და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ
2018 წელი. 8 ნოემბერი. და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ
სიზმარი:
ამ ინკარნაციიდან „ვიღვიძებ“ ანუ ფიზიკურად ვკვდები და სხვა სამყაროში ვინაცვლებ. ეს სამყარო თითქოს ჩემთვის ნაცნობი გარემოა. მე სადღაც მივიჩქარი, სადაც მიქაელი მეგულება. მასთან შეხვედრას სულმოუთქმელად ველოდები, მაგრამ ვერ ვპოულობ და იმედგაცრუება მიპყრობს. იქ, სადაც მეგულებოდა არავინ მხვდება. არეული გრძნობებით გარეთ გამოვდივარ და თავჩაქინდრული ფართო ქუჩას მივუყვები. ქუჩა ისეა მზით გაღვითქული, თითქოს თვითონ ანათებს. მიწა ოქროსფერ შუქს თვალისმომჭრელად ირეკლავს და უეცრად მზის სხივებისგან ხმა მომდის:
- რას ელოდები ჩემგან?..
მე ვიცი, რომ ეს სინათლე, რომელიც ყველაფერს ფარავს თვითონ მიქაელია და არ ვიცი როგორ ავუხსნა, რომ მისი ნახვა მინდა ისეთის, როგორიც მე ვარ, როგორც ადამიანის! მაგრამ რატომღაც მენანება ეს თვალისმომჭრელი სინათლე საიმისოდ რომ ადამიანად იქცეს... ადამიანის ფორმა ხომ ასეთი არასრულყოფილი და შეზღუდულია... და არაფერს ვპასუხობ...
მერე ისევ ვხედავ, როგორ მყვინთავივით ვეშვები წყალში. ჩემთან ერთად ისევ სხვებიც არიან. წყალი ნელ-ნელა ცივი და ბნელი ხდება... მერე ყრუ ხმები მესმის, წყლის გადადინების ხმა და უეცრად ვაცნობიერებ რომ დედის მუცელში ვიმყოფები ჩვილი ბავშვის სხეულში...
მეღვიძება და ვფიქრობ რომ უკვე მეორედ მიგზავნიან სიზმარს, სადაც სულის სხეულში ინკარნაციის პროცესი ჰგავს წყალში ჩაყვინთვას, რომლის დროსაც ჯერ წინა ინკარნაციის პიროვნების სახით ყვინთავ და შემდეგ ნელ-ნელა ახალ პიროვნებაში გადადიხარ, როდესაც მუცლადმყოფი ბავშვის სხეულში ხვდები. ეს პროცესი, რომელიც ახალი პიროვნების შეძენას და წინა პიროვნების დავიწყებას მოიცავს, როგორც ჩანს ნელნელა მიმდინარეობს...
სიზმრის პირველი ნაწილი ჩემთვის გაუგებარი რჩება, მაგრამ მეორეზე მიქაელი მიხსნის:
- თქვენი მეცნიერები ეგზოპლანეტებზე სიცოცხლეს ყოველთვის წყლის არსებობას უკავშირებენ. ისინი ყოველთვის წყალს ეძებენ, მაგრამ იმ იდეას, რომ თქვენ პლანეტაზე სიცოცხლე წყალთანაა დაკავშირებული, ბევრად უფრო ღრმა აზრი აქვს, ვიდრე უბრალოდ წყლის არეში ქიმიური რეაქციების მიმდინარეობის შესაძლებლობა. სულიერი თვალით რომ შეხედო, გაგიკვირდება მაგრამ სულის ინკარნაცია მართლა წარმოადგენს წყლის სტიქიაში ჩაშვების პროცესს... ხოლო წყალს, ისევე როგორც სხვა სტიქიებს, სხვადასხვა სიხშირეებზე სხვადასახვა „სიბლანტის“ გამოვლინებები აქვს. ნატიფ სამყაროში, მას შესაბამისად ფაქიზი, დენადი და გაცისკროვნებული სტრუქტურა აქვს. როცა „ზედა“ სამყაროდან „ქვედაში“ ინკარნირდები, შეგრძნება გაქვს, რომ წყალი ბნელდება, ცივდება და ბლანტდება... ხომ გახსოვს სიბნელე და სიცივე დაბალი ვიბრაციების გამოვლინებაა, „სულის“ იპოსტასის ნაკლებობა. შემდეგ ნელ-ნელა, როგორც მუცლად მყოფ ბავშვს, ახალი სამყაროს ხმები გესმის დედის მუცლის წყლებში გამავალი ბგერების და ხმაურის სახით. ამ შეგრძნებებს სხვაც მოყვება და ასე ნელ-ნელა გადადის ცნობიერება ახალი სამყაროს სიხშირეების აღქმაზე, ხოლო ძველი არსებობის მოგონებები ნელ-ნელა უფერულდება და ბოლოს სრულიად ქრება... ახალშობილ ბავშვებს ჯერ კიდევ მოსდევთ სულის ძველი გამოცდილება, მაგრამ მათი სული უკვე ახალი სხეულის ნერვული სისტემით ვლინდება, რომელიც თავისი ბავშვური განუვითარებლობის გამო ამ მოგონებებს შეგნებულად ვეღარც ავლენს.
- არის ამაში რაღაც სევდიანი... - ვუთხარი მე.
- ეს იმიტომ, რომ თქვენ ფიზიკურ სხეულს ანუ დროებით პიროვნებას უკავშირებთ თქვენს იდენტობას. უნდა გააფართოვოთ ცნობიერება, საკუთარი არსის, უკვდავი სულის აღქმა უნდა ისწავლოთ, რომ გაუთავებელ დაბადება-სიკვდილს დაუსხლდეთ ხელიდან... ინკარნაცია მატერიალურ სამყაროებში შესაძლებელია სულის მეხსიერების შენარჩუნებით და საკუთარი სულის უმაღლესი იპოსტასების შეგრძნებით. მაგრამ ამისთვის პლანეტარული სიხშირეები უნდა ამაღლდეს და კაცობრიობის მენტალი მეტად დაკავშირდეს ზედა სულიერ ტრიადასთან, მეტი სულიერი ენერგია უნდა გატარდეს... მატერია უნდა შეთხელდეს...
- „1. В начале сотворил Бог небо и землю.
2. Земля же была безвидна и пуста, и тьма над бездною, и Дух Божий носился над водою.
(ქართ. თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. 2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.)
(Быт.1:1-2)“ - გამახსენდა ნაწყვეტი ბიბლიიდან.
2018 წელი. 11 ნოემბერი. დაშავატარები
მიქაელი:
- и Дух Божий носился над водою... (ქართ. ...და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ) - გაიმეორა მან ჩემი მაშინდელი ფიქრები, - ეხლა ხვდები, რომ ზედა, სულიერი განზომილებებიდან მატერიალური სამყარო აღიქმება როგორც წყლის ზედაპირი? იოანეს გამოცხადებაში სიტყვები „и перед престолом море стеклянное, подобное кристаллу“ ასევე ფიზიკურ განზომილებას ეხება. Дух Божий ის სულის იპოსტასია, რომელიც ქმნის მატერიისგან ფორმებს ნათელ იერარქთა მენტალური კონსტრუქციების შესაბამისად. ხოლო როდესაც პლანეტაზე ერთი მეორეს მიყოლებით იქმნება ნატიფი ველები და მათში მცხოვრები სიცოცხლის ფორმები, ერთი ველიდან მეორეში გადასვლისას (მაგალითად, როცა მთავრდება ეთერული ველის ფორმირება და შესაბამისად „მცენარეული“ სიცოცლის ფორმები, ევოლუცია გადადის ასტრალური ველის ფორმირებაში, რომლის დროსაც ვითარდება ფაუნის ბიომრავალფეროვნება), ან თუ რომელიმე სიცოცხლის ფორმის ევოლუციის დაჩქარებაა საჭირო, დემიურგი იერარქები თავად ინკარნირდებიან ავატარების სახით...
მან მაგრძნობინა რომ ვედებში არის ამაზე ინფორმაცია.
ინტერნეტიდან:
დაშავატარა (სანსკ.. दशावतार, daśāvatāra) —ვიშნუს (ხოლო ზოგიერთი ვაიშნავიზმმის ტადიციაში კრიშნას) ათი ძირითადი ავატარი. აღწერილია პურანებში. ვაიშნავიზმის ფილოსოფიაში ავატარა (სანსკ.अवतार, avatāra) როგორც წესი აღნიშნავს ინკარნაციას/განსხეულებას, ხოლო „დაშა“ ნიშნავს ათს. ესენია ე. წ. მახა-ავატარები ანუ მთავარი ავატარები. დეშავატარების ჩამონათვალი მოცემულია „გარუდა-პურანაში“ (1.86.10-11). იქვეა გამორჩევით ნახსენები ის ავატარები, რომლებსაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მისია ევალათ. უმრავლესობა ამ სიაში მოხსენიებული ავატარები წარმოადგენენ ე. წ. ლილა-ავატარებს.
დაშავატარები:
მატსია (სანსკ.मत्स्य, matsya, თევზი) — ვიშნუ, რომელიც ინკარნირდება თევზის სახით წარღვნისგან გადაარჩენს მეშვიდე მანუს — ვაისვატას. ასევე წარღვნისგან იხსნის მრავალ რიშის და მცენარეთა თესლებს, რომლებიც მანუს ააქვს გემზე. „ბჰაგავატ-პურანას“ ვერსიის მიხედვით ვიშნუს ეს ავატარი ასევე კლავს ხაიაგრივას (დემონს) და აბრუნებს მის მიერ მოტაცებულ ოთხ ვედას (წმინდა წიგნს).
კურმა (სანსკ.कूर्म, kūrma, კუ) — ვიშნუ, რომელიც ამჯერად კუს სახითაა ინკარნირებული ეშვება მსოფლიო ოკეანის ფსკერზე რათა გადაარჩინოს წარღვნის დროს დაკარგული განძი. ღმერთები და ასურები აყენებენ კუზე მთა მანდარას, რომლის გარშემო ახვევენ გველს.
ვასუკი (შეშა), იწყებს ოკეანის თქვეფას, რომლიდანაც მოიპოვებენ ამრიტას (უკვდავების ელექსირი), ლაკშმის, მთვარეს, აფსარუს, რამბხუს, სურაბხის და ზოგიერთ სხვა წმინდა საგანს და არსებას.
ვარახა (სანსკ.वराह, varāha, ტახი) — იმისთვის რომ გადაარჩინოს დედამიწა დემონ ხირანიაკშასგან, რომელიც ძირავს მას ოკეანეში, ვიშნუ ინკარნირდება ტახის სახით, ორთაბრძოლაში კლავს ტახს, რაც 1000 წელი გრძელდება და ამოაქვს დედამიწა წყლიდან თავისი ეშვებით.
ნარასიმხა (სანსკ.नरसिंह, narasiṃha, ადამიანი-ლომი) — ამ ავატარაში ვიშნუ იქცევა ადამიანის ტანის და ლომის თავის მქონე არსებად და იხსნის დედამიწას დემონ ხარანიაკაშიპუს ტირანიისგან.
ვამანა (სანსკ.वामन, vāmana, ქონდრისკაცი) — დაიტიების მეფე ბალი, თავისი ასკეტური მიღწევების წყალობით ხდება ტრილოკის ანუ სამი სამყაროს (ზეცა, მიწა და ქვესკნელი) მმართველი და იქვემდებარებს დევებს. ღმერთების დედა ადიტი სთხოვს ვიშნუს დახმარებას და მაშინ იგი ქონდრისკაცის გარეგნობით წარსდგება ბალის წინაშე. ვიშნუ სთხოვს ბალის აჩუქოს მას იმდენი მიწა, რამდენსაც იგი დაფარავს სამი ნაბიჯის გადადგმით. დასტურის მიღებისთანავე ორ ნაბიჯში ის ფარავს მთელ სამყაროს, მაგრამ მესამეს აღარ დგავს, რადგან ბალი მას საკუთარ თავს უდებს ფეხქვეშ.
პარაშურამა (სანსკ.परशुराम, paraśurāma, რამა ცულით) — ვიშნუ განსხეულდება ბრახმან ჯამადაგნის შვილის — პარაშურამუს სახით და მუსრს ავლებს კშატრიების დიდ რაოდენობას, რომ მმართველობა გადასცეს ბრახმანებს.
რამა (სანსკ.राम, rāma, მომხიბვლელი) — აიდოხიის უფლისწული და მეფე, მოევლინა ტრეტა-იუგაში. ეს არის ვიშნუს ავატარა, იდეალური მეფის და ქმრის ეტალონი.
კრიშნა (სანსკ.कृष्ण, kṛṣṇa, მუქი ან ყოვლადმომნუსხველი) — მოევლინა დვაპარა-იუგაში ძმასთან (ბალარამა) ერთად. კრიშნაიზმის ისეთ ტრადიციებში, როგორიცაა გაუდია-ვაიშნავიზმი, ნიმბარკა-სამპრადაია და ვალლაბხა-სამპრადაია, კრიშნა ითვლება არა ავატარად, არამედ თვით სვაია-ბხაგავანად, ანუ ღმერთის უმაღლეს ფორმად, რომელიც თავად წარმოადგენს სხვა ავატარებისა და ვიშნუს ინდივიდუალობების პირველწყაროს. „ბხაგავატ-პურანას მიხედვით, მისი ძმა ბალარამა იყო ანანტა-შეშის (ათასთავიანი გველი, მარადისობის სიმბოლო, ნაგების მეფე, ვიშნუს ერთ-ერთი გამოვლინება), ავატარა. ვაიშნავიზმის მრავალ მიმდინარეობაში ბალარამასაც მიიჩნევენ ვიშნუს ავატარად. დაშავატარების იმ სიაში, სადაც არაა ნახსენები ბუდა, ბალარამა მიიჩნევა ვიშნუს მე-9 ავატარად.
გაუტამა ბუდა (სანსკ.गौतम बुद्ध, განსხივოსნებული) — მოევლინა კალი-იუგაში იმ მიზნით რომ გადაარწმუნოს ასურები ვედების სიწმინდეში და შედეგად მათ ჩამოერთვათ ძალა. ამ ავატარის მიზანი ასევე იყო მანკიერი და ურწმუნო ადამიანების გამოვლენა, რათა მათ ეჭვი შეეპაროთ ვედების სიწმინდეში, უარყონ ვედებით დადგენილი რიტუალები და შედეგად დაიღუპონ. (ავტ: საკამათო ინტერპრეტაციაა, რადგან ბუდისტები ითვლებიან ურწმუნო, დასაღუპად განწირულ ადამიანებად).
კალკი (სანსკ.कल्कि, kalki, მარადისობა, დრო, ხუმარა ან ცოდვების შემმუსვრელი) — მუქი, შავგრემანი ვიშნუ თეთრ ცხენზე, მოელვარე ხმლით ხელში, ანადგურებს ბოროტმოქმედებს, აღადგენს დხარმას და ამზადებს სამყაროს მომავალი აღზევებისთვის. კალკი მოევლინება კალი-იუგას დასასრულში.
ნახ. 37. ვიშნუს ათი ავატარი.
მე:
- ზემოთაღწერილი მთლად არ ემთხვევა, იმას რასაც შენ მიყვები...
მიქაელი:
- მთავარია პრინციპი გაიგო. ასეთი ტიპის ინფორმაცია რათქმაუნდა ზღაპრული მეტაფორებით გამდიდრებული ისტორიების სახით გადმოიცემოდა. მთავარია გაიგო, რომ ახალი ველი, როგორიცაა მაგალითად ასტრალური, ასე თავისით და ადვილად ვერ წარმოიქმნება დაბალი ვიბრაციების ზონაში, როგორიცაა დედამიწა. გარდა ამისა, მთელი ეს პროცესები უნდა ჩაჯდეს კოსმოსური ციკლების ვადებში, ამიტომ გარდატეხის მომენტებში, უმაღლესი იერარქი ნაწილობრივ ინკარნაციას (ავატარად განსხეულება) ახორციელებს, რომ შესაბამისი ეგრეგორების საშუალებით წამოწიოს და შექმნას ახალი ნატიფი ველი საკუთარი ველის შეტანით ანუ საკუთარი ველის დანერგვით!... ზემოთაღწერილი დაშავატარებიდანაც კი იკვეთება ევოლუციის თქვენთვის ასე ნაცნობი ეტაპები: ჯერ თევზი (რადგან სიცოცხლე წყალში ჩაისახა და ეს ენერგეტიკული, ეთერული ველის განვითარებას შეესაბამება), შემდეგ კუ (სიცოცხლე ნახევრად წყალში, ნახევრად ხმელეთზე ამოდის და ასტრალური ველის ჩასახვა იწყება), შემდეგ გველი შეშა (ხმელეთის ასტრალური ველის დაბალი ქვედონეები), შემდეგ ტახი (ცხოველთა სამყარო ყალიბდება (ასტრალური ველი ვითარდება), შემდეგ ნახევრად ცხოველი ნახევრად ადამიანი (პირველყოფილი ადამიანები, მენტალური ველის ჩანასახები), შემდეგ ჯუჯა ადამიანი (ესეც გონიერი ადამიანის ფორმაა), შემდეგ კი ისეთი ადამიანები მოდიან, რომლებიც კაცობრიობის განვითარების შესაბამის ეპოქებს უყრიან საფუძველს! რადგან უმაღლეს იერარქს ყველა ნატიფი თუ სულიერი ველი სრულყოფილებაში აქვს, მის ინკარნაციას შესაბამის ფორმაში ეს სრულყოფილება დედამიწაზე ჩამოაქვს. ეს მინდა რომ კარგად გაიაზრო. ვიცი რასაც ფიქრობ... ვერ წარმოგიდგენია, რომ ღმერთი შეიძლება თევზის ან ტახის სახით მოევლინოს ფიზიკურ განზომილებას. თქვენთვის, ადამიანებისთვის იმის გაფიქრება, რომ როდესღაც თქვენც შეიძლება პირველყოფილი ადამიანების სახით გეცხოვრათ დედამიწაზე, უსიამოვნო გრძნობას განიჭებთ. ყველას გინდათ, მხოლოდ ამაღლებული და ლამაზი არსებების სახით წარმოიდგინოთ თავი...
- ხო, მიჭირს იმის წარმოდგენა რომ როდესმე შეიძლება ბანჯგვლიანი პითეკანტროპი ვყოფილიყავი, რომელიც ლაპარაკის მაგივრად გაუგებარ ბგერებს გამოსცემდა...
- არ მინდა გაწყენინო, მაგრამ ზეციურ არსებებსა და თქვენ შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც თქვენ და პითეკანტროპებს შორის. ყოველთვის იარსებებენ თქვენზე ქვემდგომი და ზემდგომი არსებები და რასები. მაგრამ ეს არ ნიშნავს რაიმე ისეთ უპირატესობას, რომელმაც ზიზღის ან მიუკარებლობის გრძნობა უნდა გამოიწვიოს. ღმერთისთვის ყველა არსება მისი ნაწილია და ყველა ერთნაირად ფასეული და ძვირფასია. ყველა სიცოცხლის ფორმა, უმცირესიდან უდიდესამდე ერთნაირად მნიშვნელოვანია! გარდა ამისა უნდა მიხვდე რას ნიშნავს „ნაწილობრივი ინკარნაცია“ ანუ „ავატარი“. ასეთი ინკარნაციის დროს უმაღლესი არსების ცნობიერება ინკარნირებულ სხეულშიცაა და ამავე დროს მის უმაღლეს ფორმაში. ანუ უმაღლესი სული არ კარგავს საკუთარი თავის იდენტობას ინკარნაციის დროს, როგორც ეს თუნდაც თქვენ, ადამიანებს გემართებათ ყოველი ახალი განსხეულების დროს.
2018 წელი. 12 ნოემბერი. განზომილების და ევოლუციის ცნებები. ატლანტიდა
მიქაელი:
- მინდა რამდენიმე ძირითადი დებულება ჩამოვაყალიბოთ...
მე:
- რას ნიშნავს განზომილება, მაგალითად?...
მიქაელი:
- ადამიანები ეძებენ მეოთხე განზომილებას მეოთხე სივრცული განზომილების სახით, რაც არაა სწორი. განზომილება არის არა სივრცეში გადაადგილების ხაზი, არამედ არის ის, რის გასწვრივაც შეიძლება ამოძრაო ცნობიერება! მინდა ეს კარგად გაიაზრო. ვინაიდან თქვენი ცნობიერება ფიზიკურ სამყაროში ფიზიკური სხეულის და ნერვული სისტემის საშუალებით ორიენტირებს, ბუნებრივია რომ ეს ცნობიერება სხეულის გადაადგილებასთან ერთად სივრცის სამ X, Y, Z განზომილებაში მოძრაობს. მაგრამ თქვენ, ადამიანებს ცხოველებისგან განსხვავებით გაქვთ „მე ვარსებობ“ აღქმა...
- თვითრეფლექსია (რუს. Саморефлексия.)... -შევთავაზე მე ახალი ტერმინი, რომელიც ჩემი აზრით ზუსტად იმას ასახავდა, რაზეც მესაუბრებოდა.
- ამ აღქმამ, თუ გინდა თვითრეფლექსია უწოდე, საშუალება მოგცათ სამი სივრცული განზომილების გარდა (წარმოსახვაში) ამოძრაოთ თქვენი ცნობიერება დროის კონტინიუმში, რაც წარმოადგენს საკუთარი თავის გააზრებას წარსულში, აწმყოში და მომავალში. ესეც თქვენი მეოთხე განზომილება! სწორედ ამიტომ თქვენ მიგაკუთვნებთ მეოთხე განზომილების ცოცხალ არსებებს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ამ დროში თვითრეფლექსიის უნარმა შეგძინათ „შემოქმედის სტატუსი“, თუმცა ამ უნარს თქვენ ჯერ-ჯერობით მხოლოდ პირველ, ანუ მატერიალურ შრეში ავლენთ. ის, რასაც შენ თვითრეფლექსიას ეძახი და მე „Я Есмь“ თვითგააზრებას, მატულობს და მეტად და მეტად ვლინდება, რაც უფრო მაღალსულიერია არსება. მათ ამის ხარჯზე კიდევ დამატებითი განზომილებების აღქმის უნარი უჩნდებათ, რადგან უფრო ინტენსიურ „Я Есмь“ თვითგააზრებას უფრო დახვეწილი სხეული და მეტად განვითარებული სენსორიკა სჭირდება! ყველა ცოცხალი არსება სიხშირეთა შკალაზე განსხვავდება სწორედ ამ „Я Есмь“ თვითგააზრების ხარისხით. თქვენზე ზემდგომ არსებებს შესაბამისად განვითარებისა, რეალობათა „შესაძლებლობათა კორიდორის“, ფრაქტალური და სხვა განზომილებების აღქმის უნარი უჩნდებათ, შესაბამისად მეტად გამოხატული შემოქმედების უნარი და თავისზე ქვედა განზომილებების მართვის უფლება... სწორედ იმიტომ რომ ნამდვილი ევოლუცია დაკავშირებულია სულიერებასთან და „Я Есмь“ თვითგააზრების ინტენსივობის ზრდასათან, ჭეშმარიტი სულიერი პრაქტიკები, იქნება ეს მედიტაციები, თუ ლოცვები, ყოველთვის ადამიანის ყურადღებას შიგნით, საკუთარი თავის შეცნობისკენ აბრუნებს და არა გარეთ, ფიზიკური სამყაროს შემეცნებისკენ! ეხლა ევოლუციის თემა მინდა უფრო დეტალურად განვიხილოთ...
მე:
- ინტერნეტიდან: Биологическая эволюция (от лат. evolutio — «развёртывание») — естественный процесс развития живой природы, сопровождающийся изменением генетического состава популяций, формированием адаптаций, видообразованием и вымиранием видов, преобразованием экосистем и биосферы в целом.
მიქაელი:
- „ყველაზე მისადაგებულის გადარჩენა“ სწორი ალგორითმია სახეობათა ევოლუციის მოდელში, მაგრამ ის რასაც მე ცოცხალი არსებების ევოლუციას ვეძახი არ არის უბრალოდ ბუნებრივი გადარჩევით და გენეტიკური მექანიზმებით განპირობებული სახეობათა მისადაგება გარემოს ცვლილებებზე! ევოლუციის მამოძრავებელი ძალა მხოლოდ გარემოზე ოპტიმალური მისადაგება და გადარჩენა რომ ყოფილიყო, ცოცხალი არსებები ბაქტერიების იქით არ განვითარდებოდნენ, რადგან გარემო პირობებზე მისადაგების მხრივ, მათ ბადალი არ ჰყავთ! ცოცხალი არსებების ევოლუცია არის ცნობიერების ევოლუცია! და მთავარი ალგორითმი არის ცნობიერების მისადაგება ნატიფი ველების ვიბრაციის ცვლილებებზე! ხოლო ნატიფი ველების ვიბრაციის ცვლილებები დამოკიდებულია სამ ძირითად ფაქტორზე: კოსმოსურ ციკლებზე, ზეარსებების ჩარევაზე (ავატარული ინკარნაციების ან სხვა სახით) და თავად ადამიანზე, რომელიც თვითონაც ზემოქმედებს თავისუფალი ნებით ამ ველებზე საკუთარი მენტალის ძალით. რადგან ამჟამად ცნობიერება ნერვული სისტემით ვლინდება, ამიტომ მიდის ევოლუცია სწორედ ნერვული სისტემის განვითარების გზით. ეხლა მიმდინარეობს პროცესი, როდესაც პლანეტარული ნატიფი ველების სიხშირეები მატულობს და სახეობები ნელ-ნელა დაიწყებენ ახალი პირობების მიმართ მისადაგებას. ადამიანი ახალ ევოლუციურ საფეხურზე უნდა გადავიდეს, რომელიც აღარ იქნება Homo S. Sapiens, მაგრამ ეს პროცესიც ათასობით წელს მოიაზრებს... ის შენობის დანგრევას ჰგავს, ახალის აშენების მიზნით. მაგრამ შენობა შეიძლება აგურ-აგურ დაიშალოს ან ერთბაშად დაინგრეს! თუ რამდენად ნარ-ნარად და კატაკლიზმების გარეშე წარიმართება ეს ყველაფერი უდიდეს წილად დამოკიდებულია ადამიანის ფაქტორზე! სწორედ ამიტომ გვინდა რომ თქვენ ყველა ეს პროცესი სწორედ გესმოდეთ და თანამშრომლობდეთ ჩვენთან, უზენაეს ძალებთან...
...კოსმოსურ ციკლებზე ადრე ვილაპარაკეთ. ადამიანის ფაქტორი უკვე ვახსენე და ეხლა მინდა ზეარსებების ჩარევის ფაქტორზე გესაუბრო. ამისთვის მინდა ისევ დეშავატარებს დაუბრუნდე. კარგად ჩაუკვირდი ისტორიებს ამ ავატარების შესახებ. ვედების ინტერპრეტაციები და მათი გაშიფვრა ყოველთვის ყველაზე საკამათო და სუბიქტური თემა იყო. ეხლანდელი ტრადიციული რელიგიების მიმდევრების ნაკლოვანება ის არის, რომ ისინი ზედმიწევნით სიტყვა-სიტყვით გებულობენ მათთვის ავტორიტეტულ წიგნებში დაწერილ ინფორმაციას. მაგრამ შენ ამ ისტორიების მთავარ არსს ჩაუკვირდი! ასე თუ იზამ, კანონზომიერებებს დაინახავ. ვიშნუს, ანუ უმაღლესი იერარქის პირველი ოთხი იკარნაცია ცხოველურ ფორმებთან და დემონების დამარცხებასთან არის დაკავშირებული, რაც ცალსახად მიუთითებს პირველი, მეორე და მესამე განზომილების ცოცხალი არსებების ევოლუციაზე მათი ნატიფი ველების წამოწევის გზით. დემონი სიმბოლურად დაბალ ვიბრაციებს ნიშნავს. ყოველ ინკარნაციას თან ახლავს ბიომრავალფეროვნების ნახტომისებური და ერთის მხრივ არალოგიკური ცვლილება. ამ ინკარნაციების და მენტალური კონსტრუქციების დალექვით აიხსნება ის, რომ ხშირად არ ჩანს გარდამავალი ბიოლოგიური ფორმების ნამარხები საკმარისი რაოდენობით... ამ ოთხი ინკარნაციის შემდეგ ადამიანის ევოლუცია იწყება და აქ ჩანს რომ ჯერ პირველყოფილ ადამიანთან გვაქვს საქმე (ნარასხიმა და ვამანა), ხოლო შემდეგ პირიქით ძალიან ამაღლებული, სულიერი ადამიანის ფორმასთან (პარაშურამა). დაიმახსოვრე ეს მომენტი, რადგან ამას დავუბრუნდებით! ამ ისტორიაში პარაშურამა სულიერი მასწავლებლების ანუ ბრაჰმანული კასტის წარმომადგენელია, რომელიც ძალაუფლებას ბრაჰმანებს გადასცემს. ეს პერიოდი სატია იუგას შეესაბამება. ეს ბრაჰმანული კასტის ველის წამოწევაა, სულიერი ცოდნის აღზევების ხანა. შემდეგ მოდის რამა - კარგი მეფე და მეომარი, ეს ტრეტა იუგაა. კშატრიების ველის წამოწევა. ეს მიწიერი იერარქების, მეფეების და გმირების ერაა. შემდეგ კრიშნა, რომლის ერთ-ერთი გამოვლინება მწყემსი ბიჭუნაცაა. აქ სხვა კასტების გარდა ვაიშიების და შუდრების წამოწევაც ხდება. ეს დვაპარა იუგას პერიოდია. ბუდას გარდა, ჩემგან დავამატებდი ქრისტეს პიროვნებას, რომელმაც შუდრების, ყველაზე ქვედა კასტის წამოწევას გულისხმობდა და კალი იუგას შეესაბამებოდა. ამ მრავალმილიონიანი ავატარული ინკარნაციების და ყველა ნატიფი ველის თანმიმდევრული წამოწევის შედეგია, რომ ეხლა ადამიანები თანასწორობაზე საუბრობენ. ეხლა კასტური აზროვნება თქვენი ცნობიერებისთვის მოძველებული თემაა და სოციუმის მართვის საუკეთესო ფორმად დემოკრატია ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ კალი იუგაში მატერიალიზმმა თავის პიკს მიაღწია, ეს კასტური გათანაბრება, რომელიც ხან კომუნიზმის, ხამ სოციალიზმის, ხან დასავლური დემოკრატიის სახით გამოვლინდა, როგორი დამახინჯებულიც არ უნდა ყოფილიყო თავის იდეალთან შედარებით, ასეც უნდა მომხდარიყო! მაგრამ სოციუმის წყობა პროცესების ციკლური ბუნებიდან გამომდინარე ადრე თუ გვიან დაბრუნდება იქ საიდანაც დაიწყო, ოღონდ მეტი ცოდნით და გამოცდილებით შეიარაღებული! და ეხლა აგიხსნი რას ვგულისხმობ...
...ხომ გახსოვს, მცირე იმეორებს დიდს და დიდი მცირეს. Как вверху, так и внизу, как внизу, так и вверху. როგორც ადამიანმა უნდა დაალაგოს იერარქიულ თანმიმდევრობაში თავისი ნატიფი და მატერიალური სხეულიები იმისთვის რომ სულიერი ტრიადის ენერგია გაატაროს, ასევე საზოგადოებამ სოციუმის ნებისმიერი სტრუქტურული რგოლის დონეზე უნდა დაალაგოს იერარქიულ წყობაში თავად ადამიანები ცნობიერების დონეების მიხედვით. რას ვგულისხმობ? როგორც უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ (იხ. ნახ. 10 გ. გვ. 168.) ადამიანთა მენტალური ველი სხვადასხვა სიხშირეზე ვიბრირებს და სხვადსხვა დონეებს შეესაბამება. ეს დონეები ერთობლიობაში კაცობრიობის პლანეტარულ ველებს ქმნიან, რომლებიც ახლა ისევეა თითქმის ბოლომდე გათიშული სულიერი შრეებისგან, როგორც ინდივიდუალური ადამიანის შემთხვევაში, თუ ის თავისი ზედა სულიერი ტრიადის ენერგიას სათანადოდ ვერ ატარებს. როგორც ადამიანში მატერიალურ ტეტრადაში „ზევით“ მენტალური სხეულია, მერე მოდის ასტრალური, მერე ენერგეტიკული და ბოლოს მატერიალური, ასევე უნდა დაექვემდებარონ თავთავიანთ პროფესიონალურ საქმიანობაში შესაბამისი დონის ცნობიერების ადამიანები ერთმანეთს. მაშინ სრულიად პლანეტარული ველებიც მოვლნენ წონასწორობაში და საღმრთო ენერგია გატარდება სულიერი სამყაროდან მატერიალურში. ადრე უმაღლეს იერარქებს მირონცხებულებს, ანუ ღმერთის ხელდასმულებს მაგიტომ ეძახდნენ, რომ მათ ცნობიერება მე-7 დონეზე უნდა ეჭირათ, თუმცა ეს ხშირ და უმეტესშემთხვევაში სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგან ქვეყნის მმართველს უჭირს ამ დონეზე ცნობიერების შენარჩუნება. იმ ტიპის ადამიანები, ვისი ცნობიერებაც ვიბრირებს მე-5, მ-6 ან მე-7 დონეზე, ანუ უმაღლესი სულიერების ადამიანები სასულიერო პირები უნდა იყვნენ და განდგომილ, განყენებულ და ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდნენ. სახელმწიფოს მმართველები, მასწავლებლები, მეცნიერები, ექიმები და სხვა ინტელექტულურ სამუშაოსთან დაკავშირებული ადამიანები მე-4, მე-5 ცნობიერების დონეს უნდა შეესაბამებოდნენ. მე-3 დონეს მაგალითად, ბიზნესმენები და ვაჭრები, ხოლო 1-ელ და მე-2-ს ხელოსაქმით ან ფიზიკური შრომით დაკავებული ადამიანები. ამიტომ ვედებისეული ადამიანების დაყოფა 4 ტიპად (ბრაჰმანები, კშატრიები, ვაიშიები და შუდრები) სწორია. გაიხსენე პლატონის ატლანტიდის მოწყობა. ის 4 კონცენტრაციული კუნძულისგან შედგებოდა, რომლებზეც შესაბამისი „კასტის“ მოსახლეობა ცხოვრობდა და საქმიანობდა, ხოლო კონცენტაციული კუნძულების ზომა ამ „კასტის“ მოსახლეობის რაოდენობას შეესაბამებოდა.
ნახ. 38. ატლანტიდა პლატონის მიხედვით.
მხოლოდ უარყოფითი კარმის დაგროვების გამო, ვედური კულტურის ქვეყნებში სოციუმის ასეთმა ორგანიზაციამ კასტების დამახინჯებული სახე მიიღო და საბოლოო ჯამში, როდესაც აღარვინ იდგა თავის ადგილას ეს ყველაფერი ადამიანთა ჩაგვრაში და სოციუმის განვითარების დაბრკოლებაში გადაიზარდა. მაგრამ მოდი ამ საკითხს თავი დავანებოთ. სოციუმის მოწყობას რომ დავუბრუნდეთ, როდესაც თითოეული ადამიანი თავის ადგილზეა და თავისი ცნობიერების დონის შესატყვის საქმეს აკეთებს, ის „თავის ცხოვრებისეულ მისიას“ სწორედ ასრულებს, სწორედ ახორციელებს საღმრთო თანაშემოქმედების პროცესს, სწორედ ხარჯავს ღმერთის მიერ დროებით ნასესხებ „ტალანტებს“ დროებით განსხეულებაში და სიკვდილის მერე ისევ განსხეულდება. მხოლოდ სწორი ცხოვრების შედეგად ახალ ინკარნაციაში ის ისეთ სხეულს და ისეთ პირობებს იღებს, რომელიც უფრო მაღალ ცნობიერებას შეესატყვისება და შესაბამისად უფრო მაღალ ცხოვრებისეულ ამოცანებს! ადამიანი ძირითადად ჩნდება გარკვეული ტიპის ცნობიერებით და ერთი ცხოვრების განმავლობაში იშვიათად თუ აკეთებს დიდ ნახტომს ცნობიერების დონეებში, ამიტომ ცნობიერების ტიპი ასე თუ ისე ბავშვობიდანვე ჩანს...მე იმის თქმა მინდა რომ სხვადასხვა ცნობიერების ადამიანებმა არა მხოლოდ შესაბამის სფეროებში უნდა იმოღვაწეონ, არამედ განსხვავებული სპეციფიკით უნდა მიიღონ განათლება. მათი სულიერი წინამძღოლობაც და მართვაც კი განსხვავებული უნდა იყოს, რადგან თვითონ კარმაც კი მათზე განსხვავებულად მოქმედებს. ხომ გახსოვს, რაც კარმულად საპატიებელია დაბალი ცნობიერების ადამიანისთვის, უპატიებელია მაღალი ცნობიერების ადამიანისთვის და რაც უფრო წინ მიდის და მაღლდება ადამიანი მით უფრო მკაცრდება მისი შეცდომებისთვის კარმული უკუგება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დიდი სიმაღლიდან ვარდნაც დიდია, მაგრამ უნდა იცოდე, რომ როდესაც ადამიანის ცნობიერება ამაღლების შედეგად საბოლოოდ „თეთრი მზის“ მდგომარეობას აღწევს, ის კარმის ზემოქმედების სფეროდან სრულიად გამოდის! რადგან როდესაც ადამიანი მხოლოდ გასცემს, მხოლოდ ასხივებს და უკან, ეგოში არაფერს იბრუნებს, რაც არ უნდა მოიტანოს მისმა ქცევამ, არ არის მასზე ცოდვა!
- მაგრამ... - გავაწყვეტინე მე, - როდესაც ადამიანი მიწიერ სამყაროში მოქმედებს, მის მოქმედებას ხშირად არაპირდაპირ, მაგრამ მაინც მოაქვს ბოროტება, მაშინაც კი როდესაც მას ეს არ უნდა და ვერც კი წარმოიდგენს, რომ მისმა ქმედებამ შეიძლება ცუდი შედეგი გამოიღოს. მაგალითად ქრისტე უმაღლესი სიყვარულისკენ მოუწოდებდა ადამიანებს, მაგრამ საუკუნეების მერე მისი მოძღვრებისგან წარმოიქმნა ისეთი ბოროტება, როგორიცაა მაგალითად, ინკვიზიცია! და ეს მხოლოდ ერთი მაგალითია! ადამიანების უკეთილშობილესი იდეები და მოქმედებებიც კი ხშირად ისე მრუდდება და სახეიცვლება სხვადასხვა გარემოებების ან ადამიანების ძალისხმევით, რომ ხანდახან ფიქრობ, რომ ჯობდა იმ ადამიანს ეს სულ არ ეთქვა და არ გაეკეთებინა!
- მთელი სამყარო რომ დააქციოს, არ არის მასზე ცოდვა! მინდა რომ კარგად გაიგო რას ნიშნავს კარმული კანონიდან გამოსვლა, რადგან ეს რეინკარნაციის წრებრუნვიდან გამოსვლასაც ნიშნავს! „თეთრი მზე“ არის აბსოლუტური ალტრიუზმი, ხოლო აბსოლუტური ცნებები სულის, ღმერთის განზომილებაა! გამოვლენილ სამყაროებში ყველაფერი მხოლოდ ფადობითია! ამიტომ ასეთი ადამიანის მოქმედებამ მატერიალურ განზომილებაში შეიძლება არაპირდაპირ ნეგატიური შედეგი გამოიღოს (როგორც ინკვიზიციის წარმოქმნის შემთხვევაში), რადგან იგივე ფადრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, ის რაც ერთისთვის სიკეთეა, მეორესთვის ბოროტებაა! მაგრამ ის რაც თვითონ ამ ადამიანში ამ დროს შიგნით ხდება აბსოლუტური და შეუბღალავია! ეს ცნობიერების მდგომარეობაა! როგორ აგიხსნა, რომ აბსოლუტური ალტრუიზმი არ ნიშნავს საკუთარი თავის დაკარგვას... ადამიანებს ხშირად ეშინიათ საკუთარი ეგზისტენციალური არსებობის დაკნინების! არა, პირიქით, ეს საკუთარი თავის შეძენაა მარადიული „მე ვარსებობ“ ნეტარების განცდაში! სწორედ ამისთვის არის გასავლელი მთელი ეს ეკალ-ვარდით მოფენილი „იწრო და საჭირველი“ გზა! უნდა მისცე ღმერთს საშუალება გამოანათოს შენში, გაიხსნას შენ ინდივიდუალობაში რადგან შენ თვით ის ხარ და მთელი ეს სამყაროები თავისი ვარიაციებით და რეალობებით მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ თვით ის ავლენს მათში თავს! ხოლო როდესაც შენ, ადამიანი იცვლები შიგნიდან, უხილავი კანონებით შენ გარშემოც ყველაფერი იცვლება!
- ჩემ თვალწინ მაინც ინდური კასტური სისტემა წარმოდგება. ხომ არ ლახავს ადამიანის თავისუფლებას მისი ცხოვრების ასეთი წინასწარ განსაზღვრა? იქნებ ადამიანს ვისაც სულიერი ადამიანის ცნობიერება აქვს, არ უნდა მასწავლებლად ან სულიერ მოძღვრად მოღვაწეობა და ფიზიკური შრომა ურჩევნია?
- ადამიანის თავისუფალი ნება არ უნდა შეიბღალოს. იძულება ცუდი გზაა. დარწმუნებაა სწორი გზა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შემდეგ ცხოვრებაში ეს ადამიანი ჩამოქვეითდება და მიიღებს პირობებს ფიზიკური შრომისთვის, რადგან ასეთი იყო მისივე ნება, მაგრამ ეს ხომ რეალურად შეანელებს მისი სულის ევოლუციას? თქვენთვის ყველასთვის ნაცნობი უნდა იყოს ის სასიამოვნო განცდა, როდესაც შენს საქმეს აკეთებ და ზუსტად იცი, რომ იქ ხარ სადაც საჭიროა და იმას აკეთებ რაც შენია! „ცხოვრების მისიის“ მიგნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ადამიანში. თქვენ ხშირად ფიქრობთ, რომ თუ ადამიანმა კარიერულად წინ წაიწია და უფრო აღმატებული პოზიცია მოიპოვა, ეს მისთვის წარმატებაა. სინამდვილეში არა. მაგალითად, თუ ადამიანი მოწოდებით მხატვარია, მაგრამ ამის ნაცვლად მთავრობაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს, ეს მისთვის უკუსვლაა, რადგან ის არათავის „ცხოვრებისეულ მისიას“ ასრულებს და სხვა ადამიანს მის კუთვნილ ადგილს „პარავს“, რაც მასში მხოლოდ ნეგატიურ თვისებებს გამოზრდის და მისი სულის ევოლუციას დააბრკოლებს. მხოლოდ თავის ადგილას ყოფნისას და საკუთარი „ცხოვრებისეული მისიის“ შესრულებისას არის შესაძლებელი ბედნიერად ყოფნა და საღმრთო ენერგიის სწორედ რეალიზება. ადამიანის თავისუფლებას რაც შეეხება, აქ ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე გგონიათ, მიუხედავდ იმისა, რომ ამ ცნებაზე დაუსრულებელი კამათი მიმდინარეობს. მიწიერ ადამიანს მხოლოდ ერთი თავისუფლება აქვს - თავისუფალი ნება! ანუ თავისუფლება გააკეთოს არჩევანი, მიიღოს გადაწყვეტილება! დანარჩენი, ის რაც მოხდება ამ გადაწყვეტილების შედეგად და რა შედეგს გამოიღებს ესა თუ ის მოქმედება საღმრთო კანონებით, მათ შორის კარმის კანონებით იმართება და ადამიანზე არაა დამოკიდებული.
- რას ნიშნავს სწორი და არასწორი გადაწყვეტილება, თუ ჩვენ წინასწარ ხშირად არ ვიცით რა შედეგს გამოიღებს ჩვენი არჩევანი? ხომ ხშირადაა, უხეშად რომ ვთქვათ, კარგი გინდა და ცუდი გამოდის?
- სწორი გადაწყვეტილება არის შენში გატარებული საღმრთო ენერგიის სწორი დაბანდება... სწორი გადაწყვეტილება ადამიანს „გულისთქმით“ ანუ „სინდისის ხმით“ უნდა ესმოდეს. ის მას გულით უნდა გრძნობდეს, სწორედ იმიტომ რომ მანდ არის სულიერ ტრიადასთან კავშირი. „სინდისის ხმით“ შენი უკვდავი „მე“ გელაპარაკება. როგორც ჩვენი სქემიდან იცი, სულიერ ტრიადას დაქვემდებარებულია მენტალური სხეული, ამიტომ გულისთქმის მერე ინტელექტს უნდა დაუგდო ყური ანუ შენი გულისთქმა გონებაში გაატარო, შემდეგ ემოციებს და მოქმედებებს დაუკვირდე, ხოლო შემდეგ შენს ენერგეტიკას და ბოლოს ფიზიკურ სხეულს კითხო... რთული გეჩვენება?
- რას ნიშნავს ემოციებს, ენერგეტიკას და ფიზიკურ სხეულს შეეკითხო?..
- დაუკვირდი... გულისთქმა აუცილებლად ალტრუიზმისკენ გიბიძგებს, რადგან ასეთი ბუნებისაა საღმრთო გამოვლინებები. შემდეგ გულის ეს მოწოდება მატერიაში ჩაეშვება. ჯერ მენტალურ სხეულში ჩავა და გონება გიკარნახებს როგორ და რანაირად უნდა განახორციელო მოქმედება. ემოციური სხეული სწორი მოქმედების შემთხვევაში სიამოვნების უკუგებას მოგცემს... მაგრამ ხშირადაა რომ ესა თუ ის მოქმედება, რომლისკენაც გული, გონება და გრძნობა გიბიძგებს ენერგეტიკული ან ფიზიკური სხეულისთვის მიუღებელია! ისინი გეუბნებიან, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორია! მაგალითად აბსოლუტური ალტრუიზმის გამო შეიძლება სრულიად შეწყვიტო საჭმლის მიღება, იმისთვის რომ ყველაფერი მხოლოდ გაჭირვებულებს დაურიგო. მაგრამ რამდენად გამართლებულია ასეთი ალტრუიზმი, თუ ის საბოლოოდ სიკვდილამდე მიგიყვანს? ამიტომ რამდენიც არ უნდა დაარიგო სხვებზე საჭმელი, ფიზიკური სხეული მაინც თავის სიტყვას იტყვის და საკუთარი არსებობის შესანარჩუნებლად ადრე თუ გვიან თავისას მოგთხოვს! თუკი არსებობს ეს შენი ფიზიკური და ნატიფი სხეულები, ესე იგი საჭიროა! ფიზიკური და სულიერი ორი პოლუსია, რომელიც უნდა ბალანსში იმყოფებოდეს და ეს პირველ რიგში ადამიანში უნდა ვლინდებოდეს. ყველა „სხეულს“ უნდა დაუგდო ყური, მაგრამ უპირველესი გულია, რადგან იქიდან უმაღლესი უკვდავი „მე“ გელაპარაკება, ხოლო ყველა დანარჩენი მასთან იერარქიულ დაქვემდებარებაში უნდა თანაარსებობდეს. ამ შემთხვევაში ყველა შენი სხეული ერთმანეთს გაამყარებს, გააჯანმრთელებს, საღმრთო ენერგიას ღმერთის თანაშემოქმედებაში დახარჯავს და ბედნიერებაში გამყოფებს, ხოლო შენი ინდივიდუალობა უკვდავ ადგილს მოიპოვებს სიცოცხლის ხეში და ევოლუციას უფრო მაღალ საფეხურზე გააგრძელებს! ასევე უნდა იყოს მოწყობილი სახელმწიფო, რადგან „როგორც ზევით ისე ქვევითაა და როგორც ქვევით, ისე ზევითაა“.
- რა მაღალი თამასაა... - ამოვიოხრე მე, რადგან საკუთარ თავს რომ ჩავუკვირდი მივხვდი, რომ მე ხან ემოციურად ვიფიტები, ხან გონებრივად და ხან ფიზიკურად, ხოლო წონასწორობის და ჰარმონიის შენარჩუნება სულ არ მეადვილება...