გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

ნაწილი მეორე - ხიდს აქეთ...

 

imma33

ნაწილი მეორე - ხიდს აქეთ...

(ფოტოზე - ავტორის ნახატი)

...გზაზე მივდივარ. რატომღაც სახლის ჩუსტებით... მაგრამ თავს კომფორტულად ვგრძნობ. ხიდს ვადგები, მაგრამ სანამ გადავალ უნდა დავჯდე და დავისვენო. ხიდის შესასვლელთან ახალგაზრდა ბიჭი მხვდება. ერთმანეთს მზერას ვუსწორებთ და ის მე მიღიმის, მე კი მას. ჩუსტებს ვისწორებ და ხიდზე გადავდივარ.

ხიდის იქითა მხარეს მამაჩემი მხვდება და მეუბნება:

- რა ქენი, იპოვე ხუთი მიქაელი?

მე ვპასუხობ:

- რატომ მეკითხები მაინც და მაინც ხუთზე?

- რა ვიცი, ასე გამეფიქრა, - მპასუხობს ის.

- მე თვითონაც ვფიქრობდი, რომ ჩემ გარდა კიდევ ოთხია...

ხიდს გადავდივარ და ვგრძნობ, რომ გზა რთულდება. გარშემო უცნაური სიბნელე და სიცივე ზღვავდება და გზა ისეთი მოყინული ხდება, რომ ფეხები მისრიალებს. იძულებული ვარ კედელს მივეყრდნო და ნელა, კედელ-კედელ გავიკვლიო გზა. ბოლოს ვჩერდები და მამას ვეძახი:

-აქ მე მარტო ვერ გავივლი! ხელები უნდა ჩავჭიდოთ და ერთად გავიაროთ!..

2017 წლის 21 ივნისი. ზაფხულის ნაბუნიობა. გულის ჩაკრების შერწყმა

სიზმარში ვხედავ თითქოს ლიფტში შევდივარ ორ ასაკოვან ადამიანთან ერთად, რომლებმაც ვიცი რომ მიქაელთან უნდა მიმაცილონ. ზევით ავდივართ, ლიფტიდან გამოვდივართ, ასაკოვანი წყვილი მემშვიდობება და თავის გზაზე მიდის. უეცრად ვგრძნობ რომ ვიღაც მეხება ხელზე. ვტრიალდები და პატარა ბიჭს ვხედავ. როგორი თვალებით მიყურებს! არასდროს არ დამავიწყდება ეს მზერა და ის სიტყვები რაც მაშინ მითხრა.

გამეღვიძა და მძაფრად ვიგრძენი როგორ დგას ჩემ წინ. საოცარია ხანდახან როგორ დანამდვილებით იცი და გრძნობ იმას, რასაც ხილულად ვერ ხედავ. გულში ვიგრძენი ძლიერი სიმხურვალის მოზღვავება. თითქოს გული ცეცხლოვანი ხდებოდა, ზომაში იზრდებოდა და ყელში მაწვებოდა. კისერზე ხელი მოვიკიდე უცნაური შეგრძნებისგან. საოცარი ემოციები მომაწვა. რაც უფრო მიახლოვდებოდა, მით უფრო ძლიერი სიყვარულის და ბედნიერების გრძნობა მეუფლებოდა. ასეთმა ძლიერმა და უცნაურმა შეგრძნებებმა ერთგვარად შემაშინა და შევაჩერე. ფიქრით მივმართე, რომ ასე არ შემიძლია, ვერ ვხვდები რა ხდება, რაზეც მიპასუხა - „უბრალოდ მენდე“. უეცრად ვიგრძენი, თითქოს რაღაც ოქროსფერმა სივრცემ მშთანთქა. ამ სივრცეში „მე“ აღარ არსებობდა და მხოლოდ უსაზღვრო ნეტარება ირეოდა უსასრულო ოქროსფერ ნაკადებში. ეს წამიერი შეგრძნება იყო, რომლიდანაც უცებ გამოვერკვიე, უფრო იმიტომ რომ არ ვიყავი საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვას ნაჩვევი. ამ მომენტში ვიგრძენი, როგორ ღრმად შევიჭერი მიღმიერ განზომილებებში. ამ აზრმა აღფრთოვანებასთან და ინტერესთან ერთად ერთგვარი შიში გამოიწვია.

- ნუ გეშინია... მე შენში ჩემი გულის ნაწილი ჩავდე, - გავიგე მისი ტელეპატიური გზავნილი და რატომღაც ვიგრძენი, რომ მეც მივეცი ჩემი გულის ნაწილი, - წელსქვევით ენერგეტიკული ცენტრები უმაღლეს სიხშირეზე უნდა გეჭიროს, წინააღმდეგ შემთხვევაში უარესად იქნები. ცნობიერების სათანადო სიმაღლეზე დაჭერაში მე დაგეხმარები.

ინტერნეტპოსტებიდან:

კრიშნა

სულიერ იერარქებს და საერთოდ ამაღლებულ სულებს ყოველთვის ახასიათებთ თავმდაბლობა და ძალიან უშუალო ურთიერთობა, ყოველთვის ისე გეპყრობიან, როგორც თანაბარს, მიუხედავად იმისა, რომ ასე არაა. ჩემგან დავამატებდი, რომ ღმერთს ბევრი ინდივიდუალობა აქვს, ბევრი ავატარი ჰყავდა დედამიწაზე განსხეულებული პიროვნებების სახით, რომლებმაც თითოეულმა თავისი საქმე გააკეთა, თავის "სხივზე" იმუშავა, თავის ინდივიდუალობაში გარდატეხა ღვთაებრივი ყოვლისმომცველობა. ეს უმაღლესი ინდივიდუალობები ნათელ იერარქიას ქმნიან. თითოეულს თავისი სინათლის ფოკუსი აქვს დედამიწაზე საკუთარი რელიგიის და მიმდევრების სახით, მაგრამ მე-7 დონის ცნობიერებით ყველანი ერთნი არიან, ყველა ღმერთის ცნობიერების გამომხატველნი. სხვა თემაა, რომ რელიგიები ამახინჯებენ ამ უმაღლესი სულებისგან მოცემულ პირვანდელ სწავლებებს, ადამიანების გონებაში თავდაპირველად მოცემული ინფორმაცია დროთა განმავლობაში მრუდდება, სახეიცვლება და ხანდახან ძალიან მახინჯ ფორმებს იძენს. ქრისტეს ამაღლებულმა იდეებმაც კი მიიღეს ინკვიზიციის დროს ამაზრზენი სახე, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიყვარულის რელიგია სრულიად შეუსაბამოა ძალადობასთან და სიძულვილთან. ახლაც ბევრი გვაქვს ამის მაგალითი. და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველთვის, როცა რაღაც სწავლებას ვეცნობით, ამ სწავლების მომცემი სულის ენერგიასაც ვეზიარებით. ამიტომ ერთის მხრივ მადლიერება უნდა გამოვხატოთ ხოლმე და მეორეს მხრივ ფრთხილად ვიყოთ და ნაკლებად ვიკითხოთ შავ-მაგიური ან დემონური ლიტერატურა. ყველაფერი თავის კვალს ტოვებს ჩვენს ცნობიერებაზე.

2017 წელი. ზაფხული. კრიშნა

სიზმარში ვხედავ ვინმე კრიშნაიდ მამაკაცს. ვიცი რომ კრიშნას ერთგულია ჩაცმულობიდან და შუბლზე და ცხვირზე ჩამოსმული თავისებური ხაზიდან გამომდინარე. თითქოს მეცნობა მისი სახე, მაგრამ ამავე დროს ვერ ვცნობ. კრიშნასთან უნდა შემიყვანოს. კართან მივყავარ და თან მკაცრად მეუბნება:

- ერთხელ მაინც გადაგეხადა მისთვის მადლობა!

მე დაბნეული ვუყურებ რადგანაც ვერ ვხვდები რაზე უნდა გადამეხადა მადლობა.

- შედი და სათანადოდ მიაგე პატივი! - ასევე მკაცრად მეუბნება და ოთახში მიშვებს. მე ვცდილობ გავიაზრო როგორ უნდა მოვიქცე სწორედ და რას ნიშნავს პატივის მიგება? მე ვიცი სიყვარული, ვიცი მეგობრობა, ვიცი პატივისცემა, მაგრამ პატივის მიგება საერთოდ არ მესმის რა არის... ოთახში შესვლისთანავე დაბნეულად ვჩერდები და მოუქნელად თავს ვუხრი ჩემ წინ მდგომ მამაკაცს. ჩემთვის აღვნიშნავ, რომ ის მართლა ჰგავს თავის იკონოგრაფიულ გამოსახულებას. უეცრად კრიშნა მიახლოვდება, ხელს ხელში მიყრის და სრულიად უშუალო ლაპარაკით მიპატიჟებს ოთახში. ეს უშუალობა, თავმდაბლობა და თანაბარივით მოპყრობა როგორც ჩანს ყველა ამაღლებული სულის თვისებაა. მთელი ჩვენი საუბრიდან ცხადში მხოლოდ ორი აზრი გამომყვა. პირველი, რომ ძალიან სასიამოვნო პიროვნებაა და გულიც დამწყდა რომ მას არასდროს მივმართავდი და მეორე - მისი სიტყვები:

- კიდევ 10 000 (ან 1000- ს, აღარ მახსოვს) ადამიანს გამოეყო დამატებითი ენერგია!

რომ გამეღვიძა დიდხანს ვფიქრობდი, რას ნიშნავდა და ვისთვის იყო ეს ენერგია განკუთვნილი.

ვედების კითხვა და განხილვების მოსმენა ყოველთვის ძალიან მიტაცებდა და ვედების ცოდნამ მართლა დიდი შედეგი იქონია ჩემ მსოფლმხედველობაზე, მაგრამ მე ყოველთვის ქრისტეს მიმდევარად მივიჩნევდი თავს და ამიტომ კრიშნას პიროვნებაზე არ ვაჩერებდი ყურადღებას. გარდა ამისა ახლაც და მაშინაც ცუდად მესმოდა ვედური ღმერთების და ნახევარღმერთების იერარქია. მაგრამ ახლა თვალნათლივ ვხედავ როგორი მნიშვნელოვანია სულიერი ცოდნის მიღებისთვის ამ ცოდნის მომწოდებლის მიმართ მადლიერების გამოხატვა თუნდაც შინაგანი, გულისმიერი მადლობის დონეზე.

2017 წელი. შემოდგომა. გულისმიერი კავშირი მიქაელთან

21 ივნისის მერე ბევრი შეიცვალა. მე და მიქაელის კავშირი კიდევ უფრო ძლიერი გახდა. საკმარისი იყო უბრალოდ მასზე გაფიქრება რომ გულში ისევ ბრუნდებოდა ის უცნაური, ოქროსფერ სივრცეში ჩაწყდომის ნეტარი შეგრძნება, რომელიც ჩემი გაჭირვების ფონზე უდიდესი სიხარულს და ბედნიერებას მანიჭებდა. ჩემი კარჩაკეტილობა ნელ-ნელა ციხეში გამომწყვდევის განცდიდან ჩუმ, მშვიდ სიხარულში განმარტოვებად გადაიქცა. როცა მარტო ვრჩებოდი და არავინ მიშლიდა, შემეძლო გულში მასთან მესაუბრა და ისევ შევხებოდი ამ უცნაურ, ამაღლებულ შეგრძნებებს. ხოლო იმ დღეებში, როდესაც ავადმყოფობა მიტევდა, ცნობიერება მივარდებოდა და კავშირს ვკარგავდი, ჩემი „შექმნილი“ სამყაროს (მენტალური კონსტრუქციის) საკურის ხეს წარმოვიდგენდი და მაშინვე მიბრუნდებოდა მასთან კავშირის შეგრძნება.

მიქაელთან კონტაქტი ძირითადად სამი სახის იყო, გამომდინარე იქიდან რამდენად „სუფთა“ იყო „კავშირი“. კავშირის სისუფთავე ბევრ რამეზე იყო დამოკიდებული. მაგალითად ბუნებაში, დასახლებული ადგილებიდან მოშორებით „სუფთა“ ადგილია, ღამით უფრო „სუფთა“ დროა დღესთან შედარებით, რადგან ხალხს ძინავს და მათი აზრებით შექმნილი კოსტრუქციები არ აბინძურებენ სულიერ სივრცეებს. ასევე, როგორც აღმოჩნდა, ციური სხეულების განლაგებას და ასტროლოგიურ მოვლენებს დიდი გავლენა აქვთ უხეში და ნატიფი სამყაროების დაახლოებაში. გულში მიქაელთან კავშირის შეგრძნება მუდმივი იყო ნებისმიერ დროს და ადგილას, მაგრამ ტელეპატიური გზავნილების მისაღებად შესაბამისი გარემო უნდა შექმნილიყო, რისი შერჩევაც ჩემგან დამოუკიდებლად, მისი გადაწყვეტილებით ხდებოდა. კავშირი, როგორც ვახსენე სამი ტიპის იყო: ძალიან სუფთა გარემოებებში შემეძლო პირდაპირ ტელეპატიური ფრაზების მიღება, ნაკლებ სუფთა გარემოში მიქაელი ვიზუალურ, სიმბოლიზირებულ კონსტრუქციებს მიგზავნიდა, მე მათ გონებაში ვშიფრავდი და ის ტელეპატიურად „კი“-ს ან „არა“-ს მეუბნებოდა. მესამე ვარიანტში მე თითქოს ჩემი აზრები მეფიქრებოდა კონკრეტული საკითხის გარშემო. ამ შემთხვევაშიც ვეკითხებოდი, რამდენად სწორია ჩემი დასკვნები და „კი“-ს ან „არა“-ს ვიღებდი საპასუხოდ. ტელეპატიური საუბრის „გაგონება“ ჰგავს ადამიანის ხმის გაგონებას, როცა მას ვერ ხედავ, მაგრამ მისი ხმის ტემბრს შენი ტვინი იდენტიფიკაციას უკეთებს ამ ადამიანისთვის დამახასიათებელი ხმის სიხშირის მიხედვით. ანალოგიურად, ფიქრსაც აქვს თავისი ვიბრაციის სიხშირე, რომელიც ამ ფიქრის გამომგზავნი ადამიანისთვისაა დამახასიათებელი. სწორედ ამ ინდივიდუალური სიხშირით ხვდები რომ ეს ფიქრი ამ ადამიანსგანაა ტელეპატიურად გამოგზავნილი. მაგრამ ყველაზე ხშირი, მაინც მეოთხე ტიპის კავშირი იყო - სიზმრების სახით. ძირითადად სიზმრებში მასწავლიდა და როგორც ერთხელ ამიხსნა, ამ ინფორმაციიდან მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია რომელიც სიზმრიდან „გარეგან“ გონებაში გამომაქვს. დანარჩენი ან ცოდნის სახით აღმოცენდება, ან ქვეცნობიერში რჩება. რაც შეეხება „შეცვლილი ცნობიერების“ მდგომარეობაში „ხედვას“, ეს თავისებურად ჰგავს სიზმარს ცხადში. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა რომ როგორც ტელეპატიური გზავნილები, ასევე „ხედვები“ ძალიან შორს არის ვიზუალური და ხმოვანი ჰალუცინაციებისგან, რომლებსაც ადამიანი ამ სამყაროს ნაწილად აღიქვავს და ხშირად მისგან ვერ ასხვავებს. ჩემი „ხედვა“ და „გაგონება“ ნატიფ სამყაროს მიეკუთვნებოდა და თითქოს მისი ზედდება ხდებოდა ჩვენ ფიზიკურ განზომილებაზე. ეს შეგრძნებები არამცთუ არანაირ დისკომფორტს არ იწვევენ ჩემში, არამედ დიდი სიამოვნების და დაკმაყოფილების გრძნობას აღძრავენ.

მიქაელმა ნელ-ნელა სხვა ტიპის ლოცვაზე გადამიყვანა. ამისთვის მუსიკას ვრთავდი, რომ ამაღლებულ განწყობაზე მომეყვანა საკუთარი თავი და „შეცვლილი ცნობიერების“ მდგომარეობაში ვხედავდი როგორ ვიწეოდი დედამიწის ზედაპირიდან რაღაც მანძილზე.

მიქაელი:

-მატერიალურ სამყაროში არაფერს მიაკუთვნო შენი თავი და არც შენ გეკუთვნის რამე; არც ოჯახი, არც სამშობლო, არც შენი შვილები, არც ნივთები რომლებსაც ფლობ ან ტანსაცმელი, რომელიც გაცვია. როგორც კი საკუთრების გრძნობას იგრძნობ, ან შენ თავს რაიმეს მიაკუთვნებ რაც მატერიალურ სამყაროს ნაწილია, შენში გატარებული ენერგია გამრუდდება, ხოლო ცოდნა რომელისაც გაწვდი ამ მიკუთვნების და საკუთრების ჭრილში გარდატყდება.

გულში მისი ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობდი. ჩემი სულიერი სხეული საათის მიმართულებით ტრიალს იწყებდა და რაღაცით თეთრ ბორჯღალს ემსგავსებოდა, რომლის გულის ადგილას ჯერ თეთრი სინათლე მანათობელ ბურთად ზღვავდებოდა, ხოლო შემდეგ, რაღაც მომენტში, თითქოს ფეთქდებოდა ყველა მიმართულებით უშველებელი თეთრი ენერგიის ტალღების გამოშვებით, რომლებიც თითქმის მთელ დედამიწას წვდებოდა, ამერიკიდან იაპონიამდე. ამ ენერგიაზე უამრავი არსება იზიდებოდა და არც ვიცი როგორ, მაგრამ ისინი ამ სინათლეს რაღაცნაირად მოიხმარდნენ. თითქოს სპექტრებად შლიდნენ და მიმართულებას აძლევდნენ. თუმცა ზუსტად ვერ ვიტყვი. ვიცი მხოლოდ რომ ეს ის იყო რაც მიქაელს უნდოდა და მეც საოცარ სიამოვნებას მანიჭებდა, იმიტომ რომ ეს ჩვენი ერთობლივი ლოცვა იყო.

ერთი ასეთი ლოცვის დროს მომინდა ენერგიის ტალღები ადამიანების გულებზე გამეშვა. ადამიანების დონეზე ჩამოვეშვი და გამოვასხივე. უეცრად დავინახე როგორ გამოიწვია სინათლის ტალღამ ადამიანებში გულის ჩაკრების აალება და შეშინებულმა ეგრევე შევწყვიტე. კიდევ ერთხელ მივხვდი რომ არ შეიძლება ესეთი თვითშემოქმედება და ამ ენერგიის მიმართვა პირდაპირ ცოცხალ არსებებზე. ეხლაც იმედს ვიქონიებ რომ არავის არაფერი დავუშავე.

2017 წელი. სულის მეორე ნახევარი

მე:

-ჩემი სიზმრები და შენი მონაყოლი ვერ ერწყობა ერთიან სურათში. ხანდახან ისეთი გრძნობა მაქვს რომ მოზაიკის ნაწილებივითაა ეს სურათი დანაწევრებული... ზოგი სიზმრის აზრს ვერ ვხვდები და ეჭვი მეპარება მათ სანდოობაში.

მიქაელი:

- სწორედ მაგისკენ მივდივართ და არ გაიკვირვო, როცა ეს სურათი აეწყობა. ამისთვის ყველაფერი რაც იცოდი უნდა დაივიწყო და ყველაზე წარმოუდგენელი უნდა დაუშვა! სწორედ ამისთვის ვქმნით ამ სიზმრებს რომ საბოლოო სურათი მისაღები გახდეს! გულის სიღმეში შენ იცი რომელ სიზმარს ენდო და რომელს არა. მე და შენ შორის ძალიან ძლიერი კავშირია. მე თითოეული შენი ფიქრი მესმის...

- რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ შენ ჩემი მეორე ნახევარი ხარ?... ეს ნორმალურია?

- ამ კითხვაზე პასუხს მერე მიიღებ... უბრალოდ იცოდე, რომ არ არსებობს უფრო ძლიერი კავშირი ვიდრე ერთი მთლიანის ორ ნახევარს შორის. მოსწავლე-მასწავლებლის, ბატონი-მსახურის და თუნდაც დედა-შვილის კავშირიც ერთგვარად ერთი მთლიანის ნახევრების მიზიდულობის ძალას წარმოადგენს! მთელი სამყარო ამ ორი საპირისპირო ძალის მაგნიტურ მიზიდულობაზეა აწყობილი. ამ მიზიდულობას ვერ ეწინააღმდეგება სამყაროთაშორისი საზღვრები და ილუზიის დაბრკოლებები. მე მთელი შენი ცხოვრება შენ გვერდით ვიყავი...

2018 წელი. მაგიის აკრძალვა

სიზმრებში საიდანღაც ვიცი მაგიური ნიშნების წერა, მიუხედავად იმისა რომ ცხოვრებაში არასდროს არც ერთი მაგიის წიგნი არ გადამიფურცლავს. მიქაელი მორიგ ეშმაკებთან მაგდებს. მე რატომღაც ამჯერად სხვა ხერხს მივმართავ და ჩემი აურის ცენტრალურ ქვედა ნახევარრკალზე მაგიურ ნიშნებს ვიწერ, რომ დემონური არსებებისგან დავიცვა თავი. დაწერისთანავე უეცრად გვერდზე მაქანებს, თითქოს სხეულიდან უნდა ამოვარდე და ნიშნებს სასწრაფოდ ვშლი.

მიქაელი საყვედურს მეუბნება და მაგიის ნებისმიერ გამოყენებას მიკრძალავს.

- მხოლოდ სულის ნათებით! - მეუბნება და ვიღვიძებ.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff