თუ ნებისყოფა არა გვაქვს?
თუ ნებისყოფა არა გვაქვს?
„აუტოგენურ ვარჯიშს ვერ ვახერხებ, ვინაიდან სიტყვა „საჭიროა“ არ არსებობს ჩემთვის. მე მხოლოდ იმის კეთება შემიძლია, რაც მსურს. ხშირად ამასაც ვერ ვაკეთებ ხოლმე, თუ მეზარება, ანუ თუ არაფერი მინდა. როგორ გამოვიმუშაო ნებისყოფის ძალა? ამისათვის ხომ თავი უნდა ვაიძულო და ვაკეთო რამე, მაგრამ სწორედ ეს არ ძალმიძს. ჩემთვის სწორედ ეს არის შეუძლებელი. მაშასადამე, გამოდის: ნებისყოფა რომ გამოიმუშაო, უნდა გქონდეს. არა, ვისაც რა უწერია, ის არ ასცდება. კუზიანს სამარე თუ გაასწორებს“.
ეს უკვე მართლა იმ შემთხვევას ჰგავს, როცა ვერაფრით დაეხმარებით კაცს.
მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად უნებისყოფო ადამიანები არ არსებობენ. ამას ამტკიცებს მსოფლიო გამოცდილება უქნარებისა, რომლებიც განსაცვიფრებელ შრომისუნარიანობას ამჟღავნებენ ყველა იმ შემთხვევაში, როცა აუცილებელია არაფრის კეთების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. თუ ნებისყოფის ფსიქიკურ ძალად მივიჩნევთ, რომელიც დაბრკოლებებს სძლევს, მაშინ ადამიანები მხოლოდ თავიანთი ნების მიმართულების მიხედვით უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან. ლოთს არ გააჩნია თავისი სურვილის წინააღმდეგ ბრძოლის ნებისყოფა, მაგრამ იგი ნებისყოფის განსახიერებად იქცევა ხოლმე, როცა საქმე ამ სურვილის დაკმაყოფილებას ეხება. „უნდომელა“ - უმოქმედობის უძლიერესი ნებით აღსავსე ადამიანია.
სიტყვამ მოიტანა და - მაინც რას ნიშნავს ეს? „ბევრი უნდომელა დააბიჯებს დედამიწაზე...“ პოეტური ტერმინების გაშიფვრა ყველაზე უნიჭო საქმეა, მაგრამ მაინც რომ ვიკითხოთ: ვინ ჰყავდა მხედველობაში ხლებნიკოვს? ის, ვისაც არ უნდა? არ შეუძლია ნდომა?
არა ერთი და არა ორი ვინმე წარმომიდგება თვალწინ ამ სიტყვის წარმოთქმისთანავე, მთელ გალერეას ვხედავ. პირობითად შეიძლება გამოვყოთ ცალკეული ტიპები.
აი, ძველისძველი, პირველადი ტიპი: უნდომელა, ნამდვილი უნდომელობის შედეგი. იგი ისურვებდა კიდეც, რამე რომ უნდოდეს, მაგრამ არ შეუძლია; ძალიანაც მოხარული იქნებოდა, წუხილი რომ ეგრძნო იმის გამო, რომ ნდომა არ ძალუძს, მაგრამ მწუხარების განცდის უნარი არ გააჩნია. ნებითი ტონუსი მუდამ ნულზე უდგას. არაფერი ენაღვლება. „სპორტულ სიბრაზეზე“ ლაპარაკიც კი ზედმეტია. ნებივრობს, არსებობს, ქრონიკულად თვლემს და მედუზისმაგვარად დნება. იქნებ ნამდვილი ობლომობია. მაგრამ ასეთები ძალიან ცოტანი არიან, ეს თითქმის ავადმყოფობაა.
მეორე, უფრო გავრცელებული ფილოსოფიური უნდომელას ტიპი, იმედგაცრუებული გონების შედეგია: ყველანი დავიხოცებით, ყველაფერი არარაობაა მარადისობასთან შედარებით. წინასწარ ვერაფერს განსჭვრეტ, ყველაფერი წავა ისე, არა როგორც მას სურს. ღირს კი თავის შეწუხებად? განა სულ ერთი არ არის?
მესამე, ყველაზე მრავალრიცხოვანია - უნდომელა, რომელსაც თავისი თავისა არა სჯერა, მელანქოლიურია. ამას შეიძლება, უნდა კიდეც და ძალიანაც კი უნდა რაიმე, მაგრამ ეშინია, მარცხისა ეშინია და ამიტომ სურვილებსაც აღიკვეთს. ზის თავის ნიჟარაში, იტანჯება, მაგრამ გარეთ თავს არა ჰყოფს, ხოლო თუ საქმე ასე გრძელდება, იგი თანდათანობით მეორე, ან სულაც პირველ ტიპში გადადის. მაგრამ შემთხვევითმა წარმატებამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს.
დაბოლოს, სანგვინიკური უნდომელა, რომლისთვისაც უფრო სწორი იქნებოდა ყოვლისმდომელა რომ დაგერქვა. იგი მერყევია, გონება აქეთ-იქით გაურბის, ცდუნებების მუდმივი მსხვერპლია... ერთდროულად ასი კურდღლის მადევარი. მხებზე მოძრაობს. მარადიული მოსწავლეა, აღტაცებული და არათანმიმდევარი. მას რაღაცა საცობივით ამოაგდებს ხოლმე პრობლემიდან, ვიდრე იმ სიღრმეს მიაღწევდეს, სადაც დამოუკიდებლობაა საჭირო (შეიძლება, რომ ამ მომენტში იგი წინა ტიპის უნდომელად იქცევა ხოლმე). სწორედ „ყოვლისმდომელაა“ ხოლმე ერთთავად ტრაგიკულ უთანხმოებებში დროსთან: ის ყოველთვის დაკავებულია, სადღაც ეჩქარება, უამრავი გადაუდებელი საქმე აქვს, ძალიან ხშირად შეშფოთებული გაიხსენებს რაღაცას და გარბის. პირობას იძლევა და არ ასრულებს, კისრულობს რამეს და გატყუებთ.
როდესაც გამოუვალ მდგომარეობაში მოექცევა და გასაქცევი აღარა აქვს, იგი გიჟურ იერიშობანას ავითარებს და ზოგჯერ ასწრებს კიდეც, მაგრამ უმეტესწილად - ვერა; გულზე ხელს იცემს და ყოველ დღე ახალ ცხოვრებას იწყებს. ეს არის არაორგანიზებულობის გენიოსი, ერიდეთ და ნუ ენდობით მას სერიოზულ საქმეში! ერთადერთი, რაც შეიძლება გამოგივიდეთ, ის არის, რომ ქეჩოში ჩაავლოთ ხელი და უბრძანოთ, იქვე, ადგილზევე გააკეთოს საქმე. მაგრამ სწორედ ამ დროს შეუძლია მას ურყევი სიჯიუტის გამოჩენა.
ყველა ტიპის უნდომელა შეიძლება ნიჭიერი ადამიანი იყოს, გააჩნდეს მახვილი გონება, იუმორი, ყველაფერი, რაც გნებავთ, - მაგრამ იგი ვერაფერს მიაღწევს. თვით ბედის გაღიმებითაც კი ვერ ხეირობს. იგი ვერ ხეირობს. იგი ვერ აღწევს მიზანს, რომლისკენ მიმავალ გზასაც, შეიძლება, სხვებზე უკეთაც ხედავდეს. მას ბევრით უკან მოიტოვებს ნაკლები შესაძლებლობების, მაგრამ მაღალი ნებისყოფის ტონუსის მქონე ადამიანი. მას თავზე წამოაჯდება სრულიად უნიჭო ვინმე, რომელსაც ნდომა შეუძლია, მაგრამ არ ძალუძს გარკვევა, თუ სახელდობრს რისი ნდომაა საჭირო. (თუმცა, შორს მაინც ვერ წავა).
მოდით, გამოვტყდეთ: ყველა ჩვენგანი, თითქმის ყველა უნდომელაა ამა თუ იმ ხარისხით, ამა თუ იმ სფეროში. მაგრამ - დაე, დამიჯეროს მკითხველმა, შერეული სახესხვაობის ნაწილობრივ უნდომელას - „ნებისყოფიან პიროვნებასა“ და „უნდომელას“ შორის ისეთივე ხასიათის სხვაობაა, როგორადაც კუნთების განვითარების მხრივ ათლეტი განსხვავდება ადამიანისაგან, რომელიც ცხოვრებას უმოძრაობაში ატარებს. სრული გაუვარჯიშებლობა, და არა შესაძლებლობების სრული უქონლობა... უნებისყოფობის ძირითადი მიზეზია - მასში ურყევად განმტკიცებული რწმენა, ესე იგი ურწმენობა საკუთარი ნებისყოფის მიმართ, ურყევი უარყოფითი თვითშთაგონება, კვლავ იგივე ქვეცნობიერის უმართავობა.. მაგრამ რწმენა საკუთარი ნებისა მუდმივი კი არა, ცვლადი სიდიდეა და ამას, სხვათა შორის, უნებისყოფობის ის გამოვლინებებიც და ჩავარდნებიც ადასტურებს, რომლებიც ყველაზე უფრო ნებისყოფიან ადამიანებს ემართებათ ხოლმე ხანდახან.