დედამიწის და კაცობრიობის შექმნის ისტორია
2019 წელი. 10 მარტი. დედამიწის და კაცობრიობის შექმნის ისტორია
მიქაელი:
- როგორც პლანეტარული ველები (1,2 და მე-3) ევოლუციონირებდნენ შესაბამისი „მორიგე ღმერთის“ ანუ როგორც წინა საუბრისას სიმბოლურად ვუწოდეთ „ტიტანების“ ზედამხედველობით, ისე განვითარდა მენტალური ველიც. მენტალური ველი პლანეტაზე ასტრალური ველის ანუ „ცხოველთა“ სამყაროს ფორმირების მერე დაიწყო და მიმდინარეობდა 4-ობრივი ფრაქტალური ციკლების მიხედვით, სადაც ე. წ. შემოქმედებითი ტალღის ანუ „სულის იპოსტასის“ პირველი ნაკადი ძლიერია დასაწყისში, ხოლო შემდეგ სუსტდება, ისევე როგორც მზის სხივები გაზაფხულზე ძლიერდება, ზაფხულში თავის პიკს აღწევს, ხოლო შემდეგ, შემოდგომის და ბოლოს ზამთრის დადგომასთან ერთად სრულიად კარგავს ძალას. მენტალური ველის ჩასახვისთვის პლანეტაზე განკაცდა ღმერთის ასპექტი, ერთი შვითთაგანი, იგივე „სიბრძნის და სინათლის ღმერთი“. ამავე დროს „ცენტრალური მზიდან“ პლანეტას მოაწყდა ზემოთნახსენები „შემოქმედებითი ტალღა“ ანუ მენტალის ჩამოყალიბებისათვის საჭირო ვიბრაციის მქონე სხივები, რომლებიც სიბრძნის ღმერთის ინდივიდუალურ ცნობიერებაში გარდატყდებოდნენ, რომ მენტალის ჩამოყალიბებისთვის საჭირო სიხშირეები მიეღოთ, ხოლო განსხეულებით მან ამ სიხშირეებისთვის საკუთარი ფიზიკური და სულიერი სხეულების მეშვეობით პლანეტაზე სინათლის ფოკუსი დააყენა. მასთან ერთად მისი „ძეებიც“ ანუ მისი იერარქიული შტოს უმაღლესი იერარქები მოევლინენ. ეს იყო სიბრძნის და სინათლის ღმერთის და ღვთის ძეების განკაცების პირველი ტალღა. ამ შტოს წარმომადგენლებს სიბრძნის ძეებს, კაცობრიობის მასწავლებლებს ეძახდნენ.
შემოქმედებითი ენერგიის პიკზე მენტალური ველი ძლიერ და სრულყოფილ მდგომარეობაში ფუნქციონირებდა და მას შესაბამისი „მორიგე ღმერთი“ ედგა სათავეში. ეს ის დრო იყო, როდესაც კაცობრიობამ სულიერად ამღლებული ცივილიზაციები შექმნა, რომელიც სიმბოლურად ედემში ცხოვრებას შეიძლება შეადარო. ადამიანი ღმერთთან ცოცხალ კავშირში იმყოფებოდა. მენტალური ველის მაფორმირებელი შემოქმედებითი ტალღის შესუსტებას მოყვა ვიბრაციების დაცემა, რაც ბუნებრივი პროცესია (როგორც შემოდგომის დადგომა), მაგრამ სწორედ ეს პერიოდი იყო უკიდურესად საპასუხისმგებლო, რადგან სიხშირეების ზედმეტად ძლიერი დაწევა გამოიწვევდა ველის გათიშვას ზედა ტრიადისგან და შესაბამისად ე. წ. „შეგნებული ბოროტების“ წარმოქმნას, რადგან როგორც შენ თვითონვე აღწერე, როცა ცნობიერებით ღმერთთან კავშირში ხარ, ისეთ ნეტარებას განიცდი, რომ შეგნებული ბოროტების ჩადენა უბრალოდ არ გინდება... „შეგნებული ბოროტება“ ყოველთვის დაბალვიბრაციული მენტალური ველის ნაყოფია და მხოლოდ დაბალვიბრაციული მენტალით აღიქმება, რადგან სწორედ ამ დროს უნდება ადამიანს დაკარგული სულიერი ნეტარების ანაზღაურება მატერიალური ნეტარებით!
შემოქმედებითი ტალღის შემცირების ანუ დაღმავალი პერიოდისთვის ადამიანები უკვე საკმარის ცოდნას ფლობდნენ, რომ პლანეტარული ველები საკუთარი ძალისხმევით მაღალ სიხშირეებზე შეენარჩუნებინათ. მაგრამ გახრწნა ყოველთვის კენწეროდან იწყება. ქურუმთა და სასულიერო პირთა შორის გაჩნდნენ ისინი, ვინც პირველწყაროს მოწყდნენ და თავისუფალი ნების არასწორედ გამოყენებით შემოქმედებითი ენერგია ეგოში შეაბრუნეს. ამან გამოიწვია მენტალური სიხშირეების კრიტიკული ვარდნა და მოწყვეტა პირველწყაროსგან. რაც ამ დროს მოხდა, ედემიდან განდევნის ტოლფასია. კაცობრიობა სრულიად დამოუკიდებელი და თავის თავზე მინდობილი აღმოჩნდა. დაბალი მენტალის პირობებში წარმოიქმნა „შეგნებული ბოროტების“ ცნება და კაცობრიობისთვის დაბალი სულიერების კარმის კანონები ამოქმედდა, რადგან სრულიად მიწიერი განზომილების ვიბრაციებმა დაიწიეს, მატერია გაუხეშდა (ადამის და ევას მიერ უხეში ტანსაცმლის ჩაცმის ალეგორია) და ადამიანები მანკიერ შეკრულ წრეში აღმოჩნდნენ. ამ მდგომარეობამ ბუნებრივია ტანჯვის დონე გაზარდა. ყოველთვის, როდესაც პლანეტაზე მიმდინარე მოვლენები საღმრთო ენერგიის მეტ დიფერენცირებას ახდენს, სასულიერო იერარქიაშიც მეტი დაწვრილმანება, მეტი დაბლა დაშვებული განშტოება ჩნდება. ეს განშტოებები სულიერი შტოს ისეთ ინდივიდებს მოიცავენ, რომლებიც შესაბამისად ამ წვრილ მატერიალურ დიფერენცირებას განაგებენ. რას ვგულისხმობ? მაგალითად დაბალი მენტალის ცივილიზაციებში გაჩნდა წარმოდგენა ომებზე და დაავადებებზე. ორივე ეს მოვლენა არ არის დამახასიათებელი „სამოთხის ტიპის“ სამყაროებისთვის, რადგან „სამოთხის ტიპის“ სამყაროებში არ არსებობს ავადმყოფობები და ერთმანეთთან ომით დაპირისპირება. პოლარიზაციის ჩაქრობა სხვა მეთოდებით მიმდინარეობს, ხოლო დაავადების მსგავსი არასრულყოფილი მდგომარეობები საღმრთო სინათლის მეტი გატარებით აღმოიფხვრება. ამ მცნებების გაჩენას მოყვა საჭიროება ამ მოვლენების „ზევიდან“ მართვის. მაგალითად ომის „ღმერთი“ საჭირო გახდა, რომ ადამიანებში სამართლიანი ომის ცნება მაინც ყოფილიყო. ამიტომ დიფერენცირდა სულიერი იერარქია კიდევ უფრო წვრილად და მე-5 განზომილების დონეზე გაჩნდნენ არსებები, რომლებსაც ამ ენერგიის ტიპის მართვა დაევალათ. ამ დროს მატერიალური განზომილების ვიბრაციები იმდენად დაბალი იყო, რომ უფრო მაღალი იერარქიული შტოს წარმომადგენლები ვერ მოევლინებოდნენ ვიბრაციებში დიდი განსხვავების გამო. ამიტომ დედამიწაზე მე-5 განზომილების არსებები ინკარნირდნენ.
არ იფიქრო, რომ რახან პლანეტას 7 ველი აქვს, ზედა ტრიადის არსებები, ყველანი ამ ველში ცხოვრობენ. უმრავლესობა შესაბამის განზომილებების (მაგ მე-5, მე-6 ან მე-7) შესაბამის გამოვლენილ სამყაროებში არსებობენ, სხვა სიტყვებით, სხვადასხვა პლანეტებზე თავიანთი განზომილებების დონეზე, ხოლო დედამიწასთან შესაბამისი პლანეტარული ველით ზემოქმედებენ.
2019 წელი. 12 მარტი. ბოლო ინფორმაციის დაჯამება
ეს დღეები თითქმის არ ვწერდი. ვცდილობდი გავრკვეულიყავი „სიცოცხლის ხის“ სქემაში და მისი სულიერი იერარქიის წყობაში, რომელიც არც ისე მარტივი აღსაქმელი აღმოჩნდა. რომ შევაჯამო მიქაელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ვითარება როგორც ვხვდები, ასეთია: ღვთის ძეების მოვლინება დედამიწაზე არაერთხელ მოხდა და ასეთი განსხეულება რამდენიმე საშუალებითაა შესაძლებელი. შეიძლება საკუთარი „სხეულით“ მოვლინება, რაც განზომილებათა შორის მოგზაურობას გულისხმობს და ლოგიკურად ალბათ კოსმოსურ ხომალდებს საჭიროებს; შეიძლება ასტრალურ განზომილებაში შესაბამისი ნატიფი სხეულით გამოჩენა, მხოლოდ ამ შემთხვევაში ის დაგინახავს, ვისაც სულიერი ხედვა აქვს გახსნილი, ანუ სხვადსხვა ექსტრასენსი, შამანი, იოგი და ას. შ.; შესაძლებელია ნაწილობრივი ავატარის სახით მოვლინება, როცა შენი ცნობიერების ნაწილი დედამიწაზე მაცხოვრებელი ადამიანის ცნობიერებაში იმყოფება და ესე ვთქვათ იმ ადამიანის თვალებით ხედავ, მისი სენსორიკით აღიქვავ და ამ ადამიანთან ტელეპატიური კავშირი გაქვს. ამას გულისხმობენ ქრისტიანები, როდესაც ამბობენ, რომ იესო ქრისტე შენ გულში უნდა შემოუშვა. ამ დროს მისი ცნობიერება რეალურად შედის ადამიანის გულში. მთელი ჩემი წიგნი სწორედ ამას აღწერს. ერთი არსების მიერ მეორე არსების ცნობიერებაში შესვლა ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც მე შევედი სამსახურის ვერანდაზე ბუზის ცნობიერებაში და მისი თვალებით დავიწყე ხედვა, მიუხედავად იმისა რომ საკუთარი აღქმებიც მინარჩუნდებოდა. ადამიანის ცნობიერებაში შესვლა ამ ადამიანის ნებართვით და სურვილით უნდა ხდებოდეს, მაგრამ მაღალი არსებების გულში ანუ ცნობიერებაში შემოსვლისათვის საკუთარი სულიერი და ფიზიკური სხეულის მზაობაცაა საჭირო. სხვა არსების ცნობიერების შემოშვება საკუთარ ველში შეიძლება ცუდად ჟღერდეს და ვინმე შეაშინოს, მაგრამ რეალურად ეს ახლო მეგობრის თანამყოფობას ჰგავს, რომელიც მაშინაა შენ გვერდით როცა გინდა და ყოველთვის გტოვებს, როცა განმარტოება გჭირდება. ესეთი ურთიერთობა თავისუფლებას არ ზღუდავს, განსხვავებით „შეპყრობილობისა“, რომელიც დემონური არსებების ცნობიერების შემოჭრასთან და ადამიანის ნების დათრგუნვასთანაა დაკავშირებული. შეპყრობილი ადამიანი თითქმის კარგავს საკუთარ ინდივიდუალობას. შეპყრობილობა მაშინ ხდება, როცა რაღაც მიზეზის გამო ადამიანის ბიოველი და ნება სუსტდება და ის ამ არსებებს ნებით თუ უნებლიეთ საკუთარ თავში უშვებს. „ეშმაკთან გარიგებები“ შეგნებულადაც ხდება, რაც არაერთ მხატვრულ ნაწარმოებშია აღწერილი. როგორც ჩანს ასეთი ტიპის გარიგება, სწორედ ამ მე-5 განზომილების დემონურ არსებებთან იდება, რომლებსაც მატერიაზე და ბედზე ზემოქმედების უნარი აქვთ. მაგრამ თემას რომ დავუბრუნდეთ ღვთის ძეების განსხეულების კიდევ ერთი და ყველაზე რთული ფორმა არის ადამიანად ინკარნაცია ანუ ავატარი, როცა სული არა სხვა ადამიანის სულთან ურთიერთქმედებს, არამედ საკუთარი სხეულით იბადება. თუ ავატარის ინდივიდუალობა სრულად გაიხსნა და მან თავისი მისია აღასრულა, ასეთი განსხეულება ყველაზე ეფექტურია, რადგან ამ დროს ამ არსების სულიერი თვისებები მასთან ეგრეგორებით გადაბმულ ადამიანებზე და სრულიად პლანეტარულ ველებზე ვრცელდება. პლანეტარული ველების ევოლუციას ტალღის ბუნება აქვს, რომელსაც აღმავალი პიკი და დაღმავალი ვარდნა ახასიათებს. ამ ევოლუციას ე. წ. „შემოქმედებითი ტალღა“ ანუ ერთგვარი გარეგანი „დასხივება“ ამოძრავებს. პირველი იმპულსის მოწოდებისას, ანუ ტალღის პიკისკენ აღმავალ სტადიაზე ინკარნირდებიან (ადამიანად გაჩენით) შესაბამისი იერარქიული შტოს უმაღლესი იერარქები. „შემოქმედებითი ტალღის“ შუა და დაღმავალ პერიოდებში შესაბამისად უფრო დაბალი დონის წარმომადგენლები, რომლებსაც მეტად გამოხატული „ინდივიდუალობა“ ახასიათებთ და უფრო კონკრეტულ სფეროზე ზემოქმედებენ. უმაღლესი იერარქები ამ დროს ნაწილობრივი ავატარის ან სულიერი სხეულით ავლენენ თავს. დაბალი შტოს წარმომადგენლების ბუნება უფრო ახლოსაა მიწიერთან და უხეშმატერიალურ განზომილებაში ინკარნაციისას მათთვის მეტი საშიშროებაა მატერიალური სამყაროს ხაფანგში (ანუ სამსარას წრებრუნვაში) მოხვედრისა, რაც როგორც ჩანს არაერთხელ მომხდარა სწორედ მენტალური ველის ჩამოყალიბებისას, რადგან ეს არის „ადამიანის“ ეპოქა, „თავისუფალი ნების“ და „შეგნებული ბოროტების“ არსებობის ანუ სულის გამოცდის, ცდუნებების პერიოდი.