ნაწილი პირველი - მოგონებები
ნაწილი პირველი - მოგონებები
ბავშვობა
(ფოტოზე - ავტორის ნახატი)
„ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი!“ (იოანეს სახარება)
ბავშვობიდან ორ სამყაროში ვცხოვრობდი. ცხადში და სიზმარში ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ცხოვრება ერთმანეთთან პარალელურად თანაარსებობდა. ხანდახან ეს ორი ერთმანეთში იკვეთებოდა და ცხადში სიზმარს ვხედავდი, ხოლო სიზმარში იმას რაც მომავალში უნდა გაცხადებულიყო. ეს უნარი დროთა განმავლობაში გამძაფრდა და განვითარდა, მაგრამ დაიწყო როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი.
ბავშვობაში ჩემ გარემოცვაში მხოლოდ ბიჭები იყვნენ. ასე მოხდა. არ ვიცი მე ავირჩიე ეს სიტუაცია თუ სიტუაციამ ამირჩია მე. მგონი უბრალოდ ჩემ ქუჩაზე არც ერთი ჩემი ასაკის გოგო არ არსებობდა. ამიტომ ადრეული ბავშვობა სოლოლაკის ქუჩებში და ძველი სახლების სხვენებსა და სახურავებზე გავატარე ჩემს ძმასა და ბიჭ მეგობრებთან ერთად. თოჯინებით არასდროს მითამაშია, რაც ჩემი მშობლების მუდმივი შფოთვის თემას წარმოადგენდა, რადგან მიაჩნდათ რომ ამის გამო დედობრივი ინსტინქტები არ მიყალიბდებოდა. ჩემი ნათესავები და მშობლების მეგობრები მუდმივად რაღაც ავადსახსენებელ გერმანულ ფაიფურის თოჯინას მამსგავსებდნენ, რაც ჩემში ძლიერ გაღიზიანებას იწვევდა და მათ დამტკბარ, მომღიმარ სახეებს საპასუხოდ ჩემი დაბღვერილი მზერა ხვდებოდათ. როგორ უნდა შეადარო თოჯინას, თანაც გერმანულს და თანაც ფაიფურის, ბავშვი, რომელსაც თავისი ხელით გაკეთებული „რაგატკა“ აქვს ქამარში გაჩრილი, თანაც რომელიც შორს ისვრის და თანაც კარგად უმიზნებს! სწორედ ჩვენს რაგატკებს შეეწირა ჩვენი ქუჩის სადარბაზოების შესანიშნავი ვიტრაჟები.
ჩვენ ვიყავით იტალიური ეზოს ბავშვები, რომლებიც ძალიან არ უყვარდათ პირველი სართულის მეზობლებს და ძალიან უყვარდათ ბოლო სართულის მეზობლებს. უკანასკნელებს იმიტომ რომ ჩვენს ხულიგნობებს ვერ ხედავდნენ. ჩვენ ისეთივე ლაღები და თავისუფლები და ამავე დროს ისეთივე მაწანწალა და ველურები ვიყავით როგორც სოლოლაკის გაქუცული ტილიანი კატები. ეს კატები ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყვნენ. მათი დაჭერა, ძალით მოფერება და შემდეგ შოკურ მდგომარეობაში გაშვება მთელი ხელოვნება იყო. ასევე ხელოვნება იყო ჩვენი ხულიგნობებით შეწუხებული პირველი სართულის მეზობლებისგან თავის დაღწევა და დამალვა, რადგანაც ხან ჩვენი ბურთი ეგდო მათ ბორშიან ქვაბში და ხან მათი სახლი ბოლავდა ჩვენ მიერ ფანჯრიდან შეგდებული „დიმავუშკით“.
ცელქობით დაღლილებს სახლში ყოველთვის მომღიმარი დედა გველოდა, რომელიც სრულიად დარწმუნებული იყო რომ მისი შვილები ხორცშესხმული ანგელოზები იყვნენ და ჩვენც ვიცავდით ამ ლეგენდას როგორც შეგვეძლო. ეხლა, როდესაც ჩემი თანატოლი მშობლები ვინმე ბავშვის უსაქციელობით აღშფოთდებიან ხოლმე, მე თვალს ვუქცევ და თავს ვიკატუნებ ვითომ არ მესმის რაზეა საუბარი. ახლოს მაინც იდგეს ამ ბავშვების უსაქციელობა ჩვენ მაშინდელ ქცევასთან.
განსაკუთრებით მიყვარდა ჩვენი თამაში სახურავებზე. სოლოლაკის სახლები სახურავებითაა ერთმანეთზე გადაბმული და ცალკე ქუჩას ქმნიან. მხოლოდ ჩვენ ვიცოდით როგორ უნდა გვევლო უსაფრთხოდ ძველი სხვენების იატაკზე, ისე რომ არ ჩამტვრეულიყო; როგორ დაგვებიჯა სახურავის ფილების გადაბმის ადგილებზე, რომ არ ჩაგვეღუნა; როგორ გავმძვრალიყავით მეზობელი სახლის სხვენში და სად იყო ხოლმე სახურავის ფირფიტა ატკეცილი, ან რომელი სხვენის კარი ღია. ეხლაც მახსოვს როგორი იდუმალებით მოცული იყო ეს მტვერითა და კატის სუნით გაჟღენთილი სოლოლაკის სხვენები, სადაც უამრავი მივიწყებული ნივთი უხსოვარი დროიდან „ინახებოდა“. ჩვენ შეგვეძლო ამ ნივთების საათობით თვალიერება და თან ფიქრი იმაზე ვის და რატომ უნდა მიეტოვებინა ეს სიძვირფასე ასეთ ღმერთით და ადამიანებით დავიწყებულ ადგილას. მახსოვს, ჩემი მეგობარი ბიჭები სახურავზე შტაბებს აწყობდნენ და ომობანას თამაშობდნენ. მე კი მიყვარდა უბრალოდ ჯდომა და ცის ყურება. სახურავიდან ხომ მთელი ძველი ქალაქი ხელის გულივით ჩანდა. საათობით შემეძლო მერცხლების ფრენის მითვალყურება. მათი ქაოტური მიმოფრენა სივრცის შეგრძნებას ამძაფრებდა, სივრცის შეგრძნება კი ადამიანს ერთგვარი თავისუფლების განცდას ანიჭებს. რა არის ეს თავისუფლება, რომელიც ასეთი მტკივნეულია თანამედროვე ადამიანისთვის და ასე განსხვავებულად ესმის ყველას? ზოგისთვის ეს საზოგადოებრივი კლიშეების გადალახვაა რაიმე განსხვავებულის და ხშირად უხამსის ჩადენით. ზოგისთვის ეს კულტურულ-ეროვნული თვითმყოფადობის გარეგანი იდეური შემოდინებისგან დაცვაა. ზოგისთვის ნარკოტიკით გაბრუებაში რეალობისგან თავდაღწევაა. ჩემთვის ეს სოლოლაკის სახურავიდან მერცხლების ფრენაზე დაკვირვება იყო. იქნებ თავისუფლება ჩვენი სულის თვისებაა, რომელიც თითოეული ადამიანის გულში უხილავად თანაარსებობს და შორეულ სამყაროებში გვიხმობს, გვახსენებს რა ჩვენს წარმომავლობას? ჩემთვის ეს ცნება მერცხლებზე დაკვირვებიდან დაიწყო და ის ისეთივე მიმზიდველი და ახლობელი იყო, როგორც სოლოლაკის სახურავებზე გადმოკიდებული და მერცხლებით გაცოცხლებული ცა...
ზაფხულობით ხან რუსეთში, პოდოლსკში მივდიოდით რუს ბებიასთან, ხან თელავში ქართველ ბებიასთან. მახსოვს ერთ-ერთ ასეთ ზაფხულს თელავში ვისვენებდით. ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო, როდესაც ვერანდაზე ვახშამისთვის უფროსები შეიკრიბნენ და მორიგ „მოსაწყენ“ თემებზე გააბეს დაუსრულებელი ლაპარაკი. მე და ჩემი ძმა იქვე უსაქმურად დავყიალობდით და ამაოდ ვცდილობდით მაბეზარა კოღოების მოგერიებას. მამაჩემს, როგორც ბიოლოგიის დოქტორს, მერე პროფესორს და მერე აკადემიკოსს, ჩემთვის უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა. მაშინ მეგონა, რომ საკითხი არ არსებობდა რომელიც მან არ იცოდა. მახსოვს მამა სუფრასთან მსხდომთ უხსნიდა როგორი სრულყოფილი ქმნილებაა ცოცხალი უჯრედი და უეცრად ისეთი რამ თქვა, რაც მაშინვე დაიჭირა ჩემმა ყურმა - ცოცხალი უჯრედი იმდენად რთული და სრულყოფილი სისტემაა, რომ არ არსებობს თავისით წარმოქმნილიყო... ალბათ არსებობს რაღაც, აბსოლუტური გონი, რომელიც ასეთ სრულყოფილ ქმნილებებს ქმნის.
ამ აზრმა რომ გაიჟღერა ჯერ კიდევ კომუნიზმის პერიოდი იყო. მაშინ ღმერთს არვინ ახსენებდა და ღმერთზე არასდროს საუბრობდნენ. მასხოვს, გავიგონე თუ არა ეს ნათქვამი, სასწრაფოდ გავიქეცი ეზოში. მიუხედავად უკუნითი სიბნელისა, რადგანაც ყველა ხის ტოტისა თუ ვარჯის მოყვანილობა ზედმიწევნით ვიცოდი, სახლთან მდგომ ქლიავის ხეზე ავძვერი, იქიდან სახურავზე გადავძვერი და ყველაზე ამაღლებულ ადგილას, შიფერზე პირაღმა წამოვწექი. მამას ნათქვამზე მინდოდა ფიქრი! ვიწექი და ვუყურებდი თუთის ხის ტოტებში გახლართულ მთვარესა და ვარსკვლავებით მოკიაფე ცას, მაგრამ ჩემ წინ ცა აღარ იყო... ჩემი გონება კოსმოსის შავ სიღრმეებში ჩაიძირა, რომელშიც აღარც მთვარე იყო, არც ვარსკვლავები და რაც უფრო ღრმად ვიჭრებოდი მასში, მით უფრო დიდი, თბილი და მშობლიური ხდებოდა ის...
ალბათ ეს ზაფხული იყო, რომლიდანაც მოგონებად პირველი სიზმარი გამოვიტანე. ეს სიზმარი დღემდე მახსოვს და ვთვლი რომ ის დიდი ჭეშმარიტება რომელიც მასში გაცხადდა აქამდე ბოლომდე ვერ დავნერგე ცხოვრებაში.
მახსოვს ეშმაკები გამომეცხადდნენ. მე ვცდილობდი მათთან შებრძოლებას და ვგრძნობდი რომ დიდ ძალას ვფლობ საამისოდ. შემეძლო ვეფხვივით ეშვები და დათვივით კლანჭები გამომეშვა. ურჩხულივითაც კი შემეძლო მათზე ცეცხლის ფრქვევა, მაგრამ რაც უფრო ვურტყავდი კლანჭებს და ეშვებით ვგლეჯდი, მით უფრო იზრდებოდნენ ზომაში და ძლიერდებოდნენ. მახსოვს როგორ მიკვირდა რომ ჩემი ამგვარი ბრძოლა მათ მხოლოდ აძლიერებს.
...და უეცრად მივხვდი რომ აქ, სიზმრების სამყაროში ყველაფერი პირიქითაა! ეს, ჩვენ მატერიალურ სამყაროში შეიძლება ძალადობით ძალადობის ჩახშობა, აქ კი ძალადობა ძალადობას აძლიერებს და მისი დაძლევა მხოლოდ საპირისპირო ძალითაა შესაძლებელი. წლების მერე სახარებაში ამოკითხული ფრაზა ზუსტად ასახავს ჩემს მაშინდელ ფიქრებს: „ძალა უძლურებაში აღესრულება“!
ისევ ჩემი პირვანდელი, პატარა გოგოს სახე დავიბრუნე და ახლა უკვე ვეებერთელა დევების წინაშე ვიდექი პატარა და უმწეო... და ისეთი ძლიერი! ჩემ გულში სიმშვიდე სუფევდა. დევების მოქნეული მუშტები უხილავად გადიოდნენ ჩემ სხეულში და ვერაფერს მიშავებდნენ. ისინი ნელ-ნელა დაუძლურდნენ და გაქრნენ.
მაშინ ვიგრძენი რომ ჩემ უკან ვიღაც ან ვიღაცეები დგანან. მათი თანამყოფობა ვიგრძენი...
ეს ალბათ პირველი გაკვეთილი იყო რომელმაც სულიერი სამყაროს მთავარი კანონი გამიმხილა ან იქნებ გამახსენა ის რაც სულის მიუწვდომელ განზომილებებში იყო ჩაწერილი და საგულდაგულოდ დავიწყებული.
მხოლოდ რვა-ცხრა წლის მერე, სადღაც თხუთმეტი წლის ასაკში, წავიკითხავ სახარებას და ყველაზე მეტად ის ადგილი მომნუსხავს, სადაც მაცხოვარი მოგვიწოდებს რომ თუ ერთ ლოყაში გაგვარტყამენ, მეორე უნდა მივუშვიროთ და თუ ტანსაცმელს გვართმევენ, დანარჩენიც გავატანოთ. მაშინ გამახსენდება ეს სიზმარი და სრული სისავსით გაიხსნება ჩემთვის ამ ნათქვამის აზრი.
...იმიტომ რომ იქ, სულიერ სამყაროში ძალადობას მხოლოდ საპირისპირო ძალა აქრობს, რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს შესაბამისი მოქმედებები მატერიალურ განზომილებაში. მაშინ იმასაც მივხვდი რომ რაღაც უხილავი კავშირებითაა სულიერი სამყარო ჩვენ მატერიალურ ყოფასთან გადაჯაჭვული და იქ რაც ხდება პირველადია, ხოლო აქ რაც ხდება იმისი ანარეკლი და შედეგი.
არაერთხელ მეტყვის მერე მიქაელი:
- გადაეჩვიე მატერიალური კატეგორიებით აზროვნებას!
მერე და მერე გაცხადდება ჩემთვის სულიერ ხედვას მოკლებული ადამიანის ბეჩავი ყოფა, სავალალო მდგომარეობა არსებისა, რომელიც ანარეკლს ხედავს და ანარეკლში ცხოვრობს ანარეკლის კანონებით, ამიტომ არასდროს იცის მოვლენების ჭეშმარიტი არსი, მუდმივად ცდება და შედეგად მუდმივად სცოდავს, ცოდვა სულიერ აღქმას კიდევ უფრო აბლაგვებს და ასე ცხოვრობს ჩაკეტილ წრეში, ინკრნაციიდან ინკარნაციამდე, სანამ არ მოევლინებიან ისინი, ვინც თავიანთ სულიერ მიღწევებს მსხვერპლად გაიღებენ და კაცობრიობის ცნობიერებას სულიერ განზომილებამდე აწევენ! ვინ იცის ვინ არიან ეს ნათლის შვილები? ვინ იცის მათი სახელები ან ვინ ეტყვის მადლობას?
უხილავი სულიერი მასწავლებლები
იმ ზაფხულიდან მოყოლებული ვიცოდი რომ ჩემ გვერდით არსებობენ უხილავი „ისინი“ - ჩემი მასწავლებლები, რომლებიც მთელი ცხოვრება ტელეპატიურად მითითებებს მაძლევდნენ. ჩემი მხრიდან ასეთი ურთიერთობა რატომღაც ბუნებრივად აღიქმებოდა და ზედმეტ კითხვებს არ იწვევდა. ერთხელაც არ გამჩენია კითხვა, რამდენად ნორმალურია ეს ყველაფერი, თუმცა საიდანღაც შინაგანად ვიცოდი, რომ ამაზე არავისთვის არ უნდა მეთქვა - არც მშობლებისთვის, არც უახლოესი მეგობრებისთვის. „ისინი“ მიკრძალავდნენ ხოლმე ზოგიერთი წიგნის კითხვას და მეც ვემორჩილებოდი ისე თითქოს „ისინი“ ჩემი საკუთარი გულის ხმა ყოფილიყვნენ. მაგალითად, „მათ“ ამიკრძალეს ნებისმიერი მაგიის წიგნებთან ან მკითხაობებთან გაკარება, რომლებიც ასე მოდაში შემოვიდა 90-იან წლებში და ასე მაინტერესებდა. მაგია თითქოს ჩემი სამყარო იყო, რომელსაც რატომღაც არ უნდა გავკარებოდი. ანალოგიურად ზოგიერთი ეზოთერული ლიტერატურაც. როდესაც გავიზარდე და მეცნიერების ინტერესი გამიღვივდა, რომელიც შემდგომ სამომავლო პროფესიადაც კი ავირჩიე, რატომღაც მოვიდა კატეგორიული გზავნილი - „დაივიწყე კარიერა“. სტუდენტობის პერიოდში იყო მომენტი, როდესაც ვიგრძენი რომ იმდენად კარგად ვერკევი ადამიანების ფსიქოლოგიაში, რომ გარკვეულ წილად მათი ნებით შემიძლია მანიპულირება. ამან, ჩემი მაშინდელი შეგრძნებით, მიამიტ თანატოლებზე თითქოს უპირატესობა და ძალაუფლება მაგრძნობინა. მაშინვე მოვიდა კატეგორიული მოთხოვნა, რომ ეს უნარი არასდროს გამომეყენებინა. ამგვარი „მითითებები“ და „აკრძალვები“ თავიდან ძალიან იშვიათად ხდებოდა - ცხოვრების მხოლოდ მნიშვნელოვან, გარდატეხის მომენტებში.
დაინახე ჩემი თვალებით... შეიგრძენი ჩემი გულით...
ჩემ ზრდასთან ერთად დემონური არსებების დასიზმრება და მათი თავდასხმები სულ უფრო ხშირდებოდა. ის ბავშვური სულიერი უდარდელობა ნელ-ნელა დაიკარგა. ვეღარ მომყავდა ჩემი თავი ბავშვებისთვის დამახასიათებელ ნეტარი უდარდელობის მდგომარეობაში და ამ არსებების მოახლოებისას სულ უფრო მეტად და მეტად მიპყრობდა თავზარდამცემი, სისხლხორცში გამჭოლი შიში. შიში დაუცველს მხდიდა და მახსოვს როგორი დაღლილი და სასიცოცხლო ძალებისგან დაცლილი ვიღვიძებდი ხოლმე დილაობით.
სიზმრებში ძირითადად ერთი და იგივე სცენარი მეორდებოდა, მხოლოდ სხვადასხვა ვარიანტებში: მე ვხედავ უსხეულო დემონურ არსებებს, როგორ დადიან ადამიანთა შორის და მათი ნეგატიური ენერგიით იკვებებიან. ხშირად პირდაპირ ესრუტებიან ამა თუ იმ ადამიანს, მასში უარყოფით ემოციებს და აზრებს აღძრავენ, რომელიც ენერგიის სახით გამოსხივდება და ამ არსებებს კვებავს. ისინი ამჩნევენ რომ მე მათ ვხედავ და გააფთრებულები, საშინელი სიძულვილით მესხმიან თავს. სულ მაკვირვებდა მათი ასეთი უპირობო, ენით აუღწერელი სიძულვილი ჩემ მიმართ. თუ მოასწრებდნენ და ჩემ „სხეულში“ გაივლიდნენ, საშინელ სიცივეს და დაუძლურების შეგრძნებას ტოვებდნენ. ერთადერთი რასაც ვახერხებდი, ეს იყო სწრაფად გამოღვიძება, თუმცა ძილის შებრუნებისას სიზმარი ხშირად ისევ გრძელდებოდა.
სადღაც 15-16 წლის ასაკში სახარების წაკითხვის მერე მოვცადე ლოცვის თქმა ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს, რადგან სიზმრები როგორც წესი კონტროლირებადი იყო და მაშინ პირველად აღმოვაჩინე ლოცვის ძალა. ნებისმიერი ქრისტიანული ლოცვა ერთნაირად ფანტავდა დემონურ არსებებს. გარდა ლოცვებისა ქრისტიანული სიმბოლიკაც საშინლად აწუხებდათ. ლოცვები და პირჯვარის გადაწერა ცოტა ხნით აჩერებდათ. მერე ვიღვიძებდი და დიდხანს მიწევდა ლოცვების კითხვა. ლოცვანის წიგნიდან ყველა ლოცვას ვკითხულობდი განურჩევლად, სანამ არ ვიგრძნობდი რომ აურა ოთახში გაიწმინდა და დაძინება უსაფრთხოა. ასეთი სიზმრები თითქმის ოცი წელი გაგრძელდა. დემონურ არსებებთან ასეთმა მჭიდრო შეხებამ ერთის მხრივ მასწავლა მათი ბუნება და თავისებური გრადაცია სხვადასხვა კატეგორიებში. როგორც ჩვენ სამყაროში არსებობენ მარტივი ცოცხალი არსებები, მაგალითად ბაქტერიები ან ვირუსები და რთული ორგანიზაციის არსებები, როგორც უმაღლესი ძუძუმწოვრები და ადამიანი, ისე მათშიც არიან მარტივი არსებები, რომლებიც ძირითადად ადამიანის აურებში ბინადრობენ, დაავადებებს იწვევენ და მათი ენერგიით იკვებებიან. მაგრამ ასევე არსებობენ ძალიან დიდი ძალის მქონე, ძალიან გონიერი და ბნელი სულები, რომელთა წინააღმდეგ მარტო ადამიანი ყოვლად უძლურია. მათ ადამიანის გონების არევა შეუძლიათ, ერთგვარი „შესრუტვა“. არ მინდა ეს თემა ეხლა ამაზე მეტად განვავრცო. ერთი მინდა ვთქვა, რომ ისინიც კი უძლურნი არიან ქრისტეს ენერგიის წინაშე.
ერთი სიტყვით, ადამიანი არ არის უმაღლესი რგოლი კვებით ჯაჭვში. ყოფილან არსებები, რომლებიც, ესე ვთქვათ, ჩვენით იკვებებიან. ფიქრი და ემოცია ენერგიაა და არც ერთი ენერგია სამყაროში უმიზნოდ არ იკარგება. როგორც ჩანს ყველანაირი ენერგია ვიღაცისთვის კვების წყაროა. არსებობს ჩვენთვის უხილავი განზომილება, სადაც ჩვენ ვხდებით უსხეულო არსებების კვების წყარო.
ამ მოვლენებმა ძალიან დამაახლოვეს ქრისტესთან. უზომოდ დიდ მადლიერებას ვგრძნობდი მის მიმართ და მაშინ პირველად დავფიქრდი ლოცვის და ფიქრის ძალაზე. მაშინ ვიფიქრე რომ თუ ფიქრი ენერგიაა და დემონური არსებები ნეგატიური ენერგიით იკვებებიან, მაშინ ნათელი ძალებისთვის როგორი მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჩვენი დადებითი ენერგიის ძალა - მათკენ მიმართული და მათთვის გამიზნული ლოცვის ან თუნდაც ნებისმიერი დადებითი ფიქრის ენერგია.
... და მაშინ გადავწყვიტე რომ ქრისტე ჩემი ცხოვრების ნაწილი უნდა გამხდარიყო. უბრალოდ ყველაფერ კარგს რაც ჩემ ცხოვრებაში ხდებოდა მას ფიქრებში ვუზიარებდი და ვუგზავნიდი, როგორც ნათელ ენერგიას. მინდოდა რომ მისთვის ყველაფერი ის კარგი მეჩუქებინა რაც ჩემ ცხოვრებაში მოხდებოდა. თუ ლამაზ ბუნებაში აღმოვჩნდებოდი, გულში მივმართავდი, რომ ეს სილამაზე ჩემი თვალებით დაენახა, გაეგონა ჩემი ყურებით ბუნების მშვენიერი ხმები ან ლამაზი მელოდიები, გაზაფხულის სურნელი და მოცელილი ბალახის სუნი შეეგრძნო... თხილამურზე სრიალისას განცდილი თავისუფლების და თითქოს ფრენის შეგრძნებასაც ვუზიარებდი. მახსოვს ჩემს ქალიშვილს, „----„-ს პირველი კბილი რომ ამოუვიდა და ჭამისას კოვზზე დააკაკუნა, როგორი ენით აუღწერელი სიხარული დამეუფლა. რათქმაუნდა ეს სიხარულიც გავუზიარე.
ხშირად მივმართავდი სიტყვებით - დაინახე ჩემი თვალებით, გაიგონე ჩემი ყურებით, შეიგრძენი ჩემი გულით... აიღე ეს ნათელი ჩემი გულიდან და გაანათე იქ სადაც ბნელა.
ეს ყველაფერი ჩემ წარმოსახვაში ხდებოდა. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ქრისტეს ჩემი ასეთი მიმართვები ესმოდა. მაშინ მეგონა, რომ ამას ჩემი სიამოვნებისთვის ვაკეთებდი. უბრალოდ მე მიხაროდა ასე მასთან საუბარი. თითქოს სულიერ მარტოობას მივსებდა ასეთი, თუნდაც ცალმხრივი ურთიერთობა. ვცდილობდი ჩემი პრობლემებით არ დამეტვირთა, რადგან ვხედავდი რამხელა ნეგატიური ენერგია იყო მისკენ მიმართული ადამიანების ლოცვებიდან, რომლებშიც ყველა ძირითადად თავის გასაჭირს მოსთქვამს და დახმარებას სთხოვს. რატომღაც მეგონა, რომ ჩემი სიხარულით, სილამაზის და ბედნიერების შეგრძნებებით მას ამ ნეგატივის შემოტევისგან ცოტათი მაინც დავიცავდი. მიამიტობა იყო ასეთი ფიქრები?
გავა წლები და დადგება მომენტი, როდესაც ხანგრძლივი ავადმყოფობის და წამლების გამო ჩემი ცხოვრებიდან სრულიად გაქრება სიხარულიც და ბედნიერებაც და ერთ-ერთ ასეთ დღეს, ტელევიზორის წინ სავარძელზე მჯდომარეს, მუდმივად შეუძლოდ ყოფნისგან დაღლილს უეცრად ცხადად ჩამესმება იესოს სიტყვები:
- ეხლა შენ დაინახე ჩემი თვალებით და შეიგრძენი ჩემი გულით! - უეცრად გონება თითქოს მინათდება. გარშემო არაფერი იცვლება გარდა ჩემი აღქმისა. ვხედავ როგორ საოცარ ფერებშია შეფერილი ყველაფერი, რა საოცრად ლამაზად თამაშობს ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები ავჯის და იატაკის ანარეკლში. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ არაფერია ამ ოთახზე მშვენიერი და ამ ფერებზე გასაოცარი. ოთახს თვალს ვავლებ. ყოველი ცოცხალი თუ არაცოცხალი ცნობიერი ხდება. მცენარეებს ვუყურებ და ვხედავ როგორ მოძრაობს მათში სასიცოცხლო ძალები. მათ ინდივიდუალობას შევიგრძნობ და ეს ჩემი ოთახის მცენარეები ახლობლებივით მიყვარდება. „------„, ჩემი უმცროსი შვილი, იქვე ოთახში თამაშობს. როგორ გავუზიარო, როგორ ავუხსნა ის ენით აუღწერელი სილამაზე რომელსაც ჩემ გარშემო ვხედავ და როგორ უპირობო ბედნიერებას განვიცდი. სამწუხაროდ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება, მაგრამ დამამახსოვრდება სამუდამოდ!