გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

წინა ინკარნაცია; სამკურნალო მცენარეები

2016 წელი. შემოდგომა. წინა ინკარნაცია

მე და ჩემი მეუღლე ვკამათობდით იმაზე არსებობს თუ არა სულთა რეინკარნაცია. ჩემი ქმარი, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი ასეთ რამეებს დიდად არ უღრმავდება და ეკლესიის პოზიციას იზიარებს. როგორც ვიგრძენი ეს თემა ისედაც მაინც და მაინც არ აინტერსებდა. მე ხუმრობით ვუთხარი:

- აი, ეხლა დავისიზმრებ შენს წინა ცხოვრებას და მოგიყვები!

მაშინ საკუთარი სიტყვები სერიოზულად არ მივიჩნიე, მაგრამ სიზმარი მართლა დამესიზმრა:

თითქოს რაღაც ჭასთან ვდგავარ. ჩემ წინ შავებში ჩაცმული ქალი დგას, რომელიც ჭისკენ ხელს იშვერს და მეუბნება:

- ამ ჭაში ჩახტი, შიგ წყლის მაგივრად გვირაბი დაგხვდება. გვირაბი პატარა ხის კართან გამოგიყვანს. კარს რომ გააღებ, შეგიძლია ვისიც გინდა იმ ადამიანის წინა ცხოვრება ნახო!

მე ჭაში ვხტები. მისი ფსკერიდან ვიწრო ბნელი გვირაბი იკლაკნება. თავჩაღუნული გავდივარ ხავსმოდებულ, სოროსავით ნესტიან, მოთაღულ გვირაბს და პატარა ხის კარს ვადგები. უკვე მზად ვარ გავაღო, რომ ჩემთვის მეფიქრება:

- ჩემს მეუღლეს მაინც არ აინტერესებს თავისი წინა ცხოვრება და მოდი ჩემსას ვნახავ!

ამ აზრით კარს ვაღებ და გარეთ გამოვდივარ მზით გაღვითქულ უშველებელ ველზე. მზე თვალს მჭრის! გარშემო ხასხასა მწვანე ბალახით დაფარული მინდვრებია. ჩემ თავს ვხედავ ახალგაზრდა ყმაწვილად. თმა და თვალები მაქვს ისეთივე, მეფიქრება ჩემთვის. ვიცი რომ ინგლისელი ვარ. მე-19 საუკუნის ბოლო მე-20-ს დასაწყისია. მე უმაღლესი ინგლისური არისტოკრატიის ოჯახს მივეკუთვნები, რომელსაც ინდოეთში კოლონიები აქვს. ამჯერადაც ინდოეთში ვარ. ველს გადავრბივარ და საპირისპირო მხარეს ადამიანების თავყრილობას ვხედავ. სამეფო ნადირობა ვეფხვებზე! ლამაზად ჩაცმული ქალბატონები ქოლგების ქვეშ სხედან და ნადიმი გაუმართავთ. იქვე ჭრელი მოსართავებით გაწყობილი სპილოები დგანან თავიანთ ინდოელ მომვლელებთან ერთად. მათაც ასეთივე ჭრელი ტრადიციული ტანისამოსი აცვიათ. იგრძნობა წვეულების მაშტაბურობა. ბრიტანეთის არისტოკრატიაა შეკრებილი. მათ შორის ჩემი ოჯახიცაა, მაგრამ ამის შემყურეს გული მოწყენილობითა და მობეზრებით მევსება. ვიცი რომ სადღაც გურუ მყავს და მისკენ გავრბივარ.

მერე გამოსახულება ქრება და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ფიზიკური სხეულის გარდაცვალების მერე და ამჟამინდელ სხეულში დაბადებამდე, ჩემი სული ვიღაცას ესაუბრება და რაღაცას უმტკიცებს. ის კი თავის მხრივ მპასუხობს:

-Ты родишся в неблагоприятных условиях. Родишся женщиной в стране где нет Бога. Если сумеешь понять истиную суть себя, то...

აქ სიზმარი წყდება და მეღვიძება. ყველაზე მეტად მაკვირვებს საქართველოსნაირი რელიგიური ქვეყნის უღმერთო ქვეყნად მოხსენიება, მაგრამ მე რომ დავიბადე ის კომუნისტური ქვეყანა იყო და შესაბამისად მართლა ათეისტური. ნუთუ სიმართლეა, რაც სიზმარში ვნახე? იქნებ ჩემი სიყვარული ევროპის და ინდოეთის მიმართ და ქრისტიანობისა და ვედების მიმართ მართლა წინა ცხოვრებიდან იღებს სათავეს?

2016 წელი. გაზაფხული. გერმანია. ვარსკვლავი

სიზმარი:

ველზე მივაბიჯებ. ჩემ თავზე კაშკაშა ვარსკვლავებით მოჭედილი ცაა გადმოკიდებული. ერთი ვარსკვლავი, რომელიც უშუალოდ ჩემ ზევითაა, კელაპტარივით ბრდღვიალებს, გარდა ამისა, ბრუნავს და ტრიალებს ისე, თითქოს ჩემი ყურადღების მოპყრობას ცდილობს. მე ვჩერდები და ვეკითხები:

- ღმერთი როგორ ვიპოვო?

ის მპასუხობს:

- შენ გულში ჩაიხედე...

- ღმერთს როგორ დაველაპარაკო?

- შენ გულში ჩაიხედე...

მე თავს ვხრი, თითქოს ველოდებოდი ამ პასუხს და ოდნავ გაღიზიანებით ვპასუხობ.

- ჩემ გულში, მხოლოდ ჩემ თავს ვხედავ!

მერე გზას ვაგრძელებ. გზა ნელ-ნელა მრუდდება. აღმართს ვუდგები და მთაში ავდივარ. საიდანღაც ვიცი საით უნდა ავიღო გეზი. თითქოს აქ არაერთხელ ვარ ნამყოფი და ვიცი მიმართულება. კლდეებზე გავდივარ და უფსკრულებზე შეკიდულ საცალფეხო ბილიკებს მივუყვები. ცოტაც და ხევში გადავვარდები, მაგრამ სირთულეებს არ ვნებდები და წინ მივიწევ. ნისლში შევდივარ. მკვრივ, რძისფერ ბურუსში ვერაფერს ვხედავ პირველი რამდენიმე ნაბიჯის გარდა, მაგრამ მაინც მივდივარ. ასე ბრმად, მაგრამ თამამად მივაბიჯებ, სანამ უეცრად ნისლი არ მთავრდება და ჩემ წინ საოცარი სანახაობა იშლება. ეს ჯადოსნური წალკოტია, რომლის მსგავსი სილამაზე არც არსად მინახავს და ვერც წარმოვიდგენდი ყველაზე თამამ წარმოსახვებშიც კი. ყველაფერი დაფრინავს! ადამიანები, ცხოველები, ხეებიც კი. ცა საოცარ ფერებშია შეღებილი. ჩამავალი მზე ალმაცერ სხივებს ათასფრად აფრქვევს და ყოველივე გარშემო ამ საოცარ ფერთა შუქ-ჩრდილში ლივლივებს! ვერ გადმოვცემ რა არის ეს სილამაზე, მაგრამ სწორედ ენით გამოუთქმელი მშვენიერებაა რაც სულს მიკრავს და თვალებიდან ცრემლები მომდის. ჩემ წინ თეთრებში ჩაცმული კაცი დგას.

ეს ის ვარსკვლავია, ვფიქრობ მე, მე რომ მელაპარაკებოდა. ნუთუ ეს არის ღმერთი?

- რატომ მოგდის ცრემლები და ცხვირს იხოცავ? ხომ არ გაცივდი? - ხუმრობით მეკითხება თეთრებში ჩაცმული კაცი.

-არა, - ვეუბნები მე, - უბრალოდ მიხარია რომ აქ ვარ.

2017 წელი. დეკემბერი. სიზმარი დაავადებაზე

ერთ დღეს ისევ დამარტყა გამწვავებამ, რომელსაც ხანგრძლივი გაუარესება და მორიგი დაბნეულობის და უიმედობის შემოტევა მოჰყვა. ვერაფრით ვერ ვხვდებოდი რატომ დამემართა ამისთანა უსაშველო დაავადება, რომელიც არანაირ დიაგნოსტიკას და მკურნალობას არ ექვემდებარება. ერთ-ერთი ასეთი მძიმე ღამე იყო, როცა ლოცვებში ღმერთს ვთხოვე მიენიშნებინა, მაინც რატომ დამემართა ის რაც დამემართა და რა უნდა მოვიმოქმედო.

ღამით ვნახე სიზმარი, რომლის აზრი მაშინ ვერ გავიგე და სიზმრის შინაარსმა ძალიან დამაბნია. ალბათ სულ არ ჩავწერდი, მაგრამ რადგან სიმართლის აღთქმა მაქვს დადებული და ყველაფერი უნდა მოვყვე, ამ სიზმარსაც აღვწერ:

სახლში წვეულება მაქვს. თითქოს შივას (ერთ-ერთი ინდური ღმერთის) პორტრეტი მაქვს დახატული და რატომღაც სტუმრებს უნდა ვაჩვენო. სტუმრები უცხო ხალხია, რომლებსაც ამავე დროს კარგად ვიცნობ. ყველა შეიკრიბა და მხოლოდ შივას ველოდებით. ისიც ერთ-ერთი დაპატიჟებული სტუმარია. მისი პორტრეტი რატომღაც დაიკარგა და ძალიან ვღელავ. უეცრად ოთახში ჯგუფად შემოფრინდნენ პეპლები. ხალხი მათ გაყრას ცდილობს, მაგრამ მე ვაჩერებ. სტუმრებს ვუხსნი რომ ეს არის შივა და მას უყვარს პეპლეპად გადაქცევა!

უეცრად გამოსახულება ქრება და თავად შივას ვხედავ. ის, თითქოს მობოდიშებით, ქალბატონს უახლოვდება, რომელიც მისი მეორე ნახევარია. ქალი რაღაცაზე ბრაზდება, რისხვის ენერგიად იქცევა და ნაკადად ეცემა დედამიწას. მერე ჩემ თავს ვხედავ, როგორ მკბენს ხელის ცერა თითში რაღაც საზიზღარი შესახედაობის მწერი. ის ჩემ თითში თავის ნესტარს ტოვებს. გარშემომყოფი სტუმრები მე სავარძელზე მსვავენ და გარს მევლებიან. ნესტარი თავიდან თითქოს არ მაწუხებს, მაგრამ მერე ნელ-ნელა ტკივილს და საშინელ დისკომფორტს იწვევს. გარდა ამისა ფსიქოლოგიურად არ მსიამოვნებს, რომ ჩემში უცხო სხეულია და ყველანაირად ვცდილობ ნესტარი ამოვიღო. რაღაც მომენტში გამომდის კიდევაც, მაგრამ ჩემი სტუმრები გახარების მაგივრად იმედგაცრუებით და გაკვირვებით მიყურებენ.

-შენ ეს უნდა მოგეთმინა, დაგავიწყდა? ჩვენ ხომ ყველანაირი კომფორტი შეგიქმენით? ნუთუ ასეთი გაუსაძლისი იყო?

გაუგებრობის და დაბნეულობის შეგრძნებით მეღვიძება. ნუთუ ეს არის პასუხი ჩემ კითხვაზე? რა შუაშია შივა? და რატომღაც ის შავი პეპელა გამახსენდა რომელიც წყნეთში ასე დაჟინებით ჯდებოდა ჩემ ხელზე...

2017 წელი. სამკურნალო მცენარეები

მესიზმრება ვითომ ქრისტე მატარებს ბუნებაში. ყვავილებით დაფარულ მწვანე მდელოებზე ვსეირნობთ და ის რაღაცას მიყვება მცენარეებზე. ყვავილებს ვუყურებ და ვხედავ როგორ თითოეულ მცენარეს სხვადასხვა ფერის აურული ნათება არტყავს გარს. მერე ჩემ საძინებელში ვჩნდები და ჩემს ერთ-ერთ მცენარეული პრეპარატის ბოთლს ვაკვირდები, რომელსაც წმინდა ლურჯი ფერის ნათება აქვს. მერე ადამიანების აურებს ვხედავ. ისინი სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვა ფრად ანათებენ. ქრისტე რაღაცას მიხსნის მცენარეებით მკურნალობაზე, მაგრამ აზრი მეკარგება. სიზმარი მხოლოდ ბუნდოვან სურათებად მომყვება და მეღვიძება.

2017 წელი. ჩემი გარდაცვალების წლის წინასწარმეტყველება

მესიზმრება ვითომ დეიდაჩემი ხმამაღლა კითხულობს ჩემს ბიოგრაფიას. ოღონდ ეს ბიოგრაფია სრულიად უცნაური და განსხვავებულია. მასში არა ჩემი ფიზიკური ცხოვრების დეტალები ან თარიღებია მოხსენიებული, არამედ სულიერი თვალსაზრისით ჩემი „კარგი“ და „ცუდი“ საქციელებია აღწერილი. ბიოგრაფია იწყებოდა სიტყვებით:

- Эта старая душа, служитель господа „ ------„ воплотилась в мир осенью 1976-ого года...

უფლის სახელი ვერ დავიმახსოვრე. მახსოვს მხოლოდ რომ ეს არ იყო არც ერთი ჩვენთვის ნაცნობი სახელი. მერე გრძელდებოდა როდის რა გავაკეთე კარგი ან ცუდი სულიერი თვალსაზრისით. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ „ბიოგრაფია“ 2017-ს გაცდა, ესე ვთქვათ ბოლომდე მივიდოდა და ჩემი გარდაცვალების თარიღსაც მიადგა. „ბიოგრაფია“ დამთავრდა სიტყვებით:

-...И ушла из мира осенью 20...4-ого года.

(წელს სრულად სპეციალურად არ ვწერ).

მახსოვს გაღვიძებისთანავე სწრაფად გადავითვალე რამდენი წლის იქნებიან ამ დროისთვის ჩემი შვილები და ცოტა დავმშვიდდი.

2017 წელი. ზამთარი. ომ-მანტრა

იესოს გვერდით ვსხედვართ მე და ჩემი უმცროსი შვილი. მე ვუყვები, რომ ხშირად ვამბობ „იესოს ლოცვას“ გულის რიტმთან შეთავსებით, მაგრამ გულში შეგრძნება არ მიღვივდება და ვეკითხები რა გავაკეთო. ის მპასუხობს:

- გააკეთე ამოსუნთქვა ხმით და კონცენტრაცია გულზე. ოღონდ ეგრევე არ მიანებო, რაღაც დროა საჭირო რომ ენერგია იგრძნო. - ამას რომ მეუბნება, რატომღაც ვიცი რაზეა საუბარი.

ამაზე მეღვიძება. ამ პრაქტიკას ვიწყებ და ვხვდები რომ ხმით ბუნებრივი ამოსუნთქვა იგივე „ომ“ მანტრაა. რამდენიმე თვეში მართლა მოდის შეგრძნება რომ გულის ჩაკრა იწმინდება და „ომ“ ბგერასთან ერთად გამონათებას აკეთებს. გარდა ამისა მთელ ტანში ძალიან წვრილი ვიბრაცია ჩნდება. განსაკუთრებით ხელებში. თითქოს სხეულის გარშემო რაღაც ღრუბელი ვიბრირებს. ხან 15 წუთს ვაკეთებ, ხან ერთ საათს. ამ პრაქტიკის მერე საოცარი მკაფიობა ჩნდება გონებაში და უფრო ენერგიულად გრძნობ თავს. უენერგიობა კი ჩემი მთავარი პრობლემაა. ამ პრაქტიკას „გულის გაწმენდვა“ ვუწოდე. დაწყებამდე ღმერთს შემდეგი სიტყვებით მივმართავდი:

-Отец мой, отчисти сердце мое, сонастрой мою душу и тело! - და სუნთქვას ვიწყებდი. ჩასუნთქვისას ფიქრებში ვამბობდი - Я с богом; ხოლო ამოსუნთქვისას „ომ“ მანტრას გულზე კონცენტრაციით.

2017 წელი. ერთი თხოვნის უფლება

მიუხედავად ჩემი ლოცვების, სულიერი და ფიზიკური იოგური პრაქტიკებისა და ნაირ-ნაირი მკურნალობებისა, ფიზიკურად თავს ძალიან სუსტად ვგრძნობდი და მდგრადი გაუმჯობესება არ შეინიშნებოდა, რაც პერიოდულად საშინელ დეპრესიაში და იმედგაცრუებაში მაგდებდა. კიდევ ნახევარი წელი გავიდა ექიმებში სიარულში და სხვადასხვა მკურნალობის მოსინჯვაში, რომლიდანაც არც ერთი არ ამართლებდა ან ამართლებდა ძალიან ხანმოკლედ, ხოლო მერე ისევ ყველაფერი ბრუნდებოდა კიდევ უფრო მძიმე ფორმით.

მახსოვს ერთ საღამოს საწერ მაგიდასთან დავჯექი მორიგი ბნელი ფიქრების შემოტევით. უეცრად მტკიცე გადაწყვეტილება მომივიდა, რომ ღმერთს ერთხელ მაინც შემიძლია რამე ვთხოვო საკუთარი თავისთვის. რატომღაც ვიგრძენი რომ ამ ერთი თხოვნის უფლება მაქვს. დიდხანს არ მიფიქრია. არც ჯანმრთელობის, არც ძველი ცხოვრების დაბრუნება მინდოდა ისე ძალიან როგორც მიქაელთან შეხვედრა. მასთან შეხვედრა და საუბარი მქონდა უზომოდ მონატრებული. ასე მეგონა რომ ამ უკუნით და უიმედო სიბნელეში სინათლის სხივივით შემოანათებდა და მეც ძველებურად ვიგრძნობდი თავს. სილამაზის და სიხარულის კონსტრუქციებს შევქმნიდი, როგორც მასწავლიდა და მერე მას ვაჩუქებდი მორიგ საჩუქრად. ეს ხომ ჩემი დაბინდული, დაღლილი გონება აღარ მაძლევდა მისი „დანახვის“ და „გაგონების“ შესაძლებლობას და იქნებ სხვა, მიღმიერი ძალების დახმარებით მაინც გამხდარიყო ეს შეხვედრა შესაძლებელი.

თხოვნა ფურცელზე დავწერე და წერილი დავწვი, რომ ცეცხლის ენერგიას ის საჭირო განზომილებაში გადაეტანა.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff