ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

ქათმის კვერცხისა და ნიშანდობლივი თმის შესხებ

 

ქათმის კვერცხისა და ნიშანდობლივი თმის შესხებ

კარგად ცნობილი დავა იმის შესახებ, რა უფრო მნიშვნელოვანია: მემკვიდრეობა თუ გარემო... იგი მოგვაგონებს ძველ დავას, რომელი ადრე გაჩნდა: ქათამი თუ კვერცხი.

კარგი მუშა არსოდეს დასვამს კითხვას დაზგასთან, რა უფრო მთავარია, მანქანის ხარისხიანი კონსტრუქცია, თუ მისადმი მზრუნველი დამოკიდებულება. მან იცის, რომ ერთიც მთავარია და მეორეც, ნაკლოვანებები, თუ ძალიან არსებითი არაა, შეიძლება მუშაობის დროსაც გამოსწორდეს, კონსტრუქცია შეიძლება გაუმჯობესდეს კიდეც, მაგრამ არსებობს გაუმართაობის ის ზღვარიც, რომლის იქით ნამდვილი წუნი იწყება. კარგ მკერავს ცუდი მასალისგანაც შეუძლია რიგიანი კოსტუმის შეკერვა ცუდი კი...

ჩვენ არ გვიკვირს, როდესაც გონებასუსტ მშობლებს ერთი მეორის მიყოლებით ებადებათ ცუდად განვითარებული ბავშვები, თუ პაპის პაპა, პაპა და მამა ალკოჰოლიზმით მძიმედ შეპყრობილნი იყვნენ ნაკლებად გვაკვირვებს, როდესაც შვილიც ალკოჰოლიკი გამოდის.

მაგრამ, აი, დედას, რომელსაც მსუბუქი, შედარებით უწყინარი ნევროზი აქვს, ეზრდება შვილი მძიმე ეპილეპტიკური კრუნჩხვითი შეტევებით, ხოლო ფსიქოპათ და შიზოფრენიით დაავადებულ დედ-მამას სრულიად ნორმალური, ჯანსაღი და უფრო მეტი - ნიჭიერი შვილებიც კი ეზრდებათ. ფსიქიკურად ჯანმრთელ მშობლებს სამი შვილიდან ორი ფსიქიკურად უავადდებათ, აი, ჭაბუკი შიზოფრენიის მძიმე ფორმით; ექიმი არკვევს, რომ დეიდამისს ოდესღაც ცოტა ხნით უმკურნალია ნევრასთენიის გამო. მშობლები ცოტათი უცნაურები კი არიან, მაგრამ მეტი არაფერი, დედა, შეიძება, ზედმეტად მოუსვენარი, ფუსფუსა და მომთხოვნი ჩანს, მამა, პირიქით, საოცარ სიმშვიდეს ინარჩუნებს ხოლმე ასეთ სიტუაციაში; მაგრამ ყველაფერი ეს მხოლოდ მინიშნებები, ნიუანსებია, საერთოდ კი ისინი სრულიად ჩვეულებრივი ადამიანები არიან.

სტატისტიკამ დაადასტურა ფსიქიატრების საერთო შთაბეჭდილება ფსიქიკურად დაავადებულ ნათესავებს სულით ავადმყოფების ოჯახებში უფრო ხშირად ვხვდებით, ვიდრე ფსიქიკურად ჯანრთელ ადამიანთა ოჯახებში.

ერთ შემთხვევაში ეს ერთი და იგივე დაავადებებია: არიან „ეპილეპტიკური“, „შიზოფრენიული“, „მანიაკალურ-დეპრესიული“ ოჯახები; არის შემთხვევები, როდესაც ავადმყოფთა საგვარეულოში ჩანს ფსიქიკის დარღვევათა კავშირი სისხლძარღვულ მოშლილობებთან; ბოლოს, არსებობს „ოჯახური“ ბებრული ფსიქოზები. მაგრამ უფრო ხშირად სურათი ცნობილი სევდიანი ხუმრობის ტიპის მიხედვით ყალიბდება: „ორი ძმა - დეგენერატი, ორი და ისტერიკი, ორი ძმისწული - ნევრასთენიკი, ორი დისწული - შიზოფრენიკი...“ ძალიან ხშირად ერთსა და იმავე ოჯახში ვხვდებით სულით ავადმყოფებს, ფსიქოპათებსა და მაღალნიჭიერ ადამიანებს. არცთუ იშვიათად ყველაფერი ეს ერთ პიროვნებაშიც არის ხოლმე შერწყმული.

ბუნებრივია, რომ ფსიქიკასა და ფსიქიკურ დარღვევებში ყველაზე მეტ მსგავსებას ამჟღავნებენ ტყუპები, რომლებიც, ვიღაცის კარგი თქმით, ერთი ადამიანის ორ სტერეოტიპულ გამოცემას წარმოადგენენ.

მსგავსების სურათები კი საკმაოდ მეტყველია.

ყველას აქვს თავისი „პირადი ტემპი“. ეს მაჩვენებელი სულ უბრალოდ განისაზღვრება. ცდისპირს სთავაზობენ, თითებით და მუშტით მაგიდაზე ისეთი სისწრაფით აკაკუნოს, რომელიც ბუნებრივად მიაჩნია თავისთვის. ეს სისწრაფე, როგორც გამოირკვა, საკმაოდ მუდმივია თითოეულისათვის, სადაც, როდესაც და რის მიზეზითაც არ უნდა აკაკუნებდეს იგი. აღმოჩნდა, რომ კაკუნის სისწრაფის მხრივ ტყუპები ერთმანეთისაგან იმაზე მეტად არ განსხვავდებიან, რამდენადაც თითოეული მათგანი თავისივე თავისაგან სხვადასხვა დროს. ეს თითქოს წვრილმანია ან ყოველ შემთხვევაში, წმინდა ფიზიოლოგიაა. მაგრამ არის სხვა დონეთა თანხვედრებიც. ცნობილია შემთხვევები, როდესაც ტყუპებმა, ისე რომ ერთმანეთისა არაფერი იცოდნენ, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს იქორწინეს, განქორწინდნენ, ერთ წელს დაავადდნენ ფსიქიკურად და ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულეს. სხვა ტყუპებმა, რომლებიც წლების მანძილზე ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, ერთი და იმავე წელიწადს შეიძინეს ერთი ჯიშის ძაღლები და ერთიდაიგივე სახელები დაარქვეს მათ. საეჭვოა, რომ ეს მხოლოდ შემთხვევითი თანხვედრა იყოს.

მაგრამ აი, საწინააღმდეგოც; თითქმის მთლიანად დაემთხვა ერთმანეთს ორი ტყუპისცალის ტესტები უზრუნველობისა, მოქნილობისა, გამტანობისა და ა. შ. ასე რომ, ტესტების თანახმად ისინი ცხოვრებაშიც უაღრესად ერთმანეთის მსგავსნი უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთი ტყუპისცალი დადებითი მოქალაქეა, საზოგადოებაში საპატიო მდგომარეობა უჭირავს, მეორე კი - სისხლის სამართლის დამნაშავე - რეციდივისტი.

მე მოწმე გავხდი ასეთი შემთხვევისა: ერთი ტყუპისცალი და შიზოფრენიით იყო ავად, მეორეს კი ალკოჰოლიზმი და ისტერია სჭირდა. ისინი ერთად ცხოვრობდნენ, ვიდრე ერთ-ერთი და (მეორე) არ გათხოვდა. თუ აქამდე ორივენი ჯანმრთელები იყვნენ და ყოველმხრივ საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს, მეორე დის გათხოვებიდან სულ მოკლე ხანში პირველს დაეწყო შიზოფრენიის შეტევა დევნილობის ბოდვით; ფსიქოზმა იგი ძალიან მალე ინვალიდობამდე მიიყვანა. გათხოვილ დას ნელ-ნელა უვითარდებოდა ისტერიულობა და ალკოჰოლიზმი. ბოლოს და ბოლოს, ქმარსაც გაეყარა. დები კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდნენ, მაგრამ ფსიქიურად სულ უფრო და უფრო მეტად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. მეორე მთელი გრძნობით ზრუნავდა პირველზე. იგი სამუშაოდ წავიდა მისი დის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მასაც მოუხდა დაწოლა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მისი შველა მოხერხდა: სმას თავი დაანება და კვლავ შეძლო სამუშაოზე მოწყობა. პირველის მდგომარეობა კი უცვლელი დარჩა.

ძნელი სათქმელია, რა მოხდებოდა, ერთ-ერთი და რომ არ გათხოვილიყო. მაგრამ ეს და მრავალი სხვა ასეთი შემთხვევა გვიჩვენებს, რომ მემკვიდრეობაში უფრო ხშირად გადადის არა თვითონ ფსიქიკური დაავადება, არამედ როგორიღაც წინასწარი მიდრეკილება, გადადის ის რაღაც, რაც დაფარულია ავადმყოფობაში და რომლის გამოვლინებაც ამ პიროვნებაში უფრო მოსალოდნელია, ვიდრე სხვებში. ეს „რაღაცა“ გარეგნულად შეიძლება ისეთ ფორმებში გამოვლინდეს, რომლებიც ფსიქიატრებს ამჟამად ან ერთგვარ, ან სრულიად განსხვავებულ დაავადებებად მიაჩნიათ. მაგრამ შეიძლება სრულებითაც არ გამოვლინდეს, მხოლოდ ხანდახან გაირბინოს ჩრდილივით, მსუბუქი, ძლივს შესამჩნევი შეფერილობა მისცეს ქცევას ან სულაც არაფერი...

გენეტიკური „რაღაც“ გარეგნობაშიც მჟღავნდება. ფსიქიატრიაში ერთი-ორი წელიწადიც რომ წაიმუშაო, აუცილებლად შეამჩნევ, რომ ზოგიერთი სახე, უფრო სწორად, ტიპები სახეებისა, როგორღაც, მეორდება ავადმყოფებში. მეხსიერება ამ გამეორებებს გაუცნობიერებლად აფიქსირებს, რაც შემდეგ ინტუიციის სახით ვლინდება: მაგალითად, ქუჩაში შეხვდები ადამიანს და უკვე სახეზე ატყობ, რომ ეს „ისაა“. ეს ვარაუდები ხშირად მართლდება (მე ზოგჯერ სპეციალურადაც კი ვამოწმებდი თავს). ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის...

ერთი ნაცნობი ექიმი-ფსიქიატრი მარწმუნებდა, შიზოფრენიით დაავადებულებს ნიშანდობლივაი თმა აქვთო, და ზუსტადაც ამიწერა, თუ როგორი (საიდუმლოს არ გავცემ). მე, მართლაც, ბევრჯერ დავრწმუნებულბარ მის სისწორეში. მაგრამ, სულ ცოტა, ერთ შემთხვევაში მაინც იგი აშკარად შეცდა.

ეჭვს არ იწვევს, რომ ადამიანები ფსიქიკურად სხვადასხვაგვარები იბადებიან ერთ ოჯახშიც კი. მაგრამ, ეტყობა, ძირითადი კითხვა ის კი არ არის, რა თამაშობს მთავარ როლს - მემკვიდრეობითობა თუ გარემო, არამედ ის, თუ როგორ ხდება ურთიერთმოქმედება მათ შორის. ეს ურთიერთმოქმედებები ძალთა უფრალო რაოდენობრივ შენაკრებად არ უნდა წარმოვიდგინოთ, ისინი რაღაც ახალ თვისებებს ბადებენ.

პატარა განსხვავებები შეიძლება მემკვიდრულ თვისებებშიც იყოს და ცხოვრებისა და აღზრდის პირობებშიც. მაგრამ მცირე ნაპერწკალიც კმარა დენთის ასაფეთქებლად; ერთი ბეწო ნაკბილიც საკმარისია, რომ გასაღებმა კლიტე ვერ გააღოს; სულ ოდნავი დაუდევრობის გამო შეიძლება ხელი ხელს არ შეხვდეს მისასალმებლად.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff