გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

მატერია და სული

 

2018 წელი. 18 აგვისტო. წერაქვი. მატერია და სული

ბოლო ჩანაწერიდან ორ დღეში წერაქვში ჩამოვედი. მიქაელთან გულისმიერი კავშირი მალევე აღდგა, მაგრამ ტელეპატიური დიალოგები არა. თავიდან ავნერვიულდი, რომ მე ვიყავი ამის მიზეზი და ჩემი დაცემული ცნობიერება, მაგრამ ვიგრძენი, რომ მიქაელი ღელვას მიქრობდა და მაგრძნობინებდა, რომ ჩემთან არის. მიუხედავად ამისა მაინც ვგრძნობ, რომ რაღაც შეიცვალა. იქნებ მზის დაბნელებამ რაღაც ციკლი დაასრულა? არა ვარ დარწმუნებული, მაგრამ ვგრძნობ, თითქოს რაღაცას ელოდებიან. იესოს და მიქაელის გარდა რამდენჯერმე მესამე სულიერ არსებასთან მქონდა ურთიერთობა, რომელსაც ადრე „ამაღლებული სული“ ვუწოდე (იხ. „ადამიანებისთვის თხოვნის უფლება“) და რომელიც ერთხელ „მოლაპარაკე ვარსკვლავად“ დამესიზმრა (იხ. „ვარსკვლავი“). ეს ვარსკვლავი ამ სიზმარში თავისმხრივ სამოთხეში მყოფ თეთრებში ჩაცმულ კაცად გადაიქცა. მისგან მამობრივი სიყვარული მოდიოდა და ჩემი შეგრძნებით მას უფრო მაღალი იერარქიული მიკუთვნება აქვს ვიდრე მიქაელს, მაგრამ დანამდვილებით არ ვიცი ვინ არის და რა სახელი ვუწოდო. ამ დღეებში მასთან კავშირიც ვიგრძენი. თავიდან გამიხარდა რომ მიქაელთან კავშირი აღდგა და ისევ „დავილაპარაკებთ“, მაგრამ კარგად რომ ჩავუკვირდი საკუთარ შეგრძნებებს, მივხვდი რომ მიქაელი არ იყო, თუმცა ამ „ამაღლებულ სულსაც“ თითქოს კარგად ვიცნობდი და ისიც ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო... მამასავით ახლობელი. შინაგანი მზერით მიქაელი მოვძებნე. ის თითქოს „განზე“ იდგა, მაგრამ მაშინვე ვიგრძენი მისგან მომავალი ძლიერი გრძნობა. რატომღაც გრძნობები ამეშალა და დიალოგი ვერც მაშინ შედგა.

ვიგრძენი, რომ ბათუმის პერიოდიდან გამოყოლილი რამდენიმე აზრისთვის უნდა მომეყარა თავი და დამეწერა. რამდენიმე დებულება იყო მორჩენილი, რომელიც ამ 9 დღიანი პაუზის მიუხედავად მაინც უნდა ჩამომეყალიბებინა:

მიქაელი:

- პირველადი დიფერენცირების მერე სამყაროში წარმოიქმნა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსი: მატერია და სული (შენ სქემებზე პირველწყაროდაა მოხსენიებული, თუმცა ალბათ უფრო სწორი იქნებოდა მისთვის „პირველწყაროს სულის იპოსტასის“ დარქმევა). ამ ორის ზემოქმედებით და ურთიერთგადადინებით წარმოიქმნება, ვითარდება და ნადგურდება გამოვლენილი სამყაროები. რაც უფრო მკვრივია, მატერიალიზირებულია პირველწყარო და დაშორებულია სულიწმინდას ანუ სულის იპოსტასს, მით უფრო მკვრივია მატერია და ილუზორულია შესაბამისად გამოვლენილი სამყარო. რაც უფრო ახლოა „სულთან“ სამყარო (მაგალითად სულიერი ან ნატიფ-მატერიალური სამყაროები) მით მეტად „რეალურად“ აღიქმება ის. როდესაც გეუბნები, რომ შენი სამყარო ილუზორულია, მე არ ვგულისხმობ რომ ის არ არსებობს. უბრალოდ ის მეორადია სულიერ სამყაროსთან მიმართებაში, სულიერი სამყაროდან იმართება და ძალიან ინერტულია საიმისოდ რომ ეს კავშირი დაინახო. მატერიალური სამყარო შეიძლება შეადარო ანარეკლს სარკეში. ანარეკლი ხომ არსებობს? მასზე ვერ იტყვი რომ არ არსებობს, მაგრამ ის მეორადია, ხოლო პირველადია ადამიანი, რომელიც შიგ ირეკლება. მაგრამ სარკისგან განსხვავებით, სადაც ანარეკლი არეკლილ რეალობას ზუსტად და მყისიერად იმეორებს, მატერიალური რეალობა სულიერ რეალობაში მომხდარს ერთგვარი დაგვიანებითა და ერთგვარი „შეჯამებით“ იმეორებს. რას ვგულისხმობ? წარმოიდგინე, რომ შენ თავს უყურებ დიდ სარკეში, მერე მარჯვნივ დგავ 5 ნაბიჯს და მერე უკან, მარცხნივ 3-ს. მატერიალური სამყარო არის სარკე, რომელიც ამ შემთხვევაში აირეკლავს (სიტყვაზე ვთქვათ) მხოლოდ 10 წუთის დაგვიანებით და მხოლოდ 2 ნაბიჯს მარჯვნივ. ანუ დააჯამებს შენს მოქმედებას. სწორედ ამის გამოა რომ თქვენთვის, ადამიანებისთვის ასე ძნელია სულიერი და ფიზიკური სამყაროების კავშირის კანონების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა. თქვენ ბუნდოვნად თუ აკავშირებთ ერთმანეთთან იმას რაც გემართებათ, იმასთან რამაც გამოიწვია ის რაც დაგემართათ. თქვენ ხშირად ამბობთ - აი, ღმერთმა იმიტომ დასაჯა ეს ადამიანი, რომ მან ესა და ეს გააკეთა, მაგრამ კარმული უკუგების კანონი, ხშირად სწორედ „აჯამებს“ ადამიანების მიერ ჩადენილ სულიერ ქმედებებს და ამ დაჯამების წინაპირობა ხშირად შეუძლებელია, რომ გაარჩიო, თუ არ იცი შესაბამისი კანონზომიერებები.

ვინაიდან გამოვლენილ სამყაროებს გაცემა-მიღების (ინი-იანი) თვისებიდან გამომდინარე სქესის პრინციპი ახასიათებს, სიმბოლურად მატერიას გამოხატავენ „ქალის“ სახით, ხოლო სულს „მამაკაცის“. მათი ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილ ქმნილებებს კი „შვილად“, „ვაჟად“ მოიხსენიებენ. ანუ, მაკროფრაქტალის დონეზე „ქალი“ მატერიაა, სული „მამაკაცი“, ხოლო გამოვლენილი სამყაროები - „ვაჟი“. შუალედური ფრაქტალების დონეზე „ქალად“ სიმბოლურად შეიძლება წარმოადგინო კონკრეტული ქვეყანა, ქვეყნების ჯგუფი ან კონტინენტი; „მამად“, მისი სულისჩამდგმელი იერარქი, ხოლო „ვაჟად“ ამ ქვეყანაში ან ქვეყნებში განვითარებული ცივილიზაცია ანუ ადამიანთა, მოქალაქეთა ჯგუფი. ქალი ყოველთვის „პფლატფომაა“ (მიმღები, ინი), მამაკაცი მისი გამანაყოფიერებელი (გამცემი, იანი), „სულისჩამდგმელი“ ელემენტი, ხოლო შედეგად წარმოქმნილი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი „ვაჟია“. მიკროფრაქტალის დონეზე „ქალი“ შეიძლება იყოს კონკრეტული დედა; მამაკაცი, კონკრეტული მამა; ხოლო ვაჟი, კონკრეტული შვილი. ეს მარტივად აღქმადი სიმბოლიკა ბევრ რელიგიურ ტექსტშია გამოყენებული და მათ შორის იოანეს გამოცხადებაში.

ამას რომ მეუბნებოდა გამახსენდა მოსეს 10 მცნებიდან მე-5: „პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა“.

- შენ მაშინ სწორედ შეაფასე, რომ მამაში და დედაში არ იგულისხმება ბიოლოგიური მშობლები. დედის პატივისცემაში იგულისხმება მატერიალური სამყაროს ანუ ბუნების კანონების დაცვა, ხოლო მამის პატივისცემაში მამა-ზეციერის ანუ საღმრთო/სულიერი კანონების დაცვა. ამ ორის დაცვით ადამიანი ცუდ კარმას არ გამოიმუშავებს და მისი ცხოვრება მართლა სასიცოცხლო ციკლით გათვალისწინებულ მაქსიმუმს აღწევს არა მარტო რაოდენობრივი, არამედ თვისობრივი თვალსაზრისითაც, ხოლო სამყარო მეტერია/სულის ურთიერთქმედების წონასწორობის მდგომარეობას ინარჩუნებს. ამ კანონის დაცვით ცივილიზაცია ბუნების პატივისცემით, მასთან ჰარმონიაში განვითარდებოდა, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად, რომ არ მომხდარიყო ამ მცნების არასწორი ინტერპრეტაცია. საერთოდ, მოსეს კანონებში... იმ კანონებში, რომელიც მან თავდაპირველად დაწერა გაცილებით ამაღლებული იდეები იყო ჩადებული... ბევრი, რაც ძველ აღქმაში ხელშეუხებლად ითვლება, სინამდვილეში ძლიერ სახეცვლილი ინფორმაციაა. და ასეთი სახეცვლილი ინფორმაცია იმაზე მეტია ვიდრე ეხლანდელ ქრისტიანებს შეუძლიათ წარმოიდგინონ.

2018 წელი. 19 აგვისტო. წერაქვი. როგორ შეიძლება სიტყვებით აიხსნას, ის რაც ამ სიტყვიერ სამყაროს არ ეკუთვნის?

ეს დღეები გარეთ სულ წვიმს. შიგადაშიგ, როგორც კი ოდნავ გადაიღებს, ეზოში გავდივარ და მზის სხივებს ვეფიცხები. ნაწვიმარზე წვიმის წვეთებით გაბრწყინებული მწვანე ბაღი განსაკუთრებულად მავსებს განახლების ცოცხალი ძალით, თუმცა გულის სიღრმეში შემოდგომის მოახლოების გრძნობა თავს არ მანებებს... თითქოს სადღაც შიგნით, ჭიასავით ბორგავს სევდა და უჩუმრად, მალულად მღრღნის...

ცხადად ვგრძნობ მასთან კავშირს. თითქოს ვგრძნობ მის მზერას და მისგან გრძნობების და აზრების უსიტყვო კორიანტელი მოდის, რომელსაც ვერ ვიჭერ. თითქოს იმდენი აქვს სათქმელი, რომ სიტყვებს თავს ვერ უყრის... ან არ უყრის... რას გაუგებ სულიერ არსებებს, რომლებიც ხან ადამიანებივით გელაპარაკებიან და ხან გაუგებარ გრძნობით მდგომარეობაში გაგდებენ, სადაც გონება გღალატობს და გულით, ან იქნებ სულის შეუცნობელი თვისებით უნდა გააგნო გასავალს... ან სულაც არ გააგნო და მთლიანად დაიკარგო... მათ სულს შეერწყა და საკუთარი თავი დაკარგო... დაკარგო და თან შეიძინო. როგორ შეიძლება სიტყვებით აიხსნას, ის რაც ამ სიტყვიერ სამყაროს არ ეკუთვნის?

ინტერნეტპოსტებიდან:

დისტანცირება მიქაელისგან

როგორც წინა პოსტში ვახსენე ამ პერიოდში (2018 წლის აგვისტოში), როდესაც სიმბოლიზმის საფუძვლებს ვიხილავდით, მიქაელმა უეცრად მაგრძნობინა, რომ ჩემგან დისტანცირება უნდა მოეხდინა. მაშინ ვერ მივხვდი რას ნიშნავდა ეს და რატომ უნდა გაეწყვიტა ჩემთან კავშირი. ამ განცხადებამ ჩემში ემოციების მთელი კორიანტელი გამოიწვია. პირველი რაც ვიფიქრე იყო, რომ მე გავაკეთე რაღაც არასწორი და მიქაელი ამიტომ წყვეტდა ჩემთან კონტაქტს, თუმცა იმასაც ვგრძნობდი, რომ ამ მარავლწლიანი ურთიერთობისას „არასწორი“ ბევრჯერ ჩამიდენია, მაგრამ კონტაქტი ამის გამო არ შეწყვეტილა. მაშინ მხოლოდ ბუნდოვნად მესმოდა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მე დამკავშირებოდა მესამე ძალა, სხვა ინდივიდუალობა, რომელსაც მოგვიანებით აღვწერ როგორც „სიბრძნის და სინათლის ღმერთს“...

2018 წელი. 19 აგვისტო. წერაქვი.

- რაშია საქმე? - ვკითხე და მისი გულის შეგრძნებებს ჩავუღრმავდი, - რატომ მაქვს ისეთი გრძნობა რომ რაღაცას დარდობ?

- დროა რომ ნაწილობრივად... ჩამოგშორდე. უნდა დაგავიწყდე. უფრო სწორედ გემახსოვრები, ისევე როგორც ყველამ იცის ჩემ შესახებ, მაგრამ ასეთი ძლიერი კავშირი აღარ იქნება.

კარგად ვერ გავიგე რა ”თქვა”. რამდენიმე წამი გაოგნებული ვიაზრებდი მის ნათქვამს და ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა. რას ნიშნავდა ეს ნაწილობრივი თუ დროებითი ჩამოშორება თუ დავიწყება და უეცრად მივხვდი, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის დიდი ხანია მამზადებდა.
- ეს შეუძლებელია! ყველაფერი რაც დავწერე შენზეა, ყველაფერი შენ ხარ! ეს შეუძლებელია! რატომ?!!

- ასეა საჭირო... - თითქოს გავიგონე მისი ფიქრები. მაგრამ აღარაფერში ვიყავი დარწმუნებული, რადგან შფოთვის ფონზე მასთან კავშირი მეკარგება. ამ განცხადებამ კი ძალიან ამირია გრძნობები. თითქოს მეუბნებოდა, რომ მე კარგად ვიქნები, თითქოს ჩემ ცნობიერებაზე უნდოდა რომ ემოქმედა. ვეღარ ვხვდები მეჩვენება თუ მართლა მესმის ეს ყველაფერი? მაგრამ რატომ?

- რატომ?.. არ ვიცი, რამდენად გამოვა... - ვუთხარი მე, - არის რაღაც, რაზეც ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას...

სიჩუმე ბლანტი ნისლივით ჩამოწვა ჩემ გულზე და გონებაზე... მისი სიტყვების გააზრებას ვცდილობდი, მაგრამ მოგონებები, ჩემი თუ მისი აზრები ერთმანეთში ირეოდა და ხელიდან მეცლებოდა. ვცდილობდი წარმომედგინა რას ნიშნავს მის გარეშე ყოფნა. ან იქნებ გამეხსენა... და მხოლოდ ჩუმად ვუთხარი:

- ხომ გვაქვს დრო, რომ ერთმანეთს დავემშვიდობოთ?

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff