ერთ-ერთი შესვლა
ერთ-ერთი შესვლა
ინგლისელი ფსიქოლოგი ჰარი აშერი ერთი იმათგანი იყო, რომლებიც ლსდ-ს მიღების სურვილს ფსიქიკის არაჯანსაღი მოვლენებისადმი ჯანსაღი ცნობისმოყვარეობის გამო განიცდიან.
„მე სავარძელში ჩავჯექი, მომცეს მენზურა სითხით, რომელშიც ერთი ოცდაათმემილიონედი გრამი ლსდ იყო.პრეპარატს ნახევარი საათის შემდეგ უნდა ემოქმედნა.
გავიდა 30 წუთი და ექიმმა მკითხა, გრძნობთ თუ არა რამეს?
- სამწუხაროდ, არაფერს, - ვეუბნები მე, - საშინლად მაზიდებს, მაგრამ ეს ალბათ არაფერს ნიშნავს.
სხვათა შორის, სწორედ გულზიდებაა ლსდ-ს მოქმედების პირველი გამოვლინება.
- იქნებ პარკში გავისეირნოთ, - შევთავაზე მე რამდენიმე წუთის შემდეგ, - დრო ბევრი გვაქვს და არც რაიმე საქმე ჩანს.
მხოლოდ შემდეგ, როცა ჩემი გრძნობების გაანალიზებას შევუდექი, მივხვდი, რომ გასეირნებას საერთოდ ვერ ვიტან, და სწორედ გასეირნების ამ სურვილში იჩინა უკვე თავი პრეპარატის მოქმედებამ.
გადიოდა წუთები.
- რაიმე უჩვეულო მხედველობითი შეგრძნებები ხომ არა გაქვთ? - მკითხეს მე.
მე ფანჯარაში გავიხედე.
- განსაკუთრებული არაფერი, მართალია, აი, იმ ქარხნის მილს შუაში რაღაც მზის ათინათის მაგვარი აქვს, ისეთი თითქოს პრიზმაში უყურებდე, მაგრამ ეს არაფერია, - ვუპასუხე მე.
ამ დროს თავს დიდებულად ვგრძნობი, აღსავსე ვიყავი ენერგიით, ზეაწეულ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი, სიცილი მინდოდა და ვიცინოდი კიდეც ისე თავშეუკავებლად, რომ კისრისა და მკერდის კუნთები ამტკივდა.
შემდეგ რაღაც დაემართა ჩემს მხედველობას, განსაკუთღებით სივრცის სიღრმის აღქმის დროს. ძალიან გამამხიარულა ერთი სათვალიანი ასისტენტის შესახედაობამ. სათვალეს ძალედ წინ წამოსულს, სახეს კი უკან გადაადგილებულს ვხედავდი.
- თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა სასაცილოდ გამოიყურებით, - ვუთხარი მე, თან სიცილით ვიგუდებოდი.
კარგი განწყობილება მოულოდნელად გამოქრა, გულისრევა გამიძლიერდა, მხედველობის დარღვევები აუტანელი გახდა, მე ავად ვიყავი.
მეჩვენებოდა, რომ ძალიან პატარა ფეხები მქონდა, თანაც ისე შორს, თითქოს შემობრუნებული ბინოკლით ვუყურებდი, მაგრამ მეორე წუთს ვეება ფეხები ზედ ყელში მებჯინებოდნენ. ასეთ პირობებში სიარული რთული ხელოვნება გახლდათ, ძალზე მიჭირდა წონასწორობის დაცვაც, რაკიღა ფეხების ზომა და ჩემგან მათიდაშორების მანძილი სულ უფრო და უფრო სწრაფად იცვლებოდა.
მე დერეფნის გავლით ტუალეტისკენ წავედი, მოგზაურობა ხანმოკლე გამოდგა, დერეფნის სიგრძე, ისევე როგორც მანძილი ჩემი ფეხსაცმელების ლანჩებამდე წუთში რამდენიმეჯერიცვლებოდა, ამას გარდა იცვლებოდა თვითონ ჩემი საკუთარი ზომებიც, ყველაფერი გარმონის ტყავივით იწელებოდა და იკუმშებოდა, მე კი მაინც წინ მივიწევდი.
როდესაც ლაბორატორიაში დავბრუნდი, ახალი ექსპერიმენტი ჩამიტარეს: ჩამსვეს სავარძელში, ჩემს პირდაპირ კი დადგეს სინათლის წყარო, რომლის ანთება - ჩაქრობა სპეციალური მექანიკური მოწყობილობის საშუალებით ნებისმიერი დროის ინტერვალებით შეიძლებოდა. ნათურა საკმაოდ სწრაფად ციმციმებდა, რაც მტკივნეული არაა, მაგრამ საკმაოდ არასასიამოვნო კი იყო. მეკითხებოდნენ რას ვხედავდი, მე სხვადასხვა რამეს ვხედავდი, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად გამაოცა ვიღაცის ღიმილმათეთრი კბილებით შიგ ნათურის ცენტრში, მეჩვენებოდა თითქოს იქიდან თვალიც მიყურებდა.
მიბრძანეს დავწოლილიყავი და თვალები დამეხუჭა, ფრიად სიმპათიურმა მედდამ კი მილულულ ქუთუთოებზე მოციმციმე ნათურის მოშუქება დამიწყო და მთხოვა საკუთარ შეგრძნებებზე მელაპარაკა, როდესაც წუთში 23 ანთების სიხშირემდე ავედით, ძალზედ სასიამოვნო ჰალუცინაციები გაჩდნენ, მე პლაჟზე ვიყავი, გვერდით სამი ქალიშვილი მეჯდა, როდესაც სინამდვილეს დავუბრუნდი (ეს მხოლოდ შუქის ჩაქრობის შემდეგ მოხდა), გაოცებული დავრჩი, გვერდით რომ მხოლო ერთი მედდა დავინახე.
შემდეგ ელექტროენცეფალოგრაფით - ტვინის ბიოდენების ჩამწერი ხელსაწყოთი - მიკვლევდნენ, საამისოდ ახალგაზრდა კაცი მოვიწვიეთ, რომელიც ცდილობდა, ელექტროდები დაემაგრებინა ჩემთვის თავზე - თუ შეიძლება ნუ წრიალებთ ასე, - მთხოვა მან.
_ კი, მაგრამ მე ხომ მორივით ვაგდივარ, - ვიწყინე მე, - ცოტა-ცოტათი ჰაერში დავცურავ, მაგრამ ისე მშვიდად, რომ ეს თქვენ ხელს არ უნდა გიშლიდეთ.
სინამდვილეში კი თურმე უწყალოდ ვწრიალებდი და მხოლოდ დიდი გაჭირვებით ვაიძულე თავი, თხუთმეტიოდე წუთი გამეძლო უმოძრაოდ, როგორც მერე მითხრეს, შედარებით მშვიდად მხოლოდ ერთ წუთს თუ ვწოლილვარ.
მერე შეუსვენებლივ ლაყბობა დავიწყე, ვგრძნობდი ამას, მაგრამ გაჩერება არ შემეძლო.
დერეფანში გამიყვანეს, იქ გამოირკვა, რომ მე ორი ადამიანისაგან შევდგებოდი, ერთი, მთავარი, დაახლოებით, იქ იმყოფებოდა, სადაც ჩემი ჩვეულებრივი „მე“, მეორე კი ჩემგან მარცხნივ, ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობა აზრების გადაცემის საშუალებით შეგვეძლო და არა საუბრით. ის, რომელიც შუაში იდგა, ჩემი საუკეთესო „მე“, - მშვენიერი, ძლიერი, გაბედული და მოხერხებული ადამიანი იყო, მეორე კი ნამდვილად არასასიამოვნო ვიღაცა.
„ფანჯარაში ხომ არ გადახტებოდი?“ - მომცა მან წინადადება.
ეს აზრი მე საყურადღებოდ მომეჩვენა და ის იყო, მის განსახორციელებლადაც მოვემზადე, რომ საქმეში ჩემი უფრო ძლიერი „მე“ ჩაიერია და მომიგო: „ნუ იგონებ რაღაცას, მოეშვი იდიოტობას“.
- გთხოვთ, სახლში წამიყვანოთ, - უცებ მოვითხოვე ექსპერიმენტატორებისაგან. ახალგაზრდა ექიმი ქალი დამთანხმდა თავისი მანქანით წავეყვანე, ჩვენ რომ ორნი ვიყავით, არავის ვეუბნებოდი, ქალმა მითხრა, მეკარნახა, საით უნდა ევლო, როგორც შემდეგ გამოირკვა, ჩემი კარნახით ჩვენ საოცრად დაუჯერებელი გზები გავიარეთ, მიუხედავად იმისა, რომ გზა ზეპირად ვიცოდით, ძალიან დიდხანს მივდიოდით, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი ერთი იყო. დგებოდა ლსდ-ს მოქმედების ახალი ფაზა - ფაზა სრული გულგრილობისა და აპათიისა.
სახლში ჩემი მეუღლე და ბავშვები დაგვხვდნენ, ექიმმა გააფრთხილა ცოლი, რომ მე დიდხანს აუტანლად ვიყბედებდი.
- წავალ, გავისეირნებ, - ვუთხარი ცოლს, -ბავშვები მომარიდე, ძალიან გთხოვ.
ის კი აღარ მითქვამს, რომ დაუოკებელი სურვილი მკლავდა, ბავშვებისათვის რამე მეწყენინებინა.
- შენი მარტო გაშვება შეიძლება? - მკითხა ცოლმა, რომელიც ეტყობოდა, მომხდარით გაოცებული იყო.
- ასეთ მდგომარეობაში ქუჩის გადავლას ვერ შევძლებ, - თავს ვიმართლებდი მე, - სრულებით ვერ ვგრძნობ მანძილს და აუცილებლად მანქანა გამიტანს, ამიტომ განზრახული მაქვს, ირგვლივ ვუარო ჩვენს კვარტალს, ერთი და იმავე მიმართულებით, მხოლოდმარცხნივ ვუხვიო, და შენც დრო და დრო დამინახავ ხოლმე.
- გზას დავადექი, „გარმონის“ ეფექტი ჯერ კიდევ იგრძნობოდა, მაგრამ კუნთები ნორმალურად მუშაობდნენ, მშვიდად ვერ ვჩერდებოდი ერთ ადგილზე, ამიტომ ვამჯობინე მევლო, თანაც იმედი მქონდა, რომ სეირნობა უფრო მალე დამაბრუნებდა ნორმალურ მდგომარეობაში, მთელი ამ ხნის განმავლობაში ხმამაღლა ველაპარაკებოდი საკუთარ თავს.
საღამოს ცოლმა დამიყოლია და სახლში მიმაბრუნა, იმასაც კი მიაღწია, რომ უმცროსი ბიჭის საწოლთან ჩამოვმჯდარიყავი და მისთვის წიგნი წამეკითხა, მეგონა მშვენივრად ვკითხულობ - მეთქი მაგრამ მოგვიანებით გამოირკვა, რომ საშინლად ნელა და უფერულად ვიღეჭებოდი, ამის შემდეგ მე და ჩემი ცოლი ნაცნობებთან წავედით ვახშამზე.
მე კვლავ მიგრძელდებოდა უსიამოვნო ჰალუცინაციები, მაგრამ დაქირავებულივით ვყბედობდი და ვართობდი მთელ კამპანიას. დესერტის შემდეგ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, ერთი სახლის სახურავზე პატარა ადამიანი შევნიშნე,
- იქ პატარა კაცუნაა დარჭობილი, - ვთქვი მე, - ხელში თერმომეტრი უჭირავს და საკვამლე მილში ბოლის ტემპერატურას ზომავს, ძალიან მაღალიაო ამბობს. ზომავს ბოლისა და ცხელი ჰაერის მასასაც, - მოკლედ, ყველაფერს, რაც კი მილიდან ამოდის, ასეთი წესით მას შეუძლია გამოითვალოს სითბოს რაოდენობა, რომელსაც იღებს ცა.
მასპინძელი ძალიან თავაზიანად და დიდი ინტერესით მისმენდა.
ბოლოს ცოლმა სახლში წამიყვანა და ლოგინში ჩავწექი.
მეორე დილას ადგომა აღარ მინდოდა, აპათიის მდგომარეობაში ვიყავი და დრო და დრო ვტიროდი კიდეც, თუმცა მაინდამაინც უბედურად არ ვგრძნობდი თავს, ისე რა, სანახავად მოდიოდნენ კოლეგები. ყველანი თავიდან ფეხებამდე მთლად მწვანეები იყვნენ, ფანჯრიდან გადახტომის დიდი სურვილი მქონდა, მაგრამ თავის მოკვლის მიზნით კი არა, არამედ თვითონ გადახტომისათვის. ჩემში უკვე აღარ იყო ორი ადამიანი, სამწუხაროდ, მხოლოდ ის მეორე, არასასიამოვნო ტიპი დარჩენილიყო და ყოველნაირად ცდილობდა შევეცდინე.
კარგა ხანს მომიწია ლოგინში წოლა და მხოლოდ ორი კვირის შემდეგ ვიგრძენი, რომ უკვე ჯანმრთელი, თუმცა საკმაოდ აპათიური და განერვიულებული ვიყავი, ის იყო უნდა დამეჯერებინა, ლსდ-ს მოქმედებამ გაიარა -მეთქი, რომ ერთ მშვენიერ დილას მწერი მომევლინა, აბაზანაში ნიჟარის კიდეზე იჯდა უზარმაზარი და საშინელი, როცა შეუბერე უცნაურად ამოძრავდა და სივილი დაიწყო, სახტად დავრჩი და მხოლოდ რამდენიმე ხნის მერე გავარკვიე, რომ იგი დამწვარი ქაღალდის ნაკუწი ყოფილიყო.
ლსდ-ს შედეგები კიდევ რამდენიმე თვის მანძილზე იჩენდა თავს, დასაძინებლად წამლის მიღება მჭირდებოდა, თუმცა ადრე ზაზუნასავით ძილი ვიცოდი, ნერვები სავალალო მდგომარეობაში მქონდა.
მაგრამ ახლა ყველაფერმა გაიარა, და თუ მდგომარეობა, რომელშიც მე ლსდ-ს ოცდაათ მემილიონედმა გრამმა ჩამაგდო, ნამდვილად შიზოფრენიული იყო, ამ სენით შეპყრობილ ადამიანთა მიმართ ჩემი თანაგრძნობა ასჯერ გაიზარდა.