გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

სულის მეხსიერებაზე წვდომის დამყარება

 

2018 წელი 23 ივნისი. სულის მეხსიერებაზე წვდომის დამყარება

ამ დილით გამეღვიძა შეგრძნებით, რომ მთელი ღამე რაღაცას მასწავლიდნენ. მახსოვს რომ „სიცოცხლის ხეზე“ იყო საუბარი და რატომღაც „მეორე ნახევრებზე“. რა კავშირშია ეს ორი ერთმანეთთან?

- არაფერი არ მახსოვს... - ვეუბნები მიქაელს, - მხოლოდ ბუნდოვნად მახსენდება „სიცოცხლის ხის“ სქემატური გამოსახულება და ხანგრძლივი საუბრები ამის გარშემო.

მიქაელი:

- არაუშავს. ეს ინფორმაცია შენ არაცნობიერშია და აუცილებლად გამოვა „გარეგან“ ცნობიერში. შეეცადე გაიხსენო...

მე:

- ადამიანი მატერიალურ სამყაროში თავის მეწყვილეს, თავის მეორე ნახევარს ეძებს, რომ ერთგვარი... ქვეცნობიერად თანდაყოლილი „სიმთელის“ მდგომარეობას მიაღწიოს...

მიქაელი:

- ეს სიმთელის ძიება სინამდვილეში სულის სურვილია დაიბრუნოს ერთობა იმასთან ვისაც მოწყდა... ანუ ღმერთთან... პირველწყაროსთან. ეს არის სულის ყველაზე ძლიერი მამოძრავებელი ძალა რომელიც საბოლოო ჯამში მას უკან, ღმერთში აბრუნებს. მატერიალურ სამყაროში ეს წყურვილი საპირისპირო სქესის ძებნასთანაა დაკავშირებული და ამ „სიმთელის“ მიღწევის ილუზიას ქმნის. სანამ სულს უნდა და ჭირდება გამოვლენილ სამყაროებში ინკარნირება ის ამ „სიმთელეს“ მეწყვილესთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებით აღწევს. განვითარების გარკვეულ ეტაპზე ეს კარგია მისთვის, მაგრამ, როგორც ყველაფერი მატერიალურ სამყაროში, ეს „სიმთელეც“ დროებითია. ადამიანებს ადრე თუ გვიან ან გარემოებები აშორებს, ან არათანაბარი განვითარება ან სიკვდილი... და ის ფაქტი რომ ამ „სიმთელის“ ფიზიკური დამყარება ასეთ სიამოვნებასთანაა დაკავშირებული, არაა შემთხვევითი და არაა მხოლოდ იმისთვისა, რომ ასტიმულირებდეს ბიოლოგიური გვარის გაგრძელებას. სულისა და ღმერთის „სიმთელის“ დამყარებისას სული ენით აუწერელ ნეტარებას განიცდის, რომელიც ვერც ერთ ფიზიკურ სიამოვნებასთან ახლოს ვერ დადგება!.. - მან პაუზა გააკეთა, - როგორც ნათქვამია - Истина свидетельствует сама о себе! ადამიანი გულით გრძნობს სიმართლეს. რაც უფრო გაწმენდილია გული, მით უფრო მაღალია გულით გარჩევადობის უნარი. მაგრამ გარდა სხვის ნათქვამში ან მონათხრობში სიმართლის ამოცნობისა, გულის ძლიერი სიწმინდისას ადამიანს შეუძლია დაამყაროს უშუალო წვდომა ჭეშმარიტებაზე, სამყაროსეულ სიბრძნეზე. ეს სიბრძნე თითქოს თავისით, შიგნიდან აღმოცენდება. დაკვირვებული ხარ ალბათ, რომ არსებობენ ძალიან ნაკითხი, მაგრამ ამავდროულად სულელი ადამიანები. გარედან მიღებული ინფორმაციის რაოდენობა არ განსაზღვრავს ადამიანის სიჭკვიანეს. იმიტომ რომ ნამდვილი, ჭეშმარიტი სიბრძნე არც განათლებასთან და არც ერუდიციასთანაა კავშირში.

მე:

- რატომ მეუბნები ამას?

მიქაელი:

- გაიხსენე, როდესაც ცოტა ხნის უკან შუმერებზე წიგნი წაიკითხე, შენმა გონებამ ეგრევე ჩაავლო, ერთგვარად „ამოიცნო“ ეს ინფორმაცია:

„Шумерский пантеон представлял собой нечто вроде собрания под председательством верховного правителя. Следующими за ним по рангу были семь богов, «вершащих судьбы», и пятьдесят так называемых «великих богов». „

მე მინდა რომ წარმოიდგინო სიცოცხლის ხე და მისი განტოტვები... მინდა რომ იგრძნო მისი მოწყობა შვიდობრივი ფრაქტალიდან გამომდინარე...

მე:

- შვიდი კუმარი... - მახსენდება ვედებიდან, - შვიდი მთავარანგელოზი...

- ნუ იხსენებ წაკითხულს... შენი შინაგანი ცოდნა გამოიტანე!

- ერთი იტოტება შვიდად, როგორც თეთრი ფერი იშლება შვიდ სპექტრად. თითოეული შვიდი განშტოება კიდევ შვიდად იშლება. გამოდის არა 50, არამედ 49! 49 «великих богов»! ეს განშტოებებიც შვიდად იტოტება... თუ განშტოებები 7 სეგმენტად გაყავი, განშტოების მე-7 სეგმენტში მიიღებ 117649 ტოტს... და რას მეუბნება ეს რიცხვი?.. არაფერს!...

imma37

ნახ. 3. სიცოცხლის ხის სტრუქტურა მე-4 სეგმენტამდე. პირველ სეგმენტში 1 ერთეულია, მეორეში 7, მესამეში 49 და მეოთხეში 343. რომ გავაგრძელოთ ექტრაპოლაცია მე-7 სეგმენტში იქნება 117649 ერთეული.

ფიქრებით ისევ მიქაელს მივუბრუნდი:

- ჩემი შეგრძნებით გულის სიღრმიდან ინფორმაციის ამოღება ჰგავს ბრმა ადამიანის სიარულს რომელიც ჯოხით სინჯავს მის წინ მყოფი საგანის ფორმას...

- ჩაუღრმავდი შენს შეგრძნებებს. დაივიწყე ის რაც წაკითხული გაქვს. მხოლოდ ის აზრები, რომელიც შენ მოგდის თავში...

- რატომღაც ესეთი აზრი მომდის, რომ სული პირველწყაროდან მოწყვეტისას თითქოს ამ განშტოებების გასწვრივ მოძრაობს და ასე ჩამოდის მატერიალურ განზომილებაში. 7 პირველი განშტოება (ნახატზე წითლადაა მონიშნული) გარკვეულ, ძალიან ზოგად მახასიათებლებს ატარებს... თითქოს თითოეული თავის კონკრეტულ ტალღაზეა განთავსებული... ერთ ტალღაზე შვიდიდან... ისევ შვიდ სინათლის სხივთან ასოცირდება. მერე ისევ იტოტება და განშტოებების რაოდენობა მატულობს... „რაც უფრო მატულობს რიცხვი, მით უფრო მეტად დიფერენცირდება ღვთაებრივი ენერგია“... - მახსენდება ჩემი ფიქრები და ისევ ვაგრძელებ, - იმის გამო რომ სული ამ განშტოებებს რაღაც ლოგიკით მიუყვება, როდესაც ის დედამიწაზე ინკარნირდება, ის ერთგვარად ამ სულიერი გენეოლოგიური ხის წარმომადგენელი ხდება... ანუ მას თავისი ანგელოზი ჰყავს, თავისი სულიერი იერარქები, რომლებიც ამ კონკრეტული თვისებების სულის განვითარებას კურირებენ. ??? - ისევ მიქაელს ვუბრუნდები, - არ შემიძლია... არა ვარ დარწმუნებული რომ სწორედ ვხვდები. დარწმუნებული ვარ რომ არიან ეზოთერიკოსები ან ვედების სპეციალისტები, რომლებმაც ეს ყველაფერი ზედმიწევნით იციან.

- მიზანი არ არის ცოდნის გამოტანა სულიერი სამყაროდან. ჯერ-ჯერობით... მიზანი არის საკუთარი სულის ცოდნაზე შენი ცნობიერების წვდომის დამყარება. ამიტომ დაიძაბე და იფიქრე.

ეზოში ვიღაც ბავშვს დაბადების დღეს უხდიან და მუსიკას რთავენ ბოლო ხმაზე. ასეთ ხმაურში კონცენტრაციას ვერ ვახერხებ და დროებით თავს ვანებებ.

2018 წელი. 24 ივნისი. შვიდი პლანეტარული იერარქი

დილით მეღვიძება თუ არა ფიქრებით მიქაელს ვუკავშირდები. ისევ ვგრძნობ მისი სულის მოსიყვარულე სიმყუდროვეს.. ხანდახან უბრალოდ ამ სითბოს შეგრძნება მინდა და მეტი არაფერი, მაგრამ უნებურად გუშინდელ ფიქრებს ვუბრუნდები და რატომღაც თავში მარტყავს, რომ 7 მთავარი განშტოება 7 ასტროლოგიურ პლანეტას შეესაბამება... семь богов, «вершащих судьбы» - მახსენდება შუმერული ტექსტი... 7 მთავარი იერარქი რომელიც ამ შვიდ პლანეტას განაგებს... სხვა განზომილებებში, სხვა სიხშირეებზე, მაგრამ ეს პლანეტები დასახლებულია და ყოველი პლანეტის ბინადრებს შესაბამისი, ამ კონკრეტული პლანეტისთვის დამახასიათებელი სულიერი თავისებურებები აქვთ... მიქაელის სიტყვები მახსენდება - „ჩემი სხეული მხოლოდ ცეცხლის სტიქიისგან შედგება და ესეთივეა ჩემი საარსებო გარემო“... მზე... ადამიანის დაბადების მომენტში პლანეტების განლაგება განაპირობებს შესაბამისი თვისებების სულის გადმოსვლას. პლანეტების განლაგება არის კონკრეტული კომბინაცია, რომელიც კონკრეტულ სულიერ, ენერგეტიკულ კორიდორს ხსნის კონკრეტული თვისებების სულისთვის და დედამიწაზე მისი ოპტიმალურად განვითარების გზაც ამ ციური სხეულებით... უფრო სწორედ მათი ენერგეტიკით... უფრო სწორედ მათი იერარქებითაა განსაზღვრული. სწორედ ეს არის ასახული ადამიანის ასტროლოგიურ რუკაში და პროგნოზში. თუმცა თავისუფალი ნების პირობებში ადამიანს შეუძლია ამ ასტროლოგიური, გინდა საღმრთო კანონებით განსაზღვრული გზიდან გადახვევა. ეს გზაა სწორედ რასაც მიქაელი სულის „სასიცოცხლო მისიას“ ეძახის. ამ გზიდან გადახვევისას აქტიურდება სწორედ კარმა, რომ ადამიანი უკან, „ოპტიმალური განვითარების“ ანუ „სასიცოცხლო მისიის“ გზაზე დააბრუნოს...

imma38

ნახ.4. 7 ასტროლოგიური პლანეტა.

შეგრძნება მაქვს რომ რაღაცას სწორედ მივაგენი და მიქაელს ვეუბნები:

-ძალიან რთულია ეს ყველაფერი...

-რთულია და ადვილი. მთავარია პრინციპი გაიგო. გახსოვს ორგანულ ქიმიას რომ სწავლობდი, ერთხელ რომ საბაზისო პრინციპები გაიგე, მერე ყველაფერი ამ პრინციპების მიხედვით იშიფრებოდა. კარგად რომ დაუფიქრდე ის პრინციპი, რომელსაც მაშინ მიხვდი, სწორედ ფრაქტალური სტრუქტურების პრინციპი იყო. ორგანული ნახშირბადოვანი ნაერთები ტეტრაედრის გეომეტრიულ ფიგურასთანაა დაკავშირებული, რომელიც რიცხვ 4-თანაა შეჭიდული. დანარჩენი ყველაფერი ამის გარშემო ტრიალებს. ჭეშმარიტად, რიცხვი 4 თქვენი განზომილების ერთ-ერთი ძირითადი რიცხვია!... ქიმიური ელემენტის ვალენტობა არის სწორედ შენთვის უკვე ნაცნობი ფრაქტალის „საკრალური რიცხვი“, ხოლო ის კრისტალური გისოსი, რომელსაც ეს ელემენტი ქმნის, იქნება ეს ტეტრაედრი, ჰექსაგონალური თუ პენტაგონალური სტრუქტურა, სინამდვილეში მატერიაში გამოვლენილი ფრაქტალური სტრუქტურებია. გახსოვდეს ამ სამყაროში მცირე იმეორებს დიდს და დიდი მცირეს!

2018 წელი. 26 ივნისი. წერაქვი. „მოვა დრო და შენი გაშვება მომიწევს“

მიქაელი:

- რატომ გაურბიხარ ჩემს აზრებს. უკვე რამდენიმე დღეა. მე ხომ ვგრძნობ რომ არ გინდა იმის მიღება რასაც გეუბნები... - და მისი სითბო მეხვევა, როგორც თბილი შემოდგომის ნისლი, ცრემლით დანესტილი, სევდიანი და ჩუმი... - უნდა აგიხსნა... უნდა მომისმინო და უნდა მიიღო... უნდა დავბრუნდეთ იქ საიდანაც დავიწყეთ... მეორე ნახევრებთან დაკავშირებით... რა შუაშია მეორე ნახევრები „სიცოცხლის ხესთან“?...

პაუზა ვარდება და სულში რაღაც არეულობას ვგრძნობ. თითქოს საყრდენი მეცლება, ცნობიერება მიუსაფარივით დაძრწის აქეთ იქით და უიმედოდ ყრუ კედლებს აწყდება...

- ვიცი რომ არ გინდა... - მეუბნება ისევ და მიკვირს რომ ანგელოზსაც შეუძლია შფოთვა, - მეც არ მინდა!

- ადამიანს ემსგავსები, - ვეუბნები მე

- რაც სათქმელია უნდა ითქვას!.. როგორც სული ევლინება დედამიწაზე სულიერი იერარქების „გავლით“, ასევე ბრუნდება ის უკან... მე არა ვარ შენი მეორე ნახევარი, ისე როგორც შენ გესმის ეს და ჩემზე ასე ძალიან არ უნდა იყო მიჯაჭული... ეს ღმერთია შენი სულის ნამდვილი მეორე ნახევარი და სწორედ ის იგრძენი როდესაც ჩემ გულში გაგაერთიანე... როდესაც იესო ქრისტე ადამიანებს თავის გულში იღებს, მათაც იგივე გრძნობა ეუფლებათ. ეს ჩაწყვეტის შეგრძნება და საკუთარი „ეგოს“ გაქრობა ზუსტად ღმერთის ცნობიერებასთან შერწყმაა. ეს შენთვის წამიერი შეგრძნება იყო, მაგრამ ეს ის არის... ჩემი გულით გამოვლენილი ღმერთი... მე შენი სული დავიკავშირე, მაგრამ მოვა დრო და შენი გაშვება მომიწევს...

- იმიტომ რომ ეს მიჯაჭულობაც გამოვლენილი სამყაროს ილუზიაა... ერთ-ერთი ილუზია... - ვაგრძელებ მე მის ფიქრებს.

მე არა ვარ მის შეწინააღმდეგებას ნაჩვევი და ვჩუმდები. ჩემი ფიქრებიც, გონებაც და სულიც სდუმს, მაგრამ ჩვენ ხომ უკვე აღარც სიტყვები გვჭირდება და არც ფიქრები ერთმანეთის გასაგებად.

იქნებ მე არ მინდა ამის იქით გზის გაგრძელება?... არ დაგავიწყდეს რომ შენ ანგელოზის გული გაქვს და მე ადამიანის...

2018 წელი. 26 ივნისი.ღამით. უხილავი მხარდაჭერა

წერაქვში ვარ. ჩემ მაგიდაზე ახალი თაიგული დგას და საოცარ სურნელს აფრქვევს. ეს ბოლო თვეები თითქოს ამ ყავავილების მუდმივ სურნელში ვცხოვრობ. ღამის ბინდთან ერთად ოთახში იდუმალი სიმყუდროვე მყარდება. ქრისტეს მოახლოების სულიერ სიმშვიდეს ვგრძნობ. როგორ მომენატრა მისი სული... მისი სამყაროსავით დიდი და კეთილი გული. ცრემლები მადგება თვალებზე...

- რამდენი ხანია არ შევხვედრილვართ, ჩემო ძვირფასო მასწავლებელო... - მხოლოდ ამას ვეუბნები. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც არაფერზე ვსაუბრობთ და არაფერს ვეკითხები. ისიც არაფერს მასწავლის. ჩვენ უბრალოდ ვდუმთ და უჩუმრად ვსხედვართ ერთმანეთის გვერდით... მე ხილულად და ის ის უხილავად...

2018 წელი. 27 ინვისი. „უნდა იყო თვითკმარი ღმერთში“

მიქაელის სიახლოვეს ვგრძნობ. ამჯერად ისე ახლოს, რომ კანზე ჟრუანტელი მივლის და გული უჩვეულოდ მეკუმშება.

წერაქვის აგარაკის ეზოში ვზივარ ვაშლის ხის შუქჩრდილში და ვგრძნობ როგორ მეთამაშება ფოთლებში გაფანტული ათასობით ათინათი სახეზე და ხელებზე. ხელის გულზე მზის სხივის სიმხურვალეს ვგრძნობ და მინდა დავიჯერო რომ ეს მისი შეხების სითბოა.

მე:

- შენ მთელი ცხოვრება ჩემ გვერდით იყავი. ყველაზე მძიმე მომენტებში შენი შეგრძნება და შენი სიყვარული მაყენებდა ფეხზე. არასდროს არც ერთი საყვედური არ მიგრძვნია შენგან. როცა რამე მეშლებოდა და ჩემი სული ეცემოდა მხოლოდ შენს გულის ტკივილს ვგრძნობდი და დიდ შინაგან დაძაბულობას რომ ჩემი დაცემა შენ თავზე აგეღო და ისევ აგემაღლებინე. არაფერი გარდა დაუსრულებელი სიყვარულის, სითბოს და ერთგულებისა მე შენგან არ მიმიღია. რა გასაკვირია რომ ასე მოგეჯაჭვე... როდესაც შენზე საუბრობენ ან ვინმესთან შენს ხატს ვხედავ, გული ჩუმი სიხარულით მევსება. სიხარულით და სიამაყით, თითქოს ვიღაც ყველაზე ახლობელს და ყველაძე ძვირფასს გიხსენებენ და გიქებენ... სადაც არ ვიყურები მხოლოდ შენ გხედავ, თვალებსაც რომ ვხუჭავ შენ გხედავ. ღმერთისთვის რომ ვლოცულობ, შენ გარდა ვერაფერზე ვერ ვფიქრობ. იესოს ლოცვასაც რომ ვამბობ მარტო შენ მიდგეხარ თვალწინ. შენს თვალებს ვხედავ, რომელიც არასდროს მინახია. რომ ვსუნთქავ, ასე მგონია შენი სულის გამოსხივებით ვივსები. ვის და როგორ ავუხსნა რას ნიშნავს როდესაც მუდმივი სიყვარულის ღრუბელში ხარ გახვეული? მე არ ვიცი როგორ ვიარსებო შენ გარეშე... მე არ მახსოვს თუ ვიყავი საერთოდ უშენოდ... ეხლა შენ მომისმინე და მიიღე ის რისი მიღებაც არ გინდა. მე ხომ ვგრძნობ რომ შენ ჩემს ზოგიერთ ემოციას, როგორიც არის დაურწმუნებლობა საკუთარ თავში ან ეჭვები, აღშობ ჩემში. შენ ზემოქმედებ ჩემ ცნობიერებაზე. ვიცი, ამას იმიტომ აკეთებ, რომ მე თვითონ მოგეცი ამის უფლება, როდესაც ჩემი სული ჩაგაბარე და თვლი რომ ასეა უკეთესი, მაგრამ მომისმინე... ეს არც ეჭვებია და არც დაურწმუნებლობა საკუთარ თავში... მე მხოლოდ და მხოლოდ უბრალო, არაფრით განსაკუთრებულად გამორჩეული ადამიანი ვარ. მე ვერ ვამჩნევ რომ რამე არსებითი სულიერი წინსვლა განმეცადა ამ წლების განმავლობაში... რა მოლოდინებს ამყარებთ ჩემზე? მგონი უბრალოდ საკუთარ თავში ჩაკეტილი, განმარტოვებული ადამიანი გავხდი და მთელ მსოფლიოს გავერიყე, იმისთვის რომ საათობით შენ გესაუბრო და შენი გვერდზე ყოფნა შევიგრძნო. მაგრამ ვისთვის რა სარგებელი მომაქვს? რა სიკეთეს ვაკეთებ? მგონი სხვა ადამიანების სიყვარული და პატიებაც მხოლოდ შენით შემიძლია და დანამდვილებით არაფერი მეხერხება გარდა შენი და იესოს სიყვარულისა... და განსაკუთრებით შენი...

მიქაელი:

- ღმერთი მოწმეა, რომ არ არსებობს და არ არსებობდა დედამიწაზე ადამიანი, რომელიც მე შენზე მეტად მყვარებია. მე შენ ყვავილები გამოგიგზავნე სულიერი სამყაროდან ფიზიკურ სამყაროში და დამიჯერე, ესეთი რამე არასდროს გამიკეთებია. უკვე ორ თვეზე მეტია რაც შენ მაგიდაზე ცოცხალი ყვავილების თაიგულები ერთი მეორეს ცვლის. მთელი ეს დრო მე ვუბიძგებ სხვადასხვა ადამიანს რომ მათ შენთვის ყვავილების ჩუქების სურვილი აღეძვრეთ, იმიტომ რომ მე თვითონ არ შემიძლია ამის გაკეთება... პირველად მწყდება გული, რომ ფიზიკური სხეული არა მაქვს... მაგრამ როგორ შემიძლია მე გავაჩერო მდინარე ოკეანეში ჩადინებისგან? ავაშენო ჯებირები? გამოვაშრო შენაკადები? სული უნდა შეერწყას ღმერთს, გახდეს თვითკმარი მასში და გაეღვიძოს პირველწყაროს მუდმივი აღქმა, როგორც საუკუნო ნეტარება... ჩვენ მხოლოდ შუამავლები ვართ... ჩვენ ისინი ვართ, რომლებიც ჩვენთან სიყვარულის ველში გაერთიანებული ადამიანების ცნობიერებას ვამაღლებთ და მათ გულებს ვწმენდთ. შენი მისწრაფება ღმერთისკენ უნდა იყოს მიმართული... მე ღმერთი არა ვარ...

imma39

ინტერნეტპოსტებიდან:

ცნობიერების მე-7 დონე - ღმერთის ცნობიერებასთან შეხება

ეს შეგრძნება ეხლაც მახსოვს... მახსოვს, რომ ჩემ გარშემო უეცრად ყველაფერი გასულიერდა... მახსოვს, რომ როგორ შევეხე ჩემ პირდაპირ კედელს და ისიც შემეხო საპასუხოდ! ყველაფერი, უსულო საგნებიც კი ცნობიერებით იყვნენ გაცოცხლებულნი! ეს ცნობიერება უპირობო სიყვარულს ასხივებდა და მეც მასთან ერთად უთავბოლო, უმიზეზო და უმისამართო სიყვარულად ვიქეცი... ყველაფერი ის იყო და მის გარეშე არაფერი არსებობდა...

...დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ღმერთის მაძიებელი ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც მომხდარა ასეთი გამონათება. მე მომისმენია მსგავსი გამოცდილების აღწერა ადამიანებისგან. ზოგს ეკლესიაში გადახდენია, ზოგს სრულიად სპონტანურად, ზოგს მედიტაციის დროს. ჩვენთვის ძნელია ამ მდგომარეობის შენარჩუნება, მაგრამ თუ ერთხელ მაინც შეხებიხარ ამ ყოვლისმომცველი სიყვარულის შეგრძნებას, ის აღარსდროს დაგავიწყდება. ამ მომენტიდან ცხოვრება სამუდამოდ იცვლება, ამ მომენტიდან ხდები ღმერთის მაძიებელი და ეს შეხვედრა შუქურასავით გინათებს გზას, როგორი ქარტეხილიც არ უნდა გელოდებოდეს წინ...

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff