არაყი და ტელეპათია
არაყი და ტელეპათია
ერთ საღამოს, დღესასწაულების მესამე დღეს, რომლებსაც, რაღა თქმა უნდა, მაგარი სმა ახლავს ხოლმე თან, ახალგაზრდა ინჟინერმა გაიგონა: „ასეთი და ასეთია შენი ცოლი... ლოთო... მშიშარავ... რქებდადგმულო... მავანმა და მავანმა... ჩამოსახრჩობი ხარ... სამსახურში უკვე საქმეა შექმნილი...“ ერთი სიტყვით, ყველაფერი საკმაოდ ბანალურად ხდება; მუქარისა და გამოაშკარავების მოტივები სამყაროს თითქმის ყველა „ხმაში“ ისმის. იგი ვერ ხვდებოდა, ხმები კედლიდან, მეზობლებიდან გამოდიოდა, თუ მისსავე თავში ჩნდებოდა.. მაგრამ თვითონ „ხმები“ ნამდვილად მეზობლებისა იყო! კარგად სცნობდა!
მიმტკიცებდა, საკუთარი გამოცდილებით მთლიანად დავიჯერე ტელეპათიის არსებობაო. იგი დარწმუნებული იყო, რომ მას ტელეპათიის საშუალებით შანტაჟს უწყობდნენ მეზობლები, რომლებსაც ცოტა ხნის წინ წაეჩხუბა სიმთვრალეში.
- ექიმო, თქვენ, სულ ერთია, მაინც ვერ დაგარწმუნებთ, გნებავთ, ახლავე, აი ამ წუთში გავიგონო, რას ლაპარაკობენ ისინი? მე უკვე ვისწავლე მათგან ტვინის გამორთვა, მაგრამ მათი მოსმენა ყოველ მომენტში შემიძლია.
- სცადეთ.
პაციენტი გაინაბა და დავინახე, როგორი დაძაბული გამომეტყველებით დაიწყო თვალების განსაკუთრებული მოძრაობები. იგი თვალის გუგებს ხან ზემოთ, ხან გვერდზე ბრეცდა და აჩერებდა ამ მდგომარეობებში.
- აი... მესმის... თუმცა გაურკვევლად... როცა თქვენ გელაპარაკებით, ჩუმდებიან... თქვენ ჰიპნოზს ფლობთ?
- რაზე ლაპარაკობენ?
- სალახანა... (თვალების გადატრიალება) გიჟი... (ისევ თვალების ბრეცა). საგიჟეთში მოხვდა...
- ესე იგი, იციან, სადაც იმყოფებით?
- ესე იგი, იციან.
- ეს როგორღა გაიგეს?
- ტელეპათიის საშუალებით...
- თვალებს რატომ ატრიალებთ?
- არ ვატრიალებ, უბრალოდ ტალღებს ვიჭერ.
- თქვენ სმენითი ცდუნებები გაქვთ, ჰალუცინაციები. ეს არყის ბრალი გახლავთ, ტელეპათია კი არაფერ შუაშია.
- ვერაფრით გადაგარწმუნებთ, იმიტომ, რომ მე ამას ვგრძნობ. გეყურებათ, ვგრძნობ! მესმის! უბრალოდ დაუჯერებელია, რომ ეს ჰალუცინაციები იყოს.
- თუ მკურნალობის შემდეგ ყველაფერი შეწყდა, დამიჯერებთ?
- დაგიჯერებთ... მაგრამ ვიცი, რომ ეს ასე არ მოხდება.
ამინაზინის დანიშვნებიდან ოთხი-ხუთი დღის შემდეგ იგი მეფიცებოდა, რომ ამის შემდეგ „არც ერთ წვეთს პირში აღარ ჩაიკარებდა“. ტელეპათიაზე აღარ ვლაპარაკობდით. მკურნალობის მესამე დღეს დადგა გარდატეხის მომენტი, „ხმები“ შესუსტდა. თითქმის მზად იყო დამთანხმებოდა, რომ მართლა ავად ყოფილა, მაგრამ ძალიან ძლიერი მიყურადებისას, თვალების იმავე განსაკუთრებული ტრიალით იგი მაინც ახერხებდა „ხმების“ დაჭერას. ხმები ძალიან სუსტად, შორეულ ექოსავით ესმოდა.
„ხმები მესმის იმიტომ, რომ მესმის. როგორ ხდება ეს, არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეს ხმები ისეთივე ცხადია, როგორც თქვენი ხმა; თქვენი სიტყვების ნამდვილობა თუ უნდა მჯეროდეს, ნება მომეცით, მჯეროდეს იმ სიტყვების ნამდვილობაც, რომლებიც მესმის, ვინაიდან ერთსაც და მეორესაც მე ერთნაირად შევიგრძნობ“. - ეუბნებოდა თავის ექიმს ერთი ავადმყოფი.
ჩვენი ღვიძილის 70 პროცენტი ასე თუ ისე მეტყველებასთანაა დაკავშირებული. აქედან დროის 45 პროცენტი სმენაზე მიდის, ხმამაღლა ვლაპარაკობთ 30, ვკითხულობთ 16 და ვწერთ 9 პროცენტს (გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, მამაკაცები ქალებზე მეტ დროს ხარჯავენ ლაყბობაზე).
მეტყველების საშუალო სისწრაფეა 125 სიტყვა წუთში, სიტყვიერი აზროვნების საშუალო სისწრაფე - წუთში 400 სიტყვა. რატომ უსწრებს იგი სიტყვიერ მეტყველებას? ადვილი მისახვედრია: იმიტომ რომ აზროვნება კუნთურ ექო-ნაკუწებში გახვეულ შინაგან მეტყველებას იყენებს.
მეტყველების ცენტრები ტვინის ქერქში - შუბლის, თხემისა და საფეთქლის წილების შესაყარზე მდებარეობს, ნაწილი კი კეფის მხედველობის ცენტრებს ეკედლება. მარტო განლაგებაც უკვე ბევრზე მეტყველებს. მასთან იქვე ახლოს შუბლის წილებია - მოქმედების პროგრამების მთავარი კოორდინატორი. თხემის წილებში უმაღლესი მამოძრავებელი მექანიზმები იმყოფებიან, საფეთქლებისაში - სმენის ცენტრები და იქვე გვერდით კი - მექანიზმები გლობალური მეხსიერებისა.
რაც უფრო ბევრს ვლაპარაკობთ, ვფიქრობთ, მეტი ურთიერთობები გვაქვს, მეტყველების ტვინისეულ მექანიზმზე მით უფრო მეტი დატვირთვა მოდის. ამიტომ გასაკვირი აღარ არის, რომ იგი მეტად მგრძნობიარეა და ფსიქიატრებსაც ასე ხშირად აქვთ ხოლმე საქმე სმენით, სიტყვიერ ჰალუცინაციებთან, რომლებიც ძალიან ხშირად აზროვნების მოშლილობასთან არიან შერწყმულნი.
ჰალუცინაციების დროს შინაგანი მეტყველება არაჩვეულებრივად ძლიერდება. ავადმყოფი დუმს, გაძლიერებული ბიოდენები კი ერთი წამითაც არ ქრებიან. ბიოდენების მიხედვით ადვილია ჰალუცინაციების გამოცნობა, ავადმყოფი კიდევაც რომ გვიმალავდეს ამას (რა თქმა უნდა, რომ ჰალუცინაციები არის). ცხადია, სმენითი ჰალუცინაციების დროს ავადმყოფი თავისსავე თავს, საკუთარ მეტყველებას უსმენს, რომლის მართვაც მოშლილია. მაგრამ თავისსავე მეტყველებას რომ ისმენს, ამის დაჯერება ავადმყოფს არ შეუძლია, და არ შეუძლია ალბათ, სწორედ იმიტომ, რომ შინაგანი მეტყველება ინტიმურადაა დაკავშირებული თვითონ აზროვნების პროცესთან.
მე დიდხანს ვცხოვრობდი ყრუ-მუნჯთა სკოლის ახლოს და მათთან ერთად ხშირად მიხდებოდა მგზავრობა მეტროთი. ჩვეულებრივ, რამდენიმე ერთად დგება ხოლმე და გაცხოველებით, უხმოდ ლაპარაკობენ ჟესტებით. ზოგჯერ ჯგუფი ჩადიოდა და ერთიღა აგრძელებდა გზას. ამ დროს შემიმჩნევია, რომ თავის ფიქრებში წასული ყრუმუნჯი სულ სხვანაირად ამოძრავებდა ხელებს, ვიდრე ამას ჩაფიქრებული ჩვეულებრივი ადამიანები აკეთებენ ხოლმე.
ადამიანს რომ ვთხოვოთ, დაფიქრდეს, როგორ აიღებს საგანს - მარჯვენა თუ მარცხენა ხელით, ელექტრომიოგრაფზე ჩაწერილი კუნთური ბიოდენები დაგვანახებენ, სახელდობრ, რომელი ხელით ასრულებს მოქმედებას იგი თავის ფიქრში. ელექტრომიოგრაფებმა დაამტკიცეს სეჩენოვის მიხვედრა, რომ ჩვენ მთელი ჩვენი სხეულით ვფიქრობთ და ფიქრს მთელი მამოძრავებელი სისტემა ემსახურება.