რისთვის?
რისთვის?
იმ ადამიანების უბრავლესობას, რომლებიც აბსოლუტურ უძილობას უჩივიან, ღამის განმავლობაში სულ ცოტა სამი-ოთხი საათი მაინც სძინავთ - ასეთ დასკვმანდე მივიდნენ ძილის ლაბორატორიაში, რომელსაც პროფესორი ა. მ. ვეინი ხელმძღვანელობს. მაგრამ ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, სწრაფი ძილის ფაზაა ხოლმე დარღვეული. ეტყობა, სწორედ ეს გვაკარგვინებს „ძილის გრძნობას“. თანაფარდობა ძილის ფაზებს შორის შეცვლილი აქვთ ნევროზებითა და ფსიქოზებით დაავადებულ ადამიანებს, განსხვავებული აქვთ იგი „ტოროლებს“, რომლებიც ადვილად იძნებენ საღამოთი და გათენებისთანავე ეღვიძებათ, - „ბუებსაც“, ყველაფერი უკუღმა რომ აქვთ აწყობილი. დასაძინებელი საშუალებებიც, რომელთა უმრავლესობა „მძიმე“ ძილს გვგვრის, სწრაფი ძილის დარღვევებზე ან სრულებით არ მოქმედებენ, ან პირიქით, აძლიერებენ მათ. სწრაფ ძილს სახეს უცვლის ალკოჰოლიც, რომელიც ხან ამცირებს, ხან ახანგრძლივებს მას. ლსდ კი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფსიქოტომიმეტიკი, სწრაფი ძილის ბიოდენებს ბადებს სიფხიზლის დროს. როცა სწრაფი ძილი მეტისმეტად ხანგრძლივია, მაგალითად, ალკოჰოლის გამო, არც ეს არის სასიამოვნო: „მთელი ღამე სიზმრებში ვიყავი, რა აბდა-უბდა აღარა ვნახე, წამდაუწუმ მეღვიძებოდა...“
ცოტა სიზმარი ცუდია, ბევრი - ასევე ცუდი...
მაგრამ თუ ბიოდენების მიხედვით ვიმსჯელებთ, ყველაზე მეტ სიზმრებს თურმე ახალდაბადებული კნუტები ნახულობენ: მათი ძილის თითქმის მთელი დრო „პარადოქსულია“. საინტერესო არ არის, რას შეიძლება ნახულობდნენ ისინი? ან რას ხედავს ემბრიონი, რომელიც დედის მუცელში სიცოცხლის დიდ ნაწილს სწრაფ ძილში ატარებს? იქნებ ჰალუცინაციებს? ამ საიდუმლო ხილვებში შეღწევა ჯერჯერობით არ ძალგვიძს.
ალბათ, სიზმრებს არავითარი მიზანი არა აქვთ და საჭირონიც არ არიან თავისთავად, თუმცა ზოგჯერ შეიძლება ძალიანაც გამოგვადგნენ. მაგალითად, მენდელეევმა პირველად სიზმარში იხილა თავისი პერიოდული ცხრილის შავად მონახაზი. სიზმრები მხოლოდ გარეშე, თანმხლები პროდუქტია („ეპიფენომენი“) სწრაფი ძილის პერიოდულად ფაზებისა, რომლებიც აშკარად სჭირდება ტვინს.
მაინც რისთვის?
ამას ჯერჯერობით ვერც ერთი ჰიპოთეზა ვერ ართმევს თავს. დასაჯერებელსა ჰგავს ვარაუდი, რომ პარადოქსული ძილი ხელს უნდა უწყობდეს ტვინის მომწიფებას, განსაკუთრებით კი ნაყოფებსა და ახალშობილებში. ეს დასაჯერებელია თუნდაც იმიტომ, რომ ამგვარი ძილი მათ განსაკუთრებით ბევრი აქვთ. ნერვულ უჯრედებს შორის კავშირის წინასწარი მოსინჯვა, გზების იმპულსური გაკვალვა...
ან იქნებ სწრაფი ძილი იმიტომაც არის საჭირო, რომ ძილის მდგომარეობა მეტისმეტად შორს არ წავიდეს. ამისათვის აუცილებელი ჩანს პერიოდული ტონიზაცია, შეჯანჯღარება, სიფხიზლის მზირნი, რომლებმაც უნდა შეგვახსენონ ხოლმე, რომ მთავარი აქტივობაა. ისევ იგივე ქანაობა ქანქარისა...
იმგვარადვე, როგორც პარადოქსული ძილი არსებობს, არსებობს პარადოქსული ღვიძილიც - დღისით ჩვენი მოქმედი ცხოვრების ის პერიოდები, როდესაც ელექტროენცეფალოგრმაზე შეიძლება ძილზე მიმანიშნებელი მომენტები აღმოვაჩინოთ. მართალია, ასეთი პერიოდები ნაკლებ რეგულარულია, მაგრამ ეს ადვილად აიხსნება იმით, რომ სიფხიზლის დროს ტვინის რიტმებს შეუდარებლად მეტი გარეგანი მოქმედებები ერთვის ზედ. თუ სამუშაო მონოტონურია, სიფხიზლის ტონუსის პერიოდული დაქვეითება ყურადღებისა და ოპერატიული მეხსიერების რყევით ვლინდება. ამ დროს მბეჭდავ-მემანქანე ქალები ბევრ შეცდომას უშვებენ ხოლმე.
ძილ-ღვიძილის ციკლის ქანქარისებური ნეირონული მექანიზმი პრინციპულად ისევეა მოწყობილი, როგორც ორგანიზმის მრავალი სხვა ქანქარასი: იგივე რყევა გვაქვს და იგივე გადაქანებები. ძალიან ბევრი საერთო აქვს მას ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ქანქარასთან: ზედაპირული, ნებისმიერი რეგულირების იგივე მოქნილობა და ასეთივე ძლიერი, ყოვლის აღმგველი უნებურობა, როდესაც საქმე სერიოზულ რამეს ეხება. მხოლოდ დროის შკალაა უფრო მეტად გაჭიმული... და როგორი ჰიპოთეზებიც არ უნდა არსებობდნენ ძილის განსხვავებულ ფაზათა მნიშვნელობის შესახებ, უდავოა მისი ძირითადი მიზანი: ანაზღაურდეს ბიოქიმიური დანახარჯი, რომელიც ღვიძილის დროს ვერ შეივსო, დალაგდეს, მოწესრიგდეს და ახალ მზადყოფნაში იქნეს მოყვანილი ყველაფერი, რაც მთავარს წარმოადგენს.
ჩვენს პლანეტაზე მარადიული დღე და მარადიული ღამე რომ იდგეს, მაშინ ჩვენი ტვინი, ალბათ, პულსირებული რიტმით იმუშავებდა. მაგრამ არავითარი აზრი არა აქვს ღვიძილს იმ დროში, რომელიც სრულფასოვანი ამქვეყნიური საქმიანობისათვის გამოყენებული ვერ იქნება: ორგანიზმისათვის გაცილებით ხელსაყრელია შინაგან საქმეებს მიხედოს ასეთ შემთხვევაში. ადამიანს ევოლუციურად დღისით ცხოვრების წესის არჩევა მოუხდა. პლანეტის ძირითადი რიტმი ჩაეწნა ტვინს და განმტკიცდა გენეტიკურად. პოლარული დღისა და ღამის დროს ადამიანები საერთოდ ისევე გრძნობენ ძილსა და ღვიძილს, როგორც ჩვეულებრივ პირობებში, მაგრამ ციკლის ზოგად სქემაზე უამრავი კერძო გადახრებიც აღიბეჭდა. მაგალითად, ვფიქრობთ, რომ ადამიანთა შორის „ბუების“ გარკვეული პროცენტი ევოლუციის გამიზნულ ნაბიჯად წარმოგვიდგება: პირველყოფილი ჯგუფების ღამის სადგომებში, სადაც თანამედროვე ადამიანი ჩამოყალიბდა, საჭირონი იყვნენ ღამის გუშაგები, რომლებსაც ამ დროს არ უნდა სძინებოდათ. ძილის რეჟიმის საკმაო მოქნილობა აუცილებელი იქნებოდა საერთოდ ყველასათვის, ვინაიდან ველური ცხოვრება მოულოდნელობებითა და ღამეული საშიშროებებითაა აღსავსე. ადამიანების უმრავლესობის ტვინს აქვს უნარი ძილის სხვადასხვა რეჟიმზე გადავიდეს.
მაგრამ ბუნება ყველაფერს უხეშად და ბრმად აკეთებს. ტვინი ცუდადაა მომზადებული ცივილიზაციის მკაცრი რეჟიმისათვის. უთანაბრო სიჭარბე ზოგიერთებში ღვიძილის სიჭარბეს - უძილობას იწვევს, ზოგში კი - ძილისგუდობას...
არსებობს ავადმყოფობა - ნარკოლეპსია, რომლის დროსაც ძილის შეტევები პერიოდულად ან სრულიად სხვადასხვა დროს აღმოცენდება ხოლმე; ადამიანს შეიძლება უცებ ჩაეძინოს სრული სიფხიზლისას. ჯერჯერობით გაუკრვეველია, რა იწვევს ასეთ შეტევებს - „ღამის ცვლის“ უეცარი ჩართვა, თუ დღის ცვლის გამორთვა. აი, საკვირველი შემთხვევა ჩემი მეგობარი-კოლეგის პრაქტიკიდან: მან შეძლო ნარკოლეპსიისაგან განეკურნა უცხოელი დიპლომატი, რომელსაც პასუხსაგებ დიპლომატიურ მიღებებზე უცებ ჩაეძინებოდა ხოლმე. იგი განიკურნა ჩაგონებით ჰიპნოზური ძილის დროს.
ღეროში არსებული ღვიძილის ცენტრების დაზიანებისას აღმოცენდება ლეთარგიული ძილი, რომელიც ზოგჯერ ათობით წელიწადს შეიძლება გაგრძელდეს. დაავადებული კერები ჩვეულებრივ შიდატვინის არხის კედლების ახლოს არის ხოლმე. უეჭველია, რომ ღვიძილის ცენტრების გამორთვა ტვინს სამუხრუჭე ცენტრების ტყვეობაში აგდებს. „ძილის“ ავადმყოფობის ექსპერიმენტული მოდელი მიღებულია ცხოველებზე ჩატარებულ ცდებში, როდესაც მათ მიზნობრივად ურღვევდნენ ან უცალკევებდნენ ბადურასებრ წარმონაქმნს. მაგრამ საქმე ის არის, რომ ლეთარგიული ძილის ზოგიერთ შემთხვევაში ღვიძილის ცენტრების არავითარი დაზიანება არ შეინიშნება... ეს „ფსიქოგენური“ ლეთარგიის შემთხვევებია, როდესაც ძილი ფსიქიკურ ელდას მოსდევს ერთბაშად. ასე ეძინებოდა ზოგიერთ დედას შვილების დაღუპვის ცნობის მიღებისას. 1963 წლის 22 ნოემბერს დაეძინა 19 წლის მექსიკელ ქალიშვილს მარია ელენა ტელიოს, რომელსაც თავზარი დასცა ცნობამ პრეზიდენტ კენედის მკვლელობის შესახებ, მას დღემდე სძინავს. შესაძლოა, ეს ყველაფერი გამოდევნის ზეუკიდურესი შემთხვევაც იყოს - ჯოჯოხეთის მიერ განგმირული მთელი მეხსიერების უნებლიე ჩახშობა.