ეკლესიური ცხოვრების დაწყების მცდელობა
2001 წელი. აგვისტო. ეკლესიაში მისვლა
მე პირველ ბავშვზე, „----„-ზე ვიყავი ორსულად, უკვე მეექვსე თვეზე, როდესაც გავიგეთ რომ ჩემი მეუღლის მთასვლელი მეგობარი უშბიდან არ დაბრუნდა და უკვე რამდენიმე დღეა მისგან არაფერი ისმის. ჩემმა ქმარმა და მისმა მეგობრებმა სამაშველო ჯგუფის შეკრება დაიწყეს. ყველას ცუდი წინათგრძნობა დაგვეუფლა და გულის სიღრმეში ვიცოდით, რომ როდესაც ადამიანი უშბიდან ამდენი ხანი არ ბრუნდება, ესე იგი არაა კარგად საქმე, მაგრამ სიკვდილზე არავინ საუბრობდა, თუმცა ჩვენი ეჭვები მოგვიანებით გამართლდა. მე მეუღლეზე ვღელავდი - სამაშველო ოპერაციის დროს მასაც რამე არ შემთხვეოდა.
მთასვლელების ჯგუფი მალევე გაემზადა და ვერტმფრენებით გაემგზავრნენ. მე ნერვიულობას ვერ ვიოკებდი და გადავწყვიტე დედასთან ერთად ეკლესიაში გასვლულიყავი, რომ ბიჭებისთვის სანთელი დამენთო და გზა დამელოცა. ჩემი მშობლების სახლთან ახლოს, სოლოლაკში, ქვემო ბეთლემში ძალიან ლამაზი ძველი ეკლესიაა. ჩვენი არჩევანი მასზე გაჩერდა. აგვისტო იყო და ძალიან ცხელოდა. მე ტილოს შარვალი და ბრეტელებიანი მაისური მეცვა. აგვისტოს პაპანაქბაში აღმართში ასვლა ორსულისთვის არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა. ოფლში გაღვითქულმა ქშენით და ქოშინით ძლივს მივაღწიე ეკლესიის ეზოს და მიუხედავად გამგუდავი სიცხისა, საეკლესიო წესების მიხედვით მოვიხურე ჟაკეტი, წელზე მეორე ჟაკეტი შემოვიხვიე და თავზე თავსაფარი წავიკარი. ეს წესები ყოველთვის სულელურად მიმაჩნდა, რადგან ჩემ ჩაცმულობას არ ერქვა „გამომწვევი“ და მეტი რა უნდა ყოფილიყო საჭირო? ესეც იმიტომ გავაკეთე, რომ არავის ყურადღება არ მომექცია და ეკლესიაში წყნარად გავმარტოების საშუალება მქონოდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ შევცდი. ეკლესიის კარებში „მამაო“ იდგა, რომელიც როგორც მივხვდი სწორედ იმისთვის იდგა, რომ ქალბატონების ჩაცმულობები განეხილა. მან კარშივე გამაჩერა და ჩემს დამოძღვრას შეუდგა. მისი ახსნით მე ასე „დაფარულად“ ეკლესიაში შესვლამდე კი არა, სულ უნდა მცმოდა, რადგან ბრეტელებიანი მაისურით და შარვლით ქუჩაში სიარული, მისი თქმით, იგივეა რაც ყველა შემხვედრ კაცთან მრუშობა! ეტყობა ორსულობის გულჩვილობამ იჩინა თავი, რადგან ეს სიტყვები განსაკუთრებით მწარედ მომხვდა გულზე. დანარჩენი მისი საუბარი ბუნდოვნად მესმოდა. მახსოვს, რომ გამვლელი ქალბატონების ჩაცმულობას არჩევდა და ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, ვის რა „უჩანდა“. ასევე მიამბო თავისი რუსეთში მოღვაწეობის ამბავი... რას მოაყოლა არ ვიცი, როგორც ჩანს მართლმადიდებლობის „უპირატესობაზე“ საუბრობდა, რადგანაც ასეთი ისტორია მოყვა - რუსეთში, ავტობუსში ქალბატონი შეუძლოდ გამხდარა და გული წასვლია. მან ქალბატონს დახმარება არ გაუწია და სხვებსაც აუკრძალა. ჯერ გონებამიხდილ ქალს სარწმუნოება გამოკითხა და რომ დარწმუნდა რომ მართლმადიდებელი იყო, მხოლოდ მაშინ დაეხმარა. ამ ისტორიის „მორალი“ ვერც მაშინ გავიგე და ვერც ეხლა, მახსოვს რომ ვნატრობდი, ოღონდ არ დავეწყევლე, რადგან ორსულად ვიყავი და როცა გამიშვა, შვებით შევიპარე ეკლესიაში და ქრისტეს ხატთან ყველაზე ბნელ კუთხეში დავიმალე. თვალებიდან ცრემლები მომდიოდა და არ მინდოდა რომ დედას ან ვინმეს დაენახა. არც ლოცვა გამომივიდა და ვერც სანთელი დავანთე. თვალცრემლიანი ვუყურებდი მაცხოვრის ასე ახლობელ სახეს და ასე უცხოდ ვგრძნობდი თავს მის ტაძარში! ამ ისტორიის მერე ორი წელი ეკლესიას არ გავკარებივარ. მერეც, ძალიან დიდხანს ეკლესიაში რატომღაც უცხოდ ვგრძნობდი თავს. სულ ისეთი გრძნობა მქონდა რომ იქ არ ვიდექი სადაც საჭიროა, იმას არ ვაკეთებდი რაც საჭიროა და რა თქმა უნდა ყოველთვის შარვალი მეცვა.
წლების მერე, ერთხელ მეტყვის მიქაელი:
- შენ ძალიან ლამაზი ხარ!
ეს სიტყვები მესიამოვნება, მაგრამ ამავე დროს უხერხულად ვიგრძნობ თავს და ერთ-ერთი ასეთი „მამაოს“ სიტყვები გამახსენდება, რომ ქალებს იმიტომ გვახურავენ თავსაფარს რომ ანგელოზები ჩვენი თმებით არ მოიხიბლონ. მიქაელს ჩემ აზრებზე ძალიან გაეცინება.
- ჩვენ არ ვხედავთ ადამიანებს ისე როგორც თქვენ ხედავთ ერთმანეთს. ჩვენ ადამიანების ჭეშმარიტ არსს ვხედავთ. ჩვენთვის კარგი სულის ადამიანები უაღრესად ლამაზები არიან და ამას ვერანაირი თავსაფარი ვერ დაფარავს!
ეკლესიური ცხოვრების დაწყების მცდელობა
2002-ში ისევ მქონდა ეკლესიური ცხოვრების დაწყების მცდელობა და ვერაზე რომ წმ. პანტელეიმონის ეკლესიაა, იქ დავიწყე სიარული. ვცდილობდი მარხვის ჩათვლით ყველა წესი დამეცვა და წირვებს დავსწრებოდი, მაგრამ წირვისას შეკრებილი ხალხი ისეთ სულისშემხუთავ ხალხმრავლობას ქმნიდა, რომ უწყვეტი ჭყლეტვისგან და უჰაერობისგან ვერაფრით ვერ მომყავდა შინაგანი მდგომარეობა ამაღლებულ განწყობაზე. ჩემი ფიქრები იმის გარშემო ტრიალებდა, რომ ვინმესთვის არ დამებიჯებინა, სანთლით თმა არ დამეწვა და ჩახუთულობაში ცხვირით სუფთა ჰაერის ნაკადი დამეჭირა, რომ გული არ წამსვლოდა. მაგრამ გულიც რომ წამსვლოდა, ძირს დავარდნა არ მემუქრებოდა, ისე ვიყავი ხოლმე ყველა მხრიდან მიჭყლეტილი. მერე გარეთ, კართან დადგომა გადავწყვიტე, მაგრამ ასე წირვა არ მესმოდა და რაღაცნაირად გარიყულად ვგრძნობდი თავს. ჩემდა გასაკვირად ვამჩნევდი როგორი ნეტარი სახით გამოდიოდა ხალხი ეკლესიიდან და მე კი როგორი დაღლილი! ამ ყველაფრისგან საოცარ სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი იესოს წინაშე, რადგანაც ვერ ვახერხებდი იმას, რაც ყველას ასე ადვილად გამოსდიოდა და ლოცვებში სულ ვებოდიშებოდი.
ერთხელ ასეთი სიზმარი მესიზმრა:
ეკლესიის კართან ვდგავარ და ეზოში შემავალ და გამომავალ ადამიანებს ვუყურებ. უეცრად მოშორებით, ეზოში შესასვლელთან ერთ მოხუც მამაკაცს ვამჩნევ. მას ძველი, გაცრეცილი ტანსაცმელი აცვია და გარეგნობით იმ მათხოვართაგანს ჰგავს, ეკლესიის კართან რომ დგანან ხოლმე. მას ვერავინ ამჩნევს. ხალხი დილის წირვისთვის ეკლესიაში მიისწრაფის. მე მათხოვარს თვალებში ვუყურებ და მასში ქრისტეს ვცნობ! უბრალოდ თვალებით ვცნობ! ის მეგობრული, კეთილი ღიმილით მიღიმის! მისი თვალებიდან საოცარი სითბო იღვრება... მერე გამოსახულება ქრება და უცებ ჩემ თავს სუფრასთან ვხედავ, სადაც სათავეში ქრისტე ზის, უკვე თავისი ჩვეული გარეგნობით. სუფრასთან სხვებიც სხედან და ყველა თავის სადარდებელზე ესაუბრება. მეც იმას ვეუბნები, რაც იმ მომენტში ყველაზე მეტად მაღელვებს - ვებოდიშები, რომ ვერ ვიცავ ყველა ეკლესიურ წესს და მეტიც, ეკლესიაში მისვლას, სახლში განმარტოებულად ლოცვას ვამჯობინებ. ამაზე საპასუხოდ ის საიდანღაც იღებს მარიონეტ თოჯინებს და მაწვდის სიტყვებით:
- შენ თვითონ დაწვი შენი მარიონეტები!
ინტერნეტპოსტებიდან. საჰასრარა
სახასრარა გვირგვინოვანი ჩაკრაა და თავის ქალის კინკრიხოს ადგილას მდებარეობს. ის დაკავშირებულია თავის ტვინთან, კერძოდ ჰიპოთალამუსთან და უმაღლეს ენერგეტიკულ ცენტრს წარმოადგენს. ძირითადად მიჩნეულია, რომ ამ ჩაკრის ფერი იისფერია და საერთოდ ჩაკრების ფერები ქვევიდან ზევით ისე იცვლება, როგორც ხილულ სპექტრში ძირითადი 7 ფერი იცვლება დაბალსიხშიროვანი წითლიდან მაღალსიხშიროვან იისფრამდე. თუმცა, იოგები მას ყველაზე კაშკაშ თეთრ ან ოქრისფრად ფრადაც წარმოიდგენენ. წმინდანების ოქროსფერი შარავანდედიც სწორედ ამ განსხივოსნების სიმბოლოა. ეს ჩაკრა ხსნის ჩვენს კავშირს სულიერ სამყაროსთან და ჩვენს სულიერ წარმომავლობასა და უზენაეს სიბრძნესთან გვაზიარებს. ვედების მიმდევრები თვლიან, რომ ამ ჩაკრას მხოლოდ ერთი, მხოლოდ ერთადერთი რამ ხსნის - ღმერთის სიყვარული ანუ მათ ენაზე ბჰაკტი. ჩაკრების გააქტივება, როგორც ვხვდები ხელოვნურადაც შესაძლებელია, მაგალითად ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების მიღებით („მესამე თვალის“ ჩაკრა განსაკუთრებით მგრძნობიარეა ნეიროსტიმულატორი ჰალუცინოგენების მიმართ) ან კუნდალინი იოგას პრაქტიკით, თუმცა იოგები თვლიან, რომ ყველაზე სწორი გზაა, როდესაც ისინი თავისით იხსნებიან სწორი ზნეობრივი, ფიზიკური, მენტალური და ემოციური ცხოვრებისას. ანუ, როდესაც სული/ცნობიერება სათანადო მზაობას აღწევს.
2002 წელი. საჰასრარა.
ეს შემთხვევა ზუსტად არ მახსოვს როდის მოხდა, მახსოვს მხოლოდ რომ ჩემი ქალიშვილი პატარა იყო, ხოლო ბიჭი ჯერ არ იყო გაჩენილი. ასევე მახსოვს, რომ ამ შემთხვევის მერე ჩემმა სიზმრებმა და ხილვებმა ახალი, უფრო დატვირთული და ინტენსიური ხასიათი მიიღეს.
შვილი დედაჩემთან მყავდა დატოვებული. შინ მარტო ვიყავი და სახლს ვალაგებდი. გარკვევით მახსოვს, რომ ეკლესიური დღესასწაული იყო - სინანულის დღე. ასეთიც არსებობს! მე იატაკს მტვერსასრუტით ვასუფთავებდი და ცალი თვალით ტელევიზორს ვუყურებდი, სადაც ვიღაც მღვდელი სინანულის დღესთან დაკავშირებით ქადაგებდა. უეცრად ვიგრძენი, თითქოს თავში ვიღაცამ თუ რაღაცამ დამარტყა... შეგრძნება იმდენად რეალური, მოულოდნელი და ამავე დროს არაბუნებრივი იყო, რომ ხელიდან მტვერსასრუტი გამივარდა და გავშეშდი. გარშემო მიმოვიხედე და რატომღაც თავში მომივიდა ერთმნიშვნელოვანი აზრი რომელიც კიდევაც ხმამაღლა ვუთხარი ჩემ თავს:
- აქ რას ვაკეთებ?!..
„აქ“-ში არ იგულისხმებოდა სახლი, ოჯახი, ან ქვეყანა... ამ ცნებას აშკარად უფრო ფართო მნიშვნელობა ჰქონდა. მახსოვს, როგორი უეცარი და ძალიან მძაფრი გრძნობა დამეუფლა იმისი, რომ ეს ყველაფერი, რაც ჩემ გარშემოა, ჩემი არაა, რომ ეს სახლი ჩემი არ არის, არ არის ჩემი ნამდვილი სახლი! რომ სადღაც სხვაგანაა ეს ნამდვილი სახლი, სადაც მელოდებიან და სადაც უნდა დავბრუნდე... აუცილებლად უნდა დავბრუნდე! ოღონდ უნდა გავიხსენო! უნდა გავიხსენო! ისეთი გრძნობა იყო, როგორც ამნეზირებულ ადამიანს დაეუფლებოდა, მეხსიერების დაკარგვის მერე უცხო გარემოში დიდხანს რომ ეცხოვრა და უეცრად ქუჩაში თავისი ნამდვილი ოჯახის წევრს გადაწყდომოდა!.. ხედავ ამ უამრავ, ერთმანეთში ქაოტურად მოსიარულე ადამიანებში შენს მშობლიურ სახეს, გული გიკვდება იმიტომ რომ მთელი შენი არსით იცი, რომ ეს შენი ახლობელია, მაგრამ ვერ იხსენებ ვინაა ან საიდან...
ეს გრძნობა იმდენად აუტანელი აღმოჩნდა, რომ ქრისტეს ხატს მივვარდი, რადგან სხვა არ ვიცოდი რა მექნა და ჩემ თავს შთავაგონე, რომ იქამდე შევხედავდი და თვალს არ დავხუჭავდი, სანამ არ გამახსენდებოდა, ის რაც უნდა მახსოვდეს! ვიჯექი და თვალდაუხუჭავად იესოს ხატს ვუყურებდი. თვალები მეწვოდა და ღვარად ცრემლები მდიოდა, თვალწინ ხან ფერად-ფერადი ლაქები მინათთებოდა, ხან მიბნელდებოდა, ხან ცრემლი მხედველობის არეს მიფარავდა, მაგრამ თვალს არ ვხუჭავდი. დაძაბულობისგან და დაღლილობისან ვერც შევამჩნიე როგორ დამეძინა. რომ გავიღვიძე, თითქოს არაფერი შეიცვალა. რა მოხდა, რა უნდა გამეხსენა ან რატომ ამაღელვა ამ შემთხვევამ ასე ძალიან გამიკვირდა კიდეც. ერთადერთი, ჩემდა გასაკვირვად აღმოვაჩინე, რომ ყოველ ჯერზე როცა ღმერთზე ან ქრისტეზე გავიფიქრებდი, უბრალოდ სიტყვა „ღმერთიც“ რომ გამეფიქრა, კინკრიხოდან ხერხემლის გასწვრივ თითქოს რაღაც დენივივით ეშვებოდა. ეს შეგრძნება ძალიან მახალისებდა, რადგან ძალიან უჩვეულო იყო და აშკარად ამ დღესთან იყო კავშირში.
მალე ეს შემთხვევაც გადამავიწყდა.
2003 წელი. წყნეთი. პეპელა.
„წინა ღამეს დამესიზმრა რომ ვიყავი პეპელა. ეხლა კი არ ვიცი.. ადამიანი ვარ, რომელსაც დაესიზმრა რომ პეპელაა, თუ პეპელა, რომელსაც ესიზმრება რომ ადამიანია.“ (ჯუან ძი)
ჩემი ქალიშვილი წლინახევრისაა. მეგობრებთან ერთად წყნეთში „ვისვენებ“. სიტყვა „ვისვენებ“ ბრჭყალებში ჩავსვი, რადგან ეს დასვენება უკიდურეს დაღლილობასთანაა დაკავშირებული. „----„-ს ღამეები არ ძინავს. სულ ტირის და ღამის მცველივით არ ვხუჭავ თვალს უკვე მეორე წელია. საშინლად დაღლილი და გამოფიტული ვარ. დღისით, შუალედებში, როცა „----„ გართულია და თამაშობს, წიგნებს ვიღებ და ვკითხულობ.
შუადღეა და „----„ ტყეში გამყავს სასეირნოდ. უეცრად ვამჩნევ რომ ვეებერთელა, შავი, ჭრელი პეპელა ჩემ თავზე წინ და უკან, სრულიად სწორ ხაზზე იწყებს ფრენას. მისი ქცევა ძალიან მეუცნაურება, იმიტომ რომ პეპლები ასე არ დაფრინავენ. უეცრად ვაცნობიერებ რომ პეპელა არ მეშვება, თითქოს ჩემგან უნდა რაღაც. ხელს ვიშვერ და მაშინვე ხელის გულზე მაჯდება. გაკვირვებული ვუყურებ და მეცინება. ასეთი უცნაური რამე არ შემთხვევია. ჩემი შვილი პეპელას ხედავს და სიტყვებით „მეც მინდა“ პეპლის ასაყვანად მიიწევს. პეპელა ფრინდება და ისევ ჩემ თავზე იწყებს სწორხაზოვნად წინ და უკან ფრენას. ისევ ხელს ვიშვერ და ისევ მაჯდება. „----„ მას ისევ აფრთხობს, მაგრამ პეპელა ისევ ჯდება ჩემ ხელზე. ასე მიჯდება სამჯერ. მერე დიდხანს ვუყურებთ ერთმანეთს თვალებში და მიფრინავს. ასეთი დიდი და ლამაზი პეპლები მეტი აღარც არასდროს მინახავს წყნეთში.
მოვდიოდი და ვფიქრობდი „რა“ იყო ეს პეპელა ან იქნებ „ვინ“ იყო?
ეგზორციზმი სიზმრებში და მთავარანგელოზი მიქაელი
ჩემმა სიზმრებმა დროთა განმავლობაში ეგზორციზმის ხასიათი მიიღეს. მესიზმრებოდა როგორ მოყავდათ ან თვითონ მოდიოდნენ ადამიანები, რომლებსაც თვალებით ვატყობდი, რომ შეპყრობილები იყვნენ. როგორც ყოველთვის შიში მეუფლებოდა, რის გამოც ლოცვას ვიწყებდი, რაც ხშირად მათგან ეშმაკებს დევნიდა.
უარყოფითი აურის შეგრძნების უნარი ნელ-ნელა ისე დამეხვეწა რომ ცხადშიც ვგრძნობდი ადამიანებს რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო ესა თუ ის დემონური არსება ყავადათ შეჩენილი ან თვითონ ჰქონდათ დემონური გამოსხივება. მერე და მერე მივხვდი ასეთი დემონური აურების არსებობის მიზეზებს. დემონური აურის ადამიანებს როგორც წესი ღმერთის უარყოფის ან მძიმე ცოდვების (კარმის) გამო გაწყვეტილი აქვთ კავშირი ღვთაებრივი ენერგიის წყაროსთან, მათი ენერგეტიკა თითქოს უკუღმა იწყებს ტრიალს, რაც იწვევს გარშემომყოფებისგან ენერგიის შთანთქმას. მოიაზრება, რომ ადამიანი თვითონ უნდა წარმოადგენდეს გამოსხივების ანუ სულიერი ნათების წყაროს და არა პირიქით. ასეთი, „პირიქით“ ადამიანები ენერგეტიკული ვამპირები ხდებიან და სულიერი თვისებებით დიდად არ განსხვავდებიან უსხეულო დემონური არსებებისგან, რომლებიც უხილავ განზომილებაში ბინადრობენ. თუმცა უსხეულო არსებებისგან განსხვავებით, ადამიანს მაინც ყოველთვის აქვს გამოსწორების და ღმერთისკენ მობრუნების შანსი. ასეთი ადამიანების გამოცნობა ყველაზე მარტივია იმით, რომ მათთან ურთიერთობის მერე უენერგიოდ გრძნობ თავს. გარდა ამისა ისინი ისეთი პიროვნული თვისებების მატარებლები არიან, რომელიც გარშემომყოფ ადამიანებში რაღაც ტიპის გაღიზიანებას და ნეგატიური ენერგიის გამოსხივებას იწვევს. სხვანაირად ვერ მიიღებენ საკვებს, რადგან ღვთაებრივ პირველწყაროს მოწყვეტილები არიან და ბუნებრივი სულიერი ენერგიის შემოდინება აკლიათ. ასეთი თვისებებია, მაგალითად, კონფლიქტურობა, განსხვავებული აზრის შეუწყნარებლობა, საკუთარი აზრის სხვისთვის თავსმოხვევა, მუდმივი წუწუნი და მოთქმა, ნეგატიური ამბების მოყოლა და სხვ. სასაცილო ის არის, რომ ასეთი ადამიანი უამრავია ჩვენ გარშემო, შეიძლება ჩვენი ოჯახის წევრებიც კი იყვნენ და საზოგადოების მიერ აბსოლუტურად ნორმალურად აღიქმებიან. სამწუხაროდ, ჩვენ დროს და განსაკუთრებით დიდ ქალაქებში იმდენად ჭარბობს ნეგატიური ენერგია რომ ასეთ ადამიანებს სავსე აქვთ „საკვები“, ამიტომ ხშირად ჯანმრთელებიც არიან და მატერიალურ ასპარეზზე დიდ წარმატებებსაც აღწევენ.
დემონური აურის და ენერგიების განსაქარვებლად ხშირად საათობით ვკითხულობდი ლოცვებს. განსაკუთრებით ძლიერი იყო ლოცვები მიქაელ მთავარანგელოზის მიმართ, რამაც ნელ-ნელა ამ ანგელოზთან განსაკუთრებით დამაახლოვა. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ნელ-ნელა სიზმრებში დემონური არსებების განდევნისთვის მისი მოხმობისას მისი აურის მოახლოების შეგრძნება დავიწყე, თუმცა გარეგნულად ვერ ვხედავდი. მაშინ მივხვდი როგორ ახერხებენ ნათელი არსებები ბნელი ძალების გაფანტვას - თავისი სულიერი ნათებით მხოლოდ! მიქაელს იმდენად მყარი და ძლიერი სულიერი ნათება აქვს რომ ჯოჯოხეთურ განზომილებებშიც შეუძლია ჩავიდეს და იქაური ბნელი ენერგიები ვერ მოწამლავენ მის სულს, რაც ბევრ ამაღლებულ არსებას არ შეუძლია. სულიერი ვიბრაციების შეუთავსებლობით დემონური არსებები იფანტებიან. როგორც მერე ამიხსნიან - ისინი არავის ანადგურებენ, მხოლოდ დევნიან ან აღადგენენ. ხშირად დაბნელებულ სულში მაინც არსებობს სინათლის ჩანასახები და ნათელი სულის მოახლოებისას მის სინათლესთან სინქრონიზაციით ეს სულიც ნათდება. ამას სულის აღდგენას ეძახიან. ასე იკურნება ადამიანის სული ლოცვისას.
მიქაელის მოახლოება დემონური არსებების თავდასხმისას აღიქმებოდა დაახლოებით როგორც საშინელებათა ფილმს რომ უყურებდე და უცებ ძალიან სასაცილო ხუმრობა მოგიყვნენ, რომლისგანაც გინდა იცინო და იცინო და სულ არ გახსოვს ის მძიმე, სულისგამყინავი საშინელებები, რასაც ცოტა ხნის წინ ხედავდი. ხშირად მეფიქრებოდა, რომ მიქაელი ადამიანი რომ ყოფილიყო იუმორის გრძნობა ექნებოდა. მისი სულის თვისებებში განსაკუთრებით ჭარბობს სიხარულის ახალგაზრდული, ძლიერი ენერგია, რომელიც ჩემზე გადმოჰქონდა და თითქოს გამოვყავდი იმ დაბალი ბნელი ვიბრაციებიდან რომელიც გარს მერტყა იმ მომენტში. ძნელი გადმოსაცემია ის სიამოვნება, მადლიერება და სიხარული რომელიც ასეთ სულებთან შეხვედრისას აღმოცენდება ადამიანის გულში. შეუძლებელია ეს არსებები არ შეგიყვარდეს გულის სიღრმემდე. ჩვენ კარგი სულის ადამიანებს ვიყვარებთ ადვილად და ღვთიური სულის არსებები მითუმეტეს შეუძლებელია არ შეგიყვარდეს. ასეთ სულთან ერთხელ შეხებისას, შემდგომ მუდმივი ლტოლვა გრჩება. გინდა რომ სულ მის გარემოცვაში იყო. თითქოს მშობლიურ სახლში დაგაბრუნეს, დედას ჩაეხუტე და ბევშვური ძილით დაიძინე ყველა დარდისგან და უბედურებისგან თავდაღწეულმა. ძნელია ამის გადმოცემა, მაგრამ დაუოკებელი სულიერი შიმშილი გეწყება და შენი გონება უნებურად მისკენ მიემართება. ასე ჩნდება შენ და ამ სულს შორის მტკიცე უხილავი კავშირები, რომელიც მატერიალურ სამყაროში არსებულ ყველაზე დიდ და ძლიერ მეგობრობაზე დიდი და ძლიერია. თითქოს ეს სული შენი სულის დამატება, შენი მეორე ნახევარია რომლის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ალბათ ასე ეხება ადამიანი ღმერთს - მისი შუამავლების საშუალებით. როგორი სიყვარული აქვს ღმერთს გამოყოფილი ადამიანის გულში ანგელოზის მიმართ? როგორც დედა-შვილის, მოსწავლე- მასწავლებლის, მეგობრის თუ საყვარელი მეორე ნახევრის? ალბათ ყველაფერი ერთად...
ასე ჩამოყალიბდა ჩემი ურთიერთობა ერთის მხრივ ქრისტესთან და მეორეს მხრივ მიქაელთან.
დუბროვიცის ეკლესია
მახსოვს 16 წლის ვიყავი, როდესაც დედასთან ერთად პოდოლსკში რუს ბებიას და ბაბუას ვსტუმრობდი. მაშინ დედამ პირველად მიმიყვანა ერთ ულამაზეს ეკლესიაში, რომელიც სოფელ დუბროვიცში, გალიცინების მამულში მდებარეობს. გალიცინების მამული ერთი მადლიანი, მშვიდი და ნათელი ადგილია დედამიწაზე, სადაც ერთი ძალიან უცნაური არქიტექტურის ტაძარს წააწყდებით. ტრადიციული ხახვისებური გუმბათის ნაცვლად, მას თითქოს ოქროს გვირგვინი ადგას ნაცრისფერი მაქმანებით მოქარგულ სხეულზე. ეკლესიას ულამაზესი ჩუქურთმები და გოთიკური სტილის ქანდაკებები ამშვენებს, რაც სრულებით არ შეესაბამება რუსული ტაძრების არქიტექტურას. მაგრამ მის გარეგნულ მხარეზე მეტად, ამ ეკლესიის ფრესკებმა მომნუსხეს. განსაკუთრებით კი ჩემი ყურადღება მთავარანგელოზების ფრესკამ მიიპყრო. მახსოვს დედამ ამიხსნა:
-მართლმადიდებლები წმინდანებს ორი სახით გამოსახავენ: რეალისტური და არარეალისტური სტილით. რეალისტურ ხატებზე წმინდანებს უფრო ცოცხალ, რეალურ ადამიანებად გამოხატავენ და ნახატს ჩვეულებრივი ფერწერის კანონებით ასრულებენ, ხოლო არარეალისტურ ხატებზე გარეგნობა თითქოს სიმბოლურია, უფრო ბრტყელია და სპეციალური კანონიკის დაცვით იხატება. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ადამიანმა არა წმინდანის გარეგნობას მიაქციოს ყურადღება, არამედ მის შინაგან არსს!
ის ფრესკა, რომელიც მაშინ ჩემ წინ იყო აღმართული, არა მხოლოდ რეალისტურად, არამედ ვირტუოზულად რეალისტურად იყო შესრულებული. მახსოვს დიდხანს ვიდექი და მიქაელის გამოსახულებას თვალს ვერ ვწყვეტდი. აქ მისი გარეგნობაც იყო და მისი შინაგანი არსიც!
2006 წელი. უმცროსი შვილის დაბადება, იესოს ხილვა და მომავლის ხილვა
მეორე ორსულობისას სულ ჯანმრთელობის პრობლემები მაწუხებდა. ბოლოსკენ ძალიან მღლიდა მუცელი. თირკმელები ისე მტკიოდა რომ ადგილს ვერ ვპოულობდი. მშობიარობის დაწყებას იმით მივხვდი რომ თირკმელების ტკივილი ათ წუთში ერთხელ ძლიერდებოდა. სამშობიაროში წამიყვანეს.
მახსოვს საშინელი ტკივილები დამეწყო. ვცდილობდი არ მეყვირა და არ მეწუწუნა. გვერდით ვიღაც უცნობი ქალბატონი დამიჯდა. ექთანი იყო სავარაუდოდ. მან ჩემი ხელი ხელში აიღო. ტკივილის გაძლიერებისას უნებურად ხელზე ვუჭერდი და თან ბოდიშებს ვუხდიდი ამისთვის. იმ მომენტში ეს უცხო ადამიანი ჩემთვის ყველაზე ახლობელი იყო. თითქოს ჩემი ტკივილის ნაწილი მიჰქონდა და ტანჯვას მიმსუბუქებდა. ეხლაც მახსოვს მისი სახე. ძალიან დაღლილი სახე... მუდმივი ტკივილის ყურებას მიჩვეული, ცხოვრებისგან დაღლილი სახე. ის არანაირ ემოციებს არ ავლენდა, უბრალოდ უხმოდ სხვისი ტკივილი მიჰქონდა. ვინ იყო, რა ერქვა, არც ვიცი და ვერც გავიგებ, მაგრამ დღემდე ამ ადამიანის მიმართ მადლიერებით მევსება გული.
ბავშვი დიდი იყო და მშობიარობა გამიჭირდა. ტკივილი იმდენად გაუსაძლისი გახდა რომ „---„ ბიძიას, რომელიც მთავარი გინეკოლოგი და ამავე დროს ბიძაჩემი იყო, შევეცოდე და ვენაში გაუტკივარების წამალი გამიკეთა. ამ წამალმა რატომღაც ტკივილი საერთოდ არ გამიყუჩა, მაგრამ რაღაცნაირად გამაბრუა და ჭინთვებს შორის ორწუთიან შუალედში მაძინებდა. ჭინთვისას ტკივილისგან მეღვიძებოდა და ვიჭინთებოდი. ასე დაძინება-გაღვიძებებში რაღაც მომენტში ვიგრძენი რომ სიზმარს და რეალობას შორის ზღვარი წაიშალა და ორივე სამყაროში ერთდროულად ავღმოჩნდი.
ამ დროს, მშობიარობის პროცესში რაღაც არასწორედ წავიდა. ბიძაჩემმა მუცელზე წარღვნისდროინდელი მოსასმენი მოწყობილობა დამადო, როგორც მივხვდი იმისთვის, რომ ბავშვის გულისცემა მოესმინა. უეცრად წამოხტა და ვიღაცას გასძახა:
- ბავშვს გული გაუჩერდა, ჩქარა ადრენალინი! - ეს სიტყვები იყო და სადღაც გავარდა. არ ვიცი რა დრო გავიდა სანამ ექიმები დაბრუნდნენ. მე ბავშვისთვის ლოცვა დავიწყე. დაძინება-გაღვიძების შუალედებში იესოს ლოცვას ვიმეორებდი, რომ უცებ დავინახე როგორ ზის ქრისტე ჩემ გვერდით! უცნაურია, მაგრამ არ გამიკვირდა და უბრალოდ შევჩივლე:
- Нет больше сил!
რაზეც მან მშვიდად მიპასუხა:
- Силы есть всегда...
როდესაც ამ სიტყვებს ვიხსენებ, ვხვდები რომ მათში გაცილებით ღრმა აზრი იდო ვიდრე იმ მომენტში გავიაზრე.
მე მაშინვე ბავშვისთვის დახმარება ვთხოვე. ამ დროს ექიმები დაბრუნდნენ. ბიძაჩემმა გულის ცემა მოისმინა და შვებით ამოისუნთქა.
- ისევ სცემს!
ბოლომდე ვლოცულობდი სანამ ჩემი ბიჭი არ დაიბადა. ესეთი უცნაური ლოცვა არასდროს არ განმიცდია. ორწუთიანი შუალედებით მაძინებდა ტკივილგამაყუჩებელი და ლოცვა ცხადიდან სიზმარში და სიზმრიდან ცხადში ჩემ ცნობიერთან ერთად მიმოდიოდა. ოღონდ სიზმარში ლოცვას ვხედავდი როგორც ცეცხლოვან ენერგიას რომელიც გარშემო ზოლებად მიიკლაკნებოდა და თავის, ჩემთვის გაუგებარ მიმართულებებს არჩევდა. ოთახი სხვადასხვა ფერებში ლივლივებდა. ეს სანახაობა საოცარ ძალას და სილამაზეს ასხივებდა და მაშინ მივხვდი, როგორ აძლიერებს ფიზიკური ტკივილი ადამიანის სულიერ ძალებს და ამ დროს ლოცვა სულ სხვა, განსაკუთრებულ, ცეცხლოვან სახეს იღებს.
ჩემი პატარა ბიჭი გაჩნდა ბუთქუჩა, დიდი ლოყებით და დიდი შეკრული მუშტებით. ერთი თვალის შევლება მოვასწარი და წაიყვანეს. რატომღაც არ დამიწვინეს გულზე, როგორც თავის დროზე ჩემი უფროსი შვილი და წაიყვანეს. ბიძაჩემი მოვიდა ცოტა შეშფოთებული სახით. მითხრა რომ უნდა დამესვენა, გამიკეთა ძილის წამალი. მე მეტი რა მინდოდა, უგონოდ გავითიშე.
გამეღვიძა დაახლოებით დილის ხუთ საათზე. ბავშვი გვერდით არ მეწვინა როგორც უნდა ყოფილიყო. ბავშვის ლოგინიც ცარიელი დამხვდა. ჩემებთან დარეკვის მომერიდა. ვიცოდი რომ ძალიან ინერვიულეს და არ მინდოდა გაღვიძება, ამიტომ ექთნებს დავუძახე. ბავშვზე რომ ვკითხე სად არის-მეთქი, მივიღე უცნაური პასუხი - სტაბილურადაა. რას ნიშნავს სტაბილურად? ექთნები გავიდნენ და ღამის სიჩუმეში მათი გადალაპარაკება გავიგონე:
- ამ ქალის ბავშვი მგონი მოკვდა და არ იცის.
შფოთვამ ამიტანა. გულს ჩავეკითხე ბავშვის ამბავი და ვიგრძენი რომ ცოცხალია. ეს შეგრძნება იმდენად ცხადი და დამარწმუნებელი იყო, რომ შფოთმა თითქმის სრულიად გამიქრა. გათენებას უნდა დავლოდებოდი, რომ რეალური ამბავი შემეტყო. უკიდურესმა დაღლილობამ დამძალა და ისევ დამეძინა.
სიზმარში ვხედავ როგორ ვიყურები წყლით სავსე ჯამში. წყალზე თეთრი ნუშის ყვავილები ტივტივებს. უცებ ყვავილები იჭმუხვნებიან, ჭკნებიან და მათ ადგილას მარადმწვანე ლამაზი ფიჭვის ტოტები აღმოცენდება. საიდანღაც ვიცი რომ ეს კარგის ნიშანია, რადგან დროებითს მარადიული ცვლის. მერე ტოტები ქრება. წამით წყალი ირევა, მერე მშვიდდება და მის სარკისებურ ზედაპირზე მომავალს ვხედავ. ვხედავ ჩემი ბიჭი გაზრდილია, იგივე ბაღში დადის სადაც პატარაობისას უფროსი ქალიშვილი - მზია დეიდასთან. ვხედავ რომ მზია დეიდა მირეკავს და მთხოვს, რომ საკარნავალო კოსტუმების გაქირავებაში გავიყვანო, ბაღის ზეიმისთვის ბავშვებისთვის კოსტუმების გამოსატანად.
- შენი ბიჭი უფლისწული უნდა იყოს! - მეუბნება და მანქანაში ვსხდებით. ჩემ თავსაც ვხედავ მწვანე ქურთუკში. თითქოს მეც ყველაფერი კარგად მაქვს. ახალი სამსახურიც ვიშოვე.
ამ დროს მეღვიძება სრული სიმშვიდით და შეგრძნებით რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ჩემ ბიჭს ოპერაცია გაუკეთდა დიაფრაგმის თიაქარზე. დაბადებისას, თიაქარმა ნაწლავების ამოწევა და ფილტვის დაკეცვა გამოიწვია, რამაც გული მარჯვნივ გადაწია. ალბათ ეს ყველაფერი მშობიარობის დროს მოხდა და ეს ის მომენტი იყო როცა გული გაჩერდა და მერე ისევ ამუშავდა. მერე კიდევ დიდხანს ვიბრძოლეთ ჩემი ბიჭის სიცოცხლისთვის, რადგან ფილტვები და თირკმელები გათიშული ჰქონდა. სამშობიაროდან გამოგვატანეს სიტყვებით:
- ჩათვალეთ რომ ეს ბავშვი ღვთის საჩუქარია!
„ღვთის საჩუქარს“ „------„ დავარქვით. არ მახსოვს ეს ჩემი იდეა იყო თუ მეუღლის. სამშობიაროში მონათლეს, რადგან ეგონათ რომ ვერ გადარჩებოდა და სახელი ნაუცბადევად მოვიგონეთ. ნათლიებიც დაუსწრებლად შეურჩიეს. არც ეს მახსოვს, ვისი ინიციატივა იყო.
სახლში რომ მოვიყვანეთ ომგამოვლილივით იყო ნაიარები. მაგრამ ჭრილობები არ ტკიოდა და სულ ღიმილით მიყურებდა თვალებში.
ოთხი წლის მერე ჩემი შვილი მართლა წავა მზია დეიდას ბაღში და მზია დეიდა დამირეკავს კოსტუმებზე გაყვანის თხოვნით. კოსტუმების ასარჩევად რომ შევალთ, მე ურჩხულის კოსტუმის ძებნას დავიწყებ, იმიტომ რომ ვიცი რომ ჩემი ბიჭი სპექტაკლში ურჩხულის როლს ასრულებს. თან მეფიქრება, რომ მხოლოდ ეს ერთია, რაც არ ასრულდა სიზმრის შესაბამისად.
ამ დროს მზია დეიდა გამოდის და უფლისწულის კოსტუმი და ურჩხულის ნიღაბი უჭირავს ხელში. მე გაკვირვებული ვუყურებ.
- ჩემი შვილი ხომ ურჩხული უნდა იყოს? - ვეკითხები მე.
-ურჩხული, რომელიც მოჯადოებული უფლისწულია! - მპასუხობს მზია.
2009 წელი. რომი. უცანაური სიზმარი წინასწარმეტყველებით
ეს სიზმარი საბედისწერო 2013-მდე დამესიზმრა, როცა ჯერ კიდევ პერმანენტულად ეშმაკებს ვხედავდი სიზმრებში. სიზმარი დამამახსოვრდა ორი მიზეზის გამო; ერთი, რომ საუბედუროდ წინასწარმეტყველური აღმოჩნდა და მეორე - მისი ერთგვარი არასტანდარტულობა.
2009-ში, 2008 წლის ომის შემდეგ ნერვების დასაწყნარებლად მე, ჩემმა მეუღლემ და მეგობრებმა ევროპაში ტურის მოწყობა გადავწყვიტეთ. ერთ-ერთი დანიშნულების ადგილი რომი იყო. ამ მოგზაურობას ისეთი ნათელი და ლამაზი შთაბეჭდილებები ახლდა თან, რომ გარდა იმისა, რომ ომის შემდგომი მძიმე ემოციური ფონი ჩამოვიფერთხე, ახალი ფერად-ფერადი ემოციებით დავიტვირთე და სულ კმაყოფილი და კარგ ხასიათზე დავდიოდი.
ასეთ ამაღლებულ ხასიათზე მყობს დამესიზმრა მორიგი მაჯლაჯუნა.
ვითომ რომის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მგონი ავტობუსში) ვიჯექი, გარშემო ხალხი მიდი-მოდიოდა და მათ შორის ვითომც არაფერი მოძრაობდა ერთი ეშმაკი. პატარა და მოხერხებული იყო. ჩემი შეგრძნებით, თავის დემონურ საქმიანობებში ძლიერების კატეგორიაში გადიოდა. ხან ერთ ადამიანს მიუცუცქდებოდა და რაღაცას ელაპარაკებოდა, ხან მეორეს. ოღონდ რათქმაუნდა, მას ეშმაკად ვერავინ აღიქვავდა. როგორც ყოველთვის მან შენიშნა, რომ მე მას ვხედავ და როგორც მოსალოდნელი იყო გააფთრებული გამოემართა ჩემი მიმართულებით. მაგრამ მე ხომ ამაღლებულ განწყობაზე ვიყავი, გასული დღით მიღებული შთაბეჭდილებებით დამუხტული და ჩემშიც ერთგვარი გამონაკლისი განწყობილება სუფევდა. იმის მაგივრად, რომ შემშინებოდა და ლოცვისთვის მიმემართა ან გაღვიძება მეცადა, მასთან მშვიდად გასაუბრება გადავწყვიტე და სრულიად გულწრფელად ვუთხარი:
- შენც ღმერთის ნებით არსებობ და მისი ქმნილება ხარ! როდესმე ალბათ შენც დაბრუნდები ღმერთთან, დალოცვილ იყავი!
ჩემი სიტყვების მე თვითონ გამიკვირდა და იმას კიდევ უფრო. ერთ წამს მომეჩვენა, რომ გულიც კი აუჩუყდა და მიპასუხა:
- მე ვძულვარ და მებრძოლებიან, მაგრამ ჯერ არავის არასდროს დავულოცივარ. გინდა გემსახურო?
მაგრამ პასუხს არ დალოდებია. თეთრ ფუმფულა ცხოველად გადაიქცა და ჩემ გვერდით ფეხებთან მოიკუნტა. რათქმაუნდა არ მინდოდა მისი მსახურება. საშინელი დისკომფორტი ვიგრძენი, რადგან თეთრი ფუმფულა არსებისგან საშინლად ბოროტი ენერგია მოდიოდა. ვიცოდი, რომ ჩემ პირველ შეცდომამდე, პირველი სისუსტის გამოვლინებამდე იქნებოდა ასეთი თეთრი და ფაფუკი, მაგრამ პირველივე ჩემ სისუსტეზე ან შეცდომაზე ძველ იერს მიიღებდა. ამიტომ ძალიან ზრდილობიანად ვთხოვე ჩემთვის თავი გაენებებინა.
- მაშინ მომავალს მაინც გიწინასწარმეტყველებ! - მონდომებით შემომთავაზა. აი, რაც ნამდვილად არ მინდოდა, ეს იყო ეშმაკის პირიდან ჩემი მომავლის მომესმენა. ამიტომ უარი ვუთხარი, მაგრამ ის არ შემეშვა:
- მაშინ შენს მეგობარს ვუწინასწარმეტყველებ!
ამ დროს ავტობუსში, სადაც ეს ყველაფერი ხდებოდა, სწორედ ის ჩემი მეგობარი ამოვიდა. ერთი წელიც არ იყო გასული მისი გათხოვებიდან. ეშმაკი ჩემ მეგობართან მივიდა და საუბარი გაუბა. მე მინდოდა მეგობრისთვის მეთქვა რომ არ დალაპარაკებოდა, რადგან ეშმაკი იყო, მაგრამ რატომღაც არავინ მაქცევდა ყურადღებას. ეშმაკმა ჩემს მეგობარს შემდეგი სიტყვები უთხრა:
- შენ შვილი არ გეყოლება და ამის მიზეზი შენი მეუღლე იქნება!
იმის მერე ათი წელია გასული და სამწუხაროდ ეს წინასწარმეტყველება ჯერ-ჯერობით სრულდება...
2012 წელი. ზამთარი. სხივი კოსმოსიდან
სიზმარში ვხედავ როგორ ეცემა დედამიწაზე სინათლის მძლავრი სხივი. სხივი კოსმოსიდან მოდის. ვგრძნობ რომ ამ სხივის დაცემა რაღაც გრანდიოზული კოსმიური დონის მოვლენაა, დედამიწისთვის ძალიან მნიშვნელოვანი!
სხივის დაცემას თან ახლავს ზეციური ძალების მობილიზაცია. ცაზე მარჯვნივ ნათელი ძალები ჯგუფდებიან ხოლო მარცხნივ ბნელი. ნათელ ძალებს ქრისტე უდგას სათავეში.
ცაზე ჩრდილოეთის ციალი ჩნდება. მიკვირს ამ ციალის დანახვა. ჩვენ განედში ხომ მსგავსი რამ არ ხდება. ვგრძნობ რომ სულიერ სამყაროში შფოთვა და დაძაბულობაა და ამ ციურ ნათებას მოსდევს უხილავი არსებების ხილულად გამოჩენა.
„ის რაც აქამდე უხილავი იყო, ხილული ხდება!“ -თითქოს მეუბნება ვიღაც.
ვგრძნობ რომ სამყაროს დასასრული დადგა. ყოველ შემთხვევაში იმ სამყაროსი როგორიც აქამდე არსებობდა. აწი გვიანია რამის შეცვლა. რა სულიერი მონაპოვარითაც მოხვედი ამ დრომდე იმითი წარსდგები სამჯავროზე. ნუთუ ეს სამყაროს დასასრულია?
დედაჩემს ვეუბნები:
- Вот и все!
დედაჩემი მპასუხობს:
- неужели ничего нельзя изменить?
მე ვეუბნები:
- Уже нет!
ვგრძნობ რომ ჩემგან რაღაცას ელოდებიან და ვერ ვხვდები რას. დედაჩემს ვეკითხები:
- Что от меня требуется?
დედაჩემი მპასუხობს:
- Не знаю.
მერე დედაჩემის დედას, ბებიას ვეკითხები:
- Что я должна делать?
ისიც მეუბნება:
- Не знаю!
მერე ვიღაც ახალგაზრდა კაცი მოდის, რაღაც წიგნებს მაწვდის და გარბის. თან მაძახებს:
- დრო ცოტა დარჩა!
უეცრად ვხედავ, როგორ მივფრინავ უშველებელი ტყის მასივზე. ჩემ ქვევით მარდმწვანე ფიჭვნარის ხეებია. საოცარ შინაგან სიმსუბუქეს ვგრძნობ. თითქოს ალიასკაა ან ციმბირი.
„აი, აქ შეიძლება ცხოვრება!“ - თითქოს მეუბნება ვიღაც.
ისევ ვიღვიძებ იმის შეგრძნებით რომ ვიღაცა რაღაცას ელოდება ჩემგან და მე ჩემს საქმეს ვერ ვასრულებ, იმიტომ რომ ვერ ვიხსენებ. უნდა გავიხსენო! ვგრძნობ რომ ისეთი რაღაც უნდა აღვიდგინო ცნობიერებაში, რაც რატომღაც კაცობრიობის საწყისის დროებთან არის დაკავშირებული. ოღონდ მე რა შუაში ვარ ამ ყველაფერთან? ვერაფერს ვხვდები. დიდი მთები მიდგება თვალწინ. როგორ თავისუფლად ვსუნთქავ, თითქოს ჰაერად ქცეული ბროლის კრისტალები მეღვრება ფილტვებში. სულ სხვანაირ ჰაერს ვგრძნობ. გარემო ცოცხალი ძალით სუნთქავს. მეგალითური ქვის ნაგებობები წარმოდგება ჩემ თვალწინ. მე აქ ვცხოვრობდი როდესღაც? ... არ ვიცი.
ყოველ დილით ვიღვიძებ აზრით რომ ვიღაცა ტელეპატიურად მეკონტაქტება და მეუბნება რომ რაღაც უნდა გავიხსენო, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასწრაფოა! ამ ფიქრებს ემატება ახალი აზრი - რომ ჩემთვის გზავნილია, რომელიც უნდა ვიპოვო.
- Найди послание! - მიტრიალებს თავში.
ვის ვკითხო რას ნიშნავს ეს ყველაფერი? კარგად მესმის რომ გიჟად ჩამთვლიან. მეც ხომ ასე ჩავთვლიდი. ამიტომ ჩემნაირ გიჟთან - იოგის მასწავლებელთან მივდივარ და ვუყვები, რომ შინაგანი ხმა მეუბნება, რომ რაღაც უნდა გავიხსენო, რაც კაცობრიობის შორეულ წარსულთან არის დაკავშირებული და რაღაც გზავნილები ვიპოვო. როგორც ჩანს ეს განცხადება იოგის მასწავლებლისთვისაც ნამეტანი აღმოჩნდა. ის იცინის და მეუბნება:
- შვილები გყაავს?
მე ვპასუხობ:
- მყავს.
- ხოდა წადი და მიხედე. ეგაა შენი საქმე, შენი მიზანი და შენი იოგა.
მეც სახლში ვბრუნდები და ვცდილობ დავივიწყო ყველაფერი. იქნებ მართლა ვიგონებ რაღაცას. იქნებ გავგიჯდი და ვერ ვხვდები ამას. ყველა გიჟს ხომ თავი ნორმალური ჰგონია! ამ აზრებზე მეცინება და ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ, თუმცა შინაგანად ისევ სინდისი მქენჯნის.
ეკლესიაში იშვიათად დავდივარ, მაგრამ ჩემ აღსარებებში სულ ღმერთს პატიებას ვთხოვ იმის გამო, რომ ჩემს მოვალეობას არ ვასრულებ, რომ ვერ ვიხსენებ, იმ მოვალეობას! არც მოძღვარს და არც მე არ გვესმის რას ვგულისხმობ ამაში.
ისევ მომდის ტელეპატიური გზავნილი: - Найди послание!
რომ არ ვიცი რა გავაკეთო, კომპიუტერთან ვჯდები და სიტყვა послание-ს ვკრეფ იუთუბში. ვერც რუსულად, ვერც ქართულად და ვერც ინგლისურად ვერაფერს ვერ ვპოულობ რასაც შინაგანად „ამოვიცნობდი“. ამ გზავნილებს მხოლოდ ხუთი წლის მერე მივაგნებ!
სადღაც 2012-2013 წლები. ციხიდან გამოსვლა
მესიზმრება თითქოს მე და ჩემი ქალიშვილი ციხეში ვართ დამწყვდეულები. ამ ციხიდან თავის დაღწევის არანაირი საშუალება არ არსებობს. გარდა ამისა, აქ ადამიანებს აწამებენ, რასაც ვერც მე და ვერც ჩემი გოგო ვერ ავცდებით. შიში და იმედგაცრუება მეუფლება. ციხე აღჭურვილი და უმაღლეს დონეზეა დაცული, ისე რომ გაქცევის და თავის დაღწევის შანსი არ არის. მე და ჩემი გოგო რაღაც საკანში ვართ გამოკეტილები და შიშით ველოდებით ბადრაგებს. უეცრად ხმა მესმის. ხმა თითქოს არსაიდან მოდის და მშვიდად მეუბნება:
- თუ გინდა გახვიდე, გადი!
მე დაბნეული ვიყურები და ვპასუხობ, რომ ამ დაცული ტერიტორიიდან გაპარვა შეუძლებელია. ხმა ისევ მეუბნება:
- თუ გინდა გახვიდე, უბრალოდ ადექი და გადი!
მე ხმის მოწოდებას ვემორჩილები. ჩემ შვილს ხელს ვკიდებ და კარისკენ მივდივარ. უეცრად კარებთან მდგომ დაცვის თანამშრომელს ვიღაც ურეკავს, ის ზურგით ტრიალდება და ვერ ხედავს როგორ გავდივართ კარში. შემდეგი კარიც ღია გვხვდება, რადგან შემთხვევით დაცვის თანამშრომელს ჩაკეტვა ავიწყდება. მე და ჩემი გოგო არ ვჩერდებით და რაც უფრო მივიწევთ ციხის გასასვლელისკენ, მით უფრო საოცარი გარემოებების შედეგად გვეხსნება ყველა კარი და გვინთავისუფლდება გზა. ხან დაცვა გვერდზე ტრიალდება, ხან ვიღაც იპყრობს მათ ყურადღებას და ვერ გვამჩნევენ. ასე გავდივართ ეზოს, ხოლო ჭირკარს გამომავალ მანქანას ამოფარებულები მივუყვებით ისე, რომ ვერავინ გვამჩნევს.
რომ გამეღვიძა, დიდ ხანს ვფიქრობდი ვისი ხმა შეიძლებოდა ყოფილიყო და რატომღაც მენიშნა რომ როდესმე დადგება მე და ჩემი შვილის ცხოვრებაში მძიმე დღეები, როდესაც გამოსავალი მხოლოდ უპირობო რწმენაში და უზენაესი ხელმძღვანელის ნდობაში გამოჩნდება.
2013 წელი. ივლისი. ეკლესიური ცხოვრების ხელმეორედ დაწყების მცდელობა
ამ წელს კიდევ ერთხელ მქონდა ეკლესიური ცხოვრების დაწყების მცდელობა. გუდაურიდან წამოსულებმა უკანა გზაზე მანქანაში ერთ-ერთი სოფლის მონასტრის ბერი ჩავისვით. მე მეტი რა მინდოდა და ჩემ საყვარელ თემაზე გავუბი საუბარი. მან ჩემში რელიგიით დაინტერესება შენიშნა და ერთი ძალიან საინტერესო წიგნი მათხოვა. წიგნში გულის ლოცვა იყო აღწერილი და რატომღაც მენიშნა, რომ ეს ზუსტად ის იყო, რაც მჭირდებოდა, რადგან ჩემი განმარტოებით ლოცვისკენ მიდრეკილების გამო, იესოს ლოცვას ისედაც ხშირად მივმართავდი. ამ წიგნში აღწერილ ლოცვის მეთოდს მერე მუდმივად გამოვიყენებ. ჩვენს ახლად გაცნობილ ბერს მალევე დავუმეგობრდით და ძალიან დავუახლოვდით. მაშინ პირველად ვიგრძენი, როგორ ატარებენ სასულიერო პირები თავის თავში „ქრისტეს ენერგიას“. ქრისტესთან შეხვედრის მერე, რომელიც ერთ თვეში მოხდება, კიდევ უფრო მკაფიოდ ვიგრძენი როგორ გარდატყდება ეს ენერგია მათ ინდივიდუალურ სულის თვისებებში. ეს ჰგავს ნათესაურ კავშირს, როდესაც ნათესავები ერთმანეთს ზოგი ცხვირის ფორმით ჰგავს, ზოგი თვალის, ზოგი სახის მოყვანილობით, მაგრამ ამ მსგავსებას განაპირობებს მათ სისხლში საერთო წინაპრის სისხლის არსებობა. ასე ვართ ყველანი ქრისტეს ხორცითა და სისხლით მისი ნათესავები. ზოგი მას თავმდაბლობით ვგავართ, ზოგი სიბრძნით, ზოგი სიკეთით, მაგრამ ყველას მისი ენერგია გვაერთიანებს.
მაშინ ძალიან მომინდა ამ მონასტრის წინამძღვარი გამეცნო, რომელსაც „გულის ლოცვის“ საოცარი გამოცდილება ჰქონდა და გულში გატარებული ღვთაებრივი ენერგიით თითქოს ადამიანებსაც კი კურნავდა. ჩვენმა ახლობელმა ბერმა მასთან შეხვედრა მომიწყო. მახსოვს, ძალიან გამიჭირდა გულის გადაშლა, იმიტომ რომ ჩემთვის ღმერთთან და ქრისტესთან ურთიერთობა ძალიან პირადი იყო და არ ვიყავი ასეთ თემაზე საუბარს ნაჩვევი. ჩემ სიზმრებზე მოვუყევი და ჩემ შეხედულებებზე. ყურადღებით მისმენდა. შიგადაშიგ იღიმოდა და სახე უბრწყინდებოდა. ერთხელ გამაწყვეტინა და მკითხა:
- შენ ამ დასკვნებამდე შენით მიხვედი თუ სადმე წაიკითხე?
მე დაბნეულად ვუპასუხე, რომ ეს ჩემი აზრებია.
ოთახში ჩვენ გარდა კიდევ ერთი ბერი იჯდა. ისიც უხმოდ მისმენდა. საუბარი რომ დავამთავრე, მონასტრის წინამძღვარმა გაიღიმა და თქვა:
- ანგელოზი მელაპარაკება!
ამ სიტყვებზე საშინლად დავიბენი და უხერხულად ვიგრძენი თავი. ასეთ პასუხს ნამდვილად არ ველოდი, რადგან მე ძალიან შორს ვარ ანგელოზისგან და ალბათ მიქაელის ენერგია იგრძნო.
წინამძღვარმა დიდი სითბოთი და მოფერებით გამისტუმრა და მთხოვა შემდეგ კვირას მოვსულიყავი, რომ ჩემთვის „გულის ლოცვა“ ესწავლებინა. მე დავფრინავდი სიხარულისგან, რადგან მეგონა, რომ როგორც იქნა მოძღვარი გავიჩინე.
შემდეგ კვირას მოსვლა ვერ მოვახერხე, მაგრამ ორი კვირის დამდეგს დავბრუნდი. წინამძღვრის კელიაში შევედი და მივესალმე, იმის მოლოდინში, რომ როგორც იქნა „გულის ლოცვას“ ვისწავლიდი და მისი მისტიკური გამოცდილების ისტორიებს მოვისმენდი. უეცრად გავაანალიზე, რომ წინამძღვარი ურეაქციო სახით მიყურებდა.
- შენ ჩემთან ადრე იყავი? - მკითხა. მე გაკვირვებულმა ვუპასუხე, რომ ორი კვირის წინ ვიყავი და მან თვითონ დამიბარა.
- ვერაფრით ვერ გიხსენებ... - ჩაილაპარაკა მან და მართლა ისეთი სახე ქონდა თითქოს პირველად მხედავდა, - შემახსენე თავი, რაზე ვსაუბრობდით?
მე ენა ჩამივარდა. პირველი საუბრისას გამიჭირდა გულის გადაშლა და მეორეჯერ იგივეს ხომ არ მოვუყვებოდი. უხერხული სიჩუმე თვითონვე დაარღვია და მითხრა:
- იარე ხოლმე წირვებზე... ჩვენს მონასტერს დაემოწაფე.
„მონასტერს დამოწაფება“ ძალიან ბუნდოვანი რეკომენდაცია იყო. ჩემი პირვანდელი აღტკინება და სულიერი ცხოვრების დაწყების სულმოუთქმელი მოლოდინი დაბნეულობამ და იმედგაცრუებამ შეცვალა. მე მადლობა გადავუხადე, უხმოდ გავტრიალდი და წავედი. ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, როგორ დავავიწყდი ასე უცებ. მესმის, რომ მასთან აუარებელი ადამიანი დადიოდა, მაგრამ განა ბევრი უყვებოდა იმას, რაც მე მოვუყევი? იმედგაცრუების გრძნობა მქონდა, მაგრამ რა მექნა... წინამძღვრის მიმართ მაინც ძალიან თბილი გრძნობები დამრჩა და ფიქრებში ხშირად ვესაუბრებოდი ხოლმე. როდესაც მერე „გაღიმებული ქრისტე“ დავხატე, მაშინვე მას გავუგზავნე. რატომღაც მეგონა რომ მას უნდა ეგრძნო, რომ ეს ხატი კი არა რეალური პორტრეტი იყო. თუმცა როგორც მერე აღმოჩნდა ეს ჩემი მოლოდინიც გადაჭარბებული იყო.
ჩვენ ახლობელ ბერთან, რომელიც პირველად გავიცანით, ეხლაც მაქვს ურთიერთობა. აღსარებას მას ვაბარებ ხოლმე და ჩემ „წარმოუდგენელ სიზმრებზე“ და „ხილვებზე“ ვუყვები, თუმცა ბოლომდე ვერ ვიხსნები. ვგრძნობ, რომ ჩემ მონაყოლში დასაძრახს ვერაფერს პოულობს, მაგრამ ვერც ბოლომდე იჯერებს და თითქოს „ისხლიტავს“ იმას რასაც ვეუბნები.
2013 წელი. იმედგაცრუება და რწმენის დაკარგვა
დრო გადიოდა და ვგრძნობდი, როგორ ვიღლებოდი ცხოვრებისგან. ჯანმრთელობა ნელ-ნელა მიუარესდებოდა და სულ უფრო მეტი ძალისხმევა მჭირდებოდა ყოველდღიური სამსახურეობრივი თუ სახლის საქმეების გასაკეთებლად. ამას ემატებოდა სტრესი სამსახურში, პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში და მსოფლიოში. საქართველოს ომი, სირიის ომი, რომელიც ცოცხალ ჯოჯოხეთად იქცა იქაური მოსახლეობისთვის და თითქოს სულ ახლოს, ყურის ძირში ბობოქრობდა.
ამ დროისთვის ჩემ შინაგან ცხოვრებაში რაღაც ძვრები ხდებოდა, რომელსაც ბოლომდე ვერ ვიაზრებდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა ვკარგავდი რწმენას კაცობრიობაში და არ მესმოდა ღმერთის. არც მისი შეგრძნება მოდიოდა ჩემთან. ვცდილობდი შემეყვარა და ვგრძნობდი, რომ არ შემიძლია. არ შემიძლია მიყვარდეს ღმერთი, რომელმაც ასეთი უბედური და წყალძაღებული არსება შექმნა როგორიც ადამიანია. ასეთი კაცობრიობის არსებობის აზრი არ მესმოდა. ალბათ ბევრს უჩნდება ცხოვრებაში მსგავსი აზრები და ან დევნიან ამ აზრებს ან ცდილობენ სულის უხილავ კუნჭულში ჩამალონ, სადაც ვერც თვითონ და ვერც ღმერთი მათ ვერ დაინახავს. მაგრამ ჩემთვის ასეთი აზრები სავალალო იქნებოდა, იმიტომ რომ მე ბნელი არსებების თავდასხმებისგან ერთადერთ დაცვას დავკარგავდი.