გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

ბრძოლა ბნელ ძალებთან

 

2019 წელი. 10 ნოემბერი. ბრძოლა ბნელ ძალებთან

სიზმარი:

ვხედავ, რომ სადაც არ უნდა მოვხვდე, ქუჩა იქნება ეს, თუ სახლი, ადამიანების გვერდით უცნაური დემონური გოლიათები დაძრწიან. უფრო სწორედ კი არ დაძრწიან, ცხოვრობენ. ისინი ცხოვრობენ, ხოლო ჩვენ, ადამიანები ვარსებობთ მათ გამოსაკვებად. ისინი მტაცებლები არიან, ჩვენ კი მათი საკვები. მე, ისევე, როგორც სხვა ჩემნაირი, ვინც მათ ხედავს, მუდმივად ვიმალები. თუ შეიტყეს, რომ მე მათ ვხედავ, მომკლავენ. ამ გოლიათებმა რაღაცნაირად ბერძნული ტიტანები, უფრო სწორედ ციკლოპები მომაგონეს - მხეცი, ბრიყვი, მაგრამ ძალიან ღონიერი გიგანტები, რომელიბიც ადამიანებით იკვებებიან. ოღონდ არა ადამიანების ფიზიკური სხეულებით, არამედ სამშვინველით და გამოსხივებული დაბალვიბრაციული ფსიქიური ენერგიით. ჩვენ მათ ვერ ვხედავთ, ხოლო ისინი გვათამაშებენ თავის ნებაზე და საოცრად ერთობიან და ხალისობენ ჩვენს უბედურებებზე, ვნებათა ღელვებზე, ჩვენს კონფლიქტებზე და ურთიერთსიძულვილზე. ამ დღეებში თბილისში დიდი ვნებათა ღელვებია ეროვნული ფასეულობების, უმცირესობათა უფლებების და თავად ეკლესიის ცოდვიანობის გარშემო. ეს მოვლენებიც ერთგვარად დავინახე სიზმარში. ადამიანების უმრავლესობა ცხვრის ფარას ჰგავდა. სწორედ ციკლოპებთან და მათ ცხვრებთან იყო ყველაზე დიდი მსგავსება. დავინახე, როგორ შედიან ლამაზად ჩაცმული და დაპრანჭული ადამიანები თეატრში, მაგრამ შინაგანად ცხვრები არიან, თან ისეთი მოუვლელი და ბინძური ცხვრები, რომ შეცოდების გარდა, ცოტა ზიზღიც რომ გაგიჩნდება მათ მიმართ. ისინი ამ დემონებს არ ეწინააღმდეგებიან. ეს მორჩილი ფარაა და მათ მუდმივად თავი აქვთ ჩაქინდრული. მათ ვერაფერს აუხსნი, ვერაფერს გააგებინებ. ისინი გაბრაზდებიან როცა უბრძანებენ, ერთმანეთს დაერევიან, როცა უბრძანებენ. სწორედ ასეთ „ცხვრებს“ ნებადართული აქვთ იცხოვრონ, ხოლო მათ ვინც ამ გოლიათ არსებებს ეწინააღმდეგება, უბრალოდ პოულობენ და ხოცავენ. ეს მხეცები ჩვენზე ორგიებს აწყობენ. ამ გოლიათებს ეკუთვნით ყველაფერი გარშემო. ის რაც ჩვენ ჩვენი საკუთრება გვგონია, სახლი იქნება ეს თუ მიწა, ილუზიაა. ყველაფერი მაგათია და ჩვენც, ვინც ამას ვაცნობიერებთ, მათ მიწაზე ვცხოვრობთ, მათი სამფლობელოს შინაური ცხოველები ვართ და მხოლოდ ჩვენი შეზღუდული სენსორიკა და შესაბამისად რეალობის შეზღუდული აღქმა გვიქმნის ჩვენ იმის ილუზიას, რომ რაღაცას ვაკონტროლებთ. ეს გოლიათები დედამიწისთვის უცხოები არიან. მახსოვს გამეფიქრა, როგორ ელოდებიან-თქო ადამიანები უცხოპლანეტურ რასებთან შეხვედრას და თურმე უკვე შეხვედრილები ვართ და თურმე რასთან გვაქვს საქმე! სიზმარში ღამის ცას შევხედე და უამრავი მფრინავი ობიექტი, პირტალი და ტრასები დავინახე. ასევე დავინახე, თითქოს ცას ვიღაცეები ასკანერებდნენ, ისე, რომ მანდაც სრული კონტროლი იყო. ერთადერთი, მეფიქრება, რომ სიბრიყვიდან გამომდინარე, ესენი არ არიან მთავარი მმართველი დემონური არსებები. მათ თავიანთი ზემდგომები ყავთ და ესენი უბრალოდ რიგითი „ორკები“ არიან. დავინახე როგორ იბრძვიან მათთან მართალი ადამიანები და როგორი არათანაბარია ეს ბრძოლა. დავინახე მამაჩემი, რომელიც ასაკის მიუხედავად ერთ-ერთი პირველი იდგა იმათ რიგებში, ვინც მათ ეომებოდა. დავინახე, როგორ მოხვდა მამაჩემს ერთ-ერთი გოლიათის მოქნეული ცული ფერდში და თითქოს კისერშიც დაიჭრა. ფერდიდან ცული ამოვუძრე და ჩემ თავს ვაიმედებდი, რომ ეს ჭრილობები შეუხორცდებოდა. მამაჩემი ისეთი დაღლილი ჩანდა, რომ ტკივილისგან და უძლურებისგან მეტის ატანა აღარ შეეძლო. მას სასოწარკვეთის სიტყვები აღმოხდა, ალყაშემორტყმული, განწირული ადამიანის ძახილი, რომელმაც გულის სიღრმემდე შემძრა. დავინახე ჩემი ძმა, რომელიც ასევე მათ წინააღმდეგ მებრძოლთა ჯარში იყო, მაგრამ ერთ ადგილას იყო ჩაკეცილი და იმედდაკარგული იმეორებდა ერთი და იგივე სიტყვებს: „რაც უნდათ ის უქნიათ... აღარ შემიძლია“...

