გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

ქიბალიონი

 

2018 წელი. ქიბალიონი. ნაწილი 1-ლი

მიქაელი:

- „ტოტ-ატლანტის ზურმუხტის დაფებს“ რაც შეეხება, ჯერ თავი შეიკავე და „ქიბალიონის“ შვიდი პრინციპი ჩამოაყალიბე!

მე:

-1. მენტალიზმის პრინციპი: - „ყველაფერი აზრია. სამყარო წარმოადგენს აზროფორმას.“ (ქიბალიონი).

ეს პრინციპი განასახიერებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ყველაფერი წარმოადგენს აზრს (ფიქრს). სხვა სიტყვებით, ყველაფერი, რაც გვევლინება ფორმაშესხმული რეალობის რაიმე გარეგნული გამოვლინებებისა თუ მოვლენების სახით და რასაც ჩვენ ვუწოდებთ „მატერიალურ სამყაროს“, „ცხოვრებისეულ გამოვლინებას“, „მატერიას“, „ენერგიას“ და სხვ., მოკლედ, ყველაფერი, რასაც ჩვენი გრძნობათა ორგანოები აღიქვავენ არის სული, რომელიც თავისთავად შეუცნობელი და განუსაზღვრელია, მაგრამ რომელიც შეგვიძლია მივიჩნიოთ სრულიად სამყაროს უსასრულო ცოცხალ გონად.

მიქაელი:

- ეს ისაა, რაზეც სულ გესაუბრები. ყველაფერი პირველწყაროს მენტალის... უფრო სწორედ რომ ვთქვათ, ცნობიერების შედეგია. მინერალური, მცენარეული, ცხოველური, ადამიანური თუ სულიერი სფეროები წარმოადგენენ სხვადასხვა სიხშირის ვიბრაციის ცნობიერებას, რომელიც საბოლოო ჯამში პირველწყაროს ცნობიერების (აზროფორმების) გამოვლინებაა. სამყაროები ფიქრის ძალით იქმნება!

2. შესაბამისობის პრინციპი (ანალოგია). „როგორც ზევით, ისეა ქვევით; როგორც ქვევით, ისეა ზევით“, - ეს პრინციპი წარმოადგენს ჭეშმარიტებას, რომელიც გულისხმობს, რომ ყოფიერების სხვადასხვა ფენების დონეზე არსებულ მოვლენებსა და კანონებში არსებობს შესატყვისობა ანუ ანალოგია. ჰერმეტიკოსების უძველესი აქსიომა მეტყველებს: „როგორც ზევით, ისეა ქვევით; როგორც ქვევით, ისეა ზევით“. ამ პრინციპის დაუფლება საშუალებას გაძლევს ამოხსნა ბუნების ყველაზე ბნელი და გაუგებარი პარადოქსები. არსებობს ყოფიერების ფენები, რომლებიც აღემატებიან ჩვენ გაგებას, მაგრამ თუ ჩვენ მივუსადაგებთ მათ ანალოგიის პრინციპს, გაცხადდება ის რაც წინააღმდეგ შემთხვევაში შეუცნობლად დარჩებოდა. ეს პრინციპი, რომელიც საყოველთაოდ გამოიყენება სამყაროს მატერიის, მენტალის თუ სულის სხვადასხვა ფენების დონეზე, წარმოადგენს უნივერსალურ კანონს. ძველი ჰერმეტიკოსები ამ პრინციპს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მეთოდად (მენტალურ იარაღად) მიიჩნევდნენ რომლის საშუალებითაც ადამიანს შეუძლია გადალახოს ყველა წინააღმდეგობა და შეიმეცნოს შეუცნობელი. ამ მეთოდის საშუალებით შესაძლებელია გადაწიო იზიდას საფარველი ისეთ მანძილზე, რომ წამით ამ დიდი ქალღმერთის სახეც კი დაინახო. ისევე როგორც გეომეტრიის ცოდნა აძლევს ადამიანს საშუალებას გაზომოს მანძილი შორეულ ვარსკვლავებამდე და მათი მოძრაობის ტრაექტორია განსაზღვროს, ასევე ანალოგიის პრინციპი საშუალებას გაძლევს გონიერად გადახვიდე ნაცნობიდან შეუცნობელში. მონადის შესწავლით მიხვდები რას წარმოადგენს მთავარანგელოზი!

მიქაელი:

-ეს კი აწი უკვე შენთვის გასაგები ფრაქტალების პრინციპი, რომელიც სხვანაირად ამ ფრაზით «Как вверху, так и внизу; как внизу, так и вверху» შეიძლება გამოხატო.

3. ვიბრაციის პრინციპი. „არაფერი არაა უძრაობაში - ყველაფერი ვიბრირერბს“. ეს პრინციპი მოიაზრებს იმ აზრს, რომ რომ ყველაფერი იმყოფება მუდმივი მოძრაობის ანუ ვიბრაციის მდგომარეობაში. ამ ფაქტს ადასტურებს თანამედროვე მეცნიერება და უკანასკნელი აღმოჩენებიც, მაგრამ თავდაპირველად ჰერმეტიკოსების ეს პრინციპი ჩამოაყალიბეს ძველი ეგვიპტის ოსტატებმა. ეს პრინციპი ამბობს, რომ განსხვავება მატერიის სხვადასხვა გამოვლინებებს, ენერგიას, მენტალსა და სულს შორის არის განსხვავება ვიბრაციის სიხშირეებში. ყველაფერი, დაწყებული წმინდა სულით, დამთავრებული კოლოსალური მატერიალური ფორმებით იმყოფება ვიბრაციის მდგომარეობაში. რაც უფრო მაღალია ვიბრაცია, მით უფრო მაღალია მდებარეობა შკალაზე. სულის ვიბრაციის სიხშირე და ინტენსივობა იმდენად მაღალია, რომ ის ფაქტიურად დგას, ისევე როგორც ძალიან სწრაფად მბრუნავი ბორბალი აღიქმება როგორც უძრავი. შკალის (დიაპაზონის) მეორე ბოლოში გრანდიოზული მატერიალური ფორმებია, რომელთა ვიბრაცია პირიქით, იმდენაც მცირეა, რომ ის ასევე აღიქმება როგორც უძრავი. ამ ორ პოლუსს შორის არსებობს მილიონობით მილიონი სხვადასხვა დონის ვიბრაცია. კორპუსკულები, ელექტრონები, ატომები, მოლეკულები, თუ გალაქტიკები და სამყაროები - ყველაფერი რხევით მოძრაობაში იმყოფება. ეს პრინციპი ასევე ვრცელდება ენერგიებზე და ძალებზე/ველებზე, რომლებიც სხვა არაფერია თუ არა სხვადასხვა დონის ვიბრაციები. ის ასევე ეხება მენტალის და სულიერ სფეროებს, სადაც განსხვავება დონეებში წარმოადგენს სხვადასხვა სიხშირის რხევებს. ამ პრინციპის კარგად გააზრება და გათავისება, ჰერმეტიზმის მოსწავლეს საშუალებას აძლევს აკონტროლოს როგორც თავისი, ასევე სხვისი მენტალური (აზრობრივი) ვიბრაციები. ოსტატები ამ პრინციპს იყენებენ ბუნების მოვლენების დასამორჩილებლად სხვადასხვა მეთოდების საშუალებით. ის ვინც დაეუფლა ვიბრაციის პრინციპს, მოიპოვა ძალაუფლები კვერთხი! - ამბობს ანტიკური მწერალი.

მიქაელი:

-ესეც ყველაფერი შენთვის ნაცნობი და გასაგებია. ჩვენი თუნდაც ადამიანის მონადის, თუნდაც სამყაროების სიხშირეთა შკალები (იხ. გვ. 155. ნახ. 8 ) სწორედ ამ ზემოთქმულს განასახიერებს. სიტყვას მოვაყოლებ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ როდესაც სულისა და მატერიის პირველი დაყოფა მოხდა ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსად, მათ “გასწვრივ“ გამოვლენილ სამყაროებში, ისინი, რომლებიც „მატერიის“ პოლუსთან მდებარეობენ უფრო დაბალ სიხშირეზე ვიბრირებენ და „უხეშ მატერიალურ“ სამყაროებს წარმოადგენენ, შუალედურ სამყაროებს „ნატიფ მატერიალური“ ხოლო „სულის“ პოლუსთან მყოფ სამყაროებს სულიერი სამყაროები ჰქვია. უხეშ-მატერიალური სამყაროები (როგორიც თქვენია) დაბალ სიხშირეზე, ხოლო სულიერი სამყაროები მაღალ სიხშირეზე ვიბრირებენ. სამყაროს უდიდესი ციკლია ბრამას ამოსუნთქვა, როდესაც სული მატერიაში ჩადის (ანუ მატერიალიზაციის პროცესი) და ამ დროს წარმოიქმნება და ვლინდება სამყაროები და მათი მაცხოვრებელი ცოცხალი არსებები მოდიან განსხეულებაში, ხოლო ბრამას ჩასუნთქვა უკან მიმართული პროცესია, როდესაც მატერია უკან, შეთხელებისკენ და განღმრთობისკენ ბრუნდება. ამ დროს უხეში მატერიალური სამყაროები თხელდებიან, სულიერდებიან და ბოლოს მატერიისა და სულის პოლუსები ერთმანეთს პირვანდელ გამოუვლენელ აბსოლუტში უბრუნდებიან. დაბალ ვიბრაციებში მყოფი სამყაროები და მათში არსებული ცოცხალი არსებები უფრო „დაბალი“ სულიერების არიან. როდესაც ბრამის ამოსუნთქვა ხდება ცოცხალი არსებები მატერიალიზაციისკენ არიან მიმართულნი და სამყარო გაფართოვების სულიერი ცენტრიდან მოშორების ანუ მატერიალიზაციის მიმართულებით მოძრაობს. ამ დროს ცოცხალ არსებებს სულის ანუ „ღვთის ნებისგან“ დამოუკიდებელი გამოცდილების მიღება სურთ და სულ მეტად ეშვებიან მატერიაში. ხოლო ბრამას ჩასუნთქვისას სამყაროები პირველწყაროს უბრუნდებიან უკუსვლის ანუ შეთხელების, სიხშირეთა მატების, გასულიერების გზით და ცოცხალი არსებები „სახლში დაბრუნებისკენ“, ღმერთისკენ არიან ორიენტირებულნი. როგორც მატერიაში ჩაშვების, ასევე სულში დაბრუნების პროცესი არ არის ცალსახა და ერთბაშად მიმდინარე და მრავალი ერთმანეთთან დაკავშირებული ციკლისგან შედგება. როცა ერთი პლანეტა მატერიაში ჩასვლას განიცდის, მეორე უკვე განღმრთობის გზას ადგას. ყველა პროცესი გამოვლენილ სამყაროებში ციკლებს მიუყვება. ჩემ მიერ ადრე აღწერილი 12-ობრივი და 7-ობრივი ციკლები მხოლოდ მცირე ნაწილია, მაგრამ როგორც იცი «Как вверху, так и внизу; как внизу, так и вверху», ამიტომ ის ციკლი რაც ცალკეული ადამიანის ცხოვრებაში ვლინდება სრულიად კაცობრიობაზე შეიძლება გავრცელდეს და რაც სრულიად კაცობრიობაზე ვრცელდება, ის სამყაროზეც შეიძლება გავრცელდეს. ყველა პროცესი წარმოადგენს ციკლს ციკლებში, სადაც მცირე ციკლი უფრო დიდი ციკლის ნაწილია.

- როგორც საათის გორგოლაჭები - ჩავურთე მე რადგან ასეთი ასოციაცია მომივიდა და წარმოვიდგინე, რომ მთელი სამყარო მათემატიკური სიზუსტით აწყობილი საათის მექანიზმია სადაც უწყვეტად და მიზანმიმართულად მოძრაობენ მცირე და დიდი დეტალები.

- ან როგორც ბორბალი ბორბალში... დაიმახსოვრე ეს ალეგორია. ამას კიდევ დავუბრუნდებით.

- თუ მთელი სამყარო მათემატიკურად გათვლილი ციკლებისგანაა შემდგარი, გამოდის რომ ჩვენც ამ დიდი ციკლების ნაწილები ვართ. არაფრით გამოსარჩევი მცირე ჭანჭიკები... -გამეფიქრა და თან არ მესიამოვნა ასეთი საკუთარი უმნიშვნელობა - სადღაა აქ თავისუფალი ნების და ინდივიდუალური გადაწყვეტილებების ადგილი?

- სწორედ ამაში მდგომარეობს შუალედური სამყაროების, ანუ თავისუფალი ნების ზონის არსებების თავისებურება, რომ იმისთვის რომ მათი ევოლუცია სწორი მიმართულებით წარიმართოს, ისინი უნდა აყვნენ ამ ციკლებს. თუ მცენარე (სოფლის მეურნეობის კულტურა იგულისხმება ალბათ) ბიოლოგიურად გათვალისწინებული ზრდა-განვითარების ციკლიდან ამოვარდა, მაგალითად დაითესა არასწორ სეზონზე, ის ვერ დაასრულებს ზრდა-განვითარებას და მოკვდება იქიდან გამომდინარე რომ წელიწადის დროების ციკლს ვერ შეესატყვისა. იგივე ემართება ადამიანის როგორც ფიზიკურ სხეულს ასევე სულსაც თუ მისი განვითარება კოსმოსურ ციკლებს არ შეესატყვისა. ადამიანი თავისუფალია ნებით მიიღოს გადაწყვეტილება დაემორჩილოს ან არა ღვთის ნებას (დაიცვას მატერიალური და სულიერი სამყაროების კანონები) კარმული უკუგება სწორედ მაგისთვის არსებობს რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ადამიანი სწორ გზაზე დააბრუნოს. და ამ სწორ გზას ვეძახი მე „ცხოვრებისეული მისიის“ გზას, რომელიც თითოეულს ინდივიდუალური აქვს და რომელიც კაცობრიობისთვისაცაა განსაზღვრული. თუ კოსმიურ ვადებს და კოსმოსურ ციკლებს ვერ აყევი, როდესაც „მოსავლის აღების“ ჟამი დადგება пшеница будет отобрана от плевел! ბიბლიაში წერია:

24. სხვა იგავი შესთავაზა და უთხრა: "ცათა სამეფო ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში.

25 როცა ეძინათ ადამიანებს, მოვიდა მისი მტერი, ღვარძლი ჩათესა ხორბალში და წავიდა.

26 ჯეჯილი რომ აღმოცენდა და ნაყოფი გამოიღო, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი.

27 მივიდნენ მონები და ჰკითხეს სახლის პატრონს: ბატონო! განა კარგი თესლი არ დათესე ყანაში? ღვარძლი საიდანღა შეერია?

28 მან კი უთხრა მათ: მტერი კაცის ნახელავია ეს. მონებმა უთხრეს: თუ გვიბრძანებ, წავალთ და გავმარგლავთ.

29 მაგრამ მან უთხრა: არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ ამოგლიჯოთ.

30 გაუშვით, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკელებს: უწინ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი; ხორბალი კი ჩემს ბეღელში დაახვავეთ”.

-შემდეგი ჩამოაყალიბე!

4. პოლარობის პრინციპი. „ყველაფერი ორმხრივია და ყველაფერს აქვს ორი პოლუსი ანუ თავისი ანტიპოდი (საპირირსპირო მხარე). საპირისპირო მხარეები იდენტურია თავისი ბუნებით, მაგრამ განსხვავებულია ხარისხით. უკიდურესობები ერთმანეთში გადადის. ყოველი ჭეშმარიტება არაფერია თუ არა ნახევარჭეშმარიტება. ყველა პარადოქსი შეიძლება აიხსნას. (ქიბალიონი)“

ეს პრინციპიც ჰერმეტიკოსების ძველი აქსიომაა. იგი ხსნის იმ პარადოქსებს, რომლებიც ყოველთვის ჩიხში აყენებდნენ ადამიანებს. მაგალითად, რომ „თეზისი და ანტითეზისი იდენტურია ბუნებით, მაგრამ განსხვავებულია ხარისხით“, „საპირისპირო მხარეები მსგავსია, მაგრამ განსხვავდება ხარისხით. საწინააღმდეგო წყვილები შეიძლება შეარიგო (დაახლოვო, გააერთიანო), უკიდურესობები ერთმანეთში გადადის, ყველაფერი არსებობს და არ არსებობს ერთდროულად, ყველა ჭეშმარიტება წარმოადგენს ნახევრად ჭეშმარიტებას, ყოველი სიმართლე ნახევრად სიცრუეა, ყველაფერს ყოველთვის ორი მხარე აქვს და ას. შ. ეს პრინციპი ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს აქვს ორი პოლუსი, ანუ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ასპექტი და რომ ეს საწინააღდეგო მხარეები წარმოადგენენ უბრალოდ ერთი და იგივეს უკიდურეს გამოვლინებებს (ექსტრემუმებს), რომელთა შორის ამ ასპექტის სხვადასხვა ხარისხის უამრავი გრადაციაა. მაგალითად, „სიცხე“ და „სიცივე“, მიუხედავად იმისა რომ ურთიერთსაწინააღდეგო ცნებებია (პოლუსები), ამავდროულად ერთი და იგივე მოვლენას წარმოადგენენ, რომელიც მხოლოდ ხარისხით (ინტენსივობით) განსხვავდება. შეხედეთ თერმომეტრს, თუ შეძლებთ დაადგინოთ სად მთავრდება სიცხე და იწყება სიცივე? არ არსებობს ისეთი მოვლენა, როგორიცაა აბსოლუტური სიცივე ან აბსოლუტური სითბო. ორივე ტერმინი ერთი და იგივეს ნიშნავს, რომელიც განსხვავდება ხარისხით ანუ რეალურად ვიბრაციის ინტენსივობით. ამიტომ სიცხე და სიცივე წარმოადგენს სითბოს, როგორც მოვლენის ორ პოლუსს, რომელიც პოლარობის პრინციპის ნათელი მაგალითია. იგივე პრინციპი ვლინდება, მაგალითად, „სინათლის“ და „სიბნელის“ შემთხვევაში, რომელიც ასევე ერთი და იგივეა ბუნებით, მაგრამ განსხვავდება ხარისხით. სად იწყება „სიბნელე“? ან სად იწყება „სინათლე“? სად იწყება „დიდი“ და მთავრდება „პატარა“? ან „მძიმე“ და „მსუბუქი“? ან „ბასრი“ და „ბლაგვი“?, „დაბალი“ და „მაღალი“, „პლიუსი“ და „მინუსი“? პოლარობის პრინციპი არიგებს ერთმანეთთან ამ წინააღმდეგობებს და ვერც ერთი სხვა პრინციპი ამას ვერ მოახერხებს. ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს ცნობიერების/მენტალის მიმართაც. ავიღოთ თვალსაჩინო მაგალითი - სიყვარული და სიძულვილი - ორი ურთიერთსაპირისპირო სულიერი მდგომარეობა, რომელიც მიუხედავად ერთი შეხედვით აბსოლუტურად საწინააღმდეგო გამოვლინებისა, მაინც შეიცავს გრადაციებს, რომლის შუალედურ ვარიანტებს შეიძლება ვუწოდოთ უსიამოვნო ან სასიამოვნო დამოკიდებულება, რომლებიც თავის მხრივ ისე შეიძლება გადავიდეს ერთმანეთში, რომ ვერც კი მივხვდე. ყველა ეს გრძნობა არის ერთი და იგივეს გრადაცია, რომელიც მხოლოდ ინტენსივობით განსხვავდება. ჰერმეტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ ინტენსივობის ცვლილებით ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ სიძულვილის და სიყვარულის ვიბრაციები როგორც საკუთარ, ასევე სხვა ადამიანების გონებაში. ამის განხორციელება შესაძლოა შესაბამისი ნებელობის გამოხატვით და ე. წ. ჰერმეტული ფორმულების გამოყენებით. „მშვენიერი“ და „საშინელი“ ასევე წარმოადგენს ერთი და იგივეს ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსს. ჰერმეტიკოსებმა იციან, როგორც გარდაქმნან „საშინელი“ „მშვენიერში“ პოლარობის პრინციპის გამოყენებით. ერთი სიტყვით, „პოლარობის ხელოვნება“ წარმოადგენს ცნობიერების ალქიმიის ფაზას, რომელიც კარგად იყო ცნობილი და ათვისებული ჰერმეტიზმის ოსტატების მიერ. თუ ამ პრინციპის შესწავლას საკმარის დროს და ენერგიას დაუთმობ, იგი საშუალებას მოგცემს ცვალო და აკონტროლო როგორც საკუთარი, ასევე სხვისი პოლარული გამოვლინებები.

- ეს მეოთხე დებულება ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ უნდა იყოს გაგებული, რადგან ყველა ჩვენგანი ყველა სამყაროში და განზომილებაში ეძებს სიმართლეს და ყველას თავისი სიმართლე აქვს...

- ეს როგორ? მაშინ რა აზრი აქვს სიმართლის ძიებას, ან ცოდნის მიღებას?

- ეხლა შეხედე... ყველაზე კარგად ამ მეოთხე დებულებას ასახავს ინის და იანის სიმბოლო.

ნახ. 25. ინის და იანის ჰარმონიის სიმბოლო.

გამოვლენილ სამყაროებში არსად, არც ყველაზე სულიერად მაღალ სამყაროში, არც ყველაზე მატერიალიზირებულ და ბნელ რეალობაში არ არსებობს აბსოლუტური სიშავე ან აბსოლუტური სინათლე... წინააღმდეგ შემთხვევაში ეს რეალობა ვერ იქნებოდა გამოვლენილი! ყოველთვის საჭიროა თეთრი, რომ გამოჩნდეს შავი და საჭიროა შავი, რომ გამოჩნდეს თეთრი. შავი ხვრელიც კი არ არის აბსოლუტურად შავი და არც რომელიმე მზე აბსოლუტურად თეთრი. ეს პრინციპი ყველაფერში ვლინდება. არ არსებობს აბსოლუტური ბოროტება ან აბსოლუტური სიკეთე, აბსოლუტური სიმართლე ან აბსოლუტური სიცრუე. ის რაც ერთისთვის სიკეთეა, მეორესთვის ბოროტებაა. ერთი ადამიანისთვისთვის მეგობრულად მხარზე ხელის წამორტყმა შეიძლება კეთილგანწყობის გამოვლინება იყოს, ხოლო მეორესთვის შეურაცხმყოფელი ჟესტი. ერთი და იგივე სიტყვა ერთი ადამიანისთვის სასაცილო და გასართობია, მეორესთვის საწყენი და უცენზურო. ეს მაგალითები უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. ხომ ხვდები, რომ რაც ერთისთვის სიკეთეა, მეორესთვის ბოროტებაა და რომელი რომლისთვის იქნება დამოკიდებულია ამ ადამიანის ცნობიერების ვიბრაციულ დონეზე და შესაბამისად სენსორულ სტატუსზე... მარტივი სიტყვებით, დამოკიდებულია იმაზე ვინ როგორ აღიქვავს...

- ანუ... - გავაგრძელე მე მისი აზრი, - ყველაფერი ფარდობითია...

- ყველაფერი ფარდობითია. აბსოლუტური გამოვლინებები არსებობს მხოლოდ თვითონ აბსოლუტში. გამოუვლენილ არსებობაში, სადაც ყველაფერი ყველაფერშია და არაფერი არაფერში...

- ამას ჩემი გონება ვერ შეწვდება... - გამოვუტყდი მე მიქაელს და მას გაეღიმა.

- ვერც ჩემი გონება ვერ შეიცნობს აბსოლუტს ბოლომდე. ჩვენ მხოლოდ მის ნაწილს ვეხებით... ჩვენ ინდივიდუალობაში გარდატეხილ მის თვისებებს.

- თუ ბოროტება და სიკეთე ყოველთვის იარსებებს რადგან შუქ-ჩრდილის არსებობა გამოვლენილი სამყაროების თვისებაა, მაშინ ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ბოროტებასთან ბრძოლა არ არის საჭირო, რადგან ის ისედაც უნდა არსებობდეს...

- საქმე ისაა, რომ ის რეალობა, რომელშიც ცოცხალი არსებები არსებობაში ევლინებიან არის ერთგვარი „პლატფორმა“ სულის ევოლუციისთვის. თქვენ ადამიანები ვერ მოერევით ბოროტებას როგორც ეგეთს, მაგრამ სიკეთის არჩევით თქვენ მოერევით ამ მოვლენას საკუთარ თავში! ამით აიწევა თქვენი სულიერი ვიბრაციული ფონი და თქვენ სხვა სენსორულ სტატუსში გადახვალთ, სადაც თვითონ ბოროტებას და მასთან დაკავშირებულ ტანჯვას გაცილებით ნაკლები ინტენსივობა ექნება, ხოლო ცნობიერების კიდევ უფრო მეტად აწევისას ბოროტების და სიკეთის ცნება სრულიად ქრება! მარცხენა ლოყაში გაგარტყავენ და მარჯვენას მიუშვერ, ტანსაცმელს წაგართმევენ და დანარჩენსაც გაატან. ვეღარაფერი ვეღარ შეამღვრევს შენს სიმშვიდეს... ვერაფერი ვერ დაბინდავს შენი უწყვეტი ნეტარების განცდას...

- კარგად ვერ გავიგე, რისი თქმა გინდა...

- შენ თვითონ ხარ ამის ნათელი მაგალითი. კარგად დაუკვირდი საკუთარ თავს. რა ცვლილებებს ატყობ შენ თავს ბოლო წლის განმავლობაში?

- ვერაფერს განსაკუთრებით... მიუხედავად შენი დარიგებებისა და დახმარებისა, ჩემი ცნობიერება მაინც ვარდება ხოლმე და მაინც განვიცდი ხოლმე ნეგატიურ ემოციებს. ერთადრეთი რაც ცალსახად შევატყე საკუთარ თავს არის ის, რომ ეს ნეგატიური ემოციები უფრო მკრთალი, უფრო უფერული და ძალიან ხანმოკლე გახდა... ჩემი ეხლანდელი გაბრაზება ან წყენა, მხოლოდ სუსტი გამოძახილია იმისი, რასაც ადრე განვიცდიდი... ხოლო დადებითი ემოციები უფრო ინტენსიური და ფერადოვანი გახდა. პატარა, უმნიშვნელო გარემოებამ, როგორიცაა მაგალითად წვიმის მერე მზის სხივებით განათებული აივანი, სველი მიწის სუნი... წვეთებში გარდატეხილი სხივების კრთომა... ეს ყველაფერი საოცარ სიამოვნებას და სიხარულს მანიჭებას, მაშინ როცა ადრე ამას ვერც ვამჩნევდი...

- ეს იმიტომ რომ შენმა სულიერმა ვიბრაციულმა ფონმა აიწია... შენში მეტი სინათლეა, მეტი სულია... მეტი „ღმერთია“... ამიტომ შენი სენსორული სტატუსი შეიცვალა და „ბოროტების“ აღქმის ინტენსივობა შესუსტდა. სწორედ ეს პროცესი, აღმავალი სიხშირით მიმდინარე, სულით გავსების პროცესია ადამიანის ცხოვრების მიზანი! მხოლოდ ამ გზით მიიღწევა ბედნიერება! მაგრამ ჩვენ თემას გადავუხვიეთ. მინდა რომ პოლუსების საკითხი კარგად განვიხილოთ! დაუკვირდი ამ სიტყვებს: მაგალითად, „სიცხე“ და „სიცივე“, მიუხედავად იმისა რომ ურთიერთსაწინააღდეგო ცნებებია (პოლუსები), ამავდროულად ერთი და იგივე მოვლენას წარმოადგენენ, რომელიც მხოლოდ ხარისხით (ინტენსივობით) განსხვავდება. შეხედეთ თერმომეტრს, თუ შეძლებთ დაადგინოთ სად მთავრდება სიცხე და იწყება სიცივე? არ არსებობს ისეთი მოვლენა, როგორიცაა აბსოლუტური სიცივე ან აბსოლუტური სითბო. ორივე ტერმინი ერთი და იგივეს ნიშნავს, რომელიც განსხვავდება ხარისხით ანუ რეალურად ვიბრაციის ინტენსივობით. სიცივე არის სითბოს უკმარისობა. სიბნელე არის სინათლის უკმარისობა. ეს „უკმარისობა“ ყოველთვის მატერიის დაბალ ვიბრაციებთანაა დაკავშირებული. როდესაც სითბოს უკმარისობაა, ნივთიერების მოლეკულები დაბალ სიხშირეზე ვიბრირებენ. როდესაც სინათლის უკმარისობაა, არეკვლილი სხივი დაბალი სიხშირის ტალღას წარმოადგენს... ბოროტება სიკეთის უკმარისობაა... სიძულვილი - სიყვარულის. დემონური ენერგიები საღმრთო ენერგიების უკმარისობაა.. ის რაც თქვენ ცნობიერებაში გარკვეულ ცნებებს, მოვლენებს ან გრძნობებს წარმოადგენს, სინამდვილეში ენერგიის ტიპებია, რომლებიც თქვენ მენტალში სენსორული სტატუსის შესაბამისად ასეთებად აღიქმებიან. ამიტომ ყველა ეს ენერგია ერთი და იგივე კანონს ექვემდებარება. დაფიქრდი, რატომ არის ზღაპრებში ან თქვენ წიგნებში და ფილმებში, ყოველთვის როდესაც ეშმაკისეულ, დემონურ არსებებს აჩვენებენ, იქაურობას სიბნელე და სიცივე ახლავს თან? დემონების მოახლოებისას თითქოს ყველაფერი იყინება და გარშემო ბნელდება, იქ მყოფი ადამიანები კი თითქოს პირიდან სიცივის ორთქლს უშვებენ... ასეთი ფანტაზიები და ასეთი აღწერები ამ ზემოთაღწერილი ჰერმეტიზმის მე-4 პრინციპის ქვეცნობიერი ცოდნის გამოხატულებაა... იქ სადაც დემონია დაბალი ვიბრაციებია. იქ სადაც დაბალი ვიბრაციებია ღმერთის უკმარისობაა, სინათლის უკმარისობაა, სითბოს უკმაროსობაა, სიკეთის უკმარისობაა... სინამდვილეში მინუს პოლუსი პლიუს პოლუსში მარტივად გადავა თუ გაზრდი ვიბრაციის სიხშირეს, ხოლო ეს „სულის“ (როგორც „მატერიის“ საწინააღმდეგო) პოლუსის გაძლიერებაა. თუ ცივი ნივთიერების მოლეკულების ვიბრაციას გაზრდი, ის გაცხელდება, თუ ბნელი სხეულის გამოსხივების ტალღის სიხშირეს გაზრდი, ის განათდება! ორი ერთი შეხედვით ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსი სინამდვილეში ერთი და იგივეა. განსხვავება მხოლოდ ვიბრაციის დონეშია. მთავარანგელოზსა და ადამიანს შორის განსხვავება მხოლოდ ვიბრაციის დონეშია! სწორედ ამ ვიბრაციის დონის გაზრდა არის მიზანი, ეს არის ის ალქიმია, რომელზეც ალქიმიკოსები საუბრობდნენ! სულის ალქიმია, სულის ტრანსფორმაცია! თუ შენი ცნობიერების ვიბრაციის აწევა ისწავლე, სინათლეზე გახვალ და სიბნელე, სიცივე და ბოროტება შენ აღარ შეგეხება. იგივე სამყაროში იარსებებ, მაგრამ ეს ყველაფერი თითქოს პარალელურ განზომილებაში მოგრჩება, რადგან შენ უკვე სხვა სიბრტყეში იარსებებ და შენი შემდეგი ინკარნაცია აღარ იქნება დედამიწაზე, რადგან შენს სულიერ ვიბრაციებს უკვე სხვა, უფრო მაღალი სიხშირის „პლატფორმა“ დასჭირდება! თუ შენი სულის ვიბრაციებს გაზრდი, შენ გარდა შენთან დაკავშირებულ სულებსაც ავტომატურად წამოწევ. თუ კაცობრიობის სულიერი ვიბრაციები აიწევა, მას ქვედა განზომილების არსებებიც წამოყვებიან и вся тварь земная прийдет к Богу! სრულიად პლანეტა სხვა კატეგორიაში გადავა, უფრო ამღლებული, უფრო სულიერი არსებების „პლატფორმად“ გადაიქცევა! თქვენ „სახლში დაბრუნების“, გასულიერების გზაზე დგებით და როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეთ ამ პროცესს, ეს პროცესი დაწყებულია. ის კოსმიურ ციკლს წარმოადგენს და თქვენ, როგორც ინდივიდები ან აყვებით ამ პროცესს ან ამოვარდებით... მაგრამ ვერ გააჩერებთ!

5.რიტმის პრინციპი. „ყველაფერი დენადია, ყველაფერი შეედინება და გამოედინება. ყველაფერს აქვს თავისი შემოდინების და გადინების, აწევ-დაწევის ფაზები. ქანქარასებრი მოძრაობა ვლინდება სრულიად სამყაროში. მარჯვნივ გადახრის ხარისხს შეესაბამება მარცხნივ გადახრის ხარისხი. რიტმები ახდენენ ერთმანეთის კომპენსაციას.“ (ქიბალიონი)

ეს პრინციპი გულისხმობს, რომ სამყაროში ვლინდება ერთგვარი მოძრაობა როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ შემოდინება-გადინების, წინ და უკან, ანუ ქანქარასებრი მოძრაობის სახით, რომელიც ხორციელდება ორ ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსებს (პოლარობის პრინციპი) შორის. ყოველთვის არსებობს ქმედება და უკუქმედება, წინსვლა და უკუსვლა, აღმავლობა და დაღმავლობა. ეს პრინციპი მოქმედებს ყველგან - სამყაროებში, ვარსკვლავებში, ადამიანებში, ცხოველებში, მათ ცნობიერებებში, ენერგიებში, მატერიებში და ას. შ. ეს პრინციპი ვლინდება სამყაროების შექმნასა და განადგურებაში, ერების აღმავლობაში და დაცემაში, ცხოვრების სტადიებში და ადამიანის სულიერ მდგომარეობებშიც. ჰერმეტიკოსების აზრით, სწორედ უკანასკნელისთვის არის ამ პრინციპის მოქმედების გააზრება ძალიან მნიშვნელოვანი. ჰერმეტიკოსებმა დაინახეს ამ პრინციპის უნივერსალობა და შეიმუშავეს ადამიანის ცნობიერებაზე მისი ზემოქმედების მართვა სპეციალური ფორმულების და მეთოდების საშუალებით. ისინი იყენებენ ე. წ. „მენტალური ნეიტრალიზაციის კანონს“. მათ არ შეუძლიათ ამ პრინციპის ზემოქმედებისგან ბოლომდე თავის დაღწევა ან ამ ზემოქმედების შეჩერება, მაგრამ შეუძლიათ დიდ წილად შეამცირონ მისი ნეგატიური ზემოქმედება. გააჩნია ჰერმეტიკოსის ოსტატობის დონეს. მათ ისწავლეს ამ პრინციპის სათავისოდ მორგება და მისი მართვა იმის მაგავრად, რომ თავად იყვნენ მართულნი. ამ და სხვა უნარებშია სწორედ ჰერმეტიზმის ხელოვნება. ჰერმეტიკოსი ოსტატი ახდენს საკუთარი თავის პოლარიზაციას იმ წერტილში (სიხშირეზე), რომელზეც უნდა რომ იმყოფებოდეს, ხოლო შემდეგ ანეიტრალებს ქანქარას გადხრებს, რომლებიც ცდილობენ მის გადანაცვლებას პოლარიზაციის წერტილიდან. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ისწავლა თვითკონტროლი, აკეთებს რაღაც დონემდე იგივეს, მაგრამ გაუცნობიერებლად, მაშინ როცა ოსტატი ამ პროცესს გაცნობიერებულად აკონტროლებს და აღწევს სულიერი მდგრადობის და ჰარმონიის ისეთ მდგომარეობას, რომელიც ასე ძნელად გასაგებია მუდმივ მერყეობაში მყოფი მასისთვის. ჰერმეტიზმის ეს პრინციპი სიღრმისეულად იყო ათვისებული ჰერმეტიზმის ოსტატების მიერ, ხოლო ქანქარას ნეიტრალიზაციის, უკუქმედების და გამოყენების მეთოდები ჰერმეტიზმის ცნობიერების ალქიმიაში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობენ.

მიქაელი:
- როგორც ზემოთაა აღწერილი რიტმიც სამყაროს ერთ-ერთი უნივერსალური პრინციპია... ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რადგან ტალღაც რიტმია და ტალღა გამოვლენილი სამყაროს მთავარი ფორმაა. ჩვენ მუდმივად მცირე თუ დიდი ზომის რიტმებში ვცხოვრობთ. ერთგვარ ტალღებში მიმოვიქცევით. ვიბრაცია თვითონაა რიტმი, გულისცემა რიტმია, ციკლები, რომლებზეც ამდენს გესაუბრები ასევე რიტმულია, რადგან ციკლს თან ახლავს ჩასახვა, გაზრდა, განვითარება, სიკვდილის პრინციპი, რომელიც აღმავლობა/დაღმავლობას გულისხმობს და ციკლის განმეორების შემთხვევაში ამ აღმავლობა/დაღმავლობის რიტმს მოიაზრებს. მუსიკა ვიბრაციაა და რიტმი, რომელიც ხშირად ჩვენ ნატიფ სხეულებთან მოდის ან არ მოდის რეზონანსში და ამიტომ მოქმედებს ასე ძალიან ჩვენ გუნება-განწყობაზე და ფსიქიკაზე. შამანები დოლის რიტმული ხმებით შედიან ექსტაზში. რიტმით შეიძლება ჩაკრებზე და ენერგეტიკულ ცენტრებზე იმოქმედო, რადგანაც ისინიც რიტმში მოძრაობენ. მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ადამიანმა, რომლის სიცოცხლე ასევე მცირე და დიდ რიტმებს მიუყვება, უნდა ისწავლოს როგორ დააღწიოს თავი სულიერი ვიბრაციების ვარდნას, რომელიც თან ახლავს „დაღმავლობის“ პერიოდს. ამისათვის რიტმის „დაღმავალი“ პერიოდის განეიტრალება უნდა ისწავლოს ვიბრაციების აწევით და ტალღის ზედა სპექტრში გადანაცვლებით...

- კარგად არ მესმის...

- კარგი... სხვანაირად მივუდგეთ საკითხს... ადამიანების ცხოვრებაში ქანქარას პრინციპით მუდმივად მონაცვლეობს (სხვადასხვა კანონზომიერებებით გამოწვეული) კარგი და ცუდი გარემოებები, რომლებიც მათ შესაბამისად კარგ და ცუდ ხასიათზე აყენებთ. ანუ მათი სულიერი ვიბრაცია ხან იზრდება, ხან ვარდება. რას აკეთებენ ხოლმე ადამიანები იმისთვის რომ დაბალი ვიბრაციის, ანუ ცუდი განწყობის, დეპრესიის, გაბრაზების, სიძულვილის და ას. შ. მდგომარეობიდან გამოვიდნენ?

მე ვუფიქრდები და მეცინება.

- რა ვიცი... ეწევიან, სვავენ, წამლებს იღებენ... ხანდახან თავიანთი ნეგატივი ყვირილით, ცუდი ხასიათით ან უბრალოდ მეგობრებისთვის მოყოლით ერთგვარად სხვებზე გადააქვთ და ამით ახდენენ განმუხტვას... ყვირიან, ტირიან... კარგ შემთხვევაში სპორტით კავდებიან... ვისაც შეუძლია ნეგატივი იუმორში გადააქვს... ამას ჩვენ სტრესის მოხსნის საშუალებებს ვეძახით!

მიქაელს ეღიმება.

- ვიცი... და მინდა გითხრა, რომ ანტიდეპრესანტების მიღებით, პლანის მოწევით და ალკოჰოლის დალევით სტრესის მოხსნა არის პრობლემისთვის ფარდის აფარება, მისი ხელოვნურად დაფარვა, „მატერიასთან“ გარიგების დადებაა. ყოველ ასეთ მოქმედებას თავისი „ფასი“ აქვს. ამ ფასების გამუდმებით გადახდა ძალიან ძვირად უჯდება ადამიანს, რომელიც საბოლოოდ ან სულს კარგავს ან სხეულს! ჯერ დაავადებით იწყება ან მცირე ფსიქიკური არამდგრადობით, მერე ქრონიკულ ან მომაკვდინებელ გონებრივ და ფიზიკურ მდგომარეობაში გადადის და ბოლოს დროზე ადრე იწირავს ადამიანს. ერთადერთი საშუალება აიმაღლო სულიერი ვიბრაცია, რადგან ყველა ზემოთჩამოთვლილი ე. წ. „სტრესული“ სიტუაცია სულიერი ვიბრაციის ვარდნის ნაირსახეობაა, მხოლოდ სულიერივე ძალებია.

- რას გულისხმობ?

- სულიერი ვიბრაციის ვარდნა „სულის“ უკმარისობას გულისხმობს (იხ. ჰერმეტიზმის მე-4 პრინციპი)... შენ რას აკეთებ თუ მოწყენილობას, წყენას ან გაბრაზებას გრძნობ?

- მმმ... მე შენზე ვფიქრობ და შენგან მომავალი სიყვარულის გრძნობას გამოვყავარ ამ მდგომარეობებიდან. მხოლოდ თუ ძალიან დამივარდა ცნობიერება და ვეღარ გრგძნობ... ხანდახან ვტირი ხოლმე... - გამოვტყდი და შემრცხვა - ვიცი... თეორიაში მაგარი ვარ, მაგრამ პრაქტიკაში მოვიკოჭლებ... როცა ცუდი განწყობის დროს გიკავშირდები ხოლმე, სულ სინდისი მქენჯნის რომ გაწუხებ და ჩემი ნეგატივი შენზე გადმომაქვს...

- ისევ ადამიანივით ფიქრობ...

- მაგრამ მე ხომ ადამიანი ვარ... - მეღიმება მე.

- მე სწორედ ამის ახსნა მინდოდა... რომ როდესაც ცნობიერებით უმაღლეს არსებებთან ერთ ველში ერთიანდები, მათი სულიერი ვიბრაცია გავსებს „სულის უკმარისობისგან“ ყოველნაირი ვარდნებისა და დაღმავლობის პერიოდებში. ჩვენ კი როგორც სიცოცხლის ხესთან მუდმივ კავშირში მყოფნი ამ საღმრთო ენერგიას მუდმივად ვივსებთ პირველწყაროს სულიერი ფესვებიდან! არ იდარდო ჩემზე. ადამიანს შეუძლია მეორე ადამიანზე ნეგატივის გადადებით მისი ვიბრაციის დაგდება, მაგრამ ვერც შენ და ვერც ბევრი შენნაირი ვერ დააგდებს ჩემს სულიერ რხევებს იმიტომ რომ მე ამ ნექტარს (ამრიტას) საღმრთო წყაროდან ვეზიარები... ამიტომ გეუბნები და არ დავიღლები გამეორებით, რომ ეს წყარო შენც უნდა მოძებნო საკუთარ გულში, ეს ღერძი უნდა შეიძინო. ამ ღერძის ქონა გამოგიყვანს ყველანაირი დაბალი ვიბრაციის მდგომარეობებიდან. ეს უმაღლესი საშუალებაა საამისოდ, მაგრამ არსებობს სხვა საშუალებებიც, რომლებიც მენტალური, ასტრალური და ეთერული სხეულების ვიბრაციის ამაღლების მართვას მოიაზრებს. მაგალითად, მენტალური მეთოდი წარმოადგენს „გონების დისციპლინას“. ბუდისტებს ეს მეთოდი უმაღლეს დონეზე აქვთ შემუშავებული. გონების სათანადო დისციპლინირებით შესაძლებელია ნებისმიერი ნეგატიური აზრის ჩაქრობა. მაგალითად ცუდი აზრების მოსვლისას შესაძლებელია მათი იუმორით განხილვა, ან მათზე დისტანცირებით დაკვირვება და „განდევნა“, საპირისპირო, კარგ ფიქრებზე გადართვა და ას.შ. ჰერმეტიკოსების ტერმინოლოგიით ზემოთხსენებული წარმოადგენს მენტალური ნეიტრალიზაციის მეთოდს (რუს.мысленные Законы Нейтрализации). ასტრალური სხეულის დონეზე ნეგატივის ჩაქრობა წარმოადგენს „ვნებების დისციპლინას“. მაგალითად თუ სიბრაზის გრძნობა გაგიჩნდება, მას საპირისპირო, სიხარულის ემოციით აქრობ, მოქმედებებს აკონტროლებ. ეს ყველაფერი რეალურად სწავლებადია! ეთერული სხეულის დონეზე დაბალ ვიბრაციებთან ბრძოლა წარმოადგენს სტიქიათა ენერგიებთან ზიარებას და საკუთარ თავში მათ დაბალანსებას. მაგალითად მზეზე გასვლა (ცეცხლის ენერგიასთან ზიარება), შხაპის მიღება ან ცურვა (წყლის ენერგიასთან ზიარება), მიწაზე შიშველი ფეხებით სიარული... რასაც ბევრი არ აკეთებს... ან ზოგადად მიწასთან მუშაობა, როგორიცაა მცენარეების დარგვა, დაბარვა, ყვავილების მოვლა. ბევს აქვს შემჩნეული, რომ უბრალო მიწასთან ურთიერთობას ისინი ნეგატიური მდგომარეობიდან გამოყავს, რადგან მიწას, როგორც სტიქიას განსაკუთრებულად აქვს ნეგატიური მუხტის „დამიწების“ უნარი. ასევეა სპორტით დაკავება, რადგან ამ დროს რამდენიმე სტიქია ერთად შემოედინება. ზოგადად ყველა ზემოთჩამოთვლილი საშუალება, როგორც სულიერი, ასევე ნატიფი სულიერი სხეულების დონეზე დაბალი ვიბრაციების აწევა, სწორია, მაგრამ მათგან სულიერი იპოსტასის დონეზე მოქმედება მაინც უმაღლესია, რადგან თუ საღმრთო სინათლეს შემოუშვებ სამივე ნატიფი სხეული ავტომატურად მოგვარდება. ფიქრებიც, ემოციებიც და სტიქიათა თანაფარდობაც ერთბაშად დაბალანსდება! ამიტომ სულიერ იერარქებთან ერთ ველში გაერთიანება ან ღმერთთან ზიარებით „ღერძის შეძენა“ უმაღლესია ამ პრობლემის გადაწყვეტაში. მთავარია ვიბრაციის ვარდნა მატერიალური სხეულის, უხეში მატერიის დონეზე არ მოხდეს, როგორიცაა წამლების, ნარკოტიკების, ალკოჰოლის და მისთანების გამოყენებით, რადგან ვიბრაციის ვარდნა როგორც მოვლენა თვითონაა მატერიით, როგორც „სულის“ საპირისპირო პოლუსით, გამოწვეული, ხოლო ვიბრაციის აწევა „სულის“ საშუალებით უნდა მოხდეს! ხომ გახსოვს მატერიის „განღმრთობა“, მისი ვიბრაციის აწევა სულის შემოდინებით ხდება! დაბალს დაბლით ვერ აწევ! დაბალი დაბლით შეიძლება მხოლოდ დროებით გვერდზე გადაწიო, რაც დროებით შველას მოგანიჭებს მხოლოდ, მაგრამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს!

ეხლა ხომ ხვდები, რომ ნებისმიერი დაავადება წარმოადგენს დაბალ ვიბრაციას ეთერულ (იგივე ენერგეტიკულ) სხეულში, რომელიც ფიზიკური სხეულის შესაბამის ორგანოშიც შესაბამის დაბალ ვიბრაციას იწვევს რაც საბოლოო ჯამში შესაბამისი დაბალი ვიბრაციის არსებებს (მაგ. პათოგენურ მიკროორგანიზმებს) იზიდავს და ავადმყოფობად ყალიბდება. ზოგიერთი მცენარის ეთერულ სხეულს ძალიან მაღალი ვიბრაცია ახასიათებს. მათთვის ვინც „ხედავს“, მათ ლურჯიდან იისფერი აურული ნათება აქვთ. გაიხსენე შენი სიზმარი (იხ. „სამკურნალო მცენარეები“). ეს სამკურნალო მცენარეებია. მათი მიღებით ადამიანის ეთერული სხეულის დაცემული ვიბრაციები მაღლდება. ხომ გახსოვს, ნებისმიერი საკვების მიღებისას ადამიანი ამ საკვების ნატიფ სხეულებსაც იერთიანებს (მცენარეების შემთხვევაში მხოლოდ ეთერულს). თუ დაბალი ვიბრაციის გამომწვევი წყარო ზედა სხეულებიდან (ასტრალური, მენტალური და სულიერი) აღმოფხვრილია, მაშინ მცენარის სამკურნალო ძალა იმუშავებს. თუ არა, ის იმუშავებს მხოლოდ დროებით, ხოლო შემდეგ დაავადება დაბრუნდება. ეხლა ხომ ხვდები, რატომ არ შეიძლება ენერგომკურნალებთან საქმის დაჭერა. ისინი ეთერულ სხეულზე ზემოქმედებენ აღწევენ რა სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით პაციენტის ენერგოველში და რადგან თვითონ არ აქვთ მაღალი ვიბრაციები, მხოლოდ გადააადგილებენ პაციენტის დაბალი ვიბრაციის არეს ერთი ადგილიდან მეორეზე. ხომ გახსოვს „დაბალი დაბალს ვერ ასწევს“. ეს გადაადგილება დროებით შეღავათში, მაგრამ სხვა პრობლემის შეძენით ვლინდება. თუ ენერგომკურნალის ნატიფი სხეულების ვიბრაციები პაციენტზე დაბალია, მისი დაბალი ვიბრაცია აქეთ გადმოვა პაციენტზე და რაღაც დროის დაყოვნებით გამოვლინდება ახალ დაავადებაში! უხეშად რომ ვთქვათ, პაციენტი მკურნალის „ცოდვას“ აქეთ აიღებს თავის თავზე, რაც ავადმყოფობაში გამოვლინდება. ამიტომ იყო ძველად, რომ მხოლოდ უკიდურესად წმინდა, ამაღლებული სულიერების ადამიანებს ჰქონდათ ენერგომკურნალობის უფლება. ამიტომ უნდა გაიგო, რომ სულის ზედა ტრიადასთან კავშირის გასამყარებლად და „სულის“ გასატარებლად, ადამიანის ოთხივე სხეული მაღალ სიხშირეზე უნდა ვიბრირებდეს. არ უნდა არსებობდეს მათზე უხეში შავი კარმული დანალექი, რომელიც სინათლის/ტალღის გატარებას აფერხებს. ამიტომ ყველაფერი მნიშვნელოვანია, ფიქრები, მოქმედებები, ემოციები და საკვებიც!

2018 წელი. 17 ოქტომბერი. ქიბალიონი. ნაწილი მე-2

6. მიზეზის და შედეგის პრინციპი. „ყველა გამოვლინებას ჩვენ სამყაროში აქვს თავისი შედეგი, ყველა შედეგს აქვს მიზეზი. ყველაფერი მოქმედებს კანონის მიხედვით. შემთხვევითობა არის უბრალოდ არშეცნობილი კანონის მოქმედების შედეგი. მიზეზები მრავალფენიანია, მაგრამ არ არსებობს ფენა, რომლიც არ ექვმდებარება კანონს.“ (ქიბალიონი).

ეს პრინციპი ნიშნავს, რომ ყოველ შედეგს აქვს თავისი მიზეზი. შედეგი გამომდინარეობს მიზეზიდან. ყვლაფერი ხდება კანონის თანახმად და არაფერია შემთხვევითი. არ არსებობს ასეთი მოვლენა - შემთხვევითობა, თუმცა არსებობს მიზეზ-შედეგობრიობის სხვადასხვა ფენები, სადაც მაღალი ფენა დომინირებს დაბალზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი ექვემდებარება კანონს. ჰერმეტიკოსმება იციან როგორ ამაღლდნენ მიზეზ-შედეგობრიობის დაბალ ფენებზე. ცნობიერების ამაღლებით უფრო მაღალ ფენაში, ისინი თავად ხდებიან „წყარო“, იმის მაგივრად რომ იყვნენ „ზემოქმედების საგანი“. ადამიანთა მასები მორჩილად ექვემდებარებიან გარემოს. ვნებებები, სურვილები, მიდრეკილებები მიერეკებიან მათ. მემკვიდრეობა, ეჭვიანობა და სხვა გარეგანი მიზეზები მართავენ მათ, როგორც პაიკებს ჭადრაკის დაფაზე. მაგრამ ოსტატები მაღლდებიან ზედა ფენებში, ისინი თავად მართავენ საკუთარ განწყობას, ხასიათს, ღირსებებს და ძალებს. ისევე როგორც მათი გარემო, ისინი თავად ხდებიან „მამოძრავებელი ძალა“, იმის მაგივრად რომ იყვნენ „პაიკები“, ისინი თამაშობენ ცხოვრების თამაშს, იმის მაგივრად რომ ცხოვრება თამაშობდეს მათით და მართავდეს მათ სხვისი ნებისა და გარემოებების შესატყვისად. ისინი იყენებენ პრინციპს, იმის მაგივრად რომ „პრინციპმა“ გამოიყენოს ისინი. ოსტატები ემორჩილებიან უმაღლესი ტიპის მიზეზ-შედეგობრიობის კანონებს და ისინი ეხმარებიან „მართვას“ საკუთარი აღმატებული ფენიდან. ამ აზრშია კონცენტრირებული ჰერმეტიკოსების ჯანსაღი სიბრძნე - მიხვდეს, ვისაც შეუძლია.

მიქაელი:
-ეს კარმის კანონია...
მე:
-ინტერნეტიდან: კარმა, კამმა (სანსკ.कर्म – „მოქმედება, მიზეზ-შედეგობრიობა, უკუგება) - ერთ-ერთი საბაზისო წარმოდგენა ინდუისტურ რელიგიებში და ფილოსოფიაში - სამყაროსეული კანონი, რომლის თანახმად ადამიანის მართალი და ცოდვილი მოქმედებები განაპირობებენ მის მომავალ ბედს და მომავალი სიამოვნებისა და ტანჯვის ხარისხს. კარმა საფუძვლად უდევს მიზეზ-შედეგობრივი რიგის მატერიალურ გამოვლინებას - სანსარას. კარმის საშუალებით შეიძლება დაინახო ის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რომლებიც წინა ცხოვრებებთანაა დაკავშირებული. სხვადასხვა ინდურ რელიგიაში კარმის კანონთა ინტერპრეტაცია ოდნავ განსხვავდება, თუმცა მთავარი პრინციპები ერთი და იგივეა.
კარმის კანონის მიხედვით ხდება ადამიანის წარსულის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მოქმედებების შედეგების რეალიზება აწმყოში. ამ კანონის გაგება პასუხისმგებელს ხდის ადამიანს საკუთარ ცხოვრებაზე და იმ კარგზე და ცუდზე რაც შედეგად ემართება. კარმის შედეგებს ეწოდება კარმა-ფხალა. კარმის კანონის მოქმედების დიაპაზონი ვრცელდება ადამიანის როგორც წინა ასევე მომავალ ინკარნაციებზე. მოკშას ანუ განთავისუფლებას მიღწეული ადამიანის მოქმედება აღარ წარმოქმნის არც ცუდ, არც კარგ კარმას. ის კარმისგან თავისუფალია.
მიქაელი:
-კარმა მოქმედებს ყველგან თავისუფალი ნების ზონის გამოვლენილ სამყაროებში. გლობალურად რომ შეხედო ეს კანონი, ისევე როგორც ყველა კანონი სამყაროში წესრიგის შენარჩუნებას ემსახურება, რომელიც თავისუფალი ნების პირობებში შეიძლება უკიდურესად შეიბღალოს, რომ არა კარმა. კარმა კეთილი და ბოროტი საქციელებისთვის უკუგების კანონია, რომელიც ადამიანს სწორი გზიდან, „სწორი ცხოვრებისეული მისიიდან“ გადახვევის შემთხვევაში ურტყავს, რომ ის უკან, იმ ერთადერთი ოპტიმალური რეალობის გზაზე დააბრუნოს, რომელიც მისი სულიერი განვითარებისთვისაა საუკეთესო. ზოგი თვლის რომ მხოლოდ პერსონალური კარმა არსებობს და არ არსებობს გვარის, ქვეყნის ან კაცობრიობის კარმა და თითოეული ადამიანი, მხოლოდ თავის თავზეა პასუხისმგებელი. მაგრამ მრავალი ინკარნაციის განმავლობაში ადამიანების ბედი ისე გადაეჭდო ერთმანეთს, რომ თქვენ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად იღებთ ახლობლების, გვარისა თუ ქვეყნის კარმას რადგან სხვადასხვა ეგრეგორების დონეზე მათთან ერთიან ველში ხართ გაერთიანებულები და რახან ხართ გაერთიანებულები, ესე იგი ამის მიზეზი არსებობს და როდესღაც ამ კავშირზე თქვენივე ნება არსებობდა, რადგან ნების წინააღმდეგ არაფერი ხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არ არსებობს ინდივიდუალური ხსნა, ადამიანები ერთიან სხეულს ქმნიან და რაც უფრო მაღალია სულიერი ვიბრაცია, ანუ ცნობიერება, მით უფრო მეტად გრძნობს ადამიანი ამ ერთობას, როგორც კაცობრიობასთან, ასევე სრულიად ცოცხალ არსებებთან და მით მეტ კარმას იღებს გვარისა თუ ქვეყნის ეგრეგორიდან საკუთარ თავზე. კარმული ენერგიის სხვისგან აღება დაბალი ვიბრაციიდან მაღალი ვიბრაციისკენ ხდება. ეს ნატიფი სამყაროს ფიზიკის უნივერსალური კანონია. მხოლოდ მაღალ-სულიერ ადამიანს შეუძლია უფრო დაბალსულიერი ადამიანისგან კარმის (ანუ მისი ცოდვების) აღება, რადგან ხომ გახსოვს, „დაბალი დაბალს ვერ ასწევს“. ამიტომაა რომ მაღალ-სულიერ არსებებს ღმერთთან კავშირი უნდა ჰქონდეთ, რომ ამ „კარმულ განმუხტვებს“ გაუძლონ. ცალკეულ ადამიანზე თუ ვისაუბრებთ, როდესაც ის სულიერი ამაღლების მდგომარეობას აღწევს, ის ან დედამიწაზე მოგროვილ „საუნჯეს“, ანუ კარგ კარმას „სამოთხეში“ (სამოთხის ტიპის რეალობაში) ხარჯავს და ისევ ინკარნირდება ახალი „საუნჯის“ მოსაპოვებლად, ან სულიერი განზომილებებიდან „მსახურებაში“ დგება და იქიდან ეხმარება ჯერ კიდევ განვითარებად თავის ძმებს და დებს.
მე:
- შენ ახსენე, რომ კარმა ბოროტი და კეთილი საქმეებისათვის უკუგების კანონია, მაგრამ თუ სხვადასხვა ცნობიერების ადამიანებისთვის ცნება სიკეთეზე და ბოროტებაზე იცვლება... ანუ თუ ეს ცნება ფარდობითია, როგორც ყველაფერი გამოვლენილ სამყაროებში, მაშინ როგორ მოქმედებს კარმა? გამორჩევით მოქმედებს? ანუ, თუ ერთისთვის მხარზე წამორტყმა საწყენია, ესე იგი მის მიმართ ცუდს სჩადიხარ, აწყენინებ და ცუდ კარმას იხვეჭ, ხოლო მეორესთვის იგივე შეიძლება პოზიტიური ქცევა იყოს? გამოდის რომ კარმას ვერ გაწერ ნორმატიული აქტივით. მაგალითად, ამ საქციელისთვის ასე დაისჯები და იმ საქციელისთვის ისე? პრინციპში კრიშნას ერთგულებს (კრიშნაიდებს) ვედებზე დაყრდნობით სწორედ ასე აქვთ გაწერილი. მაგალითად ძროხის მოკვლისთვის ასე და ასე ისჯები, ბილწსიტყვაობისთვის ასე და ასე.
მიქაელი:
- კარმის კანონები ძალიან რთულია და ჩახლართული. უმრავლეს შემთხვევაში ის მრავალი საქციელის დაჯამებით ვლინდება, იმის გათვალისწინებით, რომ კეთილი კარმა ცუდს ანეიტრალებს და ესეც ემატება ამ ფორმულას. გარდა ამისა, ადამიანის მოტივაციას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ამ წუთას არ არის საჭირო ასეთი დაწვრილმანება. შენთვის მთავარია ის გაიგო, რომ კარმის კანონი ძალიან იცვლება ადამიანისთვის სხვადასხვა ეტაპებზე ცნობიერებიდან ცნობიერებამდე. გაიხსენე გამონათქვამი «Что дозволено Юпитеру, не дозволено быку»!, ოღონდ ეს გამონათქვამი პირიქით რომ წაიკითხო, ის რაც დაბალი ცნობიერების ადამიანს კარმულად ეპატიება, არ ეპატიება მაღალი ცნობიერების ადამიანს, რადგან დიდი სიმაღლიდან ვარდნაც დიდია. რაც უფრო წინ მიდის ადამიანი სულიერი განვითარების გზაზე, მით უფრო მწარედ ისჯება შეცდომებისთვის, მით უფრო რთული წინააღმდეგობების გადალახვა უწევს. გზის ყველაზე რთული მონაკვეთი ყოველთვის მწვერვალისკენ მიმავალი ბოლო მონაკვეთია. მთავარი სულიერი ევოლუციაა, ცნობიერების ანუ სულიერების ვიბრაციის ამაღლება. ამისთვის ადამიანი ჯერ კარგი კარმის მოხვეჭის გზით უნდა მოძრაობდეს (ანუ არჩევანს სიკეთეზე აკეთებდეს), ხოლო შემდეგ საერთოდ გაცდეს კარმის მოქმედების არეალს!
-ეს როგორ?
-როდესაც ადამიანი „თეთრი მზე“ ხდება, ანუ მასში გამავალი საღმრთო ენერგია მხოლოდ გამოსხივდება და „ეგოში“ არაფერი ბრუნდება, ის კარმისგან თავისუფლდება, როგორც ცუდისგან, ასევე კარგისგან, რადგან „თეთრ მზეს“ არაფერი უნდა თავისთვის, არც კარგი, არც ცუდი... ის მხოლოდ უანგაროდ ასხივებს!.. „მოდით ჩემთან,ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო,და მე მოგასვენებთ თქვენ“... ეს მდგომარეობაა, როდესაც ცნება ბოროტებაზე და სიკეთეზე სრულიად ქრება ადამიანის აღქმაში! რჩება მხოლოდ უზომო, ყოვლისმომცველი სიყვარულის გრძნობა ყველას და ყველაფრის მიმართ რაც შენ გარშემოა და ის შეგრძნება რომ ყველაფერი „შენია“, რადგან შენით ღმერთი ვლინდება... გაიხსენე შენი შეგრძნებები (იხ. გვ. 2012. 2018 წელი. 17 სექტემბერი.)... ძალიან ბევრია მორწმუნეთა შორის ისეთები, ვისაც არ ესმის ჭეშმარიტი უანგარო გაცემა. ისინი სიკეთეს იმისთვის სჩადიან რომ ინდივიდუალური ხსნა მოიპოვონ. ეს გაუაზრებელი, ქვეცნობიერი, მაგრამ მაინც ანგარებაა. ისინი უბრალოდ კარგ კარმას იხვეჭენ, რითიც სიკვდილის მერე დროებით (სანამ კარგი კარმის „საუნჯე“ ეყოფათ) სამოთხისეულ განზომილებაში არსებობენ და შემდეგ ისევ „ვარდებიან“ დედამიწაზე. „თეთრი მზე“ სულ სხვა მდგომარეობაა!
- ალბათ ეს არის, რასაც განსხივოსნებას უწოდებენ!..
- ეს მე-7 დონეა ადამიანის ცნობიერების ვიბრაციის შკალაზე (იხ. გვ. 155. ნახ. 8. ბ).
- მაგრამ რას ნიშნავს ეს სიტყვები ქიბალიონში: „მაგრამ ოსტატები მაღლდებიან ზედა ფენებში, ისინი თავად მართავენ საკუთარ განწყობას, ხასიათს, ღირსებებს და ძალებს. ისევე როგორც მათი გარემო, ისინი თავად ხდებიან „მამოძრავებელი ძალა“, იმის მაგივრად რომ იყვნენ „პაიკები“, ისინი თამაშობენ ცხოვრების თამაშს, იმის მაგივრად რომ ცხოვრება თამაშობდეს მათით და მართავდეს მათ სხვისი ნებისა და გარემოებების შესატყვისად. ისინი იყენებენ პრინციპს, იმის მაგივრად რომ „პრინციპმა“ გამოიყენოს ისინი. ოსტატები ემორჩილებიან უმაღლესი ტიპის მიზეზ-შედეგობრიობის კანონებს და ისინი ეხმარებიან „მართვას“ საკუთარი აღმატებული ფენიდან. ამ აზრშია კონცენტრირებული ჰერმეტიკოსების ჯანსაღი სიბრძნე - მიხვდეს, ვისაც შეუძლია. “?

- კარმის კანონების სიღმისეული ცოდნა საშუალებას აძლევს ადეპტს სათავისოდ გამოიყენოს ის, ისევე როგორც ბუნების კანონების ცოდნამ თქვენ კოსმოსში გაფრენის შესაძლებლობაც კი მოგცათ. ეს სასარგებლო ცოდნაა, თუმცა მარცხენა ფრთის ადეპტები ამ ცოდნას ბოროტად იყენებდნენ. ამაზე ადრე გესაუბრე, როდესაც დაცემულ სულებზე გიყვებოდი. რაც ამ აბზაცში წერია, ნიშნავს, რომ თუ იცი როგორ აიმაღლო ნატიფი სულიერი სხეულების დაცემული ვიბრაცია, კარმას თითქმის არ შექმნი (იგულისხმება ზემოთ აღწერილი გონების, ემოციების და ეთერული სხეულის მართვის ანუ დაბალი ვიბრაციების ამაღლების ტექნიკა. სხვა სიტყვებით, თუ ისე მართავ საკუთარ ფიქრებს, გრძნობებს და სხეულის ენერგიებს, რომ აქრობ საკუთარ თავში ნეგატივს, მაშინ სულ ჰარმონიულ მდგომარეობაში იმყოფები და გარშემომყოფების ავ-კარგი აღარ გწამლავს.). მაგრამ ეს არ არის „თეთრი მზის“ მდგომარეობა. ეს უფრო ცოდნით მანიპულაციაა. ხომ გახსოვს, მატერია შეიძლება ნატიფი ველების ამაღლებით მართო, მაგრამ შეიძლება ღმერთის სულიერი განზომილებიდან იმდენი ნათელი გამოღვარო, რომ ნატიფი ველებიც ამაღლდება და მატერიაც, შენც და სხვა ადამიანებიც შენ გარშემო! „ოსტატები ემორჩილებიან უმაღლესი ტიპის მიზეზ-შედეგობრიობის კანონებს და ისინი ეხმარებიან „მართვას“ საკუთარი აღმატებული ფენიდან.“ უმაღლეს (სულიერ) შრეებს დაქვემდებარება ნიშნავს ღვთის ნებას დაქვემდებარებას. როდესაც ადამიანს ღვთის ნება ესმის და მის შესატყვისად მოქმედებს, მას მეტი ძალაუფლება ეძლევა უფრო დაბალ (მატერიალურ) შრეებზე. როცა ცნობიერება ზედა ფენებში გაქვს, ზედა ანუ „მმართველი ფენების“ კარმის მოქმედების არეალში ექცევი. ასეთია საღმრთო კანონი.

2018 წელი. 18 ოქტომბერი. ქიბალიონი. ნაწილი მე-3

7 სქესის პრინციპი. „სქესი ყველაფერშია - ყველაფერს აქვს თავისი მამრობითი ან მდედრობითი პრინციპი. სქესი თავს იჩენს ყველა დონეზე.“ (ქიბალიონი)
ამ პრინციპით მოცემულია ჭეშმარიტება, რომ სქესი - მამრობითი და მდედრობითი ვლინდება ყველგან და ყველაფერში. არსი (საწყისი) ყოველთვის მოძრაობაშია. ეს დებულება სამართლიანია არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ნატიფ-მატერიალური და სულიერი ფენებისთვის.ფიზიკურ განზომილებაში სქესის პრინციპი თავს იჩენს სექსუალობაში. უფრო მაღალ შრეებში იგი უფრო სრულყოფილ ფორმებში ვლინდება, მაგრამ საბოლოო ჯამში პრინციპი იგივე რჩება. სქესის პრინციპის კანონენების გაგება ნათელს მოფენს მრავალ დილემას, რომელიც ჩიხში აყენებს ადამიანთა გონებას. სქესის პრინციპი ყოველთვის მუშაობს აღწარმოების და შემოქმედების მიმართულებით. ყველა სულიერი თუ უსულო თავის თავში შეიცავს ამ პრინციპის ორივე საწყისს. ნებისმიერი მამაკაცი ან მამაკაცური გამოვლინება/საგანი ასევე შეიცავს ქალურ საწყისს. იგივე მართებულია ქალისთვისაც. თუ თქვენ მიხვდით მეცნიერული და სულიერი შემოქმედების ფილოსოფიას, თქვენ უნდა ღრმად შეისწავლოთ ეს პრინციპი. ის ხსნის სიცოცხლის მრავალ საიდუმლოს. ჩვენ გაფრთხილებთ, რომ ამ პრინციპს არაფერი აქვს საერთო მრავალ მდაბიო და გარყვნილ სექსუალურ თეორიებთან, რომლებსაც ლამაზად შენიღბულად აწვდიან საზოგადოებას და რომელიც წარმოადგენს ამ უდიდესი სამყაროსეული პრინციპის გაუკუღმართებას. ასე მაგალითად ძველი დროიდან შემორჩენილი, ყველასათვის ცნობილი ფალიციზმის ფორმები მხოლოდ ხელს უწყობენ სულის, გონების და სხეულის გახრწნას. ჰერმეტიკოსები ყოველთვის ხმას იმაღლებდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ ამ მდაბიო სწავლებების წინააღმდეგ, რომლებიც აუკუღმართებდნენ და ბილწავდნენ ბუნებრივი სქესის პრინციპს. თუ თქვენ ასეთი ტიპის სწავლებები გაინტერესებთ, ჰერმეტიზმი თქვენი ადგილი არაა. წმინდასთვის ყველაფერი წმინდაა, მდაბიოსთვის ყველაფერი მდაბიოა.

მიქაელი:
- ზოგადად რომ ვთქვათ აქტიური საწყისი მამაკაცის პრინციპია და პასიური ქალის... გამცემის მამაკაცია და მიმღები ქალი. ეს პრინციპი კარგად ჩანს სიმბოლოებში სადაც სული მამაკაცია, მატერია ქალი, მზე მამაკაცია და მთვარე ქალი. იანი მამაკაცია და ინი ქალი, დღე მამაკაცია და ღამე ქალი. ეს ორი ურთიერთსაპირისპირო გამოვლინება ერთმანეთის გარეშე ვერ არსებებს და ერთმანეთის გარეშე ვერ ქმნის! ეს პრინციპი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რომელიმე სქესის უპირატესობას, განსაკუთრებით ადამიანებში, რადგან უმაღლეს სულიერ იპოსტასს სქესი არ აქვს და ის სხვადასხვა სქესის არსებებში ინკარნაციების შედეგად იღებს გამოცდილებებს და ავლენს თავს. თუ დავუბრუნდებით იმ აზრს, რომ ყველაფერი ტალღაა, გადავხედავთ ჰერმეტიზმის წინა პრინციპებს, დავინახავთ, რომ 6-ივე წინა პრინციპი, ისევე როგორც ეს, ტალღის ბუნებას აღწერს. მენტალიზმი ტალღის გამოვლინებაა, ვიბრაცია ტალღის გამოვლინებაა, რიტმი ტალღის თვისებაა, „პოლარიზაციის“ პრინციპიც დაბალი და მაღალი ვიბრაციის ტალღებით აიხსნება, კარმულ უკუგებასაც ტალღური ბუნება აქვს, ვინც იცის, რადგან კარმა პერიოდულობის დაცვით გადმოდის. ასევე სქესის პრინციპიც ტალღის აღმავალ/დაღმავალ ანუ აქტიურ და პასიურ ბუნებას შეესატყვისება. კარგად რომ დაუკვირდე ჩვენ აღვწერთ ერთი და იგივეს სხვადსხვა გამოვლინებებს, რადგან პირველწყარო სამყაროებს ტალღების მეშვეობით ავლენს, რომელიც სხვადასხვა კანონებში, პრინციპებში და ფორმებში ვლინდება.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff