ჯანმრთელებზე უფრო სწორად
ჯანმრთელებზე უფრო სწორად
აი, მაპროგნოზირებელი მექანიზმის ამჯერად უკვე ადამიანში მუშაობის კიდევ ერთი უბრალო მაგალითი - ილუზია, რომელიც ფრანგმა ფსიქოლოგმა შარპანტიემ აღმოაჩინა. მის გამოცდას ყველა ადვილად შეძლებს, თუ ერთმანეთს შეუდარებთ ზუსტად თანაბარი სიმძიმის მქონე დიდი და პატარა ასანთის კოლოფების წონას. პატარა კოლოფი უფრო მძიმე მოგეჩვენებათ. განსაკუთრებით მსუბუქი ჩანს დიდი, მაგრამ ცარიელი ჩემოდანი.
კონტრასტის მიხედვით აღმოცენებული ილუზია სხვა ვერაფრით ვერ აიხსნება, თუ არა წინასწარი პროგნოზით: „დიდი - მძიმე უნდა იყოს, პატარა - მსუბუქი“. პროგნოზი ავტომატურია, ერთბაშად ფორმირდება ქვეცნობიერის დონეზე. ცნობები კოლოფების განსხვავებული ზომების შესახებ წამიერად შედის ტვინში - მხედველობისა და შეხების გზით. ტვინი აფიქსირებს განსხვავებას მოცულობის მხრივ, ჩვეულებრივ, თან ახლავს შესაბამისი განსხვავებაც წონაში. ცხოვრებაში ხომ არაერთხელ შეგვიდარებია ერთმანეთისთვის საგნების წონა. და პროგნოზიც აუცილებლის კი არა, არამედ ყველაზე მეტად მოსალოდნელის განსაზღვრაა.
კოლოფებს ხელში ოდნავ ვათამაშებთ... მაგრამ „წინასწარაკვიატების“ გამო ერთ ხელში კუნთები ოდნავ უფრო ძლიერად მუშაობენ, ვიდრე მეორეში, და საპასუხო იმპულსებიც, რომლებიც ტვინში მიჰქრიან, უკვე ორივე მხრიდან სხვადასხვაგვარია... პატარა „უფრო მძიმეა“, და ამ შეგრძნებას ვერ ვიცილებთ მაშინაც კი, როდესაც დანამდვილებით ვიცით, რაშია საქმე. აი, უბრალო, მაგრამ უაღრესად ცხადი მოდელი ბევრად უფრო სერიოზული წინასწარი აკვიატებებისა...
იმის შესამოწმებლად, რომ საქმე სწორედ ქვეცნობიერ პროგნოზირებას ეხება, ორივე კოლოფს ძაფები გამოაბით, აიღეთ ხელში და კოლოფების წონა დახუჭული თვალებით ერთმანეთს ისე შეუდარეთ, რომ არ იცოდეთ, რომელ ხელში რომელი გიჭირავთ. დარწმუნდებით, რომ ისინი ან ერთნაირები გეჩვენებათ, ან შეცდომათა რიცხვი დაახლოებით თანაბარი იქნება როგორც ერთი, ისე მეორე ხელისათვის.
მაგრამ „ბუნებრივი“ აკვიატებები ყველა ადამიანში არ მოქმედებს. ი. მ. ფეიგენბერგის იდეაზე დაფუძნებული ცდების სერიით მე შევძელი მეჩვენებინა, რომ ზოგიერთ სულით ავადმყოფში შარპანტიეს ილუზია შესუსტებულია, ან სრულებით არ არსებობს. ამის გამო ავადმყოფები, როგორი საკვირველიც არ უნდა იყოს ეს, უფრო სწორად აფასებენ საგანთა წონის შეფარდებას, ვიდრე ჯანმრთელები. ეს ყველაფერი ი. მ. ფეიგენბერგმა წინასწარ ივარაუდა იმის საფუძველზე, რომ ფსიქიკური ავადმყოფობების დროს ალბათური პროგნოზირება დარღვეული უნდა იყოს. მე კი ცდების რამდენიმე სერიის შემდეგ თვითონვე დავიწყე პროგნოზირება, სახელდობრ, რომელ ავადმყოფს შეიძლება ჰქონოდა შეცვლილი შარპანტიეს ილუზია. აღმოჩნდა, რომ ეს ის ავადმყოფები იყვნენ, რომელთა აზროვნებაც განსაკუთრებული უდისციპლინობით, ქაოტურობით გამოირჩეოდა. ამგვარ აზროვნებაში შემთხვევითი, დაუჯერებელი, ფანტასტიკური შეხამებები ბატონობენ. ყველაფერს შეუძლია ყველაფერთან შერწყმა. ლოგიკა, როგორც ასეთი, არ არსებობს. მეტყველება ხშირად „დაგლეჯილის“ შთაბეჭდილებას ტოვებს. ასეთი ავადმყოფების ვერც სათქმელს, ვერც ემოციებს, ვერც ქცევებს წინასწარ თითქმის ვერ ვივარაუდებთ, ვინაიდან მათ არ განსაზღვრავს ის, რაც ნიშანდობლივია საღად მოაზროვნეებისათვის.
რა თქმა უნდა, ამ ავადმყოფებსაც ათობით და ასობით ექნებოდათ განსხვავებული საგნების წონათა შედარების შემთხვევები, მათი ხანგრძლივი მეხსიერებაც ინახავდა, ალბათ, მოცულობისა და წონის მოსალოდნელ თანაფარდობებს. მაგრამ დარღვეული იყო სწორედ მეხსიერების ამ ნაკვალევთა გამოყენება პროგნოზირებისათვის.
მაგრამ როგორია კავშირი ამ პროგნოზირებასა და აზროვნებას შორის და არის კი საერთოდ?