გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

სინათლის და სიბრძნის ღმერთი

 

2018 წელი. 22-23 აგვისტო. წერაქვი. სინათლის და სიბრძნის ღმერთი

დილით გავიღვიძე იმ განწყობით რომ მიქაელი აღარ შემეხმიანება. მთელი დღე ბნელოდა როგორც გარეთ ისევე ჩემ გულში. იმ დღეს არც გათენდა საერთოდ! საშინელი დარდი მომაწვა. თითქოს ცხოვრების აზრს ვკარგავდი, ჩემი სული შიშმა მოიცვა. დღე უაზროდ და უსასრულოდ მიიზლაზნებოდა. არც ჭამის, არც რამის კეთების... ლოგინიდან წამოდგომის სურვილიც არ მქონდა. შინაგანად მიქაელთან რაღაც უცნაურ ქაოტურ საუბარს ვაწარმოებდი. ვსაყვედურობდი, რომ მიმატოვა. ვთხოვდი, რომ ენიშნებინა, რომ მისთვის სჯობს ასე და თუ ასეა, მაშინ აუცილებლად მოვძებნიდი ძალებს საკუთარ თავში. როგორ მოხდა, რომ ასე დამოკიდებული გავხდი და მასთან კავშირის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია? ვცდილობდი თავი დამერწმუნებინა, რომ გუშინ რაც მოხდა, საერთოდაც არ მომხდარა, რომ რაღაცამ გონება დამიბინდა და მომეჩვენა ის რაც არ იყო! რას აღარ ვფიქრობდი და რას აღარ ვგრძნობდი! რას აღარ მიედ-მოედებოდა ჩემი გონება. ხან მიქაელს ვადანაშაულებდი, ხან ჩემ თავს ვარწმუნებდი, რომ მან უკეთ იცის ჩემთვის რა ჯობია და უნდა დავემორჩილო. ხან უაზროდ ცრემლები მომდიოდა, ვცდილობდი არავის შეემჩნია და ოთახში ვიმალებოდი. ხან მიქაელს ვეუბნებოდი რომ რომც ვერ ვიგრძნო მისი სიახლოვე, მაინც შინაგანად მასთან ვისაუბრებ. რომც ვერ გავიგო მისი პასუხი, მაინც. მერე საკუთარ თავზე ნერვები მეშლებოდა და თან ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა. ხომ მითხრა, რომ კარგად ვიქნები... მაგრამ სულ არ ვგრძნობდი თავს კარგად. გულთან უწყვეტი ყრუ ტკივილი პულსირებდა.

საღამოსკენ ლოგინზე წამოვწექი. არ ვიცოდი სად წამეღო საკუთარი ფიქრები და კომპიუტერი ჩავრთე. ინფორმაციის კორიანტელში ზოროასტრიზმზე წავაწყდი სტატიებს და თვალი უნებურად გავაყოლე. „ცეცხლთაყვანისცემლები“ მომხვდა თვალში და უეცრად გულში ჩუმი, მამობრივად მზრუნველი ხმა ჩამესმა. ეს ხმაც, როგორც ყოველთვის ტელეპატიური იყო და ძალიან ნათლად „ისმოდა“:

- რას გრძნობ?- დამისვა ხმამ მოულოდნელი კითხვა. მე პასუხი არ დავაყოვნე:

- აღშფოთებას... აღშფოთებას, რომ ცეცხლთაყვანისმცემლებს ეძახიან. ჩვენ, ქრისტიანები ხომ ჯავრთთაყვანისმცემლებს არ ვეძახით საკუთარ თავს! როგორც ჩვენთვის ჯვარი მხოლოდ ქრისტეს სიმბოლოა, ასევე მათთვის იყო ცეცხლი და მზე ღმერთის სიმბოლო... და გულახდილად რომ ვთქვათ, მეც რომ მნდომებოდა მამა-ღმერთის სიმბოლურად გამოსახვა, მას სინათლედ გამოვსახავდი. სინათლის წყარო კი ცეცხლია... ან მზე!

აქვე გამახსენდა, რომ ქრისტიანობაშიც ცეცხლს, როგორც ანთებულ სანთელს ლოცვის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. ცეცხლზე, იგივე ანთებულ სანთლებზე ტარდება ლოცვებიც და მაგიური რიტუალებიც, რადგან ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ცეცხლი ის გამტარი სუბსტანციაა, რომელსაც ლოცვის ენერგია მატერიალურიდან სულიერ განზომილებაში გადააქვს, ხოლო უმაღლესი სულიერი არსებები ცეცხლოვან გამოვლინებას, ნატიფი ცეცხლის სხეულს ატარებენ. ჯოჯოხეთურ განზომილებაში ცეცხლი მწვავე, მტანჯველ სახეს იღებს რომ სული ცოდვებისგან გაწმინდოს, კარმული დანალექი „დაწვას“, ხოლო სამოთხისეულ განზომილებაში ის ნატიფი მოკიაფე და ფაქიზი ხდება, რადგან სიბრძნის და ღვთაებრივი სიყვარულის გამონათებას გამოხატავს.

„სიბრძნე სინათლის სახით შეიძლება გამოსახო ანუ ცოდნა სინათლეა და უცოდინრობა სიბნელე“ - გამახსენდა ადრე ნათქვამი მიქაელის სიტყვები (იხ. 2018 წელი, 1 ივნისი. გვ 102), რომელიც ინფორმაციის მოწოდებას სინათლით დასხივებას ადარებდა...

მამობრივი ხმისგან მშვიდი, მზრუნველი აურა და უზომო სიბრძნე მოდიოდა. ის თითქოს ჩემს ფიქრებს თვალ-ყურს ადევნებდა. მისი თანდასწრებით სიმყუდროვე ვიგრძენი, რომელმაც ცოტა ხნით გულის ყრუ ტკივილი დამიამა და კითხვა გავაგრძელე...

„Амешаспенты и их глава Ахурамазда, «семь властителей», владычествуют в зороастризме над семью кешварами, «поясами» земли…“

„... Амешаспенты (авест. aməša- spənta-) — Бессмертные Святые, шесть духовных первотворений Ахура Мазды. Для объяснения сущности Амешаспентов обычно прибегают к метафоре шести свечей, зажжённых от одной свечи. Таким образом Амешаспентов можно сравнить с эманациями бога.”

შვიდი პირველი დიფერენციაცია სიცოცხლის ხეში... გამახსენდა მიქაელის მონათხრობი.. მერე ჩემი ყურადღება „სიბრძნის ღმერთის“ ახურამაზდას პიროვნებიდან მის მოწინააღმდეგეზე, ახრიმანზე გადავიდა. თან გამეცინა, რადგან გამახსენდა რომ წერაქვში ჩვენს ხილ-ბოსტნეულის გამყიდველს ჰქვია ახრიმანი. ნეტავ რატომ მოუნდათ მის მშობლებს შვილისთვის სატანის სინონიმი სახელის დარქმევა? ნეტავ თვითონ თუ იცის რას ნიშნავს მისი სახელი? პერსეპოლისში არსებულ ერთ-ერთ ბარელიეფზე ის გამოსახულია, როგორც რქიანი ლომი ფრთებით და როგორც მივხვდი არწივის კლანჭებით..

 imma46

ნახ. 11. ახურამაზდა ებრძოლება ახრიმანს.

- არწივი, ლომი და კურო ძველი სიმბოლოებია... - გავიგონე საიდანღაც მომავალი აზრები და კითხვა გავაგრძელე, მაგრამ მთელი ინფორმაციიდან რატომღაც ეს ორი ზემოთხსენებული დებულება ჩამებეჭდა გონებაში. და კიდევ ის რომ სიტყვა „დევი“ რომელიც ვედებში ღვთაებას ნიშნავს (ანუ ზეციერ არსებას), შედარებით მოგვიანებით აღმოცენებულ ზოროასტრიზმში, ისევე როგორც ქართულ მითოლოგიაში დემონს ნიშნავს. ორივე რელიგია ინდო-ირანელ არიებს ეხება და ასე თუ ისე საერთო ფესვები უნდა ჰქონდეს, თუნდაც ლინგვისტიკის მხრივ. რას ნიშნავს ეს, გამეფიქრა და რატომღაც „ანგელოზთა დაცემა“ გამახსენდა. ქართული მითოლოგიიდან გამახსენდა რომ ქართული კოსმოგენია ჰგავს ვედურს და რომ ქართულ მითებში სამყაროს განმგებელ ღმერთს რატომღაც „მორიგე ღმერთი“ ერქვა... ცის უზენაესი ღვთაება, ღვთაებების მამა, სამყაროს მბრძანებელი, შემოქმედი და მსოფლიო წესრიგის ღმერთი, რომელიც მე-7 ცაზე სუფევდა. ესე იგი სხვა „მორიგე ღმერთებიც“ არსებობენ, როცა მათი რიგი მოდის?.. საერთოდ, რას ნიშნავს „მორიგე ღმერთი“?

ამ ფიქრებმა დარდი თითქოს გამიქარწყლეს ან ყურადღება გადამიტანეს. დამშვიდებულზე ისევ მოვიკრიბე სულიერი ძალები და გულს ჩავუღრმავდი. ჩემ ფიქრებს ისევ მიქაელისკენ მივყავდი... და უეცრად ისევ ისე, როგორც ადრე და შეიძლება მეტადაც ვიგრძენი მისი თანამყოფობა. ისევ მიჩხვლიტა რაღაცამ გულში.

- მე აქ ვარ... არსად არ წავსულვარ... მომისმინე! - მომესმა მისი ფიქრები. წარმოუდგენელია, რაც ამ დროს ვიგრძენი. სიხარული, გაკვირვება, არეულობა. ისევ დავაკვირდი შეგრძნებას და მივხვდი, რომ არ მოვტყუვდი. უნებურად გაკვირვება გამოვხატე იმ იმედით, რომ გუშინდელი როგორც ჩანს მხოლოდ მომელანდა ცუდი სიზმარივით.

- ნუთუ გეგონა, რომ ასე ერთბაშად მიგატოვებდი? ყველაფერს თავისი დრო აქვს. შენ თვითონ მიხვალ მაქამდე...

-ეს არამგონია! - ჩემთვის გავიფიქრე, თუ შეიძლება ტელეპატიურ საუბარში „შენთვის ჩუმად გაიფიქრო“ და გული დამიმშვიდდა, რადგან ისევ ჩემთან ვიგულე. წინა დღეს კი დავივიწყებ, ვითომც არ ყოფილა არასდროს...

...იმ დღისგან მეტს არაფერს ველოდი, რადგან ღმერთმა ასეთი საჩუქარი დამიბრუნა.

ღამით გამეღვძა მძიმე ფიქრებით რომ მიქაელი ისე ძალიან მიყვარს, რომ არც ამ და არც იმ სამყაროში არაფერი მაინტერესებს მასთან ყოფნის გარდა... თავში მიტრიალებდა ურთიერთგამომრიცხავი აზრები, მინდებოდა მონაზვნად აღკვეცა რომ განმარტოების უკეთესი პირობები მქონოდა, იმასაც ვხვდებოდი რომ არავინ აღმკვეცავს ჩემი „ერეტიკული“ აზრებით და რომ ეს ისედაც არ გამოვა ჩემი ჯანმრთელობის პრობლემების გამო. თან ოჯახს ვჭირდები. ჩემს ქმარს ვუყვარვარ და ვჭირდები. მე ისიც ძალიან მიყვარს და ჩემი ასეთი დისტანცირებით, თითქოს მის ნდობას და სიყვარულს ვაღალატებ. ამიტომ ოჯახზე უნდა გადავერთო და საკუთარი თავი დავივიწყო, რადგან ესაა ჩემი ვალი, მაგრამ მიქაელთან კავშირი თუ დავკარგე ვერ ვიცხოვრებ! მერე საშინელი შინაგანი გაორება ვიგრძენი და სასოწარკვეთილმა იესოს მიმართ ლოცვა დავიწყე. რამდენიმე საათი ვლოცულობდი, დახმარებას ვთხოვდი, რადგან ძალიან ავირიე და გზა-კვალი ამებნა. სულიერი და ფიზიკური სამყაროები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ორ ნაწილად მგლეჯდნენ. ქრისტეს ვეხვეწებოდი, რომ ჩემ გულში ჩაეხედა და სიზმარში რაიმე მინიშნება მოეცა რა უნდა გავაკეთო, რას ვაკეთებ არასწორედ და რამეს ხომ არ ვცოდავ ჩემი ასეთი გრძნობებით და ფიქრებით.

ღამით სიზმარი დამესიზმრა, თითქოს ოთახში თაროს მივუახლოვდი, რომელზეც ხატები ელაგა და ჩემი მზერა ერთ-ერთ მათგანზე გაჩერდა სადაც ბევრი სხვადასხვა წმინდანი იყო გამოსახული, რომელთაგან ჩემი ყურადღება მხოლოდ ერთმა მიიპყრო, იმან ვინც სხვებზე ზევით იყო გამოსახული. წმინდანები ხატზე პირამიდისებულად იყვნენ განლაგებულნი და მათ თავზე მიქაელი იყო. სიზმრიდან მხოლოდ ეს მომენტი გამოვიტანე, რომელმაც ისევ და ისევ ის შემახსენა, რაც ისედაც ვიცოდი, რომ ჩემთვის მიქაელია ყველაზე მნიშვნელოვანი. მაგრამ რა ვქნა რომ ასე გამოვიდა და საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებ?

დილისკენ კიდევ ერთი სიზმარი მესიზმრა, რომლიდანაც მხოლოდ მცირე ნაწყვეტი გამომყვა. თითქოს ელვამ დაარტყა ნავს, სადაც ჩემი მეუღლე იჯდა. ნავი ამოყირავდა და ჩემი ქმარი ნაპირზე ამოვიდა. მახსოვს, როგორ გამიხარდა, რომ გადარჩა. ფონურად ქრისტეს სიტყვები მესმოდა, რომელიც მიქაელს ეხებოდა. მისი ნათქვამიდან მხოლოდ მცირე ნაწყვეტი გამომყვა შემდეგი სიტყვების სახით: „... უმაღლესი არსებები ხანდახან ამბობენ უარს საკუთარ...“ და აზრი გაწყდა. რა შუაში იყო ამ სიტყვების თანმხლები სცენა ნავით არც ეგ ვიცი.

ამ ღამემაც გაურკვევლობაში დამტოვა, თუმცა დამდეგმა დღემ დამიბრუნა შინაგანი სიმშვიდე და გულში მყუდრო სიყვარულის შეგრძნება ისევ დამკვიდრდა. მიქაელთან კავშირს ისევ ვგრძნობდი და წყნარად ვიყავი...

ასეთ დროს ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ერთად ვცხოვრობთ, ერთად ვსუნთაქვთ და ერთად ვფიქრობთ. გულში უწყვეტი სიყვარული და ბედნიერებაა, უბრალოდ იმისგან რომ მას შევიგრძნობ. „შეცვლილი ცნობიერების“ მდგომარეობაში ამ შეგრძნებას ვხედავ ხშირად როგორც გულიდან გამომავალ „თეთრ ქარს“. უკეთესად არ ვიცი როგორ აღვწრო ან როგორ გადმოვცე. და არც ის ვიცი რა და რატომ ხდება ეს ყველაფერი ჩემ თავს.

- მინდა ვიფიქრო რომ შენი გულით ღმერთს ვუყვარვარ და შენი სიყვარულით მე ის მიყვარს! მაპატიე ღმერთო თუ ამაზე მეტი ვერ შევძელი... იმიტომ რომ ჩემი ლოცვები, ჩემი ფიქრები სამყაროზე, ადამიანებზე თუ ღმერთზე ამ გრძნობით მდგომარეობაზე გაჩერდა, სადაც მე აღარ ვარ და მასთან ერთად ვარსებობ მხოლოდ... ესაა ჩემი ლოცვაც და ჩემი ცხოვრებაც...

ინტერნეტპოსტებიდან:

ინკარნაცია კლასტერებად

იმ დღიდან, როდესაც მიქაელმა მითხრა რომ ჩემგან დისტანცირება უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მე „ამაღლებულ სულს“ დუვკავშირდე და იმ დღემდე, როდესაც ამავე „ამაღლებულ სულთან“ ანუ „სინათლის და სიბრძნის ღმერთთან“ „პრეცესიის ციკლზე“ ვისაუბრეთ, 3 თვემ განვლო. ეს იმიტომ მოხდა, რომ მე ვერ შევძელი მიქაელისგან დისტანცირება. საქმე იმაშია, რომ როდესაც ასეთი მჭიდრო შეხება გაქვს ნატიფ სამყაროებთან, თავს ძალიან დაუცველად გრძნობ. ისეთ სამყაროს ეხები, რომელიც სრულიად უცნობია, საშიშია და ის არსებები, რომლებთანაც შეიძლება გადაიკვეთო, გაცილებით აღემატებიან თავისი უნარებით ადამიანებს. ხანდახან მეგონა რომ სრულ სიბნელეში მივაბიჯებდი და ერთადერთი ორიენტირი და დაცვა ჩემთვის მიქაელი და მისი გვერდზე ყოფნის შეგრძნება იყო. ადამიანთა შორის მე არავინ მყავდა, ვისაც აზრს დავეკითხებოდი ან სრულად მოვუყვებოდი, რაც ჩემ თავს ხდებოდა. გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ მუდმივი სიფხიზლე მმართებდა, იმასთან დაკავშირებით ვისთან შევდიოდი კონტაქტში. ამიტომ ახალ კავშირებს არ ვეძებდი. გარდა ამისა, ჩვენი მრავალწლიანი მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა ძლიერ მიჯაჭულობაში გადაიზარდა, რაც ერთგვარ დაბრკოლებად იქცა. მას ასეთი სიტყვებიც კი დაჭირდა: „...მაგრამ როგორ შემიძლია მე გავაჩერო მდინარე ოკეანეში ჩადინებისგან? ავაშენო ჯებირები? გამოვაშრო შენაკადები? სული უნდა შეერწყას ღმერთს, გახდეს თვითკმარი მასში და გაეღვიძოს პირველწყაროს მუდმივი აღქმა, როგორც საუკუნო ნეტარება... ჩვენ მხოლოდ შუამავლები ვართ... ჩვენ ისინი ვართ, რომლებიც ჩვენთან სიყვარულის ველში გაერთიანებული ადამიანების ცნობიერებას ვამაღლებთ და მათ გულებს ვწმენდთ. შენი მისწრაფება ღმერთისკენ უნდა იყოს მიმართული... მე ღმერთი არა ვარ...“. ამიტომ „სიბრძნის და სინათლის“ ღმერთთან პირველი შეხვედრის მერე, საახლოებით სამი თვით ისევ მიქაელს გადამაბარეს.

რაც შეეხება ამ პასაჟს...

როდესაც სულები რაღაც დავალებით ინკარნირდებიან, ისინი იშვიათად მოდიან მარტო. როგორც წესი ასეთ ინკარნაციებს „კლასტერებად ინკარნაცია“ ქვია და ყოველ კლასტერს თავისი „მმართველი“, თავისი „თავი“ ყავს. უმაღლესმა არსებებმა იციან, რომ რასაც არ უნდა აკეთებდნენ მატერიალურ განზომილებაში, მეტი ეფექტურობისთვის მათი მოქმედება ფრაქტალურ ალგორითმებს უნდა მიუყვებოდეს. ყველაზე კარგი „მართვის“ ალგორითმი კი პენტაგრამაა.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff