ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

თავისი თავით უკმაყოფილების შესახებ

 

თავი მეექვსე - ოპტიმიზმის ტექნიკა

თავისი თავით უკმაყოფილების შესახებ

ერთხელ მე, ნახევრად ხუმრობით, ჩემს ნაცნობებს ამგვარი ანკეტები დავურიგე: რომელ ჯგუფს აკუთვნებთ თავს?

1) საკუთარი თავითაც კმაყოფილი ვარ და სხვებითაც.

2) კმაყოფილი ვარ ჩემით, უკმაყოფილო - სხვებით.

3) უკმაყოფილო ვარ ჩემითაც და სხვებითაც.

4) უკმაყოფილო ვარ ჩემით, კმაყოფილი - სხვებით.

როგორც მოსალოდნელი იყო, უმრავლესობამ (მათ შორის თვითონ ავტორმაც) თავი მესამე ჯგუფს მიაკუთვნა. „ხმების რაოდენობით“ მას მეოთხე ჯგუფი მოსდევდა. შემდეგ პირველი და უკანასკნელ ადგილზე მეორე იყო. ამგვარად, თუ ამ ანკეტის მიხედვით ვიმსჯელებთ, ადამიანთა უმრავლესობა უკმაყოფილოა საკუთარი თავით, და თანაც, უწინარეს ყოვლისა, საკუთარი თავით (რა თქმა უნდა, შეიძლება ეჭვის შეტანა ამ პასუხების გულწრფელობაში).

მაშ, ხომ არ არსებობს საიმისო ხერხები, რომ საკუთარი ფსიქიკა თვითონვე, ექიმებისა და აბების გარეშე შევცვალოთ? შეიძლება თუ არა თვითონვე გადავიკეთოთ თავი ისე, რომ აუჩქარებელი მეცნიერების რეცეპტებს არ დაველოდოთ?

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს კითხვა, განსაკუთრებით საინტერესო მკითხველთა უმრავლესობისათვის, ავტორისათვის ყველაზე ძნელია. მაგრამ მას ვერ გავექცევით. ყველაფერი აქეთკენ მოდიოდა და მკითხველსაც უკვე უფლება აქვს, რომ პასუხი მოითხოვოს.

სრულქმნილ, ჰარმონიულ ფსიქიკურ მექანიზმს ადამიანებს ლამის იმაზე იშვიათადაც კი არგუნებს ხოლმე გუნება, ვიდრე სხეულის იდეალურ სილამაზეს. სრულქმნილების ეტალონი ფსიქიკას უფრო ძნელია მოეძებნოს, ვიდრე სხვა რამეს. ფარდობითობა აქ უფრო მეტია, ვიდრე სადმე სხვაგან, და მაინც ფსიქიკური თვითსრულქმნისაკენ სწრაფვა არსებობს, თუმცა იგი საყოველთაო ჯერ კიდევ არ არის.

„ისე მოხდა, რომ კოლექტივის გარეშე აღმოვჩნდი... დამნაშავე ნაწილობრივ მეც ვარ. ერთი ნაკლი მაქვს, - გაფიცხება ვიცი. სულ მცირე შენიშვნაზე, ირონიულ სიცილზე ავადმყოფურად ვრეაგირებ, ისე გააფთრებული შევუტევ ხოლმე, ვინც დამცინის, რომ საქმე ზოგჯერ ჩხუბამდე მიდის... ამხანაგებმა შენიშნეს ეს ჩემი სისუსტე და განზრახ დამიწყეს გაღიზიანება... ბოლოს და ბოლოს წამოვედი საერთო საცხოვრებლიდან... მირჩიეთ, ახლა როგორ მოვიქცე“...

(მუშა, საღამოს ტექნიკუმის მოსწავლე, 17 წლისა).

„ბავშვობიდანვე შებოჭილად ვგრძნობ თავს ადამიანებთან. თავს ვერაფერს ვუხერხებ... ყოველთვის ვერიდებოდი ადამიანებს, არ შემეძლო მათთან ნორმალური ურთიერთობა... მარტოობის გრძნობა მტანჯავს ხოლმე... მეგობრები თითქმის არა მყავს, რადგან ყოველი ახალი ადამიანის საზოგადოება დამთრგუნველად მოქმედებს... მხოლოდ სამუშაო მაძლებინებს. სამუშაო მიყვარს და მხოლოდ სამუშაოს დროს ვგრძნობ თავს ადამიანად. მშურს ადამიანებისა, რომლებსაც შეუძლიათ სხვებთან თავისუფლად ლაპარაკი და სიცილი...“

(მოსამსახურე, 28 წლის).

„... დღე შეუმჩნევლად გარბის. სანამ რიტმში შევალ - დღე უკვე გასულია. დრო არასოდეს მყოფნის“.

(მუშა, საღამოს ინსტიტუტის მოსწავლე, 25 წლის).

„... გთხოვთ, მიპასუხოთ კითხვაზე: რა ხერხებით შეიძლება გავიუმჯობესო მეხსიერება?“.

(მოსწავლე, 16 წლის).

„ვერაფრით ვაიძულებ თავს, რომ ვიმეცადინო. წიგნის კითხვას დავიწყებ თუ არა, 15 წუთში მეძინება“.

(მედდა, 22 წლის).

„ძალიან მიშლის ხელს ის, რომ საკუთარი თავის რწმენა არა მაქვს, ამას გამუდმებით ვგრძნობ, განსაკუთრებით ხალხში ყოფნისას. ადვილად ვეთანხმები ხოლმე, რასაც სხვები ამბობენ, თუმცა, გულის სიღრმეში მჯერა, რომ მართალი მე ვარ“.

(სტუდენტი, 23 წლის).

მე მკითხველთა წერილების მთელი გორა დამიხვავდა, „რა მოვუხერხო თავს?“, „როგორ გამოვისწორო ესა და ეს და ა. შ.“ - ეს კითხვები უმეტესწილად ახალგაზრდებისაგან მომდის, მაგრამ მარტო იმათგან არა.

დიახ, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რამდენი არ არის კმაყოფილი იმით, რაც ბუნებასთან, ან პირობების, აღზრდის შედეგად მიიღო, რაოდენ ბევრსა სურს „საკუთარი თავის შექმნა“, მაგრამ არ იცის, რა იღონოს. სავსებით ცხადია ისიც, რომ თავისი თავით გულწრფელად უკმაყოფილო ადამიანებს თვითსრულქმნისაკენ აბსტრაქტული მოწოდებები კი არა, კონკრეტული ღონისძიებები სჭირდებათ.

მართლაც და, თუ სპორტსმენი-კულტურისტის გარეგნობა ცხადყოფს, რომ თითქმის ნებისმიერი საწყისი დონიდან შეიძლება ლამაზი და ჯანმრთელი ტანის დაყენება, ასევე ხომ არ არის საქმე ფსიქიკის შემთხვევაშიც?

თუკი ფიზიკური კულტურიზმია შესაძლებელი, ფსიქიკურზედაც ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ? გრძნობები, ნება, მეხსიერება, აზროვნება - ყოველივე ეს ხომ იმგვარადვეა ჩვენი, როგორც სხეული, ყველაფერი იმავე ბუნებრივი მასალისაგან იძერწება, ოღონდ კიდევ უფრო მეტად ცვალებადისა და პლასტიურისაგან.

„ბუნების გაუმჯობესება არავითარი საშუალებებით არ შეიძლება, მაგრამ ბუნება ქმნის ამ საშუალებებს“.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff