ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

გამოდევნა: პლუსები და მინუსები

 

გამოდევნა: პლუსები და მინუსები

ახირება მეხსიერებისა: მახსოვს რაღაც ნაწყვეტი, მაგრამ ვერ ვიგონებ, ვის ეკუთვნის იგი.

„ადამიანის მეხსიერებას გააჩნია ჯერ კიდევ აუხსნელი თვისება, რომ სამუდამოდ აღბეჭდავდეს ათასგვარ წვრილმანს, მაშინ, როდესაც უმნიშვნელოვანესი მოვლენები ძლივს შესამჩნევ კვალს, ზოგჯერ კი საერთოდ არაფერს ტოვებენ, რაღაც ზოგადი, ძნელად გამოსათქმელი სულიერი შეგრძნების ან სულაც რაღაცნაირი იდუმალი ბგერის გარდა. ისინი სამუდამოდ ჩაძირულნი რჩებიან საშინელ სიღრმეზე, მეხსიერების ფსკერზე და ჩაძირული ხომალდებივით კიჩოდან ანძებამდე გამონაგონთა ფანტასტიკური ნიჟარებით არიან შეხორხლილნი ერთიანად“.

სრულიად უდავოა, რომ სამოთხესა და ჯოჯოხეთს უზარმაზარი ძალაუფლება აქვთ მეხსიერებაზე. მაგრამ, ამასთანავე, ჩვენს მეხსიერებაში არის ისეთი რაღაცაც, რაც მნიშვნელობით ბუნებრივი პრინციპის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს. მაგალითად, სავსებით შეუძლებელია ძლიერი სიამოვნების დახსომება. ასეთ ანდაზაც არის: „კუჭს ძველი სიკეთე აღარ ახსოვს“. ეს სავსებით გამართლებულია, რადგან უმადური ორგანო რომ არ იყოს, ჩვენ მალე დავიხოცებოდით შიმშილისაგან. მეხსიერებაში სამოთხის აღდგენა იმავე ინტენსივობით რომ შეგვეძლოს, როგორც უშუალოდ მოქმედებისას, რეალური დაკმაყოფილებების აუცილებლობა მოიხსნებოდა. ეს იქნებოდა ტვინის თვითგაღიზიანებით შეუზღუდავი სარგებლობის თანაბარღირებული რამ. ერთ გაზეთში წავიკთხე ნარკვევი ეგვიპტელ მუშაზე, რომელიც შეყვარებულთან განშორებისას განზრახ ცდილობდა მისი ნაკვთების დავიწყებას. ის კაცი, ალბათ, ბრძენი მიჯნური იყო. მაგრამ ამგვარი რამეები თავისთავად ემართებათ როგორც სამოთხის, ასევე ჯოჯოხეთის მეხსიერებებსაც.

ფროიდის აღმოჩენებიდან ფსიქოლოგიისა და კლინიკისათვის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერია ფენომენი, რომელსაც მან ძალიან მარჯვედ „გამოდევნა“ უწოდა.

უხეშად მიახლოებული მნიშვნელობით „გამოდევნა“ უბრალოდ დავიწყებაა არასასიამოვნოსი. დავიწყებულია სახელი ადამიანისა, რომელთანაც აღარ სურთ საქმის დაჭერა, დავიწყებულია ბავშვობის მტანჯველი ეპიზოდი... ყოველივე ამას ფროიდმა შესაშური გამჭრიახობით მიაკვლია ზოგიერთ ყოველდღიურ წვრილმანშიც, ნევროზებშიცა და სიზმრებშიც. მან გვიჩვენა, რომ გამოდევნილ მოგონებებს ცნობიერებაში შეღწევა რიდეშეფარული და ზოგჯერ გაუცნაურებული სახითაც შეუძლიათ. მან „კომპლექსები“ უწოდა ამ ფარულ მოგონებებს და ფსიქოანალიზის მთელი დახვეწილი ტექნიკა მათი გამოვლენის და „უკურეაგირებისაკენ“ წარმართა. დიახ, გახსენება დავიწყებისათვის...

სამწუხაროდ, ფსიქიკის ზოგად თეორიაში ფროიდი მკაცრად მოექცა გამოდევნასაც, როდესაც იგი უმთავრესად სექსუალურ კონფლიქტებამდე დაიყვანა. რა თქმა უნდა, ესეც არის, მაგრამ არა იმ მასშტაბით... მიუხედავად ამისა, პრობლემა კვლავ აღელვებს ფსიქოლოგებსა და კლინიცისტებს. ისიც უდავოა, რომ გამოდევნა, ისევე როგორც ფსიქიკის ყველა ფუნდამენტური მოვლენა, არაერთხელ აღმოუჩენიათ ფროიდამდეც და მის შემდეგაც.

აი, თუ გნებავთ, უმარტივესი შემთხევა. თქვენ უნებურად დაისვარეთ რაიმე უწმინდურობით, რა ჯანდაბაა ეს, ფუჰ!.. მალე გავიწმინდოთ, ჩამოვიბანოთ. მორჩა და გათავდა. „კომპლექსებამდე“ საქმე არ მიდის. პირველ მომენტში სიტუაციის ცნობიერება გამძაფრებულია, მაგრამ შემდეგ მთელი ლაპარაკი ჯოჯოხეთისა და უანგარიშო მეხსიერებას შორის მიდის, რომლებიც თანხმდებიან იმაზე, რომ სიბინძურის კვალი რაც შეიძლება მალე უნდა წაიშალოს. მაგრამ ამ დროს მხარეებს შორის უთანხმოებაც შესაძლებელია, და საზიზღარი მოგონება ექოს მსგავად კიდევაც შეიძლება დაგიბრუნდეთ რამდენჯერმე...

გამოდევნაში, მისი ყველაზე ზოგადი აზრით, არაფერია გაუგებარი, თუკი ჯოჯოხეთის მინიმიზაციის ფსიქოფიზიოლოგიურ პრინციპს გავიხსენებთ. სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო არსებისათვის, რომელსაც საკუთარი თავით ჭარბი მეხსიერების ასეთი უზარმაზარი ტვირთი დააქვს. გამოდევნა სწორედ ჯოჯოხეთის მინიმიზაციაა ტვინში; იგი უპირველესი მექანიზმია ფსიქოლოგიური თავდაცვისა.

წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ყველა ჯოჯოხეთური მოგონება მთელი სიცოცხლის მანძილზე რომ მოქმედებდეს. ეს იქნებოდა გაუთავებელი წამება. მაშინ აღარც რაიმე მოძრაობა იქნებოდა, არც რაიმე რისკი და ადამიანთა მოდგმა, ალბათ, შეწყვეტდა არსებობას. გამოდევნა რომ არ იყოს, მშობიარობის ტანჯვაგამოვლილი არც ერთი ქალი აღარ დათანხმდებოდა მეორედ მშობიარობაზე. როცა სტუდენტური პრაქტიკის დროს მშობიარეებს ვაკვირდებით, არაერთხელ მომისმენია ფიცი, „მეტი აღარასოდეს, აღარავითარ შემთხვევაში“.. ასეთი განწყობილება შეიძლება ერთი საათი, თვე ან წელიწადი გაგრძელდეს, მაგრამ შემდეგ...

უამისოდ განა მოახერხებდნენ ადამიანები ერთად ცხოვრებას? ან ხელახლა შერიგებას შეძლებდნენ წასაჩხუბებლად?

გამოდევნა, მეხსიერების ნაკვალევთა მოსპობა, მთლიანად წაშლა კი არ არის, არამედ მხოლოდ ბლოკადაა, დამუხრუჭებაა, დათრგუნვაა მათი. ეს მტკიცდება მათი კვლავ აღდგენის შესაძლებლობითაც, რომელიც ან თავისთავად ხდება (როგორც, მაგალითად, დეპრესიულ ავადმყოფებში, ერთბაშად თავისი ცხოვრების ყოვლად უმცირეს ცოდვებს რომ იხსენებს) ან სპეციალური ხერხების მოშველიებით. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჰიპნოზის დროს ჩაგონებული დავიწყებაც გამოდევნის იგივეობრივია.

მაგრამ მაინც სად განიდევნებიან ეს ნაკვალევები?

ქვეცნობიერშიო, პასუხობდა ფროიდი, სადღაც „იმაში“, იმ ქვესკნელში, სადაც დაუხარჯავი სურვილები მძვინვარებენ...

აი, აქ უკვე ფროიდისეული ფსიქოლოგიური მეტაფიზიკა იწყებოდა, ფროიდი ქვეცნობიერს ამსგავსებდა ბნელ სარდაფს ან რეზინის ბალონს, რომელიც თანდათანობით იწელება, იბერება, მაგრამ რაც უფრო მეტად იბერება იგი, შინაგანი წნევაც იმდენადვე იმატებს და ცნობიერების „ცენზურასაც“ იმდენად უფრო ძლიერი დაწოლა უხდება გარედან... ამ შედარებისას ლოგიკური სიცხადის ცდუნება ფროიდის ცნობიერებაში აშკარად ჩრდილავდა საკვლევი რეალობის სირთულეს. მაგრამ რას ვიზამთ: ქვეცნობიერის წარმოდგენა სივრცობრივად გამოყოფილ სათავსოდ უბრალოდ მოსახერხებელია და მსგავსი წარმოდგენებით ჩვენც ვსარგებლობთ ამ წიგნში ქვეცნობიერზე მსჯელობისას. მთავარი აქ ის არის, რომ პირობითობა არ დაგვავისწყდეს...

ფროიდმა არაფერი იცოდა ტვინისეული ეპოქების შეკვეცისა და გაშლის მექანიკის შესახებ. ახლადმოვლენილ ჰიპოთეზათა სიუხვის მიუხედავად, არც ჩვენ ვიცით დღემდე, გამოდევნილი მოგონება რა სახით ცოცხლობს ტვინში. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ესაა „რაღაცა“, რომელსაც, თუ შემთხვევა მიეცა, უნარი შესწევს, გაიშალოს, ანუ ხელახლა აღდგეს. მაგრამ ხომ სულ სხვადასხვა რამაა გაუმჟღავნებელი ფირი და ფოტოსურათი, თესლი და ხე. ამიტომ როდესაც სიტყვა „გამოდევნას“ ვხმარობთ, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა იმალება მის უკან.

მაგრამ მოვლენაც არის და ტერმინიც, როგორც იტყვიან, მუშაობს. იმის მიხედვით, თუ რა და როგორ გამოიდევნება, უთუოდ შესაძლებელია ადამიანთა ტიპოლოგიის აგება. მაგალითად, ძალზე საფიქრებელია, რომ იმათ, ვისაც მელანქოლიკებს უწოდებენ, გამოდევნის შედარებით სუსტი უნარი უნდა გააჩნდეთ, სანგვინიკებს კი პირიქით. გამოდევნის დიდებული ნიმუშია „ომი და მშვიდობის“ ერთი ეპიზოდი, სადაც ნიკოლაი როსტოვი, ტიპური სანგვინიკი, გულწრფელი აღტაცებით ჰყვება, თუ რა მამაცურად ირჯებოდა ბრძოლის ველზე. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქით იყო, მაგრამ მას უკვე თვითონვე სჯეროდა საკუთარი გმირობისა.

გამოდევნის მექანიზმი მილიონობით ფსიქიკურ წვრილმანში მოქმედებს, „ჰო“ რომ ითქვას, „არა“ უნდა გამოიდევნოს. დაჯდომისთვის საჭიროა, „დგომის“ გამოდევნა. თავის წინასწარ ტვინისეულ მოდელში ყოველი მოქმედება გაივლის ფილტრს „ეს - არა ის“, რომელშიც სამოთხე და ჯოჯოხეთი მონაწილეობენ. და ბევრი სასაცილო თუ საშინელი არანორმალურობა, რასაც სულით ავადმყოფებში ვხედავთ, შეიძლება იმით აიხსნას, რომ მათთან არ ხდება გამოდევნა ქცევის იმ ვარიანტებისა, რომლებიც განეკუთვნებიან თანრიგს „არა ის“... ეს დინამიკური, შექცევადი პროცესია: ნორმალურისა და არანორმალურის ეპიზოდები შეიძლება გასაოცარი სისწრაფით სცვლიდნენ ერთმანეთს. ის, რაც მრავალი წლის განმავლობაში მოქმედი და აქტუალური იყო, შეიძლება ერთბაშად გამოიდევნოს, დიდი ხნის გამოდევნილი კი ერთბაშად ამოტივტივდეს სიზმარში ჰალუცინოგენისა ან ტვინის რაიმე სხვაგვარი „შერყევის“ ზემოქმედებით.

„ექიმი აბერკრომი მოგვითხრობს ავადმყოფზე, რომელმაც გონება დაკარგა თავის დაშავების შედეგად... როცა უკეთ იგრძნო თავი, იგი ისეთ ენაზე ალაპარაკდა, რომელიც საავადმყოფოში არავინ იცოდა; ენა ვალიური აღმოჩნდა. როგორც გამოირკვა, ავადმყოფი ოცდაათი წლის განმავლობაში არ ყოფილა ვალისში (უელსში - ვ. ლ.), მას სავსებით დავიწყებული ჰქონდა მშობლიური ენა და იგი მხოლოდ ავადმყოფობის გავლენით გაახსენდა. გამოჯანმრთელების შემდეგ მას ისევ მთლიანად დაავიწყდა იგი და ინგლისურად დაიწყო ლაპარაკი“. (კორსაკოვიდან).

„დაღუპული ხომალდიდან მშვიდობით გადარჩენილმა ერთმა კაცმა გვიამბო შემდეგი: „უკვე ოთხი საათის განმავლობაში მარტოდმარტო დავქანაობდი ტალღებზე; ყურთასმენამდე არც ერთი ადამიანური ბგერა არ აღწევდა; უცებ დედაჩემის ხმა გავიგონე: „ჯონი, შენ შეჭამე დისთვის შენახული ყურძენი?“ ამ მომენტამდე ოცდაათი წლის წინათ, როცა თერთმეტი წლის ბიჭი ვიყავი, მალულად შევჭამე ორი მტევანი, რომელიც დედას ჩემი ავადმყოფი დისთვის ჰქონდა გადანახული. და აი, სიკვდილის პირას მყოფმა უეცრად დედის ხმა და სწორედ ის შეკითხვა გავიგონე, რომლითაც ოცდაათი წლის წინათ მომმართეს; მაშინ როდესაც, ნამდვილს მოგახსენებთ, ჩემი ცხოვრების უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე ეს ბავშვური ოინი ერთხელაც არ გამხსენებია“.

კიდევ ერთი შემთხვევა:

„ერთ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც გატაცებით უყვარდა ქმარი, მშობიარობის დროს დიდი ხნით წაერთვა ცნობა, რის შემდეგაც დაავიწყდა ყველაფერი, რაც ცოლქმრობის პერიოდთან იყო დაკავშირებული. ქალს მშვენივრად ახსოვდა მთელი თავისი ცხოვრება მხოლოდ ქორწინებამდე. ცნობამიხდილობის შემდეგ პირველ წუთებში იგი დამფრთხალი იშორებდა თავიდან საკუთარ ქმარსა და შვილს. ამის შემდეგაც ვერც ერთხელ ვეღარ შეძლო მან თავისი ცოლქმრული ცხოვრების პერიოდისა და მის განმავლობაში მომხდარი მოვლენების გახსენება. მშობლებმა და მეგობრებმა ბოლოს და ბოლოს შეძლეს თავიანთი ავტორიტეტული მტკიცებით დაერწმუნებინათ ქალი, რომ იგი გათხოვილი იყო და ვაჟიც ჰყავდა. ქალმა მათ იმიტომ დაუჯერა, რომ ამჯობინა, ის მირჩევნია მთელი წლის მეხსიერების დაკარგვა ვირწმუნო, ვიდრე ყველა ახლობელი მატყუარად ჩავთვალოო. მაგრამ მისი პირადი რწმენა, მისი შინაგანი ცნობიერება სრულებითაც არ მონაწილეობდნენ ამ თანხმობაში. უცქეროდა თავის ქმარ-შვილს და ვერაფრით გაეგო, რა ჯადოთი იყო მოვლენილი ეს ქმარი და ან შვილი როგორ დაიბადა“. იქნებ ჰიპნოზით შეიძლებოდა შველა, ამ ქალს რომ თავისი ქმარი გაეხსენებინა!

ავადმყოფი ვექილის უკვე კორსაკოვისეული აღწერიდანაც ცხადია, რომ განსხვავება მეხსიერების ორგანულ „წაშლასა“ და გამოდევნას შორის მკაფიო არ არის: არსებობენ რაღაც გარდამავალი მიჯნები, ერთი გადადის მეორეში. მეხსიერების მოკლევადიან პოლუსზე გამოდევნა ყურადღების გადართვის იგივეობრივია. ვთქვათ, თქვენ რაღაც უსიამოვნება, მძიმე მოლოდინი გტანჯავთ და არაფრით შეგიძლიათ გამოთიშვა. მაგრამ ამ დროს რაღაც განსაკუთრებული რამ ხდება, რაც თქვენგან ინტენსიურ მუშაობას, დაძაბვას, ფიქრს მოითხოვს. ეს სხვა, რაღაცა უსიამოვნებაც რომ იყოს, - იმან, ადრინდელმა, მაინც ხომ სადღაც უკან დაიხია, ვიდრე თქვენ ახალ სიტუაციაში მოქმედებდით... სოლი სოლს გააქვსო, ასეა ყოველ ნაბიჯზე. ყველაფერი ძალზე მარტივია: თქვენ სხვა რამეზე ფიქრობთ და, ისე რომ მთლად კი არ გავიწყდებათ ის უსიამოვნება, არამედ უბრალოდ გამოერთვებით, იგი ერთხანს ტოვებს ცნობიერებას და ასუსტებს თავის ჯოჯოხეთურ მოქმედებას. ამის შემდეგ შეიძლება ან კარგად იგრძნო თავი, ან - ქანქარას კვალობაზე კიდევ უფრო ცუდადაც, მაგრამ თვითონ განყენების დროს, ცხადია, გამოდევნა მოხდა... ან აი, მოხუცი, რომელიც თავისი ახალგაზრდობიდან მხოლოდ კარგს იგონებს (დროც კარგი იყო და, რაც მთავარია, ჩვენ თვითონ ვიყავით კარგები), - მასშიც გამოდევნა ხდება, მყარი და ძლიერი. იგი უკვე გრძელვადიანი მეხსიერების ღრმა პლასტებთანაა დაკავშირებული.

ეს არის მრავალსახოვანი მექანიზმი, რომელიც საგულდაგულო შესწავლას იმსახურებს. მოსწავლის მეხსიერებიდან არასაინტერესო, მაგრამ აუცილებელი მასალის ჯიუტი გამოდევნა... ძალიან ხშირად მასალა არასაინტერესო ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ სავალდებულოა (ერთმა ჩემმა კორესპონდენტმა ამას „შერჩევითი გონებაჩლუნგობა“ უწოდა). პედაგოგიური ფსიქოლოგიისათვის ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვიათ ფსიქოლოგებს, მაგრამ იგი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ნაკლებადაა გათვალისწინებული სკოლაში...

„შერჩევითი გონებაჩლუნგობის“ სხვა სახეებიც არსებობს. არის ხოლმე, ეკამათებით ვინმეს, მაგრამ ისეთი განცდა გაქვთ, თითქოს სხვადასხვა ენაზე ელაპარაკებოდეთ ერთმანეთს: თქვენს საბუთებს „ვერ იგებენ“. ოპონენტი კი გულწრფელად გარწმუნებთ, თქვენც და თავის თავსაც, რომ ძალიან უნდა გაიგოს თქვენი. ე. ი. თქვენი არგუმენტები კი აღწევენ მოკამათემდე, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინვე გამოიდევნებიან: ბრძანებები - „მხედველობაში არ იქნას მიღებულიო“ - ქვეცნობიერიდან მოდის. შეიძლება მივუთითოთ ენთუზიასტ მკვლევარზეც, სავსებით პატიოსნად რომ იღებს იმ შედეგებს, რომლის მიღმაც საშინლად სურს ან იღბლიან ტელეპატზე, ცალმხრივი იდეის ფანატიკოსზე. ამ შემთხვევაში ჩვენ ერთდროულად ვხედავთ მოტყუებულსაც, რომელიც, როგორც თვითონ და სხვებს ჰგონიათ, ვერაფერს ამჩნევს და მატყუარასაც, რომელიც საკუთარ სინდისს სდევნის.

გამოდევნა - ამ შემთხვევაში კი, ალბათ, აჯობებდა სიტყვა „არდაშვება“ რომ ვიხმაროთ, - მარტო ჯოჯოხეთის პრიმიტიულ ნდომათა დონეზე კი არა, არამედ გონების ყველაზე მაღალ სფეროებშიც მოქმედებს. რა მოვუხერხოთ გადაუწყვეტელ წინააღმდეგობებს? სიკვდილის პრობლემას, მაგალითად?

მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს: ან გამოვიკლიოთ და მოვარიგოთ ისინი რომელიმე ახალ ლოგიკურ სქემაში რაციონალიზების გზით, ან უგულებელვყოთ, გამოვდევნოთ. ან (უმეტეს შემთხვევაში) ისიცა და ესეც ერთდროულად. ადამიანს არ შეუძლია საკუთარ თავთან კონფლიქტში ცხოვრება. არსებობს შინაგანი სიმართლის რაღაც ნორმა. ყველაზე სწრაფად ის ცუდი კი არ დაივიწყება, შენ რომ ქვეყანამ და ადამიანებმა მოგაყენეს, არამედ ის, რაც შენ მიაყენე სხვებს ან საკუთარ თავს. და უჩვეულებრივესი ადამიანური ღორობაც - უმადურობა - გამოდევნასთანვეა დაკავშირებული. უდიდესი ძალით გამოიდევნება შურის ყველანაირი სახესხვაობა, არასრულფასოვნების კომპლექსის აურაცხელი ვარიანტები...

კაცს, რომელიც ამ მექანიკას ჩაუკვირდება, უძნელდება ხოლმე საქმე ადამიანებთან და საკუთარ თავთან. მაგრამ არც სირაქლემას პოლიტიკაა გამოსავალი. ყოველ შემთხვევაში აშკარაა, რომ პასუხი კითხვაზე: - გამოდევნა კარგია თუ ცუდი, - არ შეიძლება ერთმნიშვნელოვანი იყოს.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff