უმაღლესი ეთერული სივრცე
2018 წელი. 24 დეკემბერი. უმაღლესი ეთერული სივრცე
ბოლო დღეებია აღმოვაჩინე, რომ ძალიან მარტივად შემიძლია ცნობიერების აწევა სადღაც „მაღლა“, საიდანაც დედამიწის განზომილებას და მასზე მოქმედ მოვლენებს და ადამიანებს, საკუთარი თავის ჩათვლით, თითქოს „ზევიდან ქვევით“ აკვირდები. ასევე აღმოვაჩინე, რომ ასეთი, დამკვირვებლის პოზიციიდან მოვლენების ყურება საშუალებას მაძლევს მათგან ემოციური დისტანცირება მოვახდინო და არ ჩავერთო ამა თუ იმ ვნებათა ღელვის ორომტრიალში, რომლიდანაც ასე ძნელია ხოლმე თავის დაღწევა. მაგალითად, ეს ორი დღეა ჩემი ბიჭი ისევ ავადაა. სერიოზული არაფერია, მაგრამ უემოციოდ ამ მოვლენას ვერასდროს ვხვდებოდი. ეხლა კი მოვახერხე და ცნობიერება თითქოს ორად გავყავი. ერთი ნაწილი დედამიწის სიბრტყეში დავტოვე, ხოლო მეორე, მთავარი, სადაც ჩემი შეგრძნებით ჭეშმარიტი „მე“ იყო მოქცეული „ზევით“ გადავანაცვლე, საიდანაც ჩემი ოჯახი და საკუთარი თავი გვერდიდან დავინახე. ყველაფერი რაც ხდებოდა ერთგვარ კომპიუტერულ თამაშს ჰგავდა, სადაც შენი მოქმედი გმირი გყავს, რომელსაც ამოძრავებ, ათამაშებ, ალაპარაკებ, ხოლო შენ, შენი ნამდვილი „მე“ ამას ყველაფერს გვერდიდან აკვირდება. ამ თამაშში მთავარია სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და ყველაფერი კარგად იქნება. ასეთმა გვერდითი დამკვირვებლის პოზიციამ სიმშვიდე დამიბრუნა.
როდესაც ღამით ჩვეულებისამებრ გამეღვიძა, ჩემს ბიჭს საბანი გავუსწორე და მის სუნთქვას დავაკვირდი. ბავშვებს სუნთქვაზე ეტყობათ აქვთ თუ არა მაღალი სიცხე. მას მშვიდად ეძინა და მეც დავწყნარდი. წამით დავაკვირდი მის სახეს, რომელსაც ჯერ კიდევ ბავშვური უმწიკვლობა გასდევდა. სიზმარს აყოლილი გრძელი წამწამები ოდნავ თრთოდნენ, ხოლო ღაწვებს მკრთალი ვარდისფერი უფერავდა. როგორ მენანება, რომ მას თავისი სიზმრები იშვიათად ახსოვს... ვიცოდი, რომ ფიზიკურად არ უნდა შევხებოდი, რომ არ დამეფრთხო ისედაც ფხიზელი ძილი, ამიტომ მხოლოდ წარმოსახვაში დავიხარე და ცხვირის წვერზე ვაკოცე. ასე ხშირად ვაკეთებ ხოლმე და მერე მეცინება, როცა ჩემ წარმოსახვით კოცნაზე იშმუშნება ხოლმე და ცხვირს იფხანს, თითქოს ჩემი შეხებისგან ეღუტუნება..
ცნობიერება მიქაელისკენ მივმართე და ზევით ავწიე. თან გამიკვირდა, ასე ადვილად, ძალისხმევის გარეშე რატომ გამომდიოდა. ავწიე თუ არა ვიგრძენი, რომ რაღაცნაირად მასთან აღვმოჩნდი და მისი სითბო მომეხვია ისე ძლიერად როგორც არასდროს!..
- ხომ გინდოდა ჩემთან მოხვედრა? ხომ ეძებდი ჩემს სამყოფელს? აწი ყოველთვის, როდესაც ცნობიერებას აწევ, ჩემთან აღმოჩნდები. ამ დღეებში გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ ჩემთან დაგტოვონ! ეს არ არის უმოკლესი გზა შენი ამოცანის შესასრულებლად, მაგრამ ხანდახან ჩვენ გზას ვიგრძელებთ იმისთვის რომ ის ახლობელთან ერთად გავიაროთ. ასე გადაწყდა!..
ვის მიერ გადაწყდა არ მიკითხავს, მაგრამ ზამთრის ნაბუნიობამ როგორც ჩანს ისევ რაღაც როლი ითამაშა. ვგრძნობდი რომ რაღაც შეცვალა და ის ემოციური დისტანცია, რომელსაც მისგან ბოლო თვეებში მაინც ვგრძნობდი გაქრა, თითქოს არც ყოფილიყო საერთოდ. ტელეპატიური კავშირი მასთან სულ მქონდა, ხოლო ამ დისტანციას არ ვაპროტესტებდი, რადგან ვიცოდი, რომ საქმეს ასე სჭირდებოდა. ვიცოდი, რომ ჩემი ზედმეტი მიჯაჭულობა მასზე არ იყო მისასალმებელი და არ შეიძლება ერთი მიჯაჭულობა მეორით შეცვალო, თუნდაც ის უფრო ამაღლებული იყოს. სულ ვგრძნობდი მისგან რომ ჩემგან რაღაც თვითკმარი მდგომარეობის მიღწევას ელოდა. იმასაც ვგრძნობდი, რომ რაღაც გეგმის ნაწილი ვარ და ჩემგან ელოდნენ სხვა ამაღლებულ არსებებთანაც კავშირის დამყარებას და მეც ვცდილობდი, როგორც შემეძლო. რამდენჯერმე მქონდა კიდევაც შეხება მასთან ვისაც „ამაღლებული სული“ ვუწოდე, მაგრამ რატომღაც ეს კავშირი ვერ გავამყარე და ფიქრებს ქვეცნობიერად ისევ მიქაელისკენ მივყავდი. როგორც ჩანს რაღაც არ გამომივიდა და არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ მიქაელის სიტყვებმა ძალიან გამახარეს, რადგან მისგანაც იგივე ძლიერ ემოციას ვგრძნობდი. სულიერ სამყაროში ეს ემოციები ენერგეტიკულ ნაკადებს წარმოქმნიან, უფაქიზესი ქსოვილივით გარშემოგერტყმიან და შეედინებიან და გაედინებიან შენ სულიერ სხეულში... როცა ვამბობ, რომ ამ დროს მისი სიყვარულით ვსუნთქავ, ალბათ ყველაზე ზუსტი შედარებაა... რომ შეიძლებოდეს სულ ამ მდგომარეობაში არსებობა, ალბათ სხვა ყველაფერი უბრალოდ გაქრებოდა...
- ეს განზომილება უმაღლესი ეთერული სივრცეა... - მომაბრუნა ფიქრებიდან მიქაელმა, - აქედან ფიზიკური რეალობა აღიქმება როგორც „ქვევით“ განთავსებული სიბრტყე, მაგრამ შეგრძნებებს ბოლომდე ნუ ენდობი. ეს მხოლოდ შენი სენსორული აღქმაა ასეთი, რომელიც შენი მიწიერი ვიზუალიზაციის ჩვევებთანაა ქვეცნობიერად მიბმული. აქ მოხვედრა შენი „უმეღლესი მე“-ს საშუალებითაა შესაძლებელი, რომელიც იგივე უმაღლესი ტრიადაა, რომლის გაგება შენ ასე გიჭირდა. მე-5 კომპონენტი (7-ობრივ დიფერეცირებაში) უმაღლეს ეთერულ სხეულს შეესაბამება, რომელც შენ ადრე მთვარის სხივს მიამსგავსე, მე-6 კომპონენტი „ქრისტესეული ცნობიერებაა“, რომელიც შენ გამოცდილებაში შემდეგი ფორმულით გამოიხატა: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ“. გაიხსენე ის ცნობიერების მდგომარეობა (იხ. „შეგნებული ბოროტება“) და შეგრძნებები, რაც მაშინ გქონდა. ხოლო მე-7 კომპონენტი ის არის, რომლის შეგრძნებას ასე დიდხანს ველოდი შენგან. ეს „მე ვარსებობ“ ცნობიერებაა, რომელიც განსხეულებული ადამიანისთვის პლანეტარულ ლოგოსში გარდატყდება...
მე ის გავაჩერე, რადგან ბოლო ფრაზა ჩემთვის გაუგებარი იყო.
- რას გულისხმობ „პლანეტარულ ლოგოსში“?
- აგიხსნი, მაგრამ იქამდე მინდა გაიგო, რომ როგორც ხილული სპექტრი, ანუ ცისარტყელის 7 ფერი არის ადამიანის ანუ დედამიწელი ჰუმანოიდის ვიზუალური აღქმის ზღვარი, ასევე ცნობიერების 7-ობრივი დაყოფა, რომელიც შეესაბამება 1 უხეშმატერიალურ სხეულს, 3 ნატიფს და 3 სულიერს, არის განსხეულებული დედამიწელი ჰუმანოიდის ცნობიერების ბაზალური სტრუქტურა!
მან პაუზა გააკეთა, რომ მე მისი სიტყვები გამეაზრა და გააგრძელა:
- ანუ იმის თქმა მინდა რომ სხვა არსებებს სხვა პლანეტებზე შეიძლება 7-ზე მეტი ან ნაკლები ცნობიერების კომპონენტი ჰქონდეთ იქიდან გამომდინარე თუ რა პლანეტაზე არიან ისინი ინკარნირებულნი და როგორ სასიცოცხლო ფორმას განეკუთვნებიან. ვგულისხმობ აქვთ თუ არა მათ მაგალითად ჰუმანოიდის ფორმა. ჰუმანოიდის ფიზიკური ფორმა როგორც იცი 5-ობრივი ფრაქტალის გამოვლინებაა.
მან ისევ ვიტრუვიანელი ადამიანის ვიზუალიზაცია მოახდინა.
- არსებობენ გონიერი არაჰუმანოიდური სიცოცხლის ფორმები, რომლებიც სხვა ფრაქტალური სტრუქტურით და პრინციპებით არიან თავიანთ სამყაროში გამოვლენილნი. მათ განსხვავებული რაოდენობის ცნობიერების კომპონენტი აქვთ, შესაბამისად განსხვავებული სენსორული სტატუსი და ცნობიერებით შეუძლიათ გაცილებით დიდ ლოგოსებს გასწვდნენ. როგორც უკვე იცი იგივე ცისარტყელის ფერების მაგალითიდან, ადამიანის 7-ად დაყოფა გულისხმობს მისი ცნობიერების ევოლუციას სიხშირეთა შკალაზე 1-ლიდან მე-7-მდე, რომელიც უშუალოდ თქვენი პლანეტისთვის, დედამიწისთვისაა ამჟამად დამახასიათებელი. მაგრამ დედამიწელის მონადის ევოლუცია აქ არ მთავრდება. ადამიანის ცნობიერება მე-7 დონის მიღწევისას შეიძლება კიდევ უფრო ამაღლდეს თუკი ის დედამიწელიდან გალაქტიკურ არსებამდე ევოლუციონირებს, ხოლო შემდეგ გალაქტიკის არსებიდან კოსმოსურ არსებამდე. ამ შემთხვევაში მისი ცნობიერების სტრუქტურა 9, 12, 36 და ას. შ. ბაზალურ კომპონენტებს იძენს რის შედეგად მას უფრო დიდ ლოგოსებთან შეუძლია ცნობიერების შერწყმა. ბაზალურს იმიტომ ვამბობ, რომ 7-ის გარდა ადამიანს ისედაც გაცილებით მეტი მეორადი ტიპის ჩაკრა და შესაბამისად ცნობიერების დონე აქვს. როგორც მუსიკაში 7 მთავარი ნოტა, რომლის გარდა არსებობს კიდევ დამატებითი 5 ნახევარტონი, რაც ჯამში 12 ნოტას წარმოადგენს, ადამიანზეც შეიძლება იქვას, რომ მას ცნობიერების 12 დონე აქვს, მაგრამ როდესაც 7-ს ვამბობ, მე ძირითად, ბაზალურ კომპონენტებზე გესაუბრები. ამ კომპონენტებს შესაბამისი ჩაკრული და ენერგეტიკული არხების სისტემა შეესააბამება, რადგან თითოეული კომპონენტის, ანუ ცნობიერების დონის გამოვლინებას შესაბამისი ადგილები ჭირდება ენერგიების შემოდინება-განაწილება-გამოვლინებისთვის. ეს შესაძლებლობა ჩადებულია ადამიანის ევოლუციურ პროგრამაში...
„ღმერთო ჩემო..“-გამეფიქრა ჩემთვის ჩუმათ - „მე ჩემი ცნობიერება ძლივს ავწიე მე-6 კომპონენტამდე და ის 36-ზე მელაპარაკება“...
- ამას შენგან ჯერ არ ველოდები... - გაეღიმა მიქაელს რადგან ჩემი „ჩუმად გაფიქრებული“ გაიგონა, - მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ რაც უფრო ამაღლებს მონადა ცნობიერებას, ღმერთის ანუ პირველწყაროს მით უფრო მაღალ გამოვლინებაში, ანუ ლოგოსში გარდატყდება/ერთიანდება მისი ცნობიერება. ეს ჯერ პლანეტარული ლოგოსია, შემდეგ გალაქტიკური, შემდეგ კოსმოსური. ასე თანდათანობით და ეტაპობრივად ბრუნდება სული პირველწყაროში. როდესაც ადამიანი თავის მე-7 კომპონენტს, უმაღლესი ტრიადის მწვერვალს აღიქვავს, ის ცნობიერებით პლანეტარულ ლოგოსს ეხება, რომელიც მასში „მე ვარსებობ“ თვითგააზრებაში ვლინდება... სხვა სიტყვებით საკუთარ თავში „დედამიწის ღმერთს“ აღიქვავს, რომელიც პირველწყაროს ერთ-ერთი გამოვლინებაა დედამიწის რეალობაში! სხვა პლანეტის მაცხოვრებლებს ღმერთის აღქმა ანუ „მე ვარსებობ“ თვითგააზრება თავისი პლანეტარული ლოგოსის გავლით მოსდით.
უეცრად გამახსენდა ერთი ცნობილი იოგის ლექცია, სადაც ის ხუმრობდა, რომ ჩვენ ღმერთს ყოვლისშემძლე და სრულყოფილ ადამიანად წარმოვიდგენთ, მაგრამ რა იქნებოდა ცხენებს რომ ჰქონოდათ ინტელექტი და დედამიწაზე ადამიანების ნაცვლად ცხენების ცივილიზაციას ეცხოვრა? მაშინ მათი აღქმით ღმერთი ყოვლისშემძლე ცხენი იქნებოდა! ამაზე იოგის აუდიტორიამ თავად იოგის ჩათვლით ბევრი იცინა. მე კი ეხლა ცალყბად იმაზე მეცინება, რომ მის ხუმრობაში თურმე სიმართლის მარცვალი ერია, რომელიც მაშინ ვერავინ შეამჩნია.
მიქაელი:
- მინდა კარგად გაიაზრო, რომ გამოვლენილი და სულიერი სამყაროები თავიანთი პლანეტებით და გალაქტიკებით გაცილებით რთულ და მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან ვიდრე თქვენ ეს ეხლა გგონიათ. თქვენ მხოლოდ ეხლახანს, კოსმოსური ვადებით სულ ეხლახანს დაიწყეთ იმაზე დაფიქრება, რომ შეიძლება არ იყოთ მარტოსულები სამყაროში და ჯერ კიდევ მაინც ირონიულად და ერთგვარი ნიშნისმოგებით გეცინებათ ხოლმე სიტყვა „უცხოპლანეტელზე“, მაშინ როდესაც დიდი ალბათობით თქვენ თვითონვე შეიძლება იყოთ ის!
2018 წელი. 25 დეკემბერი. მაკოშის ბედის ქსოვილი
ცნობიერება „ავწიე“ და ისევ მომეხვია ღრუბელივით მისი სიახლოვის მოსიყვარულე სითბო.
მიქაელი:
- ყოველთვის, როდესაც მძიმე ფიქრები ან ემოციები მოგაწვება ასწიე ცნობიერება ჩემამდე და შეეცადე თავი შეიკავო ამ სივრცის დონეზე. მე შეგაკავებ, მე დაგეხმარები... დარჩი ჩემთან!.. ჯერ-ჯერობით შენი ცნობიერება მხოლოდ ჩემამდე „აწევას“ ახერხებს, ხოლო შემდეგ ეცემა. ესეც წარმატებაა, მაგრამ თუ ისწავლი ცნობიერების დაქსაქსვას, შეძლებ რომ სულ ჩემთან იყო და ამავდროულად იქაც, მიწიერ სიბრტყეშიც იმყოფებოდე. ადამიანებისთვის ცნობიერების დაქსაქსვა რთულად წარმოსადგენი საქმეა, მაშინ როცა ჩვენთვის ეს რუტინული ამბავია. ჩვენ ერთდროულად ბევრ ადგილას ვიმყოფებით და ეს არანაირ დისკომფორტს არ გვიქმნის. შენც შეგიძლია დაეუფლო ამ ტექნიკას.
- რატომ არ შეიძლება, რომ უბრალოდ სრულად გამიხსნა სულიერი თვალი, პირდაპირ დავინახო ყველაფერი და არ მიწევდეს თვალაბმულივით გზის გაკვლევა?
- იმიტომ რომ არა ხარ მზად! სულიერი თვალი თვითონ, ბუნებრივად იხსნება, როდესაც ადამიანი სათანადო მდგომარეობას აღწევს. უდროოდ ახელილი სულიერი ხედვა არ არის უსაფრთხო. ცნობიერების ვიბრაციის დაჭერა და მისი მართვა უნდა ისწავლო, თორემ ბრმა იარაღი აღმოჩნდები იმის ხელში, რასაც დაინახავ. შენ ჯერ კიდევ გეშინია, ბრაზდები, გწყინს, და ნეგატიურ აზრებს ყვები. ვიცი ცდილობ ამას ყველაფერს მოერიო და ერთ-ერთი საშუალება სწორედ ისაა, რაც მე გთავაზობ - ჩემთან მუდმივი თანამყოფობის სწავლა! ნებისმიერ დროს და მდგომარეობაში უნდა შეგეძლოს ცნობიერების აწევა ჩემამდე, ხოლო შემდეგ ამ სიმაღლის მუდმივი შენარჩუნება უნდა ისწავლო, იმისთვის რომ სულიერი თვალი სრულად გაგეხსნას. და ეს თავისით მოხდება სათანადო მზაობის მიღწევის შემთხვევაში. ნუ იძაბები და ნუ აძალებ შენ თავს რაიმე განსაკუთრებული მწვერვალების დაპყრობას. შინაგანი ჰარმონია შეინარჩუნე და უბრალოდ მომყევი. იმ უხილავ ძაფს გამოყევი, რომელიც ჩვენს გულებს შორისაა გაბმული და რომელსაც შენ ოქროსფერ ნაკადებად აღიქვავ... ყოველ ჯერზე მაკვირვებს და მსიამოვნებს როდესაც შენს შეგრძნებებს აღწერ... მინდა იცოდე, რომ ჩემს სწავლებას და მოქმედებებს შენ მიმართ გარკვეული თანმიმდევრობა აქვს და ეს თანმიმდევრობა უნდა დავიცვათ... ეხლა კი, მოდი ისევ რეინკარნაციების, დაბადება-სიკვდილის და კარმული რუკების თემა განვიხილოთ.
- კარმული რუკა... - გავიმეორე მე ფიქრებში ახალი ტერმინი და შევეცადე დამეჭირა მის მიერ გამოგზავნილი სურათი, რომელიც ძალიან ჰგავდა ჰოროსკოპს ანუ ასტროლოგიურ, იგივე ნატალურ რუკას (ნახ. 45)...
ნახ. 45. ნატალური ასტროლოგიური რუკა.
- თქვენი ასტროლოგების მიერ შედგენილი ასტროლოგიური რუკები არასრულყოფილების მიუხედავად, მაინც ასახავენ ადამიანის ბედზე პლანეტების და ციური სხეულების ზეგავლენას. თითოეულ ამ ციურ სხეულს თავისი პლანეტარული ლოგოსი აქვს. ისინი სხვადასხვა ენერგეტიკული კორიდორებით ავრცელებენ თავიანთ უნიკალურ ენერგეტიკულ გავლენას როგორც ერთმანეთის მიმართ ასევე მათზე ინკარნირებული ცოცხალი არსებების მიმართ. მზის სისტემა ერთიანი ცოცხალი ორგანიზმია სადაც დიდი (პლანეტარული) და მცირე (განსხეულებული ინდივიდუმები) მოთამაშეები არიან... პლანეტარული ლოგოსების ზეგავლენა ადამიანზე დაბადების მომენტში, განაპირობებს მისი კარმული რუკის მოხაზულობებს. ეს რუკა ასახავს ოპტიმალური „სასიცოცხლო მისიის“ გზას, რომლიდანაც გადახვევა შესაძლებელია თავისუფალი ნების პირობებში, მაგრამ ეს ნება შეზღუდულია „შესაძლებლობათა კორიდორით“. ადამიანის კარმული რუკები ჰგავს თქვენ ნატალურ რუკებს, მხოლოდ წარმოიდგინე ერთმანეთზე გადაბმული მილიონობით ასეთი ნატალური რუკა (რომელთაგან თითოეული მხოლოდ ერთ ინკარნაციას გამოსახავს). მილიონობით იმიტომ, რომ მრავალი ინკარნაციის კარმული რუკა ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რადგან თუკი სულის ბედს განიხილავ, ის მრავალი ინკარნაციის ჭრილში უნდა განიხილო დღიდან მისი წარმოქმნისა პირველწყაროდან, დღემდე მისი უკან პირველწყაროში დაბრუნებისა. გარდა ამისა, ამ რუკებზე ასახულია ინდივიდუმის ურთიერთობა სხვა ინდივიდუმებთან ასევე მრავალი ინკარნაციის ჭრილში. კარმული რუკა მრავალცვლადიან განტოლებას ჰგავს, რომელშიც ყველაზე რთულად პროგნოზირებადი ცვლადი თავისუფალი ნებაა. თავისუფალ ნებას, მიუხედავად გარკვეული შეზღუდვებისა, შეუძლია რადიკალურად შეცვალოს რუკის მოხაზულობები, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი უზენაეს გეგმას მიუყვება და დასრულებულ, სრულყოფილ სურათს ქმნის!
მან ისევ ვიზუალური სურათი გამომიგზავნა და მე დავინახე ძალიან რთული, ჩახლართული ნახაზი უსასრულო რაოდენობის გადამკვეთი ხაზებითა და შტრიხებით, სადაც მზის სისტემის ციური სხეულებიც ერთმანეთთან დაუსრულებლად იკვეთებოდნენ.
- და ეს მხოლოდ მზის სისტემის არეალისთვის, მაგრამ სულის ევოლუცია ხომ მის ფარგლებს ცდება. წარმოიდგინე ეს უსასრულო აბლაბუდის ქსელივით დახლართული სურათი და თუკი ქალღმერთი მაკოში მითის თანახმად ცოცხალი არსებების ბედის ქსოვილს ქსოვს, ეს სწორედ ის არის! არსებობს უდიდესი იერარქია კარმული მბრძანებლების, რომლებიც სხვადსხვა ლოგოსების და განზომილებების დონეზე მუშაობენ. ეხლა ხომ ხედავ, როგორი გადახლართულია ცოცხალი არსებების ბედი არა მარტო დედამიწის არამედ მზის სისტემის და სინამდვილეში სრულიად სამყაროს მაშტაბით. გააფართოვე თვალსაწიერი და კოლოსალურ დრამას დაინახავ, რომელიც თავად პირველწყაროს გამოვლინებაა, ღმერთის შეუცნობელი სხეულია, ჭეშმარიტი, დიდებული, ცოცხალი მაკროკოსმი!.. მაგრამ თუ ამ უსასრულო დაქსელილ ქსოვილს როგორც ერთიან საღმრთო გამოვლინებას შეხედავ, როგორც დასრულებულ სურათს... დაინახავ ულამაზესი და ურთულესი მოხაზულობის სტრუქტურას... იმდენად რთულს და იმდენად დახვეწილს, რომ მისი წარმოდგენაც შეუძლებელია...
- თითქოს მირიადი მაქმანია ერთმანეთთან ჩაქსოვილი და ჩაქარგული... - ჩავილაპარაკე მე, რომ ამაღწერა ის, რის სიდიადესაც ჩემი გონება მხოლოდ წამიერად შეეხო.
- ერთის შეხედვით ქაოტურ და ერთმანეთთან არეულად დაკავშირებული სხვადასხვა არსებების კარმული რუკები, საბოლოო ჯამში ერთიან ჰარმონიულ მოხაზულობას ქმნიან და ამას თუ დაინახავ, მიხვდები რომ არაფერია შემთხვევითი და არაფერია ქაოტური... და რომ ეს „მაკოშის ქსელიც“ საბოლოო ჯამში ულამაზესი, უდიადესი და სრულყოფილად მოწესრიგებული სტრუქტურაა!
ნახ. 46. მაკროკოსმის სრული და მიკროკოსმის (ანუ ინდივიდუალური მონადას) ფრაგმენტის კარმული რუკები. (ნახატები ინტერნეტიდანაა გადმოტვირთული და სიმბოლურადაა მოყვანილი ამ მოვლენაზე წარმოდგენის შესაქმნელად).