დროს არ უცდიან
დროს არ უცდიან
პატარა ტამბური პალატის გვერდით. მის სიახლოვეს ერთი გამხდარი, მობუტბუტე ბერიკაცი მიდი-მოდის. ახლა იგი კვლავ მოვა თქვენთან და იმავე გამომეტყველებითა და ინტონაციით ისევ იმასვე გკითხავთ. ორი-სამი წუთია საჭირო, რომ მის ტვინში სიტუაცია გამეორდეს.
ორი მეზობელი პალატაში. პირველი უპირატესად პოლიტიკაზე ლაპარაკობს, მეორე კი ექიმებისა და იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობს თავს. ორივენი სასიამოვნო ადამიანები არიან, ერთი შეხედვით სულაც არ ჰგვანან შეშლილებს.
ექიმი შეჰპირდათ, მოვალო.
დრო გაგრძელდა.
მას ყველაფერი გააჩნდა - ბრწყინვალე ინტელექტი, ერუდიცია, საზრიანობა, გონებამახვილობა, ჰქონდა ორი ვნება: სამუშაო და ქალი, ჰარმონიული ოჯახი, სადაც ყოფითი თითქოს არც არსებობდა. არ აკლდა წარმატება, პოპულარობა, ის დაჯერებულობაც, რომელზეც ზოგიერთების შურსა და გაღიზიანებას იწვევს ხოლმე. ყოველივე ეს ძალის კანონზომიერი გამოვლინება გახლდათ. ბუნებრივი მისწრაფება ათლეტისა, ათამაშებდეს ტანის კუნთებს და თავმომწონეობდეს მისით. თითქოს ფსიქიკური ჯანმრთელობის შადრევანი იფრქვეოდა. ნიჭიერი ფიზიკოსი მტკიცედ იყო დარწმუნებული საკუთარ თავში. მუშაობდა და ცხოვრობდა ტემპერამენტით, სიამოვნებით, სულაც არ ფიქრობდა ცხოვრების ასეთი დაუოკებელი მადის მომცემ მიზეზებზე. „დაე, ხარობდნენ კეთილად შობილნი!“. რეალობის ჩინებული გრძნობა და დახვეწილი ორიენტაცია საშუალებას აძლევდა, წინასწარ განეჭვრიტა და ადვილად აეცილებინა გარდუვალი სიძნელეები ურთიერთობათა უთავბოლობაში. ტაქტიანობა და კეთილმოსურნეობა, დათმობისა და სხვათა დამსახურების აღიარების უნარი, დაუნდობლობა მხოლოდ გონებრივი შეჯიბრის დროს. იგი თავს თვლიდა იმ მოაზროვნე არმიის მეომრად, სადაც ყველა ყველას მხარეზეა და ყველა ყველას წინააღმდეგ. ერთადერთი, რასაც იგი საკუთარი თავისა და სხვებისაგან მოითხოვდა - სრული თავგამეტება იყო. მას ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა ცხოვრება გაცემის გარეშე, თვითონ მას ეს ძალდაუტანებლად გამოსდიოდა.
მაშ რა დაემართა? ორმოცდაექვსი წლის ჯანმრთელმა მამაკაცმა ერთ დილას რატომ იგრძნო პირველად, რომ შიგნით რაღაცა ჩაუქრა?
აქამდე მას არასოდეს გადაუდვია დაწყებულისა და ჩაფიქრებულის შესრულება. ჯერ არ ჰქონია შემთხვევა, რომ მდგომარეობის ბატონ-პატრონად არ ეგრძნო თავი. მას შეეძლო ეჭვი შეეტანა საკუთარ დასკვნებში, პრობლემების დაყენებისა და მათი გადაწყვეტის სისწორეში, მაგრამ იგი ვერ დაეჭვდებოდა საკუთარ თავში, როგორც მოკრივე ვერ ბედავს დაეჭვებას ორთაბრძოლაში გამოსვლის წინ („შეიძლება ვერ გავაკეთო? სასაცილოა, წარმოუდგენელი“). მას არ შეეძლო ვერ შეძლება.
წაუკითხავი დარჩა მოხსენება, რომელიც უკვე მომზადებული ჰქონდა.
გაქცევა არყოფნაში - როგორც ბუნებრივი ხსნა, როგორც მოძალებული მისწრაფება ყველაფრის დავიწყებისა, როგორც რეფლექსი.
მოასწრეს. „არ გინდა ამაზე ფიქრი“.
პასიური მორჩილება.
ჩანაწერი დის დღიურში: „მკაცრი ზედამხედველობა“.
„მელანქოლია, - წერდა ერთი ძველი ფსიქიატრი, სულის ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს ურყევად სჯერა მისთვის მხოლოდ უსიამოვნო მოვლენების მოახლოება...“.
ავადმყოფობის მიზეზების ძიებაში ექიმი ჩაციებით ათვალიერებს მთელი ცხოვრების გზას. დიაგნოსტიკისათვის საყრდენს ვერ პოულობს და მიადგება უკანასკნელ რამდენიმე თვეს, კატასტროფას რომ უძღოდნენ წინ.
ჰქონდა რაღაც საღელვებელი: სხვა ქალაქში გადასვლა სამუშაო საქმეებთან დაკავშირებით, მერე ისევ უკან დაბრუნება ცოლის ჯანმრთელობის გაუარესების გამო - კლიმატი არ მოუხდა. იქ თვითონაც ვერ გრძნობდა თავს მაინცდამაინც კარგად. მაგრამ არაფერი უჩვეულო, ყველაფერი ცხოვრებისეული, ორდინარული იყო. ყოველივე ეს მხოლოდ წკიპურტი, კენჭი შეიძლებოდა ყოფილიყო.
შიგნით? ტვინისეული ქიმიის რეგლამენტის შემცვლელი გენების რომელიღაც ინსტრუქციებში ხომ არ იყო დაშვებული შეცდომა და ტვინში დაფლული ნაღმი ხომ არ აფეთქდა?
მკაცრად რომ ვთქვათ, ანტიდეპრესანტი მხოლოდ დაეხმარა დროს, რომელიც ასეთ ავადმყოფებს ადრე თუ გვიან სიცოცხლეს უბრუნებს ხოლმე. ქანქარას არ შეუძლია გამუდმებით ერთ მდგომარეობაში ყოფნა, გესმით, არ შეუძლია!.. მაგრამ რამდენ ხანს ველოდოთ? ვინ დაადგინა სასჯელის ვადა? ხოლო თუ მოშლილია იგი და შეკეთება აღარ შეიძლება? ერთი წელი, ხუთი, მთელი სიცოცხლე? ადრე თუ გვიან... მაგრამ თუ ძალიან დაგვიანდა? სწორედ მათ, დეპრესიულებს, ყველაზე მეტად უჭირთ ამგვარი დაბრუნების ლოდინი: ჯოჯოხეთის მორევი მთელ მომავალს შავი უსასრულობით ჰფარავს მათთვის. ასე დაიღუპა შესანიშნავი ფიზიკოსი, ბრწყინვალე კრიტიკული გონების მეცნიერი პოლ ერენფესტი. მან თავი მოიკლა. ჩემმა ავადმყოფმაც, რა თქმა უნდა, იცოდა ეს და ახლა ჩემზე უკეთ ესმოდა ყველაფერი.
ეს კიდევ იმიტომაც იყო ხსნა, რომ კლინიკაში დიდი ხნით დარჩენა გახმაურებას ნიშნავდა. რაოდენ სასაცილოა და საშინელი შიში იმისა, რომ ნაცნობები ალმაცერად დაგიწყებენ მზერას. გამიგონეთ: აქ სავსებით განსხვავებული ადამიანები იმყოფებიან, ისევე როგორც ცხოვრებაში არიან ყველანი სრულიად სხვადასხვაგვარები! აქ არიან, ვისაც გონება ღრმად დაბნელებული აქვს; არიან სავსებით გონიერი, მაგრამ გადაღლილი და რაიმეთი შეძრული ადამიანებიც. არიან ისინიც, ვინც ნარკოტიკების ბრჭყალებში მოექცა, სხეულის რაიმე დაავადებით დასუსტდა; არიან ისინიც, ვინც ჩიხში აღმოჩნდა გარემოებათა ან საკუთარ შეცდომათა გამო; აქ არიან ჩვეულებრივებიც, ტალანტის მქონენიც. აქ მკურნალობდნენ ესენინი და ვრუბელი, და ამაში არც მათთვისაა რაიმე სამარცხვინო, და არც რაიმე განსაკუთრებით საპატიო კლინიკისათვის.
„განწყობილების ფონი დაწეულია...“
რა მარტივად იქნებოდა საქმე, დეპრესიის მხოლოდ ერთი სახე რომ არსებობდეს, ვთქვათ, მხოლოდ კლასიკური ფორმა, რომელიც ხასიათდება მოქმედების გადაწყვეტილებებისა და აზრების დამუხრუჭებით, ყველა სხეულებრივი ფუნქციის ცვლილებით, რაც მიგვანიშნებს რაღაც გლობალურ ჰორმონალურ ძვრაზე, ან იქნებ რაღაც ატავისტურ დაბრუნებაზე ზამთრის ძილისაკენ, ოღონდ როცა მარტო სამოთხეს სძინავს.
მაგრამ არა, დეპრესიის რეალობა უსასრულო ჯოჯოხეთური სიჭრელეა სივრცესა და დროში, ტანჯვათა მხოლოდ სუმბურული, ცვალებადი შეხამებები. აი, აღგზნებული, აბორგებული, მღელვარე დეპრესია - არცერთი მშვიდი წუთი, გაუთავებელი წრიალი. ან, აი, გაღიზიანებულ-მობუზღუნე - ჩვეულებრივ მომაბეზრებლობას რომ ესაზღვრება. ესეც თქვენი მტანჯველ ფიზიკურ შეგრძნებათა მასაში გახვეული დეპრესული ჯოჯოხეთი. „მე“-ს გრძნობის დაკარგვა, ავადმყოფური ფსიქიკური უგრძნობლობა. აქ მხოლოდ უძილობაა, უჯიათი უძილობა, რომელიც მთავარ მიზეზად არის დაფიქსირებული. მეორე მხრივ პირიქით, დაუსრულებელი მიდრეკილება ძილისაკენ, სისუსტე და მოშვებულობა, მანიაკალურის მსგავსი მდგომარეობები გაუთავებელი ლაყბობითა და ექსცენტრული ქცევით. და ესენიც, მაინც, დეპრესიებია. დაბინდული, მქრქალი, უნუგეშოდ მონოტონური, ერთფეროვანი ჩივილის ნაცრისფერი წვიმით მომნამველი დეპრესიები, არარეგულარულ ლოთობას რომ ჰგვანან. მაცდურად გულღია, მომხიბვლელი, ანკარა-ნათელი დეპრესია - ყველაზე საშინელი, ყველაზე მეტად რომ იწვევს თვითმკვლელობას. და რამდენი გზა მოერეკება აქეთკენ გარედან?
აქ ჯოჯოხეთი შემოქმედებითი კრიზისით იკვებება. გარემოებები, გარემოებები... როგორი სიმრავლით ჯარდებიან ფენა-ფენა, რა მძიმედ და უსაშველოდ გროვდებიან. ისინი გავარვარებული ჯოჯოხეთის თავზე, და როგორ იოლად უსწორდება მათ სამოთხე!
- აბა, როგორაა საქმე?
- აბსოლუტურად ნორმალური და კარგი მდგომარეობაა.
კითხვა ზედმეტიც კი იყო: განყოფილებაში შესულს უკვე მესმოდა მისი ხალისიანი ხმა, ვხედავდი მის თვალთა ელვარებას და შეცვლილ მიხრა-მოხრას. დილის ჩამოვლამდე იგი უკვე ასწრებდა წამუშავებას; საამისოდ მას კალამი და ქაღალდი სჭირდებოდა მხოლოდ.
რომ შეიძლებოდეს ზუსტი გამოანგარიშება, მათემატიკური გამოთვლა ჩვენს ტონუსზე ქიმიური დახმარების ეფექტის თანხვედრის ოპტიმალური მრუდისა. გაუთვალისწინებელი გავლენები ძალზე ბევრია. ერთი მათგანია თვითონ ეს მხსნელი დრაჟეები: წინასწარ ხომ ვერ ვიტყვი, რას იზამენ - წარმატებით თანხვდებიან თუ გააქრობენ რყევას, თუ უბრალოდ გადაადგილდებიან და აურდაურევენ მას?
პაციენტს დაუჯერებლად მიაჩნია, რომ შესაძლებელია ისევ დაეცეს, არ სჯერა შინაგანად; სამოთხის საზეიმო მოძალება მისი ტვინიდან დევნის ასეთ შესაძლებლობას, როგორც უსიცოცხლო აბსტრაქციას. - ო, ეს დაუძლეველი ემოციური ილუზია არსებულის მარადიულობისა. არც მე მინდა დავიჯერო, მაგრამ მოვალე ვარ, რომ უღიმღამო თეორეტიკოსად ვრჩებოდე.
პირველი რეციდივი პირველ შეტევაზე საშინელი აღმოჩნდა, რადგან ცხადყო, რომ დაცემა შემთხვევითი გაუგებრობა არ გახლდათ. და კვლავ არაფერი მოჰქონდა შეგონებებს, ვიდრე ისინი პატარა უენო მოლეკულებით არ გაამაგრეს. მერე დადგა დრო, როდესაც თვითონ მან შეძლო ლექცია წაეკითხა ჩემთვის ემოციათა პროგნოსტიკული პერსპექტივის შესახებ. მან ის ლექცია კიდევ ორ მეზობელს წაუკითხა პალატაში, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ, მის ნათქვამს ხომ უფრო მეტი წონა ჰქონდა სხვების თვალში (ავადმყოფისათვის უფრო ავტორიტეტულია, ვიდრე ყველაზე პატივცემული ექიმი, ვინაიდან იგი ძმაა მისი). ახლა ისევ დოზა და გრაფიკი იყო მოსაძებნი.