ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

კიდევ ერთხელ გენიოსების შესახებ

 

კიდევ ერთხელ გენიოსების შესახებ

მოგაგონებთ, რომ „გენიოსის“ ტიტულს ადამიანებს ადამიანები ანიჭებენ (თუ არ ჩავთვლით შემთხვევებს, როცა მას თვითონ იკუთვნებენ ხოლმე), გენიოსებად არ იბადებიან და, როგორც გენიოსების ბიოგრაფიები გვიჩვენებს, არც მემკვიდრეობით გადაეცემათ. მართალი რომ ითქვას, გენიალურობის გამო გულუბრყვილო, უაზრო აღტაცებებისაგან კარგა გვარიანად გვაქვს თავი მობეზრებული. მას ჩვენ მხოლოდ უტილიტარული პოზიციებიდან ვეხებით, და არა იმიტომ, რომ ერთხელ კიდევ მოწიწებით მოვიხაროთ მუხლი მის წინაშე.

მაშ, რა არის გენიოსი?

ჩვეულებრივ ამ სიტყვაში ორი აზრია ხოლმე გადახლართული. ერთი - სოციალურ-ისტორიული: გენიოსია ის, რომელიც რაღაც ზემნიშვნელოვანს, განსაკუთრებით დიდს, ფასეულს აკეთებს. გარდატეხის პუნქტი, აღმოჩენა, ეპოქა...

მეორე ფსიქობიოლოგიურია. ადამიანი ისეთი შესაძლებლობებით, რომლებიც განუზომლად აღემატებიან საშუალო დონეს. - უნიჭიერესი, უცნაური ფსიქიკური ფენომენი.

მაგრამ გამოცანა გენიოსისა კი არა, საშუალო ნიჭის ზეიმია.

ჭეშმარიტად, გენიოსთან ურთეიერთობაში - ტოლსტოის ან დოსტოევსკის რომანები იქნება ეს, პუშკინის ლექსები ან რემბრანდტის სურათები, მიუხედავად იმისა, თვითონ გენიოსი ჯანმრთელი იყო თუ ავადმყოფი - ჩვენ არ გვცილდება ბუნებრიობის გრძნობა. ეს გრძნობა გვიკარნახებს ჩვენ: მხოლოდ ასე, სხვაგვარად არ შეიძლება.

საკვირველია, რომ სწორედ ეს გრძნობა უძევს საფუძვლად ჩვენს ძნელად შესაცნობ რწმენას, რომ გენიალურობა ზებუნებრივი მოვლენაა. ზებუნებრივი ბუნებრიობა?

იმაში ხომ არ არის საქმე, რომ ბუნებრივის სრული გამოვლენა შემოქმედებაში ისეთივე არაჩვეულებრივი იშვიათობაა, როგორც სხეულის აგებულების სრული ჰარმონია, როგორც იდეალური ხასიათი?

შეიძლება ვინმემ ეჭვიც შეიტანოს - ავტორი ერთ-ერთი იმათგანი ხომ არ არის, ვინც აცთუნებს გულუბრყვილო ადამიანებს, გენიალობა ყველასთვის მისაწვდომიაო: „მიდი და აიღე, ოღონდ კარგა გვარიანად გაისარჯე“. არა, საკითხს ასე სწორხაზობრივად არ ვაყენებთ.

ადამიანთა შორის ნიჭიერება ძალზე უთანაბროდ არის დანაწილებული. მაგრამ კიდევ ერთი შეკითხვა, რა არის ამ უთანაბრობის მიზეზი: უთანასწორობა შესაძლებლობებისა თუ მათი სხვადასხვაგვარი გამოყენება? უფრო ზუსტად, როგორია თანაფარდობა ამათ შორის? ადამიანთა განაჩენს ხომ მიღწევები და მხოლოდ მიღწევები განსაზღვრავენ. შეუძლებელია მიღწევები შესაძლებლობების გარეშე. მაგრამ განა არ შეიძლება შესაძლებლობები მიღწევების გარეშე?

იმ ადამიანებს შორისაც კი, რომლებიც ისტორიის მიერ გენიოსების თანრიგში არიან ჩარიცხულნი, რომ არ ყოფილა თანაბრობა უნარების განაწილების მხრივ. სხვადასხვა შემთხვევაში ძალზე სხვადასხვაგვარი პროპორციებით ერწყმოდნენ „სპეციალური“ უნარების კომპონენტები და ნებითი თვისებები. ამ ნიშნის მიხედვით გენიალობის ორი პოლუსის გამოყოფა შეიძლება პირობითად.

ერთი პოლუსის წარმომადგენლებისათვის შეიძლებოდა ტრადიციის მიხედვით „ღვთით მოვლენილი“ გვეწოდებინა. მეორე პოლუსის წარმომადგენლობისათვის კი - „თვითმოვლენილნი“.

„ღვთით მოვლენილი“ გენიოსები - მოცარტები, რაფაელები, პუშკინები - ჰქმნიან ისევე, როგორც ფრინველები გალობენ ვნებით, თავდავიწყებით და იმავე დროს ბუნებრივად და ძალდაუტანებლად. ისინი, როგორც წესი, ვუნდერკინდები არიან; ცხოვრებისეული გზის დასაწყისში ბედი სწყალობთ და მათი აუცილებელი შრომისმოყვარეობა მთლიანად ერწყმის სტიქიურ, უნებურ შემოქმედებით იმპულსს. „სპეციალურ“ უნართა უზომო სიჭარბე მათში შედარებით მოკრძალებული ნებითი თვისებების ფონზე ვლინდება.

მოცარტის, ამ „ღვთაებრივი“ გენიალობის წმინდა წყლის განსახიერების შესახებ ერთ-ერთი მისი უახლოესი მეგობარი წერდა მოგონებებში: ასეთი არაჩვეულებრივი კარგი აღზრდა რომ არ ჰქონოდა, იგი შეიძლება „საძაგელი არამზადა“ გამოსულიყო, იმდენად შთაბეჭდილებიანი იყო, ადვილად ითვისებდა კარგსაც და ავსაც.

წმინდა ნებითი თვისებებით, როგორც საფიქრებელია, არ გამოირჩეოდა. მუშაობა მისთვის მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნება იყო, განუშორებელი და განუწყვეტელი. სამაგიეროდ, მთელ მის ბიოგრაფიას გასდევს მამის ძლიერი ნებისყოფიანი გავლენა. ეს იყო ვუნდერკინდის სანიმუშო მამა, რომელსაც საჭირო ზომით ჰქონდა მომადლებული სიყვარულიც, ჯანსაღი აზრიც, მომთხოვნელობაც - ეს იყო შვილის მასწავლებელი, აღმზრდელი და იმპრესარიო.

„თვითმოვლენილი“ გენიოსები კი ნელა, ზოგჯერ დაგვიანებითაც ვითარდებიან, მათ საკმაოდ მკაცრი ბედი აქვთ. ამ ტიპის ადამიანთა ისტორიულ მწკრივში ჩვენ ვხედავთ მორცხვ, ენაბრგვნილ დემოსთენეს, რომელიც უდიდესი ორატორი გახდა; აქვეა ჩვენი ლომონოსოვი, რომელმაც თავისი ასაკგადასული უწიგნურობა დასძლია; აქაა ჯეკ ლონდონიც, საკუთარი ღირსების ავადმყოფურობამდე გამახვილებული გრძნობითა და თვითდაძლევის ნამდვილი კულტით, აქაა სულით ავადმყოფი ვან-გოგი; აქაა ვაგნერი, რომელმაც ნოტების წერა მხოლოდ ოცი წლისამ ისწავლა.

ბევრი მათგანი მცირეუნარიანისა და თვით გონებაჩლუნგის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებდა ბავშვობასა და სიჭაბუკეში. ჯემს უატი და სვიფტი „სკოლის გერები“ იყვნენ, უნიჭოებად ითვლებოდნენ. ნიუტონი ვერ სძლევდა სასკოლო ფიზიკასა და მათემატიკას. კარლ ლინეის მეჩექმის კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. მასწავლებლები თითქმის გონებასუსტად თვლიდნენ ჰელმჰოლცს. ვალტერ სკოტზე უნივერსიტეტის ერთმა პროფესორმა სთქვა: „ჩერჩეტია და ჩერჩეტად დარჩებაო“. ო. შერიდანის შესახებ წერდნენ: „იმას, ვისაც ბედად ეწერა დაბადებიდან ოცდახუთი წლისას აღტაცებაში მოეყვანა მთელი ინგლისი თავის კომედიებით და თავისი მჭევრმეტყველებით შეეძრა მსმენელთა გულები, 1759 წელს (ესე იგი რვა წლის ასაკში) ყველაზე იმედდაკარგული სულელი უწოდეს“. „შენ მარტო სროლა, ძაღლებთან თამაში და ვირთაგვების ჭერა გაინტერესებს, შენ შენი თავისა და შენი ოჯახის შემარცხვენელი გამოხვალ“, - ეუბნებოდა მამა ჩარლზ დარვინს. ეტყობა, ამავე ტიპს მიეკუთვნება აინშტაინიც, რომელმაც ხუმრობით როდი განაცხადა ერთხელ: „მე არავითარი ტალანტი არ გამაჩნია, მაქვს მხოლოდ ჯორის სიჯიუტე და უსაზღვრო ცნობისმოყვარეობა“. როგორც ცნობილია, სკოლისა და სტუდენტობის წლებში ფარდობითობის თეორიის შემქმნელიც არ ბრწყინავდა განსაკუთრებით, მაგრამ უკვე ბავშვობიდან გამოირჩეოდა დამოუკიდებელი და თვითმყოფი მსჯელობით.

უზარმაზარი ნებისყოფა, თვითგანმტკიცება, ცოდნისა და მოღვაწეობის კოლოსალური სურვილი, ფენომენური შრომისუნარიანობა. მუშაობისას ისინი დაძაბულობის მწვერვალს აღწევენ, სძლევენ თავიანთ ფიზიკურსა და ფსიქიკურ სენს და, როგორც წესი, მათი შემოქმედებაც რაღაც გაშმაგებული ძალისხმევის დაღითაა აღბეჭდილი. მათ აკლიათ ის მომხიბვლელი ძალდაუტანებლობა, ის დიდებული უზრუნველობა, რაც ნიშანდობლივია „ღვთით მოვლენილი“ გენიოსებისთვის: გენიოსების დონეზე ისინი აჰყავს ვნებასა და ოსტატობას, რომელსაც საკუთარი თავისადმი მომთხოვნელობა ჰბადებს. რა თქმა უნდა, არ შეიძლება დავივიწყოთ ნიჭის საწყისი მუხტებიც, საკუთარი თავისადმი მათს რწმენასაც ხომ რაღაც უნდა კვებავდეს: შესაძლოა, რაღაცა ბუნდოვანი გრძნობა ფარული შესაძლებლობებისა... მაგრამ უდავოა: ამ პოლუსზე ყველაზე წინ თვითგანვითარება და საკუთარი თავის დაძლევა დგანან. ესენი დახელოვნებული გამაძლიერებლები არიან საკუთარი ნიჭისა, იმ ადამიანთა ანტიპოდები, რომლებსაც ველემირ ხლებნიკოვი „უნდომელებს“ უწოდებდა.

მათ მაგალითზე განსაკუთრებით ცხადად ჩანს, რომ გენიალურობასა და საშუალობას შორის აბსოლუტურად გაუვალი უფსკრული არ არსებობს. მე მხედველობაში ქმნილებები კი არა მაქვს - აქ ნამდვილად უფსკრულია, განსაკუთრებით შესამჩნევი იმ გენიოსებთან, რომლებსაც სუსტი ნაწარმოებებიც მოეპოვებათ. მე ფსიქოფიზიოლოგიას ვგულისხმობ.

ვის არა ჰქონია ცხოვრებაში წუთები, როცა ყველაფერი საოცრად ნათდება და ხერხდება, როცა ყველაფერი თავისთავად გამოდის და გამოდის სწორედ ის, რაც ადრე არ გამოდიოდა? ეს აუხდნელი აღზევებანი, ეს შთაგონებული აფეთქებები ზოგჯერ ახალბედას მაღალი კლასის ოსტატზე ამარჯვებინებს ხოლმე. საშუალო ნიჭის ადამიანი ცოტახნით ტალანტის დონეზე აფრინდება ხოლმე, ტალანტი კი... ასეთ დროს ამბობენ „კარგ ფორმაშიაო“, მაგრამ ეს „კარგი ფორმა“ მიძნებულ შესაძლებლობათა საწვავი მასალიდან გამომსხლტარი პატარა ნაპერწკალი ხომ არ არის? „კარგ ფორმაში“ ყოფნა გენიალობის (ვაი რომ!) ხანმოკლე, მოუხელთებელ მდგომარეობაში ყოფნას ხომ არ ნიშნავს? მიკროგენიალობას? ბუნება ამ მდგომარეობით ხომ არ გვიჩვენებს, თითქოს ჩვენი გაღიზიანება სურდეს, რას შეიძლება მივაღწიოთ, ან ბოლოს და ბოლოს რას შეიძლება მივუახლოვდეთ მაინც?

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff