გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

ნაწილი მესამე - ხიდს იქით...

 

ნაწილი მესამე - ხიდს იქით...

...გზაზე მივდივარ. რატომღაც სახლის ჩუსტებით... მაგრამ თავს კომფორტულად ვგრძნობ. ხიდს ვადგები, მაგრამ სანამ გადავალ უნდა დავჯდე და დავისვენო. ხიდის შესასვლელთან ახალგაზრდა ბიჭი მხვდება. ერთმანეთს მზერას ვუსწორებთ და ის მე მიღიმის, მე კი მას. ჩუსტებს ვისწორებ და ხიდზე გადავდივარ.

ხიდის იქითა მხარეს მამაჩემი მხვდება და მეუბნება:

- რა ქენი, იპოვე ხუთი მიქაელი?

მე ვპასუხობ:

- რატომ მეკითხები მაინც და მაინც ხუთზე?

- რა ვიცი, ასე გამეფიქრა, - მპასუხობს ის.

- მე თვითონაც ვფიქრობდი, რომ ჩემ გარდა კიდევ ოთხია...

ხიდს გადავდივარ და ვგრძნობ, რომ გზა რთულდება. გარშემო უცნაური სიბნელე და სიცივე ზღვავდება და გზა ისეთი მოყინული ხდება, რომ ფეხები მისრიალებს. იძულებული ვარ კედელს მივეყრდნო და ნელა, კედელ-კედელ გავიკვლიო გზა. ბოლოს ვჩერდები და მამას ვეძახი:

-აქ მე მარტო ვერ გავივლი! ხელები უნდა ჩავჭიდოთ და ერთად გავიაროთ!..

ინტერნეტპოსტებიდან:

ეჭვები

ამ პერიოდში, სწორედ მაშინ, როდესაც კონტაქტი მიქაელთან ძალიან სუფთა და ძალიან ინტენსიური იყო, ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრნენ ეჭვები. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ როდესაც მე-5 დონეზე ადიხარ და მატერიალური ტეტრადიდან გამოდიხარ, ეგრეგორები, რომლებიც ადრე გეხმარებოდნენ, ამჯერად შენს საწინააღმდეგოდ ტრიალდებიან. რელიგიური სისტემები ერთის მხრივ გიცავენ, მაგრამ მეორეს მხრივ არ გიშვებენ. ქრისტიანული ეგრეგორი კი სავსეა ისეთი მენტალური აზროფორმებით (კონსტრუქციებით), რომლებიც აუცილებლად ამოტივტივდებიან შენს მენტალურ სხეულში, თუკი მათზე მაღლა ამაღლდი და პირველი რაც გაჩნდება არის ეჭვი.

მიქაელმა იცოდა, რომ ეს მოხდებოდა. იცოდა, რომ ჩემი ეჭვები აუცილებლად წამოვიდოდა საკუთარ თავში დაურწმუნებლობიდან. სწორედ ამიტომ ცდილობდა ის, რომ მე წინა ცხოვრებებზე ცოტა მაინც გამხსნოდა მეხსიერება.

წინა დღეებში ჩემი „დღიური“ გავატანე ჩემს მოძღვარს, რომელსაც წლების განმავლობაში ვუყვებოდი ჩემს სიზმარხილვებზე. მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ ერთი თვის მერე დამიკავშირდა, ნეგატიური აზროფორმების შემოტევა დაიწყო სწორედ ამ დღიდან. რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ ის რაც ჩემ თავს ხდება შეუძლებელია, რომ მე ის ადამიანი არ ვარ, ვისთანაც შეიძლება ასეთი ამაღლებული არსებები კონტაქტობდნენ. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. წმინდანებსაც კი არ ქონდათ ასეთი ცოცხალი ურთიერთობა სულიერ სამყაროსთან და მე ვინ ვარ? მე ვის დავეკარგე?

2018 წელი. 27 აგვისტო. ეჭვების შემოტევა

ეს დღეები არ ვიცი რა მემართება. რაც ბათუმიდან ჩამოვედი შინაგანი შფოთვის გრძნობა თავს არ მანებებს. ბათუმში ჩამოსვლისთანავე მეორე დღეს ჩემი ეს „დღიური“ გავატანე მამა „---------„-ს. ერთი ვარიანტი მეუღლესაც ამოვუბეჭდე, რადგანაც ძალიან მთხოვდა და სწყინდა რომ არ ვაკითხებდი. ჩემდა გასაკვირად, მიუხედავად ერთი შეხსენებისა, მაინც არ წაიკითხა. როგორც ჩანს დაავიწყდა... რაც ერთობ უცნაურია, მაგრამ რახან დაავიწყდა, მეც არ ვახსენებ. რაც შეეხება მამა „--------„-ს, არც ვიცი რა ვიფიქრო, რა რეაქცია ექნება როდესაც ამ ქრისტიანული გაგებით „ერეტიკულ“ აზრებს წაიკითხავს არ ვიცი. მე იმის იმედი მაქვს რომ გულით იგრძნობს იმას რისი გონებით მიღება და ან თავისი ეკლესიური მიკუთვნების გამო, არ შეუძლია. „დღიურის“ მიცემის დღიდან ლამის ორი კვირა გავიდა, მაგრამ არ შემხმიანებია.

უკანასკნელი ორი კვირა მეც გაურკვევლობაში ვარ. მაინც მეფიქრება იმაზე რას ნიშნავს მიქაელის თხოვნა, რომ „ჩემგან დისტანცირება უნდა გააკეთოს“ და რომ „მამა ღმერთის მიმართ ვილოცო მის მაგივრად რომ ესეთივე გულისმიერი კავშირი მასთან დამიმყარდეს“. ეს დღეები სულ ეჭვები მიპყრობს, რაც აქამდე არ მქონია... რას იტყვიან ქრისტიანი მღვდლები ამის წაკითხვისას? რომ რაღაც მეშლება და მიქაელის სახელით იმას ვწერ რაც არ „უთქვამს“... ან რომ ბნელი სული ინიღბავს თავს და ჩამჩურჩულებს მისი სახელით... ან იმას მეტყვიან, რა უფლება მაქვს ასეთ თემებს ვეთამაშო... ვინ მგონია ჩემი თავი! რა უნდა ვუპასუხო ამაზე? მე ქრისტეს მიმართ ვლოცულობ და ისევ ვგრძნობ გულში მის თანამყოფობას... მიქაელის მიმართ ვლოცულობ და მის თანამყოფობასაც ვგრძნობ... უკანასკნელი დღეები მიქაელის თხოვნისამებრ მამას ღმერთის მიმართ ვლოცულობ და რაც არ უნდა უცნაური იყოს, რადგანაც ადრე მისი შეგრძნება ჩემთან არ მოდიოდა, ამ ბოლო დროს მის მამობრივ სიყვარულსაც შევიგრძნობ. და მიუხედავად ამ ყველაფრისა საკუთარ თავში ეჭვი მეპარება.
ეს ყველაფერი წინა ცხოვრებებზე... ზოროასტრიზმი... ვედები, გნოსტიციზმი... ერესი... ნამეტანია ჩემთვის!.. ძალიან დავიღალე... ისევ მგონია რომ სიბნელეში მივაბიჯებ თვალაკრული და ხელების ფათურით ვიკვლევ გზას. ქრისტეს ვეხვეწები რომ ერთი მინიშნება მომცეს და ყველაფერს წავშლი. არავინ არ გაიგებს რა დავწერე და ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით გავაგრძელებ ცხოვრებას. ქრისტიანი ადამიანის ცხოვრებით, ვილოცებ, ვიმარხულებ, აღსარებას ვიტყვი და ვეზიარები. ხანდახან ისე მშურს ქრისტიანი ბერების და მონაზვნების. როგორი მარტივია, როდესაც „სისტემაში“ ხარ, ყველაფერი იცი, ყველაფერი დალაგებულია, მოძღვარი გყავს, რომელიც ყველა შენს მოქმედებას თვალყურს ადევნებს და თითქოს პასუხისმგებლობაც უფრო მასზეა, ვიდრე შენზე... მე კი... რა დავწერე? ვინ მომცა ამის უფლება? იესო... ჩემო მასწავლებელო... ერთი მინიშნება და ყველაფერს წავშლი! აღარ შემიძლია მარტოს! დახმარება მჭირდება!

სიზმარი:

მიქაელს ხელში სავსე თასი უჭირავს... ეს „განწმენდის თასია“. მან ის ჩემზე უნდა გადმოცალოს, მაგრამ მე მარტო არა ვარ. ჩემ გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანია... კიდევ სამი?..

გაღვიძებისას მახსენდება ძალიან ადრინდელი სიზმარი, რომელიც მაინც ჩამრჩა გონებაში. იმ სიზმარში მხოლოდ ერთი ფრაზა იყო:

- Найди всех четырех! - მაშინ მახსოვს ვფიქრობდი ვინ, სად და რატომ უნდა მომეძებნა, მაგრამ ეს ფიქრები მალევე დამავიწყდა.

მიქაელი:

- ხომ გახსოვს, რომ გითხარი, რომ პენტაგრამა ძალიან „მიწიერი“ ფრაქტალია. სწორედ ამ სტრუქტურით ხდება სულიერი სამყაროდან ენერგიების „დამიწება“. სწორედ ამიტომ გამოიყენებოდა ის მაგიურ რიტუალებში და მასონების საკრალურ არქიტექტურაში. თავისთავად პენტაგრამაში ცუდი არაფერია, როგორც ეს ბევრს ჰგონია. ის უბრალოდ ერთ-ერთი ფრაქტალური სტრუქტურაა გამოვლენილი სამყაროს მატრიცაში.

- თუმცა ამოტრიალებული პენტაგრამა „ქვესკნელი“ სამყაროდან ახდენს ენერგიის „დამიწებას“.-გავაგრძელე მე მისი აზრი.

მიქაელი:

- ზოროასტრელ მოგვებს ტყუილად არ ეძახდნენ მაგებს. მათ ისეთი ცოდნა ჰქონდათ უხილავ სამყაროებზე, რომელსაც ეხლა ვერავინ შეგასწავლის, სადაც არ უნდა დაიბადო და ვისთანაც არ უნდა ისწავლო. ახლანდელ ინკარნაციებში აღარ არსებობს არც ესეთი სკოლები და არც ასეთი მასწავლებლები... სწორედ ამიტომ გამოვუშვით ჩვენ სული, რომელიც ეხლა კი არ შეისწავლიდა სულიერ კანონებს, არამედ „გაიხსენებდა“ იმას, რაც მისი სულის მეხსიერებაში ძალიან ძველი დროიდანაა ჩაწერილი... იმ დროიდან, როდესაც ადამიანები ნამდვილ ცოდნას ფლობდნენ... ამიტომ გეუბნებოდი ყოველთვის, რომ „შენ იცი“, „გაიხსენე“...

2018 წელი. 27 აგვისტო. ხიდს იქით გადასვლა

ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სიბნელე ზღვავდება ჩემ გარშემო და ჩემ გულშიც აღწევს. ეჭვები და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა მტანჯავს. ძილისწინ ჯერ ქრისტეს მიმართ, მერე მიქაელის და მერე მამა ღმერთის მიმართ ვლოცულობ, რომ მიმანიშნონ, თუ რამეს არასწორედ ვაკეთებ.

ღამით გაღვიძებისას სიზმრიდან ეს სურათი მომყვება:

მიქაელს ვხედავ, მისგან ოთხი მიმართულებით ენერგია გამოდის და მისი ჩათვლით ვარსკვლავი იქმნება...

მერე ვიძინებ და მესიზმრება, რომ ავი სული მესხმის თავს. ეს თვითონ სატანაა. ქრისტეს სახელს ვიმეორებ რომ მისგან თავი დავაღწიო, მაგრამ არაფერი გამომდის. მისი სიცილი მესმის. ჩემს უსუსურობას დასცინის. ჩემ გვერდით „------„-ის მონასტრის წინამძღვარია... მას ჩემგან განსხვავებით მისი არ ეშინია და მხოლოდ ეუბნება:

- მიმითითე ჩემ ცოდვებზე!

წინამძღვარს რატომღაც ნახევარ სხეულზე ნაიარები ატყვია, რომელიც ჯერ კიდევ შეუხორცებელია. მე მშურს მისი სულის თავდაჯერების, რადგან საკუთარ თავში საშინლად დაურწმუნებელი ვარ და სუსტად ვგრძნობ თავს. წარსულში ვიყურები და მოუნანიენელ ცოდვებს ვხედავ. საკუთარ ცოდვილობას ძალიან მძაფრად აღვიქვავ.

სატანა უკიდურესი გააფთრებიდან, მკვეთრად გადადის მშვიდ მდგომარეობაში და წყნარი ხმით მეუბნება:

- მომეცი რაც ყელზე გიკიდია. ნუ გეშინია, დაგიბრუნებ.

მე ვგრძნობ რომ ჯერ-ჯერობით გამიშვებს და მიუხედავად იმისა რომ ძალიან არ მინდა და არ ვენდობი, კულონი უნდა მივცე. ჩემ კულონზე მიქაელის გამოსახულება და ტრიკვესტრი კიდია. ის მიქაელის გამოსახულებას იტოვებს, თითქოს ცალკე ძეწკვზე აბავს და მხოლოდ ტრიკვესტრს მიბრუნებს.

აქ მეღვიძება საშინელი მძიმე გრძნობით, რომ „ანგელოზს“ მართმევს, იმიტომ რომ ჩემნაირ ცოდვილ სულს უბრალოდ ვერ ექნება ესეთ ამაღლებულ არსებასთან კონტაქტი, საკუთარ უსუსურობას ვგრძნობ და ვცდილობ გავერკვიო რას ნიშნავს ეს სიზმარი. ჩემი ფიქრებით და მოქმედებებით მიქაელს რამეს ხომ არ ვუშავებ? მთელი ღამე, სანამ არ ჩამეძინება ქრისტეს მიმართ ვლოცულობ, რადგან როცა ყველაფერი მეცლება და მიწასავ ვერ ვგრძნობ ფეხქვეშ, ის არის ჩემი ბურჯი და დასაყრდენი. თუ ჩემი ფიქრებით და მოქმედებებით მიქაელს ზიანს ვაყენებ, მხოლოდ ერთი მინიშნება და ყველაფერს თავს დავანებებ. ყველაფერს წავშლი! უკვე მზად ვარ ავდგე, კომპიუტერი ჩავრთო და ყველაფერი წავშალო, ყველაფერი დავივიწყო, მოვინანიო და რა მიშლის ჩვეულებრივი ცხოვრებით ვიცხოვრო? ღმერთმა ხომ ასე უხვად მომცა ყველაფერი, ოჯახი, მეგობრები, კეთილდღეობა.

დილისკენ მესამე სიზმარს ვხედავ:

თითქოს ორი ტყუპი ახალგაზრდა კაცი მანქანაში ზის, უეცრად მიწა იპობა და ორივენი ქვესკნელში ვარდებიან. ერთ-ერთი, რომელიც კარგი ადამიანი იყო, თავის ბოროტ ტყუპს ქვესკნელში მიყვება. ის კი ჩაშავებული ავი თვალებით მიყურებს და მისი სიტყვები ჩამესმის:

- И имя мое Ариман!

ვიღვიძებ გამთენიისას. ჯერ კიდევ ყველას სძინავს. გარეთ გავდივარ. დილის მზის ალერსი მსიამოვნებს. ამ სხივებს თითქოს გულში ვუშვებ რომ ღამის სიბნელე გაფანტონ და მამა ღმერთის მიმართ ვლოცულობ. ისევ ვგრძნობ მისი მოსიყვარულე მამობრივ სითბოს...

მიქაელი:

-მე ვიცოდი, რომ ესეთი მომენტი დადგებოდა, ამიტომ გამოგიგზავნე ერთი სიზმარი ორი თვის წინ. გაიხსენე და ის ყველაფერს აგიხსნის.

გამახსენდა, რომ ორი თვის წინ, ივნისში, სანამ წერაქვში ჩამოვიდოდი ერთი უცნაური სიზმარი ვნახე, რომელიც მაშინ იმდენად გაუგებარი იყო, რომ არ ჩავწერე. ეხლა ვნანობ, რომ ასე მოვიქეცი. საბედნიეროდ ეს სიზმარი ჩემს უკრაინელ მეგობარს გავუგზავნე მესინჯერით. ამიტომ მისი მოძებნა არ აღმოჩნდა რთული. პირდაპირ ვაკოპირებ რაც მაშინ დავწერე:

26. ივნისი.

Я сегодня на дачу уезжаю. Мало времени. Вобщем, во сне:

Я иду по дороге, в домашних тапочках, но мне удобно. Я подхожу к мосту. Перед тем как зайти на мост, сажусь передохнуть. Поправляю тапочки и встаю. У входа на мост меня ждет какой-то мужчина. Мы встречаемся глазами. Я ему улыбаюсь а он мне. Когда я перехожу мост и ступаю на землю, я чувствую что подо мной лед и очень скользко. Становится холодно и как-бы тьма сгущяется. На той стороне меня встречает папа и вдруг говорит:

-Ну как, нашла пять Михаилов?

Я его спрашиваю:

-почему ты спрашиваешь про пять?

Он говорит:

-Не знаю, так подумалось.

Я ему говорю:

-Я сама думала что еще 4 кроме меня.

Я продолжаю идти но тут становится так темно, холодно и скользко что я останавливаюсь и кричу папе:

-Здесь надо взяться за руки! Здесь я одна не пройду!

მიქაელი:

-კარგად დააკვირდი თითოეულ სიტყვას. როდესაც სახლის ჩუსტებით გზაზე მიდიხარ და გზა გეადვილება, ეს ის პერიოდია, უკანაკნელ დრომდე (თითქოს მზის დაბნელება იგულისხმა ანუ 11 აგვისტო, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული). ამ დრომდე შენ შენთვის სახლში მუშაობდი, ერთგვარად გამოკეტილი იყავი, შენთვის წერდი და არავინ გაწუხებდა. ის ახალგაზრდა მამაკაცი, ვინც ხიდთან დაგხვდა მე ვარ. შენ ხიდზე გადახვედი მაშინ, როდესაც შენი ნაწერი უცხო ადამიანს მიეცი, ანუ „გარეთ გამოიტანე“. ეს ახალი ეტაპია და ამ ეტაპიდან იწყება დაპირისპირება. ეს ასეც უნდა მომხდარიყო, მაგრამ იმ მომენტიდან, რა მომენტიდანაც ინფორმაცია მენტალურ ველში სხვადასხვა ეგრეგორებით გავრცელდა (მათ შორის ქრისტიანული ეგრეგორით. შენ იცი ეს რას ნიშნავს), წარმოიქმნა დაპირისპირებულ ძალთა პოლარიზაცია, როგორც რომ პლიუსმა მინუსი მიიზიდოს. ანუ ბნელმა ძალებმა შემოგიტიეს. მამაშენი რომელიც ხიდის იქით დაგხვდა არა შენი ბიოლოგიური მამაა, არამედ მამა-ღმერთი, რომელთანაც შენ უნდა დაამყარო გულისმიერი კავშირი, რაზეც სულ გეუბნები. დაამყარო, იმიტომ რომ ამ მომენტიდან შენი გზა ბნელი და მოყინული ხდება და აქ მარტო ვერ გაივლი. Здесь надо взяться за руки! - გაიმეორა ჩემი სიზმრის სიტყვები. გარდა ამისა დანარჩენი სამი ადამიანი უნდა მოძებნო.

2018 წელი. 29 აგვისტო. სილამაზეზე

მიქაელი:

- მე გირჩევ ჩაიწერო ხოლმე ის სიზმრებიც, რომლებიც სრულებით არ გესმის, რადგან მომავალში შეიძლება სწორედ მათ მოგცენ გასაღები. როდესაც შენს მომავალს ვუყურებ, სხვადასხვა ვარიანტებს ვხედავ, მაგრამ ამ ვარიანტებიდან ერთ-ერთს ახდენის ყველაზე დიდი ალბათობა აქვს. რაც უფრო ახლოა მომავალი, მით მეტი ალბათობით შემიძლია დავინახო მომავალი.

- როგორც ამინდის პროგნოზი... - გამეფიქრა უნებურად.

მას გაეღიმა და გააგრძელა.

- ხო, ოღონდ თუ ამინდის პროგნოზის შემთხვევაში ეს 2 მიწიერი დღეა, ჩემ შემთხვევაში 2 მიწიერი თვეა... სილამაზეზე მინდა გელაპარაკო... ოღონდ შორიდან დავიწყებ. ალბათ შეამჩნიე, რომ სიზმრებში ორი ვარიანტის სცენარს ვატრიალებ. ორივე შენს მატერიალურ მიჯაჭულობას ამოწმებს და სულ ველოდები, როდის გადალახავ მათ. შენი სულიერი ხედვა („მესამე თვალი“), მიუხედავად დიდი ინფორმაციისა რაც მოგაწოდე, მხოლოდ მცირედითაა გახნსნილი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სრულად არ ვხსნი მას, არის ამ მიჯაჭულობების არსებობა. ასეთ შემთხვევაში სრული, გახსნილი ხედვა ასტრალური და მენტალური ველების ძალიან მძიმე და არასრულფასოვანი იქნება. არამგონია შენმა გარეგანმა გონებამ გაუძლოს იმას, რასაც დაინახავს... სამყაროს, თავისი გრძნობითი ასტრალური წარმონაქმნებითა და ადამიანების მიერ შექმნილი მახინჯი მენტალური კონსტრუქციებით, რომლებიც ცოცხლებივით ბორგავენ და მდაბიო ენერგიებთ საზრდოობენ. გარდა ამისა შენი ქვეცნობიერი უცნაურ ფანტაზმაგორიულ სურათებს შექმნის, რომელშიც დაიკარგები. ესეთი ხედვებისთვის მზად თუ არ ხარ და ნატიფი სამყაროს დენადი მატერიით მანიპულაცია თუ არ შეგიძლია, შეიძლება შეიშალო კიდეც. შენ ჯერ კიდევ გეშინია დემონური არსებების. ნაკლებად, მაგრამ მაინც. გარდა ამისა, შენი მიჯაჭულობები შენი ცნობიერების ფრაგმენტაციას მოახდენენ და ცნობიერების მოკრებას ვერ მოახერხებ, რომ „ზევით“ აიტანო. ამიტომ შენ ძირითადად ხედავ სიზმრებით და შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობით, სადაც მე ყოველთვის გვერდით ვარ და გეხმარები. შენც იცი, რომ ინფორმაცია წინა ინკარნაციებზე მოვიდა ჩემგან და არა როგორც საკუთარი მოგონება. საკუთარ მოგონებებს შენი ცნობიერი სულ ოდნავ, სულ გაკვრით შეეხო, როდესაც შენ საკუთარი უმაღლესი „მე“, საკუთარი სული აღიქვი და დაინახე (2018 იხ. უმაღლესი „მე“ - მე-5 სხეული.). და აქ მინდა გავჩერდე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია... როდესაც „საკურის ხესთან“ ვხვდებოდით ხოლმე შენ ყოველთვის მხედავდი მე, მაგრამ არასოდეს საკუთარ თავს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საკუთარი ჭეშმარიტი სული დაინახე. არა სამშვინველი, არამედ „უმაღლესი მე“! არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ კარგ ადამიანთა სულები საოცრად ლამაზია. მათ სულს ნატიფი მანათობელი სტრუქტურა აქვს, რომელიც სხვადასხვა ემოციებისა და ფიქრების ზეგავლენით არაჩვეულებრივ ფერებში ლივლივებს. შენი სული მართლა ჰგავს უთხელეს და უფაქიზეს მთვარის შუქს, რომელშიც თითქოს მთელი ვარკვლავებიანია ცაა მოთავსებული თავისი ჩრდილოეთის ციალებითა და კოსმოსური ნათებებით... ხომ ხედავ, მეც კი პოეტური გავხდი! (ეღიმება). როდესაც შენ გულის ლოცვას აღავლენდი... გახსოვს, შენი თავი ბორჯღალს მიამსგავსე, რომელშიც თითქოს თეთრი შუქი გროვდებოდა და შემდეგ ერთიანად, აფეთქებასავით ტალღებს უშვებდა? ეს სწორედ შენ სულში და არა სამშვინველში ხდებოდა! მე ხშირად მესმის თანამედროვე ადამიანებისგან ფრაზა - „უნდა დაუკავშირდე საკუთარ უმაღლეს „მე“-ს“, რომ მიიღო ინფორმაცია ან შეიგრძნო რამე ზეცნობიერი... ეს არ არის სწორი ფორმულირება, რადგან როგორ შეიძლება დაუკავშირდე საკუთარ თავს? იმას, რასაც ისედაც წარმოადგენ? რაც ისედაც შენ ხარ? სული, იგივე უმაღლესი „მე“ არ არის განყენებული რამ. ეს შენ თვითონ ხარ. ეს შენი ჭეშმარიტი არსია, რომელზეც ასე გამუდმებით გესაუბრები. ამ „არსს“ კი არ უნდა დაუკავშირდე, ის უნდა გამოავლინო! მისით უნდა დაიწყო ცხოვრება! ყველა ადამიანს უნდა რომ იყოს მომხიბვლელი და მიმზიდველი. განსაკუთრებით ქალებს. ამისთვის ისინი რა ხერხს აღარ მიმართავენ, რომ ფიზიკური სხეული შეამკონ. მაგრამ თუ ადამიანმა გამოავლინა თავისი სული, თავისი არსი, რომელიც ასეთი ლამაზია, რომ მეც კი არ მყოფნის სიტყვები და თქვენს ყველაზე ოსტატ ხელოვანსაც არ შეუძლია მისი გადმოცემა, ის ჯერ სამშვინველში იწყებს გამოსხივებას... გახსოვს შენი სიზმარი (იხ. „განზომილებები, პლანეტარული ველები და სულიერი ხედვა)? და შემდეგ უხილავად ფიზიკურ გარეგნობაში ვლინდება. როგორი გარეგნობაც არ უნდა ჰქონდეს ასეთ ადამიანს, ის გარემომცველებისთვის საოცრად მიმზიდველი და ქარიზმატული ხდება. არა იმიტომ, რომ მისი ფიზიკური სხეული სახეს იცვლის (თუმცა ესეც ხდება გარკვეულ წილად და დროთა განმავლობაში), არამედ იმიტომ რომ ის თვალით უხილავ ქარიზმას და მომხიბვლელობას ასხივებს... სულიერი სილამაზის ფიზიკურში ასეთი გამოვლინება იმდენად მომნუსხველია, იმდენად მომხიბვლელია, რომ ის როგორც სინათლე პეპლებს, ისე იზიდავს ადამიანებს... და აღარ არის საჭირო ლამაზი ტანისამოსი ან სამაკაულები... სილამაზეც ხომ ღვთაებრივი ენერგიაა და სულის სილამაზის გამოსხივება, მიწიერი ადამიანის განმღმრთობის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

მიქაელი:

-და ნუ ღელავ ჩემზე. ჩემი ჩამოგდება ქვედა სამყაროებში არც ისეთი ადვილია. (ეღიმება).

2018 წელი. 29 აგვისტო. შავი ხვრელი. მოგზაურობა მე-5 სხეულით

ღამით მესიზმრება რომ კოსმოსში მივფრინავ. გარშემო ვარსკვლავებით გადავსებული დაუსრულებელი სივრცეა, რომელსაც არც თავი აქვს, არც ბოლო, ყოველმხრივ უძირო და უსასრულოა. ჩვენ კი, ადამიანები ასე ვართ ნაჩვევი ორიენტირებს. ამ ორიენტირების გარეშე თავს მიუსაფრად და დაუცველად ვგრძნობთ.

- თავს იმიტომ გრძნობ დაუცველად, რომ კოსმოსს მტრულ გარემოდ აღიქვავ... - მესმის მიქაელის ხმა და მის გვერდზე ყოფნას ვგრძნობ - მტრულ გარემოდ კი იმიტომ აღიქვავ, რომ არა სულთან, არამედ ფიზიკურ სხეულთან აიგივებ თავს... ფიზიკური სხეულისთვის ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ შენი სულისთვის ეს მშობლიური სახლია!

ისევ მივფრინავთ სადღაც კოსმოსის სიღრმეებში და თითქოს გეზი არა გვაქვს, მაგრამ უეცრად შორს ვარსკვლავებით მოვერცხლილ სივრცეში შავი ზოლივით რაღაც იკვეთება...

მეღვიძება, მაგრამ მიქაელის აზრები ისევე მესმის, სიზმარი ხილვაში გადადის და კოსმოსს ისევ ვხედავ:

- ეს ბნელი ზოლი რა არის? - ვეკითხები და გული ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით მევსება. მიქაელი ამას ამჩნევს და ეღიმება. ვგრძნობ, რომ გამორჩეულად კარგ ხასიათზეა.

- რახან თვითგვემის პერიოდი დაგიმთავრდა და ცნობისმოყვარეობა დაგიბრუნდა, მომეცი ხელი... ოღონდ ფიზიკური არა და არა სამშვინველის, არამედ შენი სულის ხელი ჩამჭიდე და ჩვენი გალაქტიკის ცენტრთან წაგიყვან...

- შავ ხვრელში? იმ მონსტრში? - გაკვირვებით ვეკითხები, მაგრამ თან მახსენდება რომ ის რაც ჩვენთვის შავი ხვრელია, მისთვის „დიდებული მზეა“, როგორც თვითონ ამბობს, - არა, მანდ შანსი არაა, არ წამოვალ!

ისევ ეღიმება და ხელს მიწვდის.

- შენი სული კი მეუბნება, რომ წამოხვალ... რომ ყველგან გამომყვები! სამყაროს დასალიერშიც კი და მე სადაც მიმყავხარ სწორედ ეგაა! - ამბობს ღიმილით და ვიცი რომ როგორც ყოველთვის მართალია, - შენი ეს სული, რომელზეც გელაპარაკები, „ადამიანის იპოსტასის“ მე-5 დონეა, სულიერი დონე. ხომ გახსოვს შავ ხვრელს უხეში მე-4 განზომილების მატერია მე-5 განზომილებაში გადააქვს და იქ გამოასხივებს იმას რასაც თქვენთან შთანთქავს. ეს მატერიის „განღმრთობის“, გათხელების პროცესია. თუ შენი მე-5 იპოსტასით (სხეულით), ანუ სულით შიგ შეხვედი, შესაბამის განზომილებაში გადაინაცვლებ და შენი თვალით დაინახავ ამ დიდებული მზის თვალისმომჭრელ ბრწყინვალებას!

მე ხელს ვკიდებ და ისევ მეძინება.

დილით ვერაფერს ვიხსენებ. შედგა კი ეს მოგზაურობა სამყაროს დასალიერში?..

2018 წელი. 30 აგვისტო. „ღერძის“ შეძენა

გუშინ ძილის წინ ინტერნეტით ერთ ინტერნეტ-მეგობართან სხვადასხვა სულიერ თემებზე ვისაუბრე. გაუთავებელ კითხვებს მისმევდა. დემონური არსებების საკითხებსაც შევეხეთ რატომღაც, თუმცა არ მიყვარს ამაზე საუბარი. ეს მეგობარი ეზოთერიულ ლიტერატურასაა მოდებული და სრულად ისრუტავს იმ ინფორმაციას რასაც ინტერნეტში აურაცხელი რაოდენობის გურუები და ე. წ. ”განსხივოსნებული” ადამიანები სთავაზობენ. მე ასეთი „ცოდნის“ და ასეთი „მასწავლებლების“ საშიშროებებზე გავაფრთხილე, მაგრამ საუბარი დამღლელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა რომ არასდროს ვახვევ თავს სხვა ადამიანებს საკუთარ აზრებს და ჩემს რჩევებს, ყოველთვის რბილი რეკომენდაციის ფორმა აქვს, ასეთი საუბრების მერე ხშირად გამოფიტულად ვგრძნობ თავს. ღამით ისევ ვიგრძენი ჩემ გარშემო ბნელი ენერგიების შემოტევა. შუაღამით გავიღვიძე და ვიგრძენი, თითქოს რაღაცამ შინაგანად „მომწამლა“. უკეთესად არ ვიცი როგორ ავღწერო ეს გრძნობა. სამჯერ მოვუწოდე მიქაელს სახელით და ცოტა ხანში მისი თანამყოფობა ვიგრძენი, მაგრამ „მოწამვლის“ შეგრძნება ეგრევე არ გაფანტულა.

ისევ ვიგრძენი თითქოს განზე დგას.

- მამა ღმერთს მიმართე, - მითხრა და მე ლოცვა დავიწყე. ჯერ „მამაო ჩემო“ გავიმეორე რამდენჯერმე, მაგრამ „მოწამვლის“ გრძნობა არ გამეფანტა.

- შიგნიდან ამოიღე შეგრძნებები... და შენი სიტყვები მოძებნე... - გავიგონე ისევ მიქაელის ფიქრები.

ისევ ჩავუკვირდი საკუთარ შეგრძნებებს და ჩემში რატომღაც შემდეგი სიტყვები აღმოცენდა:

- Я принадлежу Богу... Благому и Мудрому Отцу Небесному... -არ ვიცი, რატომ ეს სიტყვები, მაგრამ მათი რამდენჯერმე გამეორების შემდეგ მოწამვლის შეგრძნება გაიფანტა. რატომ მაინც და მაინც ეს სიტყვები? ალბათ იმიტომ, რომ სწორედ ეს თვისებები ვიგრძენი, როდესაც მისი შეგრძნება მომივიდა გულში. მაგრამ როგორ შეიძლება აბსოლუტს თვისებები ჰქონდეს? ან იქნებ პირიქით, ჩვენ მას ამ თვისებებით აღვიქვავთ, რადგან ადამიანები ვართ და ადამიანურ აღქმას ვუსადაგებთ ყველაფერს? სულ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ როცა მამა ღმერთის მიმართ ვლოცულობ, არ ვიცი ვის მივმართავ და ბუნდოვანი შეგრძნებებით ვორიენტირებ.

მიქაელი მაინც კმაყოფილი იყო.

- ეხლა ხომ ხვდები რატომ მინდა რომ „მას“ დაუკავშირდე. არა იმიტომ რომ „მას“ უნდა გადაგაბარო სასწავლებლად. თუმცა ამ კავშირს ეს დანიშნულებაც შეიძლება ჰქონდეს. მე კი შემიძლია უსასრულოდ გასწავლო, მაგრამ თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ეს „ღერძი“ - საკუთარ თავში ღმერთის შეგრძნება! ოღონდ ეს შეგრძნება არ არის იგივე, რასაც ჩემ მიმართ გრძნობ. ჩემი შეგრძნებაც შენთან გულის გავლით მოდის, მაგრამ ეს კავშირია სხვა ცოცხალ არსებასთან (ჩემთან ამ შემთხვევაში), ხოლო ღმერთის შეგრძნება არის მისი გამოვლინება შენ თავში... იმის გამოვლინება რაც შენი ნაწილია და რისი ნაწილიც შენ ხარ! ამ ღერძის გარეშე ვერ შეინარჩუნებ შენ თავს სულიერ განზომილებებში. ყველა ამაღლებულ არსებას აქვს ეს ღერძი, მათ შორის მეც. მე რომ არ მქონდეს უწყვეტი და მუდმივი კავშირი (გამოვლინება) ღმერთთან, ვერაფერს შევძლებდი... მათ შორის დემონურ არსებებთან გამკლავებას. ვერც ერთი დემონური არსება ვერ მოგიახლოვდება თუ ამ კავშირს გახსნი და გაამყარებ. შენ უნდა იგრძნო სისხლით ხორცამდე რომ თქვენ ერთი ხართ!

2018 წელი. 31 აგვისტო. უმაღლესი ტრიადის შეგრძნება

დღის მეორე ნახევარში ისევ მომიწია ჩემი მეგობრისთვის ინტერნეტით კითხვებზე პასუხის გაცემა. ეს დიალოგი ისეთნაირად წარიმართა, რომ მან ისევ მიმიყვანა ეჭვებამდე საკუთარ თავში და ისევ ისე როგორც გუშინ გულში „მოწამვლის“ შეგრძნება გავრცელდა. ღამისკენ ამ გრძნობამ უკიდურესი ფორმები მიიღო. ადგილს ვერ ვპოულობდი. ლოგინში ვბორგავდი და აზრებს თავს ვერ ვუყრიდი. ისევ მტანჯავდნენ მძიმე ფიქრები იმაზე რომ ღმერთის წინაშე ვცოდავ, რომ ანგელოზის მაგივრად ეშმაკი მაცდუნებს, იმიტომ რომ ჩემნაირ სულიერად არაფრით გამორჩეულ ადამიანს უბრალოდ ვერ ექნება ასეთ ამაღლებულ არსებებთან ურთიერთობა და ეს ყველაფერი ილუზიაა... მიქაელის გუშინდელი სიტყვები გამახსენდა და მამა ღმერთის მიმართ ლოცვა დავიწყე, მაგრამ ამჯერად ჩემი გონება იფანტებოდა და ლოცვას წესიერად თავს ვერ ვუყრიდი... ხან გუშინდელ ფრაზას ვიმეორებდი „Я принадлежу Богу... Благому и Мудрому Отцу Небесному“, მერე მეფიქრებოდა, რომ რასთან დაკავშირებით ვბედავ და საკუთარ ლოცვას ვიგონებ და „მამაო ჩვენოზე“ გადავიოდი. ამ ლოცვას თითქოს უსასრულოდ ვიმეორებდი. შიგადაშიგ მეძინებოდა, სიტყვები მერეოდა, მავიწყდებოდა, მერე თავს ვიფხიზლებდი და ისევ ვუბრუნდებოდი... მერე მეფიქრებოდა, რომ ღმერთი აბსოლუტია და მინდებოდა მის მიმართ მიმართვა, არა როგორც პესონიფიცირებული ღმერთის, არამედ ყოვლისმომცველი სულის მიმართ, რომლის ნაწილიც ჩემი სულია... მერე მახსენდებოდა რომ დემონური არსებისგან თავდასაღწევად თავის დროზე ყველაზე მეტად „იესოს ლოცვა“ მშველოდა და მასზე გადავერთე. გული გიჟივით მიცემდა და ხან მეგონა რომ გაჩერდებოდა და ხან საგულედან ამოხტებოდა, მაგრამ „მოწამვლის“ შეგრძნება არ მტოვებდა. ჩემი ლოცვა სამ სხვადასხვა ვარიანტს შორის მოძრაობდა.

მიქაელს განზრახ არ მივმართავდი, რადგან ისევ ვიგრძენი რომ „განზე იდგა“.

ბოლო-ბოლო დამეძინა და ძილში გარკვევით დავინახე, რომ ვიღაცა ზურგიდან თავზე ხელებს მისმევდა. თითქოს მასაჟს მიკეთებდა. რატომღაც თავიდან დედაჩემის ხელები მეგონა და თითქოს მესიამოვნა კიდეც, მაგრამ უეცრად მივხვდი, რომ ეს დემონი იყო. ის ჩემ კისერზე იყო შემომჯდარი. მე ხელი უკან გადავწიე და მისი თმიან თავს შევეხე. შემდეგ შევეცადე გადმომეგდო და გამეღვიძა. დიდი ხანია უკვე ჩემთვის დემონურ არსებებს არ შემოუტევიათ - გამეფიქრა უნებურად. უკვე 5 წელია, რაც ასეთი რამ არ მომხდარა. ერთია კარგი, რომ ის სულისგამყინავი შიში აღარ მეუფლება. არა იმდენად მეშინია, რამდენადაც მის ბოროტ ზემოქმედებას ვგრძნობ. ისევ დავიწყე ლოცვა, მაგრამ ვიგრძენი, რომ აღარ შემიძლია და ბოლო ვარიანტს მივმართე... საკურის ხე წარმოვიდგინე და შინაგანი მზერით „ჩვენ სამყაროში“ გადავინაცვლე... მიქაელს მოვუხმე და ვიგრძენი რომ ჩემ წინ იდგა. მაშინვე გულში მის მიმართ სიყვარულის ძაფი გაიბა. ვერც ამ სამყაროში და ვერც ამ სიყვარულის ფონზე ვერც ერთი დემონური არსება თავს ვერ შეინარჩუნებდა. „მოწამვლის“ შემგრძნება ეგრევე გაფანტა და თავისუფლად ამოვისუნთქე, მაგრამ მხოლოდ იმის ენერგიაღა დამრჩა, რომ მიქაელისთვის მეთქვა:

- აღარ შემიძლია მეტი უძილობა... ეხლა გავითიშები ... აქ დავიძინებ...

საკურის ხეს მივერყრდენი და ძილმა სრულ უგონობაში გადამაგდო.

დილით გამეღვიძა და მიქაელის ხმა გავიგონე:

-შენ მე-5 დონესთან უკვე დაამყარე კავშირი. ეხლა მე-6 დონე უნდა შეიგრძნო. ხომ გახსოვს მე-5, მე-6 და მე-7 შენი სულის უმაღლესი ტრიადაა... ხომ ხედავ, უკვე უმაღლეს სულიერ განზომილებებს ვეხებით... და ეს ყველაზე რთულია! გუშინ შენი ცნობიერება მამა-ღმერთს, სულიწმინდას და ღვთის ძეს შორის ტრიალებდა... სამობრივი ფრაქტალი და რიცხვი 3 სულიერ განზომილებასთანაა კავშირში. ამ ტრიადას სხვა სახელწოდებებიც აქვს. უნდა მიაგნო, რომელი შეესაბამება შენ მე-6 დონეს... უნდა გაიგო რას წარმოადგენს შენი სულის ზედა ტრიადა!

- სულ მინდოდა მეთქვა, რომ სწორედ ეს ზედა ტრიადაა, რომელიც ცუდად მესმის რა არის... ამ დემონმა რაღაზე გამიჩმახა საქმე?.. -შევჩივლე უნებურად, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე.

„-ხო... გზა ბნელი და მოყინული ხდება“ - გავიფიქრე ჩემთვის...

2018 წელი. 1 სექტემბერი. თბილისი. გულახდილი საუბარი

- რამე ხომ არა გაქვს ჩემთვის სათქმელი? - გავიგონე მისი ფიქრები.

მე ვიუარე და ისევ ვიგრძენი „მოწამვლის“ შეგრძნება, რომელიც არსად არ წასულა და თურმე გულის კუნჭულში იყო მიყუჩებული.

- როგორ ფიქრობ, რატომ დავუშვი შენზე დემონის შემოტევა?

- იმიტომ რომ დემონი გესხმის თავს იმ მანკიერი თვისების გამო, რასაც შენ სულში პოულობს. იმ ადგილს ესხმის და იმ დაბალი ვიბრაციის ენერგიით იკვებება, რომელსაც შენი სული... უფრო სწორედ სამშვინველი ამ თვისების გამოვლინებისას ასხივებს. ის ამ თვისებას კიდევ უფრო აძლიერებს ადამიანში თავისი ზემოქმედებით მენტალურ, ასტრალურ და ეთერულ სხეულებზე. სხვა სიტყვებით შესაბამის აზრებს, გრძნობებს და ფიზიკურ გამოვლინებას (მაგ. დააავადებას) იწვევს, რომ მეტი და მეტი ენერგიის შემოდინება ჰქონდეს. ფაქტიურად ეს მოვლენა შენ ცოდვაზე მიგითითებს... - ხუთოსანი ბავშვივით ჩამოვურაკრაკე მე.

- რისი დემონი იყო, ის რომელიც კისერზე გეჯდა?

- ეჭვების და დაურწმუნებლობის... - ვუპასუხე და ზუსტად ვიცოდი რა ნიშნავდა ის „მოწამვლის“ შეგრძნება და რა აზრები არ მასვენებდნენ ბოლო პერიოდი.

- ეხლა სიმართლე მითხარი. რაში შეიტანე ეჭვი?

- არ ვიცი... - ვიგრძენი რომ მინდოდა პასუხისთვის თავი ამექცია და თავი გამემართლებინა.

- სიმართლე მითხარი!.. მე ისედაც ყველაფერს ვხედავ, მაგრამ ეხლა შენ უნდა დაინახო.

- ხომ იცი, რომ...

- არ გინდა თავის მართლება და ნუ გგონია რომ მაწყენინებ. მე ეს თვისება არ მახასიათებს და ეჭვების გაჩენა ნორმალურად და საჭიროდაც მიმაჩნია ადამიანის სულიერი განვითარების გზაზე. შენ იცი, რომ ჩვენ ყოველთვის ნებას გრთავდით ყველაფერში ეჭვი შეგეტანა, რომ შემდეგ აღმოგეფხვრა და შენი დარწმუნებით მყარად მდგარიყავი ფეხზე. საქმე ეჭვებში არაა. მთავარია მართალი იყო! საკუთარ თავთან მართალი თუ ვერ იქნები, არაფერი გამოგივა. ვის გინდა სიმართლე დაუმალო? მე? ღმერთს თუ საკუთარ თავს? ეს თქვენ მატერიალურ სამყაროში შეიძლება ადამიანები მოატყუო. სულიერ განზომილებებში თქვენ გაშლილი წიგნებივით ხართ... უნდა ამოვიღოთ ეს ხინჯი შენი გულიდან. თქვი, რაში შეგეპარა ეჭვი?

- შენში... - ამოვღერღე და საკუთარ თავს ვერ ვუჯერებდი, რომ ამას ვამბობდი. გულში რაღაცამ მიჩხვლიტა და რატომღაც ის სიზმარი გამახსენდა, სადაც სატანამ ანგელოზის კულონი წამართვა...

- კარგი... ეხლა მიზეზი იპოვე. საიდან დაიწყო ყველაფერი?

შევეცადე ქრონოლოგიურად დამელაგებინა მოვლენები, როდის დაიწყო ის რასაც თავიდან „საკუთარ თავში ეჭვის შეტანას“ ვარქმევდი...

- ბოლო პერიოდი ჩემი უკრაინელი მეგობარი გამუდმებით ინტერნეტით სხვადასხვა ლინკებს მიგზავნიდა. ის თვლის რომ ეხლა ბევრს დაეწყო ე. წ. „განსხივოსნება“ და მათ სტატიებს და ვიდეო-მიმართვებს მიგზავნიდა, რომ ჩემი აზრი მომეწერა, ვთვლიდი თუ არა მათ ასეთებად და რამდენად შეიძლება მათ ე. წ. სწავლებებს და იდეებს დაეყრდნო...

- მერე, რა დასკვნა გამოიტანე?

- უკლებლივ ყველაზე ნეგატიური დასკვნა მივწერე... ერთის გარდა... ისიც უბრალოდ მწერალია, რომელიც სულიერ და ფილოსოფიურ საკითხებზე პატარა მოთხრობებს წერს და თავად არანაირი პერეტენზია არა აქვს არც განსხივოსნებაზე და არც ვინმეს მასწავლებლად იჩემებს თავს. ასეთ კატეგორიულ დასკვნაზე იმ ჩემს მეგობარს ეწყინა კიდეც, რადგან ერთ მის ავტორიტეტსაც (ერთი რუსი ახალგაზრდა კაცია) კრიტიკულად შევეხე... მე ვუთხარი რომ ყველა მათგანი ან აფერისტია, ან სულიერი განზომილების ხაფანგშია, ან რუსული სპეცსამსახურების პროპაგანდას ეწევა ეზოთერიკოსების წრეში ან დემონურ არსებებეთან აქვთ კავშირი. ფაქტიურად ისე გამომივიდა, რომ ერთი მე ვარ ესეთი მაგარი, ვისაც ამაღლებულ არსებებთან აქვს კონტაქტი. მაგრამ ის პიროვნებები მართლა აცდენილები იყვნენ სიმართლეს... იმ ცოდნის გადმოსახედიდან, რომელსაც ეხლა ვფლობ, ამას თვალნათლივ ვხედავდი...

- მერე? - ვიგრძენი რომ ეღიმება.

- მერე, მომწერა... ასე, თუ ყველაში ეჭვი შეიტანე, რა გამოვაო... ესე, რა გარანტიაა, რომ შენც ილუზიის ხაფანგში არა ხარო და საერთოდ საიდან ვიცი ვისთან გაქვს კავშირიო? მაგრამ მე ჩემს ინტუიციას ვენდობიო და ჩემი გული მკარნახობს რომ ის რუსი ახალგაზრდა კაცი მართლა განსხივოსნებულია და სამყაროს არსი აქვს შეცნობილიო.

- მერე?

- მე მივწერე, რომ ჩემი აზრი ასეთია და აზრს არ შევიცვლი!

- ეს კარგია. მერე?

- მერე გავიფიქრე, მაგრამ არ ვუთხარი, რომ გულიც და ინტუიციაც შეიძლება გღალატობდეს...

- აი, ეხლა მიზეზს მივადექით... გააგრძელე.

- ხოდა ვიფიქრე, რომ განა მე თვითონ გულის თქმას და ინტუიციას არ ვენდობი? რატომ არ შეიძლება რომ ჩემი გული და ინტუიცია შეცდეს? რომელ წიგნშია ასეთი კავშირი აღწერილი, რომელიც ჩვენ გვაქვს? ვის გამოცდილებას შეიძლება დავეყრდნო? ვინ შეიძლება გამარკვიოს როგორ ხდება ის რაც ხდება? რატომ მე?

- ოხ, რამდენი კითხვები წამოვიდა! -ისევ ვიგრძენი რომ ეღიმება, - მერე?

- მერე... მერე ყველაზე საშინელი ისაა, რომ ვიღაც წვრილ-წვრილი ინტერნეტგურუები კი არა, არამედ ის ეზოთერიკოსები, მისტიკოსები და თუნდაც ქრისტიანი ღვთისმეტყველები, ვინც ჩემთვის ყოველთვის ურყევ ავტორიტეტებს წარმოადგენდნენ... მათ აზრებშიც ცდომილებები დავინახე! ისინი დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რასაც ქადაგებდნენ და ასწავლიდნენ! გესმის? ეს ადამიანები ჩემზე გაცილებით წმინდა, ჭკვიანი და ღვაწლმოსილები არიან! ეს ადამიანები სულიერი ბუმბერაზები იყვნენ! ვინ ვარ მე მათთან შედარებით?

- მერე?

- მერე ინტერნეტში შევედი და „სულიერ ხიბლზე“ წავიკითხე, როდესაც ადამიანებს ლოცვების დროს ანგოლოზები ეცხადებიან, მაგრამ სინამდვილეში დემონები არიან, რომლებიც აცდუნებენ და ჭეშმარიტ გზას აცდენენ... ამ ცდუნებებზე დიდი წმნინდანებიც კი ეგებოდნენ... მერე ქრისტიანი სამღვდელოების ქადაგებებს მოვუსმინე ამ თემაზე, ყოფილი ექსტრასენსების, მაგების, სატანისტების აღსარებებს... ვის აღარ...

- და აქ შენი ბოლო ავტორიტეტი დაინგრა... ჩემი სახით...

მე გული შემეკუმშა, მაგრამ ის რაც მოვყევი უცებ არ მომხდარა, ყველაფერი ნელ-ნელა განვითარდა, ძალა მოიკრიბა, შემოიპარა და გულში შხამივით ჩამეღვარა. სრულიად განადგურებულად და დამნაშავედ ვგრძნობდი თავს... მაშინ რა ყოფილა ჩემი ის სიყვარული, მეგობრობა და ერთგულება მის მიმართ, რომელშიც ასე დარწმუნებული ვიყავი და მასაც ვარწმუნებდი?... ნუთუ მე ჩემს მასწავლებელს და ყველაზე ახლობელ სულს ვუღალატე? მაგრამ ჩემი ფიქრების საპასუხოდ, საყვედურის ნაცვლად ისევ ვიგრძენი მიქაელის თბილი, მოსიყვარულე მზერა და მისი ფიქრები გავიგონე:

- როგორც ჩანს ზედმეტად დაგტვირთე. მაინტერესებდა რამდენად შეგიძლია გამომყვე და დამავიწყდა რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც ისეთი სტერეოტიპები გადასალახი, რომლებიც მრავალი ინკარნაციის განმავლობაში ჩაიბეჭდნენ სულის მეხსიერებაში. მაგრამ სრულ ნანგრევებზე ხომ ყოველთვის სიახლე აღმოცენდება! ხანდახან ძველი უნდა დაინგრეს და ამ ნანგრევებზე შენ ახალი სიმართლე უნდა ააშენო! იმას უნდა მიაგნო, რაშიც ეჭვი არ გეპარება, არასდროს გეპარებოდა და არასდროს შეგეპარება! ეს ის ჭეშმარიტებაა, ის ნიადაგია, რომელზეც მყარად დადგები და ვერავინ დაგაგდებს! მოძებნე ეს რაღაც!

- ეს რაღაც... - საკუთარ გულს შევეკითხე და მან მიპასუხა - ქრისტეა! - მე ის დღე გამახსენდა 2013-ში, როდესაც წერაქვში ეშმაკების მორიგი შემოტევისას, ის თავად გამომეცხადა (იხ. „ქრისტესთან შეხვედრა“)...

- გაიხსენე რას გრძნობდი მაშინ... იმიტომ რომ შენი სიმართლის ფილტრი შენი გულია და სხვა ვერაფერი იქნება. გაიხსენე რას გრძნობდი. რატომ ხარ ასე სრულად დარწმუნებული იმ დღეში?

- ალბათ ამას საღმრთო მადლი ჰქვია... - ვერ ვიპოვე სხვა სიტყვები მე - მისი თანამყოფობის შინაგანი მდუმარება, მისი სულის სიკეთე... უბრალოდ კარგად ხარ... შინ ხარ თითქოს... არ ვიცი როგორ ავხსნა.

- დაიმახსოვრე ეს გრძნობა. კარგად დაიმახსოვრე! იმიტომ რომ ჭეშმარიტებას ყოველთვის მოყვება ეს გრძნობა! ამიტომ არის ჭეშმარიტების თქმა ასე მარტივი და მსუბუქი... ეხლა ყველაფერს თავი უნდა დაანებო, ხოლო დრო რომ გავა გადაიკითხე შენი დაწერილი და ყველაფერი ამ გრძნობის ფილტრში გაატარე. წაშალე ყველაფერი რაც ამ ფილტრში ვერ გაივლის! ეს არის შენი ორიენტირი და შენი დავალება. ამასობაში გააგრძელე „მამა ღმერთის“ მიმართ ლოცვა, რომ ამ გრძნობის ამოცნობა ისწავლო. და იცოდე, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მე არასდროს არ შემპარვია და არ შემეპარება შენში ეჭვი! ხომ ხედავ... ხიდს გადადიხარ! და ამ ხიდის იქით „ღერძი“ გჭირდება!

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff