ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

აზროვნებს კი ადამიანი?

 

თავი მეხუთე - ნადირობა ფიქრზე 

აზროვნებს კი ადამიანი?

„თავიდან არ ამომდის კითხვა, როგორ ხდება აზროვნება. რასაც უნდა ვლაპარაკობდე, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ან ვფიქრობდე, თავში ერთი მიტრიალებს: როგორ ხდება აზროვნება... როგორ ხდება... როგორ...“

ავადმყოფის ამ ჩივილს რომ ვუსმენდი, გამახსენდა, რომ ჯერ კიდევ მე-10 კლასში აგრე ავადმყოფურად თუ არა, საკმაოდ ჯიუტად მაინც შემიპყრო არსებითად იმავე იდეამ და სწორედ მან იქონია გარკვეული გავლენა პროფესიის არჩევაზე. მაშინ მეგონა, რომ საკმარისი იყო, მეცნიერებას გაეშიფრა „როგორ“... საკმარისი იყო „ფიქრის დაჭერა“ და ადამიანებს შორის არსებული გაუგებრობებიც მოისპობოდა. ყველა თანახმა იქნებოდა, ერთმანეთზე უკეთ ეაზროვნა. ამას ბავშვობიდანვე შეასწავლიდნენ. მოზრდილებისათვის მოკლევადიან კურსებს გახსნიდნენ უმეცრული აზროვნების აღმოსაფხვრელად. გენიალურობა წესად იქცეოდა, ხოლო გამონაკლისის სახით რაღაც ზეგენიალურობაც იარსებებდა.

როგორც ახლა ვფიქრობ, ამ ხანმოკლე ჭაბუკური უტოპიის შესაქმნელად კარგა გვარიანი სიტუტუცე იყო აუცილებელი. თუმცაღა, მთლად დარწმუნებით ჯერ კიდევ ვერ ვიტყვი.

მაშ, მაინც რა არის დღეს ცნობილი იმის შესახებ, თუ „როგორ...“?

იმ ასაკში, როდესაც ყველაზე მეტი კითხვა იბადება ხოლმე, პაპაჩემი დაჟინებით მიმეორებდა, რომ ერთ სულელს იმდენი შეკითხვის მიცემა შეუძლია, რამდენზეც ათი ბრძენი ვერ უპასუხებსო. მე პატივისცემით ვიმსჭვალებოდი სულელების მიმართ.

საბუთიანია თუ არა თვითონ ეს შეკითხვა?

შეიძლება თუ არა სავსებით ზუსტად ითქვას, რა გვაქვს მხედველობაში, როდესაც აზროვნებაზე ვლაპარაკობთ?

ურთულესი, უმაღლესი, რითაც დაკავებულია ჩვენი ტვინიო, - რომ ვამბობთ, - გასაგებია. მაგრამ სადაა საზღვრები? საკმაოდ ადვილია თქმა, როდის ვიაზროვნებთ, მაგრამ აბა სცადეთ განსაზღვრა, როდის არ ვაზროვნებთ, თუ ძილშიაც კი შეიძლება მათემატიკური ამოცანის ამოხსნა. ვინ გვეტყვის, როდის უჩნდება პირველი აზრი ბავშვს?

აზროვნების საზღვრები პირობითია და დაჟინებული განხილვისას ზუსტ განსაზღვრას არ ემორჩილება. ეს ისევე ძნელია, როგორც ფეხით იარო სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ და განსაზღვრო, სად მთავრდება სითბო და იწყება სიცივე. მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ ეკვატორიდან ჩრდილოეთ პოლუსზე გადაფრინდი, შეიძლება იგრძნო, ტემპერატურის გარკვეული ცვლილება.

- ახლა ყველა იმაზე დაობს, შეუძლია თუ არა აზროვნება მანქანას, - მითხრა მწერალმა გლებ ანფილოვნა - მე კი გეკითხებით: შეუძლია თუ არა აზროვნება ადამიანს? და გპასუხობთ: ადამიანი არ აზროვნებს.

- მოიცათ, ეს როგორ?

- ადამიანი, უბრალოდ, ცოცხლობს. ადამიანი გრძნობს, ხოლო ადამიანის მაგივრად მანქანა აზროვნებს.

- რომელი მანქანა?

- რომელიც ტვინშია მოთავსებული.

მე დღემდე ვერ გამიგია, სერიოზულად მელაპარაკებოდა თუ არა იგი. ეტყობა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა აზრს ჩავდებთ ცნებაში „ადამიანი“.

ხომ შეიძლება პირიქითაც ითქვას: „ადამიანი არ გრძნობს, მის მაგივრად გრძნობს ტვინის მანქანა. ადამიანი მხოლოდ აზროვნებს...“

მანქანა რაღაა? ეს გახლავთ საბავშვო ველოსიპედი და „ურალ-2“, ორთქლმავალი და მთარგმნელი-ავტომატი. ყოველი ცნების საზღვარი იქ არის, სადაც დაპირისპირების ხაზი გადის. მანქანა, როგორც საგანი, რასაც კეთება შეუძლია, თვითონვე უპირისპირდება პასიურ იარაღს. ქვემო ხაზი სადღაც, ნიჩაბსა და პირველ საქსოვ დაზგას შორის გადის. გაცილებით რთულია ზემო ხაზის განსაზღვრა. იგი იქ გადის, სადაც „მანქანის“ ცნებაში გვაქვს დაპირისპირება ცნებასთან „ადამიანი“. „ადამიან-მანქანის“ შესახებ ჯერ კიდევ აღორძინების ეპოქაში დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ ეს გამოთქმა ყურს გვჭრის დღემდე. ჯერ არ შექმნილა მანქანა, რომელიც თავისი სირთულით შეიძლებოდა თუნდაც ერთი ცოცხალი უჯრედისათვის შეგვედარებინა. ადამიანსა და დღეისათვის ცნობილ რომელიც გნებავთ მანქანას შორის კი სირთულის ხარისხის მხრივ ისეთი უზარმაზარი თვისებრივი სხვაობაა, რომ მარტო ესეც საკმარისი ჩანს, დაგვაფიქროს „რაოდენობის თვისებრივში გადასვლის“ შესახებ.

მართალია, არსებითად, არაფერია რთული ან მარტივი, ისევე როგორც, ყველაფერი რთული და ყველაფერი მარტივია. ქვა მარტივია, თუ იგი უნდა ავწიოთ და გადავაგდოთ, მაგრამ რთულია, როცა მისი კრისტალური სტრუქტურის შეცნობა გვინდა. ყოველი საგნისა და მოვლენის სირთულე ან სიმარტივე მხოლოდ ჩვენს მიდგომაზეა დამოკიდებული, ნებსითსა ან იძულებითზე, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ამოცანებს ვისახავთ. მტკიცება „ორჯერ ორი ოთხია“ საერთო მოსახმარი სწორხაზობრივი ლოგიკის მიხედვით თავისთავად ცხადი და აფორისტულად მარტივია, მაგრამ ასეთი სულაც არ არის სხვა ლოგიკურ სისტემებში, რომლებიც მეცნიერებაში გამოიყენებიან და ამოცანათა სხვა წრეში მუშაობენ. ადამიანი, როგორც მიზეზ-შედეგობრივი სისტემა, უსაზღვროდ რთულია ფსიქოლოგისათვის და როგორც ორჯერ ორი (ჩვეულებრივი ლოგიკით) მარტივია ბიუროკრატისთვის, რომელიც საქმეზე მოსულს შემამცირებელ სარკეში ხედავს. მიკროსკოპისტებმა იციან, რა არის ხელსაწყოს „გარჩევის უნარი“. აი, ლუპის ქვეშ მტვრის რაღაც ნაწილაკია. თუ უფრო მეტად გავადიდებთ, უკვე ცოცხალ ორგანიზმს, რომელიღაც ინფუზორიას დავინახავთ, კიდევ უფრო მეტი გაძლიერება - და იგი ორგანულ მოლეკულათა უზომოდ დიდ აგრეგატად წარმოგვიდგება...

სირთულის ან სიმარტივის შთაბეჭდილება, როგორც ჩანს, დამოკიდებულია იმაზე, თუ ამოცანის ამოხსნისათვის, ინტუიტიურად, გონების როგორი „გარჩევის უნარი“ მიიჩნევა საკმარისად. და, ალბათ, ყველაზე უფრო ხელსაყრელია გონების მზადყოფნა, რომ ერთსა და იმავეს ყოველ მომენტში განიხილავდეს როგორც უსასრულოდ რთულსაც და უკიდურესად მარტივსაც, მუდამ ახსოვდეს ფარდობითოა და მოქნილად არეგულირებდეს „გარჩევის უნარს“.

თუ ამას დავეთანხმებით, შესაძლოა, ფსიქიკის თეორიის აგების სიძნელეებიც რამდენადმე სხვაგვარად შევაფასოთ. არა, საქმე ის კი არ არის, რომ ტვინი ატომზე რთულია; თითოეული ატომი, სასრული გარედან, უსასრულოა შიგნით. არც ისაა სწორი, თითქოს რთული უფრო მარტივისაგან ყალიბდებოდეს ყოველთვის: ჯარისკაცების ოცეულის მართვა უფრო მარტივია, ვიდრე თითოეული ჯარისკაცისა ცალკე. ფსიქიკის თეორია იმ სახით, რომელიც დაგვაკმაყოფილებდა, აგებული უნდა იქნეს გონების ფრიად მაღალი „გარჩევის უნარის“ დონეზე, თუნდაც ერთი რიგით მაღლა, ვიდრე ყოველდღიური ურთიერთობების „გარჩევის უნარია“. ფსიქიკის თეორია ძირითადად ხომ იმისათვის გვჭირდება, რომ ურთიერთობა უფრო სრულყოფილი გავხადოთ. ურთიერთობაში კი გამუდმებით გვიხდება იმ ამოცანების გადაჭრა, რომლებიც გონების „გარჩევის უნარის“ საზღვრებთან სადღაც ახლოს ძევს.

აქამდე შემოთავაზებული ფსიქიკის ყველა თეორია ამიტომაც ხომ არ მოიკოჭლებდა, ერთის მხირვ, მეტისმეტი სივიწროვითა და კერძოობით, ხოლო მეორეს მხრივ - მეტისმეტი განზოგადებულობით? ამ თეორიების მიზეზით ხომ არ არის, რომ დღემდე ვერ მივაღწიეთ, აუცილებელი სიზუსტით წინასწარ გვევარაუდა ადამიანთა ქცევები? ჩვენ, უბრალოდ, ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ მთელი ადამიანის დანახვა განზომილებათა იმ სიმრავლეში, რომლებიც საჭიროა.

ამგვარად, შეცდომა იქნებოდა იმის თქმა, რომ ადამიანი მანქანაა, უფრო სწორად, აგრეგატი იმ მრავალ მანქანათა შორს, რომელთაგან სათითაოდ რომ ავიღოთ, ადამიანი არც ერთზე არ დაიყვანება? ხომ არ არის იგი მანქანა, რომელსაც გააჩნია უაზარმაზარი „სივრცე თავისუფლების ხარისხისა“ (არსებობს ასეთი მათემატიკური ცნება) - სივრცე, სწორედ, რომელიც იძლევა გასაქანს განუმეორებლობის, წინასწარ განუჭვრეტელობისა და თვითგანვითარების უნარისათვის? შეცდომა იქნება თუ არა, ადამიანს ვუწოდოთ მანქანა, რომლის კონსტრუქტორიც ევოლუცია იყო, ამწყობი კი მისივე მსგავსთა საზოგადოება?

ვფიქრობთ, შეცდომა არ უნდა იყოს. ადამიანის განსაზღვრა „მანქანის“ ცნების საშუალებითაც შეიძლება. თუმცა ძველი ტერმინოლოგიით სარგებლობა როგორღაც უფრო მარტივია, მეტი სითბო და სიმშვიდე ახლავს. ადამიანი მანქანას მხოლოდ თავისი სირთულით არ უპირისპირდება. დაპირისპირება ემოციური ხაზითაც მიდის. თუ მანქანა უგრძნობელია, მექანიკურად აკეთებს თავის საქმეს, ადამიანი იღლება, იტანჯება, უყვარს, თანაუგრძნობს, იცინის და ბრაზობს.

მაგრამ, მოითმინეთ, განა ყველა ამ თვისებას სავსებით მატერიალური, ფიზიოლოგიური სარჩული არ უდევს? დაღლილობა, კაპრიზები? მექანიკურ მანქანას ყველაფერი ეს რამდენიც გნებავთ იმდენი აქვს, ოღონდ ამას იგი თავისებურად გამოხატავს: მანქანებიც მოითხოვენ თანაგრძნობასა და სიყვარულს, თუ გვინდა რომ კარგად იმუშაონ. სიტყვები - აი, რა არა სჭირდებათ მათ ჯერჯერობით, მაგრამ გამორიცხული არ არის, ესეც დასჭირდეთ. მანქანები კაცობრიობის შვილებია, მონა-შვილები, ადამიანი მანქანებს თავიდანვე თავისი საკუთარი ფუნქციების გაგრძელებისა და სრულქმნისათვის, ესე იგი ნაწილობრივ თავისივე თავის მსგავსად ქმნიდა. მაგრამ მსგავსება სულ უფრო და უფრო მატულობს... გენიალური ზარმაცი მანამდე ვერ მოისვენებს, სანამ მანქანას არ გააკეთებინებს ყველაფერს, რაც თვითონ შეუძლია, და უფრო მეტსაც.

მეცნიერებისათვის ნაყოფიერია ადამიანზე „მანქანური“ წარმოდგენა, ვინაიდან მხოლოდ იგი იძლევა ორგანიზმსა და ტვინში მიმდინარე მატერიალურ პროცესებში გარკვევის იმედს. კიბერნეტიკას სრული უფლება აქვს ბიოლოგიურ სისტემებს და მათ შორის ადამიანსაც განიხილავდეს როგორც ავტომატების განსაკუთრებულ კლასს, ოღონდ ამ დროს მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს სიცოცხლის ავტომატიკის თვისებრივი განსხვავება და განსაკუთრებული პრინციპები. ადამიანის ამგვარი „გამანქანება“ მიზეზობრივი მიდგომის ტოლფარდია და სრულებითაც არ არის შეურაცხმყოფელი. მართლაც რომ, თუ გინდა ქოთანი დამიძახე, ოღონდ ღუმელში ნუ შემდებ. ტვინის მანქანის განატეხებს ფსიქიატრიც ხედავს და მისთვის განსაკუთრებით აუცილებელია ადამიანის მიმართ „მანქანურ“ და ადამიანურ-პიროვნულ მიდგომათა შეხამება.

ცნებების „მანქანა“ და „ადამიანი“ ამგვარი თანაფარდობის დადგენის შემდეგ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ კითხვა - მაინც ვინ აზროვნებს, მანქანა თუ ადამიანი? - უბრალოდ უაზროა. წყდება საკითხიც: მანქანისათვის შესაძლებელია თუ არა მანქანური „მე“, მანქანური „პიროვნება“?

პასუხი: შესაძლებელია. ხოლო თუ არა, მაშინ არამატერიალური სულის არსებობა უნდა ვაღიაროთ.

საეჭვოა ღირდეს თავისმტვრევა საკითხზე, რა წარმოადგენს აზროვნებას და რა არა. როცა ვკითხულობთ, როგორ აზროვნებს ადამიანი, ჩვენ ყველაფერი გვაინტერესებს, რაც მის ტვინში ხდება: თვით გოლების გატანის უნარიც ხომ მარტო ფეხებზე არ არის დამოკიდებული. 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff