გორილას ფლუიდები
გორილას ფლუიდები
არა, ფლუიდები ან საიდუმლოებით მოცული ენერგია კი არა, არამედ ყურადღების, ემოციებისა და მეხსიერების მართვის ტექნიკა ნაწილობრივი დაძინების საფუძველზე - აი რა არის ჰიპნოზური ზემოქმედება. „მაგრამ რაღაცა მაინც არის...“ დიდი არს ძალი მოარული უმეცრული წარმოდგენებისა!
ჩაგონების რეალიზება, ჰიპნოზის განხორციელება დამოკიდებულია განსხვავებულ დონეთა ცვლადების სიმრავლეზე - სოციალურ-ფსიქოლოგიურზე, ფსიქოფიზიოლოგიურზე, სიტუაციურზე. ყოველივე ეს ურთიერთობის ანგარიშმიუცემელ მექანიზმებში იკვრება, და მთავარი ესენია.
ზოგჯერ თუ რბილად, დამამშვიდებლად უნდა ვუნანავოთ, სხვა დროს საჭიროა საკმაოდ მბრძანებლურად გვეჭიროს თავი... მაგრამ ყველა შემთხვევაში ეფექტი იმდენად ჰიპნოტიზიორზე არ არის დამოკიდებული, რამდენადაც ჰიპნოზირებულზე. რაღაც არაჩვეულებრივი თვალები ან სხვა ჰიპნოზური ატრიბუტები კი ჰიპნოზს მხოლოდ იმდენად უწყობენ ხელს, რამდენადაც ჯერ კიდევ მოქმედებს ზებუნებრივი ძლიერების მასობრივი, ცუდად გაგებული რწმენა.
არაჩვეულებრივად, შავი ან მონაცრისფრო-ფოლადისფერი, განუმტევი თვალები, ბასრი, მბურღავი მზერა, რაც ქუთუთოების თავისებურ მოყვანილობაზეა დამოკიდებული; უჩვეულო სიდიდე ან ფორმა თვალებისა, როდესაც გუგებს ზემოთ ან ქვემოთ ჩვეულებრივზე უფრო მეტადაა გამოჩენილი თეთრი გარსი; ჩამობარდღული ან, პირიქით მეფისტოფელურად ზემოთ აპრეხილი სქელი წარბები, გაყინული მზერა, რქოვანა გარსის მგრძნობელობის დაჩლუნგებასთან დაკავშირებული იშვიათი ხამხამი თვალისა - აი, ალბათ, ძირითადი ვარიანტები „ჰიპნოტიკური“ გარეგნობისა. სხვა კიდევ რა? გაბურძგნილი ფაფარი, რა თქმა უნდა, წვერი; უარეს შემთხვევაში მოზრდილი ცხვირიც გამოდგება. მთავარია, რაიმე უჩვეულობა იყოს, რომელიც მის უკან კიდევ სხვა „რაღაცას“ გვაფიქრებინებს.
ვფიქრობ, საიდუმლოს არ გავთქვამ, თუ ვიტყვი, რომ ზოგიერთი ჰიპნოტიზიორი უარს არ ამბობს, არ თაკილობს ამგვარი დამხმარე საშუალებების გამოყენებას. ამაში არაფერია დასაძრახი, რაკიღა მოცემულ შემთხვევაში საშუალება კი არ არის მთავარი, არამედ შედეგი. მახსოვს, ჩვენთან კლინიკაში ერთი ასპირანტი იყო იაკუტიიდან, ბრწყინვალედ ატარებდა ჰიპნოზს - და სწორედ თავისი დამახასიათებელი გარეგნობის აშკარა დახმარებით. მე ვიცნობ ჰიპნოტიზიორებს, რომლებსაც ოსტატურად შეუძლიათ თვალების ბრიალი, სხეულის ველური დაძაბვა და ცახცახი, შუბლის ძარღვის დარბევა, თითქოს რაღაცა უნდა ამოუშვან, ამოდევნონ საკუთარი სხეულიდან.
დიახ, ყველაფერი ეს მოქმედებს, განსაკუთრებით კი მგრძნობიარე ახალგაზრდა ქალებზე. ისინი „დენებსა“ და „ფლუიდებს“ გრძნობენ ხოლმე.
მე შენახული მაქვს ერთი მხატვარი ქალის ნახატი, რომელიც შესრულებულია ჩემს მიერ „თვალის“ ვარიანტით ჩატარებული ჰიპნოზური სეანსის დროს. თვალების დამახასიათებელი გამომეტყველება კარგადაა დაჭერილი და გაძლიერებული სურათში, რომელიც თავისთავად უჩემოდაც იწვევდა ჰიპნოზურ მდგომარეობას ზოგიერთ ჩემს პაციენტში. მათ ეჩვენებოდათ, სურათი ფლუიდებს გამოსცემსო.
თუმცა თვალმიშტერებით ჰიპნოზური ზემოქმედების კიდევ ერთი, როგორც ჩანს, უფრო ძველი და ღრმა მიზეზიც არსებობს. ხომ ცნობილია, რომ ბევრი ცხოველი ვერ იტანს, როცა ადამიანი პირდაპირ თვალებში უყუებს, მათ ეშინიათ ადამიანური მზერისა. უქმი გამონაგონი როდია ეს. თვითონ ცხოველთა შორისაც თვალებში ყურება რაღაცას ნიშნავს.
გორილებთან, მაგალითად, იგი გადამწყვეტ როლს თამაშობს ბატონობის ან მორჩილების დამოკიდებულებათა დამყარების დროს. მამალი გორილები პრაქტიკულად არასოდეს ჩხუბობენ. (ეს, ალბათ, ბიოლოგიურად არახელსაყრელი იქნებოდა ამ სახეობისთვის. გორილები ხომ შემზარავი ძალით გამოირჩევიან და ამიტომ ადვილად მოსპობდნენ ერთმანეთს. ისინი კი არაინტენსიურად მრავლდებიან, ასე რომ, თითოეული მამალი ოქროდ ფასობს).
ჩხუბი შეცვლილია თვალებში ყურების თამაშით. ორი მეტოქე შეხვედრისას ჯიუტად აშტერდება თვალებში ერთმანეთს და ის, ვინც პირველი აარიდებს მზერას, თავს დამარცხებულად გრძნობს. იმავე წესით - თვალებში მკაცრი შეხედვით მოუწოდებს წესრიგისაკენ წინამძღოლი თავის გათავხედებულ ხელქვეითებს. მაიმუნური თვალმიშტერება ფსიქიკური გამოცდაა. რომელი გადასწონის: შიში თუ ბრაზი? თვალებში მოურიდებელ შეხედვას შეუძლია გააშმაგოს გორილა. და რემი შოვენიც გვაფრთხილებს, თუ ადამიანი გორილასთან შეხვედრისას გაბედავს და პირდაპირ შეხედავს თვალებში, ცხოველი თათის ერთი დაუდევარი მოქნევით უბოდიშოდ წააცლის მას თავს. ამასთან დაკავშირებით მახსენდება, ცოტა ხნის წინათ ერთმა ჰიპნოტიზიორმა სახალხოდ როგორ გამოიწვია ორთაბრძოლაში მსოფლიო ჩემპიონი მძიმე წონის პროფესიონალ მოკრივეთა შორის. ჰიპნოტიზიორმა განაცხადა, საკმარისია, მოკრივეს თვალში ვუცქირო და გამარჯვებაც განაღდებული მაქვსო. ჩემპიონმა არ მიიღო გამოწვევა და უპასუხა, „მას მე დახუჭული თვალებით გავლახავო“.
როგორც არ უნდა იყოს, ეტყობა, „თვალისმიერი“ ემოციურ-სიგნალური მექანიზმი ნამდვილად არსებობს და ძალიანაც შესაძლებელია, რომ იგი შემონახულად მოქმედებდეს ადამიანში (მაიმუნებთან ჩვენი ახლო ნათესაობის დავიწყება არ ღირს). თვალებში მბრძანებლური შეხედვა ზოგჯერ, როგორც ჩანს, ნამდვილად აღვიძებს მორჩილების ძველთაძველ რეფლექსს და ხელს უწყობს ჰიპნოზს. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ჰიპნოტიზირებული პიროვნება იძლევა იოლი დამორჩილების საშუალებას. ამგვარი წესით ყველაზე უფრო ადვილად ძალიან ახალგაზრდა და მეტისმეტად მგრძნობიარე ადამიანები ჰიპნოტიზირდებიან.