ცნობიერების აწევა მზემდე
18 აპრილი. 2019 წელი. ცნობიერების აწევა მზემდე
ბოლო თვის განმავლობაში წიგნის პირველი ნაწილის რედაქტირებაზე ვმუშაობდი და მიქაელთან დაკავშირებას სულ უფრო იშვიათად ვახერხებდი. იმ დღეებშიც კი, როცა მასთან კავშირს ვგრძნობდი, ინფორმაცია წყვეტილად მოდიოდა. თითქოს მის აზრებს ვეჭიდებოდი, მაგრამ ბოლო მომენტში ხელიდან მისხლტებოდნენ, ამიტომ მათი სრულფასოვნად გააზრება და გადმოცემა მიჭირდა. ეს ჩემი აპრილის დასაწყისის ჩანაწერებიდანაც ჩანს. ვგრძნობდი, რომ ახალ ინფორმაციას კი არ მაწვდიდა, არამედ უნდოდა რომ ძველში კარგად გავრკვეულიყავი და რამდენიმე თემა ხელახლა და უფრო მკაფიოდ ჩამომეყალიბებინა, რადგან საბაზისო ინფორმაცია უკვე მოცემული იყო.
ღამით, როდესაც ყველაფერი მიყუჩდა და ყველამ დაიძინა, მასთან დაკავშირება ვცადე. ზედა ეთერულ სივრცემდე ცნობიერება ავწიე და მისი ფიქრები გავიგონე:
- არ გაჩერდე. კიდევ ასწიე ცნობიერება. წარმოიდგინე რომ მზემდე ახვედი.
მე მის რჩევას მივყევი. მიუხედავად იმისა, რომ ღამე იყო, წარმოვიდგინე, რომ ჩემი ცნობიერება მზემდე აიწია და მაშინვე მისი სითბო მომეხვია. ეს შეგრძნება კიდევ უფრო გამძაფრებული იყო ვიდრე იქ, რასაც „ზედა ეთერულ ოქტავას“ ვეძახდი. მზის ცეცხლოვანი ბუნება შევიგრძენი, ოღონდ არა როგორც მწველი ჯოჯოხეთური ცეცხლი, რომელიც ყველაფერს, რაც მას უახლოვდება ფერფლად აქცევს, არამედ როგორც ძლიერი ნათება და იგივე თეთრ-ოქროსფერი ნაკადები.
მე:
- რა უცნაურია... ნუთუ ის არსებები, რომელიც აქ ცხოვრობენ სულ ამ გრძნობას განიცდიან? მუდმივი განცდა გაქვს რომ უყვარხარ და შენც საპასუხოდ გიყვარს, მაგრამ ამ გრძნობაში თითქოს საკუთარ თავს კარგავ... ამ ოქროსფერი ნაკადების ნაწილი ხდები... როგორი ძნელი ასახსნელია და როგორი სხვანაირია აქ არსებობა... ჩემთვის ეს სიყვარული შენი პიროვნების მიმართაა მიმართული და საპასუხო ემოციასაც შენგან ვიღებ, მაგრამ არასდროს მტოვებს შეგრძნება რომ შენ ღმერთის, ჩვენი შემოქმედი აბსოლუტის... როგორ ვთქვა... მის ერთ-ერთ ვარიანტს, მის ემანაციას წარმოადგენ... მის ბუნებას ატარებ და შენი სახით მე მას ვეხები... ალბათ სწორია რომ შენი სახელი სწორედ მაგას ნიშნავს - ის ვინც ღმერთივითაა...
მიქაელი:
- მინდა დაგამშვიდო, რომ ჩემთან კავშირს არასდროს დაკარგავ, თუნდაც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ იგრძნო ის. ეს კავშირი მაშინაც გვეჭირა, როცა ჩვენს არსებობას საერთოდ ვერ აცნობიერებდი. მინდა იმ თემას დავუბრუნდეთ, რომლის აზრის დაჭერა ასე გაგიჭირდა. დედააზრი იმისი, რის გადმოცემასაც ვცდილობდი შემდეგია - შემოქმედების იმპულსი აბსოლუტიდან მოდის. ჯერ გამოუვლენელი აბსოლუტი დიფერენცირდება მატერიის და სულის იპოსტასად. შემდეგ მატერია სიმბოლურად რომ ვთქვათ „ქვევით“, ვიბრაციების ვარდნისკენ, გაუხეშებისკენ მოძრაობს შორდება რა სულის იპოსტასს. ამ ეტაპზე ხდება მატერიის მეტად და მეტად დიფერენცირება, ხოლო შემდეგ უკვე დიფერენცირებული, ესე ვთქვათ ინდივიდუალობაშეძენილი მატერია „ზევით“ ბრუნდება სულის იპოსტასისკენ გათხელებისა და ვიბრაციების გაზრდის გზით. ასე ხდება აბსოლუტის თვითგამოვლინება ფორმაში. ხომ მარტივია? ეს პროცესი თვითორგანიზდება ფრაქტალური პრინციპით როგორც მაკრო ასევე მიკროსამყაროებში. ანუ, როგორც სრულიად სამყაროს, ასევე კონკრეტულად დედამიწის შემთხვევაში. ახლა, როდესაც ეს მთავარი პრინციპი გავიგეთ, დავიბრუნდეთ დედამიწის შექმნას, როგორც სამყაროს ერთ-ერთი კონსტრუქციისა, რომელსაც ფრაქტალური პრინციპიდან გამომდინარე ისეთივე ქარგი უნდა ჰქონდეს, როგორც სრულიად სამყაროს. ეხლა შენს აპრილში დაწერილს რომ დავუბრუნდეთ, შენ თითქმის სწორედ დაიჭირე მთავარი იდეა, მაგრამ უკეთ რომ გაიგო, ჯობია სქემა დახატო. ჯერ დედამიწის შექმნა განვიხილოთ, ხოლო შემდეგ იმაზე დავფიქრდეთ რა ადგილი უკავია მას სამყაროში, რომ შემოქმედის გლობალური გეგმა დავინახოთ, საიდანაც მარჯვნივ ან მარცხნივ გადახვევა მხოლოდ დაშვებულის ფარგლებში ხდება და მხოლოდ თავისუფალი ნების შუალედური სამყაროებისა, რომლის გარეშე მთელი მისი შემოქმედება არაფერი იქნებოდა გარდა დიდი საათის მექანიზმისა, სადაც ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მისჯილი და ყველაფერი მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული კანონზომიერებით იმართება.
ნახ. 48. დედამიწის ფორმირება და ინდივიდუალური შრეების შეძენა მატერიაში ჩასვლა-ამოსვლის გზით.
ამ სქემას რამდენიმე დღე ვხატავდი და სულ მქონდა დისკომფორტი რომ რთულ მოვლენებს უკიდურესად ვამარტივებ.
ერთხელაც მიქაელს შევჩივლე:
- ჩვენ სამყაროს და მისი ნაწილების ფორმირების მექანიზმებს განვიხილავთ, მაგრამ 21-ე საუკუნეში ვიყენებთ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა ეთერი, სტიქიათა ენერგიები... რატომ არ შეიძლება თანამედროვე ენა შემოვიტანოთ? მაგალითად ჰიქსის ბოზონი? - ვთქვი მე სიამაყით სიტყვა რომელიც ბოლო წლებია ყველას პირზე აკერია, მაგრამ არავინ იცის მისი მნიშვნელობა, ჩემ ჩათვლით.
მას გაეღიმა და ის თქვა რაც ისედაც ვიცოდი:
- იმიტომ რომ შენ არ გაქვს შესაბამისი ცოდნა. მე ინფორმაციას იმ იდეათა დიაპაზონში გაწვდი, რის შესატყვისსაც ვპოულობ შენ ცნობირებაში და რის შესატყვისსაც შენი სულის მეხსიერება ატარებს.
- მე ვისწავლი! - გამოვუცხადე მე თავდაჯერებულად - ვისწავლი კვანტურ ფიზიკასაც და შავი ხვრელების ფიზიკასაც. რათქმაუნდა დამწყების დონეზე, მაგრამ მაინც. მაინტერესებს თუ ამოვიცნობ თანამედროვე სამყაროს შესახებ თეორიებში, შენს მიერ მოცემულ ინფორმაციას.
ეს ხმამაღალი განცხადება იყო, რომელზეც მან არაფერი მიპასუხა, მაგრამ მე გეგმა იმ წუთასვე დავსახე. ინტერნეტში არსებობს საკმაოდ მაღალი ხარისხის ინგლისურენოვანი კურსები, რომელიც სხვადასხვა დონის აუდიტორიისთვისაა შედგენილი და რომელსაც ევროპის და ამერიკის ცნობილი უნივერსიტეტების პროფესორები კურირებენ. ამ კურსთა სისტემაში არაერთი პროგრამა მაქვს გავლილი პროფესიული ცოდნის ამაღლებისთვისაც და ჰობის დასაკმაყოფილებლადაც. მე მაშინვე დავძებნე არსებობს თუ არა მათთან კვანტური ფიზიკის კურსი დამწყებთათვის. რაღაც მინიმალური დონის ცოდნა უნივერსტეტიდანაც მქონდა, ამიტომ ასეთი საბაზისო პროგრამა წესით არ უნდა გამჭირვებოდა.