სიზმარხილვის ტექნიკა
2019 წელი. 30 ოქტომბერი. სიზმარხილვის ტექნიკა
ვგრძნობ, რომ მიქაელი მაკვირდება როგორ ვახერხებ მის მიერ მოწოდებული ცოდნის გავრცელებას, როგორ ვცემ ჯგუფში დასმულ კითხვებს პასუხებს, როგორი რეაქცია აქვს ხალხს და როგორ ვრეაგირებ მე კრიტიკაზე და შექებაზე. ვგრძნობ, რომ მთელი ეს პროცესიც ერთგვარი გამოცდაა ჩემთვის.
ეს დღეები ძალიან დათრგუნულად ვგრძნობ თავს. მაისიდან მოყოლებული ვაქვეყნებ ნაწვეტებს ჩემი წიგნიდან ფაისბუკის ჯგუფში, რომელიც მაგისთვის გავხსენი. ჯგუფს ნელ-ნელა მეტი და მეტი წევრი ემატება. უარყოფით კომენტარებს იშვიათად წერენ, მაგრამ, როგორც ჩანს ფიქრობენ, იმიტომ რომ პოსტის ყოველი გამოქვეყნების შემდეგ ვგრძნობ სიბნელის შემოტევას. ძალიან უცნაური შეგრძნებაა - თითქოს შავი ტალღები მაწყდება. ასეთ რამეს არ ველოდი. სხვა ჯგუფებშიც ვდებდი ნაწყვეტებს, მაგრამ შევწყვიტე, რადგან შავი ტალღების შემოტევის ინტენსივობა იქიდან უფრო მაღალი იყო. ძალიან ძნელი ასახსნელია, მაგრამ გრძნობა ისეთია, თითქოს ბნელდება გარშემო და ეს უარყოფითი ენერგია ჩემ ფიზიკურ მდგომარეობაზეც ცუდად აისახება. ამ დროს ძალიან მიჭირს ცნობიერების სათანადო დონეზე დაჭერა და ჩემ მასწავლებლებთან კონტაქტს ვკარგავ. თითქოს ისევ ვეშვები დიდი ხნის წინ მიტოვებულ შიშების და უიმედობის სამყაროში და დრო მჭირდება, რომ ძალები აღვიდგინო და სიბნელიდან თავი ამოვიყვანო. სამაგიეროდ, როდესაც ადამიანები მწერენ, რომ ჩემი ნაწერების კითხვით გული უნათდებათ და ასეთებიც ბევრნი ყოფილან, მე ჩუმი სიხარული მავსებს. ამ დროს მიქაელს და იესოს ჩემს ღიმილს ვუგზავნი და მათგანაც საპასუხო ღიმილს ვგრძნობ. კარგად გაკეთებული საქმისგან მიღებული დაკმაყოფილების გრძნობა მაქვს. ეს გრძნობა მეც მანათებს და მაძლიერებს. როგორც ჩანს ვერ ვარ მიქაელის კარგი მოსწავლე, რადგან ვერ ვისწავლე ბოლომდე თავისუფალი ვიყო ჩემი მოქმედებების შედეგების ავ-კარგიანობისგან, როგორც ის მასწავლიდა.
ამ დღეებშიც მორიგი შემოტევა იყო და ისევ ცუდად ვგრძნობდი თავს. მიქაელთან და იესოსთან კავშირს თითქმის ვერ ვგრძნობდი. ამ ბოლო დროს ძილის წინ, როდესაც თვალებს ვხუჭავ და ძილში უნდა გადავიდე, ხშირად ვხედავ ხოლმე უცნაურ მონაცვლეობით სურათებს. ეს სურათები ხშირად სრულიად აბსურდული და უაზროა. შეიძლება დაინახო ნებისმიერი რამ, მაგალითად როგორ მირბის კურდღელი, ან როგორ იბრძვიან სამურაები, თამაშობენ ბავშვები ან სხვა ნებისმიერი რამ. შეიძლება დაინახო ნაცნობი და უცნობი სახეები და ნივთიები, ხშირად ერთმანეთთან დაუკავშირებელი და არალოგიკური. ამ სურათებს არანაირი ახსნა არა აქვთ. ვერ იტყვი, რომ ისინი დღის განმავლობაში მიღებული შთაბეჭდილებების ქვეცნობიერიდან ამოსული სახე-ხატებია. რამდენჯერმე შევამჩნიე, რომ ამ სურათების გაცნობიერება და მართვაა შესაძლებელია. თუ ამ მართვის პროცესს დაეუფლები და საკმარის ხანს მიყვები, ნარ-ნარად გადახვალ გაცნობიერებულ სიზმარში, ისე, რომ საღი აზროვნების უნარს სრულად გადაიტან. ჯერ არ ვიცი რასთან მაქვს საქმე, მაგრამ როგორც ვხვდები ეს გაცნობიერებული სიზმრის და სიზმარხილვის ტექნიკა შეიძლება იყოს. ამიტომ დავიწყე ამ მეთოდზე მუშაობა. პროცესი ასეთია: ხედავ სურათს, მაგალითად კურდღელს და შენთვის შინაგანად ამბობ: - მე ვხედავ კურდღელს. შემდეგ უნდა შეეცადო ეს კურდღელი გარდაქმნა სხვა არსებად ან საგნად შენი სურვილისამებრ. ამისთვის თითქოს შინაგან ბრძანებას გასცემ: - ეს კურდღელი გახდება ძაღლი! უნდა შეეცადო და მის ადგილას ძაღლი წარმოიდგინო. სურათი მარტივად გემორჩილება და იცვლის სახეს. მთავარია ეს სტადია (სიზმარსა და სიფხიზლეს შორის) დაიჭირო, იმიტომ რომ სურათების ასეთი ციმ-ციმი ჩნდება ძალიან ხანმოკლე პერიოდში სიზმრად გადასვლის წინ. სწორედ ამ დროს უნდა შეინარჩუნო გაცნობიერებულობა, რომ სიზმარში საღი აზროვნებით მოხვდე.
წუხელ ღამით, თავდასხმების განეიტრალებისთვის ძილის წინ ვილოცე, გავაკეთე სუნთქვითი ვარჯიშები, ხანმოკლე მედიტაცია და წავისვი მირონი მესამე თვალის ადგილას. ძილად მისვლის წინ ისევ შევედი ამ შუალედურ მდგომარეობაში და დავაკვირდი სურათს, რომელიც ჩემი შინაგანი მზერის წინაშე ამოტივტივდა. ეს იყო რაღაც სრულიად ფანტაზმაგორიული: წყლიანი ჭაობი, რომელშიც სანახევროდ იყო ჩაძირული სამი ხის სათამაშო სახლი.
„-აბა ეხლა ეს რა სისულელეა!...“ -გამეფიქრა უნებურად და უეცრად მომეჩვენა რომ საიდანღაც შორიდან მიქაელის ხმა მომესმა:
- ნუ აკეთებ ანალიზს, თორემ გამოხვალ შუალედური სტადიიდან. ანალიზი ფიზიკური სამყაროს ცნობიერებაა, რომელიც უნდა დაადუმო. მიყევი ტალღას...
შინაგანად ვიცოდი, რომ ანალიტიკურმა ანუ „სიფხიზლის“ ცნობიერებამ (სწორედ იმ ცნობიერებამ, რომელსაც ბუდისტები ასე ეომებიან ხოლმე მედიტაციების დროს) უნდა დაიძინოს, ამიტომ შევეცადე ფიქრთა დენა შემეწყვიტა და მივყევი პირველივე შინაგან იმპულსს ყველანაირი გააზრების გარეშე - ფიქრის ძალით ამოვიღე ეს სათამაშო სახლები ჭაობიდან. დავაკვირდი, როგორ ჩამოედინებოდა მათგან წყალი. შემდეგ ავიღე ერთ-ერთი სახლი და დავიწყე მისი გაზრდა ზომაში, მერე კი ნელ-ნელა რეალურ სახლად ვაქციე. ეტყობა ფიქრის კონცენტრაცია დამაკლდა, რადგან სახლს მკვეთრი ფორმები ვერ მივეცი და ის არაბუნებრივად დიდი გახდა, უცნაური დეკორაციებითა და ფორმებით. მიუხედავად ამისა კარი შევაღე და შიგ შევედი. მაშინვე შევქმენი ზევით ამავალი კიბე. აქაც ვიგრძენი, რომ კონცენტაცია მიჭირს და ძილისკენ ვიხრები, იმიტომ რომ კიბე ზევით მიდიოდა და არ მთავრდებოდა. ნებისყოფა დავძაბე და კიბე კართან მივიყვანე. კარი გამოვაღე და ოთახში შევედი. უეცრად გავაცნობიერე, რომ ეს სწორედ ის ოთახი იყო, რომელსაც ასე ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე მედიტაციებისას. ეს ხის მანსარდა იყო დიდი, ნათელი ვიტრაჟებით. ვიცოდი, რომ გარეთ გამწვანებული მშვენიერი ბუნება იყო, საიდანაც ჩიტების ჭიკჭიკის ხმა მოდიოდა. ჩემ წინ, ხალიჩაზე იდო იოგის მატრასი, რომელზეც მე უნდა დავმჯდარიყავი. იმის წინ კი ჩემი მასწავლებელი - მიქაელი იჯდა... თვალებს ვერ ვუჯერებდი! ჩემი თავი გადავოწმე, მოდის თუ არა ამ სურათიდან მისი ენერგია, თუ ეს უბრალოდ ჩემ მიერ შექმნილი სახე-ხატია და მივხვდი, რომ ის ჩემთან იყო. მისი თანამყოფობა მომეხვია. ისე მძაფრად ვერა, როგორც ადრე, მაგრამ ეს ის იყო!
-შეეცადე არა მხოლოდ დაინახო, ან გაიგონო, მაგრამ სუნიც იგრძნო... იგრძენი ვარდის სუნი სურნელოვანი ჩხირებიდან... - მითხრა მან და დავინახე როგორ გავრცელდა ოთახში სურნელოვანი კვამლი. მე ბოლო ძალები დავძაბე, რომ ვარდის სუნი დამეჭირა... წამიერად მომეჩვენა თითქოს რაღაც სასიამოვნო არომატი მომხვდა ცხვირში, მაგრამ უეცრად სურათი დაიბინდა... მიქაელი ლურჯ ლაქად აირია, შემდეგ მთელი ოთახი აიზილა, კონტურები დაკარგა და გაქრა... როგორც ჩანს დავიძინე. ეს დაძინება წამიერად მოხდა. მაშინვე გამოვფხიზლდი, მაგრამ სიზმარხილვა უკვე დაკარგული იყო.
საინტერესოა რომ წინა დღეებში იგივე პრაქტიკა ოდნავ განსხვავდებოდა. მაგალითად რამდენიმე დღის წინ, როდესაც ამ შუალედურ მდგომარეობაში შევედი, მე უბრალოდ ვაცნობიერებდი და გარდავქმნიდი სურათებს, რომლებიც ერთი მეორეს ცვლიდნენ, ხოლო რაღაც მომნტში მივხვდი, რომ გადავედი სიზმარში საღი გონების შენარჩუნებით, თუმცა ამ შემთხვევაშიც სიზმარი დიდხანს არ გარძელდა და მალევე გამოვფხიზლდი.
შევეცდები გავარგრძელო ეს პრაქტიკა. ვნახოთ რამდენად დავხვეწავ.
ინტერნეტპოსტებიდან:
სიზმარხილვის მდგომარეობა
ამ სიზმარ/სიფხიზლის შუალედური მდგომარეობიდან შეიძლება გადახვიდე; 1. კონტროლირებად სიზმარში, 2. შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში. ანუ, ორი გზაა. მეორე შემთხვევაში აღარ იძინებ, შეიძლება თვალებიც კი გაახილო, მაგრამ "ხედვა" შეგინარჩუნდება, ოღონდ აი, ამ უაზრო სურათების მაგივრად ლოგიკურ სახე-ხატებს დაინახავ. დაინახავ, როგორ ქმნის შენივე ფიქრები და ემოციები მენტალურ ნატიფ ველში აზროფორმებს. ამავე მდგომარეობაში ადვილად შეიძლება ეკონტაქტო უსხეულო სულიერ არსებებს, იმიტომ რომ მათ ტელეპატიური აზრებსაც ვიზუალური სურათებით დაინახავ, რომლებიც ერთგვარად დაედება ჩვენი მატერიალური განზომილების სურათს.