როგორ მოვატყუოთ ზუთხვა
როგორ მოვატყუოთ ზუთხვა
(მეხსიერების აუტოტრენინგი)
მეხსიერების პრაქტიკულ პრობლემებზე უკვე გვქონდა ლაპარაკი მესამე თავში; მაგრამ ავტორს, რომელსაც ახსოვს, თუ რა ითქვა ინტერფერენციის, გამოდევნისა და ოპერატიული მეხსიერების მოცულობის შეზღუდულობის შესახებ, აქვს საფუძველი ეჭვისთვისაც, რომ ნათქვამი (მათ შორის ტერმინებიც) მკითხველთა გარკვეულ ნაწილს შეიძლება დავიწყებული ჰქონდეს. თუმცაღა მივხედოთ გამოყენებით ნაწილს.
„მეხსიერება ძალიან განვითარებული ჰქონდათ ძველი მსოფლიოს ხალხებს: ვედები - წიგნები, რომლებიც მოცულობით ბიბლიაზე ნაკლები არ არის, რვა საუკუნის მანძილზე მხოლოდ მეხსიერებაში ინახებოდა, ვინაიდან მაშინ ინდოეთში დამწერლობა არ გააჩნდათ. მოზრდილ ქალს უკეთესი მეხსიერება აქვს, ვიდრე მამაკაცს: მსახიობი ქალები უფრო მალე სწავლობენ როლებს, ვიდრე კაცები; სტუდენტი ქალიშვილები საგნებს, რომლებიც მეხსიერებას მოითხოვენ, უკეთესად აბარებენ, ვიდრე ვაჟები. ჭაბუკებს უკეთესი მეხსიერება აქვთ, ვიდრე მოზრდილებს. მეხსიერება თავის მაქსიმუმს, დაახლოებით, ცამეტი წლის ასაკისათვის აღწევს და შემდეგ თანდათან კლებულობს. ფიზიკურად სუსტ ადამიანებს მეტი მეხსიერება აქვთ, ვიდრე ღონივრებს. სხვაზე მეტად განვითარებული გონება სრულიადაც არ არის აუცილებელი უკავშირდებოდეს კარგ მეხსიერებას; მშვენიერი მეხსიერების მქონე მოსწავლეები სულაც არ არიან ყველაზე ინტელიგენტურები. პროვინციელებს პარიზელებზე უკეთესი მეხსიერება აქვთ; გლეხებს მეტი - ვიდრე ქალაქელებს, ადვოკატებს უკეთესი - ვიდრე ექიმებს; მუსიკოსებს უფრო მეტი, ვიდრე სხვა არტისტებს. მეხსიერება დანაყრებამდე უკეთესია, ვიდრე მის შემდეგ. სწავლა ამცირებს მას. წერა-კითხვის უცოდინარებს მეხსიერება უკეთესი აქვთ, ვიდრე მცოდნეებს. მეხსიერება დილით უფრო უკეთესია, ვიდრე საღამოს; ზაფხულში - უკეთესი, ვიდრე ზამთარში; უკეთესია სამხრეთში, ვიდრე ჩრდილოეთში. ამას უნდა დაემატოს, რომ მეხსიერება დიდად არის დამოკიდებული ვარჯიშზე“,
ეს არის ნაწყვეტი უწყებიდან, რომელიც გასული საუკუნის ბოლოს გაკეთდა პარიზის ბიოლოგიურ საზოგადოებაში. იმ დროისათვის უკვე ცნობილი იყო მეხსიერების განვითარების დღეისათვის რეკომენდირებული ყველა ხერხი, რომლებსაც დროდადრო ახალი საკაზმით გვთავაზობენ ხოლმე, მათ შორის თვითშთაგონების მეთოდიც. იგი შედიოდა მეხსიერების მართვის ერთ ყველაზე უფრო რაციონალურსა და ფსიქოფიზიოლოგიურად დასაბუთებულ სისტემაში, რომელიც ასტურელიმ წამოაყენა.
„1) დაჯექით მარტო მყუდრო ოთახში.. ეცადეთ ყურადღება მოიკრიბოთ. ამის მიღწევა ყველაზე ადვილია, როცა დასაძინებლად წვებით. თუ საღამოთი საამისო დრო არა გაქვთ, თავს ძალა დაატანეთ და დღისით სცადეთ ყურადღების მოკრება, თუმცა ეს გაცილებით ძნელია.
2) განდევნეთ თავიდან ყველა ფიქრი, გარდა არსებითისა თქვენი შთაგონებისათვის. არც ესაა ადვილი, მაგრამ შეგიძლიათ თავს დაეხმაროთ ჩაგონების გამეორებით იქამდე, ვიდრე იგი დანარჩენ ზრახვებს არ განდევნის.
3) სასარგებლოა ჩაგონების გამეორება თორმეტჯერ: ექვსჯერ ხმამაღლა, სამჯერ ჩურჩულით და სამჯერ თავისთვის. თვითშთაგონების დროს ილაპარაკეთ ნელა, სულის აღმაფრენით; ნუკი სთხოვთ, ნუკი დაირცხვენთ, არამედ უბრძანეთ; ყოველი ჩაგონება ერთი კვირის განმავლობაში გააგრძელეთ.
პირველ კვირაში: მე ძლიერი მეხსიერება მაქვს. ჩემი მეხსიერება მე არ მღალატობს. ჩემი მეხსიერება ყოველდღე ძლიერდება.
მეორე კვირაში: ყველაფერი, რასაც ვხედავ და მესმის, ჩემს მეხსიერებაში აღიბეჭდება. მე დაკვირვებული ვარ, ყველაფერს სწრაფად და ზუსტად ვამჩნევ. ჩემი დაკვირვებულობა ძალიან დიდია.
მესამე კვირაში: მშვენივრად მახსოვს, რასაც ვხედავ და მესმის. ჩემი მეხსიერება ყველაფერს ინახავს. მე ადვილად ვსწავლობ.
მეოთხე კვირაში: მე შემიძლია გავიხსენო ყველაფერი, რაც კი ოდესმე მინახავს, ან გამიგონია: მე შემიძლია გავიხსენო ყველაფერი, რაც ადრე მისწავლია. ჩემი მეხსიერება ძლიერია.
ამ ჩაგონების გამეორება დილდილობითაც შეგიძლიათ, გამოღვიძებისთანავე. მოხერხებულად მოეწყვეთ და ათი წუთის განმავლობაში სიმყუდროვეში ჩაიტარეთ თვითშთაგონება. ძილის წინ ჩაგონებისას იფიქრეთ არარსებითზე, ვიდრე არ ჩაგეძინებათ“.
ასტურელის მიერ რეკომენდებული კიდევ ერთი კარგი მეთოდი - უკუღმა გადაშლა, რომელიც ითვალისწინებს (როგორც ახლა შეიძლება გვესმოდეს), ჯერ ერთი, ხანმოკლე მეხსიერების იოლად აღდგენას და, მეორეც, გაშლადი და კუმშვადი ტვინის ექოების ურთიერთ „შეჭიდულობას“.
„დაძინებამდე რამდენიმე ხნით ადრე დახუჭეთ თვალები და ჩაჯექით მოხერხებულ სავარძელში. შემდეგ გაიხსენეთ ყველაფერი, რასაც აკეთებდით და უყურებდით მთელი დღის განმავლობაში... საკუთარ თავს დაინახავთ, ჯერ ერთი, როცა სავარძელში ჯდებოდით ვარჯიშის შესასრულებლად. თავისთავად წარმოგიდგებათ ოთახი, რომელშიც იმყოფებით. ეს სურათი შეიცვლება ადრინდელით: თქვენ აღმოჩნდებით სასადილო ოთახში, სადაც ივახშმეთ, გაიხსენებთ, რას მიირთმევდით, ვინ იჯდა თქვენთან ერთად, რაზე ლაპარაკობდით სუფრასთან. ამის შემდეგ, უკუმონაცვლეობით, წარმოგიდგებათ, როგორ შეხვედით სასადილო ოთახში, ადიოდით კიბეზე, გასაღებით გააღეთ შემოსასვლელი კარი, მიდიოდით ქუჩაში, მეზობელ სახლში განათებული ფანჯარა შეამჩნიეთ № 3-ში როიალის ხმა გაიგონეთ, № 1 სახლთან დაინახეთ ადამიანი, რომელიც ქუჩის მეორე მხარეზე გადადიოდა და ა. შ. ამაზე უფრო ადრე თქვენ თვალწინ ა. ემშვიდობებოდა ბ.-ს, ლაპარაკობდა პოლიტიკაზე... როდესაც მოვლენებს უკუმონაცლეობით ადევნებს თვალს, მოვარჯიშემ თავისი მოგონებების განუწყვეტელი ჯაჭვის არც ერთი რგოლი არ უნდა გამოტოვოს. უნდა ეცადოს, მეხსიერებაში აღადგინოს ყველა სახე, რომელიც დღის განმავლობაში დაინახა, ყველაფერი, რაც გაიგონა, ან თვითონ ლაპარაკობდა და აკეთებდა. ამნაირად იგი ფიქრით იმ მომენტამდე მივიდა, როცა დილით ადგა და სამუშაოზე წასასვლელად გაემზადა.
აითვისებთ რა ამგვარ ვარჯიშებს, მალე შეგეძლებათ მეხსიერებაში უკუსვლით აღიდგინოთ გასული დღეები, კვირეები და თვეებიც კი.
პირველი ვარჯიშები უნდა გრძელდებოდეს არა უმეტეს ნახევარი საათისა, დაღლილობის პირველი ნიშნების შემჩნევამდე. ბოლო ჯერებზე კი გარდახდილის სურათების თანდათანობითი აღდგენა გააგრძელეთ იქამდე, ვიდრე ფიქრით არ გადახედავთ მთელ თქვენს წარსულ ცხოვრებას. შემდეგ დროდადრო იმეორეთ ეს ვარჯიშები და გაოცებული დარჩებით, თუ თქვენი მეხსიერება რაოდენ ნათლად აღადგენს ყველაფერს, რაც გინახავთ და განგიცდიათ. დარწმუნდებით ამ დროს, რომ თქვენი მეხსიერება თავის კიდობანში ალაგებდა ყველა მოვლენას, მაშინაც კი, როდესაც თქვენ ჯერ კიდევ არ ავარჯიშებდით საკუთარ დაკვირვებულობას.
უკუ აღდგენის ხელოვნების ათვისება თავდაპირველად გაძნელებულია; მაგრამ, თუ უკან არ დაიხევთ, პირველი ვარჯიშებით გაბეზრებული, აღტაცებული დარჩებით მიღებული შედეგებით. ამ ხელოვნებას თუ აითვისებთ, დღიურები აღარ დაგჭირდებათ: თქვენი მეხსიერება დაემგვანება ცოცხალ დღიურს, რომლის წყალობითაც შეიძლებთ განცდილის ნებისმიერი სურათის აღდგენას საკუთარ წარმოსახვაში.
იგი ძალიან დიდ სამსახურს გაგიწევთ გონებრივი მეცადინეობების დროსაც: მაგალითად, საინტერესო წიგნის წაკითხვის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ფიქრით გაადევნოთ თვალი მთელ მის შინაარსს დასასრულიდან დასაწყისამდე, და მაშინ იგი სამუდამოდ ჩაგეჭედებათ მეხსიერებაში. იგივე მოხდება ლექსის დაზეპირებისა და გაკვეთილის სწავლის დროს“.
... დიახ, რა თქმა უნდა, თავდაუნჯებისა და ყურადღების დისციპლინის განვითარება. ჩვევა იმისა, რომ ყურადღებით ჩავაფრინდეთ დასამახსოვრებელს, მაქსიმალურად გამოვეთიშოთ სხვა ყველაფერს... ჩვევა თანდათანობით ავტომატური ხდება. ნიშანდობლივი თავისებურებების შემჩნევა - მაგალითად, იმ ადამიანის გარეგნობის დეტალებისა, რომლის სახელისა და გვარის დახსომება გსურთ.
თავდაუნჯების სპეციალური ვარჯიშები:
„შეარჩიეთ რბილი სავარძელი და რაც შეიძლება მოხერხებულად ჩაჯექით მასში. შემდეგ მონეტა ან რაიმე უბრალო ნივთი აიღეთ და ყურადღებით დააკვირდით რამდენიმე წუთს. ამის შემდეგ დახუჭეთ თვალები და ეცადეთ, რამდენიმე წუთის განმავლობაში არ მოაცილოთ შინაგანი მზერა წარმოსახვაში განმეორებულ იმ საგნის ხატებას, რომელსაც თქვენ ეს ესაა სჭვრეტდით. ამის გაკეთება ადვილი არ არის, ვინაიდან ფიქრები ჭვრეტითი ხატების განდევნას ესწრაფვიან, მაგრამ ნებისყოფის გარკვეული დაძაბვით თქვენ ნება არ უნდა მისცეთ საკუთარ ყურადღებას, რომ მოსცილდეს საგანს. დაუცხრომელი სწრაფვით იმისაკენ, რომ ყურადღება საკუთარ ნებას დაუმორჩილოთ, თანდათანობით მიაჩვევთ თავს თქვენ თვითონ მართოთ წარმოსახვა ნაცვლად იმისა, რომ მისი სურვილების სათამაშო გახდეთ. უარს ნუ იტყვით ვარჯიშზე, ვიდრე არ აიძულებთ თავს, სამი ან ოთხი წუთის განმავლობაში გონებით სჭვრეტდეთ არჩეულ საგანს.
როცა თქვენ შეიძენთ იმის უნარს, რომ შეგეძლებათ სამი-ოთხი წუთის განმავლობაში არ მოიცილოთ ნებისმიერი წარმოსახვა, სცადეთ მისი გამოყენება პრაქტიკული მიზნით.
აირჩიეთ, მაგალითად, წიგნი, რომელიც თქვენ გაინტერესებთ. წაიკითხეთ ერთ-ერთი წინადადება, დახუჭეთ თვალები და სცადეთ წაკითხული ფრაზის სიტყვასიტყვით აღდგენა მეხსიერებაში. ამ ხერხით მთელი გვერდი დაისწავლეთ. როცა თქვენ ამ სამუშაოს განსაკუთრებული ძალდატანების გარეშე გაართმევთ თავს, მოგეცემათ შესაძლებლობა, წარმატებით შეუდგეთ მეცადინეობას. თუ სიტყვასიტყვით დასწავლა საჭირო არ არის, წაიკითხეთ მთელი თავი, სამი-ოთხი წუთის განმავლობაში. მთელი ყურადღება გადაიტანეთ საგანზე. დახუჭეთ თვალები ათი წუთით და ყოველნაირად გაიაზრეთ.
მალე დარწმუნდებით, რომ შეუდარებლად შრომისუნარიანი გახდით: ამოცანები, რომლებსაც თავისი სირთულის გამო ვერ სძლევდით და თითქმის თავს გატკიებდათ, სულ იოლად მოგეჩვენებათ. თქვენი აზროვნება და მეხსიერება ყველა დაბრკოლებას სულ იოლად დასძლევენ. ყველაფერს, რასაც წაიკითხავთ, სრულიად საფუძვლიანად აითვისებთ...“
ყველა ეს რჩევა, უდავოდ, სასარგებლოა, მაგრამ სამი პირობაა საჭირო: 1) სრული რწმენა მათ მიმართ; 2) სრული დარწმუნება საკუთარი მეხსიერების გაუმჯობესების აუცილებლობაში - ე. ი. საერთო მიზანდასახულობით მეხსიერების გამყარებაში; 3) მათი დამოუკიდებელი შემოქმედებითი მომარჯვება პირადი ამოცანებისათვის.
უდავოა, რომ ადამიანები ძალზე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მეხსიერების ტევადობითაც და ხასიათითაც, არიან მილიონერები მეხსიერებისა, არიან საშუალო ქონების ადამიანები... ჩინებული მეხსიერება, ლაპარაკი არ უნდა, საჩუქარია, მაგრამ მითითება „გააუმჯობესოთ მეხსიერება საერთოდ“, ჩემის აზრით, პრაქტიკულად მაინც უაზროა, ისევე, როგორც მითითება „ვისწავლოთ საერთოდ დავიწყება“, უწინარეს ყოვლისა, შესაძლებელია ზუსტად განისაზღვროს, როგორი მეხსიერება უნდა გავაუმჯობესოთ და რისთვის და რა დავივიწყოთ. ეს თავისთავად საქმის ნახევარს გააკეთებს, მე ჯერ არც ერთი ჯანმრთელი ადამიანი, მით უფრო ახალგაზრდა, არ შემხვედრია, რომელსაც არ ჰქონდეს საკმარისი ან, უფრო მეტიც, მოჭარბებული მეხსიერება. მაგრამ კარგად ორგანიზებული მეხსიერების მქონე ადამიანები ცოტანი არიან... ხშირი შეკითხვები, „როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება?“ ერთგვარ ეჭვს ბადებს და გვინდა შემხვედრი შეკითხვებიც მივცეთ: აზროვნება თუ გიცდიათ? გაქვთ კი დაძაბული ინტერესი იმის მიმართ, რისი დახსომებაცა გსურთ, გაგაჩნიათ თუ არა ინტერესთა ქსელი - ღერძი ერუდიციისა?
თუ ეს არის, მაშინ, როგორც წესი, მეხსიერებას არ უჩივიან. თუ არა - ვერავითარი დამატებითი ხერხები ვერ გვიშველის.
ტვინი მოხერხებული ჯიუტია. მაგალითად, ჩვენ ეს-ესაა წავიკითხეთ, სწავლა მეხსიერებას ამცირებსო. მაშ რაღა ვუყოთ ვარჯიშზე ამის დამოკიდებულებასა და ამის მსგავს რჩევებს. „მეხსიერება რომ გავიუმჯობესოთ, საჭიროა მისი განვითარება?“
სწორედ აქ არის საჭირო გარკვევა, როგორ მეხსიერებაზეა ლაპარაკი. როგორც ეტყობა, მოცემულ შემთხვევაში ნატურალურ მეხსიერებას, ანუ მოვლენების, წვრილმანების დახსომებას უნდა ეხებოდეს საქმე. მაგრამ ვინ უკეთ დაიხსომებს ახალ უცხო სიტყვებს - ადამიანი, რომელსაც უკვე შესწავლილი აქვს რამდენიმე ენა, თუ ის, ვინც არც ერთი არ იცის? ცხადია, რომ პირველი. სამაგიეროდ, დარწმუნებული ვარ, მეორე უფრო დეტალურად მოგიყვებათ კინოსურათის შინაარსს.
ამის მერე კი უნდა გავარკვიოთ, რა სწავლას ვგულისხმობთ. ზუთხვა, რა თქმა უნდა, ამცირებს მეხსიერებას, და ამცირებს უკვე იმით, რომ შინაგან წინააღმდეგობას ქმნის ყოველგვარი დახსომებისათვის. ტვინი თავს იცავს ძალადობისაგან.
მაგრამ ზუთხვა რომ სწავლა არ არის. სინანულით ვიგონებ, რამდენი დრო და ნერვული ენერგია მაქვს ამაოდ გაფლანგული მედინსტიტუტის პირველ კურსებზე: 9/10 ლათინური სახელებისა და ყველაფერი იმისა, რომლის ცოდნის გარეშეც გამოცდებს ვერ ჩააბარებდი, პრაქტიკაში აბსოლუტურად უსარგებლო და, რა თქმა უნდა, დავიწყებული აღმოჩნდა, მაგრამ მათ ხომ ბევრი ისეთი რამ გამოდევნეს მეხსიერებიდან, რაც ნამდვილად საჭირო იყო... სავსებით დარწმუნებული ვარ, ყველანაირი სწავლების ორგანიზება შეიძლება ისე, რომ მექანიკური დახსომება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი, ხოლო ეს მინიმუმი გააზრებულად და ძალდაუტანებლად აითვისებოდეს. მაგრამ, ვიდრე სასწავლო სისტემები არაა გადამუშავებული, ყველა ძალაუნებურად მოზეპირეს ერთიღა დარჩენია: დახმარებისათვის ისევ საკუთარ წარმოსახვასა და გამომგონებლობას მოუხმოს. კი არ დაემორჩილოს მექანიკური ზეპირობის ინერციას, არამედ ჯიუტად ეძიებდეს აზრსა და კავშირებს. თუ იმის კეთება გიწევს, რაც არ მოგწონს, ან სულ ნუ გააკეთებ, ან აიძულე თავი და მოიწონე... ყოველთვის შეიძლება დასწავლა სასიამოვნო გართობად გადავაქციოთ.
ლენინი ენას ასე სწავლობდა: ლექსიკონისა და გრამატიკის ელემენტური გაცნობის შემდეგ იღებდა საინტერესო წიგნს უცხო ენაზე და, მთელი სირთულის მიუხედავად, ჯერ რუსულად, მერე კი ისევ უცხო ენაზე თარგმნიდა მას.
მე ერთ მთარგმნელს ვიცნობ, რომელმაც ინგლისური ენა ისწავლა პოპულარული ინგლისური და ამერიკული სიმღერების სმენით.
პრინციპი ნათელია: უნდა ვიპოვოთ რაიმე მიზანი, ზეამოცანა, რომელიც გაგვიტაცებს და რომლის მიმართაც მექანიკური ათვისება მხოლოდ დამხმარე საშუალებადღა აღმოჩნდება. ამ დროს მეხსიერებაში კავშირები თავისთავად მყარდება, სიმდიდრესა და თავისუფლებას იძენს და თქვენც ატყუებთ ზუთხვას.
ახლა კი დავაზუსტოთ რეკომენდაციები ზუთხვისათვის.
კ ო ნ ც ე ნ ტ რ ა ც ი ა. თუ ინგლისურ ენას სწავლობთ, ამისათვის გადადეთ ერთი წელი ან რამდენიმე თვე მაინც იმის მიხედვით, თუ რამდენად აპირებთ მის დაუფლებას. ილაპარაკეთ ინგლისურად, გექნებათ თუ არა ამის შესაძლებლობა, იფიქრეთ ინგლისურად, იკითხეთ მხოლოდ ინგლისური წიგნები, ინგლისურ ენაზე წერეთ დღიურები, ეცადეთ, ინგლისურად ჩაიწეროთ ლექციები, უსმინეთ ინგლისურ რადიოგადაცემებს, შეისწავლეთ ინგლისური მანერები და სამზარეულო, ინგლისელი იყავით სიზმრებში.
დ ო ზ ი რ ე ბ ა. იპოვეთ ერთ ჯერზე დასახსომებლის თქვენი ინდივიდუალური დოზა.
მეტისმეტად ბევრი არ ვარგა, რადგანაც ერთმა ზედმეტმა ყლუპმა შეიძლება სრული მოუნელებლობა გამოიწვიოს.
ძალიან ცოტაც ცუდია, ვინაიდან აზრობრივი ერთიანობა აღარ იქნება, სიცარიელეს კი სხვა რამ შეავსებს და ნემსი თივის ზვინში დაგეკარგებათ.
ეცადეთ, დაიხსომოთ მთლიანი აზრობრივი მონაკვეთები. მონაკვეთის სიდიდე თვითონვე განსაზღვრეთ გამოცდილების მიხედვით. თვითონ მონაკვეთი შეიძლება უფრო მცირე ნაწილებადაც დაიყოს, მაგრამ ის, რასაც ერთ დღეს ვიხსომებთ, აუცილებლად რაღაცით უნდა იყოს დაკავშირებული (ასეთი კავშირი შეიძლება მოიგონოთ კიდეც). როდესაც მეხსიერებაში ასეთ მონაკვეთს შეიტანთ, დააცადეთ, დაიწმინდოს. რამდენიმე საათის განმავლობაში მეხსიერებას სხვა ნურაფრით გადატვირთავთ. თუ დაღლილობა იგრძენით, ყველაფერი მიატოვეთ, სხვა რამით გაერთეთ, ინტენსიურად იმოძრავეთ, უმჯობესი სუფთა ჰაერზე, ჩაატარეთ აუტოტრენინგი.
გ ა მ ე ო რ ე ბ ა. რაც შეიძლება მეტი, მაგრამ გულისრევამდე არა.
მთლიანად გაიმეორეთ 15-20 წუთის, 8-9 საათის შემდეგ და მეორე დღეს. ფიქრში, შეკუმშულად - ღამე, ძილის წინ და დილით, გამოღვიძებისას.
ვარიაციები კონტრასტების მიხედვით: ხმამაღლა და ჩუმად, გალობით და სხაპასხუპით, სოპრანოთ და ბანით, კაკუნის თანხლებითა და უჩვეულო აქცენტით, წარმოიდგინეთ იგი დაწერილი და წარმოთქმული რომელიმე თქვენთვის სასიამოვნო ნაცნობი კაცისა ან ქალის მიერ.
ი ნ დ ი ვ ი დ უ ა ლ ი ზ ა ც ი ა. ერთნი ადვილად იხსომებენ გადაწერის დროს, მეორენი - მოსმენით, მესამენი - ნახვით, მეოთხენი - წყნარი მუსიკის თანხლებით, მეხუთენი - როცა თავს იფხანენ. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ იცით საკუთარი მეხსიერების ინდივიდუალური თავისებურებანი, უნდა გადასინჯოთ მითითებული ხერხები, შეავსოთ ისინი ახლებით, სადამდეც კი ფანტაზია გაგიწვდებათ.
დ ა მ ა ტ ე ბ ა. წ ე ს ე ბ ი ი მ ა თ თ ვ ი ს, ვ ი ს ა ც ა ვ ი წ ყ დ ე ბ ა ხ ო ლ მ ე ვ ი ნ მ ე ს თ ა ნ შ ე ხ ვ ე დ რ ა, დ ა რ ე კ ვ ა, შ ე კ ი თ ხ ვ ა, გ ა ც ე მ ა, მ ო ნ ა ხ უ ლ ე ბ ა, ფ უ ლ ი ს გ ა დ ა ხ დ ა და ს ხ ვ ა ა მ გ ვ ა რ ე ბ ი. მე უაღრესად ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე ადამიანი ვარ. მახსოვს მხოლოდ ერთი - ორგანიზებულობა. წუთი არ გაივლის, თავს რომ არ ვკითხო, ახლა რა უნდა გავაკეთო-მეთქი. სადმე მისვლა ხომ არ დამავიწყდა, ან ფულის გადახდა... (იხილე ზემოთ). სადაა ჩემი უბის წიგნაკი? იქ ყველაფერი მიწერია, და, რაც მთავარია, მასში ჩახედვა არ დამავიწყდეს, ან სახლიდან გასვლისას შინ არ დამრჩეს. ეს უბის წიგნაკში უნდა ჩავიწერო, იქნებ სჯობდეს ჩავიწერო, რომ ამის ჩაწერაა საჭირო... როგორი ორგანიზებული ვარ, უბრალოდ მიკვირს კიდეც, თავად არ მიხარია, ვისურვებდი ცოტა ხნით მაინც ვყოფილიყავი არაორგანიზებული, მაგრამ არაფერი გამომდის, ერთთავად იმაზე ვფიქრობ, არ დამავიწყდეს მისვლა, დარეკვა... (იხილე ზემოთ).
თუ სერიოზულად დავაჯამებთ ყოველივეს, მაშინ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით, მეხსიერებას სჭირდება გაუმჯობესება კი არა, არამედ ორგანიზება. ხოლო ორგანიზაციის ხერხს ყველაზე კარგად თვითონ საქმე გვკარნახობს - განსაკუთრებით თუ დაინტერესებულობა ქვეცნობიერის ციხესიმაგრემდე აღწევს.
ჩვეულებრივ, იმ ადამიანებს, რომელთა მეხსიერებაც ბრწყინვალე შთაბეჭდილებას ტოვებს, უბრალოდ ცოცხალი ასოციაციები გააჩნიათ. ისინი კარგად იხსენებენ. მათი ხანგრძლივი მეხსიერება საკუთარ მონაპოვრებს ადვილად გასცემს „ზემოთ“, ხანმოკლეში. სხვებს იგი უფრო ძუნწი აქვთ, ასოციაციები ღარიბი, შენელებული, „ტიხარი“ ქვეცნობიერსა და ცნობიერებას შორის ბევრად უფრო მჭიდროა. ასოციაციების „გალღობას“ აუტოტრენინგი უწყობს ხელს.