...ძვლებში და სისხლში მივაბიჯებ... ეს არ არის ბრძოლის წაგება, ეს არის ჟლეტა! ვიმალები, სადაც შემიძლია და თავშესაფარს გამუდმებით ვიცვლი, ისინი კი მტაცებლებივით დაძრწიან და წინააღმდეგობის „მეომრებს“ ეძებენ. გოლიათი რამდენჯერმე მომიახლოვდა და ვერ დამინახა. აღმოვაჩინე, რომ ჩემი უნარია, ვიყო უჩინარი მათთვის. მათ თავიანთი ჯაშუშები ყავთ ადამიანთა შორის, რომლებიც ჩემნაირ „უჩინარებს“ ეძებენ, რადგან ადამიანი ადამიანს ყოველთვის ხედავს. ერთ-ერთმა ჯაშუშმა მიპოვა, მაგრამ არ ჩამიშვა და გამაპარა. ჯაშუში ადამიანებიც გულშემატკივრობენ თურმე თავიანთ მოდგმას. მორიგ სამალავში შევძვერი, როდესაც ერთ-ერთი გოლიათი მომიახლოვდა. მას თეთრი ჩოხა ეცვა და ჩვენ ქვეყანაში გათამაშებულ „ტრადიციების დაცვის“ სცენარიდან „ძოვდა ენერგიას“. თითქოს მისი „ცხვრებისგან“ მატყლს იღებდა, თოკებს წნიდა და ჭამდა. თან მთვრალივით ღრიალებდა და იცინოდა. რაღაც მომენტში შემთხვევით გადაგორდა და დამეჯახა. მიუხედავად იმისა, რომ ვერ მხედავდა, დაჯახება იგრძნო და მაშინვე კისერში ჩამავლო ხელი. ისევ ვიგრძენი ის შეგრძნება, რაც რამდენიმე დღის წინ მქონდა, როდესაც მე-5 ჩაკრაზე თავდასხმა ვიგრძენი. გოლიათმა ხელი ჩამჭიდა და ჩაილაპარაკა:

- ორი წუთი გაქვს დამიმტკიცო, რომ ის არ ხარ, ვიზეც ვფიქრობ!

მე მუშტი ვხიე ცხვირში. რადგან ისევ ვერ მხედავდა, მოულოდნელობისგან გადავარდა, თუმცა ხელი არ გამიშვა და ამ დროს გამეღვიძა...

...რომ გავიღვიძე, ვიგრძენი, რომ გარშემო სიბნელე იყო მოზღვავებული. ეს არ იყო ჩვეულებრივი ღამის სიბნელე, არამედ ღრმა, ძვალ-რბილში ჩამწვდომი, ძალიან ყრუ და ბლანტი სულისგამყინავი წყვდიადი. დიდი ხანია ასეთ ბნელს ჩემთვის არ შემოუტევია. მე ლამფის შუქი ავანთე, მაგრამ ჩემი ფიქრები ისევ იქ იყო. მე რაც დავინახე იყო გლობალური და კატასტროფული სცენარი, რომლიდანაც ადამიანები საკუთარი ძალით თავს ვერ დააღწევენ. ისინი მოშინაურებულ ბრბოდ არიან ქცეულნი, დადაღულები „მხეცის ნიშნით“ - დაბალი ცნობიერებით და მხოლოდ ასეთებს ეძლევათ არსებობის (აპოკ. ყიდვა-გაყიდვის) უფლება, დანარჩენები კი უმოწყალო ამოხოცვის რეჟიმში არიან, სრულიად არათანაბარ და დაუნდობელ ბრძოლაში...

- სად არიან ღვთისშვილები? რატომ არ გვეხმარებიან ამ გოლიათებთან ბრძოლაში?.. - აღმომხდა უნებურად და დახმარების თხოვნით მიქელს და ქრისტეს შევევდრე.

უეცრად გავიგონე, როგორ გაიღვიძა გვერდზე ოთახში ჩემმა შვილმა, „---------„-იმ და მამამისს დაუწყო რაღაცის მოყოლა.

დილით, როდესაც ყველანი სამზარეულოში შევიკრიბეთ, ჩემმა ბიჭმა თავისი სიზმარი მოყვა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ჩემს მეუღლეს უკეთ ახსოვდა, მისი ღამინდელი მონაყოლიდან.

„----------„-ის სიზმარი:

- დამესიზმრა, თითქოს დედამ ცუდი სიზმარი ნახა და რომ გაეღვიძა სიბნელეში იწვა. სიბნელე იყო მის გარშემო... ამ დროს ბაბუ (მამაჩემი) შემოვიდა, ფერდზე ხელი ეჭირა, თითქოს ტკიოდა და „ვახ ჩემიო“- ასე ამბობდა. მე ვერ მივხვდი რა ხდება. უცებ დავინახე, რომ ჩვენი სახლის გარშემო მგლები შეიკრიბნენ (ჩემი ბიჭი ცხოველების თემითაა გატაცებული და ბოლო დროს მგლები აინტერესებს). მაგრამ ეს მგლები კარგები იყვნენ... დასახმარებლად მოვიდნენ... თითქოს რაღაც ხარი უნდა შეეჭამათ...

მივხვდი, რომ ეს სიზმარო ორივემ მივიღეთ, მხოლოდ ჩემმა ბიჭმა ერთგვარი გაგრძელება ნახა. ფიქრებით მიქაელს დავუკავშირდი და მისი სითბო და სიყვარული ვიგრძენი ჩემ მიმართ, რომელმაც დამამშვიდა და მეც გადამიყვანა შინაგანი ჰარმონიის მდგომარეობაში.

მიქაელი:

- შენ რაც დაინახე, როგორც მიხვდი ქართული მითოლოგიის სცენარი იყო... შენი შვილი ამ გოლიათებს სხვა სახით დაინახავდა... შესაძლოა ცხოველების სახით... იმ მტაცებელი ცხოველების სახით, რომლებიც მის ქვეცნობიერში ბოროტ არსებებთან ასოცირდება... ისევე როგორც ჩვენი დამხმარე „მეომრები“ დაინახა მეგობრული მგლების სახით, რადგან ეხლა მგლების თემითაა გატაცებული. შენ უკვე კარგად იცი, რომ „თვალს“ არ უნდა ენდო, არამედ არსს ჩაუკვირდე. მე რაც გაჩვენე მართლა ხდება. და ამ ბნელ ძალებს მართლა აქვთ იერარქიული წყობა. ეს დემონები დაბალი რანგის არსებები არიან. მაგრამ ვინც არ უნდა იყვნენ და რომელ იერარქიულ რგოლსაც არ უნდა მიეკუთვნებოდნენ, მათი ამოცანა ერთია: კაცობრიობა დაბალვიბრაციულ სულიერ მდგომარეობაში ამყოფონ, რომ არ მოხდეს სულიერი თვალის ახელა, რაც სულის ამაღლებას ბუნებრივად მოყვება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი, გარდა იმისა, რომ საკვებს დაკარგავენ თქვენი სახით, თვითონ აღმოჩნდენიან ამოვარდნილები დედამიწის ვიბრაციული დიაპაზონიდან და ერთგვარად „დაებმებიან“ ქვესკნელის განზომილებას, რომელთანაც ვიბრაციული შესაბამისობა აქვთ. იმისთვის რომ დედამიწაზე დაბალი სიხშირეები შეინარჩუნონ, ისინი განაპირობებენ სხვადასხვა კონფლიქტურ სცენარებს, სადაც ადამიანებს ერთმანეთს უპირისპირებენ. ამიტომ გასწავლით არა „გარეგან“ დაპირისპირებას, რომელიც დიდწილად მართულია ამ არსებების მიერ, არამედ „შინაგანს“!... თუ მაღალი ვიბრაცია გიჭირავს და სიყვარულის და ჰარმონიის მდგომარეობაში იმყოფები, მათ სცენარში აღარ თამაშობ, გარდა ამისა მათი ზემოქმედების დიაპაზონიდან გადიხარ და ერთგვარად „უხილავი“ ხდები მათთვის. სწორედ როგორც შენ იყავი ამ სიზმარში. სწორედ ამიტომ გასწავლით „მესამე გზას“ ანუ სულიერ გზას, სადაც ყველა შენს მოქმედებებში საღმრთო ძალებთან ხარ დაკავშირებული. ეს არ არის ფიზიკური ბრძოლა, არც ინტელექტუალური ან ფსიქოლოგიური. ეს არის შინაგანი, ღმერთთან კავშირით გატარებული სინათლით ბრძოლა. ამ დროს სხვანაირად ხარ დაცული... შენი ძმა და მამაშენი მართალი ადამიანები არიან და სიმართლით უპირისპირდებიან ამ ძალებს. მაგრამ მათი ბრძოლა „გარეგანია“. ამიტომ დაინახე შენ ის როგორც ხელჩართული ომი იარაღით ხელში, ომი რომელშიც აგებ, იმიტომ რომ ძალები არათანაბარია, ხოლო მართალი და არაკონტროლირებადი ადამიანები უმცირესობაში იმყოფებიან. ბევრს ჰგონია, რომ ის სიმართლისთვის და სიკეთისთვის იბრძვის, მაგრამ ამ დროს იმდენ ნეგატიურ ენერგიას ასხივებს, რომ მხოლოდ ამრავლებს იმ სულიერ წყვდიადს, რომელსაც ასე მძაფრად გრძნობ ბოლო დროს. ამიტომ არის აუცილებელი გულისმიერი კავშირი გქონდეთ საღმრთო ძალებთან, რომ ჩვენ თქვენი მოხმობა გავიგოთ, თქვენი გულის ძახილი შევისმინოთ და დროულად შეგაწიოთ ხელი, რადგან მხოლოდ თქვენი გულებია ჩვენთან დამაკავშირებელი გზა. ჩვენ ყოველთვის მოვალთ, თუნდაც ვერ დაგვინახოთ და ყოველთვის დაგეხმარებით. ჩვენი დახმარება უხილავია. ის შეიძლება იგრძნოთ, როგორც რაიმე გამოსავალი რთული ცხოვრებისული მდგომარეობიდან ან უბრალოდ შინაგანი ნუგეში და სულიერი წონასწორობის დაბრუნება. ჩვენ იშვიათად გვიხდიან მადლობას, რადგან კარგს ადამიანი ბუნებრივად იღებს და იშვიათად ფიქრობს, რომ ხანდახან ეს კარგი დახმარების სახითაა ბოძებული, მაშინ როცა კარმულად არ გეკუთვნოდა.

მე:
- ვინ არიან ისინი, ვინც ამ გოლიათებზე მაღლა დგანან? ანუ, ბნელი იერარქიის რეალური მმართველი ძალები?

მიქაელი:
- ის ვინც შენ ადრინდელ სიზმარში მაღალ და შავებში ჩაცმულ ჰუმანოიდებად დაინახე... ობობებს რომ მიამსგავსე, ეს არ იყო შემთხვევითი... მათი ზემოქმედება პლანეტარულ სიხშირეებზე უფრო გლობალურია... ისინი ფრაქტალური გეომეტრიის ფიგურებში დგებიან და ერთგვარ ანტი-მანტრებს მღერიან. ამით დედამიწის თავზე ქსელივით რაღაც იქსოვება, რომელიც დედამიწაზე მზის და ცენტრალური მზის ნატიფ გამოსხივებებს არ ატარებს. სწორედ იმ გამოსხივებებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მენტალური ველის ვიბრაციის აწევა, რადგან ეს „დასხივება“ ჩვენი, მზეების ანუ ცეცხლოვანი იერაქიის საქმეა და ჩვენი ზემოქმედების იარაღი. ცენტრალურმა მზემ თავისი სხივებით, კოსმოსურად დადგენილ ვადებში უნდა „მოამწიფოს“ კაცობრიობის მენტალი, მაგრამ როგორც მცენარე, რომელსაც თუ მზის შუქს დაუხშობ, ვერ გაიზრდება და დაჭკნება, ასევე ვერ ევოლუციონირდება თქვენი სულიერება ამ დასხივების დახშობის შემთხვევაში. თითოეული სულიერად ამაღლებული, ანუ სულიერ სამყაროსთან კავშირში მყოფი ადამიანი, არის ამ ქსელის გამრღვევი. ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი, რომ საღმრთო ძალებთან სწორედ ინკარნაციაში მყოფი ადამიანები თანამშრომლობდნენ. თქვენ რაც შეგიძლიათ, ჩვენ არ შეგვიძლია. თუ ფიზიკურ განზომილებაში დასაყრდენი არ გვაქვს, მხოლოდ სულიერიდან ბევრს ვერაფერს შეცვლით... დიდი ბრძოლა მიდის ადამიანების სულებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბრძოლის ჭეშმარიტი არსი გესმოდეთ...

- მე როგორც სიზმარში დავინახე, ჩვენ ამ ბრძოლას ვაგებთ... რა იქნება, თუ ადამიანები „ცხვრის ფარად“ დარჩებიან და ბნელი იერარქია სრულად მოიპოვებს კონტროლს?

- ამოქმედდება კატასტროფების სცენარი... ადამიანების უმეტესობა ამოწყდება. ამით ბნელი იერარქიის „საკვები“ ფიზიკურად განადგურდება და ისინი გადავარდებიან დაბალ განზომილებაში. ერთგვარ გარესკნელში. გარკვეული ვადებით... პლანეტარული ნატიფი ველები გაიწმინდება ნეგატიური ვიბრაციებისგან და ინკარნაციაში შეძლებენ მოსვლას უფრო ამაღლებული სულები, რომლებიც უფრო ამაღლებული სულიერების სოციუმს შექმნიან...

- რატომ გარკვეული ვადებით?..

- „ტიტანები“ ყოველთვის შეიძლება „ამოძვრნენ მიწისქვეშეთიდან“, თუ „მიწისზედა“ განზომილება დაეცემა ვიბრაციებში და მათთვის საარსებო გარემოს შექმნის... ეს ყოველთვის უნდა გახსოვდეს...

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff