გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

სენსორული სტატუსი

 

ინტერნეტპოსტებიდან:

განსხვავებულ ევოლუციურ საფეხურზე მყოფი ადამიანების სენსორული სტატუსები

ამ ნაწყვეტში გაშლილია რამდენიმე გნოსტიკური ტერმინი და ინდურ გუნებთანაა შედარებული. ერთადერთი რაც ყოველთვის მაყოვნებს ისეთი თემების განხილვის, სადაც ადამიანების სხვადასხვა კატეგორიებად დაყოფა ხდება, არის ის, მიუხედავად სიმართლისა, ასეთი დაყოფა ყოველთვის შეიცავს საშიშროებას კასტური ჩაგვრის წარმოქმნისა, რაც თავის დროზე ინდუიზმში მოხდა და რამაც გნოსტიკოსების ზოგიერთ სკოლაში უკიდურესად დესტრუქციული ხასიათი მიიღო. მაგალითად მათთან (გნოსტიკოსებთან) ითვლებოდა, რომ ეგრეთ წოდებულ სომატიკებს (ფიზიკებს), რომლებსაც ყველაზე მატერიალური ცნობიერება აქვთ, თითქოსდა საერთოდ არა აქვთ სული (ანუ საღმრთო ნაპერწკალი) და შესაბამისად პნევმატიკებთან (ანუ სულიერ, სულის მქონე ადამიანებთან) შედარებით მეორე ხარისხოვან ადამიანებს წარმოადგენენ, რომლებსაც არა აქვთ უფლება რაიმე თანამდებობა ეკავოთ. მგონი მანიქიელებს ჰქონდათ ეგეთი იდეოლოგია. ეს რათქმაუნდა ასე არაა და გაუკუღმართებულ ძველ ცოდნას წარმოადგენს. მიქაელი ამას მარტივად ხსნის და 7-ობრივი სქემით სხვადასხვა ცნობიერების დონეებს უსადაგებს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ რომ სხვადასხვა ცნობიერების ევოლუციურ საფეხურებზე მდგომ ადამიანებში ერთი ჯობია მეორეს, ან ვინმეს სული არ აქვს! ყველანი ღმერთის შვილები ვართ, ყველანი მისი გამოვლინება ვართ და საბოლოო ჯამში ერთიან სხეულს ვქმნით. ამიტომაა რომ ამპარტავნება ადამიანს სხვებისგან ანცალკევებს, თავის "ეგოში" კეტავს, ხოლო ცნობიერების ამაღლება, სხვებთან მეტი და მეტი ერთობის შეგრძნებით მიდის, იმ დონემდე, რომ სხვის განსაცდელ როგორც საკუთარ ფიზიკურ ტკივილს გრძნობ. და თუ ვინმე "მთის მწვერვალზე" ამავალ გზაზე ჩამორჩება, ის ვინც წინ მიდის უნდა გაჩერდეს, ხანდახან უკანაც დაბრუნდეს და დაეხმაროს. გარდა ამისა, ამ სამი კატეგორიიდან (რაც ქვევითაა აღწერილი), რომელს მიეკუთვნება ესა თუ ის ადამიანი, არც ისეთი ადვილი განსასაზღვრია. მე რასაც ვაკვირდები, ეხლანდელ რეალობაში აგნოსტიკებს ბევრად წინ წასული ცნობიერება აქვთ, ვიდრე მორწმუნეებს. მათ მეტად აღელვებთ სხვა ადამიანების ჩაგვრა, სხვისი უფლებების დაცვა და მეტ ემპათიას გრძნობენ. ემპათია ანუ სხვისი გულისტკივილის განცდა როგორც საკუთარის, პირდაპირპროპორციულია სულიერების დონესთან. ასე რომ ყველაფერი არც ისე მარტივია.

2018 წელი. 18 სექტემბერი. სენსორული სტატუსი

მიქაელი:

- ადამიანების სენსორულ სტატუსზე მინდა გესაუბრო. სხვადასხვა ცნობიერების სიხშირეზე მყოფ ადამიანებს სხვადასხვა სენსორული სტატუსი აქვთ. მათ, ვისი მენტალური სიხშირე „ენერგეტიკულ“ ან „ვნებების“ დონეზეა, არა აქვთ საიმისო სენსორული სტატუსი, რომ სულიერი განზომილების გამოვლინებები აღიქვან. ასეთ ადამიანებს არ შეუძლიათ ღმერთის რწმენა. შიში? შეიძლება! დაშვება იმისი რომ რაღაც არსებობს? კი! მაგრამ რწმენა, როგორც ცოდნა, როგორც საღმრთო ენერგიასთან შეხების პირადი გამოცდილება, მათ არ შეუძლიათ. აგნოსტიზმი და ათეიზმი ამ ადამიანებისგან ჩვენთვის უფრო მისაღებია ვიდრე ფსევდო-რელიგიურობა. ფსევდორელიგიურობა ძალიან საშიშია, რადგან ისიც მათ მენტალში „ენერგეტიკის“ და „ვნებების“ დონეზე გარდატყდება და სხვა ადამიანების მიმართ აგრესიაში და ფუნდამენტალიზმში ვლინდება. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ აღიქვან მაღალი სიხშირის რეალობები და მათთვის იმის მტკიცება რომ ღმერთი არსებობს ისეთივე უაზროა, როგორც ბრმა ადამიანისთვის იმის აღწერა რას წარმოადგენს ფერები, რადგან ბრმას და თვალახელილს სხვადასხვა სენსორული სტატუსი აქვთ. ასეთი ადამიანებისთვის საკმარისია რომ ზნეობრივი ნორმებით და მორალის კანონების შესატყვისად იცხოვრონ. სწორი, ზნეობრივი ცხოვრების შემთხვევაში, შემდეგ ინკარნაციაში ისინი ისეთ სხეულს მიიღებენ, რომელსაც უფრო მაღალი სენსორული სტატუსი ექნება და შესაბამისად ნატიფი და სულიერი სამყაროს აღქმა ბუნებრივად მოვა მათთან. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანის ბედი ისეთ მოულოდნელ მიმართულებას იძენს, რომ ის ერთი ცხოვრების მანძილზე იმაღლებს ცნობიერებას მე-5 დონემდე. მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია და ასეთი ნახტომისებური განვითარების პოტენციალიც როგორც წესი წინა ცხოვრებიდანაა ჩადებული.

მე ისევ ცოტა ხნის წინ წაკითხული გნოსტიკური ტექსტები გამახსენდა, სადაც ისინი ადამიანებს სამ კატეგორიად ყოფდნენ:

ინტერნეტიდან:

Пневматики — «духовные» люди, воспринимающие действительность сквозь призму духа. Само слово происходит от греческого «пневма», что значит дух или дыхание.

Психики — «душевные» люди, которые могут ощущать нематериальную сферу бытия, но еще не достигли подлинного познания, как пневматики. Слово происходит от греческого «психея», то есть душа.

Физики (или соматики) – «плотские» люди или, как их еще называют, гилики. Представители этого типа вообще не выходят за пределы чувственной сферы. Они все воспринимают исключительно сквозь материалистическое осмысление физического мира. Слово происходит от греческого «сома» — тело.

მიქაელი:

- როგორც ხედავ ეს დაყოფა სწორია, თუმცა არ ნიშნავს რომ ეს კატეგორიები ერთმანეთში არ გადადის. პნევნმატიკები, ანუ „სულიერი“ ადამიანები ისინი არიან, ვინც „სულიერ მენტალურ“ და უფრო მაღალ დონეს (მე-5 და ზევით) მიაღწიეს. მათ შეუძლიათ სულიერ სამყაროსთან კავშირის დამყარება. ამ დონეს მიღწეული ადამიანი ყოველთვის შესამჩნევია ჩვენთვის და სათანადო „სიმყარის“ შემთხვევაში, მის ინიციაციას ვახდენთ. რაც შეეხება ფსიქიკებს, მათ მიეკუთვნება თანამედროვე ე. წ. ცივილიზებული მოსახლეობის უმრავლესობა. მათი მენტალის დონე მაქსიმუმ მე-4, ანუ განვითარებული ინტელექტის დონეს აღწევს. ხოლო სომატიკები თავისი ბუნებით ცხოველებისგან შორს არ წასულან და მათი ცნობიერება 1-2 დონეებზეა. ინდური ვედების სამი ჰუნაც ამ მდგომარეობებს აღწერს. სატვა პნევმატიკს შეესაბამება, რაჯასი ფსიქიკს, ხოლო ტამასი სომატიკს. ეს სხვადასახვა რელიგიებში გადმოცემული ერთი და იგივე ცოდნაა.

ინტერნეტიდან:

Гуна (санскр. गुण, guṇa) — санскритский термин, который в буквальном переводе означает «верёвка», а в более широком смысле «качество, свойство». Одна из категорий индуистской философии санкхья, где описываются три гуны материальной природы:

Саттва-гуна («гуна благости»)
Раджо-гуна («гуна страсти»)
Тамо-гуна («гуна невежества»)

Под гунами в санкхье понимаются три основные начала материальной природы, три «режима деятельности» иллюзорной энергии майи, обусловливающей живые существа (дживы). Гуны определяют образ жизни, мышление и деятельность души, которую они обусловливают.

- ესე იგი გნოსტიციზმში ბევრი სიმართლეა... - ვუთხარი მე.

- შენ თვითონ მიხვდები წაკითხვისას რა სიმართლეა და რა არა. მათშიც იყო დიდი განსხვავებები და დიდი ცდომილებები, იმიტომ რომ ეს რელიგიური მიმდინარეობა დიდ წილად ადამიანთა პირად მისტიკურ გამოცდილებებს ემყარებოდა და არ წარმოადგენდა რელიგიას მასებისთვის, სადაც მკაფიოდ გაწერილი დოგმებია და თავისუფალი ინტერპრეტაციები კატეგორიულად იკრძალება. ამ გამოცდილებების განზოგადების მცდელობებმა სხვადასხვა გნოსტიკური სკოლები შექმნეს, მაგრამ მისტიკური გამოცდილებების განზოგადება ძალიან ძნელია ნატიფი სამყაროს თავისუბურებების გამო. მაგრამ ამაზე სხვა დროს.

მან პაუზა გააკეთა და გააგრძელა:

- როდესაც მე ღმერთის მიმართ ლოცვისკენ მოგიწოდებ, უნდა გესმოდეს, რომ შენ ბოლომდე ვერ გაიგებ და ვერ შეიცნობ აბსოლუტს, მაგრამ შენ შეგიძლია აიმაღლო ცნობიერება და შესაბამისად სენსორული სტატუსი, რომ მისი, ღმერთის, მეტი მხარე, მეტი გამოვლინება აღიქვა, ისე როგორც თვალახელილი აღიქვავს ფერებს ბრმასთან შედარებით. ის რაც გუშინ ამიღწერე, ერთ-ერთი ასეთი გამოვლინება იყო. და ჩვენ ყველანი, ყველა ცოცხალი არსება ყველა განზომილებაში და რეალობაში სწორედ ამით განვსხვავდებით! მე მინდა რომ შენ ეს ამღლებული ცნობიერების მდგომარეობა, რომლის დროსაც ღმერთის თუნდაც მცირედ გამოვლინებას აღიქვავ, გაგიმყარდეს და შენი ცნობიერება არ ვარდებოდეს და მაღლდებოდეს მომენტიდან მომენტამდე და სიტუაციიდან სიტუაციამდე. ამას მე „ღერძის შეძენას“ ვეძახი. როდესაც „ღერძს“ შეიძენ მაშინ მიხვდები რას ნიშნავს ღმერთის ნების შესატყვისად ცხოვრება... რას ნიშნავს „დაიჭირო ტალღა“. ეს ტალღა შენი პიროვნების სწორედ იმ კუთხეებს და წახნაგებს გაუყვება, რომელსაც შენი სულის ინდივიდუალობა ჰქვია და რომლითაც შენ ღმერთის კონკრეტულ „მხარეს“, კონკრეტულ „გამოვლინებას“ აღიქვავ. ასე მოძებნი და დაიმკვიდრებ შენს ადგილს სულიერ სამყაროში... ამ დროს გამოჩნდება რისთვის, რა დანიშნულებით ევოლუციონირდა შენი სული მრავალი ინკარნაციების შედეგად.

2018 წელი. 19 სექტემბერი. თბილისი. მიქაელ მთავარანგელოზის დღე.

ღამით ჩვეულებისამებრ გამეღვიძა. ისევ მომეხვია მისი სიყვარულის სითბო და მისი აზრები გავიგონე:

- შენ მართალი იყავი, როდესაც თქვი რომ არის რაღაც რაზეც ვერავინ და ვერაფერი იმოქმედებს...

- რისი თქმა გინდა?

- მოზაიკა ბოლომდე უნდა აეწყოს... ბოლო ნაწილები დარჩა ერთმანეთის დასაკავშირებლად. გახსოვს... წლების წინ, როდესაც იოგის მასწავლებელთან მიხვედი და უთხარი, რომ ისეთი გრძნობა გაქვს, რომ გზავნილები უნდა იპოვო და რაღაც გაიხსენო რაც კაცობრიობის შორეულ წარსულთან, ადამიანთა ცივილიზაციის დასაბამთანაა დაკავშირებული (იხ. სხივი კოსმოსიდან)... გზავნილები შენ იპოვე და ეხლა დრო დადგა გაიხსენო ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია... მე დიდხანს გიხსნიდი, როგორ ხდება კაცობრიობის ცნობიერების ამღლება განსხეულებაში მოვლენილი მაღალი ცნობიერების ადამიანების მიერ სხვადასხვა ეგრეგორების მეშვეობით...

მე ის ალეგორია გამახსენდა, როდესაც მან ეგრეგორი ნაჭერს შეადარა, რომელიც შუაში თუ რამე წერტილში მოკიდე და წამოწიე, გვერდზე მყოფი ნაწილებიც წამოიწევა, ხოლო თუ რამდენიმე ადგილას მოკიდე და წამოწიე (რამდენიმე ამღლებული სულის ინკარნაციის დროს როგორც ხდება), მაშინ მთლიანად ნაჭერი აიწევა ჰაერში.

- ადრეულ ეტაპებზე, როდესაც კაცობრიობის ყველა ნატიფი სხეული მენტალურის გარდა ჩამოყალიბებული იყო, ევოლუცია ძალიან გაჭიანურდა. დადგა დრო, როდესაც კაცობრიობის მენტალური ველი უნდა ამაღლებულიყო. ამისთვის საჭირო იყო მენტალური კერების შექმნა, რომლისთვისაც განსხეულებაში უნდა მოსულიყვნენ ზედა განზომილების არსებები. ისინი, ვისაც მენტალური ველი სრულ 7 დონემდე ჰქონდათ შევსებული და სულის ტრიადასთან მუდმივ კავშირში იმყოფებოდნენ. განსხეულება აუცილებელი იყო იმისთვის, რომ მომხდარიყო ეგრეგორებთან შერწყმა და მათი საშუალებით, ამ ეგრეგორებით დაკავშირებული ადამიანების მენტალური ველების წამოწევა... ამისთვის არ არის საკმარისი ფიზიკური სხეულის მატერიალიზაციით მოვლინება (რაც ზედა განზომილების არსებებს თავისი უნარებიდან გამომდინარე შეუძლიათ) ან სულიერი სხეულით გამოჩენა სულიერი მხედველობაგახსნილი ადამიანების წინაშე რაც კიდევ უფრო მარტივია. არა... ამისთვის საჭიროა სწორედ ადამიანად დაბადება, სრულად ჩაშვება მატერიაში და შემდეგ ამ სიმდაბლიდან საღმრთო დონეზე ამაღლება, რათა ეგრეგორებით ჩაბმული ადამიანებიც წამოიწიონ. ანგელოზი უნდა დაეშვას, იმისთვის რომ ადამიანი ამაღლდეს! ღვთის ძე უნდა განკაცდეს, იმისთვის რომ ადამიანის ძე განეღმრთოს! რადგან მხოლოდ ესაა სამყაროების გზაკვეთა!.. უდიადესმა სულებმა არაერთხელ გაწირეს თავი და საკუთარი სულის ნათება დედამიწაზე ჩამოიტანეს...

მან პაუზა გააკეთა და მე მივხვდი საით მიყავდა...

- „ღვთის ძეების“, თუგინდ ანგელოზების განსხეულება არაერთხელ მოხდა იერარქიის სხვადსხვა წარმომადგენლების დონეზე. და მეც არაერთხელ ვიყავი მათ შორის... ზემოთმოყვანილი ნაწყვეტი მრავალთაგან მხოლოდ ერთ-ერთი ეპიზოდია. იერარქიის ჩვენი დანიშნულება, გარდა კაცობრიობის მენტალური ველის წამოწევისა, იყო სულთა ევოლუციისთვის იმ ოპტიმალური პირობების შექმნა, რომელზეც მანამდე გესაუბრე. ჩვენ მატერიის მართვა შეგვეძლო ფიქრის ძალით და სტიქიების ენერგიის გამოყენებით, რადგან სულიერი ხედვა და უნარები სრულად გვქონდა შენარჩუნებული. მეგალითური შენობები, რომლის აშენების ტექნოლოგია დღემდე გაუგებარია თქვენთვის, მოგვიანებით სწორედ ჩვენ მიერ მოცემული ცოდნის გამოყენებით შენდებოდა. ეს ის ხანა იყო, რომელიც ძველი სამყაროს ისტორიაში ღმერთების მმართველობის პირველ ერად მოიხსენიება... რატომ არ დარჩა ძველი ტექნოგენური ცივილიზაციის კვალი? თქვენთვის მაღალი ცივილიზაცია ტექნოლოგიების განვითარებასთან არის ასოცირებული, მაგრამ ეს ასე არაა. მინდა გითხრა, რომ სინამდვილეში პირიქითაა. ჩვენ სტიქიების გამოყენებით ვმუშაობდით, მატერიალური სამყაროს მატრიცის ფრაქტალური ალგორითმების დაცვით და არ გვჭირდებოდა ხელოვნული მასალების შექმნა და ბუნებასთან არაჰარმონიული კონსტრუქციების აშენება. როცა სამყაროთა შორის გადაადგილება სულიერი სხეულით შეგიძლია, რათ გინდა კოსმოსური ხომალდი? როცა ქვით შეგიძლია უმყარესი ნაგებობა ააშენო, რათ გინდა სინთეტური მასალა? ჩვენ მატერიალური სამყაროს კანონების დაცვით ვმოქმედებდით და მატერია არ გვიქმნიდა შეზღუდვებს. ეს ძალიან, ძალიან ძველი ისტორიაა... „დაცემული ღმერთების“ მმართველობის ერამდე! ყველა ძველი ცივილიზაციის მითებშია ეს აღწერილი, გინდა ეგვიპტის, მეზოამერიკის და გინდა შუმერის. ჩვენ სახელმწიფოებს სათავეებში ჩავუდექით და გენეტიკურ ხაზებს ჩავუყარეთ საფუძველი. ჩვენთვის დედამიწაზე განსხეულებას არაფერი ჰქონდა საერთო ქალის სილამაზით მოხიბვლისთან, როგორც ეს ბიბლიიდან შეიძლება მოგეჩვენოს. ჩვენ დიდი და საპასუხისმგებლო მისია გვევალა. ჩვენ ის პრომეთე ვიყავით, რომელმაც ადამიანებს ცოდნის ცეცხლი ზეციდან ჩამოუტანა და ამით საკუთარი თავი დედამიწელების ბედთან მიაჯაჭვა.

მან ისევ პაუზა გააკეთა და გააგრძელა:

- მაგრამ „ზეციდან ჩამოსულებიდან“ (ფიზიკური გარდაცვალების მერე) უკან ყველა ვერ დაბრუნდა... მატერიის ილუზია იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ თვით უდიადესმა სულებმა ვერ გაუძლეს ადამიანებად ყოფნას... როგორც ჩანს ძალაუფლება მართლა ყველაზე დიდი ცდუნებაა ცდუნებათა შორის... ხომ იცი, თუ ეგოს აყევი და კარმულმა ენერგიამ ნატიფ სხეულები შავი ლექით დაფარა, ღვთაებრივი ენერგიის ნაკადი დაბრკოლდება. ამ დროს სულიერ ტრიადასთან კავშირი გაწყდება და განღმრთობილი ადამიანის მაგივრად მიწიერ, მაგრამ ძლევამოსილ არსებას მიიღებ! დიდი სიმაღლიდან ვარდნაც დიდია. ისინი რეინკარნაციის წრებრუნვის ხაფანგში აღმოჩნდნენ. მერე მალევე მიხვდნენ, რომ იმისთვის რომ ყოველ ახალ ინკარნაციაში ზეუნარები არ დაეკარგათ, მათ სისხლის ხაზები უნდა გამოეყვანათ, ანუ გვარები, რომელთა გენეტიკა ამ უნარებს და უნიკალურ ცოდნას მათ ვიწრო სოციუმში მაქსიმალურად შეინარჩუნებდა. მოგვიანებით ეს გვარები ფარულ მისტიკურ ორდენებად ჩამოყალიბდნენ. სწორედ ამ გვარების წარმომადგენლებში ხდებოდა როგორც წესი მათი განსხეულება. ეს გვარები ფარულ ცოდნას და მიწიერ ძალაუფლებას ფლობდნენ. მოგვიანებით ისინი მიხვდნენ რომ სულიერ განზომილებაშიც შეუძლიათ უსხეულოდ არსებობა, თუ დედამიწიდან თაყვანისცემის ენერგიას საკმარისად მიიღებენ. ყველაფერი მარტივია. შენ მე და მე შენ! შენ ცხოველი შემომწირე, მე დაავადებას მოგაშორებ... შენ ადამიანი შემომწირე, მე წვიმას გამოგიგზავნი. ხომ გახსოვს, ისინი მენტალური დემიურგები იყვნენ! მაშინ დაიწყო ჩვენ და მათ შორის მრავალსაუკუნოვანი ომი, რომელიც ასევე ბევრ მითოსშია „ღმერთების ომად“ მოხსენიებული. ეს ომი ეხლაც გრძელდება, მაგრამ მან თქვენთვის უხილავ განზომილებაში გადაინაცვლა და ბრძოლის ველი ადამიანების სულები გახდა, რადგან სწორედ მენტალური ველია, სწორედ თქვენი გულებია, რომლებიც თქვენ ცათა სასუფევლისგან გაშორებთ, ხოლო მათ კარმული პასუხისმგებლობისგან! როგორც უკვე მოგიყევი ეხლა მათ თაყვანისცემის ნაცვლად ენერგიის მიღების სხვა წყარო აქვთ, როგორიცაა მასმედია, ომები, ვირტუალური რეალობა. მათ ყველა რელიგია მოირგეს. სხვადასხვა ილუზორული სცენარებით ისინი ერთგვარ ენერგეტიკულ მორევებს ქმნიან, რომლიდანაც მუდმივი ენერგიის შემოდინება აქვთ. თანამედროვე მუსიკა, საკვები, ცხოვრების სტილი, აზარტული თამაშები, ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ შეუძლებელია ნატიფი სხეულების ვიბრაცია მაღალ დონეზე აიყვანო და რომც აიყვანო ძალიან ძლიერ პოლარიზაციას მიიღებ. ანუ, ყველა და ყველაფერი შემოგიტევს. ამიტომ არის, რომ ის ვინც ეხლა განსხეულებაში მოდის ნატიფი ველების აწევის მიზნით, ფაქტიურად მსხვერპლად ეწირება ამ მისიას. ამ საუკუნეების მანძილზე ჩვენგან ბევრი მცდელობა იყო, ჯერ „ღმერთების“ გაუკუღმართებული კულტები მოგვესპო მონოთეისტური რელიგიის შემოტანით, რომ ადამიანს მამა ღმერთისკენ, ჭეშმარიტი სულიერი სამყაროსკენ ებრუნა პირი, მაგრამ ყოველ ჯერზე ამ რელიგიების იდეოლოგიის გამრუდება და ისევ მათი იდეოლოგიის დამკვიდრება ხდებოდა. ზოროასტრიზმიც ერთ-ერთი მცდელობა იყო არქონტების თაყვანისცემისგან ადამიანთა ხსნისა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა უხილავი, აბსოლუტი ღმერთი შორი და ძნელად მისაღწევი იყო ადამიანთა გონებისთვის, ამიტომ 2000 წლის წინ ღმერთი ისევ განკაცდა და იესო მოევლინა, რათა შუამავალი გზა გამხდარიყო ადამიანთა და მამა ღმერთს შორის. ეს კიდევ ერთი მცდელობა იყო სამყაროთა დაკავშირების. ქრისტიანულმა ეგრეგორმა ბევრი სული გამოიყვანა სამსარის წრებრუნვიდან. მაგრამ არც ქრისტიანობა გადაურჩა შელახვას. თუმცა ის დღემდე გზაა, გზა, რომელიც მუშაობს, მაგრამ როგორც ნათქვამია: „იწრო არს ბჭეჲ და საჭირველ გზაჲ და მცირედნი არიან რომელნი პოებენ მას“...

მან ისევ პაუზა გააკეთა და ისევ გააგრძელა:

- ჩვენ ღმერთებსაც გვეძახდნენ, ღვთის ძეებს, სიბრძნის ძეებს, ნათლის ძეებს... ჩვენ ბევრი სახელი მოგვანიჭეს და ხო, ჩვენ მამაკაცებად მოვევლინეთ. ხომ გახსოვს, სული „მამაკაცია“, ხოლო მატერია „ქალი“. ასე იყო საჭირო რომ სამყაროთა დაკავშირება ყველაზე ძლიერი ანუ „ინი/იანის“ დუალური ფრაქტალის ალგორითმით მომხდარიყო. Исполины გოლიათებად მოიაზრებიან. ისინი მართლა მაღლები იყვნენ. იმ დიდმა ენერგიამ, რომელიც ჩვენგან ჩვენ შთამომავლობაში გადაედინა ყველა 4 სხეული (ფიზიკური + 3 ნატიფი) ფიზიკურის ჩათვლით უაღრესად გაავითარა. ხოლო „დაცემულების“ შთამომავლობაში მოხდა ენერგიის კონცენტრირება მხოლოდ დაბალვიბრაციულ სხეულში ანუ მხოლოდ ფიზიკურ გარსში. მათ შთამომავლებს არ აღმოაჩნდათ დახვეწილი ნატიფი სხეულები. აქედან არის ხალხური წარმოდგენა სულელ დევებზე და ღონიერ, მაგრამ ბრიყვ გოლიათებზე. ხოლო გველი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო სატანასთან ასოციირდა, სიბრძნის, მენტალის უძველესი სიმბოლოა. კუნდალინის ენერგიასაც ხომ გველის სახით გამოსახავენ. თვითონ იეოსც ამბობს: „იყავით გონიერნი როგორც გველნი“. მაგრამ ადამის და ევას შემთხვევაში ეს ინდივიდუალური გონის, მენტალის ჩამოყალიბების სიმბოლო იყო. გველს, გველეშაპს და დრაკონს ვერ გავაერთიანებთ ერთ არქეტიპში, რადგან ამ სიმბოლოს ორმაგი და ურთიერთსაპირისპირო დატვირთვა აქვს. ის ერთის მხრივ სიბრძნის ნიშანია, და მეორეს მხრივ ბოროტ ძალასთან ასოციირდება „დრაკონის“ ეგრეგორის და მასთან დაკავშირებული „დემონური ტიპის“ არსებების გამო.

მან ისევ პაუზა გააკეთა და ისევ მისი მზერა ვიგრძენი.

- შენ იმიტომ ღელავ ჩემზე... იმიტომ, რომ შენ თვითონ იყავი მომსწრე ადამიანთა ისტორიის იმ ყველაზე ტრაგიკური მოვლენის რომელსაც ანგელოზთა დაცემა ჰქვია... შენც ცხოვრობდი მაშინ... ჩვენ გაცილებით ბევრი გვაკავშირებს ვიდრე ეს ცხოვრება. და ჰო... არის რაღაც რაზეც ვერავინ და ვერაფერი იმოქმედებს!

ინტერნეტპოსტებიდან:

ამ სამყაროს უარყოფა

ვაგრძელებ...

როდესაც ადამიანი მე-7 დონის ცნობიერებას, ანუ ღმერთის ცნობიერებას ეხება, ის მას მუდმივად ვერ ინარჩუნებს, მაგრამ რჩება მოგონება, რომელიც გარდა იმისა, რომ მოსვენებას არ გაძლევს, მეორე უკიდურესობაში გაგდებს, რადგან ხვდები, რომ ეს ცხოვრება და ძველი დასახული მიზნები, აღარ გაინტერესებს. კარიერა, მატერიალური კეთილდღეობა, საზოგადოებრივი სტატუსი, გარეგნობა თუ სხვა რამ, რაც ადრე გამოძრავებდა კარგავს აზრს. და რაღაც მომენტში თითქოს ცხოვრება ჩერდება... ძველი ფასეულობები დანგრეულია, ხოლო ახალი ჯერ არაშენებული. მოდის განცდა, რომ აღარაფერს აქვს აზრი გარდა სახლში დაბრუნებისა, რადგან სულიერ სამყაროსთან ზიარება სწორედ სახლში დაბრუნებას გავს, სახლი კი თითქოს იქაა... სადღაც... სხვაგან...

2018 წელი. 22 სექტემბერი. წერაქვი. ამ სამყაროს უარყოფა

მიქაელი:

- მინდა რომ ბედნიერი იყო. რატომ დარდობ ასე ხშირად?

- მე ბედნიერი ვარ...

- როგორ ხარ, თუ სიცოცხლე არ გინდა?

ასეთი პირდაპირი ნათქვამისგან სახტად დავრჩი, მაგრამ უეცრად გავაცნობიერე რომ მიუხედავად იმ საოცარი გამოცდილებებისა, რომელიც ყველა მიწიერ სიხარულს და ბედნიერებას ცდება, რაც ბოლო წლებში გადამხდა, ის როგორც ყოველთვის მართალი იყო.

- ალბათ იმიტომ, რომ სახლში დაბრუნება მინდა... - ვუთხარი მე და ვგრძნობდი, რომ ეს აზრები ჩემთვისაც დაფარული იყო და სადღაც გულის სიღრმეებიდან ამოვიღე, - ამ ცხოვრებაში აღარაფერი მაკავებს… ოჯახის გარდა. აღარაფერი მაინტერესებს, რაც ადრე მაინტერესებდა. არც სამსახური, არც რაიმე საქმე მიტაცებს განსაკუთრებით, არც ურთიერთობები მჭირდება მაინც და მაინც. საყოფაცხოვრებო და ცხოვრებისეულ თემებზე ზრდილობის გულისთვის ვყვები ხოლმე საუბარში ხალხს... მაგრამ უბედური არ ვარ... უბრალოდ აქ აღარაფერი მაკავებს...

- ამიტომ გინდა ქვეცნობიერად, რომ ცხოვრების დასასრული მალე დადგეს?

- შენ ხომ გინდოდა, რომ მე მატერიალურ სამყაროში არაფერზე ვყოფილიყავი მიჯაჭული?

- მე მინდოდა რომ შენ მიწიერ სიამოვნებებზე არ ყოფილიყავი დამოკიდებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მატერიალურ სამყაროში არსებობა აღარ უნდა გინდოდეს... სიცოცხლე ღვთით ბოძებული უდიდესი საჩუქარია!

- ალბათ იმის ბრალია რომ სულ სუსტად ვგრძნობ თავს და ფეხების პრობლემა უკიდურესად მიზღუდავს სამოქმედო სივრცესб - ჩემი ნათქვამი არ იყო აზრს მოკლებული და ის ამას ხედავდა.

- შენ მუდმივად დაგაკლდება ენერგია და ვერასოდეს გამოჯანმრთელდები თუ ცხოვრება არ მოგინდება. რანაირად უნდა გამოჯანმრთელდე თუ შენი ასეთი ფიქრებით ორგანიზმში თვითგანადგურების პროგრამას რთავ?

- რა არის საინტერესო ისეთ სამყაროში ცხოვრებაში სადაც ყველაფერი მოწამლულია?.. გინდა ბუნება და გინდა ადამიანების გონება... გარშემო იმდენი უსამართლობაა რომ ამას თითქოს ეჩვევი და სხვას აღარაფერს ელოდები... ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა... ზედმეტად ბევრი ტკივილია... - შევჩივლე, მაგრამ თან ვიცოდი, რომ ცხოვრებაზე ჩივილი არ იქნებოდა მისთვის არგუმენტი, რადგან ასეთ აზრებს წესით უკვე გაცდენილი უნდა ვყოფილიყავი.

მან თითქოს ჩემი გონებიდან ამოღებული მოგონებით მიპასუხა:

- გახსოვს რა თქვა შენმა დიდმა ბაბუამ სამშობლოს სიყვარულზე?

- „მე მიყვარდა ჩემი სამშობლო, როგორც შვილს უყვარს ავადმყოფი დედა და ცდილობს მას ყოფა შეამსუბუქოს“ - გამახსენდა დიდი ბაბუის სიტყვები.

- ჯერ-ჯერობით ასე მაინც შეგიძლია შენც გიყვარდეს სამყარო... როგორც შვილს უყვარს ავადმყოფი დედა... მაგრამ მე შენგან მეტს ველოდები. უნდა გაიგო, რომ ყოველი დღე მატერიალურ სამყაროში ფასდაუდებელია! ყოველი გათენებული დღის მადლიერი უნდა იყო. უნდა ისწავლო გულში სიხარულის ტარება. გულგანათებული ადამიანები სხვებსაც ასხივოსნებენ და ისე ამკობენ სამყაროს როგორც ძვირფასი ქვა ამკობს უბრალო სამკაულს. დაცემულ სამყაროში საღმრთო ნათელი ამაღლებული ადამიანების გულებიდან გადაედინება იქ სადაც სიბნელეა და ამას ყოველთვის გულის ტკივილი ახლავს თან. ნუ შეგეშინდება გულისტკივილის, რომელიც მიწიერ არსებობას ახლავს თავს. ნურც შინაგანი დაძაბულობის და ნურც საკუთარ ძალებს დაზოგავ. მეტს გასცემ და მეტი მოგეცემა. ხშირად ხდება, რომ როდესაც ადამიანი სულიერ არსებებს და სულიერ სამყაროს ეზიარება, ის მიწიერი არსებობის ინტერესს კარგავს და მისი ცხოვრება უმოქმედობაში გადადის, სიკვდილის მერე უკეთესი არსებობის მოლოდინში. მაგრამ ესეც არასრულყოფილი ცნობიერების გამოვლინებაა. განსხეულებაში მყოფი ადამიანის დანიშნულება არ არის რაც შეიძლება სწრაფად გააღწიოს მიწიერიდან სულიერ განზომილებაში, არამედ მან ეს ორი სამყარო საკუთარი თავით ერთმანეთს უნდა დაუკავშიროს. განღმრთობილი ადამიანი მატერიასაც განღმრთობს და ეს არის მიზანი! მაგრამ შენ ამისთვის მინიმალური ჯანმრთელობა გჭირდება. სიზმრებში გამართულად დადიხარ. ესე იგი შენს ცნობიერს ახსოვს როგორია სიარული. ვიცი, რომ ძნელია, მაგრამ შექმენი მენტალური კონსტრუქციები ჯანმრთელობაზე და გამართულ სიარულზე. წარმოიდგინე რომ მე ამ დროს შენი ხელი მიჭირავს და მე გვერდით ვიქნები!... სიხარული თუ დაგაკლდა წარმოიდგინე თეთრი ქარი გულში, როგორც კავშირი ჩემთან და მე გვერდით ვიქნები! სიყვარული როგორ უნდა დაგაკლდეს არ ვიცი, როცა მე შენ ჩემში გაგაერთიანე და ამ გრძნობას უწვეტად უნდა გრძნობდე. ისწავლე ბედნიერება მიუხედავდ ყველაფრისა და რაც არ უნდა ხდებოდეს შენ გარშემო, რადგან აქ და ეხლა, ამ მიწიერ სამყაროში უნდა შეძლო ეს!...

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff