროცენტით სწორედ შიში ჰბადებს, შიშის შიში. „საშინლად მეშინია, სხვებმა რომ დაინახონ, როგორ მრცხვენია, როგორ ვწითლდები, ვიბნევი“.

პირველ რიგში სწორედ ის არის საჭირო, რომ თავს სიმორცხვის, გაწითლების, აბლუკუნებისა და სხვა ამგვარების უფლება მისცეთ; ამისი დანახვის ნება შინაგანად სხვებსაც უნდა დართოთ. - მშვიდად და აუღელვებლად, ზუსტად ისე, როგორც ადამიანი, რომელიც იატაკზე დადებულ მორზე გადის, იქიდან ჩამოვარდნის „უფლებას აძლევს“ ხოლმე საკუთარ თავს. („პირიქით“-ზე აგებული ქვეცნობიერება კი ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც უნდა გაკეთდეს). ხშირ-ხშირად უნდა შევახსენოთ ხოლმე თავს, რომ სხვა ადამიანებს გაცილებით ნაკლებად ვენაღვლებით, ვიდრე ჩვენ გვგონია, და რომ ჩვენი სიმორცხვე სხვების მიერ ფასდება, როგორც სასიამოვნო თვისება...

ამაზე ლაპარაკი შორიდან, რა თქმა უნდა, ადვილია. შეგნებული თვითდაჯერება: „სულაც არ მენაღვლება, რას იფიქრებენ ჩემზე“, ან თუნდ „ძალიან კარგია, შესანიშნავია, მორცხვი რომ ვარ“, - იშვიათად აღწევს მიზანს, რამეთუ მთავარი მოვლენები (ფიქრი იმაზე, თუ რით შეიძლება დამთავრდეს ყველაფერი, ემოციური შეფასება, თვითპროგნოზი, წინარე მოქმედება) ანგარიშმიუცემლად და ძალიან სწრაფად, ჯერ კიდევ ურთიერთობის დაწყებამდე, უბრალო გაფიქრებისას და უფრო ადრეც კი ხდება ხოლმე... საკუთარი „მე“-ს მიმართ არაგულგრილობა ზოგიერთებისათვის ხომ სადღაც, ინტინქტის ზღვარზე ძევს.

ამაში აუტოტრენინგი მოგვეხმარება: სხეულის პერიფერიაზე პირდაპირი ზემოქმედებითი აღკვეთს იგი ორგანიზმის „წინარე მოქმედებებს“ (შებოჭილობის გრძნობა, გაძნელებული სუნთქვა, თვალში მოსახვედრი სახის ფერი, გულისცემა და ასე შემდეგ). მაშასადამე, მოქმედება ერთდროულად ორი მხრიდანაა საჭირო, „ზემოდანაც“ და „ქვემოდანაც“. მაგრამ ზემოთა მხარე, რომელიც თავისთავად არ არის საკმარისი, მაინც უფრო მნიშვნელოვანია, იგი ხელმძღვანელობს, ქვემოთა - აუტოტრენინგული კი მხოლოდ ემსახურება, ემორჩილება ცხოვრების დროულ ბრძანებებს.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff