განსხეულება დედამიწაზე და ისევ 4 ადამიანი
2018 წელი. 25 ოქტომბერი. განსხეულება დედამიწაზე და ისევ 4 ადამიანი
სიზმარი:
ზღვაში ვარ. ჩემ გარდა კიდევ სამი ადამიანია - ორი ქალი და ერთი კაცი. ჩვენ ჩასაყვინთად ვემზადებით. მეხუთეცაა ჩვენთან ერთად. ის ერთ-ერთი ფილმის გმირს ჰგავს, კერძოდ ტრავოლტას მიერ შესრულებულ მიქაელ მთავარანგელოზს ფილმიდან „მაიკლი“. მიქაელს თოკი უჭირავს და იმ სამ ადამიანს ერთგვარ დაცვას უკეთებს. მეც მათთან ერთად ვყვინთავ. უზომოდ ღრმად ვეშვებით. რაც უფრო ვუღრმავდებით, მით მეტად ცივდება და ბნელდება გარშემო. ბოლოს ბრმად ვეშვებით და მხოლოდ ზედაპირიდან ფსკერამდე ჩამოშვებულ თოკს და რაღაც კედელს მივუყვებით, რომელიც ასევე ფსკერამდე ეშვება. მე ვეშვები და მერე მალევე ვბრუნდები ზედაპირზე. ჩემთვის აღვნიშნავ, როგორი რთული და საშიშია ასეთ სიღრმეზე ყვინთვა და საკუთარი თავით ვარ ამაყი, რომ გავბედე და გამომივიდა. ჩემ მერე, ცოტა ხანში, ის სამიც ამოდის. მიქაელი ყველას ზევით გვხვდება და ამოსვლაში გვეხმარება. ეს სამნი ისეთი დაქანცულები ჩანან, რომ ნავზე ამოსვლის თავი არა აქვთ და ამისთვის დამატებით ვეხმარებით. მიქაელი ხელებს მაჩვენებს, რომელიც ჩვენი თოკის ჭერისგანაა დასისხლიანებული...
ნახ.34. წყალში ჩაყვინთვის ანალოგია
მიქაელი:
- როდესაც ამ ინკარნაციიდან „გაიღვიძებ“, მთელი შენი განვლილი ცხოვრება წუთიერად მოგეჩვენება. თითქოს ერთმა სრულმა დღემაც არ გაიარა. დედამიწაზე ინკარნაცია დიდ სიღრმეზე ჩაყვინთვას ჰგავს...
მე:
- ეს გარეგნობა რატომ მიიღე? - მეღიმება ტრავოლტას გახსენებაზე.
- ეს შენმა ქვეცნობიერმა მოახდინა ასეთი ვიზუალიზაცია. მე მხოლოდ იდეებს გიგზავნი - ეღიმება მასაც.
- ანუ ის დანარჩენი სამი ადამიანი, ვიზეც სულ მეუბნები ორი ქალია და ერთი კაცი. მე მათ ვერასდროს ვერ ვიპოვი და რომც ვიპოვო, რა ვუთხრა? გიჟად ჩამთვლიან...
თან მეფიქრება, რატომ არ შეიძლება პირდაპირ მითხრას ვინ არიან? რატომ არასდროს არ მეუბნება კონკრეტულად და ყოველთვის მხოლოდ მითითებებს მიგზავნის? ამაზე ალბათ მიპასუხებდა - შენ მაგივრად ვერავინ იცხოვრებს შენს ცხოვრებას.
2018 წელი. 26 ოქტომბერი. ღმერთის ნებაზე მინდობა
მე მიქაელს მივმართავ:
- როდესაც მამა ღმერთზე ვფიქრობ, უკვე ცალსახად ვგრძნობ კონკრეტულ ინდივიდუალობას... ანუ, ეს არ არის აბსტრაქტული აბსოლუტი... ან შეიძლება არის, მაგრამ მე მის პიროვნულ გამოხატულებას აღვიქვავ... მისი ვიბრაცია შენსას ჰგავს და ხშირად ეგრევე ვერ განსხვავებთ, მაგრამ ის სხვაა... სიბრძნის და სამართლიანობის ღმერთი - ასე დავარქმევდი, რომელსაც ვიცნობ, ყოველთვის ვიცნობდი და ყოველთვის მიყვარდა, უბრალოდ არ მახსოვდა, დამავიწყდა თითქოს. ასე უნდა იყოს?
- ღმერთს ბევრი გამოვლინება აქვს. ის აბსოლუტია, რომელიც ყველაფერი ყველაფერშია, რომელიც სულად და მატერიად და აუარებელი რაოდენობის სამყაროებად დაიყო. ის ადამიანში, ანგელოზში და დემონშიც ვლინდება. ყველაფერი რაც არსებობს, მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ის, პირველწყარო ვლინდება მისი სახით. მაგრამ არსებობს მისი პიროვნული გამოვლინებაც... ისეთი ინდივიდუალობა რომელიც მისი, აბსოლუტის მაქსიმალურ პოტენციალს ავლენს. ეს ჩვენი სამყაროს უმაღლესი იერარქია! არსებობს ნათელ ძალთა იერარქია, რომელსაც 7-ობრივი ფრაქტალური საბაზისო სტრუქტურა აქვს, სადაც სულის იპოსტასი ყოველი 7-ობრივი სტრუქტურის მე-7 დონეზეა გამოვლენილი. ეს მთელი სისტემაა, რომელიც სიცოცხლის ხითაა წარმოდგენილი და ასევეა მატერიალურ და ბოროტ ძალთა იერარქია.. ბოროტ ძალთა იერარქია, როგორც სამყაროს დუალობის გარდაუვალი შედეგი გამოვლენილ სამყაროების გარკვეულ დონეებზე ნათელ ძალთა მიმართ დაპირისპირებულ ძალას ქმნის, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი, მისი, პირველწყაროს, აბსოლუტის გამოვლინებაა. თქვენ, ადამიანები, თქვენი ისტორიის მანძილზე „ღმერთს“ ძირითადად სხვადასხვა დონის ნათელ იერარქებს უწოდებდით, თუმცა ზოგიერთ კულტურაში შეცდომაში შეყვანილი ადამიანები ბნელ იერარქებსაც ღმერთებად აღიარებდნენ და მათ ეთაყვანებოდნენ. ამიტომ არსებობს ამდენი რელიგია და ამდენი ურთიერთსაწინააღმდეგო იდეოლოგიები. ნათელი იერარქები ღმერთის (აბსოლუტის) ემანაციებს წარმოადგენენ სხვადასხვა დონეებზე და სხვადასხვა პიროვნულ გამოვლინებებში. ეს დონე განისაზღვრება მათ ინდივიდუალობაში გარდატეხილი „Я Есмь“ (მე ვარსებობ) ღმერთის თვითრეალიზაციის ხარისხით, რომელიც სამყაროს უმაღლეს იერარქში ყველაზე მაღალ დონეზე ვლინდება. დედამიწას, ციკლური განვითარებიდან გამომდინარე, თითოეულ ციკლში თავისი, როგორც კავკასიურ მითოლოგიაშია ნათქვამი „მორიგე ღმერთი“ უდგას სათავეში. ეს „მორიგე ღმერთი“ ნათელ ძალთა იერარქიის წარმომადგენელია, რომელიც კონკრეტულ ევოლუციური განვითარების საფეხურს განაგებს. შენ ვისაც გრძნობ... სიცოცხლის ხის შენი შტოს იერარქია. ეს შენი ოჯახია... ამიტომ გაქვს ასეთი გრძნობა, თითქოს შინ ბრუნდები. ნუ ცდილობ აბსოლუტის ყოვლისმომცველობის აღქმას. ეს შეუძლებელია. სხვადსახვა დონის სულიერი იერარქების შეგრძნება სწორი გზაა სულის „უკან“, ამაღლებულ განზომილებებში დასაბრუნებლად, რადგან „უკან“ დაბრუნებაც თანმიმდევრული პროცესია. შენი შეგრძნებები სწორია... გაამყარე ისინი. დაუბრუნდი მათ რაც შეიძლება ხშირად. იგრძენი, რომ შენ სულზე და შენ ბედზე ზედამხედველობა ღმერთის ხელშია, ამ ინდივიდუალობის სახით. მიენდე მას და შენი სული სრულად გაიშლება. მთელი შენი ცხოვრება სხვანაირად წარიმართება...
- რას გულისხმობ სხვანაირად წარმართვაში?..
- მინდა ის სიზმარი გაიხსენო, სადაც ციხიდან გამოდიხარ (იხ „ციხიდან გამოსვლა“)... გახსოვს, თითქოს ღმერთი მოგიწოდებს: „თუ გინდა გახვიდე, გადი“, შენ მის მოწოდებას ემორჩილები, მიდიხარ და შენ წინ ყველა კარი იხსნება, ყველა გზა თავისუფლდება და ბოლოს ისე გადიხარ ციხიდან, რომ ერთი დაბრკოლებაც არ გხვდება...
- მახოსვს... - ვეუბნები მე.- ეხლა მინდა ამ სიზმართან დააკავშირო ის, რასაც შენმა მეგობრებმა ხუმრობით „პარკინგის კარმა“ უწოდეს...
მე მეღიმება, რადგან მართლა ხდება ჩემ ცხოვრებაში უკვე რამდენიმე წელი ერთი უცნაური კანონზომიერება, რომელზეც მე და ჩემი ახლობლები სულ ვხუმრობთ ხოლმე. როდესაც მანქანით სადმე მივდივარ, ჩვენ ტრანსპორტით გადატვირთულ ქალაქში, სადაც მანქანის გაჩერება წარმოუდგენელია, მე ყოველთვის ცარიელი საპარკინგო ადგილი მხვდება, სულ ერთია ქალაქის ცენტრია თუ გარეუბანი. ყველაზე გადავსებულ ადგილებშიც კი, ჩემი მანქანის მოახლოებისას, ზუსტად იქ სადაც ვაპირებ მისვლას აუცილებლად თავისუფლდება ან უკვე თავისუფალია მანქანის გასაჩერებელი ადგილი. სასაცილოა, მაგრამ, ეს „პარკინგის კარმა“ 95%-ში მუშაობს, რაც ერთი შეხედვით არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. გუშინ, მაგალითად, მეუღლემ ფეხსაცმლის საყიდლად წამიყვანა პლეხანოვზე. ჩემი ფეხების და სიარულის პრობლემიდან გამომდინარე, მანქანას პირდაპირ მაღაზიის შესასვლელთან თუ ვერ გააჩერებდა, ჩემს იქ წასვლას აზრი ეკარგებოდა, რადგან ოდნავ მოშორებიდანაც უკვე ჩემი ფეხით ვეღარ მივიდოდი. ეს ქუჩა, განსაკუთრებით შაბათს, როდესაც მაღაზიებს უამრავი ადამიანი აწყდება, წარმოუდგენლად გადატვირთულია, მაგრამ ჩემი მოახლოებისას, როგორც ყოველთვის, ზუსტად იმ კონკრეტული მაღაზიის კართან მდგომი მანქანა, უშუალოდ ჩვენი მოახლოებისას გავიდა და გაგვინთავისუფლა ადგილი. ჩემმა ქმარმა მაშინვე აღნიშნა - შენი „პარკინგის კარმა“ ისევ მუშაობსო. სულ ეს არის, მაგრა რა შუაშია ეს იმ სიზმართან?
- გაგიკვირდება, მაგრამ ეს კანონზომიერება, სპეციალურად დავუშვით, იმისთვის რომ დაგენახა, რომ ზოგჯერ შეიძლება ისეთი რაღაცეები ხდებოდეს რაც თქვენი ლოგიკისთვის მიუღებელია, მაგრამ სინამდვილეში ძალიან რეალურია. სხვანაირად შეხედე „პარკინგის კარმას“. თქვენ გადატვირთულ ქალაქში ვიღაცისთვის არასდროს არ იქნება პარკინგის ადგილი, ვიღაცა ბევრს იტრიალებს და იპოვის, ხოლო შენთვის სულ არის! არალოგიკურია, ხომ? წესით ეს მოვლენა ყველა ადამიანისთვის საშუალო სტატისტიკურ ალბათობას უნდა ექვემდებარებოდეს. მაგრამ არა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ყველა ერთ რეალობაში ცხოვრობთ, თქვენ ამავე დროს განსხვავებული ვიბრაციის შრეებში თანაარსებობთ!.. ერთი შეხედვით ეს ცოტა ძნელი გასაგებია, მაგრამ მინდა კარგად ჩაუფიქრდე. შენ „რეალობაში“ ყოველთვის არის პარკინგი, მაგრამ ვიღაცის „რეალობაში“ ის არასდროს არ იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ერთ ქალაქში და ერთი შეხედვით ერთ პირობებში ცხოვრობთ. შენ „რეალობაში“ მაგალითად, არასდროს არ მოვა „ძალადობის“ ან „წამების“ სცენარი, როგორც არ უნდა გავრცელდეს ის გარშემო და როგორი მაღალი ალბათობაც არ უნდა იყოს თქვენი ლოგიკით. ადამიანის ბედი სინამდვილეში სხვა, გაცილებით რთულ კანონებს ექვემდებარება ვიდრე უბრალო შემთხვევითობაზე დაფუძნებული სტატისტიკით შეიძლება იმსჯელო. შენი ბედი თუ სრულად მიანდე უზენაესს, ისე მოხდება, რომ მეტეორიტების წვიმაც რომ წამოვიდეს, შენ გარშემო ეცემოდეს და ყველაფერს ანგრევდეს, შენ ივლი და არაფერი შეგეხება, იმიტომ რომ შენი „რეალობის“ შრეში ეს კატასტროფული სცენარი არ იარსებებს. ადამიანი სხვა დონეზე ხდება დაცული. ხვდები? ლოგიკა იმისი, რა ემართება ან არ ემართება ადამიანს დამოკიდებულია, არა სტატისტიკაზე არედ მის სულიერ ვიბრაციებზე და შესაბამისად იმ ვიბრაციულ შრეზე, რომელშიც ადამიანი ხვდება. შენ სიზმარში, რომელშიც ციხიდან გადიხარ, სწორედ ასეთი „არალოგიკური“ მოვლენები ვითარდება. ხან ბადრაგი მიტრიალდება, ხან აღმოჩნდება რომ კარის დაკეტვა დაავიწყდათ. ყველაფერი ისე ეწყობა, რომ ციხიდან შეუფერხებლად გადიხარ! სწორედ ეს ხდება, როდესაც ღმერთს შენს ცხოვრებას, შენს ნებას აბარებ! აღარაფრის უნდა გეშინოდეს, რადგან ყველაფერი უკვე ნაფიქრია... შენ ოღონდ მას ჩაბარდი... სინათლის, სიკეთის და სიმართლის გზას დაადექი... შენ ყველაზე მეტად გეშინია ახლობლების დაკარგვა. ეს ყველა ადამიანის ყველაზე ძლიერი შიშია. მაგრამ გაიხსენე დედაშენის გარდაცვალება... რა მოხდა მაშინ?..
მე მახსენდება, როგორი შოკი იყო დედას სიკვდილი. მახსოვს ეს ენით აუღწერელი, საშინელი გრძნობა, როცა საავადმყოფოში ადამიანს მიიყვან და უკან მის ტანსაცმელს გიბრუნებენ... გუშინ ცოცხალ ადამიანს ხედავდი და დღეს მისი ტანსაცელი გიჭირავს ხელში... მახსოვს მისი ჟაკეტი ჩავიცვი, სულ რომ ეცვა ხოლმე სახლში ყოფნისას და სამი დღე ისე მეძინა, რომ ეს ჟაკეტი არ გამიხდია. მინდოდა ამ ჟაკეტით მისი სხეულის სითბო მეგრძნო ისევ, მეგრძნო რომ მეხვევა და მიხუტებს, როგორც ბავშვობაში, როდესაც რამე მტკიოდა ან მიჭირდა.კალთაში რომ მისვავდა ხოლმე და მისი მუდმივად დაღლილი, გამხდარი ხელები ამდენ სითბოს, ამდენ ძალას ღვრიდნენ... Все плохое уйдет и все хорошее останится... შელოცვასავით მიმეორებდა და ტკივილი მართლა მიდიოდა... მინდოდა, ამჯერადაც საკუთარი სიკვდილის გულისტკივილი თვითონ წაეღო ამ ჩახუტებით... თუ ამ ჟაკეტში შემორჩენილი სითბოთი... დედა ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი იყო და მისი დაკარგვით ჩემთვის ერთი დიდი სამყარო მოკვდა. ერთი დიდი მზე ჩაქვრა, რომელიც ამ სამყაროს ათბობდა და ასაზრდოვებდა. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიკვდილისას თან მთელი სამყაროები მიაქვთ და დედა ასეთი იყო! მახსოვს სამი დღე გაუჩერებლად ვტიროდი, არ მინდოდა, მაგრამ ცრემლები თავისით მოდიოდნენ. უბრალოდ ვერ ვჩერდებოდი, სანამ მესამე ღამეს, ძილში თითქოს ვიღაც მომიახლოვდა, მგონი დედა იყო. ყოველ შემთხვევაში მე ასე აღვიქვი. მან ლოყაზე მაკოცა და იმ მომენტიდან ჩემი ტანჯვა დამთავრდა. ერთი ხელის მოსმით დამთავრდა. მონატრება, გულისტკივილი, დარდი, ყველაფერი გაქრა. იმ დილით განახლებულ ადამიანად გავიღვიძე. მართლა მიკვირს, მაგრამ სიცოცხლის მარადიულობის განცდა მაქვს და დედას ხშირად შინაგანად ველაპარაკები, მაგრამ ეს საუბარი არ არის ტკივილთან და განშორების სევდასთან დაკავშირებული. ისე ვესაუბრები, თითქოს მისი სული მისმენს... მისმენს საიდანღაც, სადაც სულ გასაზაფხულია, სულ ახალგაზრდობა და სიხარულია, და ეს სიხარული მეც მავსებს და მასაზრდოვებს. მასზე აღარ ვდარდობ... არასდროს...
მიქაელი:
- ხომ ხედავ, უძლიერესი ტკივილი სამ დღეში ისე გაქარწყლდა, თითქოს არც ყოფილა არასდროს... ღმერთის რწმენა უბრალოდ მისი არსებობის რწმენა არ არის... ეს მისი ნდობაც არის! უნდა ჩააბარო მას შენი სიხარულიც და შენი უბედურებაც და ნახავ, როგორ მომრავლდება პირველი და ჩაქვრება უკანასკნელი. ხომ გახსოვს.... იქ სადაც მეტი „სულია“, მეტი „ღმერთია“, მეტი სინათლეა, იქ მეტი ბედნიერებაა... ეს არ ნიშნავს, რომ შენი ცხოვრებიდან აღარ წავლნენ საყვარელი ადამიანები ან პრობლემები საერთოდ აღარ გექნება. შენ ისევ გაივლი ცხოვრებისეულ გაკვეთილებს, მაგრამ როგორი სცენარიც არ უნდა განვითარდეს შენ გარშემო, ტანჯვის ხარისხი შემცირდება! სიცოცხლის ხესთან მუდმივ კავშირში მყოფი სულისთვის, რომლის ცხოვრება ღვთის ნების მოხაზულობებს მიუყვება, არსებობა ისეთ შრეში ინაცვლებს, სადაც სხვა, უფრო მაღალი მართვის კანონზომიერებები ირთვება... სადაც სამყაროც რომ დაინგრეს, არაფერი შეგეხება!... ყველა კარი გაიღება, ყველა დაბრკოლება აღმოიფხვრება და ისევ გეუბნები იგივე სიტყვებს: თუ გინდა ციხიდან გახვიდე, უბრალოდ ადექი და გადი!
მივხვდი რისი თქმაც სურდა და გარკვევით დავინახე, რომ სოცოცხლის ხესთან კავშირში მყოფი ადამიანის, ანუ, სხვა სიტყვებით სულიერ ტრიადასთან ერთობაში მყოფი ადამიანის ბედი სხვა კანონებით იმართება, ვიდრე ტრიადას მოწყვეტილი, მატერიალური ადამიანის ბედი. არ ვიცი კარგად როგორ ჩამოვაყალიბო აზრი... მაგრამ როგორც ვხვდები, ღმერთთან დაკავშირებული ადამიანის ბედი უმაღლესი გონის მიერ ხდება მართვადი და არა ნატიფი და მატერიალური სამყაროების „ფიზიკის“ კანონებით. რაღაცა არსებითად იცვლება ამ დროს და პირველი, რაც ქრება არის შიში!