ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

მორალური გავლენისა და იმის შესახებ, თუ რამდენი მეხსიერებაა საკმარისი ტვინისათვის

 

თავი მესამე - ექოს კვალდაკვალ

მორალური გავლენისა და იმის შესახებ, თუ რამდენი მეხსიერებაა საკმარისი ტვინისათვის

„ეს კაცი ვექილი გახლდათ, რომელიც ძალიან მაგრად სვამდა. იგი დაავადდა რომელიღაც ციებ-ცხელებიანი ავადმყოფობით, რამაც ფსიქიკური მოქმედების ღრმა მოშლა და ქვემო კიდურების დამბლა გამოიწვია. სნეული საავადმყოფოში მოათავსეს, და, როგორც თვითონ ამბობს, რამდენიმე თვეში დამბლამ კი გაუარა, მაგრამ იმ დროიდან აწუხებს მეხსიერების ღრმა მოშლილობა, რომელიც, მართალია, თანდათანობით გადის. საავადმყოფოდან გამოსვლის პირველ დღეებში არაფერი ამახსოვრდებოდა, რაც მის ირგვლივ ხდებოდა. ყველაფერი იმწუთასვე ავიწყდებოდა. მაგრამ გონებრივი უნარები მას იმდენად კარგი ჰქონდა, რომ კარგად ართმევდა თავს ერთ-ერთი გაზეთის კორექტორის თანამდებობას. ყოველ მოცემულ სტრიქონში შეეძლო შეენიშნა ყველა შეცდომა, ხოლო სტრიქონები რომ არ დაჰკარგვოდა, თანმიმდევრულ აღნიშვნებს აკეთებდა ფანქრით; ეს აღნიშვნები რომ არა, მთელი ხნის განმავლობაში ერთსა და იმავე სტრიქონს იკითხავდა; იგი სრულებით ვერ ცნობდა თავის საცხოვრებელ ადგილს, ვერ ცნობდა ახალ ნაცნობებს. როდესაც ამ გაზეთის გამოცემა შეწყდა, კაცი უსაქმოდ დარჩა და სწორედ მაშინ დაუდგა უმძიმესი დღეები, რომლებზედაც ბუნდოვანი მოგონებებიღა შემორჩა. მაგრამ მეხსიერება ნელ-ნელა და ცოტცოტაობით უუმჯობესდებოდა, ისე რომ ავადმყოფობის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ იგი კვლავ შეუდგა რაღაც საქმეების წარმოებას როგორც ნაფიცი ვექილი. სწორედ ამ დროს შევხვდი მას პირველად. ეს იყო 40 წლის, კარგი აღნაგობის მამაკაცი, ადრინდელი დამბლის არავითარი ნიშანი აღარ ეტყობოდა, ფეხებზე მაგრად იდგა.. რაც შეეხება მეხსიერებას, იგი ძალიან ძლიერად ჰქონდა მოშლილი. ავადმყოფი დიდი გაჭირვებით იგონებდა ცოტა ხნის წინ მომხდარს. გუშინდელი საუბარი დღეს აღარ ახსოვდა. წინა დღეს რომ ათვალიერებდა და არჩევდა რომელიმე საქმეს, ქაღალდებს, მეორე დღეს სრულიად არაფერი გაეგებოდა, რა საქმე იყო, რის შესახებ და სხვა ამგვარი. თუ რაიმე აქვს გასაკეთებელი სახვალიოდ, ძილის წინ უნდა დაწეროს ყველაფერი და ქაღალდი თვალშისაცემ ადგილზე დადოს, თორემ სხვაფრივ ვერ გაიხსენებს, რა უნდა გააკეთოს. თავისთავად ცხადია, რომ ყველაფრის ასეთი გამუდმებული დავიწყება ავადმყოფს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს. მაგრამ თვითონვე შეამჩნია, რომ ეს სრული დავიწყება კი არ არის, არამედ მხოლოდ საკუთარი ნებით გახსენების უუნარობა - და აი, მთელი მისი ეშმაკობა იქითკენაა მიმართული, რომ თავი მოგონებისათვის ხელსაყრელ პირობებში ჩაიყენოს. მაგალითად, ასე მიდის იგი საქმის დასაცავად (სხვათა შორის კლიენტებიც უმეტესწილად უპრეტენზიო ადამიანები ჰყვანან) და, როდესაც თავის ადგილზე დგება, ვერაფრით იგონებს, რაზე უნდა ილაპარაკოს, მიუხედავად იმისა, რომ საქმე წინა საღამოს წაიკითხა. მაგრამ უხერხული მდგომარეობის დასაძლევად იგი: 1) თავისთვის მცირე კონსპექტებს ადგენს და, როდესაც კითხულობს მათ, საქმის დეტალებიც აგონდება; 2) ცდილობს ისე ილაპარაკოს, რომ თავი აარიდოს ფაქტობრივ წვრილმანებს, ლაპარაკობს მხოლოდ ზოგად, ყველა შემთხვევისათვის გამოსადეგ რამეებს. როგორც თვითონ ამბობს, ამ გზით ახერხებს საქმის წესიერად წარმართვას, მით უმეტეს, რომ როცა ამოსავალი წერტილი გააჩნია, მას სწორი მსჯელობაც შეუძლია და გონივრული საბუთების მოტანაც“...

წინ მიდევს წიგნი სერგეი სერგეის ძე კორსაკოვისა - ფსიქიატრისა, რომელმაც მეხსიერების კვლევისათვის ყველაზე მეტი გააკეთა მსოფლიოში. იგი 1900 წელს გარდაიცვალა, მხოლოდ 46 წელი იცოცხლა, მაგრამ თანამშრომლებისა და მოწაფეების მცირე ჯგუფთან ერთად მოასწრო ევროპაში ყველაზე ჩამორჩენილი რუსული ფსიქიატრია ძლიერ, კეთილ და აზრებით მდიდარ უბნად ექცია. კორსაკოვის ცხოვრების ისტორია ჯერ კიდევ დასაწერია. მსოფლიომ და ქვეყანამ, რომლის შვილიც იგი იყო, ჯერ კიდევ ძალზე ცოტა იცის ფსიქიატრიის ამ გენიოსის შესახებ.

მე ბედმა გამიღიმა და მის არქივებში მუშაობა მომიხდა. შეყვითლებული, გაცვეთილი ფოტოსურათბის მეშვეობით გავადევნე თვალი მქრქალი სახის ნაკვთებიანი პატარა ბიჭი თანდათანობით როგორ იქცა შეუხედავ გიმნაზიელად... შემდეგ ულამაზო, ოდნავ გრძელცხვირა სტუდენტად... ახლა უკვე ორდინარული ექიმის უბრალო სახე შემოგვცქერის, ბოლოს კი, გაფაფრული თმიდან და წვერიდან ანაზდეულად გადაშლილი შუბლი - საქმიანი შთაგონების უნათლესი განსახიერება, რბილი ფოლადის შუქი. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ ვაჟკაცობისა და სიფაქიზის შერწყმაზე ან ნებისყოფისა და სიკეთის შენადნობზე, ვერავითარი სიტყვებით ვერ ავწერთ ამ შთაბეჭდილებას. თითოეული ბოლოს და ბოლოს იძენს იმ იერსახეს, რომელსაც იმსახურებს. ამ სახისათვის ერთი თვალის შევლებაც საკმარისია, რომ შეიგრძნო, როგორი უნდა იყოს ფსიქიატრი და რა არის ნამდვილი ფსიქიატრია, ადამიანურობის ტვინი. ვეებერთელა ლომის თავი მოულოდნელად და გაუსაძლისად დასადგომია ზედ კიდევ უფრო გაუშნოებულ, სისრულემორეულ ტანს, რომელსაც უკვე გულის ავადმყოფობა ტანჯავს.

დიახ, ეს ადამიანი იმიტომ დაიბადა, ფსიქიატრი ყოფილიყო. მას არც დიდი ხმა ჰქონია, არც ეფექტური ჟესტიკულაცია, საშუალო ორატორი გახლდათ. ალბათ მორცხვიც იყო და პირად ცხოვრებაში უბედურიც, მაგრამ არავითარი ნიღაბი, არავითარი კომპლექსის დაძლევა არ იგრძნობა ამ ხანმოკლე, პირდაპირსა და თავანკარა სიცოცხლეში და მისი დაქვეითებული თვითშეფასება ალბათ, სამსახურის მაღალი დანიშნულების შეგნებაში გადაიზარდა ორგანულად. მან ვერ შექმნა, ან ვერ მოასწრო შეექმნა თეორია, მაგრამ თეორია იგი თავად იყო.

დილიდან დაღამებამდე კლინიკაში ყოფნა, ხშირად მთელი დღეღამობითაც დაუსრულებელი ნაკადი ავადმყოფობებისა, ჩამოვლები, საუბრები, ვიზიტები. დაუსრულებელი მოწყობა ვიღაცისა, ვინმესთვის დახმარება, სტუდენტები... უაღრესი გულმოდგინებით, საოცარი პასუხისმგებლობით მზადება ლექციებისათვის, გადახაზული კონსპექტები. ისევ სტუდენტები, კონფლიქტების მოგვარება, ლაპარაკი, თხოვნა გარიცხულთა გამო... დიდძალი მიწერ-მოწერა. ფაციფუცი ყრილობების, საზოგადოებების, გამოცემათა ორგანიზაციისათვის... სახელმოხვეჭილი კოლეგები, სტუდენტები, რომელთაგან თითქმის ყველა ახალი მიმართულების მამამთავარი გახდა... სამეცნიერო ნაშრომები - მრავალრიცხოვანი არა, მაგრამ თითოეული მათგანი დაკვირვებებისა და აზრების ზოდი... შიგადაშიგ, დაჭმუჭნილ ქაღალდებზე - სუსტი ლექსები... მოვლენათა პროზაში ცოცხლობდა სულ უფრო მზარდი დაძაბულობა, ჩანაფიქრთა მარულა, აჩქარებული სული. არავინ უწყოდა, როდის ეძინა და ისვენებდა, ეს თვითონაც არ იცოდა, ალბათ.

უნდა ვიფიქროთ, მისი დასვენება ის საათები იყო, რომლებსაც იგი ავადმყოფებთან, პალატებში ატარებდა ლაპარაკსა და ხუმრობაში, ჭადრაკის თამაშში, ბილიარდთან... არაფორმალური ურთიერთობის უწონადი დრო, ფსიქიატრმა იცის, როგორი მძიმე და ძვირფასია ეს დრო, რამდენი კვლევითი და სამკურნალო მარგალიტი მოიპოვება მასში.

კორსაკოვისათვის თავისთავად იგულისხმებოდა, რომ სულით ავადმყოფის შესწავლა და გაგება ერთბაშად ორი მხრიდან შეიძლება მხოლოდ.

ერთი - გარედან: ობიექტური დაკვირვება, შედარება, ანალიზი და განზოგადება. მეორე - შიგნიდან: უნდა განსახიერდე პაციენტებში, შთაეგრძნო, შეესისხლხორცო, იქცე ავადმყოფად, რამდენადაც კი შესაძლებელია. შემორჩენილია ლეგენდა, თითქოს ამ საათებში კორსაკოვი ექიმის ხალათის ნაცვლად ავადმყოფის პიჟამას იცვამდა თურმე, ვიდრე არ მოისაზრა, რომ ყველაფერს ემჯობინებოდა, ავადმყოფებისათვის ნება დაერთო, კლინიკაში საკუთარი ტანსაცმლით ევლოთ. მან ფანჯრებიდან ბადეები მოახსნევინა, მუზეუმს ჩააბარა დასაწყნარებელი პერანგები, შემდეგ კი კარის კლიტეებიც გააღებინა. ფსიქოფარმაკოლოგიის ერა ჯერ კიდევ შორს იყო, მაგრამ არ ჰქონია არც ერთი შემთხვევა, რომ მას სიტყვით, ან თვალით, ყოველგვარი ძალდატანებისა ან პირფერობის გარეშე არ დაემშვიდებინოს ყველაზე გავეშებული ავადმყოფი, ან ნუგეში არ მიეცეს ყველაზე დანაღვლიანებულისთვის. მას მხოლოდ მაშინ უძახდნენ, როდესაც თითქოს უკვე აღარაფრის გაკეთება აღარ შეიძლებოდა. თანამშრომლებს იგი პირადად და მკაცრად არჩევდა. და კლინიკის ტონი მისი ტონი იყო. მთელი სისტემა მორალურ გავლენად იწოდებოდა.

მას აღმერთებდნენ, ეს კარგად იცოდა და ფხიზელი ძალდაუტანებლობით ძლევდა ცთუნებას. ავტორიტეტი ავტორიტარულობის გარეშე... საკვირველი შემთხვევაა, მას მგონი, არ ჰყოლია მოშურენი, არ ჰყოლია მტრები, გარდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციია, რომელიც ალმაცერად უყურებდა ლიბერალ პროფესორს. მაგრამ ესენიც, დოკუმენტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პირადი მტრები კი არ იყვნენ, არამედ მხოლოდ პოზიციების გამო. ეტყობა, მის მსოფლმხედველობას ჰქონდა ძალია, მიახლოებული აბსოლუტთან. იგი გახლდათ კომპრომისების გენიოსი, რომელმაც არ იცოდა, რა იყო კომპრომისი მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ. იგი ფანატიკოსი იყო ფანატიზმთან ბრძოლაში. სრულიად გაუგებარია, როგორ ახერხებდა დიდ და პატარა საქმეთა იერარქიის დაცვას ისე, რომ არაფერი გამოჰპარვოდა.

„... მძიმე მდგომარეობაშია ხოლმე მაშინაც, როდესაც, მაგალითად, ვინმე შემხვედრი გაახსენებს წინა დღის ცხარე დავას, რომლის მთავარი მონაწილეც თვითონ იყო; მას კი სრულებით აღარ ახსოვს, რაზე ელაპარაკებიან, რატომ ეკითხებიან რაღაცეებს. მაგრამ, რაკი იცის საკუთარი მეხსიერების სისუსტე, ცდილობს, ისე მოაწყოს, რომ იმან, ვინც ელაპარაკება, თვითონვე თქვას რაშია საქმე. იგი ზოგადად უპასუხებს, თვითონ ეკითხება და ნელ-ნელა იხსენებს გუშინდელ დავას. მართალია, ჯერ რელიეფურად, არა სახოვნად, მაგრამ ისე მაინც რომ შეუძლია განაგრძოს ლაპარაკი ამ თემაზე და იმის საწინააღმდეგო არაფერი თქვას, რასაც გუშინ ამბობდა. თავში კი გამუდმებით ფუტფუტებს კითხვა: „ამას ვამბობდი გუშინ? მთლად საწინააღმდეგო ხომ არ მითქვამს?“ მაგრამ, როგორც ავადმყოფი ამბობს, ყველა ნაცნობი არწმუნებს, რომ არ შემცდარა, თანმიმდევრული იყო, და რომ საერთოდაც იგი საუბარში ყოველთვის იცავს ერთსა და იმავე პრინციპს და მის ნალაპარაკევშიც არ შეინიშნება წინააღმდეგობები. ასეთი სიმარჯვე, სიტყვების ასეთი შესაბამისობა და საკუთარი მიხვედრილობა თვითონვე უკვირს ავადმყოფს. იგი ამბობს, რომ თითქმის არ არსებობს ერთი წუთი, დამფრთხალი რომ არ ფიქრობდეს: „ეშმაკმა დალახვროს, ახლა კი საბოლოოდ გავები, სრულიად აღარ მახსოვს, რაზეა აქ ლაპარაკი“. მიუხედავად ამისა, ნელ-ნელა საქმე მაინც ირკვევა ხოლმე მისთვის და იგი ამბობს იმას, რაც საჭიროა. ეს გარკვეულ რწმენას ანიჭებს მას და ამიტომაც უკანასკნელ ხანებში, თუმცა ძალიან ცოტა ამახსოვრდება, საგრძნობლად დასძლია უკარებლობა და ადამიანებთან შეხვედრა აღარ აშინებს“...

მე თავს უფლება მივეცი და პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე. თქვენ ახლა კითხულობდით კორსაკობის წიგნიდან ამოღებული იმ ნაწყვეტის მეორე ნაწილს, რომლითაც ეს ქვეთავი დაიწყო, მაგრამ შემდეგ ბიოგრაფიული ექსკურსით იქნა შეწყვეტილი. ახლა ვიკითხოთ: კარგად გახსოვთ, ვისზე და რაზე იყო ლაპარაკი ნაწყვეტის პირველ ნაწილში? „ეს გახლდათ ვექილი, რომელიც...“

ეს არის სწორედ „ინტერფერენცია“ - მეხსიერების ერთი მასალის შეწყვეტა მეორით, ნორმალური ჩვეულებრივი ანალოგი მეხსიერების დარღვევისა, რომელიც კორსაკოვმა აღმოაჩინა.

ვექილი, ვისზედაც იყო ლაპარაკი ნაწყვეტში, გვივლენდა კორსაკოვის ავადმყოფობის ერთ-ერთ ყველაზე მსუბუქ შემთხვევას, იმის დამამტკიცებელს, თუ რაოდენ შეფარდებითია მეხსიერების როლი ტვინისათვის. აღწერილიდან ჩანს, რომ დამახსოვრება და გახსენება - სხვადასხვა რამაა და რომ არსებობს ქვეცნობიერი, ანგარიშმიუცემელი მეხსიერება - სწორედ იგი უზრუნველყოფდა ვექილის „სიტყვათა შესაბამისობასა და მიხვედრილობას“.

ავადმყოფები, რომლებსაც კორსაკოვი სწავლობდა, ძირითადად ალკოჰოლიკები იყვნენ. მაგრამ მალე გამოირკვა, რომ მსგავსი სურათები ჩნდება ტვინის სხვაგვარი მოწამვლების დროსაც, ტრავმების შემდეგ, სისხლძარღვებისა და სხვა ბევრი დაავადებისას. თვით უმძიმეს შემთხვევაშიც კი განსაკუთრებით საოცარი ის არის, რასაც ფსიქიატრები გარეგნულ მოწესრიგებულობას უწოდებენ. თქვენ შეგიძლიათ გაიცნოთ ავადმყოფი, გააბათ მასთან ურთიერთსასიამოვნო საუბარი უმაღლეს დონეზე და ყველაფერი დალაგებული, ლოგიკური იქნება. დროის მხოლოდ რაღაც მინიმუმი თუ გამოავლენს, ფსიქიკური მექანიზმის უხეშ დაზიანებას.

ერთ ასეთ ავადმყოფთან კორსაკობმა რამდენჯერმე ითამაშა ჭადრაკი. ავადმყოფი ძლიერი მოჭადრაკე იყო და, როგორც წესი, იგებდა ხოლმე. მაგრამ თამაშის დროს რომ ამდგარიყო და მაგიდას მოსცილებოდა, უკან აღარ ბრუნდებოდა, ხოლო თუ დაბრუნდებოდა, თავიდან იწყებდა თამაშს. იგი ესალმებოდა პარტნიორს და არცთუ იშვიათად იმეორებდა იმავე ფრაზებს, რომლებიც წინა პარტიის დაწყებისას ჰქონდა ნათქვამი. მას უკვირდა კიდეც, ფიგურები ვინ განალაგა დაფაზეო, მაგრამ სიამოვნებით თანხმდებოდა, განეგრძო პარტია ამ პოზიციიდან და კორსაკოვს აოცებდა თავისი უაღრესად თანმიმდევრული და ლოგიკური სათამაშო აზროვნებით. ჭადრაკისათვის ხომ მეხსიერების რთული მუშაობაა აუცილებელი. გონებაში უნდა აკავებდე დაფაზე ფიგურების განლაგებას, როგორც საკუთარ, ისევე მოწინააღმდეგის სავარაუდო ზრახვებსაც. ამას გარდა, რა თქმა უნდა, საჭიროა თამაშის წესებისა და იმ განსაკუთრებით არსებითი სიტუაციების დახსომებაც, რომლებიც თამაშის ადრინდელ გამოცდილებაში შეგხვედრია.

არა, არ შეიძლებოდა იმის თქმა, თითქოს აქ საერთოდ გამორიცხული ყოფილიყოს მეხსიერება! მოქმედებდა სულ უახლოესი დროის მეხსიერებაც, რომელიც შესაძლებელს ხდიდა სიტუაციათა განვითარების დამაგრებას ტვინში. მუშაობდა უფრო შორეული წარსულის მეხსიერებაც.

მაგრამ ამ ორ პოლუსს შორის თითქოს შეჯიბრი იყო აღმართული, რაღაცა შლიდა ნაკვალევს, არ აძლევდა მას დამაგრების საშუალებას.

ან ეს სახელდახელოდ შეთხზული, მეტნაკლებად დამაჯერებელი ისტორიები, ეგრეთ წოდებული კონფაბულაციები საიდანღაა? გუშინ სასამართლოში იყო ვითომ, სამი დღის წინ - იარში, დღეს კი სახლში გამგზავრება და უკან დაბრუნებაც მოუსწრია. ეს მაშინ, როცა უკვე რამდენიმე თვეა, კლინიკიდან ფეხი არ გაუდგამს. რა თქმა უნდა, ეს ცრუპენტელობა კი არ არის, არამედ სავსებით გულწრფელი შენაცვლება მეხსიერებისა, რომელიც აკლია. მაგრამ რითი შენაცვლება? ისევ და ისევ მეხსიერებით. სწორედ ის შემთხვევაა, რომელსაც მიეყენება ფორმულა: „ეს დიდი ხნის წინ იყო და ტყუილია“.

კორსაკოვის დაავადება, ანუ კორსაკოვის ფსიქოზი, ამჟამად მეხსიერების შესწავლის გზაჯვარედინზე იმყოფება. კორსაკოვის ნაშრომებმა მთელი მსოფლიოს მკვლევარები აიძულა, ყურადღება მიექციათ მეხსიერების განსაკუთრებული კავშირისათვის დროსთან. ამ ნაშრომებში წინასწარგანჭვრეტილია ნეირობიოქიმიკოსებისა და ფიზიოლოგების ყველაზე თანამედროვე ჰიპოთეზები.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff