სიკვდილისშემდგომი მდგომარეობა და „დრაკონის“ ეგრეგორი
2018 წელი. 30 ნოემბერი. კონტროლირებადი სიზმარი
ვგრძნობ რომ სიზმარსა და სიფხიზლეს შორის ვარ, მაგრამ გონება უფრო სიზმრისკენ იხრება, რადგან ვიზუალიზაცია ძალიან მძაფრდება.
- ეს კონტროლირებადი სიზმარია, - მემის მიქაელის ხმა, - აქ ყველაფერი შეგიძლია გააკეთო, რასაც მოისურვებ.
მე თითქოს რაღაც შენობაში ვარ, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენი ძველი ბოტანიკის ინსტიტუტს. ვერანდაზე გამოვდივარ, რომელსაც მოაჯირები არა აქვს. ვერანდიდან ქვემოთ, ხევში ვიყურები და პირველი აზრი, რომელიც თავში მომდის არის ის რომ ამ უფსკრულთან სიფრთხილე მმართებს.
- გადააბიჯე, -მესმის მიქაელის ხმა, - ნუ გეშინია, ჩემზე იფიქრე და გადააბიჯე. აქ ყველაფერი შესაძლებელია.
მე მასზე გავიფიქრე და გულში მის მიმართ უმალ გაება მოსიყვარულე თბილი გრძნობა, რომელსაც დიდი ნდობაც ახლდა თან.
ვერანდიდან ნაბიჯი გადავდგი სურვილით რომ ჰაერში გავჩერებულიყავი. ასეც მოხდა და ჰაერში დავეკიდე. ცოტა ხანი ასე უაზროდ ვეკიდე ქანავ-ქანაობით და ქვევით, უფსკრულში ჩაკიდულ მცენარეებს და ხე-ბუჩქებს ვათვალიერებდი. მერე მომბეზრდა და აფრენა გადავწყვიტე. ჩემი სხეული ფიქრებს მაშინვე დაემორჩილა და ძალიან დიდი სიჩქარით დავიწყე მაღლა მოძრაობა. ძალიან მალე ღრუბლების ზემოთ აღვმოჩნდი და გამახსენდა რომ ბავშვობაში თვითმფრინავით ფრენისას სულ წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორგ დავრბოდი ამ ბამბასავით ფაფუკ ღრუბლებზე, რომლებიც ხან მთებს ჰგავდნენ, ხან თხელი ბურუსის ზღვიდან თავამოყოფილ კუნძულებს. რა არაჩვეულებრივი გრძნობაა, რომ ეს ბავშვობის ოცნება შემიძლია ავისრულო და ღრუბლებზე ვირბინო!.. მაგრამ მე კიდევ მაღლა მომინდა აფრენა და გზა გავაგრძელე... მიქაელთან მინდოდა მოხვედრა. ეს აზრი მამოძრავებდა, თუმცა არც ის ვიცოდი საით უნდა ამეღო გეზი, სად არის მისი ადგილსამყოფელი ან თუ არის საერთოდ იქ, რასაც ჩვენ კოსმოსს ვეძახით? მერე საკუთარ თავს დავხედე და დავინახე რომ ღამის პერანგი მეცვა. ასე, ღამის პერანგით ხომ არ დავლაშქრავდი კოსმოსის სივრცეებს და გავიფიქრე თუ არა, ტანსაცმელი ეგრევე გამომეცვალა. ჩემდა გასაკვირვად რაღაც გაუგებარი ცისფერი, საზღვაო სტილის კაბა მეცვა. ჩემ თავზე გავბრაზდი. რომელი ერთი ქვეცნობიერი კუნჭულიდან ამოძვრა ეს გაუგებრობა ტანსაცმელი? როდის იყო მე საერთოდ კაბებს ვიცვავდი?
მიქაელის ღიმილი ვიგრძენი.
-ხომ ხედავ როგორი მნიშვნელოვანია აზრის კონცენტრაცია, რომ სასურველი შედეგი მიიღო? თქვენი ქვეცნობიერი ხანდახან მოულოდნელ სიურპრიზებს გიწყობთ. ფიქრის დამორჩილება უნდა ისწავლო.
კოსმოსში გასვლასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ სიზმარ-სიფხიზლის მყიფე ზღვარი ისევე მოულოდნელად დაინგრა, როგორც შეიქმნა და გამოვფხიზლდი.
არ ვიცი მიქაელი ჩემგან რას ელოდა, მაგრამ მე მაინც კმაყოფილი დავრჩი, რადგან არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო.
-შემდეგ ჯერზე... თუ იქნება შემდეგი ჯერი, მზეზე გავფრინდები. ძალიან მაინტერესებს მზე ახლოდან როგორია. იმედია იკაროსივით არ დამეფერფლება ფრთები... - გავიფიქრე და ფიქრებში მიქაელს ჩავეხუტე.
2018 წელი. 6 დეკემბერი. სიკვდილისშემდგომი მდგომარეობა და „დრაკონის“ ეგრეგორი
მიქაელი:
- ნუ გამოტოვებ ხოლმე იმ თემას, რომელზეც ინფორმაციას გიგზავნი. ვიცი დემონურ სამყაროებზე და მათ არსებებზე მოსმენა არ გსიამოვნებს, მაგრამ ციკლური სწავლების პრინციპს, ისევე როგორც ყველა ციკლურ ფრაქტალს ახასიათებს „გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი“, იგივე „სატია, ტრეტა, დვაპარა, კალი“, იგივე „დილა, დღე, საღამო, ღამე“ (დააკვირდი, რომ დნმ-ის სპირალიც კი ოთხი ნუკლეოტიდისგან შედგება და ესეც არ არის შემთვხვევითი), ანუ „ჩასვლა-ამოსვლის“ ტალღური პრინციპი. ამიტომ ზედა და ქვედა სამყაროების თემის მონაცვლეობა ციკლური სწავლების ნაწილია. თუ ქვედა სამყაროებზე ინფორმაციას გამოტოვებ, ცოდნას სრულად ვერ გადმოგცემ, რადგან ციკლის შემდეგ, უფრო გაშლილ ხვეულზე ვერ გადავალთ. გარდა ამისა, მე ყოველი ინფორმაციული „პერიოდისთვის“ შესაბამის ვიბრაციულ ფონს ვქმნი. ნუ დამაკარგვინებ ამ ძალისხმევას...
მე ყურადღების მოკრებას ვცდილობ, რომ გავიხსენო ყველაფერი რაც ერთი კვირის თუ მეტი ხნის წინ გამომიგზავნა. შევეცდები აღვიდგინო...
მე:
- ადამიანების სიკვდილისშემდგომ გამოცდილებას ეხება... თვალი გადავავლე სხვადსხვა ინფორმაციას ამ თემაზე, ინტერნეტში მოვუსმინე სხვადსხვა ადამიანების კლინიკური სიკვდილის დროს განცდილ ხილვებს, ცნობილი ექიმი მოუდის წიგნიც მაქვს როდესღაც წაკითხული და მისი ინტევიუც ვნახე. მართალი რომ გითხრა, ცოტა დამაბნია ამ ისტორიების სხვადასხვაობამ, მაგრამ ამავე დროს მსგავსებებიც დავინახე... თითქოს ამ ადამიანების გამოცდილება სუბიექტურიცაა და ამავდროულად არის მათში რაღაც არქეტიპული მსგავსებები...
მიქაელი:
- სწორედ ეს განსხვავება და მსგავსება მინდა რომ გააანალიზო... გაიხსენე, რამ დაგაფიქრა მაშინ ყველაზე მეტად?...
- ყველაზე მეტად დამაფიქრა იმან, რომ სიკვდილისშემდგომი გამოცდილების ზოგ ისტორიაში შეიძლებოდა თვითმკვლელი ადამიანი ჯოჯოხეთში მოხვედრილიყო და ზოგში ასევე თვითმკვლელს ღმერთი ან ანგელოზები ეგებებოდნენ. ერთი და იგივე ტიპის აბორტის გაკეთების დროს კლინიკურად მკვდარი ერთი ქალბატონი შეიძლებოდა ღმერთს შეხვედროდა, ხოლო მეორე ცეცხლოვან გეენაში ჩავარდნილიყო. ადამიანების მონაყოლები რომ დააჯამო, თვითონ ჯოჯოხეთური რეალობებიც ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა ერთი მსგავსება მაინც იყო - ეს არის ადგილი სადაც ღმერთი არ არის; არის „რეალობის“ გამძაფრებული აღქმა; არის მარადიულობის და გარდაუვალობის შეგრძნება; არის ცეცხლი, ჰაერის ნაკლებობა და არ არის წყალი (ანუ მიწის და ცეცხლის სტიქია დომინირებს); ქვევით ვარდნის შეგრძნებაა; სიბნელე, სიმხურვალე და მიწისქვეშეთში მოხვედრა. საერთო ასევე ის არის, რომ ყველა ეს ადამიანი რათქმაუნდა უკან სხეულში დაბრუნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ყველაფერს ვერ აღწერდნენ. უმრავლესობა აღწერს გვირაბში გასვლას, რომლის ბოლოს მათ ღვთაებრივი შუქი ეგებება, თუმცა არც ყოველთვის მასეა. ზოგი სული თითქოს რაღაც რიგში დგება, ზოგს ანგელოზები ხვდებიან, ზოგს ღვთაებები, ზოგს გარდაცვლილი ახლობლები, ზოგს კი თვითონ იესო... ზოგი პირდაპირ ცეცხლოვან ჯოჯოხეთში ვარდება... ზოგი უშუალოდ სამოთხისეულ განზომილებაში ხვდება, ლამაზ ბუნებაში, ახლობლებში და ღვთაებრივი არსებების საზოგადოებაში. ზოგის სული დიდხანს დაფრინავს პალატაში და ექიმების ქმედებებს აკვირდება, ზოგი კი პირდაპირ გვირაბში ან სხვა განზომილებაში ინაცვლებს... ყოველი მათგანი, ვინც კლინიკური სიკვდილის გამოცდილება გამოარა, დარწმუნებულია თავისი შეგრძნებების აბსოლუტურ რეალობაში და სიმართლეში... მე თვითონაც მახსოვს ის მთვარესავით ადგილი, რომელიც სიზმარში ჯოჯოხეთად აღვიქვი და მახსოვს ეს გამძაფრებული რეალობისა და მარადიულობის განცდა. მაგრამ რატომაა ყველა ეს ისტორია ასეთი განსხვავებული? რა ხდება ადამიანის სიკვდილის შემდეგ? განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე ერთი მონაზვნის ისტორიამ. კლინიკური სიკვდილის დროს ის ჯერ „ჯოჯოხეთში“ მოხვდა, ხოლო შემდეგ მას „სამოთხე“ აჩვენეს. მისი ხილვა ძალიან ჰგავდა კლასიკური ჯოჯოხეთის სურათს, სადაც ცეცხლოვან, უჰაერო, უწყლო მიწისქვეშეთში ადამიანებს დემონები ტანჯავდნენ ენით აღუწერელი წამებით. მისი აღწერით მათ ფიზიკურად გლეჯდნენ, წვავდნენ და აწამებდნენ, რის მერე ფიზიკური სხეული ისევ მთლიანდებოდა და ისინი ამ წამებას ისევ და ისევ გადიოდნენ და ასე დაუსრულებლად. მისი აღწერით ეს წამება ისეთივე რეალური განსაცდელია, როგორც ფიზიკურ სამყაროში, ოღონდ თუ ფიზიკურ სამყაროში ადამიანი ასეთი მოპყრობისგან კვდება, იქ ეს შეუძლებელია! საცოდავი სული განწირულია უსასრულო ტანჯვისთვის! მერე ამ ქალბატონს სამოთხისეული განზომილება აჩვენეს, სადაც ყველა საოცარ ნეტარებაში, სიხარულში და ბედნიერებაში იმყოფება. უკან სხეულში დაბრუნების შემდეგ ეს ქალბატონი მონაზვნად აღიკვეცა, რადგან ჯოჯოხეთის შიში მასში ყველაფერ დანარჩენზე ძლიერი იყო. მე მხოლოდ მისი სიტყვები აღმებეჭდა თავში: „არც ერთი, ყველაზე ცოდვილი ადამიანიც კი, არ იმსახურებს იმ წამებას, რაც ჯოჯოხეთში ხდება და არც ერთი, ყველაზე წმინდა ადამიანი დედამიწაზე არ იმსახურებს იმ ნეტარებას, რაც სამოთხეში ხვდებათ“! აი, ეს სიტყვებია, რის გამოც ვერ ვწერდი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ესაა რაც არ მესმის. ესაა ჩემთვის ყველაზე გაუგებარი და ეს შეუსაბამო „დასჯა“ და შეუსაბამო „დაჯილდოვებაა“ ის, რაც ამ ისტორიებში დავინახე და რაც არ მესმის, რადგან ჩემი აღქმით სამყაროში ყველაფერი რაციონალური და კანონზომიერი უნდა იყოს. ყველაფერი წონასწორობის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს. რამდენიც შესცოდე იმდენი უნდა იზღო, არც მეტი და არც ნაკლები! საიდან ეს სადისტური მარადიული ჯოჯოხეთები? ამ ადამიანების მონაყოლის გულწრფელობაში მე ეჭვი არ შემპარვია, რადგან ჩანს მათი დარწმუნებულობა საკუთარ სიმართლეში... ამიტომ... მინდოდა უბრალოდ გადამედო ეს საკითხი, სანამ მეტ ცოდნას შევიძენდი და ამ აბსურდის დასაბუთებას შევძლებდი... ამავე დროს, მოუდის წიგნებში 2000-მდე სიკვდილისშემდგომი გამოცდილებაა შეჯამებული და გამოკვლეული გაცილებით უკეთეს დონეზე ვიდრე რაც მე მოვასწარი და მის მიერ გამოკითხულთა შორის დიდ უმრავლესობას, მათაც კი, ვინც ჩვენი, ქრისტიანული გაგებით „ცოდვილებად“ იწოდებიან, ღვთაებრივ, ყოვლისმპატიებელ სულთან შეხვედრის გამოცდილება ქონდათ! ჯოჯოხეთურ რეალობებში მოხვედრა როგორც ჩანს, მაინც უფრო იშვიათია, თუმცა ჩემთვის დამაბნეველი იყო ის ფაქტიც, რომ იმ ისტორიებში, სადაც ადამიანები ჯოჯოხეთურ რეალობებში ხვდებოიდნენ, ეს ადამიანები არც სერიული მკვლელები იყვნენ, არც მძიმე ბოროტმოქმედები. ჩვეულებრივი, საშუალო სტანდარტული ადამიანები იყვნენ! თუ სიმართლე ასეთია, რომ ამ ცხოვრების შემდეგ საშუალო სტატისტიკური ადამიანი ჯოჯოხეთში ხვდება მარადიული სადისტური წამებისთვის, მაშინ, ჩვენი ფიზიკური სამყარო შეიძლება შეადარო უხარისხო ქარხანას, რომელიც 90% პროდუქციას გაფუჭებულს და დაბრაკულს აწარმოებს. და სულ ერთია როდის და ვისი ბრალით მოხდა შეცდომა ამ „ქარხნის“ ტექნოლოგიურ ხაზში... მაშინ, ეს ფიზიკური სამყარო ჯობია რომ არ არსებობდეს! ის შეუსაბამოა და არასამართლიანი!
ჩემ სიტყვებში (ფიქრებში) გაბრაზება და იმედგაცრუება იგრძნობოდა, რაზეც მიქაელს მხოლოდ გაეღიმა...
მიქაელი:
- აი, მივადექით ე. წ. „გველეშაპის“ ეგრეგორს (იხ. ნახ. 24 და ნახ. 42) ! ეს ძალიან სერიოზული თემაა და არ არის ის საკითხი, რომელზეც ადამიანებმა თვალი უნდა დახუჭოთ ან სირაქლემის პოზიცია აირჩიოთ. უნდა მიხვდეთ, რომ ის რაც ფიზიკურ განზომილებაში ხდება მხოლოდ აისბერგის ხილული მწვერვალია, იმასთან შედარებით რაც მერე, ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ ხდება! აქ საქმე გვაქვს ნატიფ სამყაროსთან და რამდენიმე საბაზისო საკითხი უნდა გავშალოთ, იმისთვის რომ ეს თემა კარგად გაიგო..
ნახ. 43. მთავარანგელოზი მიქაელი ამარცხებს გველეშაპს.
პირველი, რაც მინდა რომ გაიხსენო არის ის, რომ ადამიანს დაბადებიდან მოყოლებული, სიცოცხლის შესანარჩუნებლად ეძლევა ე. წ. პრენატალური და პოსტნატალური ენერგიები. (ეს უხეში დაყოფაა, რადგან ადამიანის მასაზრდოვებელი ენერგიები წესით უფრო ვრცლად უნდა კლასიფიცირდეს.) პრენატალური, არის დედის ჭიპლარით გადმოცემული სასიცოცხლო ენერგია, რომელიც კარმული პროექტითაა განსაზღვრული და გარკვეული რაოდენობის წლებზე, უფრო სწორედ ფიზიკურ ციკლებზე, უფრო დაზუსტებით კი გულის ცემების რაოდენობაზეა გათვლილი, რადგანაც ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის „მზე“ არის გული. (თითოეული გულისცემა (გულის შეკუმშვა) მიკრო სასიცოცხლო ციკლია, რომელიც ასევე 4 მონაცვლეობითი ფაზისგან შედგება.) ამ განსაზღვრული რაოდენობა გულისცემების შესრულებისას, როგორი ჯანმრთელიც არ უნდა იყოს ადამიანი და როგორ ჯანმრთელ ადგილასაც არ უნდა ცხოვრობდეს, მისი სიცოცხლე წყდება. გულისცემათა ეს რაოდენობა ოპტიმალურია „სასიცოცხლო მისიის“ შესასრულებლად. როგორც წესი ერთეულები მილიონებს შორის ასრულებენ თავიანთ დაგეგმილ გულისცემათა რაოდენობას. უმრავლეს შემთხვევაში არასწორი ქმედებები, მავნე ჩვევები, დაზიანებული გარეგანი და შინაგანი მდგომარეობა ამოკლებს ადამიანის სიცოცხლეს.
მეორე, რაც შეეხება პოსტნატალურ ენერგიებს, ეს ის არის, რაც ადამიანს დამატებითი, აუცილებელი ძალებით ასაზრდოვებს. ეს სტიქიათა და პრანული ენერგიებია. მათი ნაკლებობა ასევე ამცირებს სიცოცხლეს.
მესამე, შენ უკვე იცი, რომ სულიერი და ნატიფი სხეულები პირველადია და უხეში ფიზიკური სხეული მეორადი. თუ ნატიფი სხეული, ანუ სამშვინველი ძლიერ დასუსტდა და მთლიანობას ვეღარ ინარჩუნებს, ის ვეღარ ასაზრდოვებს ფიზიკურ სხეულსაც და ისიც თავისმხრივ დაიშლება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მოულოდნელად გარდაიცვალა, მაგალითად უბედური შემთხვევის, ავარიის, მკვლელობის ან თვითმკვლელობის შედეგად, ანუ, თუ მისი ფიზიკური სხეული დაინგრა მანამ სანამ დასრულდა გულისცემათა განსაზღვრული რიცხვი და პრენატალური ენერგია გაუხარჯავია, ადამიანის სამშვინველი აღმოჩნდება ესე ვთქვათ გამოკიდებული ფიზიკურ და სულიერ სამყაროებს შორის.
ეხლა აგიხსნი ეს რას ნიშნავს. იდეალურ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ბუნებრივი სიკვდილით მიდის, ხდება შემდეგი პროცესები: პრენატალური ენერგია ამოწურულია, სამშვინველის ენერგიები შესუსტებულია და კავშირი სამშვინველსა და სხეულს შორის ბუნებრივად წყდება. ამ დროს ხდება სამშვინველის ამოსვლა სხეულიდან. მაგრამ ისიც მალე, თანმიმდევრულად, გარკვეული ვადების დაცვით (აქედანაა მე-9, მე-40 დღე...) იშლება და ათავისუფლებს უმაღლეს „მე“-ს ანუ სულიერ ტრიადას საიმისოდ რომ მან თავისმხრივ შემდეგ რეინკარნაციამდე სულიერ განზომილებაში შესაბამისი ქვეგანზომილება დაიკავოს. თუ ადამიანმა სულიერ ტრიადასთან ძლიერ კავშირში იცხოვრა, მისი სული ანუ ცნობიერება ესე ვთქვათ „მიჩვეულია“ ზედა განზომილებაში ყოფნას, მისი სამშვინველის ვიბრაციებიც მაღალია და ამიტომ მარტივად დაშლადი. ესეთი სული, რადგან მას მიწიერ განზომილებასთან არაფერი აკავებს ადვილად წყდება მიწიერ რეალიებს, მარტივად იშორებს სამშვინველს და ზედა, სულიერ განზომილებაში იმკვიდრებს ადგილს...
...ყველა კლინიკური სიკვდილის გამოცდილება მეორე შემთხვევას ეხება, როდესაც სიკვდილი ესე ვთქვათ „დაუგეგმავად“, კარმული გეგმის შეუსაბამოდ ხდება, ანუ მაშინ როცა პრენატალური ენერგია არ არის გახარჯული და ის ნატიფ სხეულებს ჯერ ისევ უნარჩუნებს ფორმას. ამ შემთხვევაში სული, ანუ ზედა სულიერი ტრიადა მანამ ვერ გათავისუფლდება ბოლომდე სამშვინველიდან, სანამ პრენატალური ენერგია ინარჩუნებს სამშვინველის ერთიანობას. გარდა პრენატალური ენერგიებისა, სამშვინველის დაშლას ხელს უშლის ძლიერი კარმული დანალექები (ანუ, ჩვენი სიტყვებით ცხოვრების განმვალობაში ჩადენილი მძიმე ცოდვები) და სულიერი სხეულების შესაბამისი დაბალი ვიბრაციები. ხომ გახსოვს ისტორიები მოჩვენებებზე, რომლებიც კონკრეტულ ადგილს არიან მიბმულნი, იმის გამო რომ ამ ადგილთან რაღაც ძლიერი მიჯაჭულობა აკავშირებთ. ამ მიჯაჭულობას ადამიანები ქვეცნობიერად მოჩვენების ფეხებზე მიბმული ჯაჭვების სახით გამოსახავდნენ. ეს მიჯაჭულობა შეიძლება მკვლელობის ცოდვა, სიმდიდრის ან საყვარელი ადამიანის ძლიერი, ეგოისტური სიყვარული იყოს. ლეგენდები და ზღაპრები სავსეა ასეთი ისტორიებით. მაგრამ ხომ იცი, ყველა ზღაპარში, განსაკუთრებით ძველ ზღაპრებში კაცობრიობის ქვეცნობიერში არსებული არქეტიპული ცოდნაა ჩადებული. მძიმე ცოდვების გარდა, ადამიანის სამშვინველი სამყაროთა შორის (ანუ პლანეტის ნატიფ ველებში) დაუხარჯავმა პრენატალურმა ენერგიამ შეიძლება გაჭედოს, რომელიც სამშვინველს მთლიანობას უნარჩუნებს. დავუშვათ, ადამიანი მოულოდნელად გარდაიცვალა, მაგალითად მკვლელობის ან ავარიის შედეგად. რა ხდება ამ დროს? ამ დროს მისი ცნობიერება დაკავშირებულია სამშვინველთან (სამ ნატიფმატერიალურ სხეულთან), რომელიც უჭირავს დაუხარჯავს პრენატალურ ენერგიას, მაგრამ ფიზიკურ სხეულთან და შესაბამისად ნერვულ სისტემასთან ერთად ის კარგავს ცნობიერების იმ ნაწილს, რომელიც დრო/სივრცის კავშირს აღიქვავს. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ნერვულ სისტემასთან ერთად იკარგება დროის აღქმა იმ სახით, როგორითაც ადამიანი ფიზიკურ განზომილებაშია ნაჩვევი. აქედან მოდის მარადიულობის შეგრძნება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ასე არ არის! ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მინდა რომ კარგად გაითავისო! ამაზე ადრეც გელაპარაკე, როდესაც თვითმკვლელობებს ვიხილავდით. ვინაიდან ნატიფი სხეულები ნატიფ მატერიას განეკუთვნებიან და ეს უფრო მაღალ-ვიბრაციული განზომილებაა, „რეალობა“ უფრო „რეალურად“ აღიქმება, ხოლო დრო აღიქმება როგორც მარადისობა, რომელშიც ვერაფერს ვერ შეცვლი, რადგან აღარ არსებობს ნერვული სისტემა, რომელიც კოსმოსურ (ანუ მზე/მთვარის) ციკლებს აღიქვავს და დრო/სივრცის კონტინიუმი, რომელშიც შეგიძლია არჩევანი მიიღო! ეს განცდები სახასიათოა ნატიფი სხეულისთვის და ნატიფი სამყაროსთვის, მაგრამ ესეც ერთგვარი ილუზიაა, ერთგვარი მაიაა. ეს „მარადისობა“ გრძელდება მანამ, სანამ არ გაიხარჯება სამშვინველის შემაკავებელი ენერგია და უმაღლესი ცნობიერება, ანუ სული არ გამონთავისუფლება. სულიერ სამყაროში, სული ღვთაებრივ მშობლიურ სახლს უბრუნდება და ნეტარებაში განისვენებს. აქ „რეალობის“ განცდა მით უფრო მძაფრია, რაც უფრო მაღალ ქვეგანზომილებაში ხვდები, ხოლო „მარადიულობის“ შეგრძნება მით უფრო ძლიერი! ეხლა რა ხდება, როდესაც ადამიანი უდროოდ კვდება და მისი სამშვინველი კანონზომირად არ იშლება... მისი ცნობიერება სამშვინველშია, ხოლო სამშვინველი პლანეტის იმ ნატიფ ველში ხვდება, რომელსაც შეესაბამება ამ კონკრეტული სამშვინველის ვიბრაციული ფონი. მსგავსი ხვდება მსგავსში. პრიმიტიული სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ადამიანი „კარგია“, და მისი სამშვინველი ვერ დაიშალა ის ზედა ნატიფ „ილუზიებში“ ხვდება, თუ „ცუდია“ ქვედებში. ხანდახან ადამიანის სამშვინველი სხვადასხვა ილუზორულ ხაფანგებში მოძრაობს, ერთი მეორედან გამოთავისუფლების შემდეგ და ყველა მათგანი მის მიერ აღიქმება როგორ მაღალი დონის რეალობა და მარადისობა! ქრისტიანობაში ამას „საზვერეებს“ ეძახდნენ. ამ დროსაა მნიშვნელობანი, რომ ადამიანი სიცოცხლეშივე შემზადებული იყოს ნატიფ რეალობაში ორიენტაციასთან და ამ სამყაროს „დენად“ ბუნებას იცნობდეს! ნატიფი რეალობა ძალიან სუბიექტურია, რადგან ესე ვთქვათ „ხორცს ისხავს“ ადამიანის ქვეცნობიერიდან, მაგრამ ამავე დროს ობიექტურია რადგან იყენებს გამოვლენილი სამყაროს მარტიცის „მასალას“ და სტრუქტურებს. არქეტიპულია მაგალითად დემონური არსებების გარეგნობა, არქეტიპულია სტიქიები, არქეტიპულია ქვევით ვარდნის ან ზევით აფრენის შეგრძნება. დანარჩენი ძირითადად ძალიან ინდივიდუალურია. გაიხსენე შენი სიზმრები დედაშენი გარდაცვალების მერე (იხ. „დედის გარდაცვალება და საზვერეები“). დედაშენის მაგალითიდან შეგიძლია მიხვდე, რომ ეს ილუზორული ხაფანგები ძალიან სუბიექტურია და ძალიან, ძალიან ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული. ამ „საზვერეებსაც“ ყველა არ გადის. აქედანაა ამდენი განსხვავებული პოსტკლინიკური სიკვდილის სცენარები. დამიჯერე, ძალიან ბევრი არსებაა ჩართული და მომუშავე იმაზე, რომ ადამიანის სული გამონთავისუფლდეს ამ „ილუზორული“ ხაფანგებიდან! კარგად გაიხსენე რას ეუბნებოდი მაშინ დედაშენს! ჩვენ სპეციალურად გაგიშვით შენ მაგ საქმისთვის და შენ კარგად იცოდი რაც უნდა გეთქვა! მთელი დასი არსებების, რომლებსაც თქვენ ანგელოზებს ეძახით და მათთან ერთად ადამიანის გარდაცვლილი ახლოებლების სულები ერთობლივად მუშაობენ იმისთვის, რომ დახვდნენ და გაუძღვნენ მოუმზადებელ სულებს. აქედანაა, რომ ძალიან ხშირად სიცოხლე/სიკვდილის ზღვარზე მყოფი ადამიანები თავიანთ გარდაცვლილ ოჯახის წევრებს ხედავენ და ელაპარაკებიან. ეს ერთგვარი შემზადებაა და გარდაცვლილთა ეს სულები მართლა მიდიან მომაკვდავ ახლობლებთან. ავადმყოფობით გარდაცვალებაც არ არის ის რასაც ჩვენ ბუნებრივ წასვლას ვეძახით. ბუნებრივი წასვლისას ადამიანი როგორც წესი წინასწარ გრძნობს სიკვდილის მოახლოებას. ის თვითონვე ემზადება ამისთვის, წვება და იძინებს. მაგრამ ეს იშვიათად ხდება. 99%-ში ადამიანები ჩვენი გაგებით „უდროოდ“ მიდიან, ამიტომ მათ დახმარება სჭირდებათ. ყველა რელიგიაში არსებული განსასვენებელი რიტუალები, სწორედ ამ დახმარებას ემსახურებიან. მაგრამ გაცილებით რთულადაა საქმე, თუ ადამიანის ცნობიერება სიკვდილის მერე „გველეშაპის“ ეგრეგორის რეალობაში ხვდება! აქედან სულის გამოყვანა არაა ადვილი, თუმცა შესაძლებელია.
შენ იცი, რამდენად მძიმე შფოთვებითა და შიშებითაა სავსე ადამიანების ყოფა და ისიც იცი, რომ შედეგად ადამიანების ნეგატიური ფიქრები, ფანტაზიები და ემოციები დედამიწის ნატიფ ველებში ქმნიან შესაბამის ბნელ მენტალურ და განსაკუთრებით კი ასტრალურ კონსტრუქციებს. მრავალი წლის მანძილზე ყალიბდებოდა და გროვდებოდა ეს ბნელი ლექი დედამიწის სხეულზე და სწორედ ეს მრუმე ბლანტი სივრცეა რომელშიც ბორგავს ის რასაც ჩვენ „გველეშაპს“ ვეძახით. ნეგატიურ ფიქრებს წალეკილი აქვს პლანეტის ნატიფი განზომილებები. მგრძნობიარე ადამიანები განსაკუთრებით მძაფრად აღიქვავენ მისი მომშხამავი სუნთქვის ოხშივარს. ყველაზე მეტად ის ბუნებას მოწყვეტილ ურბანულ დასახლებებში იგრძნობა, რადგან აქ ნატიფი ველების ვიბრაციული ფონი ძალიან დაბალია. ამ ენერგიებში ბინადრობენ და საზრდოობენ უსხეულო დემონური ვიბრაციის მქონე არსებები. ეს მათი საარსებო გარემოა. მათი სამფლობელო, მათი სამყაროა! ძალადობა, სიკვდილი და ტანჯვა არის ამ ეგრეგორის გამოვლინება. ვერც ერთი ამაღლებული სულიერი არსება ვერ გაჩერდება აქ დიდ ხანს და ცოტა ხანი გაჩერებისთვისაც მას „თეთრი მზის“ გამოსხივება უნდა ქონდეს, რომ დაბალი რხევების სიხშირესთან არ რეზონირდეს და სული არ მოეწამლოს. ამ გარემოში გაჩერებისას ამაღლებულ სულებს, გინდა ანგელოზებს ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდებათ. ეს ძალიან მძიმეა ჩვენთვის. ეხლა მისმინე და მინდა რომ კარგად გაიგო! არაფერს, სრულიად არაფერს არა აქვს მნიშვნელობა ადამიანის სულისთვის გარდაცვალების მერე გარდა ერთისა! - რას ასხივებს მისი სული! მისი ნაცხოვრები, ნაგრძნობი, ნაფიქრალი და ნამოქმედარი ჯამდება მის სულიერ და ნატიფ სხეულებში ჯამური აურული ვიბრაციის სახით. არა აქვს მნიშვნელობა რამდენი კეთილი საქმე ჩაიდინა მან, რადგან კეთილი საქმე შეიძლება ანგარებით ჩაიდინო; არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანი უყვარდა, რადგან გიყვარდეს შეიძლება ეგოისტური მოტივით; არა აქვს მნიშვნელობა რა საქმეები განახორციელა მან ცხოვრებაში, რადგან თუ ამას დაძალებით, უხასიათოდ ან პირადი სარგებელისთვის აკეთებდა, მის შემოქმედებას არ აქვს ფასი. რომ არ გავაგრძელო, მნიშვნელოვანი ისაა, რამდენად პრე, პოსტნატალური და საღმრთო ენერგიები გამოსხივდა და არ შებრუნდა ეგოში, რამდენად დაიბანდა ეს „ტალანტები“ საღმრთო თანაშემოქმედებაში! რამდენად გამოასხივა თუ შთანთქა მასში გატარებული ენერგიები ადამიანმა, განაპირობებს მისი სამშვინველის ვიბრაციულ ფონს, ხოლო ვიბრაციული ფონი განაპირობებს იმ შრეს, სადაც ხვდება ეს სამშვინველი და ცნობიერება შესაბამისად, რადგან მსგავსი ხვდება მსგავსში. თუ ადამიანმა სიცოცხლეში „გველეშაპის“ ეგრეგორის ფასეულობებით და „მენტალით“ იცხოვრა, დამიჯერე, რომ მისი სამშვინველი უკვე იქაა! ადამიანის ცნობიერება სიკვდილამდე იკავებს შესაბამის ადგილს ნატიფსა თუ სულიერ განზომილებაში. ამიტომ ვამბობდით ყოველთვის რომ ცათა სასუფეველი სიკვდილამდე უნდა დაიმკვიდრო. „გველეშაპის“ ეგრეგორი როგორც გველი იგდრასილის ხის გარშემო, ისეა შემოხვეული დედამიწის ყველაზე დაბალ შრეზე. ის თავის თავთან მრავალ ეგრეგორს იკავშირებს, როგორიცაა რელიგიური ან ნაციონალური ეგრეგორები. ქრისტიანული ქვეყნის მოქალაქე ისეთ ჯოჯოხეთში აღმოჩნდება, რომელიც ბიბლიურ გეენას ჰგავს. ბუდისტის ჯოჯოხეთი სხვანაირი იქნება. ხომ გახსოვს შენი ერთ-ერთი კონტროლირებადი სიზმრიდან (იხ. „კონტროლირებადი სიზმარი“), როგორი მორჩილია ნატიფი მატერია და როგორ ექვემდებარება ფიქრის ძალას. მაგრამ დაბალი სიხშირის ცნობიერება ნატიფ განზომილებაში მხოლოდ ბრმა იარაღია ამ სამყაროს ხელში. იქ მოხვედრილი სულის ტანჯვით გამოხეთქილი შიშის და ტკივილის დაბალსიხშიროვანი ენერგია საუკეთესო საკვებია ამ გარემოს ბინადარი დემონებისთვის. ფიზიკურ სამყაროში ცხოვრების განმავლობაში ადამიანების მიერ გამოყოფილი ნეგატიური ენერგიები, იქნება ეს კოლექტიური თუ პირადი ემოციები, ამ არსებებისთვის როგორც ნასუფრალის ნამცეცებია, იმასთან შედარებით, რასაც ადამიანის სული გამოყოფს ამ ჯოჯოხეთურ ხაფანგში. ამიტომ ვამბობ, რომ ფიზიკური განზომილება მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. შენ ჩათვალე, რომ ასეთი წამება ნებისმიერისთვის შეუსაბამოა მარადიულოობის ჭრილში? მაგრამ ხომ გახსოვს, რომ ეს არ არის ნამდვილი მარადიულობა. სინამდვილეში შიშის და ტანჯვის ენერგიის ასეთი ფოიერვერკული გამოტყორცნისას, შემორჩენილი პრენატალური ენერგია გაცილებით სწრაფად იხარჯება, მიდის რა შესაბამისი დემონების საკვებად. შედეგად სამშვინველი იშლება და ესე ვთქვათ „ცოდვებისგან“ იძულების წესით გაწმენდილი სული სულიერ განზომილებას უბრუნდება, ხოლო შემდეგ ისევ ინკარნირდება ფიზიკურ განზომილებაში სულიერი კანონებისა და „ღუზებად ჩატოვებული“ ცნობიერების ფრაგმენტების შესაბამისად (ამაზეც მერე...). არც ეს რეალობა, მიუხედავად „მარადიულობის“ და „გამოუვალობის“ შეგრძნებისა არ არის არც მარადიული არც გამოუვალი. მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რომ სული იქიდან ადრეულად გამოვიყვანოთ და ამ საშინელ ტანჯვას ავარიდოთ. ახლობლების ლოცვა გარდაცვლილის სულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნატიფ განზომილებაში ასეთი გულწრფელი ლოცვები ერთგვარ ენერგეტიკულ კორიდორს ქმნიან, რომელიც ჩვენ ამ განზომილებაში ჩასვლაში და სულის ამოყვანაში გვეხმარება. ყველაფერს აქვს აზრი, თითოეულ ფიქრს, თითოეულ ლოცვას! წამოიდგინე რომ ადამიანს ხელი აქვს დაჩირქებული. ცოდვილი და უდროოდ გარდაცვლილი ადამიანის სული დაჩირქებულ ხელს რომ შევადაროთ, ჩვენ განზომილებებში ჩვენ ამ ხელს ხანგრძლივად, და სათუთად ვმკურნალობთ, თუმცა ეს მკურნალობაც შეიძლება არ იყოს სასიამოვნო, ისევე როგორც ყველა მკურნალობა, მაგრამ „გველეშალის“ ეგრეგორი „დაჩირქებულ ხელს“ მკურნალობს ცოცხლად მოკვეთით! სწრაფია და ბრუტალური! დამიჯერე, „გველეშაპის“ ეგრეგორში არავინ არ ხვდება დაუმსახურებლად. უბრალოდ თქვენ, ადამიანები, ვერ აფასებთ სხვა ადამიანთა სულიერი განვითარების დონეს. ის, ვინც თქვენი თვალსაზრისით „საშუალო სტატისტიკურია“, ჩვენი თვალით შეიძლება განსხივოსნებული ჩირაღდანი იყოს, ან პირიქით „666“ ცნობიერების მატარებელი ადამიანი. ჩვენ და პირადად ჩემი შტო უშუალოდ ჩართულია ამ მონსტრის განადგურებაში. საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ ადამიანები მასში სიკვდილის მერე იტანჯებიან. საქმე იმაშია, რომ მასში ბინადარი არსებები ფიზიკურ განზომილებაზე ზეგავლენას ახდენენ, რომ სათავისო კონტიგენტი „გაინაღდონ“ და ადამიანთა ევოლუციას აფერხებენ. დაბალვიბრაციულ რეალობებში ყველა ცოცხალი არსება იბრძვის საკვებისთვის. ამ ეგრეგორიდან ფიზიკურ სამყაროზე ზემოქმედებენ არა მხოლოდ მასში არსებული უსხეულო არსებები, არამედ განსხეულებული არსებებიც სხვა, არამეგობრული პლანეტებიდან, რომლებსაც ნატიფი განზომილებით გადაადგილება შეუძლიათ ფიზიკური სხეულის დროებითი დატოვებით. ეს არსებები „გველის“ ანუ „დრაკონის“ დემონურ (ანუ დაბალი სულიერი ვიბრაციების) ტიპს მიეკუთვნებიან და ამიტომ მაღალი შესატყვისობა აქვთ დედამიწის „დრაკონის ეგრეგორთან“, რომელიც პლანეტის ასტრალური ველის ჩამოყალიბების ანუ დინოზავრების ეპოქიდანაა შემორჩენილი. ეს ძალიან ძველი ისტორიაა და ცალკე თემა, რომელსაც ჯერ არ შევეხებით. მინდა მხოლოდ, რომ კარგად გაიაზრო, რამდენად საჭიროა, რომ ადამიანს სულიერი სამყაროსკენ და ღმერთისკენ ყოველდღიური მისწრაფება ჰქონდეს, ხოლო გარდაცვალების მომენტში მისი ფიქრები ღმერთისკენ, იესოსკენ ან რომელიმე ჩვენგანისკენ იყოს მიმართული. სამწუხაროდ, ადამიანები ღმერთზე და მის მსახურებზე ფიქრის ნაცვლად ხშირად თავის შვილებზე, ახლობლებზე ან დაუსრულებელ საქმეებზე ღელვით ტოვებენ წუთისოფელს, მაშინ როცა სიკვდილის მომენტში გონების მიმართვა შესაბამისი სამყაროსკენ ასეთი მნიშვნელოვანია და გადამწყვეტი მათი სულებისთვის!
რა არის ეგრეგორი?
მინიშნება: სიტყვა ეგრეგორი, ზოგი ეზოთერიკოსის ინტერპრეტაციით ნიშნავს თავისებურ ცოცხალ არსებას, მაგრამ მიქაელი ამ სიტყვაში გულისხმობს ერთგვარ ძალოვან ველს, ენერგეტიკულ ქსოვილს, რომელიც კონკრეტული ნიშნით აერთიანებს ამ ნიშნის მქონე ცოცხალ არსებებს. მაგალითად ქრისტიანული ეგრეგორი არის ენერგეტიკული ველი, რომელიც ნატიფი სტრუქტურების დონეზე აერთიანებს ყველა ქრისტიანს. ქვეყნის ეგრეგორი ნიშნავს ენერგეტიკულ ველს, რომელიც აერთიანებს ამ ქვეყნის მოქალაქეებს. გვარის ეგრეგორი აერთიანებს ამ გვარის წარმომადგენლებს. ამ ველებს, ანუ ეგრეგორებს თავისი ბუნება, სიხშირეთა დიაპაზონი და კარმული ერთიანობა ახასიათებთ. ამ ველების საშუალებით მიმდინარეობს და ხორციელდება მრავალი ნატიფი და სულიერი პროცესი, რომელიც შემდგომ აისახება ეგრეგორის შესაბამის ფიზიკურ სტრუქტურაზე. მაგალითად, გვარის ეგრეგორით ხდება კარმული უკუგების გადანაწილება ოჯახის წევრებზე გარკვეული კანონებით. ამიტომაა რომ მშობლების ჩადენილ ცოდვებს ხშირად შვილები იმკიან ან პირიქით. ეგრეგორების არსებობა მოწმობს იმას, რომ ინკარნაციაში მყოფი ადამიანი არასდროს არ არის განცალკევებული, განყენებული არსება, არამედ მჭიდრო კავშირში იმყოფება სხვა ადამიანებთან და მათ ბედს თანაზიარობს. ნებით თუ უნებლიეთ ეგრეგორების საშუალებით ჩვენი კარგი და ცუდი მოქმედებების შედეგები ვრცელდება და გავლენას ახდენს ჩვენთან გადაბმულ ადამიანებზე. ამიტომ ჩვენ, ყველანი ერთმანეთის დები და და ძმები ვართ და ერთობლივად ერთიან ცოცხალ ორგანიზმს ვქმნით, რომელსაც კაცობრიობა ჰქვია!