გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

ადამიანის ჭეშმარიტი არსი

 

29. ნოემბერი. 2019. ადამიანის ჭეშმარიტი არსი

ბოლო დროს ძილსა და სიფხიზლეს შორის ხედვის მდგომარეობაში შევდივარ და თვალწინ ამოტივტივებულ აზროფორმებს როგორც მიქაელმა მასწავლა ისე გადრდავქმნი და ვაწესრიებ. ქაოტური და ნეგატიური აზროფორმებიდან ლამაზი და ჰარმონიული სურათები იქმნება. გაბრაზებულ სახეებს ლამაზ სახეებად ვცვლი, ჩხუბის ან რაიმე სხვა ტიპის აგრესიულ სცენებს - ბუნების ლამაზ სურათებად. ხანდახან მე თვითონ ვქმნი ახალ სახე-ხატებს, რომლებიც გარშემო შემოჯგუფებულ აბსურდულ და ბნელ აზროფორმებს ანეიტრალებენ. ჯერ ბოლომდე ვერ ვხვდები რასთან მაქვს საქმე და რას ვაკეთებ. ვიცი მხოლოდ რომ ეს მენტალური კონსტრუქციების შექმნისთვის და ზოგადად მენტალურ განზომილებაში მუშაობისთვისაა საჭირო. ერთგვარი ვარჯიშია. სიზმარში ამ კონსტრუქციების პირდაპირი გადატანა ნაკლებად გამომდის. თუმცა, ხანმოკლედ რამდენჯერმე ესეც შევძელი. პარალელურად ფეისბუკის ჯგუფში ჩემი წიგნის გამოქვეყნებას ვაგრძელებ. არიან დაინტერესებული ადამიანები, არიან ისეთებიც, ვისთვისაც, რასაც ვწერ ძალიან ნაცნობი და ახლობელია. არიან ისეთები, ვინც კითხულობს, მაგრამ უნდობლადაა განწყობილი და არიან ისეთებიც, ვისაც ჩემი ნაწერები საშინლად აღიზიანებთ. ეს ყველაფერი ერთგვარად მოსალოდნელი იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები კრიტიკულ კომენტარებს ნაკლებად მწერენ, ყოველი ტექტის დადების მერე მაინც ვგრძნობ ნეგატიური ენერგიის შემოტევას, რომელიც ძალიან მღლის და ენერგიას მართმევს. ხანდახან ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ჩემი წიგნის კითხვისას ადამიანები ჩემი სულის ნაწილებს ჭამენ. და ხანდახან საკმაო დრო მჭირდება, რომ ძალები აღვიდგინო. არ მეგონა, რომ ეს უბრალო დააკოპირე/დააპეისტე პროცედურა მცირე წინასიტყვაობებით, ასეთი რთული იქნებოდა და ასეთ დარტყმებს მომაყენებდა. ბოლო დროს ხშირად მაქვს სიმძიმის გრძნობა გულზე და სიზმრებშიც სულ მეტად მიჭირს ამაღლებულ ნოტაზე ცნობიერების დაჭერა. ამას ემატება გაუთავებელი არეულობა ქვეყანაში და დაუოკებელი აგრესია ხალხში, რომელსაც გინდა არ გინდა ყველგან და ყველასთან ურთიერთობაში ვლინდება.

ძილის წინ ლოცვებში ისევ ვთხოვ დახმარებას ნათელ ძალებს და ისევ ვგრძნობ, რომ ამ მდგომარეობას მე თვითონ უნდა მოვერიო.

დღესაც ძილის წინ მიქაელს დახმარება ვთხოვე, რომ ცნობიერების დაჭერაში დამხმარებოდა, რადგან ბოლო დროს ბუნდოვნად ვგრძნობ მის სიახლოვეს და თავს გარიყულად და მიტოვებულად ვგრძნობ. საპასუხოდ უეცრად ცხადად ვიგრძენი ნათელი ძალის თანამყოფობა. ნაცნობი სიყვარულის და ზრუნვის ღრუბელი შემომეხვია.

- თქვენ, ადამიანები ყოველთვის ითხოვთ დახმარებას და იშვიათად აცნობიერებთ იმას, რომ გარემოებები, რომლისგანაც განთავისუფლებას ცდილობთ, სწორედ თქვენი ზრდისთვისაა შექმნილი... მაგრამ, არაუშავს... მე დიდი მოთმინების უნარი მაქვს და შენი არასასიამოვნო გარემოებებს იმ დრომდე შეგინარჩუნებ, სანამ არ ისწავლი იმას, რაც უნდა ისწავლო... და არ გაიგებ იმას, რაც უნდა გაიგო...

უეცრად გავაცნობიერე, რომ სული, რომელიც მელაპარაკებოდა, მიქაელი არ იყო. ეს არც იესო იყო, არც „სიბრძნის და სინათლის ღმერთი“... საიდანღაც დანამდვილებით ვიცოდი, რომ მას კარგად ვიცნობ და ისიც ჩემი მასწავლებელია. შეიძლება ითქვას, მთავარი მასწავლებელი! საკუთარ შეგრძნებებს ჩავუღრმავდი, რომ სულის მეხსიერებიდან მისი სახე ამომეღო... ან სახელი... თვალწინ სრული აღნაგობის მამაკაცი წარმომიდგა... ამ გარეგნობის ადამიანი ადრეც ჩნდებოდა ჩემს წარმოსახვებში და ხშირად ინტერნეტში გურუების ფოტოებს ვათვალიერებდი ხოლმე, რომ ეს ადამიანი ამომეცნო, მაგრამ ვერა... არავის არ გავდა... მომღიმარი სახე აქვს... ძალიან ბრძენი, და ისე ახლობელი... მაიტრეია!..

- მაიტრეია!... ვთქვი მე ხმამაღლა და არ შემეშინდა, რომ შეიძლებოდა არასწორი სახელი დამესახელებინა... ზუსტად ვიცოდი!..

უეცრად გავაცნობიერე, რომ უმრავლესობა სიზმრების, რომლებითაც ვსწავლობდი და ინფორმაციას ვიღებდი, მის მიერ იყო მოდელირებული. ილუზიების მოდელირება მისი ზედამხედველობით ხდებოდა, ისევე როგორც ჩემი (და არა მარტო ჩემი) სწავლების წარმართვა... მიქაელი არასდროს არ იყო მარტო. ამას ისედაც ვგრძნობდი და ამიტომ ყოველთვის ვამბობდი „ისინი“, როდესაც ჩემს სულიერ მასწავლებლებს ვახსენებდი. მაგრამ ის, თუ ვინ იყვნენ ისინი, ნელ-ნელა გამოვლინდა...

საოცრად ბედნიერი ვიყავი მასთან შეხვედრით და ახალი ძალები მომეცა საკუთარ თავზე სამუშაოდ. ეხლა რატომღაც ვერ ვიხსენებ რაზე ვესაუბრე იმ მომენტში, ვერც იმას ვიხსენებ რა მომენტში დავიძინე, ან სიზმარში რას ვხედავდი, მახსოვს მხოლოდ, რომ მაღვიძარის ხმამ გამაღვიძა. ჩემი ბიჭი სკოლისთვის უნდა გამემზადებინა და ავდექი...

...ავდექი თუ არა, ვიგრძენი, რომ ჩემს შეგრძნებებს რაღაც ახალი დაემატა... უეცრად მივხვდი, რომ გამოჩნდა ის რაც აქამდე უხილავი იყო! ანუ, ის აზროფორმების ხედვა, რომელზეც სიზმარ-სიფხიზლის ზღვრულ მდგომარეობაში ვმუშაობდი, ცხადში გადმოვიდა. ფიზიკური თვალით დანახულს ზედ დაედო ჩემივე ფიქრებით შექმნილი აზროფორმები, ანუ როგორც მიქაელი ეძახდა „მენტალური კონსტრუქციები“, რომლებიც სხვადასხვა სურათების სახით ვლინდებოდნენ. თითქოს ცხადში სიზმარს ხედავ. მობილურს შევხედე, ფეისბუკი გამახსენდა, ასოციაციურად ამომიტივტივდა წუხანდელი პოლიტიკური ამბები და ერთ-ერთი ჩემი მეგობრის გაბრაზებული კომენტარი ფეისბუკში... და სწორედ ამ სიტყვების გახსენებისას, რომლებიც მწარე აგრესიის ემოციით იყო დაწერილი, ჩემ თვალწინ შავი, გაუგებარი ფორმის რაღაც გაიხლართა. ამ აზროფორმას არ ჰქონდა მკვეთრი მოხაზულობა... რატომღაც შავი მაგის სულთან გავავლე ასოციაციური პარალელი, რომელსაც ჩემ ხილვაში ასევე ამორფული ფორმა ჰქონდა. როგორც ჩანს, ბნელი ენერგიის წარმონაქმნებს მენტალურ ველში არა აქვთ ხოლმე მკვეთრი ფორმები...

- გარდაქმენი! - გავიგონე წუხანდელი ხმა, - ამჯერად არა სიზმრის ან შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობის, არამედ ცხოვრებისეული მოვლენების თანმხლები აზროფორმები გარდაქმენი და დააკვირდი, რა მოხდება...

მე შევეცადე გაბრაზებული კომენტარით შექმნილი აზროფორმის გასანეიტრალებლად მისთვის სიხარულის აზროფორმა დამეპირისპირებინა. სიხარულის ემოცია გამოვიწვიე და ჩემ გარშემო ისევ თოვლი წამოვიდა (იხ. 2013. ქრისტესთან შეხვედრა). ოღონდ ამჯერად ამ თოვლს „საღმრთო მადლის“ ენერგია მივანიჭე და ის ოქროსფრად მბზინავ ფიფქებად გადაიქცა. ფიფქები ნელა, მდორედ ეცემოდნენ ჯერ არგათენებულ ღამის სიბნელეში, გზადაგზა ტრიალებდნენ და ოქროსფერ სხივებს ალმაცერად ისროდნენ. მათი ყოველი დაცემა ერთ პატარა სიხარულის ნაპერწკალს მატებდა იმას, რასაც ეცემოდნენ... მთელი ოთახი ოქროსფერი ნაპერწკლებით აელვარდა. თავი ზღაპარში მეგონა. სადღა იყო ბნელი აზროფორმები ან შავი ხლართები, თავისი გულისმომშხამავი მოქმედებით.

მე გვერდზე ოთაში გავედი და ჩემი ოქროსფერი თოვლი იქაც გამომყვა... ეს ყველაფერი ხელს არ მიშლიდა, რომ პარალელურად ჩემი შვილისთვის საუზმე მომემზადებინა... ჩემ გარშემო აბრჭყვიანებულმა სულიერმა მატერიამ საოცარ ხასიათზე დამაყენა და ჩემი განწყობა მაიტრეიას გავუზიარე... მისი გაღიმება ვიგრძენი.

- გაიხსენე, როგორ შეიძლება დაინახო ერთი და იგივე სივრცე მაღალი ცნობიერებით და დაბალი ცნობიერებით.

მან ჩემი ფიქრები იმ სიზმრისკენ მიმართა, რომელიც რატომღაც თავის დროზე გამომრჩა და არ ჩავწერე, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიზმარი განსაკუთრებული ფერებით და ემოციებით გამოირჩეოდა.

დამესიზმრა, თითქოს იტალიური სახლის ეზოში ვდგავარ, სწორედ იმ ეზოში რომელშიც გავიზარდე და ბავშვობა გავატარე. ეზოში მარტო ვარ, მაგრამ ვიცი, რომ დედაჩემს ველოდები, იმიტომ რომ სადღაც ერთად წასვლას ვაპირებთ. თითქოს ღამეა, საკმაოდ ბნელა, როდესაც უეცრად გარშემო ყველაფერი ნათდება. ოღონდ ეს ნათება არა გარედან, არამედ შიგნიდან მოდის - გარშემომყოფი სახლის კედლებისა, სახურავებისა და ხეების შიგნიდან! შენობები და ხეები თვითონ ანათებენ... თითქოს სახლის კედლები ფაქტურას იცვლიან, ძვირფასი ქვებივით გამჭვირვალე ხდებიან და შიგნიდან ანათებენ მკრთალი, მაგრამ ძალიან ლამაზი, რბილი სინათლით. სახლის კედლებიდან ასეთივე ძვირფასი ქვისგან ნათალი, მაგრამ რბილი, ჰაეროვანი ყვავილები აღმოცენდებიან და ისინიც ანათებენ - ზოგი ლურჯად, ზოგი მწვანედ, ზოგი ოქროსფრად. ამ ენითგამოუთქმელი სილამაზით მეც შიგნიდან ვივსები და ეს გრძნობა ისეთ სიმსუბუქეს მანიჭებს, რომ ფეხები უნებლიედ მიწას წყდება და ზევით სახურავებისკენ მივფრინავ. იმ სახურავებისკენ, რომელზეც მთელი ბავშვობა ვთამაშობდი და რომლებიც ასე მიყვარს. ისინიც შეცვლილია. ძველი, წითლად შეღებილი უღიმღამო ფირფიტების ნაცვლად სახურავი ერთიან ქრისზოლიტის მასას გავს, რომელიც შიგნიდან ანათებს მოვარდისფრო-მოოქროსფრო ნათებით. ვარსკვალავებით მოჭედილი ღამის ცის ფონზე ეს შინაგანი ლუმინესცენცია გამოუთქმელად მშვენიერია. ვხედავ, რომ სახურავზეც იშლებიან ულამაზესი ღამის მანათობელი ყვავილები და მთვარის შუქზე მშვენიერი ქალაქის საოცარი სანახაობა იშლება! მე ვგრძნობ რომ ყველგან შემიძლია გავფრინდე, სადაც კი მომესურვება და მხოლოდ ერთზე მწყდება გული, რომ ამ სილამაზეს ვერავის ვუზიარებ. უცებ ვხედავ, რომ ქვევით, ეზოში დედაჩემი შემოვიდა და თვალით მეძებს. მე მაშინვე ჩამოვფრინდი და გახარებული დედას მივვარდი: 

- შეხედე! შეხედე! - დავუყვირე მე ჯერ კიდევ შორიდან, - შეხედე რა სილამაზეა!

მაგრამ დედა გარშემო იყურება და ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ხედავს! მე გაკვირვებული ვუყურებ და ვიმეორებ:

- შეხედე რა ლამაზია ყველაფერი... - ის ისევ ავლებს თვალს ეზოს და ისევ გაკვირვებული მიყურებს.

- როგორც ყოველთვის. რა შეიცვალა? - მეკითხება.

- აგერ შეხედე, კედლებზე რა ლამაზი ყვავილები ამოვიდა! შიგნიდან ანათებენ, - ვეუბნები მე და ვცდილობ დედა იმ კედელთან მივიყვანო, სადაც ორი წუთის წინ ყვავილები შევნიშნე, მაგრამ უეცრად ვხვდები, რომ იქ არაფერია!... ყვავილები გაქრნენ, ხოლო კედლებმა ნათება შეწყვიტეს!... ეზო ისევ ღამის უჟმურ, გაქუცულ და მტვერიან სიბნელეში ჩაეშვა... ისევ იგივე სარდაფებიდან მომავალი კატებისა და მტვერის სუნი მომხვდა ცხვირში, ძველი ხის კარებებზე ჩამოქერცლილი საღებავები შემომეფეთა თვალში, მორყეული კიბე აჭრიჭინდა ფეხქვეშ და ორმოებიანმა ნაცრისფერმა ასფალტმა უკანასკნელი სინათლის სხივი შთანთქა, ჩემი სხეული კი ტყვიასავით სიმძიმემ გაავსო, რომელმაც ისევ მიწასთან მიმაჯაჭვა...

დედა გაკვირვებული მიყურებს, ბოლოს ბეზრდება და მეუბნება:

- წავიდეთ ბოლოს და ბოლოს, თორემ მაღაზია დაიკეტება!

მე უხმოდ მივყვები. ყელში მწარე ბურთი მაქვს გაჩხერილი და ვცდილობ ცრემლებისგან თავი შევიკავო. ამ სიმახინჯეში და უიმედობაში თავს მხოლოდ ერთი აზრით ვიმშვიდებ - ჩემ გვერდით დედაა - ჩემი დედა!...

ეს სიზმარი მაშინ დამესიზმრა, როდესაც დედა უკვე აღარ მყავდა... და ეხლაც, ამდენი წლის მერე ეს სიზმარი მკაფიოდ იყო ჩაბეჭდილი ჩემ მეხსიერებაში და როგორც მაშინ ორმაგი, ურთიერთსაპირისპირო ემოციები გამოიწვია. მაგრამ ამჯერად შევეცადე ჩემი ყურადღება იმ პოზიტიურ მხარეზე გამემახვილებინა, რომელიც შინაგანი სინათლის დანახვას უკავშირდებოდა... მე ისევ ჩემ სამზარეულოში ვიჯექი... ჩემ წინ ჩემი შვილი ჩაის სვავდა, ხოლო ჩემს გონებაში მაიტრეიას სიტყვები ტრიალებდა... „გაიხსენე“... „გაიხსენე“... ოქროსფერი წვიმის აზროფორმა შევწტვიტე და შევეცადე გარშემომყოფი მატერია შიგნიდან გამენათებინა იმ სილამაზის და სრულყოფილების გრძნობით, რომელმაც მაშინ, იმ სიზმარში მიწიდან მომწყვიტა და ფრენის უნარი მომანიჭა... და ნატიფი მატერია წამოყვა ჩემს სურვილს! მე დავინახე, რომ იმ სუბსტანციამ, რომელიც ფიზიკური ნივთების არსს წარმოადგენს, მართლა დაიწყო შინაგანი ნათება... ან იქნებ სულ ანათებდა, მაგრამ მე მხოლოდ ეხლა დავინახე... ისევ გაივსო ოთახი ჯადოსნური ლუმინესცენციით და ისევ ვიგრძენი ის შინაგანი სულიერი სიმსუბუქე, რომლისგანაც ფრენა გინდება. მე მაიტრეიას დავანახე, რასაც თავად ვხედავდი და ძალიან მომინდა, რომ ეს ნათება მთელ ქვეყანაზე გავრცელებულიყო. რომ ყველა ადამიანის, ყველა სახლში გაფანტულიყო ის მომწამლავი, ბნელი აზროხართები, აგრესიის და ბოროტების წარმონაქმნები... ეს სურვილი ქვეყნის ეგრეგორზე მივმართე, საქართველოს რუკა წარმოვიდგინე და ლუმინესცენცია გამოწვევის სურვილი განვაცხადე... არ ვიცი გამომივიდა თუ არა... მოახდინა თუ არა ვინმეზე ან რამეზე ზემოქმედება ჩემმა, ერთი ადამიანის ნებელობით გამოსხივებულმა სინათლემ, მაგრამ ამ შეგრძნებამ ენით აუღწერელი სიხარული მომანიჭა...

- ის სიზმარი მაშინ შენ შექმენი, ხომ?... - ვკითხე მაიტრეიას.

- ისიც და ბევრი სხვა... - მიპასუხა მან, - მე მინდა, რომ შენც და სხვებიც, ვინც შენს წიგნს წაიკითხავენ, მიხვდნენ, რომ სწორედ ეს დახშული ხედვაა, რაც ადამიანს სიბნელეში და უიმედობაში ამყოფებს. სწორედ იმის ვერ დანახვა, რომ ყოველი ცოცხალი და არაცოცხალი გარშემო თავადაა ღვთაებრივი სინათლის, სიყვარულის და ნეტარების გამოსხივების წყარო, რადგან არაფერი არ არსებობს ღმერთის ცნობიერების გარეთ. სწორედ ამ დახშული ხედვის გამო ადამიანები უკანასკნელი ძალებით ებღაუჭებიან, იმას, რაც მათთვის სიყვარულის წყაროს წარმოადგენს - ახლობელ ადამიანებს... ისინი კი აუცილებლად ადრე თუ გვიან მიდიან ამ ცხოვრებიდან და გაუსაძლის ტკივილს ტოვებენ, რომლის შევსება და ჩანაცვლება შეუძლებელია, თუ მთელი შენი არსი არ შეიცვალა და არ დაინახე, რომ სიკვდილი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მარადიული ყოფა, ღმერთის ცნობიერებაში გამოვლენილი სამყაროები და ღმერთის ცნობიერებასთან შერწყმული შინ დაბრუნების განცდა.

მე მისი სიტყვები ჩამესმოდა... პარალელურად, ჩემს შვილს ქუდის და კაშნეს გაკეთებას ვახსენებდი. ის ჩემმა მეუღლემ სკოლაში წაიყვანა.. მამაჩემიც ადგა, ხოლო მე საძინებელში დავბრუნდი. დღე თავისი ჩვეული რიგითობით მიდიოდა. დაღლილობა ვიგრძენი და წამოვწექი... თვალწინ ისევ ოქროსფრად თოვდა, ხოლო ოთახში ჯერ კიდევ შინაგანი ნათებით კაშკაშებდნენ ჩვეული ნივთები... ქუთუთოები დამიმძიმდა და ძილმა ჩამითრია...

...ვხედავ, რომ მე თვითონ ვარ მიქაელი... ის ჩემშია და მე მასში... მე და ის არც კაცი ვართ, არც ქალი... ორივეს გარეგნობა გვაქვს და ორივეს მოვიცავთ საკუთარ „მე“-ში. ამ „მე“-ს დიდი გამჭვირვალე ფრთები აქვს და ყველგან ფრენა შეუძლია! მე ავფრინდი ცაში, ღრუბლებს გავცდი, მიწის მოხაზულობები ქვევით მოვიტოვე და კოსმოსის უწონობა შევიგრძენი, მერე ფრთები დავკეცე და მეტეორივივით თავქვე დავეშვი დედამიწისკენ! საოცარი სიჩქარით გავაპე ღრუბლები და ჩემს ქვეშ გადაშლილ ოკეანეში ჩავეშვი... წყალი ისეთივე თბილი და მშობლიური იყო, როგორც ჰაერი, როგორც მზე, როგორც კოსმოსი და ყველაფერი გარშემო... მე არც სუნთქვა მჭირდება, არც საკვები... ჩემი სახელია „თავისუფლება“! წყლიდან ამოვყვინთე და ისევ ცაში ავიჭერი... ვგრძნობდი, როგორ მომყვებოდნენ წყლის თბილი შხეფები... ისევ ავკრიფე კოსმოსური სიჩქარე და ისევ გავცდი დედამიწის ფარგლებს...

... ტელეფონის ზარმა გამაღვიძა...

- გიორგისთვის ვაქცინა მოიტანეს, - მეუბნება დედამთილი. ჩემს უმცროს შვილს აცრა აქვს გასაკეთებელი, - იქნებ ვინმემ გამოიყვანოს ადრე სკოლიდან?

მე ამ საქმეს ვაგვარებ... ტაქსს ვიძახებ, ვარკვევ მისამართს, სადაც უნდა წაიყვანონ... მაგრამ ჩემი ფიქრები იმ სიზმარშია და ისევ ვგრძნობ მაიტრეიას თანამყოფობას... რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა მითხრას... ან იქნებ პირიქით, მე უნდა ვუთხრა?.. უნდა გავიხსენო...

- ის კაცი ჩემს სიზმარში, როდესაც წინა ინკარნაცია დამესიზმრა (იხ. „წინა ინკარნაცია“), სრული ტანის მამაკაცი, რომელმაც ამ ცხოვრებაში დაბადებამდე მითხრა „Ты родишся в неблагоприятных условиях. Родишся женщиной в стране где нет Бога. Если сумеешь понять истинную суть себя, то...“, შენ იყავი?

მან დასტური მომცა... და მე გავაგრძელე:

- მე მაშინ ვიფიქრე, რომ ეს ამოცანა - საკუთარი ჭეშმარიტი არსის ამოცნობა, რომელიც როგორც ჩანს ჩემი ამჟამინდელი ინკარნაციის მთავარი ამოცანაა, გამოვიცანი, როდესაც გავაცნობიერე, რომ მე არა ვარ ფიზიკური სხეული, არამედ სული...

მას გაეღიმა და მეც მივხვდი, რომ ისეთი პასუხი გავეცი, როგორსაც პირველკლასელი გასცემდა ბოლო კლასელის რთულ კითხვაზე.

- მაგრამ ეხლა ვხვდები, რომ არა... - გავაგრძელე აზრი, - ეს არ იყო სწორი პასუხი...

შინაგანი მზერით მიქაელი მოვძებნე... თუმცა შინაგან თვალზე სწრაფად ჩემმა გულმა მისი გული იპოვა და ისევ ვიგრძენი ნაცნობი ერთგული, მუდმივად გვერდზე მყოფი, მომთმენი, მიმტევებელი და მოსიყვარულე არსება, რომლის მიმართ ყოველთვის საოცრად ძლიერი გრძნობა მიჩნდებოდა, როგორც სულის მეორე ნახევრის მიმართ. ამ გრძნობას ვერაფრით ვერ ვხსნიდი და ჩემს მდაბიო ადამიანურ ბუნებას ვაბრალებდი...

„შენ ერთხელ კითხვა დამისვი, როგორ შეიძინა ადამიანის სულიერმა სტრუქტურამ უმაღლესი მანასი...“- გამახსენდა მე მისი ადრე ნათქვამი სიტყვები, რომელზეც პასუხი ახლა ასე ცხადი იყო...

- გამოცდა ჩაბარებულია, - ვუთხარი მე.

მან მე გამიღიმა, მე კი მას...

"Звезды исчезают перед рассветом как воспоминания...

То, что может быть названо, должно существовать.
То, что названо, может быть написано.
То, что написано, должно быть запомнено.
То, что запомнено, живет..."

"Тексты пирамид"

წიგნის PDF ვერსია შეგიძლიათ გადმოწეროთ ფეისბუქ-ჯგუფიდან - გნოზისი

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff