პენტაგრამა
2018 წელი. 16 ივნისი. პენტაგრამა
იმის მერე რაც შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში პენტაგრამა დავინახე, ერთი კვირა გავიდა. ტელეპატიური გზავნილები ამ კვირის განმავლობაში შეწყდა. ასეთ პაუზებს შეჩვეული ვიყავი და ჩავთვალე რომ ასეა საჭირო და მოვლენები არ უნდა დავაჩქარო. უბრალოდ ამჯერად განცდა მქონდა რომ მიქაელი ისევ ელოდა რომ მე რაღაც დასკვნამდე ჩემით მივიდოდი. მე კი მხოლოდ იმაზე მეფიქრებოდა როგორ მომენატრა გარეთ გასვლა და გასეირნება და ერთწლიანი განმარტოვების მერე ისევ მინდა ჩემ მეგობრებთან ურთიერთობა და „ჩვეულებრივ“, ყოფით თემებზე საუბარი. უბრალოდ მათი დანახვა გამიხარდებოდა. ჩემი იოგური ვარჯიშები და „სიარულის“ მენტალური კონსტრუქციების შექმნის პრაქტიკები სულ უფრო გაფანტული გახდა. ამას დაერთო სასწავლო წლის ბოლო, ბავშვების გამოცდები, ზეიმები და ჩემ სულიერ მასწავლებლებთან კავშირი თითქოს სხვა დროისთვის გადაიდო.
მე:
- ისევ ფრაქტალებზე გინდა საუბარი... - ვიგრძენი მე და ფიქრებით იმ გზავნილთან დამაბრუნა, სადაც ფრაქტალების გეომეტრიაზე და მათთან შეჭიდულ „პრინციპზე“ იყო საუბარი.
მიქაელი:
- გამოვლენილ სამყაროებში არსებობს ფრაქტალების პრინციპი. ამ ფრაქტალებში შემოქმედებითი ღვთაებრივი ენერგია გარკვეული კანონზომიერებით, ალგორითმით გარდატყდება. ეს ფრაქტალები და მათთან შეჭიდული „პრინციპები“ ანუ ალგორითმები ყველა გამოვლენილ სამყაროში მუშაობს. თითოეულ ფრაქტალს თავისი „საკრალური“, გინდა დაარქვი „მაგიური“ რიცხვი ახასიათებს. თუმცა ეს არ არის სწორი ტერმინი. არსებობს სწორი ტერმინი, მაგრამ შენ ვერ იპოვი მას შენ ლექსიკონში. მაგალითად „სიცოცხლის ხის“ ძირითადი ფრაქტალის ალგორითმი არის „აღმავლობის პრინციპი“, და მას 7 რიცხვი შეესამაბება. მაგალითად ადამიანში შვიდი ჩაკრა აღმავალ ენერგიათა სიხშირეებს შეესაბამება. 7 ზეციური სამყარო აღმავლობის პრინციპითაა განლაგებული. სამყაროს შექმნის 7 დღე, უფრო და უფრო აღმატებული არსებების შექმნასთან იყო დაკავშირებული. ცისარტყელის 7 ძირითადი ფერი მცირე სიხშირის ტალღებიდან მაღალი სიხშირის ტალღებში გარდამავალ გრადაციას წარმოადგენს. მაგიური ნიშნების გამოყენება, სწორედ ამ ფრაქტალების მიერ გატარებული/გამოვლენილი ენერგიების ფლობასთან და გამოყენებასთან არის დაკავშირებული. მასონურ არქიტექტურაში შენობების წყობაში ფრაქტალების გეომეტრიული ფიგურებია გამოყენებული, სწორედ იმისთვის რომ ამ გეომეტრიით სათანადო ენერგიების მოზიდვა და კონცენტრაცია მოხდეს. არსებობს არაერთი ფარული ორგანიზაცია და ადამიანი, რომელიც კარგად და სათავისოდ იყენებს ამ ცოდნას. პენტაგრამა სწორედ სამყაროს ერთ-ერთი ფრაქტალური სტრუქტურაა და მას რიცხვი 5 შეესაბამება. მე მინდა რომ წარმოიდგინო და იგრძნო რას წარმოადგენს ეს ფრაქტალი და მისი ალგორითმი...
ნახ. 1. ა. ხუთობრივი ფრაქტალური სტრუქტურა და ფიფქი, როგორც მისი მაგალითი ბუნებაში.
ბ. სამკუთხედის ფრაქტალური წყობა. სამკუთხედი შეიცავს უფრო პატარა სამკუთხედებს, რომლებიც, თავისმხრივ კიდევ უფრო პატარა სამკუთხედებს და ასე შ. -უსასრულობიდან +უსასრულობაში.
გ. სპირალური ფრაქტალური სტრუქტურა.
არასდროს არ გავკარებივარ მაგიის წიგნებს, სწორედ ჩემი „მასწავლებლებისგან“ წამოსული აკრძალვის გამო. ჩემი ცოდნა ამ საკითხზე შემოიფარგლება იმ ფილმებით ან ლიტერატურით, სადაც ეს თემა ზოგადად იყო ხოლმე განხილული. მე პენტაგრამის ფორმას წარმოვიდგენ... ხუთი ერთნაირი ქიმი, ხუთი სტიქია - ცეცხლი, ჰაერი, წყალი, მიწა და სასიცოცხლო ძალა/ეთერი; ხუთი გრძნობა - მხედველობა, სმენა, ყნოსვა, შეგრძნება და გემო; ლეონარდო დავინჩის ვიტრუვიანელი ადამიანი, ოღონდ ჩახატული პენტაგრამაში (იხ. ნახატი 2). სხეულის ხუთი ნაწილი - ოთხი კიდური და თავი... პენტაგრამის პრინციპით ეს ყველა ერთმანეთთან კავშირშია.
ნახ. 2 ადამიანი პენტაგრამაში.
- შენი სულის მეხსიერებაში სრული ცოდნაა ამ საკითხზე, მაგრამ შენ ამას ჯერ-ჯერობით ინტუიციის დონეზე გრძნობ. შენი სულის მეხსიერება დახშულია და სხვადასხვა ცოდნის „ამოტივტივება“ ჰგავს ამნეზირებული ადამიანის მიერ ნაცნობი ნივთის ან სახის დანახვაზე ნაწილობრივი მეხსიერების დაბრუნებას. აწი ხშირად ასე მოხდება: სხვადასხვა მოვლენები, ნივთები და ინფორმაცია გაგახსენებს შენ იმას რაც შენი სულის მეხსიერებაშია ჩაწერილი. შენ ერთგვარად „ამოიცნობ“ იმას, რაც ისედაც იცი. ზეცნობიერის ერთბაშად გახსნა საშიშია შენთვის სწორედ ფიზიკური სისუსტის გამო. ფიზიკური მდგომარეობა სასწრაფოდ ამოსაქაჩია. „ჯანმრთელი სული ჯანმრთელ სხეულში“ სწორი დებულებაა. მაგრამ შენ მაგივრად ამას ვერავინ გააკეთებს. შენ იცი რომ ადამიანი, სწორედ ამ პენტაგრამული ფრაქტალური ალგორითმით ხუთი სტიქიის კომბინაციას წარმოადგენს. ამ სტიქიებს თავისი ბალანსი აქვს, რომელიც დიდ წილად თითოეული სტიქიის შესატყვის მენტალურ და ემოციურ გამოვლინებებზეა დამოკიდებული. მაგალითად მუდმივი გაღიზიანება არღვევს სტიქიების ბალანსს, რაც თავის მხრივ დაავადებას იწვევს. ასევე პირიქით, დაავადება და მითუმეტეს ქრონიკული ინფექცია თვითონ იწვევს სტიქიათა დისბალანს. ხშირად ინფექცია ორგანიზმში აღარ არის, მაგრამ სტიქიათა დისბალანსი დიდ ხანს რჩება.
- მე უნდა დავაბალანსო სტიქიათა ენერგიები ორგანიზმში. ესე იგი მართალი იყო ინდოელი ექიმი.
- ამ ინდური წამლის „მატერიალური მატარებელი“ ჰაერის ენერგიას შეიცავს. ოზონიც, რომელსაც ყოველ დღე იღებ ჰაერის ენერგიის ძლიერი კონცენტრატია. მაგრამ შენ არა მარტო ჰაერის დისბალანსი გაქვს. მე მინდა შენ თვითონ იგრძნო, როგორ უნდა მოიყვანო წონასწორობაში სტიქიები...
მე საკუთარ შეგრძნებებს ვუღრმავდები...
- უნდა მოვუხმო სტიქიათა განმგებელ იერარქებს... მაგრამ არა ერთდროულად.. ერთი დღე ჰაერის ტიქიაზე გავაკეთო მედიტაცია, მეორე დღეს ცეცხლის... მაგალითად მზეზე გავალ, ცეცხლის იერარქს მოვუხმობ და სხეულში მზის ენერგიას გავატარებ, მერე წყალს გადავივლებ, წყლის იერარქს მოვუხმობ და წყლის ენერგიას ვეზიარები...ეს პროცედურები შეიძლება კვირის დღეებზე გავანაწილო. ან იქნებ დღის განმავლობაში სხვადასხვა საათებზე გავანაწილო... - ასეთ პრატიკებზე ერთ ძველ წიგნში მქონდა წაკითხული და მთლად გულწრფელი არ ვიყავი, რადგან არა ჩემს შინაგანად ნაგრძნობ, არამედ წაკითხულ ცოდნას ვაჟღერებდი.
- არა. შენ თვითონ უნდა მიხვდე... უფრო სწორედ იგრძნო... - არ შემეშვა მიქაელი, - კვირის დღეები 7-თან შეჭიდული ფრაქტალია, ხოლო დღე და ღამე 12-თან. 5-თან შეჭიდული ფრაქტალის გეომეტრია ამათში ვერ ჩაჯდება... მინდა წარმოიდგინო 12 რიცხვის ფრაქტალი და მისი ალგორითმი.
მე:
-12... 12 თვე, 12 საათი... ეს ერთგვალი ცკლური მოძრაობის ფრაქტალია.
მიქაელი:
- რომელშიც ადვილად ჯდება 4, მაგრამ არა 5! 12 თვე შეიძლება 4 სეზონად გაყო, 12 საათი დღის 4 მონაკვეთად. ადამიანის ცხოვრება და განვითარებაც კი 12 წლიან ციკლებს მოიცავს, რომელთაგან თითოეული ასევე 4 ნაწილად შეიძლება დაიყოს. 5-ობრივი ფრაქტალი დრო-სივრცეში სხვა პრინციპით უნდა ჩასვა. არა კვირის დღეების და არა საათების შესაბამისად...
მე:
- მაშინ სუნთქვას... - გავიფიქრე ჩემთვის და ის პენტაგრამა გამახსენდა, რომელიც ერთი კვირის წინ „შეცვლილი ცნობიერების“ მდგომარეობაში „ზევიდან“ დავინახე, - თუ ჩემს ორგანიზმს ვიტრუვიანელი ადამიანივით პენტაგრამაში ჩახაზულად წარმოვიდგენ, შეიძლება სტიქიები ისე ამოძრავო, როგორც ეს პენტაგრამა იხატებოდა. მარცხენა ფეხი-თავი-მარჟვენა ფეხი-მარცხენა ხელი-მარჯვენა ხელი- ისევ მარცხენა ხელი და გამეორება.
მიქაელი:
- სუნთქვა 2-თან შეჭიდული ფრაქტალია და ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას ანუ ცენტრისკენულ-ცენტრიდანულ ალგორითმს გულისხმობს... სრულიად სამყაროები და მათი არსებობის ეპოქები და ქვეეპოქები ექვემდებარებიან ამ ალგორითმს. მიკროკოსმის ან მიკროფრაქტალის დონეზე ეს ადამიანის სუნთქვაა, ხოლო მაკროკოსმის ანუ მაკროფრაქტალის დონეზე ეს „ბრახმას (ანუ ღმერთის) სუნთქვაა“. ღმერთი ამოსუნთქვისას სამყაროებს ავლინს, ხოლო ჩასუნთქვისას ანადგურებს. რეალურად ეს სამყაროს დუალობის გამოხატულებაა. სუნთქვასთან დაკავშირება შეიძლება თუ ამ დროს სტიქიის გამოვლინება/ჩაქრობის პრინციპს დანერგავ.
მე:
- მაშინ გულისცემას შევუსაბამებ! - გავიფიქრე უნებურად, რადგან ლოცვას სწორედ პულსის რიტმს ვუსადაგებდი.
მიქაელი:
- გულისცემა 1-თან შეჭიდული ფრაქტალია... ვინ არის ის ერთი, რომელიც ვლინდება სწორედ ჩვენ გულში, როგორც „მე ვარსებობ“ ალგორითმი? 1 ამავე დროს სრულს... დასრულებულს ნიშნავს, ერთ მთლიანს, რომელსაც არ ჭირდება დანაწევრება და ცირკულირება 12-ორივ სისტემებში ან აღმავლობა 7-ობრივ სისტემებში.. ეს ყველაზე თვითკმარი, ყველაზე მცირე და ყველაზე დიდი ერთეულია იმავდროულად...
მე:
- რაც უფრო დიდ რიცხვთან და რთულ გეომეტრიასთან არის დაკავშირებული ფრაქტალი მით უფრო რთულად დიფერენცირებულია ღვთაებრივი ენერგია... ესე ვთქვათ მით უფრო დეტალურად ვლინდება ენერგია... - გავაგრძელე თითქოს მიქაელის ფიქრები და ვიგრძენი, როგორ დამეღალა გონება. მიქაელს დასვენება ვთხოვე. ჯერ ვერაფრამდე ვერ მივედი. დრო მჭირდება, რომ ეს ყველაფერი გონებაში დავალაგო...
მე:
- როდის შენი ფიქრები მესმის და როდის საკუთარი, ვეღარ ვხვდები. თითქოს ჩვენი გონება ერთია, - მივმართავ და დაღლილობას ვგრძნობ, - რისთვის მიყვები ამ ყველაფერს?
მიქაელი:
- ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს ცოდნა ფიზიკური სხეულის მოწესრიგებას გამოადგება, მაგრამ მთავარი სხვაა... მე მინდა შენში შინაგან ცოდნაზე წვდომა დავამყარო, იმ ცოდნაზე რომელიც შიგნიდან აღმოცენდება, რომელიც უბრალოდ იცი, არა იმიტომ რომ სადღაც წაიკითხე ან ვიღაცამ გითხრა, არამედ იმიტომ შენ თვითონ ხდები იმ სამყაროს ნაწილი, რომელიც ამ ცოდნას შეიცავს. როდესაც ადამიანის ცნობიერება მაღლდება, ფართოვდება და „სულის ცოდნა“ იხსნება, მას ხშირად სწორედ სამყაროს მოწყობის პრინციპებზე მოსდის ინფორმაცია. ეს ნელი და თანმიმდევრული პროცესია.