ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

თვითშთაგონების მექანიკა

 

თვითშთაგონების მექანიკა

მე მესმის მკითხველთა გარკვეული ნაწილის მოუთმენლობა: ჩქარა მოგვეცით კონკრეტული რეკომენდაციები, თუ რა, როგორ და რისთვის უნდა ვაკეთოთ... მაგრამ საამისოდ წინასწარ ზოგი რამის გარკვევაა საჭირო.

მოკლედ რომ განვსაზღვროთ: ფსიქიკური თავდაუფლების არსი - ქვეცნობიერის შეგნებული მართვაა (დაახლოებით ასე ჩამოაყალიბა სტანისლავსკიმ აქტიორული ტრენინგის მთავარი ამოცანა). ეს არის მოთოკვა ორგანიზმისა და ფსიქიკის ანგარიშმიუცემელი ავტომატიკისა - იმისა, რაც უარს ამბობს, დაემორჩილოს გონივრულ თვითპროგრამებს და „მომხდარი ფაქტის წინაშე“ აყენებს ცნობიერებას.

ემოციების არამართვადობა, ტონუსის მერყეობანი, მეხსიერების კაპრიზები, უყურადღებობა, აზროვნების გაუგებარი ფოკუსები, სხვადასხვა პერიფერიული ორგანოების სამწუხარო გამოხდომები... ყველა, ვინც რამდენადმე მაინც შესჯახებია ამ დაუმორჩილებლობასა და არამართვადობას (მე კი ჯერ არ შემხვედრია არავინ, ვისაც ასეთი რამ არ განეცადოს), ადვილად დაგვეთანხმება, რომ ქვეცნობიერს თავისი ლოგიკა აქვს, რომელიც შეიძლება ემთხვეოდეს, ან არ ემთხვეოდეს ცნობიერების ლოგიკას.

რატომ არის იოლი მიწაზე დაგდებულ მორზე გავლა, ხოლო მაღლა გადებულზე კი შეუძლებელია? ეს ხომ იგივე მორია, საკმაოდ ფართო და მსხვილი იმისათვის, რომ წონასწორობა შევინარჩუნოთ...

მაგალითი ტრივიალურია, მაგრამ მასში, როგორც გამჭვირვალე წვეთში, მრავალი ნევროზისა და ფსიქიკური პარადოქსების მექანიზმები დაინახება. თქვენ ამ შემთხვევაში უნებური, გადაჭარბებული თავის დაზღვევის („არ გადმოვვარდე“) მსხვერპლი ხდებით და ვიდრე ფეხს შესდგამდეთ, უკვე მანამდე ხართ მორიდან გადმოვარდნილი. მთელი სიავე ამ ქვეცნობიერ „ვაითუ...“-შია. სწორედ იგი ახდენს სუბიექტური ალბათობის შენაცვლებას. ცნობიერების საბუთებს, რომ გავლა პრინციპში შესაძლებელია, ქვეცნობიერი გადაჭრით უარყოფს. აი, მისი ლოგიკა: რაკი ჩამოვარდნა სახიფათოა - ჩამოვარდნა უფრო შესაძლებლად უნდა ჩავთვალოთ. ხოლო რაკი ასეა, კუნთების დაძაბვა უნდა მოვასწროთ... აქედან წონასწორობის მუხთალი დაკარგვა და რაც გაშინებდათ, იმის აცხადება.

ვისაც ამ ჯიუტი ქვეცნობიერი ლოგიკის უკეთ გაგება სურს, მე სერიოზულად ვურჩევ, საკუთარი თავი მორზე გამოსცადოს (ოღონდ ხრამზე კი არა, ღმერთმა დაგვიფაროს, არამედ საკმაოდ უსაფრთხო სიმაღლეზე). თქვენ დარწმუნდებით, რომ მექანიზმის გაგება, ამ შემთხვევაში თქვენი ვარდნის მექანიზმის გაგება, ჯერ კიდევ არ განთავისუფლებთ მისი მოქმედებისაგან, მაგრამ რაღაც წინამძღვრებს კი ჰქმნის საამისოდ. ამ მოდელით შეიძლება უკეთ ჩასწვდეთ აგრეთვე თქვენს ბევრ სხვა „ვაითუ...“-საც. მორზე ნაგრძნობი შეიძლება კარგ კონტროლადაც გამოგადგეთ თვითმოშვებისა და თვითშთაგონების ჩვევებისათვის, რომლებზედაც ქვემოთ ვლაპარაკობთ.

თვითშთაგონების დროს რაღა ხდება?

სარგებლობს რა წარმოდგენებისა და თვითასახვის (რეფლექსის) კომბინირების უსაზღვრო შესაძლებლობებით, ფსიქიკა თავისი თავის შინაგან მოდელს ჰქმნის და თვითონვე ესადაგება მათ. ყურადღების დაუნჯებითა და დაჟინებული გამეორებებით ეს თვითმოდელები ხანმოკლე მეხსიერებიდან ხანგრძლივში (ცნობიერებიდან ქვეცნობიერში) გადადიან და ბოლოს და ბოლოს, ადრე თუ გვიან, ავტომატურ ზემოქმედებას იწყებენ თვითშეგრძნებასა და ქცევაზე.

საკუთარი თავის ჩაგონება ნიშნავს - ირწმუნო, ირწმუნო კი იმას - რომ იყო. ამასაც თავისი საზღვრები აქვს: თავი რომ დავარწმუნო, ნაპოლეონი ვარ-მეთქი, ნაპოლეონი ვერ გავხდები. მაგრამ სულით ავადმყოფის ქცევაში, რომელსაც გულწრფელად სჯერა, ნაპოლეონი ვარო, ისეთი შტრიხები ვლინდება, ვერაფრით რომ ვერ გადაიღებს ადამიანი, რომელიც ცდილობს ნაპოლეონად მოგვაჩვენოს თავი. ეს შტრიხები სულით ავადმყოფის გარდა შეიძლება მხოლოდ მსახიობში დავინახოთ, რომელიც ნაპოლეონად გარდაისახება (თვითშთაგონება) ან კიდევ სომნამბულში ჰიპნოზური გარდასახვის დროს.

მაშასადამე, რწმენა შეიძლება განისაზღვროს, როგორც სრული თანხმობა ცნობიერებისა და ქვეცნობიერს შორის. იგი აზრისა და გრძნობის სულ ერთმნიშვნელოვან შესატყვისობას გულისხმობს. გასაგებია, რომ ადამიანი, რომელსაც სჯერა კარგ გუნებაზე ვარო, მართლაც კარგ გუნებაზეა, ხოლო ვინც ფიქრობს, რომ გაბრაზებულია - ნამდვილად გაბრაზებულია; ვისაც გონებამოკრებილი ჰქონია თავი, ნამდვილად გონებამოკრებილია... ახლა კი, ალბათ გასაგები უნდა იყოს ნამდვილი აზრი ძველი პრუტკოვისეული ხუმრობისა: „თუ ბედნიერი გინდა იყო, ბედნიერი იყავი“.

უნებლიე თვითშთაგონებები ადამიანის მთელ ცხოვრებას მსჭვალავენ, წინ უსწრებენ და თან სდევენ თითოეულ ჩვენს ნაბიჯს. ქვეცნობიერი პროგნოზები და ანგარიშმიუცემელი წინარე მოქმედებები განუწყვეტლივ ქსოვენ მომავალს. როცა სარკის წინ კოხტაობს, ქალი ნახევრადშეგნებულად აჯერებს თავს, რომ მთელი დღის განმავლობაში საკმაოდ მომხიბვლელი იქნება სხვებისათვის. სამუშაო დილას, ვიდრე ლოგინიდან ავდგებოდეთ, ჩვენი არსების რაღაცა ნაწილით უკვე სამუშაოზე ვართ (ღამიდანვეც კი, დასაძინებლად როცა ვწვებით), ხოლო როგორც კი ბილეთებს ავიღებთ კონცერტზე, რომელიც ორი კვირის შემდეგ უნდა გაიმართოს, საკუთარ თავში მაშინვე დასვენებისა და ზეიმის რაღაც ნაწილს ვასადგურებთ. ტაქსის შოფერი, რომელიც მანქანასთან მიდის, სრულებით ვერ ამჩნევს, რომ სადღაც ქვეცნობიერში ფეხს აჭერს გაზის პედალს, იკრებს ჩვეულ სიფხიზლეს, მგზავრებთან ურთიერთობისათვის ემზადება...

ფსიქიკური გადაწყობის სიგნალები სიტუაციებითა და აღქმულის მთელი კომპლექსით არის შთაგონებული. საძაგელ გუნებაზე იმიტომ ვარ, რომ უსიამოვნო ლაპარაკი მელის; შეურვებული კი იმიტომ რომ უამრავი საქმე მაქვს. სიტუაციების შეფასება, შესაძლო გამოსავალთა ჩხრეკა-გადარჩევა, ყველაფერი ეს, როგორც აისბერგი, თავისი მთავარი ნაწილით ანგარიშმიუცემლობის დონეზეა ჩამალული ჩვეულებრივ. ძირითად, ეგრეთწოდებულ შავ სამუშაოს ქვეცნობიერი ასრულებს დაუზარებელი რეფერენტივით, რომელსაც ცნობიერებასთან მარტო „ქაღალდები მიაქვს ხელმოსაწერად“.

მაგრამ თუ თავს უფრო მეტი ყურადღებით დავუკვირდებით, ადვილად დავრწმუნდებით, რომ ფსიქიკის ანგარიშმიუცემელი პროცესების უმრავლესობა შეიძლება გაცნობიერებულ იქნებს და გარკვეულ ფარგლებში ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რა მიმართულებით განვეწყობით. აი, მაგალითად, მეგობრულ შეხვედრაზე მივეშურები, შინაგანად კი ჯერ კიდევ არ განვთავისუფლებულვარ სამუშაო დაძაბულობისაგან. უფრო მეტიც, დღეს უხეირო დღე მქონდა, და ამიტომა ვარ დაღვრემილ-მოპირქუშებული. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ასეთი განწყობილებით იქ მისვლა უხერხულია. ამიტომ მე, უფრო ქვეცნობიერად, ვიდრე არაცნობიერად, ვრთავ თვითპროგრამას - „გართობა, დასვენება, მხიარულება“. ახლა ჩემი განწყობილებაც და ქცევაც უკვე იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ვითარება დამხვდება იქ, ან მე თვითონ რამდენად შევძლებ გადართვას. წარმატება, ანუ კარგად გავატარებთ თუ არა დროს მე და ჩემი ამხანაგები, რომელთა გუნება-განწყობილება ჩემზედაცაა დამოკიდებული, - განისაზღვრება იმით, თუ ჩემი ქვეცნობიერი რამდენად დაემორჩილება ცნობიერ თვითპროგრამას. თუ დაემორჩილა, ძალდაუტანებლად მხიარული, თამამი და იქნებ გონებამახვილიც კი ვიყო. არ დაემორჩილება და - შინაგანადაც გამოციებული დავრჩები, სხვებსაც რომ არ გავუფუჭო ხასიათი, რის ვაივაგლახით უნდა ეცადო უგუნებობის დამალვა - ერთი სიტყვით, რაღაც სისულელე თუ გამოვა... რა თქმა უნდა, წვეულებაზე წარმატება ისეთი წვრილმანია, რომელიც შეიძლება არაფრად ჩავთვალოთ, მაგრამ ზოგჯერ ქვეცნობიერის მობილიზაციაზე ადამიანის ყოფნა-არყოფნაა ხოლმე დამოკიდებული.

მეორე მსოფლიო ომი მთავრდებოდა, როცა ტო-რამა მძმედ დაიჭრა ხელყუმბარის ნამსხვრევით. საველე ჰოსპიტალში მისი მდგომაერობა უიმედოდ ცნეს - მან გაიგონა ექიმების ნათქვამი. იგი მომაკვდავთა პალატაში გადაიყვანეს. „მაშინ, - წერს ტო-რამა თავის სტატიაში, - ჩემში რაღაც აჯანყდა... კრიჭა შევიკარი და თავში მხოლოდ ერთი აზრი დავატრიალე: „ცოცხალი უნდა გადარჩე, არ მოკვდები, შენ არავითარ ტკივილებს არ გრძნობ“, და სხვა ამგვარი. ამას უთვალავჯერ ვუმეორებდი საკუთარ თავს, ვიდრე ეს აზრი იმდენად არ გამიჯდა სისხლსა და ხორცში, რომ მთლიანად გამიქრა ტკივილის შეგრძნება. არ ვიცი რანაირად, მაგრამ დაუჯერებელი რამ კი მოხდა. გაკვირვებული ექიმები თავებს აქნევდნენ. ჩემი მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდებოდა. ასე დარვჩი ცოცხლებში ჩემი ნების წყალობით. ორი თვის შემდეგ ვენის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გამიკეთეს ოპერაცია საერთო ნარკოზისა და ადგილობრივი გაუტკივარების გარეშეც კი, მარტო თვითშთაგონებაც საკმარისი აღმოჩნდა. როცა სავსებით გამოვჯანმრთელდი, საკუთარ თავზე გამარჯვების ჩემი სისტემა გამოვიმუშავე და ამ მხრივ ისე შორს წავედი, რომ საერთოდ აღარ განვიცდიდი ტანჯვას, თუ კი არ მინდა განვიცადო“ 1. (1 Л. Л. Васильев, Таинственные явления человеческой психики, изд. 2-е М., Госполитиздат, 1963, стр. 77).

ტო-რამა ფსევდონიმია, ამ ადამიანს ნამდვილი გვარი სხვა ჰქონდა, ავსტრიელი იყო, პროფესიით ინჟინერი.

ეს შემთხვევა თვითშთაგონების შესაძლებლობებისა და ტექნიკის ჩინებული ილუსტრაციაა. წარმოუდგენლად ძნელი დასაწყისი, სასოწარკვეთილი გადაწყვეტილება, გონების დაუნჯება, გამუდმებული ცდები და დასასრულ წარმატება, საბოლოო გამარჯვება საკუთარ თავზე, განუყოფელი ფლობა საკუთარი ემოციებისა.

ცნობილია ათობით, ასობით ასეთივე და კიდევ უფრო შთამბეჭდავი შემთხვევები. ზოგიერთი ძალზე ცნობილიც კია - იმდენად, რომ აღარც კი ვუფიქრდებით ხოლმე მათს არსებას. უწინარეს ყოვლისა, გვახსენდება ნიკოლოზ ოსტროვსკი, ალექსი მარესიევი და მათი მრავალრიცხოვანი ორეულები, რომელთა სახელებიც ასე ფართოდ ცნობილი არ გამხდარა. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ადამიანების გმირულ თვითძლევას ასაზრდოვებდა ზეპიროვნული საქმისადმი, მაღალი იდეისადმი სამსახურის წადილი, ამისი მეორე, „ტექნიკური“ მხარეც არ უნდა დავივიწყოთ: საკუთარი თავის დაძლევისას ყველა ისინი თვითშთაგონებას მიმართავდნენ. ამ დროს კი ზებუნებრივი არაფერი ხდება: იგი ყოველთვის ჩვენს ხელთაა. საქმე ტვინისეული ძალების ფარული სიჭარბის მობილიზაციას ეხება მხოლოდ.

მე არც პირველი და, ალბათ, არც უკანასკნელი ვარ, თვითშთაგონებაზე რომ ვწერ და მას ფსიქიკაზე ზემოქმედების საშუალებად რომ ვთავაზობ. თვითშთაგონების მრავალი ხერხი უძველესი დროიდანვე გამოიყენებოდა სრულიად განსხვავებული ადამიანური მიზნებისათვის... მაგია და რელიგია, მედიცინა და ხელოვნება, სამხედრო საქმე და პედაგოგიკა, დასვენება და შრომა - ყველგან, სადაც კი ფსიქიკაზე ძლიერი და ღრმა ზემოქმედებაა საჭირო, რა მიმართულებითა და მიზნებითაც გნებავთ, ოდითგანვე თვითშთაგონება მუშაობდა და მუშაობს. ლოცვის ფსიქოფიზიოლოგიური არსი და სამკურნალო თვითშთაგონების ფორმულები სავსებით ერთი და იგივეა და ამაში არაფერია წამგებიანი მედიცინისათვის.

მაგრამ თავსაც ნუ მოვიტყუებთ: თავის დროზე ხომ დიდებული იყო ტო-რამა (საკუთარ ხელოვნებას იგი ცირკებში უჩვენებდა), მაგრამ ბოლოს და ბოლოს ვეღარავითარმა თვითშთაგონებამ ვეღარ უშველა და მაინც მოკვდა. ამ უნარმა მას მხოლოდ იმის მაქსიმუმი მისცა, რაც დაფარული, მისაწვდომი იყო, შეაძლებინა მიეღწია იმისათვის, რასაც ღირებულად თვლიდა თავისთვის. არავინ არაფრისაგან არაა დაზღვეული: ექიმებიც ავადდებიან და კვდებიან, ყველაზე გამოცდილ ფსიქოლოგებსაც ეშლებათ ელემენტარულ ურთიერთობებში...

ინტელექტის მუდმივი დაძაბულობა და სულიერი სითამამე უკვე მარტო იმისთვისაა საჭირო, რომ დაუღალავად ვაკვირდებოდეთ საკუთარ თავს ფხიზელი თვალებით. დიახ, თვითშემეცნებისა და თავდაუფლების საზღვრები ისევე არსებობენ, როგორც სიცოცხლისა და ფიზიკური ძალებისა. მაგრამ ადამიანისათვის მიჯნების გადაწევაც ნიშანდობლივია. ფრჩხილების გარეთ რომ გავიტანოთ ყველაფერი, რაც ჩვენზე არაა დამოკიდებული, ყოველთვის მაინც დარჩება რაღაც სიდიდე, ხან მეტი, ხანაც უკიდურესად მცირე, მაგრამ ზუსტად რომ ვერასოდეს განისაზღვრება - ოპტიმიზმის კოეფიციენტი.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff