ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

ღამის ცვლა

 

თავი მეოთხე - სიზმრისეული სამეფოს გამოცხადებებიდან

(ჰიპნოზი უჰიპნოზოდ)

ღამის ცვლა

როგორც უკვე ვიცით, მძინარე ტვინი სრულებითაც არ დუმს ელექტრულად; რიტმების დაუსრულებელი ტალღები მოწმობენ, რომ მასში მუშაობა კვლავ გრძელდება. მაგრამ ელექტროდებმა ისიც გვაუწყეს, რომ დღისით მდუმარე ნეირონების დაახლოებით ნახევარი გაცხოველებით ლაპარაკობს ღამის საათებში, და პირუკუ. მაშასადამე, ტვინში არსებობს ღამის ცვლა, რომელიც თავის რაღაც საიდუმლო საქმეებს აგვარებს. მძინარე ადამიანებისა და ცხოველების ბიოდენების ხანგრძლივმა ჩანაწერებმა გვიჩვენეს, რომ ეს საქმეები საკმაოდ მკაცრი თანმიმდევრულობით ხორციელდება.

თვალები დახუჭული გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ არ გვძინავს. ამ დროს ელექტროენცეფალოგრამაზე დღის ცვლის სიფხიზლის რიტმები ბატონობენ. მაგრამ აი, ისინი ერთმანეთში არევას და რაღაც არასწორი ზიგზაგებით ურთიერთშენაცვლებას იწყებენ: ეს პირველი მსუბუქი თვლემაა, ნახევრადბურანი. „რა? არა, არ მძინავს“..

კიდევ რამდენიმე წუთი და ენცეფალოგრამის კალმებს უკვე თითისტარის მსგავსი მრუდები გამოჰყავთ: თვლემა ღრმავდება, გარე სამყარო სადღაც მიცურავს... შემდეგ მსხვილი, ნელი დელტა-ტალღები წამოვიდნენ, ეს უკვე ღრმა ან „ნელი“ ძილია - პრაქტიკულად არაცნობიერი მდგომარეობა. ამ დროს ღამის ცვლა მთელი ძალით მუშაობს. სხეულისა და თვითონ ტვინის ტემპერატურა კლებულობს, ნელდება პულსი, იკლებს სისხლის წნევა, ყველა ორგანო და ენდოკრინული ჯირკვალი ძილის რეჟიმით მუშაობს. დელტა-ტალღები დიდდება, გამოთიშვა სულ უფრო ღრმაა, ძილის ყველა გარეგნული ნიშანი მაქსიმალურად იკვეთება...

და აი, სწორედ აქ უცნაური რამ იწყება. თითქოს გონს მოეგო, ეს რა შორს შემიტოპავსო, ტვინი ტემპერატურისა და ელექტროაქტიურობის საწყის დონეზე დაბრუნებას იწყებს. ელექტროენცეფალოგრამაზე სიფხიზლის რიტმები ჩნდება. არა, მძინარეს არ ეღვიძება, მისი სხეულის კუნთები უფრო მეტად დუნდება. მაგრამ მაგრად დახუჭული ქუთუთოების ქვეშ მოძრაობას იწყებენ თვალის გუგები, შეიძლება შეთამაშდეს წარბები, ტუჩები, ხელი... (ძაღლები ამ დროს ოდნავ ინაცვლებენ თათებს, ზოგჯერ კუდს იქნევენ, კიდევაც წამოიყეფენ ხოლმე).

ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული პარადოქსული ანუ „სწრაფი“ ძილის ფაზა სიფხიზლის ბიოდენებით. იგი 8-დან 30 წუთამდე გრძელდება, შემდეგ კი ელექტრული მოვლენები ისევ ადრინდელი თანმიმდევრობით მიმდინარეობენ ტვინში. იწყება ძილის ახალი საძილე ციკლი. ასე ხდება ოთხ-ხუთჯერ მთელი ღამის განმავლობაში. ხოლო სხვადასხვა ფაზაში ცდისპირების გაღვიძებამ ექსპერიმენტატორები დაარწმუნა, რომ ყოველთვის, როცა კი სწრაფი ძილი იწყება, ადამიანი სიზმრებს ხედავს.

ეს უკვე დიდი აღმოჩენა იყო, რომელმაც სიცხადე შეიტანა ბუნდოვან გამოთქმაში: „იგი უკვე მეათე სიზმარს ხედავს“. ჩვეულებრივ ერთი ღამის განმავლობაში ათი სიზმრის ხილვა არ ხერხდება, მაგრამ ოთხი-ექვსი აუცილებელია მაშინაც კი, როცა გგონიათ, ერთიც არ გვინახავსო. უბრალოდ, თქვენ ასწრებთ სიზმრების დავიწყებას მანამდე, სანამ მეხსიერების სიფხიზლის ექოები ჩაერთვებიან და მათ თავიანთ ექოებში გააგრძელებენ. სიზმრების სამეფოში ცხოვრება მთელი ძილის 20 პროცენტს და, უნდა ვიფიქროთ, მთელი ცხოვრების საკმაოდ სოლიდურ ნაწილსაც შეადგენს.

მაგრამ ყველაზე დიდი აღმოჩენა სხვა რამ გამოდგა. გამოირკვა, ნელი ძილის დროს ადამიანი ბევრჯერაც რომ გავაღვიძოთ, იგი დილით თავს მაინც გამოძინებულად იგრძნობს. სხვადასხვაგვარადაა საქმე, როცა ადამიანს სწრაფი ძილის დაწყებისთანავე ვაღვიძებთ. ადამიანი, რომელსაც მთელი ღამის განმავლობაში ერთი სიზმრის ნახვის საშუალებაც კი არ მისცეს, დილით აცხადებს, ძალიან ცუდად მეძინა, ან საერთოდ არ მეძინაო, და საძაგლად გრძნობს თავს... უკვე პირველივე ასეთ ღამეს შეინიშნება, რომ სწრაფი ძილის ბიოდენები უფრო გახშირებულია, თითქოს ტვინი არასათანადო დროს ცდილობდეს მათ ანაზღაურებას. ისინი - სწრაფი ძილის ბიოდენები - დღისითაც ჩნდებიან. თუ ასე გაგრძელდა, ფსიქიკური მდგომარეობა ბოლოს და ბოლოს ნამდვილად აუტანელი ხდება; აღმოცენდება გაღიზიანებულობა, მოდუნება, მეხსიერების შესუსტება, მისწრაფებათა მოშლილობა; შეიძლება გაჩნდეს ჰალუცინაციებიც. ყველაფერი იმგვარადვეა, როგორც მაშინ, როდესაც ექსპერიმენტის გულისათვის ცდისპირები მრავალი დღის მანძილზე იკლებდნენ ძილს.

მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სიზმრები სჭირდება ადამიანს.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff