დავიწყება გახსენებისათვის
დავიწყება გახსენებისათვის
- მოითმინეთ, ახლავე... ენის წვერზე მადგას... ახლავე გავიხსენებ.. ნაცნობი სიტუაცია „ცხენის გვარისა“, რომელიც თითქმის ყოველდღე ემართება ყოველ ჩვენგანს. ქვეცნობიერიდან საჭირო სიტყვის, გვარის თუ ტელეფონის ნომრის უმალ ამოძვრენა ხან გამოგვდის ხოლმე, ხან არა. ხომ ვიცი, მაგრამ, თითქოს ჯიბრზე, სწორედ ახლა დამავიწყდა! და როგორი კმაყოფილება, ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური კმაყოფილება გვიპყრობს ხოლმე, როცა ბოლოს მაინც გავიხსენებთ.
მაინც რა ხდება, როცა ამაოდ ვცდილობთ რამის გახსენებას?
ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში მოგონებისაკენ გზას სწორედ ჯოჯოხეთი გვიღობავს, ხელს გვიშლის მისი პატარა, მოუთმენარი აფეთქება, აღმოცენებული იმის გამო, რომ შედეგი დაუყოვნებლივ არ იქნა მიღებული. ეს, უთუოდ, მოკლევადიანი უნებური გამოდევნა უნდა იყოს. იგი ძალიან წააგავს სიტუაციას, როდესაც საკეტის სასწრაფოდ გაღებაა საჭირო, თქვენ კი გასაღებების მთელი აცმა გიჭირავთ ხელში და არ იცით, რომელი აღებს მას. გამწარებული უჩიჩხინებთ ხან ერთს, ხან მეორეს, ღიზიანდებით, ლამის შემოგემტვრეთ კიდეც გასაღები, რომელიც აშკარად მისი არ არის, და ამით მხოლოდ და მხოლოდ ტყუილად ჰკარგავთ დროს. აბა, ამ დროს ვისა სცალია ოპტიმალური სტრატეგიისათვის.
ასეთი რამ განსაკუთრებით დრამატულ სახეს იღებს ხოლმე გამოცდებზე და საპასუხისმგებლო გამოსვლებისას, მაგალითად, სცენაზე მყოფ აქტიორებთან, როდესაც ჯოჯოხეთი დროის მკაცრი ლიმიტითაა შეფუცხუნებული, შეყოვნება და დაბნეულობა კი სიკვდილს უდრის. არევა, დავიწყება დაღუპვაა, თუ უსწრაფესმა იმპროვიზაციამ არ გვიშველა ისევ...
არა, ჯოჯოხეთს ვერ დააბრალებ, თითქოს იგი მხოლოდ თრგუნავდეს მეხსიერბას, ეს უსამართლობა იქნებოდა: სასოწარკვეთილი დაძაბულობა ზოგჯერ ხელსაც გვიწყობს, რომ ტვინიდან პირდაპირ დაუჯერებელი რაღაცები ამოვალაგოთ ხოლმე. მაშ ჯიუტად რატომღა უკუაგდებს ჯოჯოხეთი იმას, ურომლისობაც თვითონ მასვე ერთ ყოფაში აგდებს?
მთელი საქმე ამ მოუწესრიგებელ სტიქიურ სიჭარბეში უნდა იყოს უსათუოდ...
რაიმეს გახსენების ყველაზე გონივრული მეთოდი, რომელსაც ჩვენდა უნებურად საკმაოდ ხშირად ვიყენებთ ხოლმე, ისევ ყურადღების სხვა რამეზე გადატანაა. დარწმუნდებით რა, რომ ყველა ცდა ამაოა, სჯობს გახსენება აღარ სცადოთ, შეეშვათ და სხვა რამეზე გადართოთ გონება. ამით საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება, ჯოჯოხეთის დაძაბულობა სუსტდება, ყურადღების ცენტრი ცნობიერებისა სხვა საგნებისათვის მოიცლის, მაგრამ მის პერიფერიებში მაინც დარჩებიან მაცნეები, რომლებიც ქვეცნობიერს უყურადებენ. ამ დროს ხომ იქ, ტვინის მშფოთვარე ავტომატიკაში, ექო-გასაღებების გადასინჯვა კვლავ გრძელდება.
და აი, ბოლოს და ბოლოს, ერთ ნამდვილ მშვენიერ მომენტში მაცნე დაიძახებს: ევრიკა!
ამჯერად დავიწყება გახსენებისათვის ხდება. ამ მეთოდით მარტო სიტყვებს, გვარებსა და ტელეფონის ნომრებს როდი იხსენებენ. ამგვარადვე ეძებენ იდეებს, ასე მიმდინარეობს ფიქრზე ნადირობა გამომგონებლებთან, ლიტერატორებთან, მათემატიკოსებთან, და ბევრსაცა აქვს მოთხრობილი ამის თაობაზე. ასე ხდება შთაგონების გამოჭერაც. განსხვავება მხოლოდ დროისა და გარჯის მასშტაბებშია. შემოქმედ ადამიანს, არსებითად, არცა აქვს მომენტი, რომ არ მუშაობდეს, არა აქვს მაშინაც კი, როცა დარწმუნებულია, ვისვენებო. თუ სწორია ჩაიკოვსკის შენიშვნა, რომ შთაგონება სტუმარია, რომელსაც ზარმაცებთან სიარული არ უყვარსო, ასევე სწორი უნდა იყოს ისიც, რომ იგი მეტისმეტად ჩამციებელ პირებსაც ერიდება. ქვეცნობიერის შეჯანჯღარება - აი, რაზე ზრუნავენ შემოქმედი ადამიანები მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში. და ამ საქმის მკაცრი კანონებისადმი დაუმორჩილებლობა სასტიკად აზღვევინებს ხოლმე ყველას. წინ ვეღარ მიდის წიგნი (სურათი, თეორია, პიესა). კმარა, ზედმეტ ძალას ნუღარ დავატანთ თავს, გადავდოთ, მივცეთ დაწმენდის საშუალება. ძალისხმევა, ახლა რომ უნაყოფო გვეჩვენება, არ დაიკარგება: თავის დროზე ყველაფერი აშკარა მზადყოფნაში დაგვიბრუნდება ქვეცნობიერიდან, და ცალკეული აგურების გროვიდან უსწრაფესად აღიმართებიან თითქმის დამთავრებული შენობები, ოღონდ კი შენება მოასწარი. ასე მადლიერნი გვიბრუნდებიან უკან თავისუფლად მიშვებული ექოები (სიღრმიდან კი ემოციური ქანქარას რხევებიც ებიძგებიან ექოს).
მაგრამ ლოდინის მეთოდი, რა თქმა უნდა, მხოლოდ მაშინ გამოდგება, თუ საკმაო დრო და მოთმინება გაგაჩნიათ. ცხოვრებაში კი, ჩვეულებრივ, სასწრაფოდ გვჭირდება ხოლმე რამის გახსენება...
სამწუხაროდ, მეხსიერების სწრაფი მობილიზაციის რეცეპტები ჯერ კიდევ არ არსებობს, ამიტომ ცნობიერებასა და ქვეცნობიერს შორის თამაშის სტიქიის იმედზე ყოფნა გვიხდება ძირითადად. მაგრამ იქიდან, რაც ეს-ესაა ვთქვით, ერთი რამ უსათიოდ გამომდინარეობს: მეხსიერების დელიკატურ მექანიკასთან ჯოჯოხეთის მიშვება არ შეიძლება. ექო-გასაღებების გადარჩევა ზუსტად და დარწმუნებით უნდა ხვდებოდეს. გახსენების შესაძლებლობა რომ გავზარდოთ, საჭიროა მობილიზება სამოთხისა, რომელსაც კარგად შეუძლია მიზიდვა...
მოდელად შეიძლება მეანეგდოტეს გაცვეთილი აზარტი გამოგვადგეს. ერთ ანეგდოტზე თუ გაიცინეთ, ის აუცილებლად მეორეს მოგიყვებათ და აღარც გაჩერდება, ვიდრე მთელ „ფირფიტას არ დაატრიალებს“, ვინაიდან მისთვის ყოველივე ეს სიამოვნების მყარ ჯაჭვურ რეაქციასთანაა დაკავშირებული. ხომ უმართლებს ზოგიერთს... რომ შეგვეძლოს მთლიანად გამოყენება ტვინის ამ დიდებული ბუნებრივი უნარისა, სამოთხე წინ რომ უსწრებს ხოლმე საძიებელს, წინასწარ როცა ვტკბებით შეგრძნებით, რომ უკვე გამოდის რაღაცა, თუმცა სინამდვილეში ჯერ ყველაფერი კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა; რომ უკვე გაკეთდა საქმე, თუმცა ჯერ ყველაფერი ახალი დაწყებულია მხოლოდ...
ეს მექანიზმიც სხვადასხვა დონეზე მუშაობს, დაწყებული პრიმიტიული ფიზიოლოგიიდან და აზრის ყველაზე შთაგონებული აღმაფრენებით დამთავრებული.