ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

სიჭარბე და ხელუხლები მარაგი

 

სიჭარბე და ხელუხლები მარაგი

რაოდენ ზოგადია ჭარბი, მასობრივი წარმოების ეს პრინციპი! როგორ უყვარს ბუნებას ერთნაირი სტანდარტული ელემენტებით სარგებლობა, რომლებასაც იგი უსაზღვროდ და უსასრულოდ აწარმოებს. არაცოცხალი ავიღოთ: თუ ატომებია, ატომები იყოს, ვარსკვლავებია და ისიც ასევე... ახლა ცოცხალი: ფოთლები, თმა, სასქესო უჯრედები - რა ვუყოთ ამდენს, ერთმანეთის მსგავსს, რა საჭიროა ასეთი სიმრავლე? როდესაც მიზანს მხოლოდ ერთეულები აღწევენ? მხოლოდ ერთეულები...

მაგრამ პასუხიც ხომ სწორედ ამაშია! სწორედ ამისთვისაა საჭირო სიჭარბე. ის ხომ მთავარი კოზირია სიცოცხლისათვის ბრძოლაში.

სიჭარბის აზრი, მიზნის მიღწევის ალბათობის გაზრდაში მდგომარეობს, უნდა არსებობდეს მარაგი ნაწილის დაღუპვის, დაზიანების შემთხვევისათვის, საჭიროა მზადყოფნა გარემოს უკიდურეს მოთხოვნათა წინაშე.

სიჭარბის აზრი საიმედოობაა, ყველა არასაიმედო კი ევოლუციის სასაფლაოებზე რჩება.

სიჭარბის პრინციპი ერთნაირად მსჭვალავს მთელ ორგანიზმს, მთელს ჩვენ უჯრედულ სახელმწიფოს და ჩვენ კვლავ არაერთხელ მოგვიწევს შეჯახება მის პლიუსებსა და მინუსებთან.

სჯობს ზედმეტად გამოიძინო, ვიდრე ძილი დაგაკლდესო, ამბობენ სტუდენტები. ინფლაცია სისხლში აქვს გამჯდარი ბუნებას: რაც უფრო მნიშვნელოვანია, იმდენად ჭარბია. ჩვეულებრივი საგნების უბრალო შეპირისპირებითაც კი ნათელია, რომ საკუთარ თავში ჩვენ სხვადასხვაგვარ სიჭარბეებთან ერთად ვატარებთ ჭარბი ემოციურობის პოტენციალსაც - მხსნელსა და დამღუპველ სადაზღვევო ფონდს.

ყველაზე ზედაპირული დაკვირვებაც კი ცხადყოფს, სულ ცოტა ორი სახის ემოციურ სიჭარბეს - აშკარასა და ფარულს. აშკარა სიჭარბეა მაშინ, როდესაც ჩხუბი იმართება იქ, სადაც უბრალო მოლაპარაკებით შეიძლება დამთავრდეს საქმე. პანიკაა, როდესაც გარემო ოპერატიულობას მოითხოვს, სასოწარკვეთილება, სადაც საჭიროა გონების მოკრება... მაგრამ იგივე აშკარა სიჭარბე ჰბადებს წარმატების სიხარულსაც, მთელ რიგ ბედნიერ წვრილმანებს, ცხოვრების მთელ ესთეტიურ მხარეს. სხვათა შორის, სიყვარულსაც და ასე შემდეგ...

ფარული ემოციური სიჭარბე კი, ებჯინება რა აშკარას, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ამჟღავნებს თავს.

მიახლოებითი გამოთვლები გვიჩვენებს, რომ ჩვენი ტვინის მუშაობაში ნეირონთა საერთო თხუთმეტ მილიარდიანი მასის მხოლოდ 15% ან 20%-მდე გამოიყენება ერთდროულად. ციფრი გულისგამტეხიცაა და დამაიმედებელიც. ჯერ კიდევ არ არის გამოთვლილი ჯოჯოხეთისა და სამოთხის ნეირონების რიცხვი და არც ის, თუ რამდენი გამოიყენება ფაქტობრივად. ცნობილი არ არის, როგორია სხვაობა ემოციურ ნეირონთა განმუხტვების ჩვეულებრივ და მაქსიმალურად შესაძლო ამპლიტუდებს შორის. ეს უთუოდ მალე გაკეთდება და ფარული ემოციური სიჭარბის საზომსაც მივიღებთ. მაშინ გავიგებთ ალბათ ტკბობისა და ტანჯვის შესაძლო და დასაშვებ ფარგლებს და მის მათემატიკურ- ფიზიოლოგიურ განსაზღვრასაც შევძლებთ. ზუსტად გვეცოდინება, რა ხდება ყველაზე საცოდავ ავადმყოფთა ტვინში.

ამჟამად კი ჩვენთვის ცხადია, რომ ორივე პოლუსის უკიდურესი მდგომარეობა ძალზე იშვიათ შემთხვევაში გვაქვს. ძლიერი ძალები უკუაგდებენ ქანქარას. არ აძლევენ მას არც ძალიან ქვემოთ ჩამოვარდნისა და არც მეტისმეტად ზევით ავარდნის საშუალებას.

ბუნებაში სამოთხისა და ჯოჯოხეთის მოქმედება ძალზე იშვიათ, ან თითქმის არასდროს აღწევს უკიდურეს საზღვრებს. უკიდურესი მდგომარეობა, ტკბობის ან ტანჯვის კულმინაციები, სულ რამდენჯერმე თუ განიცდება ცხოვრებაში და ზოგჯერ ეს ძვირადაც უჯდება ხოლმე ორგანიზმს.

სამოთხესა და ჯოჯოხეთში შეგზავნილმა ელექტროდებმა გვიჩვენეს, რომ ამ სისტემების მუშაობაში, ინტენსივობის მაქსიმუმი იმაზე უფრო მაღლაა, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში მიიღწევა. ხელშეუხებელი მარაგი! ალბათ იგი იმდენად მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს, რომ ბუნებამ მისი დაცვის საშუალებებისთვისაც იზრუნა (წარმოიდგინეთ, როგორ მალე გაფუჭდება მანქანა, თუ მას გამუდმებით ზღვრული სიჩქარით ვატარებთ. თვითონ სიტყვებიც კი ,,სამოთხე’’ და ,,ჯოჯოხეთი’’, მითიური მხარე რომ გამოვრიცხოთ, განა ძველთაგანვე ფარული ემოციურობის ჭარბად არსებულ უფსკრულთა პირდაპირ აღნიშვნას არ ემსახურებიან?

ღირს ამაზე დაფიქრება!

ერთმა გერმანელმა ფსიქიატრმა აღნიშნა: ,,ფსიქოპათია ის, ვინც ან თვითონ იტანჯება, ან სხვებს ტანჯავს’’. ამ განსაზღვრებას მკაცრად რომ მივყვეთ, მაშინ ადამიანთა უმრავლესობა ფსიქოპათებად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ საქმე მარტო სახელების დარქმევაში როდია. უარყოფით ემოციათა აშკარა სიჭარბე მეტისმეტად გავრცელებული თვისებაა და უაღრესად მრავალფეროვანი გამოვლინებები ახლავს თან. დადებითი ემოციების სიჭარბეც არსებობს, მაგრამ არასდროს არავინ უჩივის მეტისმეტად კარგ გუნება-განწყობას, მოჭარბებულ სიხარულს, უაღრესად აუცილებელ კეთილმოსურნეობასა და ურთიერთობების ადვილად დამყარებას. პირიქით, ყოველთვის ვგრძნობთ მის ნაკლებობას. დადებითი ემოციები თავისი ბუნებით მუდამ დეფიციტურია. უარყოფითი ემოციების სრულიად განსხვავებულ მასშტაბებს კი უამრავი უსიამოვნება მოაქვს. აქ ყველაზე უფრო ჭირს ზომიერების დაცვა... ამისი ღრმა მიზეზი ბიოლოგიური შერჩევის სამწუხარო მემკვიდრეობაა.

ადამიანის შემქმნელი ბუნებისათვის, თავის დროზე, ხელსაყრელი იყო ჯოჯოხეთის სიჭარბის შექმნა. მოჭარბებული შიში თვითშენახვას უზრუნველყოფდა. აგრესიულობის სიჭარბე - ბატონობას, ადგილს მზისქვეშეთში.

უფრო ძნელი გასაგებია, რისთვის დასჭირდა ბუნებას ჯოჯოხეთის იმ სახესხვაობის სიჭარბის შექმნა, რომელსაც შეიძლება ,,ფსიქიკური ტკივილი’’ ვუწოდოთ (ცუდი განწყობილება, დათრგუნულობა, დეპრესია, ნაღველი...) ემოციური სკალის ამ ნაწილს ევოლუციურ შემგუებლობითი აზრი პირადად ჩემთვის რამდენადმე გაუგებარია. მექმნება შთაბეჭდილება, რომ აქ ბუნება უბრალოდ ზედმეტად გაისარჯა, ჩვენ კი ამის გამო ისევე ვზარალდებით, როგორც სიცხის დროს თავისი გრძელი ბეწვის გამო იჩაგრებიან ხოლმე წყალში მყვინთავი ძაღლები.

თუმცა, ბუნება ყოველთვის იოლად პოულობს გასამართლებელ საბუთებს. გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ,,ფსიქიკური ტკივილი’’ განზოგადებული, ,,აბსტრაქტული’’ ჯოჯოხეთის მოქმედება უნდა დასდებოდა საფუძვლად ადამიანთა ურთიერთობის შეუცვლელ იარაღს, რომელსაც სინდისი ჰქვია. მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ბუნებას პირიქით, დაუკლია მეცადინეობა.

ჯოჯოხეთის, ისევე როგორც სხვა ყველაფრის სიჭარბე, სტიქიური არა თანაბარზომიერების გამო, ზოგს უფრო მეტად აქვს მოცემული, ზოგს ნაკლებად.

ამ სიჭარბის მთლიანად აღკვეთა, თუ მას ფართო ზეადამიანურ განზომილებაში ავიღებთ, არა მარტო წარმოუდგენლად ძნელია, არამედ აუცილებელიც არ უნდა იყოს. ადამიანისთვის სავსებით რომ მოგვეკლო, მაგალითად, უკმაყოფილების განცდის უნარი, ეს ისევე სახიფათო იქნებოდა მისი ფსიქიური განვითარებისთვის, როგორც ტკივილის გრძნობის სრული უქონლობაა საშიში სიცოცხლისათვის. გამონაკლისი ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ტკივილის განცდა, შემთხვევითი დაღუპვის გამუდმებული რისკის ქვეშ არიან. მაინც კაცობრიობა მთელი ძალით ებრძვის ტკივილს და ამან დიდებული შედეგები მოუტანა მედიცინას... ბრძოლა ტკივილის წინააღმდეგ კი არ მიმდინარეობს, არამედ მისი მავნე სიჭარბის დაძლევისათვის. ველური, დამაუძლურებელი ტანჯვა, შოკი ტკივილისგან, რაც არცთუ იშვიათად იწვევს სიკვდილს, სრულიადაც არ არის საჭირო. ტკივილი უნდა დარჩეს, მაგრამ როგორც აუცილებელი სიგნალი. იგი რაც შეიძლება უნდა გაზომიერდეს, შემოკლდეს, მოითოკოს. ასევეა საჭირო სხვა დანარჩენი უარყოფითი ემოციების შემთხვევაშიც. „ყველაფერი საწამლავია და ყველაფერი წამალი; ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა დოზით მიიღებ.’’

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff